ქისტური სამართალი

„თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა“  ვაჟა-ფშაველა.
2015 წელს გამოცემულ წიგნში „ქისტების ადათ-წესები“, რომლის ავტორიც ბნ ხასო ხანგოშვილი გახლავთ, ერთ-ერთი თემა არის ქისტური სამართალი. მოცემულ ნაწყვეტში თვალნათლივ არის აღწერილი პირველ ხანებში ქისტების ადაპტირება სახელმწიფოებრივ კანონებზე, მიღება არ მიღება. ასევე განხილულია სასამართლოს პროცესი.
„ ქისტები ვეინახური ტომია. ჩეჩნები,ინგუშები და ქისტები ერთი ერის, ვეინახების წარმომადგენლები არიან და ერთიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობა, ენა და კულტურა აქვთ. მართალია, არსებობს მეტ-ნაკლები განსხვავებანი ენობრივი (დიალექტური) და ადათ-წესების მიხედვით, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ არანაირ გაუგებრობას არ იწვევს ურთიერთობებში.
ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ის არის,რომ ვეინახებში არასდროს არსებობდა საზოგადოებრივ ფენებად დაყოფა, არ გაუვლია მონათმფლობელური და ფეოდალური ფორმაციები. თანამედროვე ბურჟუაზიულ სოზოგადოებაშიც კი, სადაც, უდავოდ, გაჩნდა მდიდარი და ღარიბი ფენები, უფლებრივი თვალსაზრისით ყველა თანასწორია. ქისტურ საზოგადოებაში მდიდარი არასდროს შეძლებს ქონებრივი უპირატესობით ისარგებლოს და ძალადობა განახორციელოს თანამოძმეზე, ასეთი რამ გამორიცხულია…
საქართველოში ჩამოსახლებული ქისტები იყვნენ თავისუფალი საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არ იცნობდნენ კლასობრივ დიფერენციაციას, ყველა თანასწორი უფლებებით სარგებლობდა. ქისტეთში არათუ რუსებს, არამედ შამილსაც გაუწიეს წინააღმდეგობა, ისლამი კი მიიღო ზოგიერთმა თემმა, მაგრამ შარიათი მიუღებელი იყო მათთვის, რადგან არაბული კანონები თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნიეს.
ქისტების საქართველოში დასახლების პერიოდში და შემდეგშიც, 1864 წლამდე, საქართველოში ბატონყმობა არსებობდა. პანკისში მიწები ქართველი თავადების საკუთრება იყო. ქისტები დასახლდნენ სახაზინო და საეკლესიო მიწებზე, ქართველ თავადებთანაც დაამყარეს კონტაქტი და შემდგომ დაიწყეს მათგან მიწების შესყიდვა. ქისტებმა უარი თქვეს იჯარაზე,რადგან არ ისურვეს, რაიმე უფლებრივი დამოკიდებულება ჰქონოდათ გაბატონებულ ფენასთან. სხვათა შორის, ქისტების შემდეგ ჩამოსახლებულმა ოსებმა იჯარით აიღეს მიწები (XXს. დასაწყისი).
ვფიქრობ, სწორედ დამოუკიდებლობის, ღირსების,სანდოობის ფაქტორმა განაპირობა მატნელი თავადების, ჩოლოყაშვილების მეგობრული დამოკიდებულება ქისტებთან,მეგობრობდნენ მათთან, ამოდიოდნენ პანკისში და მეგობრებთან ქეიფობდნენ. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ქისტებთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ,ეროვნულ გმირს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს. სწორედ მისი „შეფიცულთა რაზმი“ ჩამოყალიბდა პანკისში, აქ იყო მათი ბაზა. ამ რაზმში შედიოდნენ ქისტებიც, რომლებიც ქაქუცასთან ერთად იბრძოდნენ ახალი სამშობლოს,საქართველოს დამოუკიდებლობისათვის…
ვეინახური სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში, ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაში, წინა პლანზე გამოდის უხუცესთა საბჭო, „მეხქ ჴჲალ“ (სიტყვასიტყვით „ქვეყნის სამართალი“), რომელიც შეიქმნა დემოკრატიული არჩევნების გზით. თითოეული თეიფი ირჩევდა დელეგატს (უმეტეს შემთხვევაში გვარის უფროსს), რომელიც ცხადდებოდა თუხუმის (ტომის) ყრილობაზე, სადაც ხდებოდა უხუცესთა საბჭოს არჩევნები.
„მეხქ ჴჲალ“ წარმოადგენდა საკანონმდებლო ორგანოს და ამავე დროს ირჩევდა და აკონტროლებდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. მართლმსაჯულებას განაგებდა უხუცესთა საბჭო, ქვეყნის დონის საჩივრები განიხილებოდა ქვეყნის უხუცესთა საბჭოს მიერ, ხოლო ყოფა-ცხოვრებითი დანაშაული განიხილებოდა თუხუმის უხუცესთა საბჭოზე. შიდა რეგიონალურ და სოფლის დავებს ასევე წყვეტდა ხალხი, რომელთაც მოდავე მხარეები აირჩევდნენ უხუცებიდან, თითო ან ორ-ორ მოსამართლეს, რომელთაც ესმოდათ ადათ-წესების კოდექსი და საქმეებს არჩევდნენ.
უხუცესთა საბჭო მტკიცედ და განუხრელად ახორციელებდა საზოგადოების დემოკრატიულ წყობას. არასოდეს დაუშვებდა, მათ მიერ დანიშნული მოხელე იმდენად გაძლიერებულიყო, რომ ეცადა მმართველობის სადავეები თავის ხელში მოექცია, დაემყარებინა ავტორიტარული მმართველობა. რომ არ მომხდარიყო ასეთი რამ,სარდალსა და სხვა მოხელეს განსაზღვრული ვადით ირჩევდნენ. თუ მეხელე ისე გამდიდრდებოდა, რომ დაიწყებდა ქონების დაგროვებას (მიწების შესყიდვა, საქონლის მომრავლება) მას აძევებდნენ ქვეყნიდან ქონების კონფისკაციით.
პანკიში მცხოვრებმა ქისტებმა,თავისთავად იგულისხმება, გამოიტანეს ის ადათ-წესები, რომლებიც დამახასიათებელი იყო მათთვის. მათ ახალ სამშობლოში ახალ პირობებში მოუხდათ ცხოვრების დაწყება.
პირველ ხანებში იზოლირებულად ცხოვრობდნენ, მეზობელ ქართველებთან ურთიერთობის დაწყებამდე ძალზე გაუჭირდათ, ნაწილი ჯოყოლოდან უკან, ქისტეთში გადასახლდა კიდეც, მაგრამ სწორედ მამა-პაპური ადათ-წესების, ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციების წყალობით შეძლეს ახალ მიწაზე დამკვიდრება.
ქისტები პანკისში ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ქისტეთში ისინი თავიანთი კანონებით ცხოვრობდნენ, როცა გამოჩნდა მტერი, რომელიც თავის კანონებით ცხოვრებას აძალებდა, გამოერიდნენ, მიატოვეს სამშობლო და მეზობელ ქვეყანაში პოვეს თავშესაფარი, მაგრამ აქაც რუსის ხელისუფლება ბატონობდა, აქ ყველანი სახელმწიფო კანონებით ცხოვრობდნენ. მართალია, პირველ ხანებში სახელმწიფო მოხელები არ ერეოდნენ ქისტების ყოფა-ცხოვრებაში, მაგრამ თანდათანობით დაიწყეს მათი გაკონტროლება, სახელმწიფო კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევა.
ეს ძალზე რთული აღმოჩნდა, რადგან ეს ხალხი ოდითგანვე თავისუფალ ცხოვრებას იყო მიჩვეული და ყველაფერს აკეთებდა, არ დაედგა კისერზე სახელმწიფო უღელი. სწორედ ამ ძალისხმევამ განაპირობა ის, რომ ყველა საზოგადოებრივ ფორმაციაში (თემური, ბურჟუაზიული, სოციალუსტური, დემოკრატიული) შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა, ეცხოვრათ საკუთარი ადათ-წესების მიხედვით.
ცხადია, ამ კუთხით სრულ დამოუკიდებლობას ვერ შეძლებდნენ, ეს გამოიწვევდა სახელმწიფოსთან კონფლიქტს, რაც დამღუპველი იქნებოდა მცირე ეთნოსისათვის, რომელიც დიასპორას წარმოადგენდა. ქისტებმა მოახერხეს ეცხოვრათ თავიანთი კანონებით, მაგრამ, ამავე დროს, დამორჩილებოდნენ სახელმწიფო კანონებსაც. ერთი სიტყვით, გამოუვალ სიტუაციაში, დღევანდელი ტერმინი რომ ვიხმაროთ, კოჰაბიტაციაში იყვნენ სახელმწიფოსთან, მაგრამ საკუთარ ადათ-წესებს არ ივიწყებდნენ, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს იმ პრინციპებით წყვეტდნენ, რა პრინციპებითაც მართავდნენ საზოგადოებას წინაპრები.
ოღონდ ეპოქის შესაბამისად ატარებდნენ რეფორმებს,ახალი დროის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოჰყავდათ ადათ-წესები. რეფორმებს ატარებდა პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობის უხუცესთა საბჭო, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა სოფლისა და თეიფის წამომადგენლობები. ეს საბჭო იხილავდა უმთავრესად ადათ-წესებში საჭირო ცვლილებებს, ატარებდა რეფორმებს ადგილობრივი, ქისტური თემისათვის ახალი პირობების შესაბამისად, ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ყოფა-ცხოვრებით კონფლიქტებს,სადავო საკითხებს იხილავდა „ჴელხოჲ“ (მოსამართლენი), რომელთაც მოდავე მხარეები ირჩევდნენ საკუთარი შეხედულების მიხედვით, ოღონდ არ ჰქონდათ უფლება, მოსამართლედ აეყვანათ თავისი გვარის წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი. საქმეებს იხილავდა ორი, ან ორ-ორი კაცი მოპირდაპირე მხრიდან. თუ ვერ შეთანხმდებოდნენ (განაჩენის გამოტანისათვის უნდა იყოს სრული თანხმობა მოპირდაპირე მხარეების მოსამართლეებში), საქმის გასარჩევად სხვა მოსამართლეებს იწვევდნენ, ან უხუცესთა საბჭოს გამოჰქონდა გადაწყვეტილება.
ქისტური ადათობრივი სასამართლოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოდავე მხარეს ჰყავს თავისი მოსამართლე – ადავოკატი, რომელიც მის ინტერესებს იცავს. ერთი რამ უნდა იცოდეს მკითხველმა, რომ აქ სიტყვა „ადვოკატი“ ვიხმარე უბრალოდ იმ მიზნით, გაცხადებულად ჩანდეს, რომ რომელიმე მოდავე მხარე დაჩაგრული არ იქნება არცერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ მართალია.
სხვათა შორის, უხუცესი მოსამართლე, რომელიც თანხმდება, მიიღოს მონაწილეობა დავის გარჩევაში, წინასწარ ეუბნება თავის კლიენტს: იცოდე მე მხოლოდ სიმართლეს დავიცავ, მხოლოდ სიმართლის მხარეზე ვიქნებიო. მოგეხსენებათ, ადვოკატი დღეს კლიენტს იცავს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა,მართალია თუ მტყუანი მისი კლიენტი, ბანდიტია თუ მკვლელი. ის ფულს, გასამრჯელოს იღებს მის დაცვაში და ვალდებულია, გაამართლოს თავისი დაცვის ობიექტი.
