ისლამური სამყარო დღეს 30 დღიანი მარხვის შემდეგ ისლამის 2 დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს რამადანის ანუ იდ ალ-ფითრის დღესასწაულს აღნიშნავს.
რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.
მარხვა 6 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა. მარხვა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავი უნდა შეიკავოს – ჭამისგან, სმისგან და სქესობრივი ცხოვრებისგან, ამ აკრძალვებისგან იგი თავისუფლედება მზის ჩასვლის შემდეგ, თუმცა მორწმუნეს ღამის საათებშიც მხოლოდ სიკეთის ქმნა მართებს.
ამ პერიოდის განმავლობაში საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, მუსლიმები მთელი დღის განმავლობაში კარდაკარ დადიან და ერთმანეთს ულოცავენ ამ დღესასწაულს.
ბაირამი სამ დღეს გაგრძელდება, დღესასწაულთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, დოღი, ველორბოლა, მარათონი, ვიქტორინა, სიმძიმეების აწევა და სხვა,გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის პრიზები.
ღონისძიება 7 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება.