მგლის ლეკვი – გაგრძელება

ზოგჯერ ფერდობს ჩაირბენს და ნაგავსაყრელს მიაშურებს. ნაგავში გულმოდგინედ იქექება და ნახევრად დამპალ პომიდ- ვრებს, ხილის ნარჩენებსა და პურის ყუას პოულობს. ძირითადად ზედა ფენებს ათვალიერებს, რადგან ქვემოთ მოქცეული ნარჩენები ტალახითა და მტვრით არის გაჯერებული. წვიმის დროს კი ეს ყველაფერი თუნუქის ნაგლეჯებში, მინის ნამსხვრევებსა და პოლიეთილენის ცელოფნებში იზილება.
ნაგავსაყრელი უსიცოცხლო, მკვდარ ადგილად ითვლება. მოძრაობას მხოლოდ მაშინ თუ შეამჩნევ, როდესაც ციცაბო აღმართს აივლი და ასფალტის ზოლს მიადგები. ადამიანებს, მანქანებს დაინახავ და ათასნაირ ხმას გაიგონებ. ქვემოთ, ნაგავსაყრელზე, იმ დამპალ-დაობებულ მიწაზე ყოფნისას ბიჭი ამქვეყნიურ ცხოვრებას, ქუჩურ ყოფასა და ხალხის თვალს, ფაქტობრივად, მთლიანად მოწყვეტილია. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს სულ ზემოთ, რომელიღაცა მაღალი სახლის სხვენში იმალება, თითქმის ღრუბლებში. დაბლა კი მისთვის კარგად ნაცნობი სამყაროა.
ციყვივით სწრაფი, გველთევზასავით სხარტი, მელასავით მოხერხებული, ქორისთვალება და მგლისგულა ბიჭუნა ქვას ქვაზე არ ტოვებს, ყველაფერს ფეხქვეშ ქელავს. გაძვალტყავებული, მაგრამ დაძარღვული და საკმაოდ ძლიერი სხეული აქვს და სულ შია.  შუბლზე ჭუჭყიანი, ქერა თმა ჩამოშლია. თვალები მწვანე აქვს და სწორედ ეს თვალებია, მის ლამაზ, სახის რბილ ნაკვთებს უცნაურად მშფოთვარე იერს რომ სძენს. ჭროღა თვალები, აქეთ- იქით მოუსვენრად რომ დაურბის, თითქოს მუდმივად  საბრძოლო მზადყოფნაში არიან, თითქოს გამუდმებით სადღაც მიეჩქარებათ.
პანღურის კვრა მშვენივრად ეხერხება, განსაკუთრებით კარგად მაშინ გამოსდის, როცა მტრისკენ ზურგით ტრიალდება. მოწინააღმდეგეს თავს ისე აჩვენებს, თითქოს შეტევაზე მუშტებით უნდა გადავიდეს, ამ დროს კი ელვის სისწრაფით ბრუნდება და ძლიერად დაჭიმულ ფეხს რაც შეიძლება მაღლა იქნევს. სავარჯიშოდაც კორპუსის ბოლო სართულზე ადის და წარმოსახვით მტერს თავდაუზოგავად ურტყამს და აპანღურებს ხოლმე. ქამარში დანა აქვს გაჩრილი. თემურის იარაღს სწორედ ეს დანა და აგურები წარმოადგენს. მისი ცხოვრება ერთგვარი ბრძოლაა, რომელსაც არანაირი წესები არ გააჩნია. იმისთვის, რომ კარგი ჯიბის ქურდი გახდეს, მხნეობა არ ჰყოფნის: ეშინია, რომ დაიჭერენ და გაწკეპლავენ; ამიტომ მხოლოდ თავისზე სუსტებს ძარცვავს. შებინდებისას იმ მცირეწლოვან ბავშვებს უსაფრდება, ბაზრის მახლობლად ან მდინარე სუნჯის ხიდთან რომ მათხოვრობენ და მუქარის ძალით მთელი დღის განმავლობაში რის ვაივაგლახით ნაშოვნ  ხურდა ფულს სძალავს. მათ, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ან გაქცევას შეეცდება, დაუნდობლად სცემს. ის უბედურები დგანან და ცხარე ცრემლით ტირიან, პატარა მტაცებელი კი ფეხაკრეფით აგრძელებს გზას.
ზაფხული ახლოვდება. პატარა მგელს სულ მალე თორმეტი წელი შეუსრულდება.
ყუმბარების გრუხუნის საშინელი ხმები პირველად რომ გაიგონა, მხოლოდ რამდენიმე თვის იყო. 1994 წელი იწურებოდა. ომი სწორედ იმ ზამთარს გაჩაღდა და ჩვრებში გახვეული პატარა თემური დედამ ბნელ სარდაფში გადაიყვანა. დედის მკერდზე აკრულ ჩვილს ყურში გამუდმებით სროლისა და გუგუნის ხმები ჩაესმოდა და ეს ხმები მის ცნობიერებაში სამუდამოდ დაილექა. თავად ჯერ სიარული არ შეეძლო, მაგრამ უკვე ნანახი ჰყავდა ადამიანები, რომლებიც სიკვდილს ებრძოდნენ, ეცემოდნენ და წამოდგომას ვეღარ ახერხებდნენ. მამამისი მოწინააღმდეგეთა რიგებში იბრძოდა და სამხრეთით მდებარე ბამუთის მთიანი რეგიონის დაბომბვისას დაიღუპა. მაშინ თემური ერთი წლის ხდებოდა. მარტოდმარტო დარჩენილმა დედამ ბიჭუნა ქმრის მშობლების სახლში პირსახოცშემოხვეული გააქანა. რამდენიმე წლის შემდეგ კი დედაც გარდაიცვალა.
ნაწყვეტი ოსნე საიეშტადის წიგნიდან “გროზნოს ანგელოზი” – გაგრძელება იქნება

Share

2 thoughts on “მგლის ლეკვი – გაგრძელება

Leave a Reply to Pankisi.Ge Cancel reply