ერთადერთი ქალი, რომელმაც ორჯერ დაიპყრო ევერესტი

ლეილა ალბოგაჩიევა – ინგუში ალპინისტი, ერთადერთი ქალი სპორტსმენი, რომელმაც ორჯერ დალაშქრა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი (8848მ).

ლეილა ალპინიზმით 90-იანი წლების ბოლოსკენ დაკავდა.
მისი პირველი მწვერვალი იყო იალბუზი, რომელზე ასვლაც 1998 წელს, 30 წლის ასაკში, განახორციელა. სულ, სპორტული კარიერის განმავლობაში, მან 12-ჯერ დაიპყრო იალბუზი.

ლეილა, ჯერ კიდევ სოფლის სკოლაში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობის პერიოდში, მტკიცე ხასიათის პიროვნება იყო და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა. 2012 წელს, ინგუშეთის გუნდის შემადგენლობაში, მან თავისი პირველი ასვლა განახორციელა ევერესტზე, სამხრეთის მხრიდან. პირველი რაც გააკეთა ეს იყო დუა (ლოცვა) აღავლინა და ინგუშეთის დროშა ააფრიალა მწვერვალზე. შემდგომ, უკვე 2013 წელს, მან მეორედ დაიპყრო ევერესტი. ამჯერად მარტომ. ასვლა ჩრდილოეთის მხრიდან მოხდა, რომელიც შედარებით რთულ მარშუტს წარმოადგენს.

მის მიერ დაპყრობილია მწვერვალები – აკონკაგუა (სამხ. ამერიკა, არგენტინა) და კილიმანჯარო (აფრიკა).

სამწუხაროდ, ალბოგაჩიევას ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. ის დაიღუპა 2014 წლის 21 სექტემბერს, იალბუზიდან დაშვების დროს გადმოვარდა. დაკრძალულია ალი-იურთის საგვარეული სასაფლაოზე. დალა გეჩ დოილა ცუნნა!

მგელი კანონს არ დაარღვევს – მოკვდება…

“მგელი კანონს არ დაარღვევს – მოკვდება… ხროვის სიძლიერე მგელია, მგლის სიძლიერე კი – მშობლიური ხროვა”

ცხოველები ველური ბუნების კანონებს უფრო მკაცრად იცავენ, ვიდრე ადამიანები – მსოფლიოში – ასე იწყებდა თხრობას ერთი მოხუცი, ძველი მონადირე – უცმი.

სანადიროდ ყოველთვის მარტო დავდიოდი… ბუნებასთან ცალკე ყოფნა, რომ გიწევს, აკვირდები მის საიდუმლოებებს, ხედავ ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. ხედავ და გრძნობ ბუნების, ბედის მთხრობელის, ესთეტიკას.

შენ, როგორც ცოცხალ არსებას ისე ესაუბრები. პოულობ საერთო, ორივე მხარისთვის გასაგებ ენას. გთავაზობს იცხოვრო მისი კანონებით.

მაგრამ, ადამიანი უნებლიედ ბუნების მტერია. ზიანისა და უბედურების მომტანს, ძლიერ უჭირს შეიცნოს მისი ასეთი ფასდაუდებელი სილამაზე. მაგრამ, ბუნება მავანის მიმართ დაუნდობელია. ყოველი მიწიერისა და ადამიანთა ტრაგედია, მე ვგონებ – ამბობდა უცმი, – ეს სასჯელია, ბუნების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ის ვისაც ერთხელ მაინც გადმოუხედავს სიმაღლიდან თელიპ-ქუორთ (Телип-корт), არასოდეს მიაყენებს ზიანს ბუნებას.

ხშირად მიდევნებია თვალი თელიპ-ქუორთის მწვერვალიდან. მართლაც, რა ლამაზი შექმნა ალლაჰმა ბუნება!…

მთვარიან ღამეს, თელიპ-ქუორთის მწვერვალიდან ხელის გულივით მოსჩანს სოფ. ცენთაროი (Центарой) და ჩქარი დინებით მორბენალი წყარო – იასი (Яси). გზაში ლოდებთან ჭიდილით, პაწაწინა ფანტანების შექმნით, წინაღობებისთვის გვერდის აქცევით მიჩუხჩუხებს ბრტყელ მინდორზე და ნოღაის ველების გავლით კასპიის ზღვის მკლავებისკენ მიიწევს.

ყოველ ჯერზე, როდესაც მწვერვალიდან ძირს ვეშვებოდი, წამით შევჩერდებოდი, ღრმად ჩავისუნთქავდი და წარმოვსთვამდი: “ოჰ, რაოდენ დასანანია ამ სილამაზესთან განშორება”.

ერთხელ, როდესაც მაღალ გადმოკიდულ კლდეს ვუახლოვდებოდი – აგრძელებდა თხრობას უცმი, – ბილიკზე გზა გადაღობილი იდგა 5 მგლისგან შემდგარი ხროვა. პირდაპირ ჩემგან 20 ნაბიჯში. მგლები, უშიშრად აღჭრიალებდნენ ეშვებს და ღვარძლიანად იღრინებოდნენ. მივხვდი, თუ ბილიკს არ დავუთმობდი, შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა. ამიტომ, გზა გავუთავისუფლე, ხოლო მგლებმა გვერდზე ისე ჩამიარეს, რომ სიფრთხილე არც უცდიათ, თითქოს იქ საერთოდ არც კი ვყოფილიყავი. ნახევარი საათიც არ გასულა, რომ ჩემამდე მოაღწია მგლების ყმუილმა. დაახლოებით თელიპ-ქუორთის მწვერვალიდან მოდიოდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ წამოვედი. ეს ყვეფერი ისე ჰგავდა ჩეჩნურ გუნდურ ზიქრს, რომ შევჩერდი, ვტკბებოდი არემარეთი და მთვარის შემყურე დიდხანს-დიდხანს ვუსმენდი მგლების სიმღერას.

და ასე რამდენჯერმე გადაიკვეთა ჩვენი გზები. მაგრამ, ერთხელაც დადგა დრო გაგვერკვია ერთმანეთში ურთიერთობა. ზურგჩაანთაში სამი მოკლული ხოხობი მედო. ბილიკი, რომელზეც კვლავ გადავეყარეთ, შეტაკებისთვის საშიში ადგილი იყო. ხის ტოტზე ხელმოჭიდებული, ისე რომ ბექიდან არ ვადავვარდნილიყავი, უკან ნაბიჯის გადადგმით გზა გავუთავისუფლე, როგორც წინა შეხვედრებზე ხდებოდა ხოლმე. მაგრამ, ბელადმა მკვეთრი ნახტომით გზა გადამიკეტა. ზურგჩანთა მიწაზე დავდე და თოფის ლულაში ტყვია ჩავდე. ბელადი გადმოსახტომად მოემზადა, მიმახვედრა, რომ პირველი შეიარაღებული შეტაკება არ ყოფილა მისთვის. შემდგომ, ოდნავ მოდუნდა, თითქოს ამბობდა, რომ მშვიდად დაცილების შანსი არსებობდა. საკუთარი რაზმის მიმართულებით რაღაც ჟესტი გააკეთა. ჩემი ჩანთისკენ ორი მგლის მოულოდნელი ნახტომისგან ისე შევცბი, რომ ტოტის ჩემსკენ მივიზიდე და სწრაფად ჩამოვჯექი. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი, რომ ზურგჩანთისგან ნაფლეთებიღა დარჩენილიყო. ისინი წავიდნენ, თან ერთი ხოხობი წაიღეს. ხროვას ბელადი მიჰყვებოდა უკან. მე დიდხანს გაქვავებული ვიჯექი და მომხდარზე ვფიქრობდი.

მიუხედავად მომხდარისა, კვლავ და კვლავ დავდიოდი თელიპ-ქუორთის მთებში სანადიროდ. ერთხელაც, ძველი მუხის მახლობლად ჩვენი გზები ისევ შეიყარა. და ახლა ზურგჩანთაში მხოლოდ ერთი ხოხობი მქონდა. მე ჩანთა მაშინვე ხროვის შუაგულში ვისროლე და ოდნავ უკან დავიხიე. მაგრამ, ამჯერად ბელადი თავად მიუახლოვდა, დაყნოსა და ხელცარიელი წავიდა.

ათეული წელი მგლების საქონელზე თავდასხმას არ ჰქონია ადგილი ჩვენს სოფელში. ადამიანები უკვე გადაეჩვივნენ ტყის მხეცების საფრთხეს. მაგრამ, ერთხელაც ღამით გასროლის ხმა გაისმა, ისმოდა შეძახილებიც. “3-4 ცხვარი გაგუდეს, 2 წაიყვანეს”, “მე ეზოში ვიყავი, ვნახე ნადავლთან ერთად ტყის სიღრმისკენ მიმავალი ორი მგელი, არ დამიჯერებთ, მაგრამ ზურგით ცხვრები მიჰქონდათ, მსგავსი რამ პირველად ვნახე”. “მგლების კანონით – ამბობდა უცმი, – ახლომდებარე სოფლებს ისინი ზიანს არ აყენებენ… ეს ჩემი მეგობრები კი არა, არამედ გარედან შემოსულები იყვნენ. ისინი თავიანთ მიდამოში მშვიდობას არ დაარღვევდნენ”. წავლენ თუ არა თელიპ-ქუორთის ბატონებისგან შეუმჩნევლად – ფიქრობდა უცმი ნაცნობ ხროვაზე. თუ, ბელადი კლდიდან ფხიზელი მზერით გადმოჰყურებს თავის რეგიონს, მაშინ სასიკვდილი ბრძოლა, ხროვასა და დაუპატიჟებელ სტუმრებს შორის, გარდაუვალია. ვერ მოვასწარი სიტუაციის გააზრება, რომ ჩიტების ჩუმ ჭიკჭიკში მგლების ღრიალი მომესმა. თითქოს და ფეხრთ ქვეშ მიწა იძვროდა. დამიჯერებთ თუ არა, მეგონა, რომ თათების დარტყმის ხმა მესმის და ვხედავ პრიალა ეშვების ელვარებას. ყველაფერი ეს 20 წუთი გრძელდებოდა.

გამთენიისას, ნამაზის (ლოცვა ისლამში) აღსრულების შემდეგ, უკვე შეყრილი ხალხის გროვისკენ გავემართე, რომლებიც სამ მოკლულ მგელს დაჰყურებდნენ მთის ფერდობზე, სადაც ორ ხროვას შორის ეს სასიკვდილო შეტაკება შედგა. ქვემოთ, კლდის ძირში, იპოვეს მეოთხე დაფლეთილი, დაჭრილი თეთრი მგელი. საკუთარი კანონის წესით, მგლები დაჭრილ მგელს ცოცხალს არ ტოვებენ, საკუთარი ხროვისასაც კი. მათი ჩვეულების მცოდნე – ამბობდა უცმი, აქეთ-იქეთ ვიყურებდი, ხომ არ იმალებოდა შემსრულებელი. და არ შევმცდარვარ. ტყიდან ხშირად გადმოგვხედავდა და ნერვიულად შფოთავდა ჩემი ძველი ნაცნობი – ხროვის ბელადი. თითქოს ჩემი მზერის დაჭერას ელოდებოდა, და როდესაც მას წააწყდა, საკუთარი საქციელით კმაყოფილი ტყეში მიიმალა.

ხალხი ბექს მიაწყდა, ზოგი ფიწლით, ზოგი ჯოხით ხელში, რომ ბოლო მოეღოთ დაჭრილი მგლისთვის. მივხვდი, რომ ბრბოს თხოვნით ვერ შევაჩერებდი, ამიტომ ჰაერში ორი გასროლა განვახორციელე და განვაცხადე: – “ის ვინც კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს მგლისკენ, ვფიცავ, მესამე გასროლა მისთვის იქნება”, – თავად კლდისკენ გავეშურე. დაჭრილი მგელი იწვა, სისხლისგან იცლებოდა, უძლურად ცდილობდა თავის გატოკებას. მისი მდგომარეობა ჩემთვის გასაგები იყო, მაგრამ დახმარების გარეშე სახლამდე ვერ მივიტანდი. ორი ახალგაზრდა ბიჭი ჩემი მზერით მიხვდა თუ რა მიჭირდა და ჩემსკენ გამოეშურნენ: “მზად ვართ დაგეხმაროთ უცმი, დიდი ალბათობით მგელი ჩვენს ინტერესებს იცავდა, თუ მისი გადარჩენა კიდევაა შესაძლებელია”. – “კარგი ვეტერინარი ვიცი. მას ახლა მხოლოდ სიმშვიდე დაეხმარება, ჩემს ქოხში უნდა მივიტანო”, – ამბობდა აღელვებული უცმი.

ზოგიერთი თანასოფლელი უკმაყოფილო იყო, რომ უცმის მგლის გადარჩენა სურდა…

ყოველდღიურად მტკიცდებოდა მეგობრობა უცმისა და თეთრ მგელს შორის. სოფელში ბევრი საუბარი იყო. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ სოფელი ცენთაროი, მშვიდად ცხოვრობდა მრავალი წელი, რადგან მას თელიპ-ქუორთის მგლები იცავდნენ. მეორენი კი ამბობდნენ, რომ თითქოს უცმის, თელიპ-ქუორთში, მგლების ბუნაგში, მოკლული ცხვრის, ძროხის ხორცი მიჰქონდა და ამიტომ იცავდნენ მგლები სოფელს. მაგრამ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, სოფელში ნამდვილად სიმშვიდე იყო გამეფებული.

უცმიმ მგელს სახელიც მისცა – თურფალ (ჩეჩნ. გმირი). როდესაც ამ სახელს წარმოსთქვამდა, მგელი ფეხზე წამოხტებოდა, და ყურებდაცქვეტილი შეჰყურებდა თავის მხსნელს. უცმის ხორცის დიდი ნაჭრები და წყალი მიჰქონდა მისთვის და მეგობრულად, ერთმანეთისთვის ხელის შეშლის გარეშე ნადიმიბდნენ ხოლმე.

მაგრამ, მალე განშორების ჟამი დადგა. უცმი თურფალთან ერთად თელიპ-ქუორთისკენ გაემართა. გადმოკიდულ ლოდს მიუახლოვდნენ თუ არა, მგლების სწორი დგომი და თავაწეული, ბელადი დაინახა, თითქოსდა, შეტაკება იყო მოსალოდნელი. მან უცბად გაიფიქრა – “ნუთუ მე გამოვკვებე და აღვზარდე უცხო”, მაგრამ თურფალისკენ მობრუნებულმა მის მბრწყინავ თვალებში შეხვედრის ბედნიერება ამოიკითხა. გადავწყვიტე, რომ ახალა წასვლა შეიძლებოდა და წყაროს ავუყევი. მესმოდა, რომ ჩემი არყოფნა თურფალისთვის უკვე საფრთხეს არ წარმოადგენდა. განზე გამდგარი ვხედავდი, რომ ხროვა სიხარულით შეხვდა თურფალს. შევტრიალდი და სახლში წავედი.

მაგრამ, ჩემი მეგობრების ტრაგედია ამით არ დამთავრებულა. შაბათ დღეს თელიპ-ქუორთის თავზე გასროლების ექო გაისმა. ორი საათი არ გასულა, რომ საიდის ბიჭებმა ძუ მგელი მოკლეს და მგლის ორი ლეკვი მოიყვანეს. საიდის ეზოში შეკრებილი ხალხის ბრბო, ჯერ კიდევ პატარა, ლეკვებს აღიზიანებდა. ძმების საქციელით უკმაყოფილო უცმი, მიუახლოვდა და გამოლანძღა ისინი. ის ხომ ყოველთვის აფრთხილებდა – მგლები არ პატიობენ. ლეკვები ტომარაში ჩადო და ბუნაგთან მიიტანა. თუმცა, ვიცოდი – ამბობდა უცმი, – რომ მგლები ლეკვებს არ მიიღებდნენ, მაინც იმედი მქონდა, რომ მე რომ დამინახავდნენ მათ ცოცხალს დატოვებდნენ. მაგრამ, კანონი დაუნდობელია… ერთი კვირის შემდეგ, ლეკვების ბედზე დარდით შეპყრიბილი, კვლავ მივიდა ბუნაგთან. მისი წუხილი უმიზეზო არ აღმოჩნდა. დახოცილი ლეკვები წყაროსთან ელაგა.

თითქმის ერთი თვე გავიდა. მაგრამ, მგლები კვლავ არ გამოჩენილან თავიანთ ბუნაგში. მსგავს შემთხვევაში, მგლები სამუდამოდ ტოვებენ საკუთარ საცხოვრებელს.

როგორღაც გვიან საღამოს უცმი ნადირობიდან ბრუნდებოდა, როდესაც მის შესახვედრად,დიდი ხნის უნახავი თურფალი გამოვიდა. ის, თითქოს, თავისკენ იხმობდა, თითქოს ცდილობდა მისთვის რაღაცის ჩვენებას. “მოვიდა, – თქვა ბედნიერმა უცმიმ, – მაგრამ რით?!” მგელი ახლა უკვე არ ხუმრობდა და დაიბღვირა მისი მისამართით. მიდიოდა, თან გზადაგზა ჩერდებოდა და უცმის თავისკენ იხმობდა. თითქოსდა, დასახმარებლად. – როდესაც მგელი საიდის ნაკვეთისკენ გაემართა, მე შიშმა და დაბნეულობამ შემიპყრო… ეს შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა. ერთამნეთისგანს არც ისე მოშორებით საიდის მოკლული ვაჟები იწვნენ. თავად ის მძიმედ იყო დაჭრილი. ნახევარ მეტში, მათ მიერ დაჭრილი ხროვის მოხუცი ბელადი იწვა. მე ტყის სიღრმისკენ მიმავალი თურფალისკენ მივიხედე და ცოტა ხმამაღლად წარმოვსთქვი: “ეს რა ჩაიდინე?”

ჩემი შიში გამართლდა… საიდის სახლში ხალხი დაკრძალვაზე იყო შეკრებილი. მან გვიამბო: – “ჩემმა ვაჟებმა დანაშაული ჩაიდინეს და სიკვდილით აგეს პასუხი. როდესაც მგლები მათ თავს დაესხნენ, დახმარება მინდოდა, მაგრამ ბელადი ძირს მაგდებდა და არ მიშვებდა. მე არაფერს მიშავებდნენ მანამ, სანამ ბელადი არ ავჩეხე, რომელმაც სიკვდილამდე მოასწრო და ორჯერ მიკბინა. მაგრამ, აქ თურფალი გამომექომაგა და ძირს დამაგდო, ამით სიკვდილი ამარიდა. სხვა მგლებს არ მისცა ჩემთან მოახლოების საშუალება. მათ ცალ-ცალკე დაგვტოვეს. თურფალი მარტო წავიდა.

სავსემთვარიან ღამეს მის სახლში წმინდა გალობა – ზიქრი სრულდებოდა, ხოლო თელიპ-ქუორთის მხრიდან მგლების ყმუილი ისმოდა, მსგავსი ზიქრის გალობისა. თითქოს, ჩვენთან ერთად იზიარებდნენ ამ ტკივილს…

ასე, ჩვენი ცხოვრებაც უწყვეტ კავშირშია ბუნების ჰარმონიულობასთან. ჩვენ ჩეჩნები, მგლების მსგავსად, არ ვპატიობთ უდანაშაულოდ მოკლული ძმებისა და დების სიხლს. ჩვენ არ ვპატიობთ ღალატს. ამაყი, ჩეჩენი დაუმორჩილებელი ერი, რომლის გატეხვაც სურთ, მუხლი უნდათ მოადრეკინონ, წაართვან საკუთარი ბუნაგი, კანონები. მერამდენე წელია, რაც ტანჯვა-წამებაში ამყოფებენ, სურთ აღაგავონ პირისაგან მიწისა.

და თქვენ როგორ ფიქრობთ?! მგლის ხროვა ყალყზე არ წამოდგება?! გგონიათ ისინი არ დაანახებენ საკუთარ ეშვებს დაუპატიჟებელ სტუმრებს, რომლებიც კეთილი საქმისთვის არ მოსულან. ყოველი ბელადი, დაუფიქრებლად დადგება საკუთარი ხროვის სადარაჯოზე, იბრძოლებს ბოლო წვეთამდე, რადგან როგორც უცმი ბაბუა ამბობდა, ბელადის სიძლიერე – მშობლიური ხროვაა, ჩეჩნების ძალა – ერთობა, პატიოსნება, რწმენა და მისი წმინდა, მშობლიური მიწაა. მიწა, რომელიც გაჟღენთილია მათი საუკეთესო ვაჟების მიერ დაღვრილი სისხლით, დედებისა და მოხუცების მწარე ცრემლებით.

