ამ ბლოგში ვისაუბრებთ ქისტური ადათის მიხედვით ქორწინებაზე. როგორი იყო ადრე და ახლა. შენარჩუნებული და მივიწყებული ტრადიციების შესახებ. სახელმძღვანელოდ კი გამოყენებულია ხ.ხანგოშვილის წიგნი “ქისტების ადათ-წესები”.
“ძველად გათხოვება ხდებოდა მშობლების, ძმების, ბიძებისა და სხვა ახლობელი ნათესავების ნება-სურვილით. ქალიშვილის სურვილს მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, ზოგჯერ არც კი ეკითხებოდნენ, ისე აძლევდნენ თანხმობას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ქისტებში ქალი არ იყო დაფასებული, პირიქით, ქალის შეურაცხყოფა მძიმე დანაშაულად ითვლებოდა, ქალის ღირსება სათანადოდ იყო დაცული. ამის დასტურად მარტო ისიც კმარა, რომ ისლამის მიღებამდე ქალის სისხლი ორი კაცის სისხლს უდრიდა, ხოლო, თუ ქალი მკვლელობის დროს ორსულად იყო, მაშინ მკვლელს სამმაგი სისხლი ედებოდა.
ქისტურ საზოგადოებაში ქალი არ არის შეზღუდული, მიუხედავად ისლამის მკაცრი დამოკიდებულისა ქალის მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქალიშვილები თამამი და ლაღი, დამოუკიდებლი ყოფა-ქცევით გამოირჩევიან, მაგრამ, ამავე დროს იცავენ ზნეობრივ-მორალურ ნორმებს, ქისტური ეთიკის წესებს საზოგადოებაში, ხალხის თავშეყრის ადგილებში მოკრძალებით, კდემამოსილებითა და ზრდილობით იქცევიან, არასდროს გამოირჩენენ თავხედობასა და უსაქციელობას.
გათხოვების შემდეგ ოჯხური საქმიანობის მთელი უღელი მათ კისერზეა. ქმარი, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსია, მისი მოვალეობაა ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა, გვარტან, მეზობლებთან, თანასოფლელებთან ურთიერთობა და სხვ. ქმრისა და ცოლის მოვალეობები ერთმანეთისგან გამიჯნულია, მაგრამ ხშირად შეიძლება ითქვას, უფრო ხშირადაც, კაცის საოჯახო საქმესაც ქალი ასრულებს. ბოსტანი, ეზო-კარი, ძროხების მოწველა, გომურის დასუფთავება, სიმინდის მოვლა-მოყვანა, სამზარეულო და სხვ. ქალის საქმედ ითვლება და დიასახლისიც დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობს. ამასთან, თუ საჯარო სამსახურშია, მისი ოჯახში საქმიანობა სულაც არ მცირდება, ასე ვთქვათ, ორივე ფრონტზე უხდება შრომა.
ახლა ამას დავუმატოთ მამათილ-დედამთილის მოვლა, მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდა, ნათესავების, განსაკუთრებით ქმირს ნათესავების პატივისცემა და სხვ. ქისტის ქალს გათხოვების შემდეგ დღე-ღამე მოსვნება არ აქვს. მაგრამ, ჩვენი, კაცების ბედად, ყოჩაღები არიან,მუდამ ხალისიანნი, სიცოცხლისუნარიანნი და დიდხანს ინარჩუნებენ ახალგაზრდულ იერს.
დღეისათვის მდგომარეობა საგრძნლობლად გაუმჯობესდა. ოჯახს გარეთა სამუშაოსგან განთავისუფლდნენ, აღარ უწევთ კოლმეურნეობასა და მეურნებებში მძიმე შრომა, სახლ-კარს უვლიან, მუდამ გაკრიალებულია სახლი და ეზო, დროც რჩებათ, სერიალებს უყურონ და ყავაც სვან. ღმერთმა შეარგოთ,დაიმსახურეს!
როგორც ითქვა, ადრე გათხოვება ქალიშვილის ნება-სურვილის გარეშე ხდებოდა. ზოგჯერ მშობლებისა და ძმების გარეშეც იღებდა ნიშნობის ბელგას რომელიმე ახლობელი. ასეთი სახის დანიშვნა იშვიათობას არ წარმოადგენდა. ქალიშვილი, მშობლების,და-ძმების მოყვარული და ერთგული, მორჩილად დაჰყვებოდა ასეთ მავნე ჩვეულებას და ბედს ურიგდებოდა, მაგრამ ხშირად უმხედრდებოდა ასეთ უსამართლობას, იჩენდა ძლიერ ნებისყოფას და თავისი გაჰქონდა. თუ ვერ მიაღწევდა ნიშნობის ჩაშლას, მაშინ სახელმწიფო ხელისუფლებას მიმართავდა და თავს გაითავისუფლებდა.