ქისტურ ადათობრივ სასამართლოში ასეთი რამ გამორიცხულია. ჯერ ერთი, მოსამართლე უსასყიდლოდ მუშაობს; მეორე, ის არის ცნობილი ავტორიტეტი, სამართლიანი,მოუსყიდველი.
მესამეც, ასეთი რეპუტაციის მოსამართლესთან აქვს საქმე, მათი ამოსავალი წერტილი სიმართლეა. ამიტომ მოსამართლე შეთავსებით ადვოკატობას ასრულებს, რადგან იცავს თავის კლიენტის სიმართლე, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს!
მოსამართლედ მიწვეული პირი უნდა იყოს სამართლიანი, უმწიკვლო წარსულის მქონე პიროვნება. როდესაც მას ექნება დავა სხვასთან, აუცილებლად უნდა გაიზიაროს ხალხის (შუამავლების) თხოვნა და შეეძლოს დათმობაზე წასვლა და შერიგება. თუ პირად დავაში გამოიჩენს სიჯიუტეს, არ იცავს სამართლიანობას და დავას აგრძელებს, ასეთ კაცს უფლება არ აქვს სხვისი დავის გარჩევისა.
ასეთ „ჴელხოიზე“ იტყვიან: მაგან როგორ უნდა გაარჩიოს საქმე სამართლიანად, როცა თავისი დავის გარჩევაზე უარს ამბობსო. იგი კარგავს ავტორიტეტს, მას უკვე აღარ იწვევენ მოსამართლედ, ძალზე კარგადაც რომ ერკვეოდეს ადათობრივ კანონებში.
მძიმე ხასიათის დავის დროს (დაჭრა,მკვლელობა, ქალის მოტაცება-გაუპატიურება და სხვ.) ადათობრივ სასამართლომდე რომ მიიყვანო საქმე, ძალზე მძიმე, დამღლელი და ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივი მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ. ამ პროცედურაში ერთვება უხუცესთა საბჭო, გვარის უფროსები, მოდავე მხარეთა ნათესავი უხუცესები.
დაზარალებული ყოველთვის ცდილობს, ძალადობას ძალადობით უპასუხოს, შეურაცხყოფა სისხლით ჩამოიბანოს. ამ დროს საქმის მიშვება, უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან შესაძლებელია, კონფლიქტი უფრო მძიმე დანაშაულში გადაიზარდოს, მოხდეს გამოუსწორებელი რამ, მაგალითად, ჩხუბში დაჭრილი ან მისი ძმა, ბიძა და ბიძაშვილი გამალებული ეძებენ, უსაფრდებიან დამჭრელს, რათა სამაგიერო გადაუხადონ. ჯერ ერთი, არ არსებობს გარანტია, რომ სამაგიერო ზუსტად მოყენებული ზარალის ტოლფასი იქნეს, შეიძლება სასიკვდილო ჭრილობა მიაყენონ, არაერთჯერ მომხდარა ასეთი შემთხვევა.
მეორეც, დამჭრელიც გულხელდაკრეფილი არ ზის, იცის რომ დასდევენ, მომზადებულია და თავს იცავს. ამ დროს შეიძლება უფრო მძიმე ჭრილობა მიაყენოს და ისედაც მძიმე დანაშაული უფრო დაამძიმოს.
ამიტომ არის, რომ უხუცესებს არ სჭირდებათ თხოვნა, ჩაერიონ კონფლიქტის მოსაგვარებლად. თავად შესაბამის დროს (ე.ი. დაუყონებლივ, თუ არ არის განზრახ მძიმე გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა) იწყებენ მოქმედებას. უპირველს ყოვლისა, დაადგენენ იმ ავტრიტეტიან უხუცესს (გვარის უფროსს,მამას,ბიძას, ძმას და ა.შ.), რომელსაც აქვს გავლენა დაზარალებულზე.
