23 თებერვალს ჩვენი მონათესავე ხალხი – ჩეჩნები და ინგუშები, წინაპრების მიწიდან, სულ მცირე, თოთხმეტი წლით აყარეს და შორი, უცხო მხარის გზას გაუყენეს. ეს წერილი ჩვენი სიყვარულის და მოწიწების გამოხატვის მცდელობაა იმ უამრავი ადამიანის მიმართ, ვინც რუსეთის იმპერიამ შეიწირა.
1943 წელს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში გარდატეხა მოხდა. წლის დასაწყისში გერმანელებმა ჯერ სტალინგრადთან, მოგვიანებით კი კურსკთან და დნეპრთან მარცხი განიცადეს და უკან დახევა დაიწყეს. ნავთობით მდიდარ, და ამის გამო სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს რეგიონში შეღწევა მათ ვერ მოასწრეს.
საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას, ამხანაგ სტალინს ამ პერიოდამდელი სამხედრო წარუმატებლობების მიზეზის, ანუ დამნაშავის მოძებნა სჭირდებოდათ, ამიტომ იმავე წელს ღალატის მასშტაბების დასადგენად ბერიამ ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი მოადგილე ბოგდან ქობულოვი გააგზავნა. ქობულოვმა დაწვრილებით შეისწავლა მტრის მხარეს კავკასიელების გადასვლის ფაქტები. ასეთი დაახლოებით 4500 აღმოჩნდა. ქობულოვმა ამ რიცხვს წინ ერთიანი დაუსვა და ბერიასგან შექება დაიმსახურა: “Хорошая справка, Кобулов!”+
ჩრდილოეთ კავკასიიდან სამამულო ომში დაახლოებით 160 000 ადამიანი იბრძოდა. რეგიონიდან ფრონტზე გაწვევა მაშინვე შეწყდა. საომარ მოქმედებებში ყარაჩაელების ერთი მეხუთედი მონაწილეობდა, ბრძოლისუნარიანი მამაკაცების დიდი უმეტესობა, 13 000 ათასი ბალყარელი, დაახლოებით ორმოციათასიანი ხალხისთვის წილობრივად კიდევ უფრო შთამბეჭდავი რიცხვი იყო. იმ საერთო 160 000 ჯარისკაციდან, რომელთა უკან გამოწვევის ბრძანება ფრონტის ხაზზე მაშინვე გაიგზავნა, უმეტესობას ჩეჩნები და ინგუშები შეადგენდნენ.
1943 წლის 2 ნოემბერს შუა აზიისკენ ყარაჩაელებით დატვირთული პირველი ეშელონები გავიდა. სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 70 000 ადამიანი მოათავსეს სატვირთო შემადგენლობებში. როგორც წერენ, თითო სულზე ლამის ორი ჩეკისტი მოდიოდა, რადგან “საშიშ” ხალხთან ჰქონდათ საქმე – 240 ყაჩაღი და 70 დეზერტირი სახუმარო საქმე არ იყო.
1944 წელს ჩეჩნების და ინგუშების რიგი დადგა. ბერიამ ჩეჩნეთ-ინგუშეთის “სოვნარკომის” მოადგილეს, მალაევს დეპორტაციის გეგმა რომ გააცნო, გროზნოელი კომუნისტი ატირდა.
გეგმის დასაწყობად თებერვლამდე მეტი დრო რჩებოდა. შინაგან საქმეთა კომისარიატისა და “სმერშის” (ჯაშუშობის ფაქტების გამოსავლენად 1943 წელს შექმნილი სამმართველო) გასამხედროებული ნაწილები, დაახლოებით 150 000 ოპერმუშაკი, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის აულებში წინასწარ შეიყვანეს და იქაურ ბინადრებს შეუსახლეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ეს მათ ისე მიაწოდეს, თითქოს სამხედრო ნაწილებს მოსახლეობის დაცვა ევალებოდათ; თანაც, მათ, ვისაც ოჯახის წევრები ფრონტზე ჰყავდათ, ჯარისკაცები ეცოდებოდათ, სასმელ-საჭმელს უყოფდნენ, მოხუცი ქალები კი თბილ ტანსაცმელს და წინდებს უქსოვდნენ.
ოპერაცია “ჩეჩევიცა” 1944 წლის 23 თებერვალს, დილის ორ საათზე დაიწყო. მარტის პირველ დღეებამდე, ვიდრე შინაგან საქმეთა კომისარიატმა ბალყარელებისთვის (8 მარტი) მოიცალა. ოფიციალური მონაცემები ასეთია: ერთიანობაში ყაზახეთის და ყირგიზეთის სტეპების მიმართულებით ამ დღეებში ადამიანებით დატვირთული 180 ეშელონი გაიგზავნა, თითოეულში 65 ვაგონი იყო ჩაბმული. დეპორტირებულთა საერთო (ინგუშები და ჩეჩნები ერთად) რაოდენობა – 493 269 სული. ოპერაციის დროს წინააღმდეგობის გაწევისას მოკლეს 780 ადამიანი, დაახლოებით 6 500 სულმა თავი ტყეებს შეაფარა და მათი შეპყრობა იმ დღეს ვერ მოხერხდა.
მთაში მკაცრი ზამთარი იცის, და ზოგი მთიანი აულიდან შეუძლებელი გახდა ადამიანების ტრანსპორტირება. თითქმის ყველა სახლი და ეზო გამოაცარიელეს, მაგრამ დროდადრო მაინც ინთებოდა ფანჯრებში შუქი – ვიღაცამ თავის გადარჩენა მოახერხა, ვიღაც ტყეში სანადიროდ იყო გასული, ან დეპორტაციის დღემ გზაში მიუსწრო… მათ გასანადგურებლად დროდადრო საგანგებო რაზმები ბრუნდებოდნენ.
იმ საშინელების ფონზეც კი, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში 1943-44 წლებში დატრიალდა, სოფელ ხაიბახის ამბავი მაინც განსაკუთრებულად შემზარავია; არანაკლებ შემზარავი – ქართველებისთვის, რადგან ხაიბახის ოპერაციას საბჭოთა უშიშროების ქართველი გენერალ-მაიორი მიხეილ გვიშიანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც შემდეგ დარჩენილი სიცოცხლე თბილისში გაატარა წყნარად და მშვიდად, და საკუთარ საწოლში გარდაიცვალა.
მაღალმთიანი ხაიბახის მოსახლეობის დეპორტირება 23 რიცხვში ვერ მოხერხდა, გზები თოვლით იყო ჩახერგილი. 27 თებერვალს გვიშიანმა სოფლის მოსახლეობა, დაახლოებით 750 სული, ბერიას სახელობის საჯინიბოში შეადევნინა. ხაიბახში უმეტესწილად ქალები, მოხუცები და ბავშვები იყვნენ დარჩენილები, ბრძოლისუნარიანი მამაკაცები თითქმის უკლებლივ ფრონტზე იბრძოდნენ. იმ ღამეს დამწყვდეულებს ორი სული შეემატა. ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა და ტყუპები გააჩინა. “სქესი?” – იკითხა გვიშიანმა. ბავშვები ბიჭები იყვნენ; “ესე იგი, კიდევ ორი ბანდიტი გაჩნდა”. დილით საჯინიბოში ბავშვები სიცივისგან და შიმშილისგან ატირდნენ. გვიშიანმა ჯერ მათი დაპურების ბრძანება გასცა, მერე კი საჯინიბოსთვის ცეცხლი წააკიდებინა. ვინც გარეთ გამოაღწია, ავტომატების ჯერით ჩაცხრილეს.