გასული საუკუნის სამოციან წლებამდე არსებობდა ასეთი მავნე ტრადიცია, ასეთი შემთხვევის მომსწრე რომ არ ვიყო, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რმაე შეიძლებოდა არსებულიყო გონიერ საზოგადოებაში. ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მოეწონა ქალიშვილი, რომელმაც იცოდა, რომ ქალიშვილის კეთილგანწყობის შანსიც კი არ გააჩნდა, ხალხის წინ ხელს დაადებდა მხარზე ქალიშვილს და იტყოდა: -დღეიდან ჩემი ხარ!
ქალიშვილი მაშინვე წივილ-კივილს ასტეხდა, თუ ამ ამბავს ქალიშვილის ნათესავი, სულაც მოგვარე ან გულშემატკივარი შეესწრებოდა, ატყდებოდა ჩხუბი და თავხედი ცემას ვერ გადაურჩებოდა. მაგრამ ამას არაფრად აგდეს საცოლის მაძიებელი, მან თავისი საქმე გააკეთა, ქისტურად “ქუგ თუეხნა”(ხელით შეეხო), რაც გარანტიას აძლევდა, რომ სხვა ახალგაზრდა არ ჩაერეოდა საქმეში, ქალიშვილს ვერ დაუწყებდა არშიყობას, სანამ “ნეფეს” და ქალიშვილის მშობლებს შორის დავა არ დამთავრდებოდა.
დღევანდელი გადასახედიდან ვულგარულ ჩვეულებად ჩანს ქალის ნების გარეშე დანიშვნა, მაგრამ მაშინ ეს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. მშობლებს მიაჩნდათ, რომ მათ უკეთ იციან, ვისთან, რომელ ოჯახში იქნება მათი ქალი ბედნიერი. დანიშვნის სემდეგ ქალი შებოჭილი იყო, რადგან თავისი განთავისუფლების სემდეგ სხვაზე გათხოვება ძელი იყო. ყოფილი საქმრო საქვეყნოდ განაცხადებდა ხოლმე, რომ უკრძალავდა თავის ყოფილ დანიშნულს გათხოვებას. ცხადია, იმ შემთხვევაში კეთდებოდა ასეთი განცხადება, როცა საქმრო უარს ამბობდ ბელგის დაბრუნებაზე.
ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა დაქორწინება ხდება ქალისა და ვაჟის ნება-სურვილით. ახლაც მაჭანკლები შუამავლობენ, მაგრამ ქალის მშობლები, პირველ რიგში ამოწმებენ ქალის მთხოვნელთა ეკონომიკურ მდგომარეობას, ზნე-ჩვეულებებს ოჯახისა და სხვ. ამ მიზნით ქალიშვილის ბაბუა-ბებია მეზობელს დაავალებს, ეწვიოს სტუმრად ვაჟის ოჯახსა და მოახდინოს დაკვირვება. მაგალითად, ასეთი დიალოგი იმართება ქალიშვილის ბაბუასა და მომავალ მძახლებთან გაგზავნილ მის მეოზბელს შორის:
-ეზოში ნაკელი თუ ნახე?
-არა, ეზო სისუფთავით კრიალებდა.
-ბაღში ფუტკრები ზუზუნი თუ იდგა?
-არა.
-ხალხის ხმაური თი სიმოდა, ოჯახში მისვლა-მოსვლა თუ იყო?
-არა, სრული სიწყნარე სუფევდა.
ბაბუა დასკვნას აკეთებს: ამ ხალხს ჩვენს ქალს არ გავატანთ, რადგან მეურნე ხალხი არ ყოფილა და არც სტუმარი ჰყვარებიათ.
თუ ქალის მთხოვნელები აკმაყოფილებენ ქალიშვილის მშობლების მოთხოვნებს, მაშინ შესთავაზებენ, დაელაპარაკონ ქალიშვილს და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ მიმდინარეობს საუბარი ქორწინების შესახებ.
დანიშვნამდე ქალ-ვაჟი ეცნობიან ერთმანეთს, შეუძლიათ თავისუფლად მოილაპარაკონ, ოღონდ ისეთ ადგილას ხვდებიან, რომ კარგად ჩანდეს შორიდან, გამვლელ-გამოვლელნი და ნათესავებიც ხედავენ ახალგაზრდებს. ან ხვდებიან ქალიშვილის ნათესავის სახლში, ოღონდ ნათესავი ქალიშვილის თანდასწრებით.