შემდეგ მასთან ერთად მიდიან დაზარალებულის ოჯახში, ხვდებიან დაზარალებულის უახლოეს ნათესავებს და სთხოვენ, შეწყვიტონ დევნა და საქმე გადასცენ ორ კაცს („ჴელხოის“) გასარჩევად. უარის შემთხვევაში განაწყენებულები როდი ბრუნდებიან, კვლავ მიდიან უხსნიან, შეაგონებენ, არწმუნებენ, სთხოვენ, არ მოეშვებიან, სანამ ბოლოს და ბოლოს არ დაითანხმებენ.
უმთავრეს შემთხვევაში შეთანხმება მიღწეულია ხოლმე. უარყოფით რეაქციას იწვევს ქისტურ საზოგადოებაში სიჯიუტე, უხუცესების უპატივცემლობა, ალაჰისა და ხალხის სახელით თხოვნაზე უარი. ასეთი ადამიანი გაკიცხვის საგანი ხდება, ის კარგავს პატივისცემას არათუ გარეშე ხალხში, არამდე გვარშიც და ნათესავებშიც. ამიტომ ქისტი კაცის დაყოლიება მშვიდობაზე არც თუ ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უყვარს თავისი ხალხი, ადათ-წესები, უხუცესები და პატივს სცემს რელიგიას და კომპრომისზე მიდის.
დავის გარჩევის დროს ორივე მოდავე მხარის ნათესავები იკრიბებიან, ესწერებიან თანასოფლელებიც,უხუცესებიც. ყველანი დაინტერესებულნი არიან, მშვიდობა ჩამოვარდეს კონფლიქტის მხარეებს შორის, საჭირების შემთხვევაში გაჯიუტებულ მოდავეს წრეში მოაქცევენ, არწმუნებენ, ეხვეწებიან, ემუდარებიან, წავიდეს დათმობაზე და ა.შ. ხალხს დიდი ძალა აქვს, გაჯიუტებულიც მოლბება, დათმობაზე მიდის,აცხადებს, ღმერთისა და ამ ხალხის გულისთვის მიმიტევებია დანაშაულიო. ხალხიც მადლობას უხდის, უწონებს საქციელს, უქებს კაცობას.
გადაწყვეტილება მიღებულია, განაჩენი გამოტანილი და რჩება მხოლოდ აღსრულება. განაჩენის აღსრულების ბერკეტები, მხედველობაში მაქვს აღმასრულებელი ორგანო, უხუცესთა საბჭოს არ გააჩნია, „ხელხოიმ“ თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ თვალს მაინც მიადევნებს, ასრულებს თუ არა დაკისრებულ განაჩენს სასამართლოში გამტყუნებული. რა თქმა უნდა, ისინი ვალდებულნი არ არიან და არც მოსთხოვს ვინმე, ნორმალური აზროვნების ადამიანი, საქმე გაარჩიეთ და აღსრულებაც თქვენ იკისრეთო.
მაგრამ არსებობს მორალური ბერკეტები,რასაც მოსამართლენი მიმართავენ კიდეც. ყოველთვის ცდილობენ, მონახონ საშუალება, არ ჩააყენონ დამნაშავე ისეთ მდგომარეობაში, არ დააკისრონ ისეთი მატერიალური გადასახადი, რომელსაც ვერ მოერევა.
ასეთ შემთხევაში მართალს კი არ შეუკვეცავენ სამართალს, არამედ განაჩენის შემდეგ სთხოვენ დაზარალებულს, აპატიოს ან შეუმციროს გადასახადი. ერთი სიტყვით, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ საქმე მშვიდობიანად გადაწყდეს და მოხდეს შერიგება, შემდეგ მოდავეებმა კვლავ რომ არ წამოიწყონ დავა. მოსამართლეები ორივე მხარის წარმომადგენლებიდან ირჩევენ თითო ავტორიტეტიან კაცს, რომელთაც პირობას ჩამოართმევენ ხალხის წინაშე, რომ მოსამართლეთა გადაწყვეტილებას პირნათლად შეასრულებენ.“
მომზადებულია ხასო ხანგოშვილის წიგნის ,,ქისტების ადათ-წესები” მიხედვით.
 
ავტორი:  ანი წერეთელი

Share