ჯერ კიდევ 40-იან წლებში, როდესაც ჩეჩენი ერი არაფრის გულისთვის გაასახლეს ყაზახეთში, წინაპრები, მოხუცები რომლებმაც თავისი დრო წუთისოფელში თითქმის მოათავეს, თვალზე ცრემლით და ცხარე ტკივილით გულში, მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდნენ – საკუთარ, მშობლიურ მიწაზე. შიშობდნენ, რომ კვლავ ვეღარ ნახავდნენ მას. შიშობდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ უცხო მიწას მიაბარებდნენ მათ გვამებს…

გასახლების თაობაზე, რომ გაიგო უცმი ბაბუამ, მუჭით მიწა აიღო, ცხვირსახოცში გაახვია და თან წაიღო უცხო მხარეში. იქ მრავალი წელი ინახავდა, უფრთხილდებოდა როგორც ყველაზე ძვირფასსა და წმინდას, ვიდრე მისი სიცოცხლესთან განშორების ჟამი არ დადგა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარ ვაჟს სთხოვა, მოეტანა ნაჭერი მშობლიური მიწისა, რომელიც მრავალი წელი მის ჩემოდანში ინახებოდა. ხელების კანკალით გახსნა კვანძი. პატარა ბავშვივით ტიროდა. ხარბად აიღო ხელში, კოცნიდა და თან ამბობდა: “სამწუხაროა, რომ ჩემს ნაშთებს შენ არ მოგაბარებენ, მაგრამ დაე ჩემს სუდარას პირველი ეს ერთი მუჭა მოაყარონ”.

შემდგომ ირგვლივ მყოფებს გადახედა და ნელა განაგრძო თავისი თხრობა: – “ჩვენ ვცხოვრობდით და ეჭვი არც გვქონია, რომ გასახლებას გვიპირებდნენ. მაგრამ, ერთ ლამაზ დილას, მოვიდა ჩვენი დროც. სოფელს სამხედრიებმა ალყა შემოარტყეს – ისინი ყველგან იყვნენ: ყოველ ეზოში, უბანში და ტყეშიც კი. ჩვენ ნაბრძანები გვქონდა, სწრაფად მოვმზადებულიყავით გასამგზავრებლად, რომ თან მხოლოდ ყველაზე საჭირო წამოგვეღო, ზუსტად იმდენი, რამდენის ტარებასაც ხელით შევძლებდით.

ჩვენი ქვეითთა კოლონა, НКВД-ს თანმხლებით, სოფლიდან რაიონის გზას გაუდგა. გზა ტყის გავლით გადიოდა. ჩვენ სოფელ ახქინჩუ-ბორზოიმდე (Ахкичу-Борзой), მივედით, რომ წინ მიმავალნი, რაზმის ბრძანების გარეშე, გაჩერდნენ. მეთაურის ხმა გაისმა: “ვინ გასცა კოლონის შეჩერების ბრძანება. ეი, თქვენ, წინ, რატომ გაჩერდა კოლონა?!” წინ მიმავალმა რაზმმა უოასუხა: – “მგელმა გზა ჩაგვიკეტა!” – “მაშ, ჩაცხრილეთ იგი!”.

ეს თურფალი იყო. თავისი მზერით ძველ ნაცნობს, უცბის, ეძებდა. ბოლოს, თვალით ერთმანეთი იპოვეს. ის თვალებით მეკითხებოდა: – რატომ მიდის თქვენი ხროვა? სად მიდიხართ? რა მოხდა? თქვენი წასვლის მიზეზი ჩვენი უკანასკნელი შეიტაკება ხომ არ ყოფილა. მე, ვიცოდი, თუ რა მოხდებოდა მომდევნო წუთებში, ამიტომ მგლისკენ გავექანე. მაგრამ, ვერ მოვასწარი ათიოდე ნაბიჯის გადადგმა, რომ ავტომატის ჯერმა ძირს დაანარცხა თურფალი. – რა უგუნურებაა! – ჩურჩულით, მკვდარ თეთრ მეგობრს ჩახუტებულმა წარმოვთქვი და ავტირდი. – შენ მაინც რაში მიგიძღვოდა ბრალი? ირგვლივ ყველა გაოცდა, განსაკუთრებით რაზმი, მაგრამ, ამას მოჰყვა ბრძანება “წინ” და კოლონა დაიძრა. მე ჯერ ისევ მეგობარს დავტიროდი. ხოლო ჩეჩნები, ვინც ჩვენი მეგობრიბის შესახებ იცოდნენ, მხარზე ხელის დადებით მამხნევებდნენ, გვერდით ჩავლისას თანაგრძნობას გამოხატავდნენ. როდესაც ყველამ ჩაიარა, მეთაური, რომელმაც გასცა ბრძანება “დახვრიტეთ მგელი” მომიახლოვდა და წარმოსთქვა: – ” ბოდიში ბაბუ, მე ხომ არ ვიცოდი. ეს მგელი ჯერ კიდევ სოფელ ცენტაროიდან მოგვყვებოდა, მე უბრალოდ ვერ მივხვდი…” და ამ სიტყვებით მან ჯარისკაცებს უბრძანა, მოხუცს მეგობრის დამარხვაში დახმარებოდნენ. და მე დავკრძალე თურფალი მსხლის ხის ძირში. – ” აი იქედან ავიღეს ეს ერთი მუჭა მიწა” – დაამთავრა მან ამბავი.

ამ უკანასკნელი მოგონებებით, მშობლიურ მიწაზე ქვითინით, ის ალაჰთან წავიდა… აი რას ნიშნავთ მამათა წმინდა მიწა. აი, რა ნიშნავს მშობლიური ბუნაგი, ხროვა, ღირსება. ასე, ბაბუს მსგავსად, დაგვტოვეს ბევრმა სხვა წინაპართაგანმა. ასე სასურველი ბუნაგის ზღურბლზე კვლავ დაბიჯების გარეშე. მკერდში მთის სუფთა ჰაერის შეუგრძნებლად, სადაც გარეული მცენარეების სურნელი საუბრობდა მშობლიურსა და ახლობელზე, საკუთარზე. ეს წმინდა მიწაა, რომლისთვისაც დღეს სისხლი იღვრება. და ეს სისხლის პირველი წყაროები არ არის. ეს არც დღეს არ დაწყებულა. ეს შორი, წარსულის წლებიდან, შეიხ მანსურისა და შამილის პერიოდიდან მოდის.

მიწას საუბარი რომ შეეძლოს!!! მიწა, რომელმაც შობს და თავის სასუფეველში მიჰყავს. რამდენ სისხლიან იასტორიას გვამცნობდა! დაუპატიჟებელი მტრების მიერ განადგურებულ, რამდენი ჩეჩენი ოჯახების ბედზე მოგვიყებოდა?! გვიამბობდა ისე და იმდენს, რომ ჩვენი ყურებისთვის აუტანელი ტკივილის მომანიჭებელი იქნებოდა ამ სასტიკი სიმართლის მოსმენა. ტკივილისგან ალბათ ვიყვირებდით: “კმარა! გეყო!…” მაგრამ ეს ისტორია თაობიდან თაობას გადაეცემა. დღეს, მგლის ხროვის ბელადი ყალყზეა წამომდგარი, და არ დაწყნარდება, სანამ მტერი არ დატოვებს მათ მშობლიურ, წმინდა მიწას.

 

მასალა რუსულიდან თარგმნა, რამზან გორგიშვილმა

ბალადა თემირლანზე

„როცა ქუთუთოები ლოდებივით მძიმეა,
მთელი შენი ბავშვობა მათ აწევას უნდები,
სხვები რომ თამაშობენ, ცეკვავენ და მღერიან,
შენ ბრძოლაში გითრევენ მხედველობის ხუნდები.“

„ნუ ხარ სევდიანი,
გრძელწამწამიანი
ბოლომდე გააღე
ნუშივით თვალები,
გამოდი, გამოდი,
აი, ხელს ჩაგჭიდებთ
აი, თან წაგიყვანთ
მეზობლის ბავშვები,
თემირლან!“

„სახეს ცისკენ ვაპყრობდი, რადგან ვიწროდ მიჩენდნენ
ჩემი ვიწრო ჭრილები – ქუთუთოებ შორის
საგნებსა და სახეებს, როგორ მინდა, მიგებდეთ,
რა ძნელია, ხედავდე ზოლის სიფართოვით.“

სახლიდან გასულები
მღერიან ასულები
და დაირწევიან
პანკისის ჭალებში:
„ოჰოი, თემირლან,
ოჰოი, თემირლან,
როდის ჩაგვახედებ
დამალულ თვალებში“.

„ალაჰ! გამომიგზავნა ზეცამ კაცი თავისი,
ჩემი ქუთუთოების სიმძიმე რომ დასძლია,
ო, როგორ გავიხარე ივლისით და მაისით,
თითქოს ვიმახსოვრებდი ჩვენს პანკისურ განთიადს.

ასე მიდიოდა მთელი ერთი წელი,
კეთილი დღეები გადიან რა მალე,
თითქოს ცხრამეტისა უცებ შევიქენი…
ახალი გრძნობები ვეღარსად დავმალე.“

ერთი რამ, ბერი რამ
ფრინველი
დუისის ტყეებში აკივლდა:
„არის უბედობის ნიშნები,
თემირლან, შენ დაგყვა აკვნიდან!
მოჰქრიან სიკვდილის მხედრები,
შენ რომ ყმაწვილ მთვარეს ედრები,
თუ ამღამ შინ დაიძინებ,
შენით ვეღარ გახვალ სახლიდან!“

„ორიათასჩვიდმეტი წელი იწურებოდა,
როცა თვალებდახუჭულს ჩამიმსხვრიეს შუბლი და
ისევ ლოდებად მექცა ფართო ქუთუთოები,
ძილი – უსასრულობად, რბილი ხმა კი – დუმილად.“

„გუშინ დაბადებულა ქრისტიანთა ღმერთი,
დღეს კი უღმერთოებმა მსხვერპლად მიიტანეს
გვარის გამგრძელებელი
ვაჟი ერთადერთი.“

„დედამ რამდენი გლოცა,
ბებომ გლოცა, გლოცა,
არაფერი არ გშველის,
მძიმე გზა გაქვს როცა.“

ჩემი სისხლით გაივსო
მშობლიური ბინა,
იმ დროს, როცა პანკისში
მდინარესაც სძინავს.

ჩემსავ სისხლში დამაგდეს,
თელავ-თბილისს მაწვალეს,
ჩვენო ახალო წელო,
რა შავბნელი მოხვალ,
ყველაფერო, მშვიდობით,
მივალ გაოცებული,
მარტო და დაუცველი
სახელმწიფომ მომკლა!“

„თ ე მ ი რ ლ ა ნ , მოგძახის ხეობა
იმისი შვილი ხარ და ბადიში,
ჰა, უბედურების დღეობა,
ჰა, შენი სისხლიანი ბალიში,
ჰა, შენი სისხლიანი ზეწარი,
დროშად იფრიალებს ვაების,
ქვეშ ხომ აღარავინ გაიშლის…“

ყორნებს ცეცხლი დაუნთიათ,
დედის გული ჩაუგდიათ
იკრუნჩხება შიშხინით… შიშხინით…

ვაი და ვაი…
შავ დათვს ქვები უპოვნია
ნაყავს ნაყავს მამის გულს,
და მოღმუის კლდის ნაშალი…

ვაი და ვაი

გოგო ტირის ტანკენარი,
მისი ცრემლი ტალღებს ერთვის,
დაა უძმოდ დარჩენილი …

ავაი, ვაი…

ხეობა გაგმირა გლოვამ,
შემართა სამართლის ვნებამ,
ახლა რას დაადგენს ღმერთი?

ვაი და ვაი თ ე მ ი რ ლ ა ნ,
ვაი და ვაი…

„ჩემს დიდ თვალებს სევდიანს
ვეღარ ნახავთ გახელილს,
ახლა მიწა დააწვათ
და მიწა ხომ მძიმეა,
მაგრამ ჩვენს ხეობაში
ჩემი უცხო სახელი
იფრენს თეთრი ჩიტივით
და ვერ შეეხებიან!
როგორც ცრემლი იელვებს,
როგორც სევდის ნამქერი,
როგორც გულში ხანჯალი,
ისე დატრიალდება…
ვეღარავინ შებღალავს,
ვეღარავინ შელახავს,
ყოველი ხსენებისას
ტანჯვად აბრიალდება!

ვაი, თ ე მ ი რ ლ ა ნ,
ვაი და ვაი!

დედა, ნუღარ იტირებ, უკვე ღმერთის ბაღში ვარ,
„თემირლანი მოვიდა!“- იძახიან სულები,
ვხედავ: ბავშვ ანგელოზებს ჩემთან მოუჩქარიათ,
მოაქვთ წყალი ალაზნის გამჭვირვალე სურებით.

დედა, ჩემი სახელი თურმე აქაც სცოდნიათ,
ჩვენი ბაღის იები თურმე აქაც ხარობენ,
ისეთი ხმები ისმის, რომ არ გაგიგონია,
აქაური ჩიტები სულ სხვაგვარად გალობენ.

ვეკითხები: „მითხარით: ის რა შავი ღელეა,
მდინარეს თუ გადავალ, მისვლა არის ადვილი?“
„შენ ვერ მიხვალ თემირლან, ღელე ღრმა და ბნელია,
არის კაცისმკვლელების უსაშველო ადგილი…“

დედა, არ დაიჯერებ, შენზე უფრო ფაქიზად
მეხებიან ამათი ვარდისფერი ხელები,
სახე ჩამომბანეს და ხვრელი შუბლზე გამიქრა,
მოხვალთ და გაკვირდებით: ისე შეგეგებებით.“

„უმზეოდ არ იქნებაო, ამბობენ,
უმთვაროდ არ იქნებაო, ამბობენ,
უშენოდ როგორღა იქნება, შვილო?“

აჰაი, თ ე მ ი რ ლ ა ნ,
აჰაი,
ვაი, მზესდანატრულო,
ვაი, ხანმოუვლელო,
ვაი, გულჩათხრობილო,
ტოლში გაუხარელო,
თ ე მ ი რ ლ ა ნ, ნაღვლიანო,
ვაი და ვაი…

 

20 იანვარი, 2018 წელი:  ნაირა გელაშვილი

მამა

 ერთი დილა გათენდა,არაფრით განსხვავდებოდა სხვა დღეებისგან გარდა ერთი რამისა,იმ დღეს პირველად ვიგრძენი ,რომ მაკლდა რაღაც, რაც ცხოვრებაში ძალიან ადრე დავკარგე. იმ დღეს მივხვდი, თუ რას განიცდიდნენ ისინი, ვინც მშობელი დაკარგა.

მამა ცხოვრებაში ძალიან დამაკლდ, რადგან არ შემიძლია მის სახეს შევხედო და ისე დავიწყო დღე. ვცდილობ, არ დამავიწყდეს მისი სახე,რადგან თუ დავივიწყე, მერე ვეღარ გავიხსენებ.

25 სექტემბერს მამას საბოლოოდ დავემშვიდობე, იგი საბოლოოდ გავიდა სახლიდან და აღარ გადმოაბიჯებდა იმ კარის ზღრულბს,საიდანაც ყოველ საღამოს შემოდიოდა.

მამას ვუყურებდი და არ მეჯერა, რომ რეალურ ცხოვრებაში მტოვებდა,იმ დღეს ვფიქრობდი „ახლა რაღა მომკლავს“ მეთქი. მე არც პირველი და არც უკანასკნელი ვარ, ვინც საყვარელი ადამიანი ან მშობელი დაკარგა, ერთ რამეს მივხვდი, რომ თუ ადამიანმა თავის თავზე არ გამოსცადა ტკივილი იგი სხვის ტკივილს ბოლომდე ვერ შეიგრძნობს და ვერ მიხვდება, თუ რას ნიშნავს დაკარგო საყვარელი ადამიანი, მართალია მომხდარს ვერაფრით ვუშველით, მაგრამ მაქვს იმის რწმენა რომ მუდამ ჩვენთან იქნები და არ მიგვატოვებ.
ამ რწმენით ვაგრძელებ ცხოვრებას, რადგან საშველი მაინც არაფერია.

მედო გაურგაშვილი – 15 წლის, ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე10 კლასისი მოსწავლე.

მე გადავცურავ ზღვას

გადავცურავ ზღვას- ამ სიტყვას დაზუსტებით ვერასდროს ვიტყვით. რატომ? იმიტომ, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ზღვა ცხოვრებისეულ ტრაგედიას წარმოადგენს,ზოგიერთი ადამანისთვის უბრალოდ ფრაზას, რომლის გამოთქმაც ადვილია,შეუძლია თქვას მაშინ, როცა მოუნდება,მაგრამ კარგად რომ დავფიქრდეთ უბრალო სიტყვებში თითქმის მთელი ცხოვრების აზრი, მიზანი,ბედნიერება,სევდა,წარმატება და თავგადასავლებია ჩაქსოვილი.

მაგრამ ყველასთვის არა, ამიტომ ყველას ეს ფრაზა სხვადასხვანაირად გვესმის და აღვიქვამთ. „გადავცურავ ზღვას“ ადვილი არ არის. ამ დროს გვხვდება უამრავი წინააღმდეგობა.

ზოგს რაღაც არ გამოსდის ან არ შეუძლია, ზოგი საყვარელ ადამიანს კარგავს, ვისაც სიარული არ შეუძლია სირბილზე ოცნებობს. გულნატკენი ადამიანი ყოველთვის ფიქრობს მე რა დავაშავე? მაინც და მაინც მე რატომ? აი, ამ დროს კი პასუხი არ გვაქვს. გარდა იმისა რომ ეს ბედისწერაა და მას ვერ გავექცევით! ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეა.

თუ გადაწყვიტე, რომ გადაცურავ ზღვას ამისთვის აუცილებელია გაითვალისწინო რომ დაგჭირდება ნავი, ზუსტად ასეა ცხოვრებაშიც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში მშობლები ეხმარებიან ან მხოლოდ მშობელი, ზოგ შემთხვევაში კი უცხო ადამიანი.

ადამიანი რამდენ ხანსაც ცოცხლობს, მით უფრო დიდ პრობლემებს აწყდება და იღებს საშინელ ტკივილსა და იარას. ამ ყველაფერს ვერ მიხვდება ისეთი ადამიანი,რომელიც მთელი დღე ერთობა, არ აქვს სადარდებელი და მიზანი.

ადვილია თქვა, რომ ეს მე შემიძლია და გავაკეთებ, მაგრამ იმ შრომას რაც გაწიე იმისთვის რომ აქამდე მოსულიყავი ვერავინ ვერ ხედავს, მხოლოდ შენ იცი რამდენი შრომა და ოფლი დაღვარე ამითვის.

ტკივილი ყველა ადამიანისთვის არსებობს,მაგრამ ყველა ადამიანში თანაბრად არ არის განაწილებული. დრო გადის ხალხი იცვლება, მაგრამ წარსულს ვერ წაშლი ის მუდამ იმეფებს ჩვენში, იქ სადაც ვერავინ ვერასდროს მისწვდება.”

 

მედო გაურგაშვილი – 15 წლის, ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე10 კლასისი მოსწავლე.

დასავლეთის დაისი

“ცხოვრება 4 მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, ესენია: სიკეთე, ბოროტება, სიმდიდრე და სიღარიბე.

თითოეულს თავისი დანიშნულება და მიზანი აქვს, როგორც ბუნება არის მრავალფეროვანი, ისეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩევიან ადამიანებიც ერთმანეთისგან.

ზოგიერთი სიმდიდრისკენ მიისწრაფვის, ავიწყდება პრინციპულობა, ცხოვრებისეული ღირებულებები და ამ სიღარიბის კარს შეაღებს.

ადამიანის ცხოვრება სიძნელეებისა და დაბრკოლებებისგან შედგება, მაგრამ ყველას ერთი ბედი არ აქვს და არც ერთი მიზანი. ამიტომ დაბრკოლებები და ტკივილიც განსხვავებულია. რამეს რომ მიაღწიო მიზანი უნდა გქონდეს..

მაგ: გინდა წყალი, ირგვლივ არავინ არის რომ მოგაწოდოს და იძულებული ხარ ადგე და თვითონ აიღო, რადგან წყურვილი მოიკლა. ადამიანისთვის ჩემი აზრით ყველაზე დიდი ტკივილი არის ახლობელი ადამიანის დაკარგვა და იმედგაცრუება.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ „ტკივილი ყველასთვის არსებობს, მაგრამ ყველაში თანაბრად არ არის განაწილებული“, ამაში ყოველ დღე ვრწმუნდები.