წერენ, რომ მოგვიანებით დაახლოებით იგივე ბედი ეწია ჩეჩნურ სოფლებს მაზგარას და მაწკარას, ინგუშურ თარგიმს, გულის და წორის. დეტალები აღწერილი არაა. ასეთ ამბებს გარკვეულ დრომდე გრიფი “საიდუმლოდ” ედო. ხაიბახში ჩადენილი არაადამიანური ბოროტმოქმედება, შესაძლოა, გაცილებით გვიანაც ამოტივტივებულიყო, რომ არა – უკრაინაში, მდინარე დესნის პირას ნაპოვნი წითელარმიელთა ნამარხები. დაღუპულ კავალერისტებს კავკასიური ქუდები ეხურათ. როგორც გაირკვა, ეს მეომრები მტრის ზურგში მარშალ როკოსოვსკის განსაკუთრებულ დავალებას ასრულებდნენ და 1943 წლის 12 მარტს დაიღუპნენ.
ერთ-ერთს გულის ჯიბეში დედისთვის გასაგზავნად გამზადებული წერილი ედო. ეს ამბავი გროზნოს ხელმძღვანელობას აცნობეს, მაგრამ ჩეჩნეთიდან მიღებულ პასუხში იუწყებოდნენ, რომ წერილზე აღნიშნული მისამართი, “სოფელი ხაიბახი” არასწორი იყო, ასეთი სოფელი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არ არსებობდა. ასე გაირკვა, რომ ვიდრე გმირულად დაღუპული საბჭოთა მეომარი თავს მოხვეულ სამშობლოს, საბჭოეთს იცავდა, “სამშობლომ” ოჯახი, მთელი სოფელი ცოცხლად ამოუბუგა.
საგრძნობი იყო თუ არა საბჭოთა არმიაში კავკასიელებისთვის მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება? პასუხი მარტივია – საბჭოთა სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა საერთოდ საკუთარი მოსახლეობისადმი, მათ შორის – რუსების მიმართ. ვერმახტის მიერ შექმნილი განსაკუთრებული დანიშნულების შენაერთი “ბერგმანი” მხოლოდ კავკასიელებისგან შედგებოდა. შენაერთი პერიოდულად მატებას ე.წ. “პერებეჟჩიკების” მხრიდანაც იღებდა. ქართველი ლაბაძე, რომელიც “ბერგმანში” გადასვლამდე საბჭოეთის 414-ე ქართულ დივიზიაში იბრძოდა, ჰყვებოდა:
“დივიზიის ხელმძღვანელობის ზოგიერთი წარმომადგენელი მებრძოლების მიმართ დაუფარავ შოვინიზმს ავლენდა. მაიორ ბოჟკოვს არაერთხელ უთქვამს, რომ ქართველებს ბრძოლა არ უნდათ და არც შეუძლიათ. პოლკოვნიკი ანტიპოვი ვერ იტანდა, როცა მის გვერდით ვინმე ქართულად მეტყველებდა… გენერალ-მაიორმა ფილიპოვსკიმ დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე ამხანაგ მუსერიძეს ცინიკურად მიუთითა: “ხედავთ, მკვდრებიც ხელაწეულები წვანან”. უკეთესი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არც ჩრდილოკავკასიელების მიმართ უნდა ყოფილიყო. ამას გარდა, რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, ვისაც, რუსეთის იმპერიის მიერ მათი ხალხისადმი ჩადენილი დანაშაულებების გამო, გერმანელების იმედი თავიდანვე ჰქონდათ.
1941 წელს იურისტმა, ჩეჩნეთის პატრიოტმა ჰასან ისრაილოვმა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება წამოიწყო და თავი მთებს შეაფარა. ამგვარი აჯანყებების საფრთხე, უკრაინისა და ბალტიისპირეთის მაგალითზე, რუსებს კარგად ესმოდათ. შემდგომ გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ჩეჩენი პოლიტოლოგი, რადიო “თავისუფლების” ერთ-ერთი დამაარსებელი აბდურახმან ავტორხანოვი რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ, 1942 წელს ბერიამ ერთი პირობით გამოაშვებინა ციხიდან: იგი თავისი უახლოესი მეგობრის, ისრაილოვის ლიკვიდაციას უნდა დათანხმებოდა. ავტორხანოვი თვალის ასახვევად დათანხმდა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ისრაელოვი გაეფრთხილებინა, შემდეგ კი მეამბოხეებს შეუერთდა.
ერთი წლის შემდეგ ისრაელოვის დაჯგუფების წერილით იგი თერგის მეორე ნაპირას მდგარ გერმანულ სამხედრო ნაწილს მიადგა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ჩეჩნეთის და ინგუშეთის დამოუკიდებლობის სანაცვლოდ, მისი თანამოაზრეები გერმანიას სამხედრო თანამშრომლობას ჰპირდებოდნენ. გერმანელებმა ეს წინადადება მათთვის უინტერესოდ მიიჩნიეს და უარყვეს. ავტორხანოვს უკან დასახევი გზა აღარც დარჩა, მაგრამ საკუთარი არჩევანი არასოდეს უნანია. “სტალინის მტერი ჩვენი მოკავშირე იყო, და ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა: უსუსური დემოკრატია და მოციქულნი მისნი, რუზველტი და ჩერჩილი, სტალინს მაგრად იყვნენ ჩახუტებულები, ჩემი ხალხი კი მის სისხლიან კლანჭებში იყო მოქცეული.
ნუთუ სტალინს და ბერიას ჩემი ხალხის გენოციდში იმის გამო უნდა დავხმარებოდი, რომ მათი მტერი ჰიტლერი იყო? მსგავსი სიტუაცია რომ განმეორებულიყო, ზუსტად ისევე მოვიქცეოდი”… ბუნებრივია, ასეთი პოზიციაც არსებობდა, მაგრამ დეპორტაციის მოსაწყობად რამდენიმე ასეული, თუნდაც ათასი მსგავსად მოაზროვნის არსებობა საკმარისი მაინც არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტალინს და ბერიას ქართველების დეპორტაციაც უნდა მოეხდინათ, რადგან გერმანიის მხარეზე ქართველი სამხედრო ტყვეებისგან შედგენილი არაერთი როტა იბრძოდა.
ჯერ კიდევ 1937-38 წლებში მთელი საბჭოეთიდან გაციმბირებულ ადამიანებს შორის გადარჩენის განსაკუთრებული სქემა მუშაობდა. სტატისტიკამ აჩვენა, რომ განსაკუთრებულ გამძლეობას იჩენდნენ მოაზროვნე, იდეალისტი, კულტურის მატარებელი ადამიანები. ასეთები ჰუმანისტური იდეალებისა და სულისკვეთების წყალობით ინარჩუნებდნენ სულის სიმხნევეს.+
“მაგრამ იყო ერთი ერი, რომელიც მორჩილების ფსიქოლოგიას ერთიანად არ დაექვემდებარა – არა ერთეულები, არა მეამბოხეები, არამედ მთელი ერი. ესენი ჩეჩნები იყვნენ, – წერდა სოლჟენიცინი “არქიპელაგ “გულაგში”, – ვნახეთ, როგორი იყო მათი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც ბანაკებიდან გაქცევას ცდილობდა, როგორ ცდილობდნენ – მხოლოდ ისინი – ყენგირის აჯანყებისთვის მხარის დაჭერას…
მას მერე, რაც ვერაგულად მოაშორეს თავიანთ ადგილებს, ჩეჩნებს აღარავისი სწამდათ. არც ერთ ჩეჩენს არ უცდია, ხელმძღვანელობისთვის თავი მოეწონებინა – მათ წინაშე ყოველთვის ამაყად, დაუფარავად მტრული დამოკიდებულებით იდგნენ. საბჭოთა განათლების წესებს ზიზღით ეკიდებოდნენ და ამიტომ სკოლაში ბიჭებსაც კი იშვიათად უშვებდნენ… ადგილობრივი მოსახლეები, რომლებიც მათსავით გადასახლებულები იყვნენ, უფროსობის მორჩილებისთვის თითქმის მათსავით სძაგდათ. პატივს სცემდნენ მხოლოდ მეამბოხეებს… და საოცრება ის იყო, რომ ბანაკის ხელმძღვანელობას მათი ეშინოდა და საკუთარ ჭკუაზე ცხოვრებას ვერ უშლიდა. და ხელისუფლებამ, რომელიც ამ ქვეყანას ოცდაათი წელი მართავდა, ჩეჩნებს საკუთარი კანონების წინაშე ქედი ვერ მოახრევინა”.
რუსი ფილოსოფოსის, თავადი პანინისთვის გადასახლების წლებიდან ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ინგუშების და ჩეჩნების გამორჩეულობა, განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა და გამძლეობა. ის იხსენებს: “ჩეჩნების ძალა მათ რელიგიურ რწმენაში იყო. ისინი ერთად სახლდებოდნენ, და ყოველ დაბაში სულიერი მოძღვრის როლს მათს შორის ყველაზე განათლებული იღებდა ხოლმე.
საკამათო საკითხებს, დავებს ერთმანეთში წყვეტდნენ, საბჭოთა სასამართლომდე არ მიჰქონდათ. გოგონებს სკოლებში არ უშვებდნენ, ბიჭებს – ერთი-ორი წლით, ისიც იმისთვის, რომ წერა-კითხვა ესწავლათ, ამის მერე საქმეს ვერანაირი ჯარიმა და სასჯელი ვეღარ შველოდა. ყველაზე მარტივმა, საყოველთაო პროტესტმა ჩეჩნებს საკუთარი ხალხის გადასარჩენად ბრძოლა მოაგებინა.
მოგვიანებით, გადასახლებიდან რომ დავბრუნდი, ჩეჩნების ვაჟკაცობა ბევრჯერ მომიყვანია საკუთარი შთამომავლობისათვის ბრძოლის მაგალითად. ნაცნობ-მეგობრებს ვეუბნებოდი, – უღმერთო, უპრინციპო ხელისუფლებისგან შვილების დაცვის ხელოვნება მათგან ისწავლეთ-მეთქი. პანინი ამ ორი ხალხის სინდისიერებასა და მოუსყიდველობაზეც ბევრს წერს: “დამსმენები მათ შორის არ იყვნენ მუსლიმების ერთგულებაში ბევრჯერ დავრწმუნებულვარ”.
მაგრამ გადასახლებიდან საერთო რაოდენობის 40-50% დაბრუნდა. ადამიანების უმეტესობა ოცი-ოცდახუთდღიანი მგზავრობისას შიმშილისგან, სიცივისგან და ავადმყოფობისგან დაიღუპა, ან – დროებითი დასახლების ადგილებზე, ადაპტირების პირველ თვეებში. ზოგი ამა თუ იმ გარემოების გამო ვერ ან აღარ დაბრუნდა. როგორც წერენ, ზოგჯერ სიკვდილის მიზეზი ის უხერხულობა და დაბნეულობაც იყო, რასაც გადავსებული ვაგონებით ქალებისა და მამაკაცების ერთად მგზავრობა იწვევდა. ჩეკისტები გარდაცვლილთა გვამებს გზადაგზა მატარებლიდან ყრიდნენ; მათი გადამალვა დეპორტირებულებს დიდ ძალისხმევად უჯდებოდათ. ვინც შეძლო, საყვარელი ადამიანები ხანმოკლე გაჩერებების დროს, სტეპებში დამარხა, მაგრამ მათი საფლავები სამუდამოდ დაკარგეს.
ამ ოცი დღის განმავლობაში სამოცამდე ბავშვი გაჩნდა. პატარა ბავშვების და მათი დედების ბედი კიდევ უფრო მძიმე იყო. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი, ჯოხარ დუდაევი, 23 თებერვალს რვა დღისა იყო… რეპრესირებულ ხალხს ახალი თაობის, უპატრონოდ დარჩენილი მშობლიური მიწის ბედი მოსვენებას არ აძლევდა.
სოლჟენიცინი თავის ნაწერებში ჰყვება, როგორ გარბოდნენ ბანაკიდან ჩეჩნები და მატარებლის სახურავზე გაწოლილები სამშობლოში მოხვედრას ცდილობდნენ. იმ ერთეულებს, ვინც დაბრუნება მოახერხა, სიკვდილი, ხელახალი დეპორტაცია, უკეთეს შემთხვევაში, მწარე იმედგაცრუება ხვდებოდა – ჩეჩნეთის და ინგუშეთის მიწები უცხო ხალხის ჭრელი შემადგენლობით იყო დასახლებული, მათ შორის – ქართველებით (სამწუხაროდ, ქართული მხრიდან ამ ამბის დეტალები არავინ დაგვიტოვა, მაგრამ ლამის ყველა ინგუში დღემდე მადლიერებით იხსენებს ქართველების საქციელს, რომლებმაც მათ სახლები საბოლოო, მასობრივ დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე დაუცალეს, და პირველ ხანებში სამყოფი სურსათიც დაუტოვეს. ამასვე ემადლიერებიან ბალყარელები და ყარაჩაელებიც, თუმცა, მათ ნაამბობს სამარცხვინო დეტალებიც ერევა, მაგ. ზოგი ქართველის მიერ საფლავის ქვების სამშენებლო მასალად გამოყენება).
საოცარია ერთი ანონიმი ინგუშის მიერ მოთხრობილი ამბავი. “ბიჭი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ ამბობდნენ უფროსები, – მუსა რომ ჩვენთან იყოს, ამ განსაცდელს ბევრად გაგვიადვილებდაო. მაინტერესებდა, ვინ იყო ეს მუსა, მაგრამ არ ვიცოდი; მეუბნებოდნენ, – ვიდრე არ ნახავ, ვერ გაიგებო… მუსა სტალინის სიკვდილიდან ძალიან მალე გამოჩნდა, ახალთახალი “პობედით” ჩამოვიდა. უფროსებმა იბჭეს, და ძია მუსას დაეთანხმნენ, რომ ვიდრე სტალინის სიკვდილით გამოწვეული დაბნეულობა არ გადავლილა, დრო უნდა გვეხელთა და შინ დავბრუნებულიყავით… ამ ადამიანმა, ვინმე მუსამ (ალბათ ინგუშებს ეცოდინებათ მისი გვარი), ხუთი თვის განმავლობაში ყაზახეთიდან ნაზრანამდე გზა თავისი “პობედით” 55-ჯერ ისე გაიარა, თითქმის არ დაუსვენია. ორ დღე-ღამეში ერთხელ ორი-სამი საათით ისვენებდა, და მერე გზას აგრძელებდა. მუსამ სამშობლოში 1 500 ადამიანი დააბრუნა, მერე კი დაღლილმა დაიძინა და აღარ გაუღვიძია.
1957 წლის იანვარში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღდგენის ბრძანება გამოიცა. ამ დროისათვის ამ ორი ხალხის წარმომადგენელთა სამშობლოში დაბრუნება უკვე დაწყებული იყო, ახლა საამისოდ ოფიციალური ნებართვაც არსებობდა. გაცილებით რთულად წარიმართა დაღესტნის ტერიტორიიდან დეპორტირებული ჩეჩნების ბედი. მათ ძველ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ნება არ მიეცათ. ზოგიერთ მათგანს ჩაწერის უფლება 90-იან წლებამდე ჰქონდა ჩამორთმეული.
ინგუშებმა უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლთან ერთად დეპორტაციის შედეგად ე.წ. “პრიგოროდნი” რაიონი დაკარგეს, რომელიც მათი გასახლების შემდეგ საბჭოთა ხელმძღვანელობამ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიას მიუერთა.
მკვიდრი მოსახლეობის არყოფნის პერიოდში “სტუმრების” უმრავლესობას მათ მიწაზე და საკუთრებაზე დაუსაბუთებელი პრეტენზია გაუჩნდა. დეპორტირებულთა უკან დაბრუნებას, ბუნებრივია, ათასგვარი უსიამოვნება სდევდა, ორმხრივი გაღიზიანება, მენტალური განსხვავება. 1958 წელს გროზნოს რუსულმა მოსახლეობამ აჯანყება წამოიწყო. იმ წელს ჩეჩენმა ახალგაზრდამ რუსი თანატოლი სასიკვდილოდ დაჭრა. რუსმა მოსახლეობამ მისი დაკრძალვა ანტიჩეჩნურ მანიფესტაციად გადააქცია. უკმაყოფილება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. რუსებმა ადგილობრივი მმართველობის შენობების დაკავებაც კი სცადეს, თუმცა, მილიციამ ისინი იარაღის გამოუყენებლად დაშალა. “ქალაქ გროზნოს მშრომელებმა” ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს: სახელწოდების “ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი” გაუქმება, და გროზნოს ოლქად გადაკეთება; ოლქის ტერიტორიაზე დასახლების უფლება ჩეჩნურ-ინგუშური მოსახლეობის მხოლოდ 10%-სთვის; გროზნოს ოლქში მისი ბუნებრივი სიმდიდრეების ასათვისებლად სხვადასხვა ეროვნების “პროგრესული ახალგაზრდობის” ჩამოსახლება.
საბედნიეროდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვითარების ჩაცხრობა მოახერხა. ასევე საბედნიეროდ, ასობით ათას ნატანჯ ადამიანს სულგრძელობა თუ მოთმინება ეყო, გათავხედებული “სტუმრების” მოთხოვნებზე განსაკუთრებული აგრესიით არ ეპასუხა. ამას გარდა, “გროზნოს ოლქში” ისეთი რუსები (და უკრაინელებიც) აღმოჩნდნენ, ვისაც კარგად ახსოვდა, როგორ შეიფარა ამ ორმა ხალხმა 20-იან და 30-იან წლებში შიმშილისგან დასიებული მათი თანამემამულეები, მოასულიერა და გვერდში დაიყენა. ხოლო ვისაც დაავიწყდა, მათმა შთამომავლობამ 90-იანი წლების დასაწყისში თავი ისევ წამოყო, ახლა კი რუსი მოსახლეობის გენოციდის შესახებ გაჰყვირიან. მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია, თუმცაკი ეს ინგუშებისა და ჩეჩნების მიმართ რუსეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინებაა.
ძალიან ძნელად მოიძებნება “პროგრესული” რუსი მოღვაწე, თუნდაც სულების ინჟინერი – მწერალი, რომელსაც კავკასიისადმი სიმპათიის და სიყვარულის გამომჟღავნებასთან ერთად, ზოგჯერ საპირისპირო შინაარსის აზრებიც არ “წამოცდება”; ეს გვხვდება ლევ ტოლსტოისთანაც, მაგრამ მისი შემთხვევა მაინც ბედნიერი გამონაკლისია.+
1951 წელს ტოლსტოი რუსულ არმიაში მოხალისედ ჩაეწერა და რამდენიმე წლით ჩეჩნეთში აღმოჩნდა. ეს მისთვის სულიერი ძიებების წლები იყო. ტოლსტოის დღიურების ჩანაწერები მოწმობს, რომ არაერთი ჩეჩენი მეგობარი ჰყავდა და ამ ერის მიმართ დიდი პატივისცემა ჰქონდა. ერთ-ერთმა მეგობარმა, სადო მისირბაევმა, ტოლსტოი დიდ განსაცდელში ორჯერ იხსნა. ერთხელ ტოლსტოიმ კარტში იმ დროისთვის უზარმაზარი ფული წააგო. მისი დახმარება ვერც ერთმა ახლობელმა, ძმამაც კი ვერ შეძლო, ან არ ისურვა; ერთადერთ გამოსავალად თავისი ცნობილი მამულის, “იასნაია პოლიანას” გაყიდვა დარჩა. მისირბაევი სათამაშოდ დაჯდა, ეს თანხა მოიგო და ტოლსტოის აჩუქა.
მეორეჯერ თავისი თანამემამულეების თავდასხმისგან იხსნა. სადო და ტოლსტოი, ჩეჩნური ყონაღობის წესით, ძმადნაფიცები იყვნენ. გროზნოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სადო მისირბაევის მიერ შესრულებული პორტრეტი ინახებოდა. ძალიან სიმპტომატურია, რომ თითქმის ყველაფერი, რაც ამ დიდი მეგობრობის მოწმობად დარჩა, ჩეჩნეთის ომის დროს განადგურდა. ჩეჩნეთში ყოფნის წლებზე ტოლსტოი წერდა:+
“ამ წლებში ისე ვაზროვნებდი, როგორი ძალმოსილებითაც ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეუძლია აზროვნება. იმდროინდელი ჩანაწერები შენახული მაქვს, და ახლა, როცა მათ ვკითხულობ, არ მესმის, როგორ შეიძლება მივიდეს ადამიანი იმგვარ გონებრივ ეგზალტაციამდე, რომელსაც მაშინ მივაღწიე. აზროვნების ის სიმაღლეები, მაშინ რომ მივაღწიე, ჩემთვის მანამდეც მიუღწეველი იყო და მერეც ასეთად დარჩა.+
ყველაფერი, რაც მაშინ მოვიპოვე, სამუდამოდ ჩემ მსოფლმხედველობად დარჩება (1859)”. ალბათ შეცდომა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ აქ მსოფლმხედველობაში მისი პაციფისტური იდეები იგულისხმება. “ომი უსამართლო და უგვანი საქმეა, რომელიც ადამიანებს აიძულებს, სინდისის ხმა ჩაიხშონ”.+
რუსეთი კავკასიას, საერთო ჯამში, თითქმის ოთხი საუკუნეა, ებრძვის. რუსეთის აგრესიის ყოველ ტალღასთან ერთად კავკასიაში დამხვედრი იდეოლოგიური ძალა, ისლამი ახალ ძალებს იკრებდა. პირველ ხანებში ამ რეგიონში ისლამი კარგად არც იყო ფეხმოკიდებული. რუსული ექსპანსიის პასუხად, ჯერ ჩრდილოეთი კავკასიის გაერთიანება (ისტორიაში პირველად) და მისი პირელი იმამის, შეიხ მანსურის ბრძოლა მოხდა, შემდეგ კი – შამილის. მათი პასუხი შარიათული კავკასიური სახელმწიფოს შექმნის მცდელობა იყო, ანუ ჩრდილოეთი კავკასია წინააღმდეგობის ფორმად მიიჩნევდა ერთიანი ზნეობრივი ღერძის შექმნას.+
პასუხის პასუხად რუსეთსაც ჰქონდა თავისი “მარაგები”. ამის არსი გენერალ ერმოლოვის მიერ თავისი იმპერატორისათვის მიწერილ წერილშია გადმოცემული: “ჩვენ კავკასიაში ქაოსს დავთესავთ, თავიანთ ღირებულებებს შეუმჩნევლად ცრუ ღირებულებებით შევუცვლით და გავაზიარებინებთ. ქრთამით და მოსყიდვით მათ შორის თანამოაზრეებს, დამხმარეებს და მოკავშირეებს გავიჩენთ. გავა წლები და აღესრულება, გადაშენდება დედამიწის ზურგზე ყველაზე დაუმორჩილებელი ეს ხალხი (აქ ჩეჩნები იგულისხმება), მათი ცნობიერება საბოლოოდ და გამოუსწორებლად გაქრება… მათ შორის ლოთობას და გარყვნილებას, ძალადობას და ქურდობას, მომხვეჭელობას და თაღლითობას გავავრცელებთ და ისე გავხრწნით, რომ ამ ხალხისგან მხოლოდ სახელი გადარჩება… თანდათანობით მათგან მოღალატეებს, დამსმენებს გამოვძერწავთ, რწმენისა და სინანულის უქონელ პიროვნებებად ვაქცევთ. თაობიდან თაობამდე ჩეჩნებს იქამდე ვარყევთ, სანამ სასურველს არ მივაღწევთ… კეთილსინდისიერება დასაცინ საქმედ, სიბრიყვედ იქცევა. ვინც ამის წინააღმდეგ გალაშქრებას გაბედავს, სულელად ჩაითვლება და დევნის საგანი გახდება”…
მაგრამ ჩეჩნებმა და ინგუშებმა პასუხი ამაზეც იპოვეს.