XX საუკუნის დასაწყისში ქისტური ქორწილის შესახებ ვისაუბრე წიგნში “ქისტები” და რადან დღეისათვის რაიმე არსებითი ცვლილება არ განუცდია, მოვიყვან ამ ნაწყვეტს:
“ნიშნობა ხდება ქალ-ვაჟის ურთიერთგაცნობისა და ოაჯხის შექმნაზე თანხმობის შემდეგ, იშვიათად მათი სურვილის გაუთვალისწინებლადაც. ვაჟის ნათესავები საპატარძლოსთან მიდიან საკლავითა და სასმელით. საკლავის დაკვლით განმტკიცდება ნიშნობა, აქვე გადაეცემა ნიშნობის ოქროული პატარძლისათვის, რაც ქორწილის დროსაც შეიძლება.
ქორწილის წინა დღით პატარძლის ოჯახში იგზავნება ე.წ. “საქორწილო”: ორი ყოჩი და სასმელი. ქორწილის დღეს პატარძლის წამოსაყვანად მიდის მაყრიონი ნების გარეშე, ეკორტს წინ უძღვის საპატარძლოდ მორთული მანქანა. სუფრაზე საათ-ნახევარის ყოფნის შემდეგ პატარძლის ამხანაგებს სუფრასთან მოჰყავთ პატარძალი. პატარძლის ნათესავები კეტავენ ოტახის კარებს, სადაც პატარძალი იმყოფება და ითხოვენ “გამოსასყიდ” თანხას. პატარძლის ამხანაგები ევაჭრებიან, მაგრამ საბოლოოდ უხდიან დასახელებულ თანხას და “გამოხსნილ” პატარძალს სუფრის თავში სვამენ, გვერდს ნების მაგივრად ამხანაგები უმშვენებ. ეს პროცედურა მეორდება ხოლმე პატარძლის ეზოდან გამოყვანისას, გზაზეც და ქმრის ოჯახში შეყვანის დროსაც. ასე რომ, პატარძლის ამხანაგები სოლიდურ თანხას იხდიან, თან ვაჭრობაში საკმაო დროც იკარგება.
პატარძალი სუფრაზე იმდენ ხანს რჩება სანამ ნეფის ნათესავები ფულით ან საჩუქრებით არ დალოცავენ პატარძალას. შემდეგ ვაჟის მაყრიონი იყრება, ქალის მაყრიონი ადგილზე რჩება, მხოლოდ აცილებენ პატარძალს, რომელიც საქმროს ოჯახში მიჰყავთ. ამ დროს სროლა ჩვეულებრივი მოვლენაა, მას არავინ აქცევს ყურადღებას მასპინძლის გარდა, რომელიც წუხს, ფათერაკი არავის შეემთხვას. საღამო ჟამს ქალის მაყრიონიდან რამდენიმე ახალგაზრდა მიდის სიძის ოჯახში, სადაც ქორწილი მიმდინარეობს.
პატარძალს ქმრის ოჯახში შესვლისას კარის ზღურბლზე დაუდებენ თეფშს, რომელიც ფეხით უნდა გატეხოს. დასვამენ შუა ოთახში და კალთაში პატარა ბავშვს, აუცილებლად ბიჭს, ჩაუსვამენ ხოლმე. შემდეგ, როცა სუფრაზე დასხდებიან, პატარძალს გვერდით ნეფეს მიუსვამენ და ქორწილი მთელი ღამე მიმდინარეობს.
ორგანიზებაც სამაგალითო იციან: მერიქიფეებმა კარგად იციან თავიანთი მოვალობა, მკაცრად არიან გაფრთხილებულები, სუფრას არაფერი დააკლონ, თავად ღვინო არ დალიონ და ა.შ. ამავე დროს გამოყოფილი ჰყავთ ავტორიტეტიანი ახალგაზრდები წესრიგის დასაცავად, ჩხუბი თუ ვინმემ წამოიწყო, აღსაკვეთად. სტუმრებს წინასწარ აფრთხილებენ: ჭამეთ, სვით, იმხიარულეთ, ყველაფერი მოითხოვე, რაც გაკლიათ, ოღონდ კეთილი ინებეთ, წესიერად მოიქეცით და სტუმრებს ნუ შეაწუხებთო და ა.შ.