ხალხი იცვლება, ასევე იცვლება შეხედულებები და მიზნები. მე მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებ ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს და ვისაც არ ვიცნობ იმათაც, არ დაკარგოთ რწმენა მომავლის, იბრძოლეთ, დღეს თუ არა ხვალ გამოგივათ ის, რაც გინდათ ცხოვრებაში.”

მედო გაურგაშვილი – 15 წლის, ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე10 კლასისი მოსწავლე.

დამნაშავე ბრბო [ Blog ]

ყოველთვის მეშინოდა ბრბოსი. მეშინოდა არა მისი ყოველდღიური გაგების, რაც თავშეყრას და ერთობლივ ქმედებას გულისხმობს, არამედ ბრბოს ფსიქოლოგიური ცნების.

ორიოდე წამით დავფიქრდი, თუ როგორ შეიძლებოდა ბრბოს ამ ორი სახის ერთმანეთისგან გასაგები ენით გამიჯვნა და პირველი, რაც თავში მომივიდა, გუსტავ ლებონია თავისი თეორიით ბრბოსა და ელიტის შესახებ, რამაც თავის დროზე ბევრ რამეზე შემიცვალა შეხედულება.

ლებონი ბრბოს ფსიქოლოგიურ ცნებაში ისეთ ერთობასაც გულისხმობს, როდესაც ადამიანები ერთად არ არიან თავშეყრილი, და მაინც, ერთნაირად მოქმედებენ და ერთნაირად გრძნობენ. ბრბოს ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი მისი აზრით ინდივიდის ცვლილებაა, როგორც ფსიქიკის, ისე მოქმედების თვალსაზრისით.

თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, სოციალურში ხდება ინდივიდის გაუცხოება, ის კარგავს თავის მეობას და გადაიქცევა იმედდაკარგულ ნიველირებულ სუბიექტად.

დიახ, ეს მე ვარ, იმედდაკარგული ნიველირებული სუბიექტი და არანაირ ჰიპერბოლიზებას არა აქვს აქ ადგილი.

ეს მე ვარ, ამ ანონიმური ბრბოს აქტიური წევრი, რომელსაც სინამდვილეში ძალიან ეშინია მისი.

ეშინია საკუთარი მეობის დაკარგვის, რომელიც ამ ზნეობრიობას მოკლებული ტრადიციათა მონის და სიახლეთა მტრის – ბრბოს შიშით არც არასდროს გამოუვლენია ბოლომდე.

ეშინია იმ ორი დიდი უკიდურესობის, რაშიც ბრბო ვარდება – ან უსაზღვრო სიყვარული ან უსაზღვრო სიძულვილი, რადგან არ იცის რის ფასად დაუჯდება ან ერთი, ან მეორე.

ბევრჯერ ისიც მგონია,  რომ სულაც არ ვარ ამ ბრბოს ნაწილი, სულაც არ ვგავარ მას. შეიძლება ეს არც იყოს თავის მოტყუება და სადღაც მართალიც ვარ, მაგრამ ხშირად, როცა ვმოქმედებ, როგორც ყველა, ვხვდები, თუ რამდენად გადამდებია სხვა ადამიანების მოქმედება, რაც თითქოსდა შენს ჰიპნოზირებას ახდენს, მოიქცე არა ისე, როგორც შენ მოიქცეოდი კონკრეტულ სიტუაციაში, არამედ, როგორც ამას ბრბო გააკეთებდა.

მეტიც…

როცა ძალიან ხშირად, კედლის მეორე მხრიდან მესმის, თუ როგორ სცემს ჩემი მეზობელი თავის მოხუც მამიდას და თავს ვიყრუებ, ვხვდები, რომ მეც ბრბოს ნაწილი ვარ.

როცა ქუჩაში ვხედავ, როგორ ჩაგრავს დედა ბავშვს და თავს ვიბრმავებ, ვხვდები, რომ არაფრით განვსხვავდები სხვებისგან.

როცა ხშირად გულგრილად ჩავუვლი ხელგამოწვდენილ მოხუცს, ვგრძნობ, როგორ ვემსგავსები ყველას.

როცა უამრავი აზრი შემაწუხებს, მაგრამ ვხვდები, რომ არ მაქვს მათი გამოთქმის უფლება, რადგან ისინი არ ემთხვევა სხვა ადამიანების აზრებს, მესმის, რა ძალა აქვს ბრბოს.

არ მახსოვს ზუსტად ვისი სიტყვებია, მაგრამ ხშირად ვიმეორებ გონებაში – “სასაცილოა ყველა, ვისაც თავი ყველა არ ჰგონია” …

დიახ, მე სასაცილო ვარ.

სასაცილო ვარ, რადგან ვიქცევი, როგორც ყველა და მაინც ყველა არ მგონია თავი.

სასაცილო ვარ, როცა ვიცი, რომ იზოლირებულ მდგომარეობაში შეიძლება ბრბოზე ძლიერი აღმოვჩნდე, რადგან ინდივიდი ბრბოში ცივილიზაციის რამდენიმე საფეხურით დაბლა ეშვება, რაც ბრბოს მოუმწიფებელს ხდის, როგორც ბავშვის გონება და სუსტი ხასიათის, როგორც ქალი (გ.ლებონი), და მაინც ბრბოს წევრობას ვარჩევ… მაინც ვარჩევ ვიყო ის სუსტი ხასიათის, მეობა დათრგუნული ინდივიდი, რომელიც არჩევს მოიქცეს ისე, როგორც ყველა!

შეიძლება დიდ წინააღმდეგობაშიც იყოს ჩვენი შინაგანი “მე” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან და საზოგადოების დიდ ნაწილთან, შეიძლება შინაგანად სულაც არ ვიყოთ ყველა, მაგრამ ქმედებებით ჩვენ ძალიან ვგავართ ყველას, ძალიან ვგავართ საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობთ.

მე თუ მკითხავთ, ნებისმიერ ადამიანში განუზომელი პოტენციალის ეგოცენტრიზმი იმალება. მაგრამ, რახან ადამიანთა მეტი ნაწილი მზადაა ამ პოტენციალის ჩასახშობად და მის სამუდამოდ გამოსამწყვდევად თავიანთი სხეულის ყველაზე ღრმა კუნჭულში, ის დარჩენილი მცირე ნაწილი, რომელსაც შეიძლება ძალიანაც უნდოდეს ამ პოტენციალის გამოყენება, ბოლომდე ვერასდროს გამოავლენს მას ძალიან უბრალო მიზეზის გამო, რომ თვალში საცემად არ განსხვავდებოდეს სხვებისგან!

საწყენია…

თან სასაცილო…

სასაცილოა, რომ ვარ ყველა და თავი მაინც ყველა არ მგონია…

და ირგვლივ იმდენი ჩემნაირია, ისეთივე სასაცილოები, როგორიც მე.

სასაცილოები თავიანთი მიბაძვის ეპიდემიურობით.

სასაცილოები უკვე ჩვეული არაბუნებრიობით, რაც ჩვენში ძალიან ბუნებრივად ითვლება.

სასაცილოები თავიანთი ამბიციურობით, რაც ისევ ბრბოს ემსახურება.

სასაცილოები შრომისმოყვარეობით…

ფანატიზმით…

დიადი ზრახვებით…

და ყველაზე სასაცილო მაინც არის სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.

თავისუფალი არწივი

 გეოგრაფია ბავშვობიდან მიყვარდა. საბჭოთა კავშირი რომ მრავალეროვნული სახელმწიფო იყო, ისიც კარგად მომეხსენებოდა, მაგრამ იმან, რაც მე – 18 წლის ჯარისკაცმა საბჭოთა ჯარში გაწვევისას ვიხილე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

რა ეროვნების ადამიანს არ ნახავდი საბჭოთა ყაზარმაში – ლეკები და ტუველები, ყარაყალპაყები და უიღურები, ლეკები და ყალმუხები … რომ მოსაღამოვდებოდა და ლოგინებზე ჩამომჯდარი ჯარისკაცები  მშობლიურ ენაზე აზუზუნდებოდნენ, თავი ბაბილონის გოდოლის მშენებლობის ბოლო სტადიაზე მეგონა.

თუმცა ხმამაღალი შეძახილებითა და ხორხისხმიერი ბგერებით დატვირთულ ვაინახურს ყველასგან გაარჩევდი. ვაინახები ჩვენი კარის მეზობლები – ჩეჩენ-ინგუშები არიან. თავიდან ამ ორ ხალხს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი. თუმცა მათთან 2-წლიანმა ურთიერთობამ ეს განსხვავება ნათლად დამანახა.

ინგუში უფრო პრაგმატულად მოაზროვნეა, ეშმაკობა არ აკლია, უყვარს კარგი ცხოვრება, ამისთვის არ ითაკილებს ვაჭრობასაც კი. მოკლედ ჩვენებურად რომ ვთქვათ,  უფრო გამოსულია.   სხვა საქმეა ჩეჩენი  – საოცრად ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, ბავშვივით გულუბრყვილო, შუა საუკუნეებში გაჩხერილ ჩეჩენ ახალგაზრდებს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, როგორები  იყვნენ ნამდვილი  მთიელები ძველად, მოკლედ ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების გმირები ხომ გახსოვთ – ზუსტად ისინი გახლდნენ.

 

საბჭოთა ჯარში ფართოდ იყო გავრცელებული არასაწესდებო ურთიერთობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ,,დედოვშინა“,  როცა  ახალი ჯარისკაცი ვალდებულია უსიტყვოდ დაემორჩილოს ,,დედს“, ანუ ჯარში მასზე უფრო ადრე  მოსულ სხვა ჯარისკაცს.  სწორედ ასეთი ურთიერთობების თავიდან ასაცილებლად, ჩემი ასეული  ერთი გაწვევის სამხედრო მოსამსახურეებით    ვიყავით დაკომლექტებული.

მათ შორის იყო 5 ჩეჩენი ჯარისკაცი: სიტყვაძუნწი, მრისხანე შესახედაობის მაგომედი, მისი პატარა ბიძაშვილი მუდამ პირღია იბრაგიმი, ჭოკივით მაღალი, აქტიური იმ-ალი, პატარა ტანის, კატასავით მოქნილი ბილალი და მუდამ არასერიოზული და მომღიმარი ბაისულთანი.

სიამაყე ვახსენე და ჩეჩნები საერთოდ არავის არ მიიჩნევდნენ თავის სწორად და ტოლად (ინგუშებს არ ვგულისხმობ) და სხვა კავკასიელებსაც კი ამრეზით უყურებდნენ.  ორად ორი ერი, რომლებსაც ისინი მეტ-ნაკლებად პატივს სცემდნენ, ეს იყვნენ: ჩერქეზები და ქართველები. ბოლომდე ვერ დავადგინე, საიდან ჰქონდათ ჩანერგილი ეს გრძნობა მთიან აულებში გაზრდილ წერა-კითხვის უცოდინარ ახალგაზრდებს –  ალბათ უფროსი თაობის გადმოცემებით.

მახსოვს ერთხელ გაკვირვებული იმ-ალი გამენდო:  ერთმა ადიღეელმა მითხრა, ჩვენთან თავსაბურავით სიარული ქალისათვის სავალდებულო არ არისო…

– წარმოგიდგენია გიორგი? ქალი თავსაბურავის გარეშე – ეგენიც იტყვიან რა, კავკასიელები ვართო…

რას ვეტყოდი…  ,,შეწუხებულმა” აღშფოთებით გადავიქნიე თავი..

ახალწვეულები ვიყავით და ე.წ. ,,კარანტინში“  მოგვათავსეს.

ვხედავ მაგომედი სამხედრო სკამზე ,,ტაბურეტზე“ ჩამომჯდარა  და ფანჯარაში იყურება დაღონებული.  გვერდზე მივუჯექი და ვკითხე:

– რაო, მაგომედ, სახლი ხომ არ მოგენატრა?

– ეჰ გიორგი… გამიგია, რომ საქართველო ძალიან ლამაზია,  მაგრამ…  შენ რომ ჩვენი მთები განახა – წუთით ჩაფიქრდა და განაგრძო:

– წარმოიდგინე, რა ხდება: 1 თვის ჩამოსული ვართ და ბაისულთანმა უკვე 3 წერილი მიიღო, ბილალმა 2,  მე კი – არც ერთი. ეხლა ბიჭები წავიდნენ კლუბში, იქნებ გამახარონ.

ამის თქმა იყო და  ოთახში შუბლზე ქუდჩამოფხატული ჩეჩნები  შემოვიდნენ.  უსიტყვოდ კართან გაჩერდნენ, დაღონებულ სახეებზე ეტყობოდათ –    ხელმოცარული დაბრუნდნენ.

– ალაჰს ვფიცავ, – აღაპყრო  ხელები მაგომედმა, – ვინც პირველ წერილს მომიტანს, იმის საპატივცემულოდ კარგ ცეკვას შევასრულებ.

– ოი, მაგომედ!  რა გითხრათ, მამაკაცი ხარ, მამაკაცი – შეუძახეს აღტაცებულმა მეგობრებმა.

მეორე დღეს მაღაზიიდან მომავალმა ნაწილის კლუბს ჩავუარე და..

– ეი, ქართველო, – აქეთ მოდი, – გავხედე და ჩვენი ფოსტალიონი მიქნევს ხელს. მივედი.

– შენ ხომ კარანტინიდან ხარ, ბარემ თქვენი წერილები წაიღე…

წერილების დასტა გამოვართვი. ქართველების წერილები  გადავაწყე, ვიფიქრე, მოდი, ჩეჩნებსაც გავახარებ-მეთქი და რას ვხედავ, სხვების წერილებთან ერთად, მაგომედის ორი წერილი არ დევს!  ცალკე გადავმალე და ოთახში შევედი.

– ბიჭებო, წერილები! – ტაბურეტზე დავყარე წერილები და იქვე ჩამოვჯექი.

ჯარისკაცები წერილებს დააცხრენ და დაინაწილეს.

– რაო, ისევ არაფერი? – თანაგრძნობით შევეკითხე მაგომედს.

ხელი ჩაიქნია და შეტრიალდა.

– ეი, იბრაგიმ – შევძახე პირღიას – როგორ ფიქრობ, მართლა იცეკვებს მაგომედი, წერილი რომ მივცე?

ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა ზურგი პირით ფანჯრისკენ მიბრუნებულ მაგომედს.

– რას ამბობ გიორგი, – დაიძახეს ერთხმად ბიჭებმა – მამაკაცის სიტყვა ითქვა…

– კეთილი და…. 2 წერილი რომ მივცე? 2-ჯერ იცეკვებს? – მუხლზე ტკაცუნით დავირტყი მაგომედის წერილები.

მაგომედი არ შემობრუნებულა, თითქოს რაღაცას ელოდებაო.

სამაგიეროდ ოთხი ჩეჩენი წამოხტა და ოთახის შუაგულში ნახევარწრედ განლაგდა. მერე იმ-ალიმ ჩეჩნურად რაღაც შეჰყვირა და  ტაში შემოკრა…  სხვებიც ხორხისმიერი შეძახილებით და რიტმული ტაშით აყვნენ. ეს იყო და ისკუპა მაგომედმაც და ხმამაღალი შეძახილით  ხელები გაშალა.

12208000_1155139134513824_1152275561_n

გინახავთ, როგორ ცეკვავს ჩეჩენი? თავი და ტანი უძრავად რჩება, ხოლო ხელები და ფეხები ენით აუწერელი ტემპით და  თავისუფლებით მოძრაობს. ქართველ კაცს ცეკვით ვინ გააკვირვებს, მაგრამ არ მეგულება დედამიწის ზურგზე ხალხი,  რომელსაც ასე უყვარდეს და ვისთვისაც ასეთი მნიშვნელობა ჰქონდეს ცეკვას, როგორც ჩეჩენისთვის. რამდენ კაცს ეხერხება კარგად ცეკვა 10 სტატისტიკური ქართველიდან?  ალბათ, სამს ან ოთხს.  ჩეჩენს? ალბათ ათივეს…

ასეთები ვიყავით, ალბათ, კავკასიელები, ადრე..

ერთ  საღამოს ბილალი და იმ-ალი მომიახლოვდნენ.

– გიორგი, რას უყვებოდი ქართველებს, ასე რომ გისმენდნენ?

– ვიდეოს ფილმებს მაყოლებენ, თვითონ ნანახი არა აქვთ და…

– ვიდეო რა არის?

– ვიდეო… ვიდეო მაგნიტოფონი.

– რა ვიდეო მაგნიტოფონი? მაგნიტოფონი?

მივხვდი, გაგონილიც არ ჰქონდათ.

– იგივეა, რაც მაგნიტოფონი, ოღონდ ტელევიზორში აერთებ და კასეტით ფილმს უყურებ.

– თუ მუსიკას უსმენ?

– არა… ფილმს უყურებ.

ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ.

– ოი, ოი, გიორგი, ეს  რა დაახეთქე; შენ ვინ ყოფილხარ!

ნერვები მომეშალა

– ჰო, მესმის თქვენი… თქვენს აულებამდე  ეს სიახლე ჯერ ვერ ჩამოაღწევდა.

ბიჭები ჩამომსხდარ ჩეჩნებს დაუბრუნდნენ და რაღაც უთხრეს. ხმამაღალმა სიცილმა მიმახვედრა, რომ ჩემს უსაზღვრო ფანტაზიაზე იცინოდნენ.

ამ ამბის მერე ჩეჩნებში  გამოუსწორებელი მატყუარას სახელი გამივარდა. ურთიერთობაშიც მერიდებოდნენ და ზურგს უკან დამცინოდნენ.

ჩვენს პოლკში 20-მდე ჩეჩენი მსახურობდა. მათი ლიდერი  გახლდათ გროზნოელი სტუდენტი, რომელიც უდიდესი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა თანამემამულეებში. ცხოვრებაში იშვითად მინახავს ასეთი ლამაზი მამაკაცი, როგორიც იყო რუსლანი.

თეთრი პირის კანით, შავი, ლამაზად დაწყობილი თმებითა და თხელი ტუჩებით, საოცრად ჰგავდა ალენ დელონს. თავიდან რომ ვნახე, ვიფიქრე, ეს ნატიფი და ნაზი ბიჭი ჩეჩნებმა ლიდერად როგორ აღიარეს მეთქი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ვცდებოდი. შემთხვევით გადავაწყდი, ერთ-ერთი კავკასიური ეროვნების 3 წარმომადგენელი როგორ მიბეგვა ჩხუბში ისე, რომ თვითონ ერთი მუშტიც არ მოხვედრია.

სასადილოდან  მარტო ვბრუნდებოდი. ჩეჩნების ჯგუფს ჩამოუარე და მივესალმე. სალმითვე მიპასუხეს.

როგორც შემდეგ მიამბეს, თურმე რუსლანმა ჩემს ჩეჩნებს ჰკითხა:

– თქვენი გურჯია?

– ჩვენი გურჯია..

– მომწონს, კარგი ბიჭი ჩანს.

– კი, კარგი ბიჭია… ვმეგობრობდით კიდეც მასთან, მაგრამ მერე საოცარი მატყუარა აღმოჩნდა  და ვიდეომაგნიტოფონის ამბავი უამბეს.

– ოი, ბიჭებო, რამდენჯერ გითხარით, თუ რამე არ იცით მოდით და მკითხეთ. ის მართალია… არსებობს ასეთი მაგნიტოფონი. მართალია მე არ მინახავს, მაგრამ გროზნოში ბევრს ჰქონდა.

რუსლანის სიტყვა შეუცდომელი ჭეშმარიტება იყო ბიჭებისთვის. საღამოს ლოგინზე ჩამომჯდარს ხუთივე მომადგა:

– გიორგი, კარგად არ გამოგვივიდა შენთან. მართლა ვერ წარმოგვედგინა ასეთი მაგნიტოფონი; რუსლანმა გვითხრა, რომ მართალი ყოფილხარ..

ისეთი სასაცილოები იყვნენ ეს 18 წლის ,,მამაკაცები”, რომ წყენამ იმ წამს გადამიარა.

– ჰო, თავიდან მეც გამიჭირდა დაჯერება… მართლაც საოცარი რამეა.

– გიორგი, კაცურად.. იქნებ ერთი კინო მოგვიყვე, თუ შეგიძლია, რა თქმა უნდა – მაგომედი ფრთხილად არჩევდა სიტყვებს

– თქვენ უარს ვერ გეტყვით ბიჭებო – დავიფასე თავი – რა ჟანრის ფილმები მოგწონთ?

– ყველა გვაინტერესებს.

– კეთილი, მაშინ საშინელებათა ფილმს მოგიყვებით.. იმაზე თუ როგორ ჭამდა უზარმაზარი  ზვიგენი დამსვენებლებს..

დაახლოებით ერთი საათის   შემდეგ მონაყოლით დაზაფრულ და გაოგნებულ ჩეჩნებს ვთხოვე,  გვიანაა, დავიძინოთ-მეთქი.

– რა თქმა უნდა,   დაიძინე გიორგი…  მაგრამ, ეს რაც მოყევი, მართლა მოხდა?

– არა, ბიჭებო, ეს ხომ კინოა…  დაიძინეთ და   ხვალ სხვას მოგიყვებით..

მეორე საღამოს 5-ის მაგივრად  ათნი მოვიდნენ.

– გაიცანი გიორგი – ასლანი, შამილი, ნაზირი, ზელიმხანი…

წამოვდექი და ყველას კავკასიურად მხარზე მხარის მიდებით მივესალმე.

– გიორგი, ბიჭებს მოვუყევით შენი ფილმი, მაგრამ ჩვენ შენსავით კარგად არ გამოგვდის;  ჰოდა ბიჭებმა გვთხოვეს, წამოგვეყვანა..

– კარგი გიქნიათ, ოღონდ  ყოველ საღამოს ცოდო ვარ… შაბათ-კვირას მოდით ხოლმე… ეხლა კი, რახან მოხვედით, სტუმრებს ისე ხომ არ გავუშვებ – გავიხსენებ რამეს. აბა მითხარით, რემბოს შესახებ თუ გსმენიათ…

ამის მერე ყოველ შაბათს საღამოს, ყაზარმის შესასვლელთან წამოწოლილი ქუთაისელი როსტომი მთელი ხმით გამომძახებდა:

– სად ხარ ბიჭო გიაიააა…

– აქ ვარ, რა ხდება როსტომ – გამოვძახებდი მე.

– ე ბიჭო,  მოდი, მოხედე სტუმრებს… მევიდნენ შენი ჩეჩნები.

მალე  ისე გავშინაურდი, რომ თავის თავყრილობაზეც კი მიმიწვიეს, რომელიც რომელიღაც მუსულმანურ რელიგიურ დღესასწაულს ეძღვნებოდა. ოფიცერთა სახლის სარდაფში განლაგებულ საქვაბეს შუა აზიიდან  გაწვეული ჩეჩენი – ახმედი განაგებდა (როგორ მოხვდნენ ჩეჩნები შუა აზიაში, მოგვიანებით გავიგე), მის განკარგულებაში რამოდენიმე დიდი დარბაზი და ხუთიოდე უზბეკი ცეცხლფარეში იმყოფებოდა.

ჩვენი პოლკის ოცამდე ჩეჩენი  დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიესალმა ერთმანეთს, ჩემი მისვლა არავის გაკვირვებია, მეც   ყველას ვიცნობდი – ვიდეო სეანსების მუდმივი კლიენტები ბრძანდებოდნენ. ლოცვა მეზობელი ასეულის ქერა სერჟანტმა  სულთანმა წაიკითხა, ყველამ ხელები   და  სახე ჯერ  ზევით აღაპყრო, მერე სახეზე ჩამოისვა და რუსლანმაც  სადღესასწაულო სუფრაზე მიგვიწვია, რომელიც ტკბილეულითა და ხილით იყო გაწყობილი.

საკვების გადაღებას არავინ ჩქარობდა, ჯერ ერთმანეთს სთავაზობდნენ, მიუხედავად იმისა რომ საკვები ჯარში აშკარად არ გვყოფნიდა და ჯარისკაცები  სანახევროდ მშივრები დავდიოდით, მოუთმენლობის ან სულწასულობის გამოჩენა  ჭამის დროს ჩეჩნებში უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა.

საუბარი წყნარად, ჩეჩნურად მიდიოდა და თუ ვინმეს ხუმრობაზე გაიცინებდნენ, მხოლოდ  მაშინ მითარგმნიდნენ ხუმრობის შინაარს და სიცილის მიზეზს… სუფრაზე ალკოჰოლი არ იყო, თუმცა ამას მხიარულებისთვის ხელი არ შეუშლია. მალე რუსლანმა ტახტი ასწია და რუსული ბალალაიკა და ფანდური ამოიღო, მერე შემომხედა და ფანდური გამომიწოდა, ის იყო უნდა მეთქვა, რომ დაკვრა არ მეხერხება, რომ უცებ გავშეშდი, ფანდურზე ქართული წარწერა შევნიშნე  ,,გურამი. 1956 წელი”. რუსლანმა გამიღიმა.

– ხედავ რა ძველია… ეს ფანდური ქართველებს ეკუთვნოდათ, მაგრამ შემდეგ ჩეჩნებს გადასცეს.

– ალბათ, ისინი უკეთესად უკრავდნენ.

რუსლანმა ფანდური შეათამაშა და ბილალს გადაუგდო. თვითონ ბალალაიკას წვალება დაუწყო, თან ღიმილით მანიშნებდა, ბოდიში, სხვა არაფერი გვაქვსო. მალე ინსტრუმენტები აიწყო. წრეზე ჩამოვჯექით, რუსლანმა ბიჭებს გადახედა, თითქოს შეკვეთას ელოდაო.

ბიჭები კი  ჩუმად ისხდნენ და რიდითა და პატივისცემით შესცქეროდნენ.  მივხვდი, რომ იგი თავად შეარჩევდა რეპერტუარს.

რუსლანმა ბილალს რაღაც უთხრა და სიმებს ჩამოკრა, ბილალმაც დიდხანს არ ალოდინა და ქართული ფანდურის ხმოვანებამ საოცარ ჟრუანტელად დამიარა ტანში. რამოდენიმე აკორდიც  და ბილალმა   ჩეჩნური სიმღერა წამოიწყო.

ვისაც ჩეჩნურ ენაზე საუბარი მოუსმენია, ვერ წარმოიდგენს, რომ ამ ენაზე სიმღერა საერთოდ შესაძლებელია. ამიტომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვუსმენდი საოცრად მელოდიურ და ამავე დროს ნაღვლიან სიმღერებს, რომელიც სადღაც გულის სიღრმეში  ასე არხევდა ჩემს კავკასიურ გენებზე გაჭიმულ სიმებს. სიმღერის დასრულების შემდეგ ბილალს ვთხოვე:

– თუ შეგიძლია რუსულად იმღერე  ბილალ… სიტყვები რომ გავიგო

– რა თქმა უნდა, შემიძლია – ხმადაბლა მითხრა ბილალმა – მაგრამ… რუსლანი გვიკრძალავს.

– რატომ? – გამიკვირდა მე.

– როგორ თუ ,,რატომ?” – საპასუხოდ გაუკვირდა მას.

იგივე თხოვნით რუსლანს მივმართე:

– რუსლან, კაცურად… სანამ ჩეჩნურს ვისწავლი, ერთხელ რუსულად მიმღერეთ. მინდა    შინაარსი გავიგო-მეთქი.

გაეცინა და ბილალს თავი დაუქნია.

რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმღერები  სიყვარულზე იქნებოდა და სმენად გადავიქეცი:

,, ამოიწვერა      მთებში  ცისკარი

სხივი  მოჰფინა  ჩეჩნურ    აულებს…

შამილს მოჰყვება გმირების   გუნდი

ქარი გაფანტავს მოწოლილ ღრუბლებს…’’

ამღერდა ბილალი უაქცენტო რუსულით.

გაკვირვებისგან პირის დაღებაც ვერ მოვასწარი, რომ სულთანმა და მაგომედმა მიუმღერეს:

,, ვის     გაუხდია    მთიელი    მონად…

სიცოცხლეს დავთმობთ, შიში არ ვიცით..

რუსთა       ხიშტებზე     კამარას   შეკრავს,

თავისუფალი    მთების       არწივი..’’

მართალია ჰაერში უკვე ,,პერესტროიკის’’ სუნი ტრიალებდა, მაგრამ ესეთი სიმღერები  საბჭოთა სამხედრო ნაწილში?!  სულგანაბული ვუსმენდი და თითო სიმღერას სამჯერ მაინც ვამეორებინებდი. ასე დაგვათენდა თავს…

ისე იმოქმედა ჩემზე ამ სევდიანმა, მაგრამ სულით ხორცამდე ვაჟკაცობით და სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილმა სიმღერებმა, რომ ვფიცავ, დილით მზად ვიყავი შამილის ნებისმიერ რაზმში გავწევრიანებულიყავი და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მებრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის…

ასე იმუხტებოდნენ, ალბათ, ადრე ბრძოლის წინ მთიელები…

ამ შეკრების შემდეგ 1 წელი გავიდა. დადგა გაზაფხული. რუსლანი სახლში გაემგზავრა. მე და ჩემს ჩეჩნებს რამოდენიმე თვე გვაშორებდა სამსახურის დამთავრებამდე. მაგომედმა ახმედისგან ჩვენთვის ცნობილი საქვაბის უფროსობა გადაიბარა.

1986 წლის 9 მაისს  პოლკის საზეიმო მოწყობაზე დივიზიის მეთაური გვესტუმრა. ის იყო მიტინგი გახურდა, რომ მოულოდნელად პოლკოვნიკის მახვილმა თვალმა პლაცის სიახლოვეს მდგარი მაგომედი შენიშნა.

– აქ მოდით, ამხანაგო ჯარისკაცო – დაიგრგვინა რუსმა ოფიცერმა, დაყენებული სამეთაურო ხმით .

მაგომედი არასამწყობრო ნაბიჯით მიუახლოვდა და უხერხული სამხედრო სალამი მისცა. პოლკოვნიკმა დამცინავად ახედ-დახედა წელში გამოკერილ ფორმას და მზერა მაღალ ქუსლებზე შეაჩერა:

– ერთი მოდით აქ და შეხედეთ ამას! აი თქვენი მუშაობის შედეგი!!! –  დაუყვირა ჩვენი პოლკის მეთაურს, რომელიც იქვე  აწურული იდგა

– მაშინ, როდესაც უბრალო რუსი ბიჭები თავს არ იზოგავენ დიადი საბჭოთა სამშობლოს სამსახურში – ასეთი მაგომედები არხეინად გორაობენ ,,კაჩეგარკაში’’ და ჩვენს გვერდით მწყობრში დგომასაც არ კადრულობენ!  გინდათ მეტი გითხრათ? კი ბატონო! გინდათ ნიძლავი, რომ ამისთვის 9 მაისი დღესასწაულიც კი არ არის!!!

– ეხლავე, აქვე გაიხადეთ ეგ ჩექმები და ფორმა და დადექით მწყობრის წინ, სანამ ჰაუპტვახტში წახვალთ! მინდა ყველამ დაიხსომოს თქვენი უზადო სხეული! – მოინდომა ,,შოუს”  დადგმა რუსმა.

– არასოდეს! – უპასუხა მაგომედმა.

– რაო? – ყურებს არ უჯერებდა დივიზიის მეთაური.

– არასოდეს!!!

– შენ იცი, რომ, ამ პასუხისთვის ციხეში მოხვდები, შვილო?!

– მე თქვენი შვილი არა ვარ და არც თქვენი ციხის მეშინია! – უპასუხა მაგომედმა 1200 კაციანი მწყობრის წინ.

– აი, ამას კი ვნახავთ! ბევრ შენისთანას ჩაუფსია სასამართლოზე – გადაიხარხარა პოლკოვნიკმა.

– მაშ, მე მამაკაცი არ ვიყო, თუ თქვენს სასამართლოზე ლეკური არ ვიცეკვო! – ამაყად უპასუხა ჩეჩენმა.

– ვნახოთ, ვნახოთ, შენზე მაგარი ბიჭები გაუტეხია  საბჭოთა ხელისუფლებას; უკანასკნელად  გეკითხები…  შეასრულებ საბჭოთა მეთაურის ბრძანებას?

მწყობრიდან   მაგომედის ვაჟკაცობით აღფრთოვანებული  ჩეჩნური შეძახილები  გაისმა, თუმცა  მაგომედს მშვიდ გამომეტყველებაზე  ეტყობოდა, რომ გამხნევება სულ არ სჭირდებოდა

– არასოდეს!

– მაშ კარგიიი…

სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ პლაცის გარშემო ხეებზე ჩამომსხდარი ყვავების ყრანტალი არღვევდა.

– პოლკო სწორდიით, სმენაა! რიგითო მაგომედ ასხაბოვ, თქვენ არღვევთ სამხედრო ფორმის ტარების დადგენილ  წესს. გიბრძანებთ, გაიხადოთ იგი და მოაწესრიგოთ!

მღელვარებისგან კინაღამ გული გამიჩერდა.

–   არასოდეს!

– დააპატიმრეთ, ამხანაგო მაიორო! – მიმართა პოლკოვნიკმა საგანგებოდ გამოძახებულ ნაწილის მორიგეს.

მაგომედი წაიყვანეს.

ამ ამბიდან დაახლოებით 2 თვეში, ჩვენი პოლკის კლუბში, მაგომედის საჩვენებელი სასამართლო გაიმართა. ჯარისკაცებით გადავსებული დარბაზის სცენაზე  სასამართლოს წევრები ისხდნენ. სამხედრო პროკურორი, რომელსაც წითელ სამხრეებზე ფარი და ორი ჯვარედინი მახვილი უელავდა, თავის გამოსვლაში აღშფოთებას ვერ მალავდა:

– მაშინ, როდესაც 26 ყრილობის გადაწყვეტილებებით ფრთაშესხმული ჩვენი საბჭოთა მშრომელები დღეს და ღამეს ასწორებენ კომუნიზმის მშენებლობის ხარაჩოებზე, სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს შორის კიდევ დარჩნენ ისეთი  ელემენტები, როგორიც ეს ახალგაზრდაა…

მაგომედი არხეინად იჯდა შეიარაღებულ მცველებს შორის, თითქოს ეს ყველაფერი მას არ ეხებოდა…

პროცესი დიდხანს არ  გაგრძელებულა.

,,მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობისთვის… მუხლის  თანახმად მიესაჯოს… ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა…”

მაგომედი ფეხზე ადგა, დარბაზს გადახედა და მშვიდი ხმით დაიძახა ,,ალლაჰუ აკბარ…”

აცრემლებულმა იბრაგიმმა დარბაზიდან შეძახილითვე უპასუხა ,, ალლაჰუ აკბარ…”

მაგომედი შემოტრიალდა, მერე ერთი  მოძრაობით დაცვას დაუსხლტა და სცენაზე მთიულური ცეკვის რამოდენიმე ილეთი ლაზათიანად შეასრულა.

ეს იყო და ატყდა შეძახილები, ალიაქოთი და გაწევ-გამოწევა… მუჯლუგუნებით გასასვლელისკენ გავიკვლიე გზა, სადაც შეიარაღებულ ბადრაგს მაგომედი მიჰყავდა, მაგრამ წინ  საგანგებოდ მოყვანილი დაზვერვის ცალკეული  ასეულის რუსი სერჟანტები გადამიდგნენ.

– მაგომეეედ!  – დავიღრიალე მთელი ხმით.

დაბორკილი ჩეჩენი მანქანის ძარაზე აიყვანეს. წამით შემობრუნდა, თავი ღიმილით აიქნია და სიღრმეში გაუჩინარდა.

მანქანა დაიძრა. გაშეშებული ვიდექი. უკნიდან საუბარი შემომესმა:

– აბა, რას იტყვით ყოველივე ამაზე, ნიკოლაი ივანოვიჩ? – ორმა წითელსამხრეებიანმა პოლკოვნიკმა სიგარეტი გააბოლა.

– იმას ვიტყვი, იგორ პეტროვიჩ, რომ ეხლა ვხვდები, რა სწორად მსჯელობდა იოსებ ბესარიონოვიჩი, როცა ამბობდა… ,,ამ ხალხის აღზრდას აზრი არა აქვს. ისინი უბრალოდ უნდა განადგურდნენ!’’

კვლავ მანქანას გავხედე, რომელმაც მოსახვევში სვლა შეანელა… და ამ დროს წამით, მხოლოდ წამით, მომეჩვენა რომ  ნიავს  სიმღერის ხმა მოჰქონდა:

,, … რუსთა ხიშტებზე კამარას შეკრავს,

თავისუფალი მთების არწივი…’’

1984-86 წელი

საბჭოთა ჯარების  ჯგუფი გერმანიაში.

გიორგი გობეჩიას მოთხრობა

უსიყვარულოდ [ Blog ]

ამბობენ, რომ ყველაზე რთულია განვლო პირველი სამოცდაათი წელი, ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებაო. სამოცდაათი წელი კი, დამეთანხმებით, არაა სახუმარო თემა.

და თქვენ როგორ გეგმავთ ამ სამოცდათი წლის გატარებას? გამოვიცნო? ალბათ ჯანსაღი ცხოვრების წესით (გადააგდებთ სიგარეტს, უარს იტყვით ალკოჰოლზე და არაჯანსაღ კვების პროდუქტებზე), აქტიური ცხოვრების სტილით, ბევრი სიცილით, ცეკვით, უდარდელობით და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ…

არაა ცუდი მიდგომა, თუმცა ალბათ ვერც კი შეამჩნევდით, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოვტოვე, და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია მის გარეშე. ეხლა თქვენ გამოიცანით…

კლასი ახმაურდა…

სტალინი: – რასტრელიაწ ყველა არაბედნიერი და ვიცხოვროთ ბედნიერად სიბერემდე!

-ეს რა სადიზმია იოსებ, მშობელს მოიყვან ხვალ!

შოთა: – პოეზია უპირველეს ყოვლისა.

-ვისთვის როგორ შოთა, ყველას ვერ აიძულებ პოეზიის სიყვარულს.

ბერია: -მესმის, რომ საშინელი დანაშაულებები ჩავიდინე, მაგრამ მე ნიჭიერი ორგანიზატორი ვარ, რის გამოც ვითხოვ შეწყალებას!

-ლავრენტი, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ კლასში ძილი არ შეიძლება და მითუმეტეს ძილში ბოდვა!

შალვა ნათელაშვილი: – როგორც დიდმა ილიამ ბრძანა, „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!“

დათო აქუბარდია: – შალვა, ეგ აკაკიმ თქვა.

შალვა ნათელაშვილი: – კი, აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმა.

აკაკი: – არადა ეს სიტყვები ილიას დასაფლავებაზე ვთქვი.

ივანიშვილი: – უფასო ფული, უპროცენტო სესხები!

-კარგი ოცნებაა ბიძინა, მაგრამ მხოლოდ ოცნება.

სააკაშვილი: – ყველა ციხეში!

-მიშა, სერიოზულად!

-სიყვარული – წამოიძახა ამ არეულობაში უკანა რიგებში მჯდომმა გალაქტიონმა ჩვეული სიდინჯით, მაგრამ დარწმუნებული ხმის ტონალობით.

-რატომ იფიქრეთ ასე?

– პასუხი უბრალოა, და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ -ეს თქვა და თავი ჩახარა, იოსების აბუჩად აგდების საშინელი თვისება რომ იცოდა.

-ხხხხ, ტიპიჩნი გრუზინ. რასტრელიაწ ბი მნე ვას ვსეხ! -ბურტყუნებდა სტალინი.

-ბრწყინვალეა ტაბიძე! ამ სემესტრში ხუთიანი გარანტირებული გაქვთ ჩემთან. იოსებ, კუთხეში სასწრაფოდ!

დიახ ბავშვებო. ეს არის სიყვარული, რამდენ ბანალურად და გაცვეთილადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, თუკი რამეს ძალუძს გადაგვარჩინოს, ეს სიყვარულია.

თუკი ვერ ხვდებით სიყვარულის მნიშვნელობას, უბრალოდ წარმოიდგინეთ არსებობა მის გარეშე. წარმოიდგინეთ, რომ ერთ ჩვეულებრივ დღეს იღვიძებთ, ყველაფერი თავის ადგილზეა, თუმცა ერთი განსხვავებით – თქვენ აღარ გაქვთ სიყვარულის უნარი. საწოლიდან უღიმღამოდ წამომდგარი, დარწმუნებული ვარ, სარკეში არც ჩაიხედავთ, თავს არც მოიწესრიგებთ, ისე გახვალთ საქმეებზე, რადგან, თუ არ გექნებათ სიყვარულის უნარი, ლოგიკურია, არც საკუთარი თავი გეყვარებათ და თუ არ გიყვართ საკუთარი თავი, დამეთანხმებით, სულ ერთია, როგორ გამოიყურებით.

