დურძუკ, ძე ტირეთისი, შვილი კავკასისა

1.

XVIII საუკუნის ბოლომდე ქართული სამწერლო ტრადიცია ვაინახებს დურძუკებად (ან ძურძუკებად) მოიხსენიებდა. ეს სახელი, განსხვავებული ვოკალიზაციით, არსებობს შუასაუკუნეების მრავალ არაბულ და სომხურ ნაწარმოებებში, სადაც დღევანდელი ჩეჩნებისა და ინგუშების წინაპრები არიან მოხსენიებული.
ქართულ წყაროებში, ეთნონიმი “დურძუკები”, ვაინახებთან მიმართებაში პირველად ჩნდება, ჩვ.წ IV ს-ში დაწერილ ცნობებში გრიგოლ განმანათლებელზე .

ამ ნაწარმოების ორიგინალი არ მოგვეპოვება. ის ჩვენთვის ცნობილია IX ს-ის არაბული თარგმანიდან, რომელშიც ჩვენთვის საინტერესო ეთნონიმი გადმოცემულია ფორმით “დ-რ-ზ-კ-თ”. თავად არაბულ თხზულებებში (ჰაკიფ-ჰამადანის ცნობა იმაზეა, რომ ძურძუკთა ქვეყანაში მრავალი სიმაგრეა განლაგებული, “თითოეული მათგანი – ციხით არის გამაგრებული”) ჩნდება Х საუკუნიდან. ძველსომხურ წყაროებში ეს სახელწოდება გვხვდება როგორც “დურცკ” (დურცუკ), VII ს-ის “სომხურ გეოგრაფიაში”.

უდიდესმა ქართველმა მეცნიერმა-აღმოსავლეთმცოდნემ გ. მელიქიშვილმა, ჯერ კიდევ 1959 წელს გაამახვილა ყურადღება ეთნონიმ დურძუკის (ძურძუკის) მსგავსებაზე მანას სამეფოს ძველ ქალაქ დურდუკკასთან (ზურზუკკი). შემდგომ ამ მსგავსებაზე სხვა მრავალი მკვლევარიც აღნიშნავდა (ვინოგრადოვი და ჩოკაევი -1966 წ; ხარაძე და რობაქიძე -1968 წ; ჯამირზაევი – 1980 წ. ბაბახიანი – 1984 წ; ნუნუევი – 1987 წ. და ა.შ.).

თუმცა, ამ სახელწოდებათა მსგავსების აღნიშვნისას არც მელიქიშვილს და არც სხვა მეცნიერს არ უცდია, რომ ეს მსგავსება რაიმე ისტორიულ ან ლინგვისტურ მასალაზე დაეფუძვნებინა.
გარდამა ამისა, დღემდე არ არის გამოკვლეული ეთნონიმ დურძუკის მნიშვნელობა. გაურკვეველია, თუ რას ნიშნავს იგი. რატომ მოიხსენიებდნენ ვაინახებს სწორედ ამ სახელით. ამ სტატიაში შეიძლება მოვახერხოთ ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა.

2.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ სახელწოდება დურძუკი ქართულ ტრადიციაში გულისხმობდა არა ყველა ნახს, არამედ მის ნაწილს, შედარებით ძლიერსა და ორგანიზებულს. ძველქართულ ქრონიკაში “ქართლის ცხოვრება”, აღნიშნულია, რომ საქართველოს პირველმა მეფემ ფარნავაზმა, ძურძუკი ბელადის ასული შეირთო ცოლად.  «…ფარნავაზ მოიყვანა ნათესავი ძურძუკოსი ქალი ძურძუკეთიდამ და შეირთო ცოლად”.

შემდგომ იკვეთება ცნობები ფარნავაზის ვაჟის საურმაგის შესახებ. ამ უკანასკნელის მიერ ტახტის დაკავების შემდეგ ახალგაზრდა მეფის წიააღმდეგ ქართველ დიდებულთა აჯანყებაზე, რომელთაც ქართლში ირანული დინასტიის დამკვიდრება სურდათ. მოცემულია, საურმაგის, სამეფო გვარდიასთან ერთად, ძურძუკეთში (ვაინახებთან) გაქცევაზე და იმაზე, თუ როგორ შეკრიბეს საურმაგის დედის ნათესავებმა – ვაინახებმა ძლიერი ლაშქარი და მეფესთან ერთად განდევნეს მოღალატე-თავადები და ირანელები. “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, რომ «…ძურძუკეთი ვეღარ-რა იტევდა კაცთა სიმრავლისაგან, აჰყარა კავკასითურთ საურმაგ და დასხნა დიდოეთს და სუანეთს ეგრისამდე (ძურძუკები)».

მოკლედ, დურძუკები (ვაინახები) იმ პერიოდში (2000 წელზე მეტი ხნის წინ), წარმოადგენდნენ “ყოველთა კავკასის ნათესავთა ნახევარნი”, ანუ ნახური ტომებისა და ხალხების გაერთიანებას, რომელიც როგორც “ქართლის ცხოვრებაშია” მოხსენიებული, კავკასიონის ქედის ორივე მხარეს მოსახლეობდა. ყველაფრიდან გამომდინარე, ამ საზოგადოებაში ვაინახები დომინირებდნენ, ვინაიდან “ქართლის ცხოვრება” აღნიშნავს, რომ “ხოლო შვილთა ზედა კავკასისთა იყო უფალ დურძუკ, ძე ტირეთისი” და კიდევ გვეუბნება “ ხოლო დურძუკ, რომელი უწარჩინებულეს იყო შვილთა შორის კავკასისთა”.

ამ ცნობებიდან ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ დურძუკები (ვაინახები) მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდნენ უფრო ფართო ნახურენოვანი ტომებისა (კავკასიონელების).

ნახების საერთო წინაპარი – კავკასი, ძველი ქართული ქრონიკებით უკავშირდება შუამავალ ნოეს: ნოეს ვაჟი იაფეტი; იაფეტის ვაჟი თარშისი, თარშის ძე თარგამოსი; თარგამოსის ძე კავკასი. ვაინახები (დურძუკები) კავკასის ყველაზე სახელგანთქმული შთამომავლები არიან. სხვა “კავკასის შთამომავლების” ძიებას თუ განვაგრძობთ, საკმაოდ საინტერესო ფაქტებამდე მივალთ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კავკასიის მეცნიერული კვლევისას დამკვიდრებული მრავალი მარკის ხელახლა შეფასება. მაგრამ, ამ თემას სხვა სტატიებში დავუბრუნდებით, მანამდე კი გავაგრძელოთ სახელწოდება დურძუკის ისტორიულ-ლინგვისტური შეფასება.
3.
ძვ.წ. 719 წელს ასურეთის არმიამ, სარგონ II-ის ხელმძღვანელობით, მოაწყო სამხედრო კამპანია, რომლის შედეგები უშუალოდ უკავშირდება ჩვენს პრობლემაზე მსჯელობას. აი, როგორ ხსნის ამ ექსპედიციის მიზეზებს თავად სარგო II:

“ჩემი მმართველობის მესამე წელს გამაგრებულმა ქალაქებმა შუანდაჰულმა და დურდუკამ (Shuandahul and Durdukka), ირანზის წინააღმდეგ ამბოხი განიზრახეს, მანას მეფის, მათი ბატონის, ჩემი უღლის მზიდავის, და იმედები დაამყარეს ზიკირტუელ მითათიზე (Mittati of Zikirtu). ზიკირტუელმა მათათიმ მათ დახმარება აღმოუჩინა, მისცა ჯარი და მხედრები. აშურას მრავალრიცხოვანი ჯარისკაცი ავამხედრე და წამოვიწყე ლაშქრობა ამ ქალაქების დასაპყრობად.

ძლიერი საალყო იარაღით გავარღვიე მათი სიმაგრეების კედლები და გავასწორე ისინი მიწასთან. ადამიაანები მათი ქონებითურთ დავატყვევე, დავანგრიე და ცეცხლში დავწვი. სუქიას, ბალას და აბიტიკნას (Sukkia, Bâla, Abitikna) მოსახლეობა, რომლებმაც მათი ფესვების ამოძირკვის მომასწავებელი გზა აირჩიეს და შეთანხმდნენ ურარტუელ რუსასთან, მათ მიერ ჩადენილი ცოდვის გამო მე თავიანთი საცხოვრებლიდან დასავლეთით ხათების ქვეყანაში გადავასახლე”.

სარგონის ანალებიდან გამომდინარე, სამეფოს ქალაქების ამბოხი, როგორც ტექსტიდან ჩანს პროურარტულად განწყობილმა ძალებმა გამოიწვია. სუქიას, ბალას და აბიტიკნას მოსახლეობა, რომლებიც აჯანყებას მიემხრნენ , გადაასახლეს დასავლეთით მდებარე ხათის ქვეყანაში. თუ, სიტყვასიტყვით მოვახდენთ ციტირებას “ამურუს ქვეყანაში ხათის სამეფოში” (“in Hatti of Amurru”). ტერმინში “ამურუ” ვიწრო გაგებით შეიძლება გულისხმობდეს როგორც სირია, ასევე ზოგადად “დასავლეთი”. “ხათის სამეფოში” იმ ეპოქის ასურული წყაროები ჩვეულებრივ გულისხმობენ სირიას, ფინიკიასა და პალესტინას, ასევე, მთლიან მცირე აზიას (ანატოლია). ვიწრო გაგებით “ხათის სამეფო” ეს არის ქარქემიშის სამეფო.

სუქიას, ბალასა და აბიტიკნას მოსახლეობა,სავარაუდოდ, გადაასახლეს მცირე აზიაში, სადაც ასურეთი იმ პერიოდში მაღალ სამხედრო აქტივობას ამჟღავნებდა: 717 წელს სარგონ II-მ გაანადგურა მუშქების ქვეყანა (ფრიგია) და ქარქემიში მცირე აზიაში. ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ დაპყრობილ მანას მოქალაქეების დეპორტაცია მოხდა სადღაც დასავლეთის მიმართულებით.
4.
შუანდაჰულისა და დურდუკის მოსახლეობაზე ნათქვამია, რომ მათ ქონება ჩამოართვეს, ანუ შეიპყრეს, რათა გადაესახლებინათ. შესაბამისად, ამ ორი ქალაქ-სიმაგრის მოსახლეობა არ ამოწყვიტეს ან მონებად არ გახადეს – ასურელები არასოდეს ერიდებოდნენ მკვეთრ ფერებში აეღწერათ მხეცობა, რასაც სჩადიოდნენ, დაკავებული ტერიტორიების, განადგურებამისჯილ მოსახლეობისადმი. უხერხულობას არც ადამიანების მონებად გადაქცევის ფაქტების აღნიშვნა იწვევდა მათში.

მაგრამ, სად გაასახლეს ტყვედ აყვანილი დურდუკას მოსახლეობა? ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ მანას სამეფოს სხვა დაპყრობილი ქალაქების მოსახლეობის ბედი გაიზიარეს და დასავლეთით, მცირე აზიაში, იქნენ გადაყვანილი. ასურელებს ჩვევად ჰქონდათ, ხელში ჩაგდებული მოსახლების იმპერიის საპირისპირო დასალიერში გასახლება, ხოლო მცირე აზია ასურეთის იმპერიის დასავლეთ ზღუდეს წარმოადგენდა, მაშინ როდესაც მანა საპირისპირო აღმოსავლეთ მხარეს , ურმიას ტბის მიდამოებში (დრევანდელი ირანი) მდებარეობდა.
დეტალურად რომ დავაზუსტოთ ეს საკითხი, შევეცდებით გამოვარკვიოთ ასურელების მიერ 719-712 წლების განმავლობაში დაპყრობილი ხალხების ბედი. სწორედ, ამ შვიდი წლის განმავლობაში განხორციელებული უწყვეი ლაშქრობების შესახებ არის მოცემული სარგონ II-ის ანალებში. ასე და ამგვარად:

719წ. დაიპყრო მანას სამეფოს ქალაქები – შუანდაჰული, დურდუკა, სუქია, ბალა და აბიტიკნა. მათი მოსახლეობა გადაისროლეს დასავლეთით, მცირე აზიაში.

717 წ. ლაშქრობა ფრიგიასა და ქარქემიშის სამეფოში. დაპყრობილი ხალხი, როგორც სარგონ II-ის ანალები მოგვითხრობენ, გაასახლეს სირიაში (დამასკო).

716 წ. მეორე ლაშქრობა მანას სამეფოში. ასურეთის არმიამ ხელში ჩაიგდო ალაბრიის ოლქის მმართველი, რომელიც ოჯახთან ერთად სადღაც გადაასახლეს (კონკრეტულად სად უცნობია).

715 წ. ურარტუს მეფე რუსა I-ს მანას ტერიტორიაზე საკუთარი არმია შეჰყავს და გარნიზონით 22 სიმაგრეს იკავებს. ასურელები საზღვრის მიმდებარე შეტაკებებით კმაყოფილდებიან და შედეგად 4 200 მშვიდობიან მოსახლეს იგდებენ ხელში, რომლებიც დასავლეთის მიმართულებით გადაისროლეს. ასურელების მოდუნება მანას მოვლენებთან მიმართებაში აიხსნება იმით, რომ იმ მომენტისთვის მათი ძირითადი ძალები მიდიას, პალესტინასა და კილიკიაში ლაშქრობაზე იყო ორიენტირებული.

714 წ. სარგონ II შეკრიბა მთლიანი ჯარი და შეიჭრა მანასა და ურარტუში და ტრაბახით აღნიშნავს, რომ “სამეფო წარმომავლობის” 260 ადამიანი ჩაიგდო ხელში. მათი ბედი უცნობია.

713 წ. მეოთხე ლაშქრობა მანაში (ტყვედ აყვანილთა შესახებ ცნობები არ არის). იმავე წელს ასურელები თავს ესხმიან “თაბალის სამეფო” (იგივე “მუშქების ქვეყანა” ფრიგია). აქ იკვეთება ფაქტი “თაბალის სამეფოს” ადამიანებით დასახლების შესახებ, ასურელების მიერ წინა ლაშქრობების დროს შეპყრობილი ხალხებით, სავარაუდოდ მანას მოსახლეობა.

712 წ. სარგონ II-ის ლაშქრობა მცირე აზიაში “ქალაქ მალათიას ქვეყანაში”. თარჰუნაზი, მელიდის მეფე, ასურელების მიერ დაკავებული დედაქალაქიდან ქალაქ თილ-გარიმეში (Til-garimme/Tagarima) გაიქცა. სარგონ II აღნიშნავს: “მე ეს ქალაქი (თილ-გარიმმე) ღრუბელივით გადავფარე…. ტარჰუნაზის, მათ მეფეს, მებრძოლებთან ერთად, რკინის ბორკილები დავადე, ხოლო მისი ცოლი, ვაჟები და ქალიშვილები, 5000 ტყვესთან ერთად ჩემს ქალაქ აშურაში წამოვიყვანე.
ქალაქი თილ-გარიმე ახლიდან დავასახლე და ჩემი ხელით დაპყრობილი ქვეყნებიდან შევიყვანე ხალხი”.
გამომდინარე აქედან, ქალაქი თილ-გარიმე, აბორიგენი მოსახლეობისგან დაცლილი, ახლიდან იქნა დასახლებული, ასურელების მიერ წინა ლაშქრობებიდან დაპყრობილი ხალხებით. ვნახოთ, თუ საიდან შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ეს ტყვეები.
ასურელები, თავიანთ ანალებში, მკაცრი სკურპულოზობით აღწერენ მოპოვებულ ნადავლს, ისე, რომ არ გამორჩენიათ არცერთი სპილენძის ჩხირი, არცერთი ცხვარი, არცერთი ბავშვი. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ დაპყრობის ან ხალხთან დიდი კონტინგენტის გადასახლების შესახებ მათ მონაცემებში ეჭვი შევიტანოთ. ტყვეები, რომელთა რაოდენობა საკმარისი იყო, რომ დასახლებულიყვნენ მოზრდილ ქალაქში, აიყვანეს 719, 717 და 715 წლებში. მაგრამ, 717 წლის ლაშქრობის ტყვეები გამოირიცხა, რადგან სარგონის ანალებით ისინი სირიაში, დამასკოში, იქნენ გადაყვანილი. რჩება შუანდაჰულის, დურდუკის, სუქიას, ბალასა და აბიტიკნას მოსახლეობა (719 წლის ლაშქრობა) და ის 715 წლის ლაშქრობისას შეპყრბილი მოსახლეობა. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მანას მოსახლეობაზე, მანაელები. მხოლოდ მანაელი ტყვეების რაოდენობა იყო იმდენი, რომ დაცარიელებული ასურული ქალაქი თილ-გარიმე შეევსოთ. ამგვარად, ჩვენ ვიპოვეთ ერთადერთი რეალური ახსნა დურდუკის მოსახლეობის (დურდუკელების) ხვედრისა.

ჩვენ რაც გვაინტერესებდა გაირკვა – ძვ. წ. 712 წელს ისინი დასახლდნენ, აბორიგენი მოსახლეობისგან დაცლილ, მცირეაზიულ ქალაქში: თილ-გარიმე (Til-garimme).
6.
ჩვენ გაგვაჩნია კიდევ ერთი მოსაზრება, დურდუკიელების ქალაქ თილ-გარიმეში გადასახლების დამადასტურებელად, მაგრამ ამას მოგვიანებით მივუბრუნდებით. ახლა კი ჩნდება საჭიროება პასუხი გავცეთ მნიშვნელოვან კითხვას – ეთნიკურად ვის ეკუთვნოდნენ დურდუკის მაცხოვრებლები? ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს მიერ აღნიშნული მოვლენებიდან ათასი წლის შემდეგ, ამ ქალაქის სახელი ვაინახთა წინაპრებს დაუკავშირდა.

