“შენ რომ სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია”-ვაჟა-ფშაველა.
2015 წელს გამოცემულ წიგნში „ქისტების ადათ-წესები“, რომლის ავტორიც ბნ ხასო ხანგოშვილი გახლავთ, ერთ-ერთი თემა არის მოსისხლეობა. მოცემულ ნაწყვეტში ბნ ხასოს განხილული აქვს სისხლის აღების არსი. ეპოქათა ცვლის როლი ამ საუკუნებრივ ტრადიციაზე…
“მოსისხლეობა, სისხლის ძიება(ქისტურად “ჭირ”) უსხსოვარი დროიდან მომდინარეობს და თითქმის ყველა ხალხში იყო გავრცელებული. ადამიანის მოკვლა სხვადასხვა მიზეზით ნიშანდობლივი იყო დაწყებული პირველყოფილი ადამიანებიდან ცივილიზებული სამყაროს ხალხების ჩათვლით. XVII-XX საუკუნებში ეს ქმედება, სისხლის აღება ბარბაროსობად იქნა გამოცხადებული და ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში მკვლელობის რანგში განიხილეს და მძიმე დანაშაულად შერაცხეს.
შურისძიება, “სისხლის ძიება” უკვე სახელმწიფომ აიღო თავის თავზე, შემოიღო სათანადო კანონები სისხლის სამართლის კოდექსის სახით და აკრძალა თვითნებური ანგარიშსწორება. ამერიკაში ე.წ. ლინჩის წესით გასამართლება, კოლექტიური შურისძიება XIX ს. არსებობდა, ასეთ სახის დამნაშავეების დასჯა კავკასიაში მე-20 საუკუნეშიც იშვიათობას არ წარმოადგენდა.
კაცობრიობამ რთული გზა განვლო, რათა აღმოეფხვრა ადამიანებში კაცთმკველობა. განსაკუთრებით დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ამ კუთხით მონოთეისტურმა რელიგიებმა. ღმერთის მიერ დედამიწაზე მოვლენილი მოციქულები აუწყებდნენ ადამიანებს უფლის ბრძანებას : “არა კაც ჰკლა!” ეს ბრძანება მეორდება ყველა ზეგარდმოვლენილ წმინდა წიგნებში. ბიბლია,სახარება და ყურანი მკაცრად აფრთხილებდა მორწმუნეებს, რომ ყველაზე დიდი ცოდვა კაცისკვლაა, უდანაშაულო მორწმუნის მკვლელობისათვის ადამიანს ჯოჯოხეთის გეენია ელოდება.
მაგრამ ადამიანი ყოველთვის, ყველა ეპოქასა და ყველა აღმსარებლობაში ცოდვისკენ იხრება. ამ საშინელი ცოდვის ჩადენისგან თავს ვერ იკავებს, არ ეშინია, ხშირ შემთხვევაში, საიქიო ცხოვრებაში პასუხისმგებლობისა და კლავს კაცს განრისხების, სიძულვილის, გამორჩენის გამო და სხვადასხვა მიზეზი მოაქვს ჩადენილი დანაშაულის გასამართლებლად.
შემდგარ სახელმწიფოში უძველესი დროიდან მმართველები ცდილობდნენ ამ მძიმე დანაშაულის აღკვეთას და აწესებდნენ კანონებს დამნაშავეთა დასასჯელად. ჯერ კიდევ ძველ შუმდინარეთში ხამურაბმა დააწესა კანონები, რომლებიც არეგულირებდნენ დაზარალებულისა და ბრალდებულის ურთიერთობებს, დაწესებული იყო სისხლის საზღაური. თვით საღვთო წიგნებშიც არის დოგმები, რომლებიც განსაზღვრავენ დამნაშავის დასჯას.
“თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”. – ამ დოგმას იმეორებს ყურანიც, მხოლოდ განსხვავებულ პოზიციას აჟღერებს სახარება. “შეიყვარე მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი” – ქრისტიანობის ძირითადი დოგმაა, მაგრამ ცხოვრებაში საპირისპიროდ იყენებდნენ ქრისტიანული სახელმწიფოები და იყენებენ დღესაც. ასევე იქცევიან იუდეველებიც და მუსლიმებიც.