დამღლელი დღის შემდეგ, ალბათ გადაურეკავთ მეგობრებს, მაგრამ იმის იმედი ჯობია არ გქონდეთ, რომ ერთად მაგარ დროს გაატარებთ, რადგან თქვენი მეგობრობაც უსიყვარულოდ მლიქვნელობა იქნება…

სიყვარულის უნართან ერთად, დიდი ალბათობით, რწმენასაც დაკარგავთ, რადგან  ეს ორი გრძნობა ისე ავსებს ერთმანეთს, რომ წარმოუდგენელია მათი განცალკევება. და თუ ღმერთი გაგახსენდათ, ე.ი ძალიან გაგიჭირდათ, მეტი არაფერი, თქვენი რელიგიაც უსიყვარულოდ ფანატიზმი იქნება…

შენდობა და პატიების უნარზე ჯობია არც ვილაპარაკოთ.

სიყვარულის აუცილებლობაზე შეიძლება შევთანხმდეთ, მაგრამ ვისთვის რას ნიშნავს ეს აუცილებლობა ან/და თვითონ სიყვარული, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

ვერ ვიტყვი, რას წარმოიდგენთ თქვენ სიყვარულის ხსენებაზე, მაგრამ, მე ამ სიტყვაზე ოჯახურ შეკრებებს წარმოვიდგენ, მეგობრებთან ერთად დროის ტარებას, უდარდელ შაბათ-კვირას და ორმაგ “ჩიზბურგერს” საშუალო “ფრისთან” ერთად. სადღაც შებინდებულში, რა თქმა უნდა, სიყვარულის იმ სახესაც, რომელსაც როგორც წესი პირველად წარმოიდგენდა ამ შემთხვევაში ნორმალური ადამიანი. ვერ გეტყვით ეს რისი ბრალია, რატომ აქვს ჩემთვის სიყვარულს უფრო აბსტრაქტული და ფართო მნიშვნელობა, ვიდრე კონკრეტული და ცალსახა. კარგ დროს გამახსენდა ფრაზა – ქალი სიყვარულისგან უფრო ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავსო. ალბათ, ჭკუა რომ შემრჩენია ჯერჯერობით, ესაა ზემოთხსენებულის მიზეზიც.

თუმცა, საზოგადოების ის ძვირფასი და ძლიერი ნაწილიც რომ არ დაგვეჩაგროს, რომელთაც ეს უწყინარი გრძნობა თვითკონტროლის უნარს ართმევს და მეტიც, ჭკუას აკარგვინებს, შევთანხმდეთ, რომ ზომიერება ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია…რომ, როგორც სხვა არაფერი ამქვეყნად, არც სიყვარული ვარგა გადაჭარბებული.

დიახ, ყველაფერი ამქვეყნად სიყვარულზეა დაფუძვნებული, მაგრამ ზომიერების ფარგლების დარღვევას მეეჭვება ყოველთვის მოჰქონდეს სასურველი შედეგი. გქონდეს სიყვარულის უნარი, ვფიქრობ უკვე ბევრს ამბობს…არაა აუცილებელი თავი მოაბეზრო სამყაროს ამ უნარის გამოხატვით. თქვენი სიყვარული ფასს დაკარგავს, ქცევები კი ბუნებრიობას.

ხანდახან, ისე ძლიერ მინდება, რომ ყველა მიყვარდეს, მაგრამ ყველას მიმართ სიყვარული რომ არავის სიყვარულს ნიშნავს და ერთადერთს – ყველას მიმართ ერთნაირ გულგრილობას გამოხატავს, ოსკარ უაილდმა დამახასიათებელი პირდაპირობით აღნიშნა “დორიან გრეის პორტრეტში”.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ერთნაირი გრძნობის სიძლიერით გიყვარდეს დედაშენი და სხვისი დედა, ყველაზე ახლო მეგობარი და ყველაზე შორეული, ყველა პოლიტიკური პარტია და ფეხბურთის გუნდი, ლექტორი, რომელმაც უმიზეზოდ დაგაკლო ქულა და ლექტორი, რომელმაც უმიზეზოდ მოგიმატა ის.

ასეა, და როგორც უსიყვარულობა შექმნიდა ქაოსს, ისე ყველას, ყველაფრის მიმართ სიყვარული. “ოქროს შუალედი” ვფიქრობ, ხსნაა ამ შემთხვევაში.

 

13876662_1190350711011135_3925417405937513961_n

 

“ოქროს შუალედი” ვახსენე და მივხვდი, რომ მას ბოროტის არსებობა ქმნის, მაგრამ ჯობია ეს არ ვთქვა, თუმცა რახან უკვე წამომცდა, ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

უბალოდ წარმოვიდგინოთ ორი მარტივი სიტუაცია: პირველ სიტუაციაში სიყვარული ყველასი, ყველაფრის, ასე რომ ვთქვათ, უაზრო, უმიზნო სიყვარული. თქვენს საყვარელ მეუღლეს ეყვარებოდა ყველა მის გარემოცვაში მყოფი ქალი/კაცი, მაგრამ ნუგეშს ალბათ ის მოგცემდათ, რომ თქვენც არანაკლებ ეყვარებოდით და თქვენის მხრივ, არც თქვენ დააკლებდით. მაშინ, რაღა გაგხდიდათ იძულებულს ოჯახი შეგენარჩუნებინათ, ან რა აზრი ექნებოდა მას საერთოდ?

ქალების გიჟური “შოპინგის” ამბავი ისედაც ცნობილია და ამ შემთხვევაში მათი სავაჭრო ცენტრში შესვლა ალბათ ერთი-ორად გაზრდიდა თვითმკვლელ მეუღლეთა რიცხვს, რომლებიც ჩინელი  ტაო ციაოს გზას დაადგებოდნენ, რომელმაც შეყვარებულის პრეტენზიები ვეღარ აიტანა და 5 საათიანი შოპინგის შემდეგ სავაჭრო ცენტრის მეხუთე სართულიდან გადმოხტა. ყველაფრის მიმართ სიყვარული ქალებს კიდევ უფრო გაუძნელებდა არჩევანს, რომელსაც ისედაც რთულად აკეთებენ.

პროფესიაზე რას იტყვით? აშკარად გაგიჭირდებოდათ არჩევანი.

მეორე უკიდურესობაში ალბათ თავადაც ხვდებით რა ქაოსი დაგვატყდებოდა თავს. დიდი ალბათობით მთელი კაცობრიობა შევთანხმდებოდით შეხვედრის ადგილზე და ერთად გადავეშვებოდით უფსკრულში, თუკი მოიძებნებოდა ისეთი, რომელიც ყველას დაგვიტევდა. უსიყვარულობა, ყველაფრის მიმართ ზიზღი და უკმაყოფილება, არანაირი რეაქცია, განცდა, ბედნიერი წამები და ემოციები – რაღა აზრი ექნებოდა ბრძოლას არსებობისთვის?32

მიყვარს სიყვარულისთვის მრავალი სახის მიცემა, მისი ფართო მნიშვნელობის ხაზგასმა. ამ მხრივ, ავღნიშნავდი ძველბერძნებს, მათ ბევრად უფრო ორგანიზებული გზით ჰქონდათ წარმოდგენილი სიყვარული და მის სხვადასხვა სახეს სხვადასხვა სახელს ეძახდნენ:

სტროგე – ოჯახური სიყვარული;

ფილია – მეგობრული სიყვარული;

ეროსი – რომანტიკული სიყვარული;

აგაპე – საღვთო ანუ უპირობო სიყვარული.

სიყვარულის ეს ოთხივე სახე ცალკ-ცალკე და  ყველა ერთად დიდი მნიშვნელობის მატარებელია და ერთის გამოკლებაც კი სრულყოფილებას დაუმახინჯებს ამ გრძნობას.

ფილია და ეროსი – რაც არ უნდა ვთქვათ, ყველაზე ძლიერი მაინც სიყვარულის ეს ორი სახეა.

რატომ?

“ნათესაური  სიყვარული იმიტომაცაა ყველაზე უზნეო, რომ დაუმსახურებელია, სიყვარულს დამსახურება უნდა” – წერს დოსტოევსკი თავის “ყმაწვილში” და ამით პირდაპირ ამბობს ჩემს სათქმელს.

“სტროგე” (ოჯახური სიყვარული) რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა ჩვენთვის, მაგრამ ნათესაური სიყვარული, ეს წესია ნორმალურ ოჯახში. წესი, რომელსაც დაბადებიდან, უფრო სწორად მშობლის მუცლიდანვე ვგრძნობთ და მერე მთელი ცხოვრება თან დავატარებთ. არ გიყვარს შენი ოჯახი/ნათესავები მათი ქმედებების თუ მიღწევების გამო, გიყვარს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ძარღვებშიც ის სისხლი ჩქეფს, რაც შენსაში.

ნორმალური ოჯახი რომ ვახსენე, ის სამწუხარო რეალობაც ვერ დავტოვე უყურადღებოდ, რაც დღეს გვაქვს – აბორტის ხშირი შემთხვევა, უპატრონოდ მიტოვებული მშობლები, მკვეთრად გაზრდილი განქორწინებათა რიცხვი და ძალადობა ოჯახში – ეს უსიყვარულობის ან სიყვარულის ნაკლებობის შედეგია.

რაც შეეხება “აგაპეს” (საღვთო სიყვარული), თავის წიგნში პროფესორი უილიამ ბარკლეი წერდა: “აგაპე უფრო გონებას უკავშირდება. ეს არ არის მხოლოდ ემოცია, რომელიც თავისით ჩნდება. ეს არის პრინციპი, რომლითაც შეგნებულად ვცხოვრობთ; აგაპე უპირველესად გააზრებულ ნება-სურვილს გამოხატავს”.

ფილია და ეროსის შემთხვევაში, ნამდვილად ქედმოხრის ღირსია ყველა ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება მთელი ცხოვრება არ იცნობდე, უცებ გაიცნო და ყველაზე წინ დააყენო.

და თქვენ, ვინც ამ ოთხივე გრძნობას ზომიერად დაატარებთ და მათი გაერთიანებით სიყვარულის სრულყოფილებას აღწევთ, ნამდვილად გეთქმით, მოვსულვართ და გვიცხოვრიაო. ბედნიერები ხართ, რომ არ გახდით აპიტუიტარიზმის, იმ იშვიათი და განუკურნებელი დაავადების მსხვერპლნი, რაც არ აძლევს ადამიანს სიყვარულის უფლებას.

გადაცდენები რა თქმა უნდა იქნება, არც ერთი ჩვენგანი არაა სრულყოფილი. ასე რომ იყოს, ჩვენი ადგილი მუზეუმში იქნებოდა, მაგრამ მუღამიც ხომ ამაშია, როცა იცი, რომ შენში კარგიც ბუდობს და ცუდიც და თვითონ განსაზღვრავ რომელს მისცე უპირატესობა. სხვანაირად ჩვენ დაპროგრამებული არსებები ვიქნებოდით, უგრძნობნი, უუნარონი და უუფლებონი.

ეს თქვა და უცებ კლასს გადახედა, მიხვდა, რომ მეტისმეტად ბევრი დრო დაუთმო გრძნობაზე ლაპარაკს, რომელიც ბოლომდე სრულყოფილად არც არასდროს განუცდია. კუთხეში დაყენებული იოსები მოხერხებულად მოკალათებულიყო იატაკზე, ბერია უდარდელად აგრძელებდა ძილს, გალაქტიონი კი, რომელიც რაღაცას იწერდა მთელი ეს დრო, წამოდგა და:

-ნება მომეცით თქვენი საუბარი მე დავასრულო, -წარმოთქვა მორიდებულად.

-ბრძანეთ, რა თქმა უნდა.

-უსიყვარულოდ არ არსებობს არც  სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ…

 

მარი დუიშვილი

მონადირის მოგონებები-“მთა მასარის თავზე”

“დილით რომ გამეღიძა, გარედან ქართული საუბარი მომესმა, ნაბდის კალთა გადავწიე, წამოვჯექი, რეზინის ჩექმები ჩავიცვი და გარეთ გამოვედი. უცნობს მივესალმე, რომელიც ხალისისანად შემეგება და სიცილით მითხრა:
– აქ რას უზიხარ, რას დასდევ თათრის ტყუილებს, ამოდი მაღლა მასრაზე, არჩვები ჯოგებად დადიან.
-მართლა?დათვებს მეც ვეწყობი, ჩემი მონადირული სპეციალობა არჩვებია, სიამოვნებით გეწვევი, სად დგეხარ?-ვეკითხები.
-გაღმა ქედის თავში, რკინის მთის განშტოებაა, ქედს იქით გადახვალ და მათ მასარის მწვერვალზე ხარ.
საუზმეზე გეგმა დავსახეთ. თუში მეცხვარე ხალისიანი მოსაუბრე გამოდგა, თანაც კოლეგები აღმოვჩნდით, ფშაველში თუ ლალისყურში ფიზკულტურას ასწავლიდა. სპორტული აღნაგობა ჰქონდა, ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდა იყო, კარგი მეცხვარე ჩანდა, აბა, თუშს ცხვრისა რა ესწაველბა.
შევთანხმდით, რომ მეორე დღეს ვეწვეოდით. მან საჭირო პროდუქტი მოიმარაგა და სუფრას შემოუერთდა, მაგრამ დიდხანს ვერ დარჩებოდა, ცხვარი უპატრონოდ, ძაღლების ამარა ჰყავდა მიტოვებული.
მეორე დილით გავემზადეთ მასარაში წასასვლელად. მდ. იორის ერთ-ერთი სათავის შენაკად უნდა ავყოლოდით, ვისერგიც ცხენით გამოგვყვა, პროდუქტი უნდა აეტანა მშრალი ცხვრის მწყემსისათვის.
დილაადრიან დავეშვით ხევისკენ. ძალიან ადრე იყო, დილის სუსხლი იგრძნობოდა, ბალახზე ცვარი ბრწყინავდა. დაბლა ტყეში სიგრილე იყო, სუსხლი სიცივისა გაქრა. აგვისტო იწურებოდა, დეკას სიყვითლე შეეპარა, ძირებში ფოთოლი მწვანედ ხასხასებდა, ხეებზე ფოთლებმაც მთლად არა, მაგრამ ნაწილობრივ სიმწვანე დაკარგა და აჭრელდა, მაღლიდან ისე ჩანდა, როგორც ფერადფერადი ბაწრით ნაქსოვი ხალიჩა.
ხევში სწრაფად ჩავედით, სამხრეთით, კეხის გორისკენ ავიღეთ გეზი. როგორც კი მივაღწიეთ კეხის გორის ძირს, დასავლეთისკენ შევბრუნდით და ავყევით ხევის წყალ. მართალია, ბილიკი არ იყო, მაგრამ ხევს ბრტყელი ძირი ჰქონდა, სიპით დაფარულ ნაპირებზე სიარული არ ჭირდა.
მზე ამოიწვერა კიდეც, როცა ჩრდილოეთისკენ, მასარის მთისკენ ავიღეთ გეზი. მზის სხივებმა ჯერ მთის წვერები გაანათა, შემდეგ თანდათან ხევშიც ჩამოაღწია და სითბოც მოიტანა თან. ჩვენ ნელა შევუდექით აღმართს და საუზმის ხანს(“მერთ ხეენ”) მივაღწიეთ ალხაჯს. ცხენს წინ მიუძღოდა, შორიდანვე თვალით ზვერავდა სავალად იოლ ადგილებს და კლაკნილი ხაზით აჰყავდა ცხენი აღმართზე.
მეცხვარე და ცხვარი არ დაგვხვდა ადგილზე, დილიდანვე აიყრებოდნენ სადგომიდან სა საღამომდე არც დაბრუნდებოდნენ. ცხენიდან ბარგი ჩამოვხსენით და გზა განვაგრძეთ, ფაცოიჩი იქ დარჩა, რადგან ცხენს მაღლა ვერ ამოიყვანდა.
მზე ზენიტში იდგა, როცა რკალისებური ქედის ცერზე ავედით. ცხელოდა, გაოფლიანებული ვიყავით, მაგრამ ცერზე ნელი ნიავი ქროდა და ოფლიანი შუბლები მივუშვირეთ, ჩამოვჯექით და დავისვენეთ. ვაკე ცერზე გადავხოხდით და დაბლა ჩავიხედეთ. მასარის მთის ჩრდილო მხარე კლდიანი იყო, მაგრამ შიგადაშიგ ვაკეებიც ჰქონდა. საკმაოდ ფართო ადგილი რკალისებურად იყო გაშლილი, თანდათან დაბლა იშლებოდა. შორს სიღრმეში წიფლოვანის ხევი ჩანდა და ალაზანი ვერცხლის წვრილი ზოლივით იკლაკნებოდა ვიწრო ხევში.

პირდაპირ, ოდნავ მარცხნივ, აღმართულიყო ბორბალოს მწვერვალი, კახეთის ალაზნის პირიქითა ალაზნისა და ანდაქის წყლის მკვებავი. მწერვალი ბორბალოსი ქუშად გამოიყურებოდა, კლდეები და ნაშალები სალტედ შემორტყმოდა მის გუმბათს. მრისხანედ გამოიყურებოდა ბორბალო, მისი წვერი ნისლში იყო გახვეული და ნისლიც მოშავო ფერისა იყო. სამაგიეროდ მისგან წამოსული ქედი, რომელიც სპეროზასთან, მახვალის ხევთან წყდებოდა, მწვანით იყო მოსილი. მის იქით, დაბლა ალაზანი მიედინებოდა მთათუშეთისაკენ, მერე დაღესტანს გაივლის და მგონი, ყოუსის სახელით კასპიის ზღვაში ჩაედინება.
ქედების, მთათა წვერების ცქერით ვტკბებოდი, როცა გელა უკან გადმოხოხდა და მითხრა, რომ არჩვების ჯოგი ქვე, დაბლა ფერდობზეა შეფენილიო. მაშინვე გადავხოხდით ცერზე, ქვებს ამოვეფარეთ და ქვევით გადავიხედეთ. გელამ დურბინდი მომაწოდა და ქვემოთ საჩვენებელი თითით მანიშნა ჯოგის ადგილსამყოფელი.
პირველად ვერაფერი შევნიშნე საყურადღებო, მერე ყურადღებით დავაკვირდი და კლდეზე მდგომი ვაცი არჩვი შევნიშნე, რომელიც მიდამოს გადასცქეროდა. მივმართე დურბინდი ამ ვაცის ირგვლივ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯოგი იქნებოდა ამ მონაკვეთში გაფანტული. გაოცებული დავრჩი, როცა შევნიშნე დიდ მონაკვეთზე გაშლილი ჯოგი, რომელიც უდარდელად ძოვდა. მიდამო, მართალია, ქაოტურად გაფანტული კლდეების არეს წარმოადგენდა, მაგრამ უმეტესი ადგილი საძოვარს წარმოადგენდა.

როგორც საძოვარი იყო შერეული სახისა, ქვისა და მიწის გაშლილი ერთობლიობა, ისე ფსიტების ჯოგიც გაფანტული იყო ვეებერთალა მონაკვეთზე, ზოგი თითო, ზოგი ორ-ოროლა და სამ-სამი და ასე შემდეგ; ზოგი ძოვდა,ზოგი კლდის ძირში იდგა ან იწვა და ზანტად იცოხნებოდა, მაგრამ ერთობლიობაში ჯოგის სახეს ინარჩუნებდა. ამ მთამ გაამართლა თავისი სახელწოდება “მასარ” ქისტურად არჩვს ნიშნავს. ძალიან ძნელი იყო მიპარვა, მთელი ფერდობი რკალისებურად იყო გაშლილი, ნახევარმთვარისებურად იყო მოწყობილი. ღია მხარე ჩრდილოეთით, წიფლოვანი ხევისკენ იყო მიქცეული. ყველა მხარე, შესაძლო მიპარვის ადგილი იყო გაფანტული, რომ ყოველი მხრიდან მთელი მიდამო მათ თვალსაწიერში მოქცეულიყო.

რაც მთავარია, გუშაგი არჩვი ისეთ ადგილას იდგა, რომ მთელი მიდამო, მთელი ჯოგი იყო მის თვალწინ გაშლილი.
გეგმა შევადგინეთ. მე ვიცნობდი ფსიტების ერთ გამოკვეთილ ჩვეულებას, რომელიც მრავალწლიანი დაკვირვების დროს თითქმის არ დარღვეულა: სროლის ან დაფრთხობის დროს ფსიტი ყოველთვის აღმა, მწვერვალისკენ მირბის. მხოლოდ ერთ შემთხვევაში იცვლის გეზს: ტყვიის მოხვედრის შემდეგ მკვეთრად შემობრუნდება და დაღმა დაექანება. ვიცოდი რა, რომ დაფრთხობის შემდეგ მაღლა გამოიქცეოდნენ, გელას ვუთხარი, რომ დაბლა ჩასულიყო ჯოგის შეუმჩნევლად და დაეწყო მიპარვა. არჩვები, როგორც კი შენიშნავდნენ,ან სროლის შემდეგ, თუკი ამის საშუალება მიეცემოდათ, აღმა გამოიქცეოდნენ.