გილანის მწვანე ვარდი
სუფიური გადმოცემით, როცა სპარსი სუფია აბდ ალ ყადირ ალ ჯილანი (სხვაგვარად გილანი) ყარიბობისას ბაღდადის ბჭეს მიადგა, ქალაქის მმართველმა მას კაცი შეაგება და წყლით სავსე ჭურჭელი გაატანა, არა წყურვილის მოსაკლავად, არამედ იმის მისანიშნებლად, რომ ქალაქ ბაღდადში სარწმუნოების ყველა “ნიშა” შევსებულია და მისთვის საქადაგებელი არაფერი დარჩა. გილანიმ ჭურჭელს მშვიდად შეხედა, ხელის ერთი მოძრაობით უმშვენიერესი ვარდი გააჩინა და წყლით სავსე ჭურჭელში ჩადო. გილანი ბაღდადმა მოწიწებით მიიღო, დაახლოებით საუკუნე-ნახევრის შემდეგ კი, მეცამეტე საუკუნეში გილანის სულიერმა მემკვიდრეობამ ყადირიის თარიყათს (სულიერ გზას) ჩაუყარა საფუძველი.
ყადირიის სიმბოლოდ მწვანე ვარდი ითვლება, რომელსაც რტოზე 5, 6 და 7-ფოთლიანი სამი რიგი აქვს, ისლამის ხუთი დასაყრდენის, რწმენის ექვსი საფუძვლის და ზიქრის – ღვთის სადიდებელი საკრალური ტექსტის შვიდი სიტყვის აღსანიშნავად. ყადირიელებს სხვაგვარად ზიქრისტებსაც უწოდებენ.
მე-19 საუკუნეში ჩეჩენი მუსლიმი კუნტა, რუსული წესით ქიშიევი – ქიშის ძე, ჰაჯზე მიდიოდა. გზად თურქეთში უნდა გაევლო, სადაც ყადირიელები მრავლად იყვნენ. კუნტა ჰაჯიმ (სხვაგვარად – ქიში ჰაჯი; დაბოლოება ჰაჯი იმ ადამიანის სახელს ემატება, ვინც წმინდა ქალაქ მექას მოილოცავს, ანუ ჰაჯს შეასრულებს) მათი მსოფლმხედველობა და მისტიკური გზა გაიზიარა. ჰაჯიდან შინ, ჩეჩნეთის მიწაზე მიბრუნებულმა თანამემამულეებს მშვიდობისა და მიტევების სიყვარული უქადაგა. ამ ერის, ჩეჩნების, განსაკუთრებულობაზე ისიც მეტყველებს, რომ გადამწვარი აულებისთვის და უზარმაზარი მსხვერპლისთვის შურისძიებით ანთებულმა ადამიანებმა ქიში ჰაჯის ზნეობრივი უპირატესობის ამოცნობა შეძლეს, წმინდანად მიიღეს და მის ქადაგებებს დაეწაფნენ.+
ინგუშებმა ისლამი მასობრივად სწორედ ქიში ჰაჯისგან (მოწიწების გამოსახატად მისი სახელის ხსენებას ერიდებოდნენ) მიიღეს, მაშინ, როდესაც სიამაყისა და თავისუფალი არჩევნის თანდაყოლილი მოთხოვნილების გამო, არ აღიარეს ავტორიტარული შამილი, რომელიც ისლამისა და შარიათის დანერგვას მათ მიწაზე ხშირად იძულებითა და ძალადობით ცდილობდა.+
ჩრდილოეთ კავკასიელი მუსლიმები ყველანი სუფიები იყვნენ, და ყადირიის გარდა, აქ რამდენიმე სხვა თარიყათიც იყო გავრცელებული. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ნაყშბანდია, თარიყათი (ანუ გზა), რომელსაც შამილი მიეკუთვნებოდა. თარიყათები ვირდებად იყოფა, ღვთის სადიდებელი პრაქტიკის განსხვავებების მიხედვით. გვარი, მოდგმა, იმთავითვე ერთ რომელიმე ვირდს მიეკუთვნება, და ვირდის შეცვლა, მართალია, ზოგიერთი ეთნოგრაფის აზრით, ადამიანის პირად არჩევანზეა დამოკიდებული, მაგრამ ტრადიციული, წინაპართა დანაბარების მიმდევარი ვაინახებისთვის მაინც არაკონვენციურ საქციელად ითვლება.+
ჩეჩნებსა და ინგუშებში ისლამის დამკვიდრების შესახებ საერთო აზრი არ არის. ითვლება, რომ ეს რელიგია აქ არაბული დაპყრობების პერიოდიდან შემოდის, მეორე ნაკადად – თემურ ლენგის სამხედრო კამპანიის შემდეგ, მაგრამ მე-18 საუკუნემდე ჩრდილოეთი კავკასია, ყოველ შემთხვევაში ვაინახების წინაპრები, რელიგიური სინკრეტიზმით გამოირჩევიან, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები ქრისტიანები (უფრო მცირე), მუსლიმები და წარმართები არიან, ან სამივე ელემენტი შერეული სახით არსებობს. მაგალითად, ხანდახან ქართველ მთიელებთან ერთად საერთო სალოცავებშიც კი წირავენ. ამ ყველაფერთან ერთად არა მარტო ამ სამ ხალხს, არამედ მთელ მოდგმით კავკასიელებს საერთო ადათი აქვთ და მას სუფიები რელიგიაზე უკან არ აყენებენ.+
დაახლოებით ასეთი ვითარებაა რუსული ექსპანსიის გაძლიერებამდე და მერეც, მაგრამ ბუნებრივად ჩნდება სურვილი, რომ მტრად მოსულ და, ადათისა თუ ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით, უცხო ხალხს კავკასიის მთის გამაერთიანებელი მუხტი დაახვედრონ. აქედან მოდის მაშინ იმამატის, დღეს კი კავკასიური იმარატის შექმნისადმი მისწრაფება.
