ქისტის ქალმა აამღერა გარმონი,
ადიდებენ აკორდები ალახსა და ნამუსს.
გადმოიჭრა ჯიგიტ-კენგი გარუნი,
დაემხო და შამილივით ის ასრულებს ნამაზს.
ტაშის ხმები ხამუშ-ხამუშ გახშირდნენ,
ათამაშდა თლილი თითიც – მალ-მალ კენკავს კლავიშს.
ჩურჩულებენ ასულები : “იახში კენგ!”
და ვაჟკაციც მოემზადა გასაშლელად მკლავის.
ტაში! ტაში! – და გარმონიც გადირია,
დაედევნა შეძახილი სტვენასა და სიცილს,
წრეში ჩნდება შეშინებულ ნადირივით,
ტანტატანი ქისტი ქალი და მიფრინავს ისიც.
ცეცხლად გადიქცა ვაჟკაცი,
თითქოს ფრთები აისხა.
დარჭობილი სატევარი კაშკაშებს –
“ჰეი, ჰა, ასსა!”
ქისტის ქალი მიქევქევებს გოგმანით,
ოდნავ უთრთის ბაგე-მარჯანი,
ვაჟმა დაბლა დაახალა ნაგანი:
“…ჰა, ჰატ… მარჯაჰ!…”
ტაში! ტაში… ცეცხლი სცვივა ცერს
(ცეცხლი ციალს სად სად მალავდა აქამდე?),
ერთხელ კიდევ მოუარეს წრეს,
შემობრუნდნენ, შეჩერდნენ და გაქვავდნენ.
გაბრიელ ჯაბუშანური