რა თქმა უნდა, ზემოთ თქმული ეხება პოლიტიკურ იდეოლოგიას, სახელმწიფოთა მმართველი ელიტის მიზნებსა და მისწრაფებებს, მოსისხლეობა ამ კუთხით არც განიხილება. ზოგჯერ მკვლელობა სახლმწიფოებს შორის ომის საბაბიც კი გამხდარა, სახელმწიფო გამოდიოდა სისხლის ამღების როლში. ამის მაგალითია პირველი მსოფლიო ომი, რომელიც დაიწყო ავსტრიის ტახტის მემკვიდრის ფრანც ფერდინანდის მკვლელობის გამო.
კავკასია მსოფლიოს ისტორიაში გამოირჩევა თვითმყოფადობით, მამა-პაპათა ადათ-წესების, ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების მტკიცე დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, ასეთ პატარა რეგიონში ხალხთა სიჭრელე მსოფლიოს არც ერთ რეგიონში არ შეინიშნება, მათ აქვთ ბევრი საერთო წესი და ადათი, რამაც, ჩემი აზრით, განაპირობა კავკასიის ერთიანობა. იმდენად შესამჩენევი და მსგავსია ცხოვრების წესი კავკასიელებში, რომ არასოდეს მოხსნილა ერთიანი კავკასიური სახლის შექმნის იდეა, რაც წინაპირობა იქნებოდა ერთიანი კავკასიური სახლმწიფოს შექმნისა.
ერთ-ერთი ადათი, რომელიც საერთოა თითქმის მთელი კავკასიელი ხალხისათვის, არის მოსისხლეობა. ვერ ვიტყვით, რომ ეს საამაყო ჩვეულებაა, მით უმეტეს დღევანდელი, XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის უმეტეს ხალხებში, შეიძლება ითქვას, თითქმის მთელ კავკასიელებში ამ ადათმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და სისხლის ძიების საკითხი სახელმწიფოს ფუნქციებში გადავიდა.
მაგრამ არსებობს ერთი ხალხი, რომელიც დღესაც მტკიცედ ებღაუჭება ამ ადათს და, ალბათ, ჯერ კიდევ დიდხანს შემორჩება. ეს ხალხი ვეინახები – ჩეჩნები, ინგუშები და ქისტები არიან.
საინტერესეოა, რამ განაპირობა ამ, დღევანდელი გაგებით, მავნე გადმონაშთის სიცოცხლისუნარიანობა, განსაკუთრებით ქისტებში, რომლებიც უკვე ორასი წელია საქართველოში ცხოვრობენ, ინტეგრირებული არიან ქართულ საზოგადოებასთან, ეზიარნენ ქართულ სწავლა-განათლებას, კულტურას და მოძმე ხალხთან ერთად არიან ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ქართველებმა დიდი ხანია უარი თქვეს სისხლის ძიებაზე და ეს საქმე სამართალდამცავებს მიანდეს. თუმცა ქართველ მთიელებს როდი აუღია ხელი სისხლის აღებაზე. ამ ადათს მისდევენ ხევსურები, ფშაველები, თუშები, მოხევეები, მთიულები და სვანები.
დღესდღეისობით ეს ადათი შემორჩენილია ხევსურებსა და სვანებში. მაგრამ მათშიც თანდათანობით ფეხს იკიდებს სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხებისადმი, რაც, უნდა ითქვას, პროგრესული მოვლენაა და ხელს უწყობს საზოგადოების მშვიდობიან ცხოვრებას. ქისტები კი არ თმობენ წინაპართაგან მიღებულ ამ ადათს და სხვა, ძალზე კარგ და მნიშვნელოვან წეს- ჩვეულებესა და ტრადიეციებს.