 

ამასობაში მე მწვერვალისკენ ავიწეოდი და გამოქცეული ჯოგის წინ აღმოვჩნდებოდი.
გეგმა კარგი იყო, რომ იტყვიან, წყალი არ გაუვიდოდა და წარმატებაში ეჭვი არ მეპარებოდა. ჩემი ამხანაგი შემოვლით დაღმა დაეშვა, მე კი წამოვწექი და დაველოდე, როდის დაიწყებდა მიპარვას. სწორედ აქ დავუშვი შეცდომა. მთაში ნადირობისას მონადირეს უნდა შეეძლოს ორინეტირება და მანძილის გავლის დროის განსაზღვრა. ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა წარმატებული ნადირობისა.

მე ვიმყოფებოდი ქედის ცერზე, რომელიც ეშვებოდა რკინის მთისკენ, ხოლო მასარის თავში, ჩემგან დასავლეთით ბორბალოდან ეშვებოდა ქედი სამხრეთისკენ, კეხისგორის მთის მწვერვალზე ჩაივლიდა უკანა ფშავისკენ. ქედი, რომელლის ცერზეც მე ვიმყოფებოდი, პერპენდიკულარივით ეყრდნობოდა აღნიშნულ ქედს. ჩემი ამოცანა იყო, რომ არჩვების ჯოგს დავხვედროდი პერპენდიკულარის ფუძეზე.
როცა ვიფიქრე, რომ დრო დადგა ჩემი დაძვრისა, ავდექი და აღმართს შევუდექი. მოხრილი მივდიოდი, რომ ჯოგს არ შევემჩნიერ, მაგრამ ნახევარი გზაც არ მქონდა გავლილი, როცა პირველი არჩვი შევნიშნე, რომელიც ლაღად ამოხტა ბორბალოს ქედის ცერზე. მე გავიქეცი, თუკი შეიძლება სირბილი ეწოდოს აღმართზე ძუნძულს. პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს- მესამე, მესამეს- მეოთხე და ა.შ. არჩვები დაქანებულ ქედის ცერზე, რიგში ჩამდგრები, გრაციოზული ნახტომებით, ერთი მეორეზე მიყოლებით სამხრეთისკენ მიქროდნენ.
დიდებული სანახავი სურათი გახლდათ, ისე ლამაზად ჩანდნენ ლურჯი ცის ფონზე, ისე ცქვიტად ეშვებოდნენ ქედზე, გეგონებოდა, ჰაერში მიცურავენო. დედების გვერდით ერთწლიანი ციკნები(ჩეფიჩები) მიკუნტრუშობდნენ, გეგონებოდათ, არენაზე არიან და საჩვენებელ ილეთებს ასრულებენო.
მე ვერა მხედავდნენ. ჩვენ შორის მანძილი 300-400 მ. იქნებოდა. დრო და მანძილი ვერ გამოვთვალე, ამას მივხვდი და ბოთესავით ვიდექი. მერე თავის თავზე გაბრაზებულმა სროლა დავიწყე. აჩქარებული ვისროდი, დამიზნების გარეშე. ვხედავდი, როგორ აყენებდა ტვიები ქვიშაზე ბუქს, აქა-იქ მტვერი ავარდებოდა ხოლმე, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე თავი, მშვიდად, დამიზნებულად მესროლა.
ერთ-ერთი ჩეფიჩი, რომლის წინ ტყვია სიპის ქვას მოხვდა და ცხვირწინ სიპის ნამსხვრევები აუფრიალა, ტიგიდან გადმოხდა და ჩემკენ დაღმართზე დაეშვა. მე მისკენ ვისროლე, მაგრამ ტყვიები გარშემო ხვდებოდა, მტვერს აყენებდა და დამფრთხალი ციკანი კვლავ ჯოგისკენ გაქანდა, ამასობაში ჯოგი თვალს მოეფარა, მე კი გამოლენჩებული ვიდექი და გავყურებდი იმ ადგილს, საიდანაც ჯოგი ჩაეფარა.
გაოგნების მარწუხებისგან გავთავისფულდი თუ არა, დაღმა ფერდობზე გავქანდი და სწრაფად გავნდი გორის კეხთან, გავიხედე იქით, მაგრამ არჩვები არსად ჩანდნენ. ჩამოვჯექი, მწარე სინანულმა შემიპყრო, ლანძღვა დავუწყე ჩემს თავს: რას ეგდე, შე უტვინო, შე ბოთევ, რატომ თავის დროზე არ აეგდე და არ ახვედი მაღლა, ზედ ცხვირწინ წაგივიდა 30-მდე ფსიტი. შენც იტყვი მონაიდრე ვარო, როგორ უნდა შეხედო ამხანაგებს თვალებში…
როცა მიზანში ავაცდენ, ძალიან ცუდ გუნებაზე ვდგები ხოლმე მნიშვნელობა არ აქვს, ნადირს ვესვრი თუ უბრალოდ რაიმე ნიშანს. სხვისა არ ვიცი, მაგრამ მე მთრგუნავს მიზანში აცდენა. ნადავლს ჩემთვის არცთუ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი იყო თავად ნადირობის პროცესი, მაგრამ მონადირემ იმასაც უნდა გაუწიოს ანგარიში, რომ ამხანაგი გენდოდა, რომ მას აქვს ინტერესი ხორცისადმი.
მე ვისროდი AKM-ის სისტემის კალაშნიკოვის ავტომატიდან. ცხადია, ჯერი რომ მიმეშვა, ბევრ არჩვს დავაწვენდი, ეს ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ მე ჩემი შეხედულება მქონდა: ნადირს იმდენი შანსი უნდა ჰქონდეს გადარჩენისა, რამდენიც მონადირეს მისი მოკვლისა. ამიტომ არის, რომ არასოდეს მინადირია ძაღლებით, არასოდეს მიმიღია მონაწილეობა ძაღლებით კოლექტიურ ნადირობაში. ერთხელ ვნახე, როგორ გადაეჩვა ალაზანში ძაღლების დევნილი არაქათგამოცლილი შველი, როგორ მძიმედ სუნთქავდა დაღლილ-დაქანცული და როგორი უმწეო იყო.
ოფლში გახვითქული გელა ამოივდა მაღლა, მძიმედ სუნთქავდა, იმედიანი გამომეტყველება უცბად შეეცვალა, როცა ნირწამხდარი დამინახა.
-რა მოხდა, ვერ მოარტყი ვერც ერთს?- კერ კიდევ იმედის თვალით მიყურებდა.
ვერაფერი ვუპასუხე, მხოლოდ ხელები გავასავსავე.
-საით წავიდნენ?- იკითხა ამხანაგ,ა როცა ყველაფერს მიხვდა.
მე ისევ ვიჯექი ნაშალზე, წარმოუდგომლად ვანიშნე სამხრეტისკენ, კლიანი ბორცვისკენ. ის საჩქაროდ დაეშვა ცერდაცერ, მეც წამოვდექი და უკან გავყევი ძუნძულით. სწრაფად ჩავედით იმ ადგილას, სადაც ჩაეფარნენ. აქ ქედი ორად იყოფოდა: ერთი განშტოება ხევსურეთისკენ, ანდაქის ხეობისკენ ეშვებოდა , მეორე უკანა ფშავისკენ. როცა ქედის მწვერვალს შემოვუარეთ ორივემ ორივე მხრიდან, ჩვენ წინ გადაიშალა უკანა ფშავი, ქედისძირს, არცთუ შორს რამდენიმე სახლი ჩანდა, სოფლის სახელწოდებები არც ერთმა არ ვიცოდით.
მაგრამ არჩვების კვალიც კი არ ჩანდა. თითქოს მიწამ ჩაყლაპა, ისე გაქრნენ. საოცარი იყო ისე სწრაფად როგორ გადაიქროლეს გორები, რომ თვალი ვერ მოვკარით. კი, ვიცოდი, რომ სწრაფად, დიდი ნახტომებით კლდეებზე დაფრინავენ, მაგრამ ასეთი გაუჩინარება ვერ წარმომედგინა.
დაბლა ალხაჯიდან ვისერგიმ დაგვიძახა. სროლის ხმა, ცხადია, ესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა. ქედს გადმოვდექი და ვაცნობე წარუმატებლობა. წავედიო, ამომძახა და თავქვე წავიდა.
მალე გამიარა მარცხით გამოწვეულმა სინანულმა, მონადირე მზად უნდა იყოს წარუმატებლობისთვის, თუ არ გიწერია, ათ ნაბიჯზეც ვერ მოახვედრებ ტყვიას. ამხანაგი კარგი მყავდა, აქეთ მამხნევებდა, ერთი სასაყვედურო სიტყვაც არ დასცდენია. ჩამოვსხედით, დურბინდით შევათვალიერე მოპირდაპირე ალპური ქედი, რომელიც სამხრეისკენ ეშვებოდა მასარის მწვერვალიდან. ეს გორა თითქმის მთლიანად დეკით იყო დაფარული, შიგადაშიგ ტერასები ბალახითა და ქუჩით იყო აჭრელებული. ასეთ ადგილებს ეტანება არჩვი, მით უმეტეს, თუ ნაწილობრივ კლდიანიც არის.
მესამე მონაკვეთის ვზვერავდი, რომ თვალი მოვკარი მუქ სხეულს, რომელიც ოდნავ შეირხა. დავაკვირდი და დავრწმუნდი, რომ მარტოხელა ვაცი იყო.დურბინდი გელას გადავაწოდე და ვუთხარი, რომ დააკვირდებოდა ჟანგისფერი პიტალო კლდის ძირს, დეკიანის ზემოთ. მან დურბინდი გამომართვა და ერთი-ორი წუთის შემდეგ თავი დამიქნია.
გეგმა შევადგინეთ: უნდა ავსულიყავით მაღლა, არჩვის პირდაპირ, შემდეგ დავეშვებოდით დაბლა ხევისკენ, ჩავიდოდით ძირს, სანამ არ აღმოვჩნდებოდით ერთ ხაზზე ჩვენ და ვაცი და მერე დავიწყებდიტ სროლას. ორივე პარალელური ქედის ცერები საკმაოდ იყო დაშორებული ერთმანეთისგა, მაგრამ ძირში ხომ ხევი ვიწროვდებოდა და მოპირდაპირე ფერდები უახლოვდებიან ერთმანეთს. ვაცი არჩვი მოპირდაპირე ქედის ფერდის შუაწელს ქვევით იმყოფებოდა.
დავიწყეთ ჩასვლა, უფრო სწორად ჩაცურება.ნადირი ძალიან შორსაც რომ იყოს, გამართულად მოსიარულე ადამინს ადვილად აღმოაჩენს და მაშინვე გარბის. მოხრილ მდგომარეობაში მოძრაობის დროს არ გარბის, მაგრამ მხედველობის არედან არ უშვებს. თავი აუცილებლად უნდა ჰქონდეს მონადირებს მხრებში ჩარგული, რადგან, არ ვიცი რატომ, არჩვები და სხვა რეული ცხოველიც ცირველ რიგში თავს აკვირდება. ალბათ, ინსტიქტით იციან, რომ ადამიანის თავი ძალზე საშიშია მათთვის.
დაღმართში, თანაც ციცაბო დაღმართში თავჩარგული ჩაღუნული სიარული ძალზე ძნელია, თითქმის შეუძლებელიცაა შეუმჩნევლად დაშვება. ამიტომ პირაღმა დავწექით, ფეხებით წინ დავიწყეთ ჩასრიალება მაღალ ბალახებში. შეუმჩნევლად გავუპირისპირდით, დურბინდში, ჩამავალი მზის სხივებზე ჩანდა გაშლილ ადგილზე მდგომი ვაცი. თანაც გვერდულად იდგა, ხანდახან თავს აწევდა და დაკვირვებით შეათვალიერებდა მიდამოს.
შორს იყო, დაახლოებით 400-450 მეტრი იქნებოდა, შეიძლებოდა მეტიც იყო. სამიძნის შკალაზე 400მ დავაყენეთ და ერთდროულად ვესროლეთ. ერთი კი შეხტა ნადირი ადგილზე, მაგრამ არ დაძრულა ადგილიდან. სროლა განვაახლეთ, მაგრამ სამიზნეს კარგად ვერ ვარჩევდით.
მთაში სიბნელე უეცრად მოდის. ხევის სიღრმეში მზის ჩასვლისთანავე ბნელდება, მთის წვერები ცის ლაჟვარდ ფონზე დაბლა დაიწია, დეკის ბუჩქის ძირში დადგა, აშკარა იყო, პირველივე სროლის დროს დაიჭრა, თორემ მთის მწვერვალისკენ გავარდებოდა. დურბინდში ვხედავდი, თავჩაღუნული იდგა, ფეხსაც კი არ ინაცვლებდა.
ბინდის გამო სროლა ჭირდა. ავტომას სამიზნე კოლოფი მოვხსენი მანათობელი ტყვიები ჩავამატე და სროლა გავაგრძელე. ვხედავდი, როგორ ხვდებდა ტყვიები გარშემო, მაგრამ არჩვი უვნებელი რჩებოდა. მის ახლოს პატარა კორომი იყო, მაანათობელი ტყვიებისგან შეშინებული ამ კორომს შეეფარა.
გელამ ავტომატი გადაიკიდა და ხევისკენ სწრაფად დაეშვა. ლოდებზე გადაირბინა და აღმართს შეუყვა. ფეხმარდი ახალგაზრდა სწრაფად მიიწევდა წინ და ჯერ კიდევ კარგა ვხედავდი, როგორ უახლოვდებოდა კორომს. მერე თვალს მიეფარა და მეც დაბლა ხევში ჩავედი, ლოდზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე.
უკვე ბნელოდა, როცა გელა დაბრუნდა,დაბრუნდა ხელცარიელი, დაღვრემილი.
-ვერ მიაგენი?-ვეკითხები, თუმცა ვიცი, რომ ვერ აღმოაჩინა.
-ვერამ ვერსად ვნახე, თან დაბნელდა კიდეც.
-შორს ვერ წავიდოდა, მგონი სადმე ჩაწვებოდა, ნადირმა ჩინებულად იცის შენიღბვა,- ვეუბნები ამხანაგს, – წავიდეთ მალე მთვარეც ამოვა და გაგვიადვილდება სიარული.
ხევ-ხევ ჩავყევით, ეს ხევი აღმოსავლეთით უხვევდა და მთავარ ხევს უერთდებოდა. გზა არ აგვერეოდა, შეიძლებოდა ღამე სიარული. რა თქმა უნდა, იქვე შეგვეძლო ღამის გათენება. დილით კი მოგვენახა დაჭრილი ვაცი, მაგრამ ჯერ ერთი, ხალვათად გვეცვა და გავციდებოდით,მეორეც სსაჭმელიც არ გვქონდა, მშიერ კაცს კი სიცივე ძვალ-რბილში ატანს.
ბედად მთვარე ამოვიდა და სადღაც ვახშმობის ხანს ავედით ბინაში. მეცხვარეებს მოვუყევით ჩვენი უიღბლო ნადირობის შესახებ.
-ძალიან თარსი დღე შეგხვდათ,- გვეუბნება სარქალი, – თუ იღბალი არ გწყალობს, ტყუილია ყველაფერი.
გავიხსნეთ ხელმოცარვის ბევრი შემთხვევა, შუაღამემდე საუბარში გავატარეთ დრო და დასაძინებლად დავწექით. მაგრამ დიდხანს არ დამეზინა, წინა დღის ყველა წვრილმანი გავიხსენე, გავაანალიზე და ერთი საყურადღებო დასკვნამდე მივედი : აუცილებელია, განსაკუთრებით მთაში, მანძილის აღქმა. უნდა შეძლო, დაახლოებით მაინც განსაზღვრო, რამდენ ხანს მოუნდები გარვკეული მანძილის გავლას. შემდეგ კი ამ თოფის სამიზნე შკალაზე შესაბამისად აღნიშვნა-დაყენება შეძლო.
მეორე დღეს ვისერგი ბარში ბრუნდებოდა და მეც ვერ დავრჩებოდი მეტხანს. მართალია, დრო მქონდა, მაგრამ ფეხით მომიხდებოდა სახლში დაბრუნდება და გადავწყვიტე, ცხენით მემგზავრა. მეორე მიზეზი, რომლემაც განაპირობა ჩემი გამომგზავრება, უნდა გამოვტყდე , იყო მარცხიანი ნადირობა. იმედი დავკარგე, რომ შემდგომი ნადირობა წარმატებული ქინებოდა, მარცხს შევეგუე და გამოვემგზავრე.
გამომგზავრების წინ გელას პირობა ჩამოვართვი, რომ აუცილებლად ასულიყო გუშინდელი, ჩემი ღრმა რწმენით, დაჭრილი არჩვის მოსანახად.
– თუ იმავე ადგილას არის, აუცილებლად მიაგნებ, იქ უკვე ყორნები დასტრიალებენ,ალბათ,თავს. ყოველ შემთხვევაში, ტყის კორომი კარგად დაათვალიერე, სადმე ჩამალული იქნება.
– კარგი, მაგაზე არ იფიქრო, ვიცი, რაც გაწუხებს. თუ მივაგენი, შენ წილს გამოგიგზავნი.
– წილზე არაა საუბარი, შენც კარგად იცი, რამდენად მაინტერესებს ეს. მთავარია, მანადირემ არ დაივიწყოს მთავარი პრინციპი- არ უნდა მიატოვოს სატანჯველად დაჭრილი ნადირი.
როცა ამას ვეუბნები, გელას ჩემი ცხენი აღვირი ეჭირა, მარცხენა ხელით უნაგირს კეხს ჩასჭრიდებოდა, რომ ჩემთვის შეჯდომა გაეადვილებინა. ხელის ჩამორთმევით გამოვემშვიდობე ზრდილობიან ახალგაზრდას.”

ხასო ხანგოშვილი

გზაში “დაკარგული” ვაინახები

23 თებერვალს 73 წელი გავიდა ვაინახთა საშინელი ტრაგედიიდან. მოგეხსენებათ, ამ დღეს, 1944 წელს, საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, იოსებ სტალინის განკარგულებით, ვაინახები – ჩეჩნები და ინგუშები – შუა აზიაში გაასახლეს. ოპერაცია „ჩეჩევიცა“ – „ოსპი“ – გულისხმობდა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევარი მილიონზე მეტი ადამიანის დეპორტაციას – დასჯას “ნაცისტებთან თანამშრომლობისათვის”,

რაც ცხადია სრულიად აბსურდული ბრალდება იყო. შუა ზამთარს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთლიანი მოსახლეობა საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში შეყარეს, საკვების, სასმელი წყლის, თბილი ტანსაცმლის გარეშე და ასე მოახდინეს მათი გადაგზავნა დანიშნულების ადგილას.

 

2004 წელს, ევროპარლამენტის მიერ ვაინახთა დეპორტაცია გენოციდის აქტად იქნა აღიარებული. ამ და სხვა მრვალ თემაზე უფრო ფართოდ ქვემოთ მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ.

1424849450_4

ერის ძალადობრივ გადასახლებას უცხო მიწაზე მოსდევს ერთი მიზეზი: მოსწყვიტოს იგი მისთვის ძალის მომცემ მშობლიურ მიწას, ამოგლიჯოს მისი სულის მასაზრდოებელი ფესვები, გაწიროს იგი გადაშენებისთვის ან სწრაფი ასიმილაციისთვის.

სწორედ, ასე აღვიქვამთ ჩვენ ვაინახების დეპორტაციას, რომელიც განხორციელდა სტალინის ჯალათების მიერ 1944 წლის 23 თებერვალს, ისეთი სისასტიკით, რაც არ ენახა სისხლიან ბოლშევიკურ რეჟიმსაც კი.

საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: შეძლო თუ არა კომუნისტურმა რეჟიმმა ამ აქციით ვაინახების სულით გატეხვა? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ვპოულობთ ალექსანდრ სოლჟენიცინთან, მის დოკუმენტურ ფილმში “არქიპელაგი გულაგი” (Архипелаг ГУЛАГ).

