მგლის ლეკვი – IV ნაწილი

ზავოდსკოის დასახლებაში, ანუ ეგრეთ წოდებულ “ფაბრიკების უბანში”, მნიშვნელოვანი საწარმოები მდებარეობდა. მათ შორის იყო ნავთობსახდელებიც, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა უდიდეს საწარმოთა შორის მოიაზრებოდა. დღეს კი ეს გაპარ- ტახებული დაწესებულებები აშკარა ქიმიურ საფრთხეს წარმოადგენს. ბევრი მათგანი დაუნაღმავთ კიდეც. თემურმა ნაღმებისა და არადეტონირებული ასაფეთქებლების ამოცნობაც ისწავლა. ბიძამისის გავარვარებული მავთულის როზგებს ისევ საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ურჩევნია. აგურების გარდა, იგი სხვადასხვა ლითონის ნივთებს, მათ შორის ხელბორკილებს, კაბელებსა და ალუმინსაც აგროვებს და კილოგრამს ორ რუბლად აბარებს. ერთხელ მძიმე ბორკილები ხელიდან გაუვარდა და ფეხი დაუზიანა. საკმაოდ ღრმა და შემზარავი ჭრილობა ჰქონდა, რომელიც კარგა ხანს ვერ მოუშუშდა, შეხორცების შემდეგ კი მის ადგილას მტკივნეული, ლურჯი ნაიარევი დარჩა. მთელი ზაფხული კოჭლობით მუშაობდა, ქამარში დანაგაჩრილი უროს იქნევდა ჩვეულებრივზე კიდევ უფრო ჩაფიქრებული სახით.
მაგრამ როდესაც თავის ნახევარდასთან ერთად სამზარეულოს გაყინულ იატაკზე იწვა და გვერდითა ოთახიდან ბიძამისის ხვრინვა ჩაესმოდა, საცოდავად იბუზებოდა. იმ წუთებში ისეთ ცხოვრებას ნატრობდა, რომელშიც არაფრის შიში არ ექნებოდა. გონებაში ის აზრიც გაუელვებდა ხოლმე, თითქოს სასმელით გაბრუებული ომარი, რომელსაც მეზობელ ოთახში გათიშულს ეძინა, მისი ერთ-ერთი ჩვეულებრივი მსხვერპლი იყო. მხოლოდ ერთი აგური და ტკაც… პირდაპირ თავში! ანდა დანა… სრიალით… პირდაპირ ყელში… თუმცა მის ფიქრებს ყოველთვის საშინელი დასასრული ჰქონდა: ბიძამისი მოულოდნელად იღვიძებდა, მაჯაში ხელს ძლიერად სტაცებდა და თავისკენ მიმართულ დანას თემურს მიუშვერდა.
მათ მეზობლად კიდევ ერთი მამაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც ასევე ობოლი, მცირეწლოვანი ნათესავები შეეფარებინა. ის და ომარი ხშირად ერთად სვამდნენ ხოლმე. დროდადრო კაცებს თემური და მასზე  ორი წლით უმცროსი ნაიდი, რომელიც იმ მეზობლის ძმიშვილი იყო, ქუჩიდან სახლში შეჰყავდათ და აიძულებდნენ, ეჩხუბათ.
წაგებულს ცემა არ ასცდებოდა. ლოთები ისხდნენ, ბიჭების ჩხუბით თავს იქცევდნენ და მოპაექრეებს ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ. ნაიდი ასაკით თემურზე უმცროსიც იყო და მასზე გაცილებით გამხდარიც, ამიტომ ხშირად მარცხდებოდა ხოლმე, რის გამოც ლოთი ბიძების რისხვასა და მუშტებს იმსახურებდა. თემურის მსგავსად, ნაიდსაც ზურგი და ბარძაყები გავარვარებული მავთულისგან მიყენებული ნაიარევებით ჰქონდა აჭრელებული. ზოგჯერ ლოთებს ოთახში მეზობლის ქალი შეუვარდებოდა ხოლმე, მათი სახლიდან გამავალი ხმაურის გამო ლანძღავდა და პოლიციაში დარეკვით ემუქრებოდა. თემურს სულ იმედი ჰქონდა, რომ ქალი მართლა ასე მოიქცეოდა, მაგრამ ის დედაკაცი თავის მუქარას არასოდეს ასრულებდა.
იმ პერიოდში გროზნო ნანგრევებად იყო ქცეული. ცაში გამანადგურებლები დაფრინავდნენ, ქუჩებში ტანკები და ტყვიამფრქვევების საზიდრები დარახრახებდნენ, ღამღამობით კი ტყვიებისა და საფანტის წვიმა არ წყდებოდა. მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქიდან გახიზნულიყო. ყველა, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, გაემგზავრა. სხვები კი, რომელთაც წასასვლელი არსად ჰქონდათ, ადგილიდან ფეხს არ იცვლიდნენ და მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, შექმნილ ქაოსში როგორმე თავშესაფარი მოეძებნათ. ბავშვებს ყურადღებას თითქმის არავინ აქცევდა.
თანდათანობით თემური უროს ქნევაში ისე  გაიწაფა, რომ ნაშოვნი ფულიდან ერთი-ორი კაპიკის დაზოგვაც შეძლო. ათი წლის იყო, როდესაც ლუდი და ერთი კოლოფი სიგარეტი პირველად შეიძინა.
ეგონა, თუ დალევდა, უფრო ძლიერი გახდებოდა, რადგან ბიძამისი მაშინ უფრო მაგრად ურტყამდა, როცა მთვრალი იყო. თემური ლუდს პირში ისხამდა და სურვილი უჩნდებოდა, ვინმე დაეჭირა და კარგა გვარიანად მიეჟეჟა, მაგრამ სწორედ ამ დროს თავბრუ ესხმოდა და ითიშებოდა. ძალის მოჭარბების ნაცვლად, თავს კიდევ უფრო საცოდავად და მარტოსულად გრძნობდა. ყველაზე მეტად დაღამებას ვერ იტანდა: ყოველ საღამოს, დაბინდებამდე, თემური ბიძამისის ბრძანებით სახლიდან გადიოდა და უკან მხოლოდ გვიან ღამით ბრუნდებოდა. მისი ნახევარდა კი ამ დროს შინ რჩებოდა.
ერთ საღამოს, როდესაც ბინიდან ჩვეულებისამებრ გააძევეს და ზურგსუკან კარი გადაურაზეს, გეზი მდინარისკენ აიღო. მზის ნათელი თანდათანობით სუსტდებოდა, ვარდისფერი სხივები სახლის სახურავებზე ირეკლებოდა და თემურს თვალებში უჭყიტინებდა. ბიჭი წყლის პირას იდგა და თავს კენჭების სროლით იქცევდა. კენჭები წყლის ზედაპირზე მისრიალებდა და ტალღოვან რგოლებს ტოვებდა, რომლებიც თითქმის ხიდამდე ვრცელდებოდა. წყალზე გამოსახული ფიგურების თვალიერებით კარგა ხანს გაერთო, ბოლოს სიცივემ შეაწუხა. მზის თბილი სხივები მალევე მიინავლა და ქალაქი კვლავ ნაცრიფერ ბინდში ჩაეფლო.
 