უპირველეს ყოვლისა, ერთი რამ ცხადია: რახან დურდუკა მანას სამეფოს გამაგრებული ქალაქი იყო, მაშინ ამ ქალაქის მაცხოვრებლებიც ეთნიკურად მანაელები იყვნენ. შესაბამისად, მანაელების ეთნიკური კუთვნილების დადგენით, ჩვენ ავტომატურად გამოვარკვევთ დურდუკის მოსახლეობის, დურდუკიელების ეთნიკურობას. ყველა საჭირო ცნობა ამის თაობაზე მოცემულია აღმოსავლეთმცოდნე გ. მელიქიშვილის დიდ ნაშრომში
“Некоторые вопросы истории Манейского царства” (ВДИ,1949 г.). სწორედ ამ ნაშრომით ვიხელმძღვანელებთ.
მანა ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებიდან, რომლებიც “ნაირის ქვეყნებში” შედიოდა. უფრო მეტიც, მანას სამეფო, გ. მელიქიშვილის თქმით, ძვ. წ. IX-VIII საუკუნეების განმავლობაში, “ნაირის ქვეყნებიდან” ურარტუს შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენდა, ხოლო VIII საუკუნის ბოლოდან, როდესაც ურარტუ მნიშვნელოვნად დასუსტდა, მანა, როგორც ჩაანს ყველაზე მნიშვნელოვან ძალად გვევლინება ნაირის მხარეში.

ის, რომ მანა ნაირის ქვეყნად ითვლებოდა, ეს პირდაპირ მოასწავებს, რომ იგი (ისევე როგორც ურარტუ) დასახლებული იყო ხურიტებით. გეოგრაფიული ტერმინი “ნაირი” ასურელებში მათი ქვეყნიდან ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნების საერთო აღნიშვნელად ითვლებოდა, რომლებიც უხსოვარი დროიდან სხვადასხვა ხურიტული ტომებით იყო დასახლებული. გ. მელიქიშვილის მონოგრაფიაში “ნაირი-ურარტუ” (თბილისი, 1954 წელი) აღნიშნულია, რომ სახელწოდება ნაირი ასურულ ენაში შეიჭრა ხურიტული მითანის უძველესი სახელწოდებიდან – ნაჰრია, ნაჰარინი.

გ. მელიქიშვილი, ბ. პიოტროვსკი, ი დიაკონოვი და სხვა დიდი მეცნიერ-აღმოსავლეთმცოდნეები თავიანთ ნაშრომებში პირდაპირ წერენ, რომ მანაელები არიან – ხურიტები. ამგვარად, დურდუკის მაცხოვრებლები, ისევე როგორც სხვა მანაელები იყვნენ ხურიტები. ამის დადგენა გვჭირდებოდა შემდგომი შედარებისთვის.
7.
გავიხსენოთ ჩვენთვის მშობლიური “დურძუკები” “ქართლის ცხოვრებაში”. ნოე -იაფეტი – თარშისი – თარგამოსი – კავკასი – დურძუკი. გამოდის, რომ ნოესა და დურძუკს შორის ეთნარქების ხუთი თაობაა, ხოლო ნახებს შორის, რომელთა მამათავარი “ქართლის ცხოვრების” მიხედვით არის კავკასი, და ნოეს შორის მხოლოდ სამი თაობაა: იაფეტი, თარშისი და თარგამოსი.

ვინ არის თარგამოსი? ეს თარგამოსი მოხსენიებულია ბიბლიაში ე.წ. “ერების ცხრილში” (Table of Nations). ისევე როგორც ქართულ ქრონკებშია ნათქვამი იყო იაფეტის შვილიშვილი. მართალია ბიბლიაში ამ პერსონაჟის სახელი ჟღერს როგორც თორღამა. საინტერესოა, რომ ბიბლიაში სახელწოდებები ურარტუ (არარატი), მანა (მინი) და თარგამოსი (თორღამა) მოხსენიებულია ერთ ბლოგში, როგორც ქვეყნები მონათესავე მოსახლეობით. და, აი, აქ ერთი საინტერესო ფაქტი იჩენს თავს: სახელწოდებით “თორღამა” ბიბლია აღნიშნავდა ქალაქს, რომელიც ასურულ წყაროებში ატარებდა, ჩვენთვის უკვე ცნობილ სახელწოდებას თილ-გარიმე (თილ-გარიმე/თაგარიმა). ამის თაობაზე წერს წამყვანი მეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნენ ი. დიაკონოვი  («Ассиро-вавилонские источники по истории Урарту», ВДИ, 1951 г., №2, ст. 320, прим.53).
ჩვენ ვხედავთ მონაცემთა ორ დამოუკიდებელ ჯაჭვს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან: ერთის მხრივ ვაინახთა წინაპარი დურძუკი თარგამოსთან, მეორეს მხრივ, მანას ქალაქი დურდუკი მცირე აზიის ქალაქ თორღამოსთან, სადაც ისინი ასურელებმა გადაასახლეს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც რეალური ისტორია ადასტურებს ლეგენდას. შემდეგ სტატიაში ჩვენ შევეცდებით წარმოვიდგინოთ ხურიტი-დურდუკიელების გზა თორღამიდან ცენტრალურ კავკასიაში, სადაც ისინი წერილობით წყაროებში მოხსენიებულ არიან ჩვ. წ. IV საუკუნიდან და აღნიშნავენ ვაინახებს. ხოლო ამ სტატია ჩვენ დავასრულებთ სახელწოდება “დურდუკას” მნიშვნელობის დადგენის ცდაში, რომელიც შემდგომ ვაინახთა სახელწოდებად იქცა.
8.
ძველბერძნული ავტორები (ძირითადად ჰეროდოტე) ჩამოთვლიან ძველი ეპოქის შვიდ ყველაზე ცნობილ ბრძენს. ხუთი მათგანი – ბერძენია (მათ შორის რეალური პიროვნება სოლონი, ძვ.წ. VI საუკუნის ათენელი რეფორმატორი). ასევე არის ორი “უცხოელი”. ერთი სკვითი ანაქარსისი. მეორე – მანას მცხოვრები, ხურიტი
დეიოკა. ზოგჯერ მისი სახელი იწერებოდა როგორც დეუიოკა, დეიუკა. ყველა ვარიანტი ამ ცნობილი სახელისა შეიძლება ვიპოვოთ ვ. ლატიშევის  «Известиях древних писателей о Скифии и Кавказе».

ზოგიერთი სწავლული ვარაუდობს, რომ დეიოკა (დეიუოკა) იყო არა მარტო ცნობილი ბრძენთა ძველ სამყაროში, არამედ მანას მეფე.

სიტყვა “დურ” ფართოდ იყო გავრცელებული ძველ ახლო აღმოსავლეთში და ნიშნავს “სიმაგრეს”. ამ სიტყვას, სახელწოდების შედგენისას, გამოიყენებდნენ როგორც ასურელები, ურარტუელები, ელამიტები, შუმერები, ასევე მცირეაზიელი ბერძნები (მაგ: დურა-ეუროპოსი).

ამგვარად, სახელწოდება დურდუკა (დურ-დეიოკა ან დურ- დეუიოკა) აღნიშნავს “დეიოკის სიმაგრეს”. მაგალითადა, ამ პრინციპით იქნა შედგენილი ძველი ქალაქების სახელწოდებები დურ-შარუკინი (“მეფე შარუკინის სიმაგრე”), დურ-კურიგალზუ (“მეფე კურიგალზუს სიმაგრე”) და ა.შ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასეთია ეთნონიმის “დურდუკის” წარმომავლობა.

ჰასან ბაკაევი

 

წყარო

 

 

ქისტური ფოლკლორის საღამო 2017 ( Photo )

23 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქისტური ფოლკლორის საღამო გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ასევე ვაინახი შემსრულებლები ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან.

ავტორი: პაატა ვარდანაშვილი

Continue reading

ენავ ქართულო

სულზე უტკბესო, უნეტარესო,
ენავ ქართულო, უხვსიტყვიანო,
ბრძოლით მოსულო, სისხლით დაცულო,
დედის მადლივით სისხლხორციანო!

Continue reading

,,თუ პანკისი არ გინახავთ”

თუ პანკისი არ გინახავთ,
არ გინახავთ საქართველო…
მას ამშვენებს ირგვლივ კლდენი
მობიბინე მთა და მდელო.


აქ სპეროზა, აქ დიდგვერდი,
აქ დაჰქრიან ჯიხვნი ფრენით,
აქ ლოცულობს დიდ-პატარა,
ალლაჰია ჩვენი ღმერთი!


მოგრიალებს ალაზანი,
ხან მშვიდია, ხანაც გიჟი,
ლამაზია ეს პანკისი,
მამაცია ჩვენი ჯიში.


თავად ვაჟაც ჩვენზე წერდა,
ის გვიქებდა ყველა ვაჟკაცს,
სტუმარ-მასპინძლობის წესი
არ გამქრალა ჯერაც, ახლაც.


ვენაცვალე მე ჩემს პანკისს,
ჩემს მამაც და მებრძოლ ქისტ ერს,
უნდა გშურდეს კაცის, ვისაც
ფეხი აუდგამს მიწა ქისტეთს…

 

დავით მარგოშვილი

თბილისში ვაინახთა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

23 თებერვალს, 13:00 სთ-ზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ვაინახი თემის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 73 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას დაესწრებიან ინგუშეთიდან, ჩეჩნეთიდან და პანკისიდან ჩამოსული სტუმრები, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
73 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, 400 ათასამდე ჩეჩენი და ინგუში, გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, საკუთარი მიწა-წყლიდან ერთ დღე-ღამეში აყარეს, წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს და ყაზახეთისა და ყირგიზეთის უკაცრიელი სტეპების გზას გაუყენეს.

გადასახლებულთა 40 პროცენტმა შუა აზიამდე ვერ ჩააღწია, ისინი გზაშივე დაიხოცნენ. 2004 წელს ევროპის პარლამენტმა ამ ფაქტს გენოციდის შეფასება მისცა. ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაციის 66-ე წლისთავი 23 თებერვალს საქართველოში კავკასიის ფონდის ორგანიზებით აღინიშნა და ამ ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით ”კავკასიის ხალხთა მასობრივი გასახლებები XIX-XX საუკუნეებში”.

სრულიად საიდუმლო

ამხანაგ სტალინს

დ ე პ ე შ ა

23 თებერვალს, გამთენიისას, ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლების ოპერაცია დაიწყო. პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. საყურადღებო ინციდენტები არ დაფიქსირებულა. ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის 6 შემთხვევას, რომელიც დაპატიმრებითა და იარაღის გამოუყენებლად აღმოიფხვრა. ამ ეტაპზე დაპატიმრებულია 842 ადამიანი.

ბერია

რეპრესიების შედეგად, რომელსაც 2004 წელს ევროპის პარლამენტმა გენოციდის შეფასება მისცა, გაუქმდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხოლო მის ნაცვლად შეიქმნა გროზნოს ოლქი, ახალი საზღვრებით, დარჩენილი ტერიტორიების ნაწილი კი სტავროპოლის მხარეს, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდა.

კიდევ ერთი ტერიტორია კი, ასასა და თარგიმის ქვაბული, საქართველოს შეუერთდა და მას ახალხევის რაიონი ეწოდა.

როდესაც 1957 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა – საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ლიდერმა – ჩეჩნებსა და ინგუშებს სამშობლოს მოღალატეების იარლიყი ჩამოაშორა, აღდგა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი და დეპორტირებულ მოსახლეობას სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა, ქართველმა მთიელებმა მოვლილი კარ-მიდამო დაახვედრეს გადასახლებულებს.

იმამ-შამილი: ლიდერი,დიპლომატი

შამილი თავისი დროის ერთ-ერთი ღრმად განსწავლული ადამიანი იყო, რომელმაც განთლება ადგილობრივი მუსლიმი სასულიერო პირებისაგან მიიღო.

მისი პირველი მასწავლებელი და უხლოესი მეგობარი პირველი იმამი ღაზი-მუჰამედი იყო. შამილი მასთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში დაიარებოდა დაღესტნის აულებში, როგორც ყაზი მუჰამედის ერთგული მოწაფე(მუთალიმი).

შამილის ცხოვრებაში ასევე დიდი როლი ითამაშა მისი კიდევ ერთი მასწავლებელის საიდ არკანელის პიროვნებამ. როდესაც კავკასიის ომი დაიწყო, საიდ არკანელი შამილის წინააღმდეგ გამოვიდა და მთლიანად უარყო მიურიდიზმის იდეები.

საიდ არკანელი შამილს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას უიმედო წამოწყებად უთვლიდა. მას მიაჩნდა, რომ ორი პატარა სუბიექტის ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ თავიდანვე იყო განწირული.

თუმცა როგორც ვიცით შამილს მისი რჩევები არ გაუთვალისწინებია. შამილმა თავისი ორგანიზატორული ნიჭით მალევე შეძლო მთიელთა მოძრაობის გაერთიანება ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის დროშით.

შამილი მიჰყვებოდა ღაზი-მუჰამედის მოძღვრებას. ის თავისი იდეოლოგიის ცენტრში აყენებდა ღაზავათს და მას შარიათის სხვა პირობების დაცვაზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა.
ნიკო ხუციშვილის თანახმად: დაღესტნის არც ერთ იმამზე, არც ყაზი მოლასა და არც ჰამზათ ბეგზე, არ არსებობს იმდენი სხვადასხვა საწინააღმდეგო აზრი, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რამდენიც არსებობს შამილზე.

სხვადასხვა აზრისანი არიან მკვლევარები შამლის პიროვნების შესახებ. მისი სახელი კავკასიის საზღვრებს გასცდა და არაერთი მკვლევარის ყურადღების ცენტრში მოექცა. მასზე გვიყვებიან, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროები. მის შესახებ წერდნენ ასევე ევროპული გაზეთები. მისმა ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.[15;85,86] შამილი ძალზე ნიჭიერი დიპლომატი იყო. ის კარგად ხვდებოდა, რომ მხოლოდ დაღესტნელებითა და ჩეჩნებით ვერ შეებრძოლებოდა რუსეთს და ამიტომ ყველანაირად ცდილობდა სხვა ხალხის მიმხრობასაც.

შამილსს ქართველებთანაც სურდა პოლიტიკური ურთიერთობა მაგრამ ქართველები რუსეთთან კავშირში იყვნენ. შამილი კარგად ხვდებოდა ქართვლი თავადაზნაურობა, რომ რუსეთის ინტერესების სადარაჯოზე იდგა.
ამასთან დაკავშირებით ჯ. კვიციანი წერს: „ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე ომებმა და ადგილობრივი ხალხების თავგამწირვამ მნიშვნელოვანი გამოძახილი ჰპოვა მოწინავე ქართულ საზოგადოებაში

“ სწორედ იმ დროს, 1860 წელს, ილია ჭავჭავაძემ ცნობილი ლექსი ,,ქართლის დედა“ დაწერა, რომელშიც ასეთი სტრიქონებია:
„ჩემი მამული, საქართველო დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებს,
კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა
ერთ ფიქრსა ჰფიქრობს,
-და ეგ ფიქრია მთელ კავკასიის თავისუფლება“.
ამ ლექსში ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძე დადებითად მიიჩნევს შამილის ბრძოლას და ერთიანი კავკასიის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შამილი კახეთში შემოიჭრა და ისიც, რომ გრიგოლ ორბელიანი ჩრდილო-კავკასიელების წინააღმდეგ იბრძოდა. [7;45’46].
აღსანიშნავია, რომ გენიალური ქართველი მწერალი ა. ყაზბეგი შამილის ბრძოლას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც მკვლევარი კენკებაშვილი აღნიშნავს: „მწერალი შამილში ხედავდა ლიდერს და კავკასიელ ხალხებს ერთად უნდა ებრძოლათ საერთო მჩაგვრელი ძალის-რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ„ [თ.კენკებაშვილი 1992] როგორც ვხედავთ, ალექსანდრე ყაზბეგიც გამსჭვალულია კავკასიის ერთიანობის იდეით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, შამილი ხელმძღვანელობდა შარიათით, მაგრამ, სადაც საჭირო იყო შამილი სცვლიდა შარიათის დადგენილებებს.

შამილს დათმობებზე წასვლაც შეეძლო და უკიდურესი ზომების მიღებაც ურჩების წინააღმდეგ. მომხრეებს და ერთგულ ხალხს მეტად სამართლიანად ექცეოდა, მუდმივად ასაჩუქრებდა, აძლევდა სხვადასხვა პრივილეგიებს.

ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ განზრახული ნაბიჯები, რათა ხალხში მისი ავტორიტეტი მეტად ამაღლებულიყო. შამილი სასტიკად ექცეოდა მოწინააღმდგეებს, უმეტესად სიკვდილით სჯიდა.
შამილის საგარეო ურთიერთობებში განსაკუთრებული როლი ჰქონდა თურქეთს. თურქეთის სულთანი ბაიაზეთი შამილს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დახმარებას ჰპირდებოდა, თუმცა შამილს თურქეთიდან არავითარი დახმარება არ მიუღია.
შამილის რეფორმები და მისი ბრძოლა ადიღეელების დიდ ყურადღებას იპყრობდა.შამილმა მათი თხოვნით იქ ნაიბები გაგზავნა.ერთ-ერთი მათგანი მუჰამედ ამინი აბაძეხების ნაიბი გახდა.

მუჰამედ ამინმა შეძლო შამილის დავალებების შესრულება-მიურიდიზმის გავრცელება და ადიღეს მოსახლეობის ნაწილში შარიათის დამყარება,მაგრამ ნაიბის მცდელობა,დასავლეთ ჩერქეზეთში ჩამოეყალიბებინა შამილის იმამატის მსგავსი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, უშედეგოდ დასრულდა.[8; 39] შამილის პიროვნების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ანა დრანსე. მის თანახმად, შამილი მეტად ჭკვიანია, არის არა მხოლოს დიდი მხედარმთავარი, არამედ დიდი კანონმდებელიც.

გამოირჩევა საოცარი მოკრძალებითაც. ავტორი ამბობს, რომ შამილი ყველანაირად ერიდებოდა ტყვე ქალებთან პირისპირ შეყრას, მათ მიმართ საოცარ თავაზიანობას იჩენდა. ანა დრანსე ასევე ამბობს, რომ შამილი ტყვე ქალებს ევროპული ეტიკეტით უმასპინძლდებოდა, რაც მის ღრმა განათლებაზე მეტყველებს.
გარდა ამისა, დრანსე წერს: “შამილს თავისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ სურს, რომ მამაკაცი სამეურნეო სამუშაოებში ჩაერთოს და შინაურულ მყუდრო ცხოვრებას მიეჩვიოს; მძიმე სამუშაოთა შესრულების შემდეგ, მას ღრმად დაეძინება და არ გამოცხადდება იმამის დაძახილზე საშიშროების დროს, ამიტომაც ლეკი მიჩვეულია იზრუნოს მხოლოდ ცხენსა და იარაღზე. ყველანაირი მძიმე სამუშაო ქალებს აწევთ კისერზე“.
XIX საუკუნის ორმოციანი წლები შამილის ბრწყინვალე ეპოქის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ პერიოდში შამილის საიმამოს ტერიტორია თითქმის სამჯერ გაფართოვდა. მან რამდენჯერმე დაამარცხა რუსეთის ჯარი და ჩაშალა მათი გეგმები. შამილმა ამავე პერიოდში თაბასარანის მიმხრობაც მოახერხა.
შამილის ბრძოლის ტაქტიკას მაღალი შეფასება აქვს ისტორიოგრაფიაში:
როგორც ხ. ხანგოშვილი წერს: „შამილის ბრძოლის ტაქტიკა იყო კლასიკური პარტიზანული. მან შექმნა მოძრავი რაზმები, ერიდებოდა გენერალურ, ბრძოლებს და მის დევნაში რუსეთის ჯარის კოლონებს ქანცი უწყდებოდათ.“
1846 წლიდან შამილის წარუმატებლობის ხანა დაიწყო, რადგან რუსებმა ჩეჩნეთის დიდი ნაწილის დაპყრობა მოახერხეს.

ჩეჩნეთის დაკარგვა შამილისათვის ნიშნავდა დიდი ძალისა და სასურსათო ბაზის დაკარგვას. ამ პერიოდიდან შამილი ცდილობდა კავშირის დამყარებას ოსმალეთთან და ინგლისთან, თუმცა, მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ბარიატინსკი ყველანაირაად ცდილობდა შამილის ნაიბებისა და სხვა მაღალი მოხელეების მოსყიდვას და ხშირ შემთხვევაში, ამას ახერხებდა კიდეც საკმაოდ წარმატებულად.
ყირიმის ომის დასრულების შემდგომ, რუსეთის ჯარმა ბარიატინსკის მეთაურობით შამილის სამყოფელს, ღუნიბს ალყა შემოარტყა და ორ კვირიანი ბრძოლის შემდეგ შამილის დამარცხება და მისი დატყვევება მოახერხა. შამილი გაგზავნილი იქნა პეტერბურგში.
მწერალი ე. უბილავა მის რომანში „შამილი“, მოგვითხრობს შამილის დატყვებისა და პეტერბურგში გამგზავრების ამბავს. როდესაც შამილი მიემგზავრებოდა, უკანასკნელად მოუხედავს თავისი მიწა-წყლისკენ და მისი სიტყვები ყოფილა “მშვიდობით მთებო კავკასიისა“.
შამილის დატყვევების შემდეგ იმამატმაც არსებობა შეწყვიტა.
მისი დამარცხების შემდგომ ჩეჩნეთი და დაღესტანი რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდა. შამილის 25 წლიანი ბრძოლა საბოლოოდ მარცხით დასრულდა.
შამილის შეუპოვარმა ბრძოლამ რუსული კოლონიალიზმის წინააღმდეგ, მის მიერ ერთიანი-თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნამ,მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, რომლებიც იყო საერო პროგრესული განვითარების მაგალითი, დიდი კვალი დატოვა კავკასიელ ხალხებში.

შამილის სახელი კავკასიის საზღვრებს გასცდა. და გახდა სიმბოლო შეუპოვარი ბრძოლისა, რომლის პიროვნებაც დღეს მეტად აქტუალური და მისაბაძია.
ქ. კალუგაში გადასახლების შემდეგ, შამილის მეთვალყურე კალუგის გუბერნიის სამხედრო მმართველი მიხეილ ჩიჩაგოვა გახდა. მის მეუღლეს შამილი თავისი ცხოვრების შესახებ უამბობდა. ეს ნაამბობი მან წიგნად გამოიცა (Шамил на Кавказе и в Росии, биографический очерк, составил М. Н. Чичагова С – Петербург,1889 г.).
აღნიშნულ წიგნში, სამწუხაროდ არ არის ყველა მონაცემი ფიქსირებული, თუმცა ერთ საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ; დატყვევებულ შამილს ვერ წარმოედგინა, რომ იმპერატორის კარზე მკაცრად არ დასჯიდნენ ან უკიდურეს შემთხვევაში რუსეთის რომელიმე შორეულ მხარეში არ გადაასახლებდნენ. იმპერატორის კარზე თბილად მიღების შემდგომ კი შამილი ეთბაშად იქცა გულთბილ პიროვნებად, ისეთად როგორიც ის იყო ბუნებით და ცხოვრების წესით.
შამილი მისაბაძი პიროვნება იყო, არის და იქნება, რადგან ის არის სიმბოლო თავისუფლებისათვის ბრძოლისა. ჩრდილო კავკასიელებისათვის, და არა მხოლოდ მათთვის, შამილი არის გმირი, რომელმაც ორი პატარა სუბიექტი დაუპირისპირა რუსეთის იმპერიას. მისი მიზანი იყო მხოლოდ ერთი, ის იცავდა თავის ტერიტორიას კოლონიზატორებისაგან. შამილი რუსებს სრულიად არ ენდობოდა, გაუტანლებსა და უპირობოებს ეძახდა და სამართლიანად მიიჩნევდა მათ წინააღმდეგ დაწყებულ ჰაზავათს.

დასკვნა

ჩრდილო-აღმოსავლეთ-კავკასიაში კერძოდ დაღესტანსა და ჩეჩნეთში. ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება გამოიწვია რუსეთის-ექსპანსიურმა პოლიტიკამ. საშინაო და საგარეო ფაქტორებმა.

ეკონომიკურად ჩამორჩენილმა არერთსულოვანმა საზოგადოებამ და ფეოდალების ბატონობამ. რუსეთის იმპერიას თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე თავისი გეგმების განხორციელება გაუადვილა.

დაღესტნელ და ჩეჩენ ხალხს შამილის სახით მოევლინა ლიდერი რომელმაც ისინი გაერთიანა ერთიან-ცენტრალიზებულ თეოკრატიულ სახელმწიფოში.

ამ გზით რეალური გახდა ცარიზმის წინააღმდეგ ანტიკოლონიალური ბრძოლა.
ღაზი-მოლას მიერ დაწყებული და შამილის მიერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული ერთიანი ძლიერი სახელმწიფო იყო უდიდესი მიღწევა, უდიდესი პროგრესი.
იმამათი იყო ზღუდე, რომელიც 25 წლის განმავლობაში ეფექტურად იცავდა თავს რუსეთის კოლონიური პოლიტიკისგან.
შამილის მიერ გატარებული რეფორმები იყო პროგრესული განვითარების მაგალითი. მის მიერ შექმნილმა სახელმწიფომ შეძლო საზოგადოების გაერთიანება და ანტიფეოდალური ბრძოლა.
ამ შეპოვარი ბრძოლის გარდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორებიც, რომ ამ ომმა უდიდესი ზარალი მოუტანა იმამატს ყველანაირი თვალსაზრისით: მოსახლეობა დაიღალა გაუთავებელი ბრძოლებით, შიშით, გარდა შიდა ფაქტორებისა.

რუსეთის არმიის რიცხობრივმა უპირატესობამ, მის მიერ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო და შამილის დამარცხება გამოიწვია.
შამილი თავისი დროის უდიდესი რელიგიური და საერო მოღვაწე იყო. მამაცი, სამაგალითო მებრძოლი.

მან წარუშლელი კვალი დატოვა. ის არის სიმბოლო პატრიოტიზმის. შამილი არის პიროვნება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალა ერთობაშია და რომ საკუთარი მიზნებისათვის ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, ადამიანმა უნდა იბრძოლოს თავისუფლებისათვის და თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, უკეთესი მომავლისათვის.

 

ნინო ლომიძე

რუსეთის კავკასიაში გამოჩენა და კავკასიის დაპყრობა

შესავალი

 

კავკასია რუსული პოლიტიკური სამყაროს ინტერესების სფეროში მოხვდა ჯერ კიდევ კიევის რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე (IXს. II ნახევრიდან), როდესაც ცალკეული რუსული (რუს-ნორმან-ვარიაგთა) რაზმები ლაშქრობდნენ კასპიისპირეთში.მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ლაშქრობები, ერთი შეხედვით, ნადავლის მოსაპოვებლად გამიზნული იყო, მეცნიერები თვლიან, რომ IX-XI ს. I მესამედში კასპიისპირეთში განხორციელებულ სამხედრო აქციებს გარკვეული პოლიტიკური მოტივაციაც გააჩნდა.

ძველი რუსული მატიანეები გვაწვდიან ცნობებს ცალკეულ რუს მთავრებსა და ჩრდილოეთ კავკასიელ ტომთა შორის დაპირისპირების შესახებაც. კერძოდ, მათში მოთხრობილია კიევის დიდი მთავრის სვიატოსლავის მიერ “კოსოგებსა” (ადიღები) და “იასებზე” (ოსები) მოპოვებულ (965წ.) გამარჯვებაზე; ტმუტარაკანის მთავარ მსტისლავ ვლადიმირის ძის გალაშქრებაზე (XIს. 20-იან წლებში) “კოსოგების” (ადიღების) წინააღმდეგ და ადიღთა ბელად რედედისთან მის ორთაბრძოლაზე იმავე რუსული მატიანის ცნობით, ალანია-ოვსეთის საზღვრამდე მისდია ყივჩაყებს 1116 წელს იაროპოლკ ვლადიმირ მონომახის ძემ, სადაც დაქორწინდა კიდეც ოსთა მთავრის ასულზე.