ჩეჩენმა შეიხმა მანსურმა (უშურმა, ტეიპ ელისტანჟოის წარმომადგენელი) მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს და მეცხრამეტის დასაწყისში, დახვეწილი პიროვნული თვისებების წყალობით, უზარმაზარი ავტორიტეტი მოიპოვა და მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების გული დაიპყრო. ის გახდა მაჰმადიანი აფხაზების და კავკასიის პირველი იმამი (მის შემდგომ იმამებს, უკვე კავკასიის კი არა, იმამატის იმამები ეწოდებათ). მანსურის ზნეობრივ უპირატესობაზე პეტრე ბაგრატიონის დატყვევება და გამოსასყიდის გარეშე გათავისუფლებაც მოწმობს: “ნამდვილი ვაჟკაცისთვის გამოსასყიდს არ მოვითხოვთ”… რუსები უშურმას დატყვევებას უგონო მდგომარეობაში ახერხებენ, და მისი შიშით, სისხლისდენისგან გულწასულს იარაღს ხელიდან რომ ვერ აცლიან, თითებს აჭრიან და შლისელბურგის ციხეში უკრავენ თავს.+
შეიხ მასნურის გავლენა ადამიანებზე იმდენად ძლიერი იყო, რომ სიცოცხლის უბრალო ისტორია მისთვის რუსებს არასაკმარისი ეჩვენათ. წარმოიშვა მითი, თითქოს მანსური იტალიელი ავანტიურისტი იყო, და შლისელბურგის სიმაგრეში ტყვეობის დროს იტალიიდან წერილებს იღებდა. კიდევ ერთი გადმოცემით, მისი დატყვევებიდან რამდენიმე წელიწადში პეტერბურგს მთიელ კავკასიელთა ელჩობა ჩავიდა, რომ შეიხ მანსურის გათავისუფლება ეთხოვათ, მაგრამ დააგვიანდათ – შეიხი რამდენიმე წლის გარდაცვლილი დახვდათ. ალექსანდრე I-მა მისი ამბის მოსმენა ისურვა, შუა თხრობის დროს ფეხზე წამოდგა და მთიელებს ყურს ისე უგდებდა. როცა სტუმრებს უხერხულობა შეატყო, უთქვამს, – ისეთი პიროვნების ამბავს მიყვებით, არ შემიძლია, ფეხზე არ წამოვდგეო. ტოლსტოის ჩანაწერებიდან ჩანს, მწერალი შეიხ მანსურზე რომანის დაწერას აპირებდა, მაგრამ ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა.ცნობილია, რომ წლების განმავლობაში რუსეთის პირველი დაუძინებელი მტერი კავკასიაში, შამილი, დანებების შემდეგ იმპერიამ წყალობით აღავსო, საპატიო ტყვედ მიიჩნია და ჰაჯის აღსრულების ნებაც დართო, რომლის დროს გარდაიცვალა კიდეც და წმინდა ქალაქ მექაში განისვენებს.
მაშასადამე, იმპერიამ გარკვეული დიდსულოვნება გამოიჩინა და თავისი ორი ბრწყინვალე მტერი ლეგენდებში უკვდავყო. ახლა ვნახოთ, როგორ წარიმართა შეიხ კუნტა ჰაჯის ბედი, რომელიც ასე ქადაგებდა:
– ომი ველურობაა. ჩამოშორდით ყველაფერს, რაც ომს უკავშირდება. თუ მტერი რწმენას გართმევს, შენი იარაღი გონიერება, მოთმინება და სამართლიანობაა. მტერი ამ ძალას ვერ აღუდგება და ადრე თუ გვიან მარცხს აღიარებს. ნუ ატარებ იარაღს. იარაღი ძალადობისთვისაა და თარიყათისგან გაშორებს. იარაღის ძალა ადამიანის სულის ძალასთან ახლოს ვერ მოვა. ნებისმიერი იარაღი ღვთისადმი არასაკმარისი ნდობის ნიშანია.
– თუ ყოვლისშემძლე ალაჰის სიყვარული გინდა, გიყვარდეს სამართლიანობა. ნუ უსურვებ სხვას იმას, რასაც თავს არ უსურვებ. ილოცე, რომ სხვისი ოფლით მოპოვებული, სხვისი შრომის ნაყოფი არ გერგოს.
– ბოროტს სიკეთით აჯობე, ხარბს – ხელგაშლილობით, ვერაგს – გულწრფელობით, ურწმუნოს – რწმენით. გულმოწყალე და თავმდაბალი იყავი, თავის მსხვერპლად გაღებისთვის ემზადე. შენ პასუხს სხვებზეც აგებ.
– არ დატოვო ძმა შენი შიმშილში და სიცივეში, მთხოვარი – დამცირებულ მდგომარეობაში. მოციქული მუჰამადი, ალაჰმა აკურთხოს იგი და შეიწყნაროს, ამბობდა, – ღვთისადმი ყველაზე დიდი საჩუქარი ის მცირედია, რასაც გაჭირვებულს გაუყოფ.+
– მიურიდი (მოწაფე, მიმდევარი) ის კი არაა, ვინც სამოთხეს ამქვეყნად ეძიებს. მიურიდი სამოთხეს სხვა ადამიანისთვის ქმნის. თარიყათის მიმდევი მიურიდი ამქვეყნიერებას უფრთხილდება და ამკობს. თავის შემდეგ კეთილ კვალს ტოვებს. ყოვლისშემძლე უფლისადმი სიყვარულით იწვის და სხვა ადამიანებს ამ ქვეყნად თავის დანიშნულებას ასე უჩვენებს.
– შრომისმოყვარენი იყავით. ვინც თავად არ შრომობს, სხვისი შრომით ცხოვრობს. ეს ცოდვაა, და ძარცვას უთანაბრდება. პურის ყოველ მარცვალს გაუფრთხილდით, ამ მარცვლით ერთი ჭიანჭველის დაპურება მაინც შეიძლება.
– თავი მოიზღუდეთ ზედმეტობისგან. სირცხვილია იმის ნატვრა, რაც სხვას არ აქვს. სირცხვილია ფეხშიშველი კაცის გვერდით ლამაზი და მდიდრული ფეხსაცმლით დგომა.
– ამქვეყნიურ პატივს ნუ ინატრებთ. ეს ზმანებაა. იყავი თანასწორი თანასწორთა შორის და ამით გაიხარე. რაც ზედმეტი გაქვს, გაეცი. რასაც არ გასცემ, დაკარგულია. რაც გაეცი, უფლის წინაშე მოწმობად დაგიბრუნდება.+
– ყველგან და ყოველთვის ალაჰთან იყავი და მასზე იფიქრე. რაც ალაჰი არ არის, სიზმარია, ზმანება, ყოფიერების წუთი.