 

აზიაში დეპორტირებული ხალხების ჩამოთვლის, და თითოეული მათგანის მოკლე დახასიათების შემდეგ, ა. სოლჟენიცინი აღნიშნავს: “მაგრამ, იყო ერთი ერი, რომელიც ფსიქოლოგიურ მორჩილებას არ გამოხატავდა – არა ერთეულები, ან მეამბოხეები, არამედ მთელი ერი. ეს არიან – ვაინახები”.
ა. სოლჟენიცინი მოწმობს, რომ ვაინახებს ჯიუტად არ სურდათ ბედის შეგუება, მის გარდაუვალობად მიღება. ის წერდა:

“მე ვიტყოდი, რომ ყველა ემიგრანტიდან, ერთადერთმა ვაინახებმა გამოიჩინეს თავი, როგორც მსჯავრდებულებმა. მას შემდეგ, რაც  ვერაგულად მოსწყვიტეს სამშობლოს, მათ უკვე აღარაფრის არ სჯეროდათ. მათ აიშენეს ქოხები – დაბალი, ბნელი, საცოდავი, ისეთი, რომ, თითქოს, ფეხის ერთი მირტყმა და ჩამოიშლებოდა.

და ასეთი იყო მათი ყოფა დევნილობაში – ამ ერთ დღეს, თვეს, წელს, რაიმე მარაგის ან შორეული განზრახვის გარეშე. ისინი ჭამდნენ, სვამდნენ, ახალგაზრდები კიდევ ტანსაცმლით იმოსებოდნენ. გადიოდა წლები და ისევ ასე, მათ არაფერი ჰქონდათ, როგორც დასაწყისში. არცერთი ჩეჩენი არ ცდილობდა სადმე ფეხის მოკიდებას ან მმართველობისთვის თავის მოწონებას- მაგრამ, ყოველთვის ამაყად ეჭირათ თავი მათ წინაშე და ხშირად ღიად გამოხატავდნენ თავიანთ მტრულ განწყობილებას”.

უნდა აღინიშნოს, რომ 1949 წელს – დეპორტაციიდან ხუთი წლის შემდეგ – ვაინახებს, სხვა კავკასიელ “სპეცემიგრანტებთან” ერთად, ეკრძალებოდათ დაეტოვებინათ რაიონის საკომენდანტო ტერიტორიები, სადაც დარეგისტრირებული იყვნენ. აკრძალვა ეხებოდა ყველა 16 წელს მიღწეულ პირს, ხოლო მისი დარღვევა 25 წლის ვადით პატიმრობას ითვალისწინებდა.

სხვაგვარად, რომ ვთქვათ, კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ დეპორტირებული კავკასიელი ხალხებისთვის მოიგონა, რაღაც ჰიბრიდი სარეზერვო და შრომითი ბანაკებისა, რომლის ფარგლებს გარეთ გასვლა ისჯებოდა 25 წლიანი პატიმრობით.

სხვათა შორის, როდესაც ითხოვენ განსაზღვრო განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და რუსულ კომუნიზმს შორის, ჩვეულებრი პასუხობენ, რომ ნაცისტები ხოცავდნენ ადამიანებს ეროვნული ნიშნით, ხოლო კომუნისტები – სოციალური.

მაგრამ, ეს უკიდურესად მცდარი შეხედულებაა, რადგან კომუნისტები ხალხს ამყოფებდნენ მასობრივი რეპრესიების ქვეშ და ანადგურებდნენ არა მარტო სოციალური, არამედ ეთნიკური ნიშნითაც.

ასე, რომ კომუნისტური მოსკოვის სინდისზე, ნაწილობრივ განადგურებული და ნაწილობრივ  მუშათა საკონცენტრაციო ბანაკებში გამოკეტილი, საბჭოთა იმპერიაში შემავალი ათობით ეთნოსია.  ამიტომ, კომუნიზმის სახით ჩვენ საქმე გვაქვს “ორმაგ ნაციზმთან”, ასე ვთქვათ “ნაციზმთან კვადრატში”.

ეხლა ერთი-ორი სიტყვა ციფრებზე. ეს ციფრები ჩვენს მიერ აღებულია ნ. ბუგაისა და გონოვის დოკუმენტური წიგნიდან “კავკასია: ერები ეშელონებში” (20-60- წლები), (“Кавказ – Народы в эшелонах”, Изд-во “Инсан”, 1998 г.). ავტორები აღნიშნავენ, რომ მოსამზადებელი ღონისძიება ვაინახების გასახლებისთვის დაიწყო 1943 წლის იანვარ-თებერვალში – კავკასიის გერმანელი სამხედროებისგან გათავისუფლებისთანავე.

ამ ღონისძიებათა უმთავრეს ნაწილს წარმოადგენდა დაწვრილებითი სტატისტიკური ანგარიში ჩეჩნებისა და ინგუშების რაოდენობისა. ვაინახების რაოდენობიდან გამომდინარე, 1944 წლის იანვრის ბოლოს 14 200 ვაგონსა და 1000 პლატფორმაზე იქნა განაცხადი შეტანილი, რაც აუცილებელი იყო შუა აზიაში ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციისათვის. ამ რაოდენობის ვაგონები და პლატფორმები უნდა დაენაწილებინათ 159 ეშელონად.

ადვილად გამოსათვლელია, რომ ყოველ ჯგუფზე მოდიოდა 89 ვაგონი და 6 პლატფორმა. ყოველ ეშელონს თან ახლდა 35 ზედამხედველი, რომლებსაც ერთი ვაგონი ეკავათ.

შეგახსენებთ, რომ ჩამოთვლილი 159 ეშელონიდან, ბოლოს ცენტრალურ აზიაში გაემართა ერთი ჯგუფი ყოველგვარი დაცვის გარეშე, რომლითაც შედარებით კომფორტულ პირობებში მიჰყავდათ რესპუბლიკური და სამეურნეო მაღალჩინოსნები, ჩეკისტები, საბჭოთა რეჟიმისადმი ლოიალურად განწყოფილი სასულიერო პირები და მათი ოჯახის წევრები.

n40_32-0-jpg-480x0_q90

ვაგონების საერთო რაოდენობიდან ზედამხედველობისა და ამ უკანასკნელი “ნომენკლატურისთვის” განკუთვნილი 158 ვაგონის გამოკლებით, ჩვენ გვრჩება 14041 ვაგონი, რომლებშიც ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან ცენტრალურ აზიაში გადაყვანილი იქნა 478 479 ვაინახი (387 229 ჩეჩენი და 91 250 ინგუში). გამოდის რომ თითოეული ვაგონით 34 ადამიანი გადაჰყავდათ.

თუმცა, ასეთი რაოდენობის გადასახლებულთა ყოფნა ერთ ვაგონში სავსებით არ ემთხვევა სსრკ-ში სარკინიგზო მაგისტრალებზე ადამიანთა გადაყვანის იმ დროის ნორმებს. ამ ნორმატივებზე ჩვენ ვიგებთ ალექსანდრე სოლჟენიცინის ცნობილი ნაშრომიდან “არქიპელაგი გულაგი” (“Архипелаг ГУЛАГ”).  ავტორი აღნიშნავს:

“იმ პატარა მსხვილფეხა საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში, რომლითაც მიღებულია რვა ცხენის, ან ოცდათორმეტი ჯარისკაცის, ან 40 პატიმრის გადაყვანა, დეპორტირებულნი მიჰყავდათ ორმოცდაათი და მეტი”
( «Архипелаг ГУЛАГ», журн. «Новый мир», №11, стр. 168).

გასაგებია, რომ ომის პირობებში, როდესაც სსსრკ-ს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დეფიციტს განიცდიდა ვაგონებისა და ლოკომიტივების მხრივ, ასევე სარკინიგზო მეურნეობაში, ორმაგი დატვირთვით მუშაობის პირობებში, НКВД-ს ნამდვილად არ შეეძლო ქვეყნის ხელმძღვანელობისგან დამატებითი ვაგონები გამოეთხოვა, რომ “ფაშისტებთან კავშირში” ბრალდებული “სპეცემიგრანტებისთვის”, რომლებიც ინსტრუქციის დარღვევით იყვნენ განთავსებულნი, 34-34 ადამიანი ვაგონში, ასე თუ ისე კომფორტული პირობები მოეწყოთ.

ცხადია, ეჭვს ვერავინ მიიტანდა სტალინის სადამსჯელო ორგანოებზე, რომლებიც დეპორტაციის პერიოდში ხვრეტდნენ და აფეთქებდნენ ათასობით, ყრიდნენ ტბებში და ცოცხლად წვავდნენ ვაინახებს, რომ შეექმნათ საგზაო კომფორტი “სამშობლოს მტრებისთვის”.

გარდა ამისა, არსებობენ ყოველივე ამის მომსწრე ვაინახები. მაგალითისთვის ავიღოთ ერთი პიროვნების ნაამბობი:

“უკიდურესად გადატენილ სატვირთო ვაგონებში, შუქისა და წყლის გარეშე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში მივდიოდით ჩვენთვის უცნობი დანიშნულების ადგილისკენ. მოსახლეობაში ინფექციური დაავადებები გავრცელდა. არანაირი მკურნალობა, ომი მიდიოდა…ხანმოკლე გაჩერებების დროს, მატარებლის მიმდებარე მიყრუებულ, უკაცრიელ ადგილებში, ლოკომოტივის კვამლისგან გაჭვარტლულ თოვლში ასაფლავებდნენ დაღუპულებს” ( ხ. არაპიევის მოგონებიდან).

%d0%bc%d0%b0%d0%b4%d0%b8%d0%bd%d0%b0_view

აქედან და სხვა, დეპორტაციის ათასი მსხვერპლის, მოგონებიდან ჩვენ შეგვიძლია დავსაკვნათ, რომ ისინი უკიდურესად გადატენილი ვაგონებით გადაჰყავდათ. ამიტომ, თითოეულ ამ ვაგონში ვერანაირად ვერ იქნებოდა ინსტრუქციის შესაბამისად-50 ადამიანი. სინამდვილეში, მრავალი ვაინახის დადასტურებით, რომლებმაც გადაიტანეს დეპორტაცია, ერთ ვაგონში 80 და უფრო მეტ ადამიანს უწევდათ ყოფნა.

ძალოვანი სტრუქტურების მიერ გამოთხოვილი ვაგონების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენს შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სინამდვილეში თუ რამდენი იყვნენ ჩეჩნები და ინგუშები დეპორტაციის მომენტში. გაზვიადება, რომ არ მოხდეს ვიმსჯელებთ გამომდინარე ნორმატიული მინიმუმიდან – 50 ადამიანი ერთ ვაგონზე. ვამრავლებთ 14041 ვაგონს 50-ზე და მივიღებთ 702 ათას დეპორტირებულ ვაინახს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის მინიმალური რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან გადაგზავნეს შუა აზიაში.

ახლა, გავიხსენოთ იმ ვაინახებსი რაოდენობა, რომლებმაც, ოფიციალური მონაცემებით, დანიშნულების ადგილას ჩააღწიეს. ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან ცენტრალურ აზიაში 478 479 (387 229 ჩეჩენი და 91 250 ინგუში). ვაკლებთ ამ რაოდენობას 702 ათასს და ვიღებთ 223 500 გზაში “დაკარგულ” ვაინახს. სწორედ ასეთია – მინიმალური შეფასებით – გადაყვანის დროს დაღუპული ვაინახების რაოდენობა. ამ მასიური სიკვდილის მიზეზი გახდა გაუსაძლისი ყინვა, შიმშილი, ეპიდემია ტიფა, სამედიცინო დახმარების არარსებობა.

351244_original
1944 წლის მარტში, დანიშნულების ადგილას ჩასული (ოფიციალური მონაცემებით), 478 479 ვაინახიდან, 12 წლის შემდეგ, 1956 წელს ცოცხალი დარჩა 395 ათასი. გამოდის, რომ დაიღუპა 83 ათას 479 ადამიანი. თუმცა, თუ ყურადღებას გავამახვილებთ დეპორტაციაში დაბადებული ბავშვების რაოდენობაზე, ეს დანაკარგი გაცილებით უფრო დიდია. ცნობილია, რომ 1945-დან 1950 წლამდე პერიოდში, ვაინახურ ოჯახებში 40 ათასამდე ბავშვი დაიბადა. ასევე, შობადობის დინამიკა ვაინახებში წლიდან წლამდე იზრდებოდა:

— 1945 წ. ვაინახებს შეეძინათ 1800 ბავშვი;
— 1946 წ. – დაახლ. 4000;
— 1947 წ. – დაახლ. 5800;
— 1948 წ. – დაახლ. 8300;
— 1949 წ. – დაახლ. 9100;
— 1950 წ. – დაახლ. 12 000;

მთლიანობაში, დეპორტაციაში გატარებულ პირველ 6 წელიწადში, 1945 – 1950 წწ. ვაინახურ ოჯახებში 41 ათასი ბავშვი დაიბადა. ცნობები  1950-1956 წლების პერიოდის შობადობაზე არ მოიძებნა.

 

თუმცა, სტაბილურად მზარდი შობადობის დინამიკის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპორტაციის წლებში დაიბადა არანაკლებ 150 000 ვაინახი ბავშვისა.

გზაში დაღუპული ვაინახების რიცხვს ნაწილობრის ამ 150 ათასი ბავშვით თუ შევავსებთ, სახლში დაბრუნების მომენტთან შედარებით, ჩეჩნენისა და ინგუშებია რაოდენობა იყო 83 ათას 479 ადამიანით ნაკლები, ვიდრე ცენტრალურ აზიაში, 1944 წლის მარტში ჩასვლისას.

დეპორტაციაში დაბადებული ბავშვების ჩათვლით, ცენტრალურ აზიაში 1944-1956 წლებში, ანუ 12 წელიწადში, სხვადახვა მიზეზების გამო დაიღუპა 230 ათასი ვაინახი. ერთადერთი ახსნა ამ საშინელი სიკვდილიანობისა, ჩვენ ვიპოვეთ ჩეჩენი ისტორიკოსის ლემა უსმანოვას წიგნში “დაუმორჩილებელი ჩეჩნეთი” ( “Непокоренная Чечня” М. 1997 г. , стр. 84-85):

“მას შემდეგ, რაც ჩეჩნების გაძევების ძირითადი ეტაპი დასრულებული იყო, დაიწყო ნადირობა მათზე, ვისაც გაუმართლა და აირიდა ეს საშინელი ხვედრი. განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვა მთებში “შემთხევით დავიწყებული” კვების პროდუქტების მიმოფანტვის მეთოდმა. მოწამლული საკვები პროდუქტების პრაქტიკა ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ვაინახების დეპორტაციის ადგილებშიც.

რუსულ დანაშაულებათა ეს ასპექტი ფართო განხილვის საგნად იქცა კონფერენციაზე “საერთაშორისო უფლება და ჩეჩნეთის ტესპუბლიკა” (“Международное право и Чеченская республика” Польша, Краков, 8-11 декабря 1995 г.).

 

ერთ-ერთი მისი მონაწილემ, ივან ბილასმა, პროფესორი, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მოიყვანა ცნობა რუსული არქივიდან (фонд 9478, дело #1375, 1949 год), რაც აჩვენებს, რომ ჩეჩნებს დეპორტაციის წლებში “კვებავდნენ” მოწამლული პროდუქტებით. დოკუმენტებში ისინი ნახსენებია როგორც “საკვები სიურპრიზები” (пищевые сюрпризы).

 

მაგალითად, 1 კგ ფქვილის მოსაწამლად რეკომენდირებული იყო დაემატებინათ 1 გრ დარიშხანის, ხოლო 1 კგ მარილზე – 10 გრ. სხვა საწამლავი – დარიშხან-ნატრიუმის მარილი – განკუთვნილი იყო შაქრისთვის ( 1 კგ – 10 გრ), და წყლისთვის ( 1ლ – 1 გრ). ეს სიურპრიზი რეკომენდირებული იყო გამოიყენებინათ  ვაინახებისთვის საყვარელი გალუშკების მოხარშვისას.

 

აღმოჩნდა, რომ ზეთებისთვის, საკმაოდ “კარგი” იყო გექსოგენი. იმავე კრაკოვის კონფერენციაზე, მისმა მეორე მონაწილემ რიშარდ ბოჩანმა, ქ. კრაკოვის საბჭოს დეპუტატი, წარმოადგინა დეპორტირებულ – თვითმხილველი პოლონელების ცნობები  “შესახედად ჯანმრთელი და ძლიერი ჩეჩნების”  იდუმალ, მასიურ სიკვდილიანობაზე (ათასობით).

ჩვენს მიერ გამოვლენილი ფაქტებისა და ციფრების შეჯამების შემდგომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცენტრალურ აზიაში გადაყვანის პროცესში და გადასახლებაში გატარებული 12 წლის განმავლობაში, ვაინახებმა დაკარგეს – ყველაზე მინიმალური შეფასებით – 450 000 ადამიანი.
ვიმეორებ: ეს რეალურზე დაბალი მონაცემებია. ეჭვს არ ბადებს ის, რომ დაღუპული ვაინახების რაოდენობა მოცემულ ციფრებს ბევრად აღემატება. აქ არ იგულისხმება იმ ვაინახების რაოდენობა, რომლებიც სასტიკად ამოწყვიტეს საბჭოთა ჯალათებმა გადასახლების პერიოდში უშუალოდ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე.

ჩეჩენის ისტორიკოსის, ჰასან ბაკაევის სტატია.

ნათარგმნია რამზან გორგიშვილის მიერ.

მომავლის რწმენით

ეთერ ციხესაშვილის ესსე:

პანკისის ხეობა ულამაზესი კუთხეა საქართველოში. ის აღმოსავლტ საქართველოს ბოლო წერტილია, მნახველებს მოსწონთ და კმაყოფილების განცდა ეუფლებათ. განსაკუთრებით მოსწონთ ჩვენი კულტურა, ტყუმართმოყვარეობა, ტრადიციები. მოსულის თვალს არასდროს გამოპარვია ჩვენი ქალების სისუფთავე, ეს ყველა თვისება დამახასიათებელია პანკისელი ქალებისთვის.
ხეობაში სულ 17 სოფელია. მათ შორის დუისი ყველაზე დიდია. აქ მცხოვრები ხალხიც რატომღაც განსხვავდება სხვა სოფლებისგა, ამაყები და პატივმოყვარეები არიან, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მეც ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე.
მშობლები პედაგოგები არიან, თუმცა პაპა-ბებიის აღზრდამ უფრო მოახდინა ჩემზე გავლენა. ისინი ძალზე რელიგიური ადამიანები იყვნენ, რის საფუძველსაც რა თქმა უნდა ის სალოცავი სახლი გვაძლევდა, რომელიც 1909 წელს სოფელში შემთხვევით სტუმრად ჩამოსული შეიხმა ისა-ეფენდიმ დაამკვიდრა. ხეობაში ისლამიც მან გაავრცელა.