XVIს. შუა ხანებიდან, მას მერე რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიანი რუსული სახელმწიფო და მისი ხელმწიფე – მოსკოვის დიდი მთავარი – ივანე IV 1547 წელს საზეიმოდ ეკურთხა მეფედ და ყაზანისა და ასტრახანის სახანოების შემოერთების (1552-1556) შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უშუალოდ კავკასიას დაუმეზობლდა  რუსეთი,რეალურად კავკასიაში ჩნდება  როგორც აქტიური პოლიტიკური მოთამაშე.1557 წელს  პირველი სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება დაიდო მოსკოვსა და ყაბარდოს მთავარ თემურყვას (თემრიუკ იდაროვს) შორის, რომელიც დინასტიური ქორწინებით განმტკიცდა.

ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი პოზიციები რუსეთმა სუნჯასა და თერგის შესართავთან (1567წ.) და თერგის დელტაში (1588წ.) ციხე-სიმაგრეების აგებით გაამყარა. სწორედ ამ პერიოდში (1564-1571წწ.) ლევან კახთა მეფის ინიციატივით რუსულმა სამხედრო ნაწილებმა კავკასიონი გადმოლახეს და კახეთში ჩადგნენ. მოსკოვმა XVIს. 80-იან წლებში უკვე იურიდიულად გააფორმა თავისი პროტექტორატი კახეთის სამეფოზე,ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთი მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდა ცალკეული თემებისა და დაღესტნის ზოგიერთი სახანოს თავის მფარველობაში აყვანას, თუმცა რუსეთს ამ პერიოდში, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით,როგორც ჩანს, რაიმე სერიოზული ნაბიჯი კავკასიის მიმართულებით არ გადაუდგამს.

XVII საუკუნეში რუსეთთან კავშირი დადეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა. მაგრამ რუსეთის ინტერესები იმჯერადაც არ ითვალისწინებდა კავკასიაში აქტიური პოლიტიკის გატარებას. რადგან რუსეთი რუსეთ-თურქეთის 1677-1681 წლების ომში იყო ჩართული და არ ეცალა კავკასიისათვის.

თურქეთმა XVII საუკუნის მეორე ნახევარში ჟეჩ პოსპოლიტას წაართვა პოდოლიე და ცდილობდა ხელთ ეგდო მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის უკრაინა.მარჯვენა ნაპირის უკრაინაში თურქეთის დამკვიდრება არ დაუშვა რუსეთმა. 1677 და 1681 წლებში კაზაკებისა და რუსეთის ჯარებმა ორჯერ სერიოზული დარტყმა მიაყენეს თურქეთისა და ყირიმის სახანოს ჯარებს. 1681 წელს რუსეთს თურქეთსა და ყირიმის სახანოს შორის დაიდო ზავი,ზავის პირობა თურქეთსა და ყირიმის სახანოს ავალდდებულებდა, რომ 20 წლის განმავლობაში რუსეთის მტრებისათვის დახმარება არ აღმოეჩინათ.

1682 წელს მეფე თევდორე მე-3 გარდაიცვალა და რუსეთი შინაპოლიტიკური კრიზისი დაიწყო. XVII საუკუნი 90-იანი წლების დამდეგიდან პეტრე I დიდი (1682-1725)  აქტიურ სახემწიფოებრივ მოღვაწეობას შეუდგა დაბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა კასპიისპირეთშიც მოეპოვებინა პოზიციები და ხელში ჩაეგდო აქ გამავალი სავაჭრო გზები. ზღვაზე გასასვლელის მოპოვების აუცილებლობაზე პეტრემდე რუსეთის სხვა მეფეებიც ფიქრობდნენ. პეტრე I- მა ეს საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად აქცია.

1722-1723 წლებში კასპიისპირეთში რუსთა ჯარების ლაშქრობის დროს პეტრე I-მა სამხედრო პოლიტიკური კავშირი შეკრა ქართლის მეფე ვახტანგ VI-თან. რუსეთის მოკაცშირედ ვახტანგ VI-ის ხელმძღვანელობით სომეხთა ლაშქარიც გამოვიდა,მაგრამ რუსეთი კავკასიაში ფეხის მოსაკიდებლად კვლავ მოუმზადებელი აღმოჩნდა.

მხოლოდ XVIIIს. 20-იან წლების დამდეგს პეტრე I-მა მოინდომა ქართლის მეფე ვახტანგ VI-სთან კავშირში გადამწყვეტი დარტყმის მიყენება სპარსეთისთვის, მაგრამ ე.წ. “ლაშქრობა სპარსეთში”, რომლის მთავარი მიზანი იყო დასავლეთ კასპიისპირეთის რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოქცევა და სრული გავლენის დამყარება მთელ კავკასიაზე, წარუმატებელი აღმოჩნდა და კავკასიაში სტატუს-ქვო შენარჩუნდა.

რუსეთის ხელისუფლება გადამწყვეტ შეტევაზე კავკასიის მიმართულებით გადავიდა 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როდესაც მან გაგზავნა სამხედრო კონტინგენტი საქართველოში და ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან – ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სა და იმერეთის მეფე სოლომონ I-თან ერთად პირველად განახორციელა სამხედრო მოქმედებები სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთის წინააღმდეგ. 1774 წელს დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთმა პირველად შეიტანა მცირე კორექტივი ოსმალეთის პოლიტიკაში იმერეთის სამეფოს მიმართ.

XVIII  საუკუნის მეორე მეოთხედში,რუსეთის საგარეო პოლიტიკა აღარ იყო ისეთი აქტიური, როგორც XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში. ქვეყანა ისვენებდა ხანგრძლივი და მძიმე ომებისგან.

რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა

 

იმ პერიოდში,როდესაც ბრძოლა მიდიოდა კავკასიის დაუფლებისთვის ირანსა და თურქეთს შორის,კავკასიის ქრისტიანი ერები, ქართველები და სომხები პრორუსულ ორიენტაციაზე იყვნენ, ხოლო მუსლიმი ერები კი, ნაწილი პროთურქული, ნაწილი პროირანული.

იმ პერიოდში რუსეთს უნდა აღმოსავლეთში პოზიციების გამყარება და ამისთვის მას აუცილებლად სჭირდება კავკასიის დაპყრობა, ამაში კი მას საქმეს უადვილებენ ქართველი მეფე-მთავრების პრორუსული ორიენტაცია.

რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა განხორციელდა სამ ეტაპად:

  1. 1801 – 1813 წ.წ, ამ პერიოდში რუსეთი იპყრობს საქართველოს, აზერბაიჯანს და შავი ზღვის სანაპიროს ზოგიერთ ტერიტორიას.
  2. 1813 – 1829 წ.წ განხორციელდა, დაიპყრო სამხრეთ საქართველო,აღმოსავლეთ სომხეთი და შავი ზღვის სანაპიროს უდიდესი ნაწილი.
  3. 1830-1864 წ.წ – მესამე ეტაპზე დასრულდა მთლიანად კავკასიის დაპყრობა.

XVIII – საუკუნის 80 – იანი წლების დასაწყისისთვის რუსეთმა გადაწყვიტა ყირიმის სახანოს დაპყრობა და მთელი ძალები მობილიზებული იქნა შავი ზღვის აუზზე ბატონობისთვის,აშკარა იყო რუსეთის ინტერესები კავკასიაში და სამხრეთ კავკასიისთვის მებრძოლ ირანსა და თურქეთს ახლა უკვე რუსეთი დაემატა. ამ პერიოდში ამ სამ სახელმწიფოში რუსეთი აშკარად უფრო ძლიერი იყო და ამას ერეკლე II – ე ხვდებოდა, ის ცდილობდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა რუსეთის სწრაფვა სამხრეთ-კავკასიისკენ, მაგრამ მოცემულ მომენტში აშკარა რუსული პოლიტიკის გატარება საშიში იყო, რადგან მართალია ირანი და თურქეთი ამ პერიოდში დასუსტებული იყო, თუმცა არა იმდენად, რომ საქართველოსთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინათ.

ამ პერიოდში საქართელოც მძიმე სიტუაციაში არის და ფაქტიურად ერი გადაშენების პირას დგას, მოსახლეობა მხოლოდ 700-800 ათას ადამიანს ითვლის და ლოგიკურია ამ პერიოდში როცა ირანისა და თურქეთის მხრიდან მოდის აგრესია, საქართველო ცდილობს მფარველის მოძებნას, რუსეთსაც უნდა კავკასიასი უბრძოლველად შევიდეს, გადალახოს ქედი და ამ შემთხვევაში ორივეს ინტერესი იკვეთება, თუმცა რუსეთს უნდა რომ საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველო სთხოვს რუსეთს მფარველობას.

ამიტომ 1782 წელს ერეკლე II -მ მიმართა ეკატერინე II – ეს, ქართლ-კახეთის სამეფო მფარველობაში მიეღო.

1783 წელს ხელი მოეწერა ტრაქტატს, რომელიც ციხე-სიმაგრე გეორგიევსკში გაიმართა.

