,,ჩემზე უფრო ღონიერი ვინ არის, გავიგებო”, _ თქვა და გამოვიდა
სოლსა სესქას ძე. თავისი ღონის გამოსაცდელად თაშქიჩიდან ხარი ისროლა ზღვის გადაღმა, ირანელთა ქვეყანაში. აბა, ჩემსავით ღონიერ კაცს
კიდევ თუ ვნახავო და საძებნელად გზას დაადგა. იარა, იარა და წაადგა სამ
ძმას _ ნართ-ერსთხოელს, რომლებიც ბალახს თიბავდნენ.
ის სამი ძმა სოლსა სოსქას ძეზე უფრო ღონიერი ყოფილა. იმათ თავიანთ დედასთან გააგზავნეს სოლსა. ქალმა უთხრა, ჩემი შვილები რაღაც
ავს გიპირებენო და ჩუმად გააპარა სოლსა. შინ დაბრუნებულმა ვაჟებმა
დედას ჰკითხეს, ჩვენი გამოგზავნილი სტუმარი სად არისო.
დედამ თქვა, სტუმარი ჩვენთან არ გაჩერებულა, წავიდაო. მაშინ სამივე ძმა გაქცეულ სოლსა სოსქას ძეს დაედევნა.
ღონიერი სამი ძმა სასიკეთოდ რომ არ მოსდევდა, იცოდა სოლსა
სოსქას ძემ და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გარბოდა. წაადგა ცალთვალა
ნართ-ერსთხოელს, ცხვარს რომ მწყემსავდა.
_ დამეხმარეო, _ სთხოვა სოლსამ.
_ რა ჩაიდინე? _ ჰკითხა ცალთვალა ნართმა სოლსას.
_ ძალის გამოსაცდელად ზღვის გადაღმა ხარი ვისროლე, ამასობაში
სამმა ძმამ ნართმა დამინახა და მოსაკლავად მომდევენ. იმათი დაშინებული მოვდივარო, _ უთხრა სოლსამ.
_ სულელი კაცი ყოფილხარ, _ მიუგო ნართმა მწყემსმა, _ ერთხელ სისულელე ჩავიდინე და რაც გადამხდა, მოგიყვებიო, _ და მწყემსმა
ნართმა ეს ამბავი უამბო:
_ ჩვენ შვიდნი ძმანი ვართ. მამაჩვენმა, შენი არ იყოს, დაიჟინა, ნეტავ,
ჩვენზე ღონიერი კაცი თუ სადმე იქნებაო და საძებნელად გავედით.
სიარულში დიდი დრო რომ გავიდა, წვიმამ დააპირა, მთას მივადექით
და ეხში შევედით. ეხში რომ ვიყავით მოკალათებული, ცხვრის ფარის წინ
მომავალმა ვაცმა ეხის კლდე რქებით აათამაშა. მწყემსმა ვაცი გააგდო და
ეხის კლდე ჯოხით შორს მოისროლა.
როცა გონს მოვეგეთ, ეხი რომ გვეგონა და შიგ დავიმალენით, ცხენის
თავის ქალა აღმოჩნდა. ჩვენი სამალავი კი იმ თავის ქალის ფოსო ყოფილიყო.
მწყემსმა ქალა რომ მოისროლა, მამაჩემი და ექვსი ძმა დაიღუპნენ, მე,
როგორც მხედავ, ცალი თვალი ამომეთხარა. ჩვენზე უფრო ღონიერის საძებნელად გამოსულებს დიდი უბედურება დაგვატყდა. სისულელეა, რაც
შენ განგიზრახავსო, _ უთხრა ცალთვალა ნართმა სოლსას.
_ ამბავს კი ნუ მიყვები, დამეხმარეო, _ იწყინა სოლსამ.
_ თუ ასეა, მოდი, პირში ჩამიძვერიო, _ პირში ჩაისვა და ენის ქვეშ
დამალა ნართ-ერსთხოელმა სოლსა.
ნართმა ძმებმა მოსვლისთანავე ჰკითხეს მწყემსს, ცალთვალა
ნართს:
_ შენთან რომ იდგა ყმაწვილი კაცი, სად წავიდაო?
მწყემსმა, არ ვიცო. მივარდა სამი ნართი და დაეჭიდა.
თავიდან რომ ვერ მოიცილა, ცალთვალა ნართმა ზურგიდან ბალანი
ამოიგლიჯა და ძმები ბალნით მაგრად შეკრა.
_ აბა, ჰე, ყმაწვილო, ამას იქით აუტკივარი თავი აღარ აიტკიო. შენზე
ღონიერი ადამიანებიც არიან დუნიაზე! _ უთხრა ცალთვალა ნართ-ერსთხოელმა და სოლსა სოსქას ძე თავის გზაზე გაუშვა.