მეორე დღეს პატარძალი წყალზე გაჰყავთ, ეს წეს-ჩვეულება, ჯერაც არაა გადავარდინილი, ამ წესით პატარძალი საბოლოოდ ხდება ქმრის ოჯახის წევრი, მაგრამ ამით ქორწილი არ მთავრდება. ამჯერად სიძის ოჯახში იშლება პურ-მარილი, ტრანპორტს გზავნიან პატარძლის ოჯახში და მათ ნათესავებს იწვევენ სტუმრად. ამას ცოლეურების შინ მოპატიჟებას ეძახიან და თავისებურად სიძის წარდგენა ხდება. სიძე ხომ არ იყო წასული პატარძლის ოჯახში!
სუფრაზე ჩამოატარებენ სიძეს, რომელსაც მწვადიანი შამფურებით, სასმელითა და ათასებით დაჰყვებიან ამხანაგები. ერთ-ერთი ამხანაგი ან სპეციალურად გამოყოფილი ხნიერი კაცი უთითებს, თუ ვის მიაწოდოს სასმლით სავსე თასი, რიგრიგობით, პატარძლის ახლო ნათესაობის მიხედვით სიძე აწვდის ცოლეურებს სასმისს,ისინიც სვამენ და ლოცავენ. ეს, ასე ვთქვათ, სიძის წარდგენა, გაშინაურებაა.
მესამე დღეს სიძე საკლავითა და სასმელით მიდის ცოლეურების ოჯახში და იქ, სუფრაზე წარუდგენენ სიმამარ-სიდედრს და სხვა მოხუც ახლობლებს. ამას სიძის შინ შეჩვევას ეძახიან.
ამით ქისტური ქორწილი, პრინციპში დამტავრებულია,მაგრამ კიდევ გრძელდება მძახლების გადაპატიჟება-გადმოპატიჟება, ასე რომ, ეს ამბავი თითქმის ერთი კვირა მიმდინარეობს და ორივე ოჯახი დაქანცული და გასავათებულია ხოლმე. ნერვიულობა, დაქანცულობა ცალკე და ასეთ ქორწილებს ხომ ძალიან დიდი ხარჯები სჭირდება, ძალიან შრომატევადია და ამიტომ უფრო ხშირად ქალიშვილის გაყოლით იწყება ხოლმე ახალი ოჯახის შექმნა, რასაც საკლავით შერიგება, სიძის ცოლეურებში მისვლა და სხვა ნაკლებხარჯიანი პროცედურებით მთავრდება.”
მაგრამ სიძის გაშინაურება არ ნიშნავს ისეთ გაშინაურებას, როგორც,მაგალითად, კახეთშია: სიძე ისეა გაშინაურებული, რომ სიმამრ-სიდედრზე მბრძანებლობს, უკმეხად და მედიდურად ესაუბრება, ჭკუას ასწავლის და ა. შ. ქისტებში სიძესა და ცოლის ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობაში არსებობს ზღვანი, რომელის გადალახვა დაუშვებელია. ქისტებში იტყვიან: ” ისეთ სიძე ნუ გეყოლოს, შენი ძაღლი რომ არ ეტანებოდეს და ნურც ისეთი ძმა გყავდეს, რომელსაც შენი ძაღლი ეტანება”, ე.ი სიძე ისე ხშირად არ უნდა დაიარებოდეს ცოლის მშობლების ოჯახში, რომ ძაღლი შეეჩვიოს, ოჯახის წევრად ჩათვალოს, სიძე ცოლეურებს უნდა ესტუმროს აუცილებლობის შემთხვევაში, ჭირსა და ლხინში და ა.შ….
რძალი ქისტურ ოჯახში დიდი სიყვარულით სარგებლობს, ყველა, დიდი-პატარა ცდილობს ასიამოვნოს. მამათილ-დედამთილზე ბევრია დამოკიდებული, როგორ შეეგუება პატარძალი მისთვის უცხო ხალხს, რომლებიც ახლა მისი მშობლების, და-ძმების დარად მისი ქომაგები, მისი დამცველები იქნებიან, ხოლო შემდეგ მისი შვილების სისხლი და ხორცი. რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი იდიალურია ახალშექმნილ ოჯახში. ზოგიერთი ძველ მოდური მშობელი მკაცრად იქცევა, რძლის საქმიანობას,მის ყოველ ნაბიჯს კონტროლს უწესებენ, ზედმეტად ტვირთავენ ოჯახურ საქმიანობაში, რახან რძალი შემოვიდა, ოჯახზე,ოჯახის მოვლაზე ხელს იღებს და ა.შ. ასეთ ოჯახში სიმსვიდე, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა ნაკლებია და ხშირად ირღვევა კიდეც. “