მომავალო ქისტის ქალო

მომავალო ქისტის ქალო
მომავალო ქისტის ქალო,
ლაღად მოემართები,
ირხევიან, მოფართქალე,
შენი მკერდის ვარდები.

შორით გიმზერ… გელოდები –
მოგოგმანეს ამაყად,
მიფარავენ მე ლოდები
და მერანიც თანა მყავს.
წელს მარტყია სატევარი,
ხელთ მიპყრია ხირიმი.
მოისწრაფე, ჩემო მთვარე,
ჩემო თეთრო ირემო!
დაგიხვდები, მოგიტაცებ
(ამ გზას ვერსად ასცდები!),
მომყვებოდნენ თოფის ხმაზე
შენი სახლიკაცები!…
ნიავს მოჰგავს ჩემი ცხენი,
რას დამაკლებს მდევარი:
თუ მიყელეს, არ შევრცხვები
თოფით და სატევარით.
ჩემს არხოტში მიგაქროლებ –
გულგავსებულს ურვითა;
რატომ მივცე, გინდაც მქონდეს,
შენს მამა-ძმებს ურვათი?!
გავა ხანი და მოტკბები,
ნაზად მომაჩერდები,
ჩემს ტრფობაში გამოტყდები,
ალაჰს დაგირჩევდები.
შემრიგდება მამაშენიც,
ძღვენით მომეახლება,
შენს ძმებს გავეთამაშები,
გავიხარებთ მძახლები!
მოესწრაფე, ქისტის ქალო,
თორემ აგიჩქარდები.
გადამრევენ, მოფართქალე,
შენი მკერდის ვარდები!
 
გაბრიელ ჯაბუშანური

Share