მაშ, რაშია საქმე? რა ხდება ქისტურ თემში? ბევრი, მათ შორის ქისტური ზნისა და ხასიათის ღრმა მცოდნე მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი მოსისხლეობისა არის უსწაველობა, გაუნათლებლობა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქისტი მემატიანე, მწერალი და ეთნოგრაფი, სოფელ ჯოყოლოს ეკლესიის მღვდელი მათე ალბუთაშვილი სინანულით წერდა: “როგორც ისტორიამ იცის, ადრევე მოსისხლეობა ყველა ხალხში ყოფილა – ევროპაში, რუსეთში და აქაც. სადაც კულტურა და სწავლა-განათლება შევიდა, იქ, დიდი ხანია, მოისპო და ისპობა, ხოლო ჩვენი ქისტები, როგორც ამ ბედნიერბას მოკლებულნი, დღეისნამდე ისევ განაგრძნოებენ ამ უკეთურ ჩვეულებას”.
მართალია, XX საუკუნის დასაწყისში ქისტები უსწავლელნი, გაუნათლებელნი იყვნენ, მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ გიმნაზია დამთავრებული, მაგრამ ამავე საუკუნის მეორე ნახევრისათვის ქისტები განათლებას ეზიარებიან, ნიჭიერი ახალგაზრობა სწავლას დაეწაფა, სწავლობდნენ ტექნიკუმებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, დიპლომიანი სპეციალისტები დაუბრუნდენ მშობლიურ მხარეს და აქტიურად ჩაებნენ თავისი კუთხის აღმშენებლობაში. 70-იანი წლებისათვის ახმეტის რაიონში ადგილობრივი ადმინისტრაციის სამსახურებში მოეწყვნენ, გაჩდნენ მეცნიერი მუშაკები, ერთი სიტყვით, ქართველებთან ერთად მხადამხარ მუშაობდნენ ქვეყნის აღმავლობისათვის. მაგრამ ქისტებს არც ამჯერად უთქვამთ უარი წინაპართა ადათ-წესებზე და არც სისხლის ძიებაზე აიღეს ხელი.
მათე ალბუთაშვილი წერდა:
“ამ უხეში ჩვეულების წინააღმდეგ პოლიციამ ბევრი სასტიკი ზომები იხმარა – ოქმები, სამართალში მიცემა, იარაღის ჩამორთმევა, დარბევა, დატუსაღება, ციმბირის კატორღა და სხვადასხვა, მაგრამ სულ ამაოდ. ამ ზომებმა ბევრჯერ საქმე უფრო გაამწვავა, სისხლი მაინც სისხლმა ჩაბანა დიდსა და პატარის გაურჩევლად. მკვლელობა ფათერაკით და მტრობით ერთიანად გადახდა, მოკლულს მკვლელიც თან გაჰყვა, მკვლელი სიკვიდლს ვერ გადარჩა ვერც ფულით, ვერც სამართალით, ვერც თავდებობით, ვერც გასვლა-გარიდებით და სხვა.”
დიახ, მეფის რუსეთის კანონებმა ვერ შეაჩერეს მოსისხლეობა ქისტებში, ვერც საბჭოთა სასტიკმა კანონებმა, სასჯელის უმაღლესმა ზომამ – დახვრეტით სიკვდილით დასჯამ. ბევრი ქისტი დაიხვრიტა შურისძეიბისათვის, ბევრიც ციხიდან არ დაბრუნებულა ცოცხალი, მაგრამ ეს ადათი ვენდეტასავით მარად ცოცხალია.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქისტებში მკვლელობები ხშირია, რომ გენებში აქვთ გამჯდარი სისხლისღვრა და დანაშაულისადმი მიდრეკილება. პირიქით, ქისტებში მკვლელობა იშვიათად ხდება, მიუხედავად მათი ფიცხი ხასიათისა და ღირსების თითქმის ავადმყოფური მგრძნობელობისა. მაგრამ თავმოყვარეობის შელახვას ქისტი მხოლოდ სისხლით ჩამოიბანს. ამიტომაც არის, რომ კამათის დროს თითოეული, მართალია, თავდაჯერებულია, მაგრამ მაქსიმალურად ფრთხილობს, არ შეეხოს