1784 წელს კი სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა ერეკლე II – მ და იგივე აქტი მოახდინა ეკატერინე II – მაც.

ერეკლე II – იმედოვნებდა, რომ ამ ტრაქტატის შედეგად, საქართველო მოახერხებდა ლეკთა თარეშის აღკვეთას და მოახერხებდა ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებასა და საქართველოს გაერთიანებას, თუმცა რა თქმა უნდა რუსეთს ძლიერი და ერთიანი საქართველო არ სჭირდებოდა. მას სჭირდებოდა სუსტი ქვეყანა, რომელსაც მის იქით გზა არ ექნებოდა.

ტრაქტატის დადება რაც რუსეთის კავკასიაში გამოჩენას ნიშნავდა, როგორც კავკასიის სახანოებისთვის, ასევე თურქეთის ირანისა და ევროპული სახელმწიფოებისთვის (საფრანგეთი და ინგლისი) მიუღებელი იყო.

გეორგიევსკის ტრაქტატის დადება იყო ქართლ-კახეთის სამეფოსთვის და ზოგადად მთლიანად საქართველოსთვის უდიდესი დიპლომატიური მარცხი, რადგან ამან გამოიწვია სხვადასხვა სახანოების ლაშქრობები საქართველოში, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ა.შ

ქართლ-კახეთის დაპყრობით დაიწყო კავკასიაში რუსეთის ვრცელი იმპერიული გეგმები.

1826-28 წლებში რუსეთ – ირანისა და 1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომებში გამარჯვებით, თურქმენჩაისა და ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებების ძალით, რუსეთმა ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დააკანონა თავისი ბატონობა ამიერკავკასიაში, ჩრდილო-დასავლეთკავკასიასა და შავი ზღვის სანაპიროზე დაპყრობილ ამიერკავკასიაში რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა.

1846-49 წლებში მთელი ამიერკავკასია, ცენტრალური რუსეთის მსგავსად, გუბერნიებად დაიყო. 1864 წელს კავკასია სამეფისნაცვლოს სტატუსი მიიღო.

რუსეთმა ამიერკავკასია ისე დაიპყრო,რომ ჩრდილო-კავკასია მის მფლობელობაში არ გადასულა. სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის მდგომარეობა ჩრდილო-კავკასიაში მძიმე იყო. ყაბარდო აშკარად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, დაღესტნის თავისუფალი თემების დიდი ნაწილი საერთოდ არ ცნობდა რუსეთის უზენაესობას, ავარის სახანოს კი გაუკვეველი პოზიცია ეკავა, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ჩერქეზეთიდან რუსეთის ტერიტორიას მუდმივად ესხოდნენ თავს,კარგად ორგანიზებული რაზმები.

თავდასხმების მიზანი იყო ჩრდილო-კავკასიის ბარში რუსეთის მიერ მიტაცებული ნაყოფიერი მიწების უკან დაბრუნება.ამ ტერიტორიის გარეშე კავკასიის მთის მოსახლეობას არსებობა ძალიან უჭირდა. მოსახლეობა სიღატაკისა და შიმშილისათვის იყო განწირული. რუსეთი ჩრდილო კავკასიის მთის მოსახლეობისათვის წართმეული ტერიტორია, სპეციალური გამაგრებით,ე.წ კავკასიის ხაზით იცავდა.

1812 წლის სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ, რუსეთის პოლიტიკა ჩრდ. კავკასიაში გააქტიურდა. XIX საუკუნის ოციან წლებში რუსებმა რამდენიმე სამხედრო ექსპედიცია მოაწყვეს, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ყაბარდოსა და ყუბანისპირეთში, დამსჯელ ექსპედიციებს სასურველი შედეგი არ მოჰქონდა.  კავკასიელები ვერ ურიგდებოდნენ რუსების ბატონობას. ჩრდ. კავკასიაში ძლიერი ანტირუსული მოძრაობა იწყებოდა, ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ გამოვლინებას წარმოადგენდა 1825 წელს მიმდინარე აჯანყება, ბეიბულათ თაიმაზოვის წინამძღოლობით.

რუსეთის სასტიკი მოპყრობით გატანჯულმა მოსახლეობამ ისლამის იდეებით დაიწყო გაერთიანება,საბფუველი ეყრებოდა მიურიდიზმს. მიურიდიზმის ფუძემდებლები იყვნენ მუჰამედი და ყაზი მოლა, ყაზი მოლას გარდა ჯემალ – ედინის მიმდევარი იყო შამილი, მან გააფართოვა მიურიდიზმი და რელიგიურ – დოგმატური სფეროდან,სამართლებრივ – პოლიტიკურ სფეროში გადაიტანა და ომის პირობას შეუსაბამა.

1830 წლიდან იმამმა ყაზი მოლამ რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადი ( საღვთო ომი ) გამოაცხადა. ომის პერიოდში კავკასიაში განლაგებული რუსეთის ჯარის რაოდენობა 60 000 კაციდან 100 000 კაცამდე მერყეობდა, არტილერიის რაოდენობა 120 ქვემეხიდან 1000 ქვემეხამდე გაიზარდა.

ომის დაწყებისთანავე ივანე პასკევიჩმა ალყა შემოარტყა გიმრს,ყაზი მოლას მთავარ საყრდენ პუნქტს, მაგრამ დაღესანში,ჩეჩნეთში,ჭარ-ბელაქანში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულმა აჯანყებებმა დამპყრობლებს ყაზი მოლას წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

1832 წელს, კავკასიის ახალმა მთავარმართებელიმა, გენერალმა გ. როზენმა ოქტომბერში გიმრი აიღო, იმამი ყაზი მოლა ბრძოლაში დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა მისი უახლოესი თანამებრძოლი, შამილი.

ყაზი მოლას სიკვდილმა ჯიჰადი ( საღვთო ომი ) ვერ შეაჩერა, მიურიდების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

ყაზი მოლას სიკვდილის შემდეგ, იმამად არჩეულ იქნა ჰამზათ ბეგი ( 1832 – 1834 ), ყაზი მოლამ და ჰამზათ ბეგმა ჯიჰადის დაწყებასა და მიურიდიზმის იდეების დანერგვასთან ერთად დაიწყეს ჩეჩნეთსა და დაღესტანში ოდითგანვე არსებული ადათების ნაცვლად შარიათის კანონების დამკვიდრება, შარიათის კანონების დამკვიდრებამ ხელი შეუწყო იმამატის განმტკიცებას.

1834 წელს დაღესტნის იმამი გახდა შამილი( 1834 – 1859 ).

1834 წლიდან კავკასიის ომი ახალ ფაზაში შევიდა,ჯიჰადს უკვე წინამძღოლის ნიჭით უხვად დაჯილდოებული დიდი პატრიოტი და უმამაცეს ადამიანი შამილი ედგა სათავეში, შამილმა შეძლო ძლიერი თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. იმამატის ტერიტორია მოიცავდა ჩეჩნეთის სამხრეთსა და დაღესტნის ჩრდილო ნაწილს.

იმამატი დაყოფილი იყო ოლქებად, რომელთა სათავეშიც ნაიბები იდგნენ, იმამატის ცენტრალური სამხედრო – ადმინისტრაციული აპარატი დაახლოებით 400 მიურიდისგან შედგებოდა, ესენი იყვნენ შამილის უერთგულესი და ამავე დროს უმამაცესი ადამიანები.

შამილის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალა 10 000 დან 20 000 მდე კაცს ითვლიდა, შამილის რეზიდენცია აულ ახულგოში იყო, 1834 წელს შამილის პირველი შეტაკება მოხდა რუსეთთან.

1834-37 წლებში დიდი მასთაბის ბრძოლები არ მომხდარა, ამან კი შამილს საშუალება მისცა თავი მოეყარა სერიოზული სამხედრო ძალისათვის,შამილი ხედავდა, რომ მხოლოდ იმამატის ძალებით რუსეთს ვერ გაუმკლავდებოდა, საჭირო იყო მოკავშირეების შეძენა, იგი თურქეთის სულთნის ერთგულების დეკლარირებასაც ახდენდა,იმავდროულად დახმარებას ინგლისის მთავრობას სთხოვდა, რეალური დახმარება ვერც თურქეთისგან და ვერც ინგლისისგან ვერ მიიღო.

1839 წელს დიდი მსხვერპლის ფასად რუსეთის ჯარმა ახულგო აიღო,დაჭრილი შამილი მიურიდების რაზმთან ერთად ჩეჩნეთში გადავიდა.

XIX საუკუნის 40 – იან წლებში შამილმა რუსეთის ჯარები რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხა.

ხელში ჩაიგდო შავი ზღვის სანაპიროს გამაგრებული ხაზის ერთი მონაკვეთი, დაიკავა ავარია და კვლავ აღადგინა თავისი ხელისუფლება დაღესტანში.

1842 წელს იჩქერიის ტყეში,შამილმა გაანადგურა რუსთა დიდი რაზმი.