– ჩვენი წეს-ჩვეულებები ათასწლეულები იქმნებოდა. ამიტომ აღმოჩნდა ასე ახლოს იმასთან, რასაც ალაჰი გვიბრძანებს. მათ უნდა გავუფრთხილდეთ და სხვებს არ შევაგინებინოთ. ქალის მიმართ მოწიწება, როგორც წმინდანისადმი, უფროსების და სტუმრის პატივისცემა, პატივისცემა ოჯახის წევრებს შორის, ერთმანეთისთვის შრომა… ეს თვისებები ჩვენ პატივსა და ღირსებას შეადგენს.
– გიყვარდეთ ცხოველები მხურვალე გრძნობით. ცხოველს ენა არ აქვს, რომ გითხრას, რა სჭირდება. ჩვენ თვითონ უნდა მოვინდომოთ ამის გაგება. ნამაზის შესასრულებლად ისე ნუ დადგები, ვიდრე ცხოველებს არ დააპურებ. ყოველი ხე, ბუჩქი, ბალახის ღერო მოსაფრთხილებელია, უმიზეზოდ მოსპობა – დიდი ცოდვა. მიურიდმა, სადაც შეძლოს, ხეები უნდა დარგოს, და ვიდრე ტანს არ აიყრიან, მოუაროს”.
ეს იმ დიდი სიკეთის მხოლოდ ნაწილია, რასაც კუნტა ხაჯი ქადაგებდა, მათ შორის – მტრის მიმართ არაძალადობრივი, ზნეობრივი წინააღმდეგობის გაწევას. ამბობენ, რომ ფეხმძიმე ქალის დანახვაზე კუნტა ჰაჯი ქედს იხრიდა. ქალი და ბავშვი ქიში ჰაჯის ვირდისთვის სიწმინდე იყო, და ძალადობაზე ძალადობით პასუხის ერთადერთ მიზეზად შეიხი ქალის პატივის დაცვას ასახელებდა. კუნტა ჰაჯის ვირდი დიდი სისწრაფით იზრდებოდა, და არ შეიძლებოდა, ეს ამბავი შამილს მოსწონებოდა.
ორმოცდაათიანი წლების ბოლოს შამილის და კუნტა ჰაჯის ისტორიული შეხვედრა მოხდა. შამილი მას, არაძალადობრივი ბრძოლის მოწოდების გარდა, ადათების მნიშვნელობის წინ წამოწევასაც უწუნებდა. ამბობენ, რომ როცა კუნტა ჰაჯიმ და მისმა მიურიდებმა შამილის წინაშე ხმამაღალი ზიქრი შეასრულეს, ეს წრიული მოძრაობა იმდენად ჰგავდა ქააბას გარშემო ანგელოზების ტრიალს, იმდენად გადამდები იყო სულიერი აღტყინება, რომ ზიქრში შამილის მომხრეებიც ჩაებნენ (გადმოცემით, კუნტა ჰაჯი ზიქრში მონაწილეობის უფლებას ქალებს, და ხანდახან ქრისტიანებსაც კი აძლევდა). მაგრამ ფიზიკური ძალა შამილს მეტი ჰქონდა, მისი დაჟინებით კუნტა ჰაჯის სამშობლოს დატოვება მოუხდა და ჰაჯის შესასრულებლად მექაში კიდევ ერთხელ გაემგზავრა. 1861 წელს, როცა ის უკან დაბრუნდა, შამილი უკვე რუსეთს იყო დანებებული, და სულთა ერთადერთ მპყრობელად კუნტა ჰაჯი რჩებოდა. ზნეობრივ ღერძს, რომელსაც ქიში ჰაჯი თავის მიმდევრებს აძლევდა, ვერაგულ ხრიკებსა და სისხლის ღვრაში გამოცდილმა იმპერიამ ვერაფერი გაუგო და დაუპირისპირა.
1864 წელს შეიხი და მისი ზოგი მიმდევარი დააპატიმრეს. ქალაქ შალიში, სულიერი მოძღვრის გათავისუფლების მოთხოვნით, რამდენიმე ათასი, უმეტესად უიარაღო ადამიანი გამოვიდა. რუსულმა გარნიზონმა მათ ცეცხლი გაუხსნა. იმ დღეს დაახლოებით 400 ადამიანი დაიღუპა. ასე დასრულდა ისტორიაში ერთ-ერთი პირველი არაძალადობრივი გამოსვლა. ადამიანი, რომელიც ჩეჩნებმა და ინგუშებმა ევლიად, ანუ წმინდანად აღიარეს, ნოვგოროდის გუბერნიაში, ქალაქ უსტიუნჟაში გადაასახლეს, სადაც სამი წლის შემდეგ ორგანიზმის სრული გამოფიტვისაგან გარდაიცვალა.
კუნტა ჰაჯის დედის, ჰედას საფლავიც კი ზიქრისტებისთვის მოსალოცველ ადგილად, ე.წ. ზიარათად ითვლება. მასზე, ისევე როგორც კუნტა ჰაჯის ვირდის სულიერ სიმაღლეებზე, მონოპოლია ჩეჩნეთის ახლანდელ კოლაბორაციონისტ პრეზიდენტს, ყადიროვს აქვს გამოცხადებული. ამგვარად, კაცმა, რომელმაც საკუთარი ხალხის გენოციდი საუკეთესო რუსული ტრადიციებით გააგრძელა, ამ მიმართულებას ისეთი დისკრედიტაცია გაუწია, როგორიც ერმოლოვისეულმა “ტვინებმაც” ვერ მოახერხეს.
ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსულ აგრესიაზე არანაკლები პრობლემა სუფიზმისა და სალაფიზმის (ის, რასაც ვაჰაბიზმსაც ეძახიან) იდეოლოგიების დაჯახებაა. სალაფიზმი ისლამის სისუფთავის, პირველსაწყისებთან მიბრუნების მომწოდებელი იდეოლოგიაა, რაც მას არსით ქრისტიანულ პროტესტანტიზმთან აახლოებს. ისინი, ვინც კავკასიაში ამ იდეოლოგიას ავრცელებენ, რუსულ რეჟიმთან და მათთან მოთანამშრომლე ზიქრისტებთან სრულიად შეურიგებლები არიან, გავრცელებული აზრის მიუხედავად, რომ რუსული სპეცსამსახურები მათ სიმძაფრეს და ჯიჰადისკენ მოწოდებას თავისუფალი კავკასიის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
ისლამურ სამყაროში აღიარებული ღვთისმეტყველი, შეიხი იუსუფ ქარდავი ამ ორ მიმართულებას შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს: “მე ოქროს შუალედის მომხრე ვარ. არ არის საჭირო ერთი მიმართულების თავგადაკვლით დაცვა და მეორის უარყოფა… განმასხვავებელ წვრილმანებში ჩაღრმავება. სუფიებისგან საუკეთესოს აღება შეიძლება: მაგალითად, განწმენდისა და თვითსრულყოფის მათეული გამოცდილება. თუ ჯიჰადია, სულის ჯიჰადს მისდიეთ, ანუ განიწმინდეთ იგი”. ასევე ვერაფერ ცუდს ვერ ხედავს იბნ აბდელ ვაჰაბის, ვაჰაბიზმის მამამთავარის (მე-18 საუკუნე) წიგნში “ერთღმერთიანობა”.