იქვე, მდინარის პირას რამდენიმე მაწანწალა ძაღლი დასუნსულებდა და ნაგავში იქექებოდა. თემურმა იქაურობას თვალი მოავლო, შედარებით მოზრდილ ქვას დასწვდა და ჩაუსტვინა,  კიდევ უფრო მეტად მოიკუნტა, ენის წკლაპუნს მოჰყვა და თითების უცნაური მოძრაობით ერთ-ერთი ძაღლის მიტყუებას შეეცადა. როცა ძაღლი მიუახლოვდა, ბიჭმა მოულოდნელად მარჯვენა ხელი აღმართა და ხელში ჩაბღუჯული აგური ცხოველს თავში მთელი ძალით ჩასცხო. ძაღლმა ერთი დაიყმუვლა და მოკუნტული იქვე დაეცა. ამის შემდეგ კი თემურმა წვეტიან ქვას ორივე ხელი ჩაავლო და კიდევ ერთხელ ჩაარტყა ცხოველს. ეს მაწანწალა ძაღლები უცნაურად უსუსური, გაძვალტყავებული, სუსტი და დამფრთხალი არსებები იყვნენ.  მშიერი ძაღლები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. მხოლოდ მაძღარი, გაზულუქებული ძაღლები იყვნენ, მწარედ რომ იკბინებოდნენ.
თემური ისევ მდინარის პირას, ყინულივით ცივ ქვაზე ჩამოჯდა. ნოტიო ჰაერის სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. რამდენჯერაც წამოდგა და წასვლა დააპირა, იმდენჯერვე მოცელილივით დაეშვა ქვაზე. ბიძამისზე, მის აქოთებულ ბინასა და თავის ასლუ- კუნებულ დაზე უკვე  ფიქრიც აღარ უნდოდა. გადაწყვიტა, შინ აღარასოდეს დაბრუნებულიყო.
როცა კარგად დაბნელდა, მდინარის მახლობლად დიდი ზომის გაუქმებული მილი მოძებნა და დასაძინებლად შეძვრა. თავშესაფარი არცთუ საიმედო აღმოჩნდა – ღამის სუსხისგან გათოშილი და მოხეტიალე ძაღლების ყმუილით გულგახეთქილი თემური ერთიანად ცახცახებდა. სწორედ ის ძაღლები, რომელთა დახოცვა დღისით ასე  ადვილი ეჩვენებოდა, სიბნელეში ნამდვილ დუჟმორეულ მგლებად იქცნენ.
ღამით ისინი იყვნენ  უფრო ძლიერები.
 
გაგრძელება იქნება

Share

Leave a Reply