1845 წელს კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი აულ დარგოს რაიონში პირადად ხელმძღვანელობდა დამსჯელ ექსპედიციას, რუსებმა დიდი ზარალი ნახეს და უკან დაიხიეს. ამ წარმატების შემდეგ, 1846 წელს შამილი ოსეთსა და ყაბარდოში შეიჭრა, აპირებდა ჩერქეზეთზეც გაევრცელებინა თავისი ძალაუფლება, გარკვეული წარმატებების მიუხედავად იმამატის საზღვრებში ოსეთის ყაბარდოსა და ჩერქეზეთის მოქცევა, შამილმა ვეღარ შეძლო.

1853 წლისათვის რუსეთმა შამილის რაზმებს მთიანი დაღესტნის ტერიტორია დაატოვებინეს.

ყირიმის ომის დროს შამილის ძალები იმდენად დასუსტებული იყო, რომ 1854 წელს, მან მხოლოდ კახეთის რამდენიმე რაიონის დარბევა შეძლო.

ყირიმის ომის შემდეგ შამილის მდგომარეობა უიმედო გახდა, 1859 წლის აგვისტოში სასტიკი ბრძოლების შემდეგ, რუსეთის ჯარმა ღუნიბი აიღო, შამილი ტყვედ აიყვანეს, ხოლო იმამატმა არსებობა შეწყვიტა.

შამილის დამრაცხებამ ძირფესვიანად შეცვალა ვითარება ჩრდილო – დასავლეთ კავკასიაშიც, მუჰამედ ემინმა, რომელიც 1848 წლიდან შამილის დავალებით სათავეში ედგა, ჩერქეზების ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, 1859 წლის ნოემბერში, თავი დამარცხებულად ცნო და რუსეთის ერთგულება დაიფიცა.

1863-64 წლებში რუსეთის ჯარმა მთელი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ტერიტორია დაიკავა, 1864 წლის მაისში რუსებმა ბრძოლით დაიკავეს ჩერქეზთა ერთ-ერთი ტომის, უბიხების სიმაგრე კბადუ,კავკასიის დაპრყრობისათვის წარმოებული ომი დამთავრდა.

ამრიგად 1801 წლიდან 1864 წლამდე რუსეთის იმპერიამ მთელი კავკასია დაიპყრო.

 

სულხან ბორძიკაშვილი

მოწამეთა წალკოტი

I თავი

უთვალავ გმირთა მხარესა

მღვრიე არღუნის პირასა,

აყვავებულა დეკაო

კლდიან ფერდობის ძირასა.

იქვე ფერდობის თავზედა

საბრძოლო კოშკი მდგარია,

ერთ დროს ეჭირა მტერთაგან

მითხოველების კარია.

Continue reading

მიშა ჯახუას ბლოგი: „ЧЕЧЕН ВЕЧЕН“

პირველად ჩეჩნების შესახებ ღრმა ბავშვობაში, აფხაზეთის ომის დროს გავიგე მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგის მხარეს იბრძოდნენ, ჩემთვის ჩეჩნები არასდროს ასოცირდებოდნენ მტრებთან. შემდგომში რუსეთთან ომის დროს, ისინი ჩემთვის იქცნენ მემბრძოლი სულის სიმბოლოებად, იდეისთვის მებრძოლ ერად, რომელიც ამ იდეისთვის ბრძოლას შეეწირა. სწორედ მათ ამგვარ აღმქას ეხმიანებოდა ფრაზა „ჩეჩენ ვეჩენ“.

ეს ფრაზა ჩვენი მსგავსი მცირე ერის წარმომადგენლებს აფიქრებინებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა არსებობს რაღაც ღირებულება, რაც წარუშლელი და დაუმარცხებელია. ჩეჩენი ერი იქცა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.

Continue reading

ქალის როლი და ფენომენი ვაინახურ საზოგადოებაში

იშვიათია სამყაროში  საზოგადოება, სადაც ქალი ისეთი პატივცემული და დაფასებულია, როგორც ეს ვაინახურ თემში ხდება. მართალია, არსებობს  არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოსდა ვაინახებში ქალი დაჩაგრულია და  არანაირ როლს არა ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სინამდვილეს არ შეეფერება და სამწუხაროდ, საზოგადოებაში ამ აზრის ჩამოყალიბებას თავის მხრივ ხელი შეუწყო იგივე მცდარმა წარმოდგენამ ისლამურ სამყაროში ქალის დაჩაგრულობის შესახებ.

Continue reading

მეზობელ ქისტებს

ქისტებო. ფხია ვარ, მე თქვენი მეხოტბე,
იქერშლოს სახანოს რად აწევს წკვარამი?
აღარვინ შემორჩა ამ სოფლებს მეთოფე,
ჯავრისგან აჟრჟოლებს აკლდამებს ვარამი.

Continue reading

მგლის ფენომენი გოდერძი ჩოხელის შემოქმედებასა და კავკასიის რეალობაში

”იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი”…

ჩეჩნური ხალხური

«Кто-то справедливо заметил, что в типе чеченца, в его нравственном облике есть нечто, напоминающее Волка. Лев и Орел изображают силу, те идут на слабого, а Волк идет на более сильного, нежели сам, заменяя в последнем случае все – безграничной дерзостью, отвагою и ловкостью. И раз попадет он в беду безысходную, то умирает уже молча, не выражая ни страха, ни боли, ни стона»

В. Потто,  XIX век (18361911 генерал-лейтенант, военный историк).

 

მგელი ყველაზე პოეტური და პოპულარული  მხეცია მთიელთა წარმოდგენაში. იშვიათია სამყაროში ცხოველი, რომელიც  ადამიანისათვის დამახასიათებელი იმდენი დადებითი და უარყოფითი  თვისებით ხასიათდებოდეს, როგორც მგელი – ჭკვიანი, საზრიანი, სწრაფი, მოხერხებული, ადვილად შემგუებელი, სასტიკი, მამაცი, უტეხი, ურჩი, შმაგი, ქედუდრეკელი, შეუპოვარი, გამბედავი, ცბიერი, ვერაგი, მუხანათი, მებრძოლი, მუხლმაგარი, დაუღლელი, ძლიერი, ერთგული, მარჯვე, დაუმორჩილებელი, ამაყი, დაუნდობელი და როგორც ვხედავთ უფრო მეტი პოზიტიურია  მის ხასიათში, ვიდრე ნეგატიური და რაც ყველაზე მთავარია, მისი თვისებების უმეტესობა ძალიან ესადაგება კავკასიურ მენტალიტეტს, რაც ნაწილობრივ ხსნის მგლის კულტის ფენომენს კავკასიის ხალხებში.

Continue reading

ბაისანგურ ბენოელი

ბევრი ვაჟკაცი ჰყოლია ჩეჩნეთს
სამშობლოსთვის რომ უძგერდათ გული,
მაგრამ სიმბოლოდ არ დამონების
მარად დარჩება ბაისანგური!

Continue reading

გარუსებული ვაი ჩეჩნები

(ვუძღვნი ხიზირ ხაჩუკაევს, ტომით ტერელოელი, დაჯილდოებულია ,,ერის ღირსების ორდერით” )

დღეს უფროსები გახდნენ ისინი,
ვისაც ჩეჩნობა არა სჭირდება,
ან არ სურთ ჩეჩნელთ სახელ-ღირსებას,
ანდა ომი სულ არა სწყინდება.

რუსეთი უყვართ, რუსობა მოსწონთ
და რუსად იქცნენ, როგორ ახარებთ.
რუსის მთავრობის წიხლს ვით იტანენ,
თუმცა უღელი მისი ამწარებთ.

Continue reading

ზურაბ ხასაია: იჩქერია

ბორგავს რუსეთი დარჩენილი ხიშტის ამარა.
კავკასიონი – აჯანყებულ ვეფხის კამარა,
ტანკის როხროხი,რუსულ დრუნჩზე
ცეცხლის ყვავილი,
დადაღავს კლდეებს დახვრეტილი
ვეფხის ხავილი.

ო, კავკასიავ, საფლავებში სისხლი ჩაგიდის,
ელვებში ბრწყინავს ჯოხარ დუდა –
ხმალი ხალიბის,
შამილის ლეკვი, ჰაზავათის მითთა
ღუღუნი,
ამხტარი ვეფხი, კავკასიის მზით
დამდუღრული.

Continue reading

ქისტი შეფიცულები

მე-11 წითელი არმიის მიერ მენშევიკური საქართველოს დამარცხების შემდეგ მენშევიკური მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა,მაგრამ დემოკრატიული საქართველოს ღირსეულ შვილებს არ შეუწყვეტიათ ბრძოლა და წინააღმდეგობა. ახმეტელმა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა შექმნა შეფიცულთა რაზმი,რომელიც 1922-24 წლებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და მრავალი მწარე დღე გაუთენა ბოლშევიკებს. ქაქუცა კარგად იცნობდა პანკისის ხეობას და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქისტებთან.Continue reading

ნატო მუთოშვილმა ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე მესამე ადგილი დაიკავა

27 ივნისს რუსთაველის თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ფინალური კონცერტი გაიმართა.

12931014_1728201850728896_9179596416227252858_n

მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფესტივალის ლაურეატი მონაწილეები: ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ინდივიდუალური შემსრულებლები:

I ადგილი – თინა მეითოვი (თბილისი),

II ადგილი – ბესიკ ტარიელაძე  (შუახევი),

III ადგილი – ნატო მუთოშვილი (პანკისი);

გამარჯვებულ ლაურეატებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და სიგელები. ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოიცემა DVD ალბომი – ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.