ზოგი ჩანაწერი მოწმობს, რომ სუფისტი ავლიები, კუნტა ჰაჯი, იუსუპ ჰაჯი საქართველოსთან რაღაც განსაკუთრებულ კავშირზე ლაპარაკობდნენ. ძნელი სათქმელია, რამდენად გავრცელებულია ეს აზრი ჩვენ მეზობლებში (თამამად ვუწოდოთ მათ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები), მაგრამ მათ წინასწარმეტყველებებში – ზოგიერთი ავლიას წინასწარმეტყველებები ჩაწერილია (მაგალითად, კუნტა ჰაჯის ჯერ კიდევ კავკასიის ომის დროს აქვს ნათქვამი, რომ ომი, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა, მონაგონი იქნება იმ სამ ომთან შედარებით, რომელიც შვილთაშვილებს ელით, რომ მესამე, ყველაზე ხანმოკლე და სასტიკი ომის შემდეგ რუსული ჯარი თავს გაქცევით უშველის, “ზურგში ნამქერი დაკრავს” და ამის შემდეგ კავკასიაში აღარასოდეს მობრუნდება), ნათქვამია, რომ ჩეჩნეთიდან თურქეთამდე, საქართველოს გავლით გაივლის გზა, რომლის გარშემო ადამიანები ისე იცხოვრებენ, რომ მათ სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ. საქართველო კარგი, მორწმუნე ხალხით იქნება დასახლებული – იუსუპ ჰაჯის მიხედვით, ამ გზაზე მოხდება მოციქულ ისას, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა. სუფისტებს აღმოსავლეთში ქრისტიანობისადმი სიმპათიას ისედაც ბრალად უყენებდნენ. სხვა საქმეა, რომ მუსლიმური ჩრდილოეთ კავკასიისთვის ქრისტიანობის სახედ რუსეთი იქცა, მაგრამ წამიკითხავს (სადავო კი ჩანს, მაგრამ საზოგადოება “მემორიალის” წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიაში წერდა, რომ ასეთი რამ უნახავს), რომ თუ სუფიას შორიახლო მეჩეთი არ ეგულება, შეუძლია ეკლესიაშიც ილოცოს.
ეს ყველაფერი ქართველებს მოეწონებათ, მეზობლად კავკასიური იმარატის შექმნის იდეა კი აშინებთ. მაგრამ თუ არ გვინდა, ე.წ. რეალპოლიტიკის უზნეო მოთამაშეებად გამოვჩნდეთ, რისგანაც ავადაც ბევრი ვიწვნიეთ, ეგებ უარი გვეთქვა ფრაზაზე “ჩვენ ხელს არ გვაძლევს”, და ვაღიაროთ, რომ სამომავლოდ ეს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ერების გადასაწყვეტია. კეთილგანწყობილი მეზობლის მოპოვება მხოლოდ ასე შეიძლება.
სხვა საქმეა, რამდენად ადვილი იქნება იმარატის იდეის პრაქტიკაში განხორციელება – რეგიონი, თუ მის გარეთ მცხოვრები, ახლა უკვე მრავალრიცხოვანი კავკასიური დიასპორა ხომ ძალიან მრავალფეროვანია. ერთი კი ცხადია, რომ არც იმარატის ყველა მომხრეა სალაფიტი (თუმცა, ისინიც ადამიანები არიან და საერთო ენის გამონახვა მათთანაც შეიძლება), არც ტყეებში გახიზნული მებრძოლები. მათ შორის ბევრია ისეთი, ვისაც კოლაბორაციონისტული რეჟიმის პირობებში ცხოვრება არ შეეძლო, ღია საფრთხეც კი ემუქრებოდა – ახალგაზრდა, შეურიგებელი ადამიანები, რომლებიც მათ მიერ არჩეული ხელისუფლების პირობებში შეიძლება ზომიერ პოზიციას დაუბრუნდნენ.
ახლა კი თავს დემოკრატიული სამყაროსგან უზნეოდ, ცინიკურად მიტოვებულად გრძნობენ, და არ ტყუიან. თავისუფალი კავკასიის გულშემატკივარი ანდრე გლუკსმანი სწორედ ამაზე წერდა: “მე კი ვამტკიცებ, რომ რუსული ტერორიზმი გადამდებია, რუსული ტერორიზმი ცდილობს, საკუთარი სენი ჩეჩნებს გადასდოს. ჩეჩნები სასოწარკვეთილები არიან, დანარჩენმა სამყარომ ისინი ბედის ანაბარა მიატოვა. მსოფლიო გულგრილია. პუტინთან დამეგობრებული ევროპა არა მხოლოდ ამორალურია, არამედ უპატიებელ არარეალისტობას ამჟავნებს… ამის გამო, შეიძლება რამდენიმე ისეთი კაციც გამოჩნდეს, ვისაც ეს მდგომარეობა ჭკუიდან გადაიყვანს. რუსები ზომიერებსაც უსწორდებიან, მასხადოვის მსგავსებს, ვისაც დამოუკიდებლობა სურდა, და ამის გამო, ბასაევისნაირები მეტ და მეტ გავლენას იძენენ”.
ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პირად ურთიერთობებში (ვაღიარებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი ვირტუალური გამოცდილებაა, სხვამ სხვა თქვას), რაც უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს მიმართ ყველაზე მეტ სიმპათიას სწორედ იმარატის მომხრეები ავლენდნენ. არათუ სიმპათიას – ყველა ჩვენი რეალური თუ გამოგონილი მიღწევა უზომოდ ახარებდათ; 08.08.08-ში განცდილ მარცხს დადებით მხარეებს უძებნიდნენ (მაგ. “სამაგიეროდ, თბილისი გროზნოს ბედს გადაურჩა”), ერთი წლის განმავლობაში ვირტუალურ სივრცეებში ქართველებსა და მათ შორის გაუგებრობის ნიშნებიც არ შემხვედრია – არც რელიგიურ საკითხებზე;
სიამტკბილობის და უპირობო მხარდაჭერის გარდა, არაფერი მინახავს. ეს ადამიანები გვარწმუნებდნენ, რომ საქართველო იმარატის იდეას არ უნდა უფრთხოდეს (კავკასიური იმარატის ერთი მცდელობა, უზუნ ჰაჯის შარიათული სახელმწიფო ხომ აღიარა საქართველომ პირველი დამოუკიდებლობის წლებში). ესეც საღიარებელია: მეზობელ მუსლიმებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და მრავლისმომცემი გამოცდილება იყო. მათ შორის ძალიან ბევრია სუფთა, საკუთარი თავის სრულყოფისკენ მიმართული ადამიანი.
ის ფაქტი, რომ რუსეთის იმპერიამ დიდი ადამიანის, კუნტა ჰაჯის და მისი მიმდევრების მიმართ განსაკუთრებული რეპრესიები განახორციელა, მგონი, ერთი რამის მანიშნებელია – ამ იმპერიას ძალადობრივ წინააღმდეგობაზე მეტად იდეების ეშინია, ახალი, საღი და მოულოდნელი იდეების. იარაღით ბრძოლაზე იგი ყოველთვის თანახმაა, რადგან საკუთარი ახალგაზრდების სიცოცხლე ჩალად არ უღირს. გონიერი ხალხისთვის ვითარება საინტერესოა, მოსაფიქრებელი – უამრავი რამ.
საქართველოს, მთელ კავკასიას იდეები სჭირდება, რაც სხვადასხვა ხალხებს შორის პატიოსან, ურთიერთპატივისცემით აღსავსე და პროდუქტიულ ურთიერთობას ჩამოაყალიბებს და ჩვენი რეგიონის ნამდვილ კაპიტალს შექმნის – რაღაც ისეთს, რის გვერდითაც “მესამე რომის” მთელი პროექტი და ერმოლოვ-სტალინური “მოზგების” მოღვაწეობა ძალიან მწირი გამოჩნდება.