მოწინააღმეგეს ღირსებას, მაგრამ “თუ ვინმემ მოჰპარა, ან უსამართლოდ წაართვა, მანამ მაგიერს არ გადაუხდის, ჯავრი გახეთქავს. ზედ მოსულ მტერს ზურგს არ შეაცევს, ვაჟკაცურად შეეგებება, რომ შეიტყოს, მაშინვე ხანჯალზე ხელს იტაცებს. გაჯავრებული დინჯად რომ გელაპარაკებოდეს, მაშინაც მალ-მალე ხელი ხანჯლისკენ მიაქვს. თავისი ხალხის ჭირსა და ვაებაში დიდი თანამგრძნობია, მაგრამ თუ სისხლი დაემართა, იმას არავის შეარჩენს ცოცხალი თავით.”(მ. ალბუთაშვილი)
სწორედ ის გარემოება, რომ მკვლელობა არ შერჩება, აიძულებს ქისტს, ხელი არ აღმართოს სიცოცხლეზე. მან კარგად იცის, რომ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა არა მარტო ის, არამედ მთელი მისი ოჯახი, სანათესაო, საგვარეულო, თუნდაც მოხდეს შერიგება, ეს ისეთი რთული, ხანგრძლივი, დამამციერებელი პროცესია, სიკვდილს უდრის. ამიტომაც არის, რომ ქისტებში იშვიათად ხდება მკვლელობა, ასევე იშვიათია მკვლელობა, რომელიც ჩადენილია სისასტიკითა და სადიზმით. ასეთი მკვლელობის პატიება ძალზე ძნელია.
ვფიქრობ, ყოველივე ეს უწყობს ხელს სისხლის ძიების ადათის შენარჩუნებას ქისტებში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადრეც ხდებოდა და დღესაც ხდება მკვლელობები, თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ქისტებში ამ მხრივ მდგომაროება სტაბილურია, თითქმის უტოლდება ნულ პროცენტს. დღეს მკველმა თუ დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩაიდინა მკვლელობა, რაღაც 10-15 წელიწადს მიუსჯიან და მალე გამოვა ციხიდან და ჩიტივით თავისუფალია, მას არც სამართალი დევნის და არც დაზარალებული.
ქისტი, რომელიც მოიხდის სასჯელს, იმავე მდგომარეობაშია, როგორც მკვლელობის დღეს. ის მოკლულის ნათესავებისგან დევნას განიცდის, თავისუფლად ვერ გაივლის, სახლში იქნება ჩაკეტილი ტყვიის მოლოდინში. მას ძალიან მძიმე ხვედრი ელის წინ.
მოსისხლეობის ადათი დროთა განმავლობაში განმარტებას, ახალ ეპოქასთან შეხამების პროცესს განიცდიდა, შესაბამისობაში მოჰყავთ თანამედროვეობასთან უხუცესებს სახალხო ყრილობებზე, მაგრამ არასდროს არ დამდგარა საკითხი მისი გაუქმების შესახე, და, ვფიქრობ, არც დადგება, რადგან მისი არსებობა აუცილებელია ქისტური მენტალიტეტის გამო, მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად ქისტურ თემში და მშვიდობიანი თანაარსებობისათვის ქართულ საზოგადოებასთან.
სისხლის აღება ძალზე ძნელია სხვა მხრეში, სხვის ქვეყანაში, უცხო ხალხში. სოფელში მოსულ უცნობ კაცს ეჭვით უცქერიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი თანასოფლელი მკვლელობაშია გარეული. ყოფილა შემთხვევები, როცა უცნობი მკვლელი უბანში მისულა სრულიად მშვიდობიანი მზნით, საეჭვოდ მიუჩნევიათ, წამიერად შეყრილა ხალხი, აგრესიულად განწყობილნი და მხოლოდ საქმის არსში ჩაწვდომის შემდეგ დაშოშმინებულან. მაგრამ შერისმაძიებელი საფრთხესა და სიძნელეს არ ეპუება და მიზნის მისაღწევად სიცოცხლე საფრთხეში იგდებს.”