დედა ძალიან მკაცრი და ობიექტური იყო, ბავშვობიდანვე შრომას და საქმეს მიგვაჩვია. ოჯახში პირველად სამი და გავჩნდით, მე როგორც უფროსს, ოჯახური საქმეები მევალებოდა : დების მოვლა-პატრონობა, სახლში წესრიგის, სისუფთავის დამყარება და სხვა.  ყოველთვის ყველაფრის დათმობა მიწევდა, ამით სარგებლობდა ჩემი უმცროსი და ხადიშა და მჩაგრავდა, თავის გასაკეთებელ საქმესაც უკვე მე მავალებდა. მეც რა თქმა უნდა უთქმელად ვუსრულებდი ნებისმიერ სურვილს.
ჩემი მშობლები სკოლაში მუშაობდნენ პედაგოგებად. დედას სამსახური მოშორებით, სხვა სოფელში ჰქონდა, სამსახურში წასვლამდე ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის შრომა შეემსუბუქებინა, მაგრამ მე მაინც მძიმე ტვირთი არ მაკლდა.
შეიხის საპატივსაცემოდ ჩვენს ეზოში დგას სტელა, რომელზეც არაბული წარწერაა. ეზოშივე არის ძველი რიტუალების ფიცრული ოთახი, ხალიჩებითა და მუთაქებით მოწყობილი, კედელზე კი შეიხის სურათია.
მთელი ამ სახლის არსებობის მანძილზე ყოველ ხუთშაბათს საღამოს მოდიან კაცები ე.წ. “ძიარათის” რიტუალის შესასრულებლად, ქალები კი პარასკევს შუადღისით. პაპაჩემის მონაყოლიდან მახსოვს შეიხი ისა-ეფენდი პანკისის ხეობას სტუმრობდა 1909 წელს. მას შემოუკრებია მამაკაცები და ესაუბრებოდა რელიგიაზე. ქრისტიანობას ხეობაში მისდევდნენ : ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში. დუისში, დანარჩენ სოფლებთან შედარებით ისლამის მიმდევრები ჭარბობდნენ.
შეიხის სტუმრობის შესახებ ხმები პანკისში ძალიან სწრაფად გავრცელდა, როგორც ოდითგანვე სტუმართმოყვარე ხალხი, შეიხს ეპატიჟებოდნენ სახლში, სუფრას უშლიდნენ და თავიანთ პატივისცემას ამით გამოხატავდნენ.
რა თქმა უნდა, არც ჩემი დიდი პაპა დარჩენილა ვალში, დაუპატიჟებია სახლში, დაუკლავს ცხვარი და გაუშალა სუფრა. შეიხს სასტიკი უარი განუცხადებია –  ჩემი სტუმრობა ძალიან ძვირი დაგიჯდებაო. მას უგრძვნია, რომ იმ სახლში უნდა დამკვიდრებულიყო. მისი სასტიკი უარის მიუხედავად, არ მოეშვნენ, მას მერე დარჩა ჩვენს სახლში.
ამჟამად შეიხ ისა-ეფენდის სურათი მექაში ჰკიდია, შეიხებს შორის მესამე ადგილზეა. ახალგაზრდა შეიხებს შორის უკანასკენლია. მის მერე ღმერთს შეიხი არ მოუვლენია ამქვეყნად.
თავდაპირველად ისა-ეფენდის ბევრს არ სჯეროდა. მის მონაყოლს სკეპტიკურად უყურებდნენ, რაღაცეებს უქექავდნენ.
ერთხელ, სოფელ ომალოში სასაფლაოსკენ გაუვლიათ ცხენებით, ის შეჩერდა და ერთ-ერთ საფლავს დააკვირდა, უთქვამს: ეს კაცი 20 წლის მკვდარია, მაგრამ მისი გვამი გაუხრწნელიაო, შეგიძლიათ წმინდანად აღიაროთო. ხალხს მის ნათქვამში ეჭვი შეეპარათ, მეორე დღეს დასარწმუნებლად საფლავი გახსნეს, მართლაც უვნებელი და გაუხრწნელი დაუხვდათ. ამ ამბავს ხშირად იგონებდა ბებია.
პაპაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, თავიდან თურმე დიდ ბებიასაც ეჭვი ეპარებოდა მის შეიხობაში. ერთხელ მძინარეს მოპარული საბანი დააფარა და ოთახიდან ფეხაკრეფით სცადა გაპარვა, მაგრამ შეიხმა საბანი ფანჯრიდან გადააგდო და დასძინა : ამ ეზოდან გაიტანეთ, მოპარულიაო. მაშინ კი ნამდვილად დარწმუნდა მის შეიხობაში.
ერთხელ უბანში ცხენოსანს გაუვლია, მისკენ ჯოხი გაუშვერია და უთქვია: მოპარული ცხვრის ტყავი აცვიაო.
ოჯახში ცხრა ბავშვი ვიყავით: ხუთი ჩვენ და ოთხი მამიდაშვილი, რომელთანაც ძალიან პატარა ასაკში დაეღუპათ დედა და ჩვენთან იზრდებოდნენ.
გავთხოვდი ძალიან პატარა ასაკში, 16 წლის უკვე ბავშვი მყავდა, მშობლები დიდხანს არ მირიგდებოდნენ. ძალიან მალე გავაცნობიერე ჩემი დანაშაული, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მომიხდა ძალიან რთული ცხოვრების გავლა.
ჩეჩნეთის ომში, გაურკვეველ ვითარებაში, დავკარგე მეუღლე. მის მერე უფრო გართულდა ყველაფერი. ცხოვრების უღელი მძიმე ტვირთად დამაწვა კისერზე, ყველაფრის კეთება პირადად მიწევს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ამჯერად პრობლემებით, გაჭირვებით და უკეთესისკენ დიდი მოლოდინებით…

იჩქერიის დროშა

ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაცია: ჩეჩნეთის ბედი

19­ – ე საუკუნეში რუსეთი იწყებს აგრესიული ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარებას ჩრდილოეთ კავკასიაში, რის გამოც იძაბება ურთიერთობა რუსებსა და ჩეჩნებს შორის. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეჩქარებინა ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაცია, რომ უფრო მჭიდრო კავშირები დაემყარებინა საქართველოსთან და ტრანსკავკასიის სხვა ქვეყნებთან. ოსმალეთის იმპერიისა და ირანის დამარცხების შემდეგ, რუსეთს შესაძლებლობა მიეცა მთელი თავისი სამხედრო პოტენციალი და რესურსები კავკასიელ მთიელთა დასამორჩილებლად გამოეყენებინა.Continue reading

მეტი თავისუფლება,მეტი პასუხისმგებლობის წილი

ბავშვობაში, როდესაც სათავგადასავლო წიგნებს ვკითხულობდი ჩემი ყოველდღიურობა ძალზედ მოსაწყენი მეჩვენებოდა. ხშირად მინატრია სადმე უფრო საინტერესო ადგილას დავბადებულიყავი, იქ სადაც ცხოვრება უფრო ხალისიანი და მრავალფეროვანი იქნებოდა. არ ვიცი, ეს ჩემი სურვილის გამო თუ სხვა ამბავი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნიერებისთვისაც ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილად იქცა ის პატარა კუთხე სადაც მე დავიბადე.

სოფელი დუისი, მთებში ჩამალული, ალაზნის პირას გადაშლილი და კოხტა ქალივით გაპრანჭული ადგილია. გაპრანჭული მეთქი, მაგრამ არ ვგულისხმობ ლამაზ შენობებსა და გაწყობილ ქუჩებს. უბრალოდ, აქ მაცხოვრებელთა ხასიათით, მათი მოვლილი სახლებითა თუ კოხტა ეზოებით ეს სოფელი ჩემში გაპრანჭული ქალის ასოციაციას იწვევს. თუმცა არც ასე მარტივად არის ამ სოფლის ამბავი, როგორც მე ერთი შეხედვით აღვწერ.

ხეობაში, სადაც ეს ჩემი მშობლიური სოფელიც მდებარეობს კომპაქტურად სახლობენ კავკასიის ძირძველი ტომის ვაინახების წარმომადგენლები, კერძოდ ქისტები. ქისტები ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ ინტეგრირებულნი არიან, თუმცა ამავე დროს დიდი რუდუნებითა და მონდომებით იცავენ საკუთარ კულტურას, რელიგიას, თუ იმ ტრადიციებს რომელთა წილი საერთოა კავკასიისთვის და ნაწილიც უნიკალური და მხოლოდ ვაინახებისთვისაა დამახასიათებელი. შედეგად ვიღებთ უნიკალურ და თვითმყოფად სურათს საზოგადოებისა, რომელთა შეცნობა და გაგება ბევრს დააინტერესა, ბევრიც შეეცადა გაგებას და ბევრისთვისაც ჯერ კიდევ გაუგებარ ფენომენად დარჩა. ასე, რომ რამდენადაც ლამაზი და მიმზიდველია ჩემი ხეობა, იმდენად რთული და ამოუცნობიც შეიძლება მოეჩვენოს იგი კაცს.

ერთი ამბავია დაიბადო ამ საინტერესო ხეობაში და გერქვას ქისტი, თუმცა ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო ამბავია იყო ქალი ამ საზოგადოებაში. ხშირად მსმენია თანაგრძნობის თუ სინანულის გამომხატველი სიტყვები ქისტი ქალის მძიმე ცხოვრების სსახებ უცხოთა და გარშემომყოფთა მხრიდან. მაგრამ საინტერესოა ის, რომ თავად ქისტი ქალების მხრიდან ასეთი განწყობები ნაკლებადაა.

და მაინც, ვინ აირის ის ქალი, ვინც დაფასებული და წარმატებულია ჩემს საზოგადოებაში. პირველ რიგში მახსენდება ალცანეი. უაღრესად დინჯი კეთილშობილი და სათნო ქალი. ქალი, რომელმაც საკუთარი წესიერებით, გონიერებითა და სიბრძნით შეძლო ამ პატრიარქალურ საზოგადოებაში კაცების გვერდით,ღირსეული ადგილი დაეკავებინა.

ქალი, რომელსაც აზრს კაცებიც ეკითხებოდნენ და ქალი, რომლის სიტყვასაც ხეობაში დიდი ფასი ჰქონდა. მას არ ჰქონდა დამთავრებული სკოლა, არ მიეღო უმაღლესი განათლება, არ იყო მდიდარი ოჯახის შვილი და საერთოდაც, არც არაფერი ისეთი არ გააჩნდა, რაც საზოგადოებაში მის გავლენას თუ ადგილს გააძლიერებდა. ის ერთ ღარიბ ოჯახში გაზრდილი და ნაადრევად დაქვრივებული ქალი, მარტოხელა დედა იყო.

თუმცა მას აღმოაჩნდა ისეთი ძალა და შესაძლებლობა  ღირსეული და ბევრი კაცისთვის შესასური ადგილი დაეკავებინა საზოგადოებაში. ძალა,რაც ალცანეის წარმატება განაპირობა ალბათ იყო მისი პიროვნული თვისებები : სიბრძნე, კეთილშობილება, სხვების სამსახურში ყოფნის სურვილი, შრომისმოყვარეობა. ის იყო ქალი, რომელიც ყოველთვის ფუსფუსებდა, ქამიანობდა და დროს უშინაარსოდ არ დახარჯავდა. აღსანიშნავია, რომ ალცანეი იდგა როგორც ქალის, ასევე კაცის ღირსებების სადარაჯოზე.
ჩემს საზოგადოებაში ითვლება, რომ არსებობს ერთი სიმდიდრე, რრასაც თავისუფლება ჰქვია და ამ სიმდიდრეს ერთმანეთში იყოფს ქალი და კაცი. წილი თავისუფლებისა კაცს მიაქვს, დარჩენილი წილი კი ქალს. თითქოს სასწორის ორ პინაზე ანაწილებდნენ. წილი თავისუფლებისა, რასაც ქალი თმობს კაცის პიანაზე გადადის, თუმცა ამ თავისუფლების მუხრუჭი არის ის ფაქტი, რომ იგივე პრინციპით ნაწილდება პასუხხისმგებლობის სიდიდეც. რამდენადაც მეტია თავისუფლება,იმდენად მეტია პასუხისმგებლობის წილიც.
ალცანეი იყო ის ქალი, რომელსაც ეს წონასწორობა მკაცრად ჰქონდა გააზრებული. ის თვლიდა, რომ მისი, როგორც ქალის დანიშნულება იყო გმირი და ვაჟკაცი შვილების გაზრდა და ნებაყოფლობით,საკუთარი სურვილით თმობდა საკუთარ წილ თავისუფლებას, იმისთვის რომ ამ საზოგადოების ვაჟები გმირებად გაზრდილიყვნენ. იმისთვის რომ სასწრის პინაზე კაცის წონა არ შესუსტებულიყო.
აღმოჩნდა, რომ ჩემს საზოგადოებაში ქალმა რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს, რა მწვერვალებიც არ უნდა დაიპყროს, მის მთავარ ღირსებად მაინც რჩება საზოგადოებაში მიღებული ამ წონასწორობის დაცვა. როგორც ამბობენ “სადაც ქალები წახდებიან, ვაჟკაცები არ იზრდებიანო”.
და ეს პატრიარქალური საზოგადოება, სადაც კაცის წილი თავისუფლება მაინც მნიშვნელოვანწილად აღემატება ქალისას, საზოგადოების სიძლიერის მთავარ ქვაკუთხედად ისევ ქალის როლს მიიჩნევს. შედეგად ჩემთვის ორმაგად საინტერესოა წარმატებული ქალების მაგალითები და ორმაგად დასაფასებელნი ის ქალები, რომელნიც ახერხებენ იყვნენ ძლიერებიც, წარმატებულებიც და ამავე დროს დაფასებულნიც ამ საზოგადოების წიაღში.

მელსი ბაღაკაშვილი

საიდან მოდიხარ, უმეცრებავ?

ლეილა ბექაურის ესსე:

”ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის
ჭკვა ცოდნით მოიხმარების”.

განა ცოტაა ამ ქვეყნად ბოროტება, ადამიანმა თავისი მოგონილიც რომ არ დაამატოს?

სათქმელი ბევრი მაქვს.

რით ვერ დავიწყე.

რით ვერ გადავწყვიტე, რაზე ვისაუბრო?

რამდენჯერაც ავიღე კალამი, ვატრიალე ხელში და ისევ დავდე. რამდენჯერ გადავიფიქრე: -არ არის ეს ჩემი საქმე, არც უნდა დამეწერა, მაგრამ რომ მინდა?… თანაც რამდენ რამეზე. ეს ჩემი “რამდენი რამე” ვის აინტერესებს, ქვეყნად რა არ დაწერილა, განა დარჩა რამე დაუწერელი? მაგრამ მე იმათთან რა ხელი მაქვს, მე ჩემი უნდა ვთქვა… არ ვიცი ოღონდ რომელი… ეს არა, ის არა, ამაზე არ ივარგებს… უამრავი თემა ამომიტივტივდა თავში. არ ვიცი რაე ვილაპარაკო, რა ავარჩიო.   აი იმ ქალის მსგავსად, ძალიან მრავალფეროვანი გარდერობი რომ აქვს და დიდხანს ვერ გადაუწყვეტია –  რომელი კაბით წავიდეს წვეულებაზე.

ბოლოს შეარჩია.

მეც.

მოკლედ “მაღალ მატერიებზე” სასაუბროდ არც განათლება მიწყობს ხელს და არც ფილოსოფიაში მესმის რამე, ამ მხრივ უამრავი თეთრი ლაქაა ჩემს ტვინზე.
ვინმესთან კამათის ხასიათზე არ ვარ, ასე რომ ჩემთვის მოვიწყობ კამათსაც, დიალოგსაც და მონოლოგსაც. ვნახოთ რა გამოვა. თანაც ასე რამხელა უპირატესობა მექნება, რაზეც არ უნდა ვიმსჯელო, ვეღარავინ შემედავება, ვერავინ შემაწყვეტინებს : – რა სისულელეაო! ჩემს ნათქვამზე ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად ვერ გადახედავენ – “ვაი შენს პატრონსო”. მოკლედ გაუმარჯოს სრულ თავისუფლებას!

რამე თქვენთვის საინტერესოს თუ ელით, ვშიშობთ მოლოდინი არ გაგიმართლდებათ, არ ვაპირებ რაიმე მძაფრსიუჟეტიანი ან კურიოზულ ისტორიის მოყოლას.

ჩვენზე ვილაპარაკოთ!
კაცობრიობა ხომ მილიონობით წელია იყო და არის, მოდის და მიდის, ცხოვრობს, სწავლობს, იბრძვის, ვითარდება.
ბევრი რამ შორეულ წარსულს ჩაბარდა. მივიწყებულ იქნა, როგორც დრომოჭმული, უსარგებლო. ბევრი გზადაგზა შეიძინა ჰომოს საპიენსმა, ასე ვთქვათ. ალბათ ასე გაგრძელდება მარად და მარად, თუკი ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი სამყარო ჩვენივე უგუნურობით არსებობას არ შეწყვეტს. ღმერთო დაგვიფარე!… ეს ისე წამომცდა.

მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: პირველყოფილი, ვთქვათ პალეოლითის ხანის ადამიანები, რომლებიც შიშვლები დატანტალებენ საზრდოს საძებნელად და ერთმანეთს ეკონტაქტებიან… მობილური ტელეფონებით, ჩვენი დროის ყველაზე მაგარი ნივთით. წარმოვიდგინოთ მეთქი, ძნელია? არა, ამის წარმოდგენა ძნელი სულაც არ არის, დაჯერებაა ძნელი, შეუძლებელია, მაგრამ ნურას უკაცრავად!

 

დაიჯერებენ, რა პრობლემაა, ასეთების მთელი არმია ვიცი. რატომაც არა?! თუკი ოცდამეერთე საუკუნეში ვიღაცას სჯერა, რომ ადამიანის სხეულში ჯინი დასეირნობსო და რასაც უნდა იმას აკეთებინებს თავის პატრონს, თუ სხეულს… თუკი სჯერათ, რომ ჩვენს დროში ადამიანის ცემა-ტყეპით აიძულებენ მასში ჩასახლებული ავი სულის გამოდევნას, თანაც როგორ იფიცებიან, საკუთარი თვალით ხედავენ ჯინის მოძრაობას კანქვეშ, რა გასაკვირია მობილური ქვის ხანის ადამიანის ხელში?! ვითომ რატომ ჩათვლის შეუძლებლად , თუკი სჯერა რომ მისმა თანასოფლელმა თვით ეშმაკი დაიყენა მოჯამაგირედ და ქანცის გაწყვეტამდე ამუშავა, თუკი სჯერა, რომ ჩვეულებრივი სოფლის დედაკაცი ახერხებს ბუხრის საკვამურიდან კატადქცეული ჩაძვრეს და თავისი შავი საქმეები აკეთოს. თუ ეს შესაძლებელია და მათ ამის სჯერათ, იმასაც დაინჯერებენ პირველყოფილზე. თუმცა მოდით, ჯერ ამ ისტორიას დავამთავრებ…

   ჰო და რას ვამბობდი? ჰო ქალი ჩაძვრა ბუხრის საკვამურში კატის სახით და იქვე მთვლემარე სახლის პატრონს დაეძგერა ბრჭყალებით. ამ კაცმა კი მოასწრო, ყელში სტაცა ხელი და ანთებულ ნაკვერჩხალზე ცხვირპირი გაუერთიანა, შემდეგ კი გარეთ მოისროლა. მეორე დღს, არ ვიცი “თურმე”ვიხმარო თუ რა სიტყვა… ჰო, მეორე დღეს ამ კაცს გაუგია, რომ მათი სოფლელი ქალი ღამით ძალიან ცუდად გამხდარა. წასულა სანახავად და შესვლისთანავე ცხვირპირდამწვარ ავადმყოფს სახეზე საბანი აუფარებია. ეგეც შენი ფაქტზე დაჭერა. კაცი მიმხვდარა, რომ წუხანდელი კატა ეს ქალი ყოფილა. “საკვამურიდან ჩამომძვრალო, როგორა ხარ, სახეს რად მალავო”- უთქვამს. როგორია? ზღაპრად გამოდგება? ან იქნებ იგავად, ოღონდ მორალის გარეშე. უაზრობაა. აი სულხან-საბა კი თავის სიცრუეში იმხელა სიბრძნეს დებდა –  თაობები აღიზარდნენ. ჰმ!… თაობები ამ სისულელეზეც იზრდებიან, სამწუხაროდ. სწორედ ამას ვჩივი, ამაზე მაქვს საუბარი.

იცით ცუდი რა არის? ეს ამბავი ზოგადად კიარ ვრცელდებოდა –  ასე და ასე ყოფილაო, ვიღაც ქალიო… არა! კონკრეტულად ასახელებდნენ ამ საბრალო ქალის სახელს. ცხოვრება ისე გალია იცოდა თვითონაც, რომ ყველას ალქაჯი ეგონა. გგონიათ ვინმეს დაუმტკიცებდა , რომ ალქაჯი არ იყო? ვერაფერს გახდებოდა.

ეს ცრურწმენა რა ყოფილა, ვერც დრომ მოსპო, ვერც ცივილიზაციამ, მეცნიერებამაც ვერაფერი დააკლო, უფრო პირიქით მოხდა. რაც უხსოვარი დროიდან იყო, ისევ ის არის, ცოცხალი და მუდმივი, რამე კარგი მაინც იყოს…

აბა რა უნდა ელაპარაკო დღევანდელ ახალგაზრდას, რომელიც ჯოხით ან კეტით შეიარაღბულა, მკლავები დაუკაპიწებია, წინ საღვთო წიგნი დაუდვია და უმოწყალოდ, დალურჯებამდე სცემს, ლამის სული გაფრთხობინოს ე.წ. “შეპყრობილს”, თუნდაც ეს ფეხმძიმე ქალი იყოს, ან მოზარდი გოგონა.
წარმოგიდგენიათ? ოჯახი კი დიდი მოწიწებითა და მადლობებით ისტუმრებს მათი შვილის “სულის მხსნელს”.
საინტერესოა ასეთ “მხსნელებს” თვითონ თუ სჯერათ ამისა, ან იქნებ რაღაც შავბნელი მიზნებისთვის სხვებსაც ასულელებენ, რას გაუგებ. რა სამწუხაროა! მე-10, მე-12 კლასებში ერთი ახალგაზრდა ვერ მოიძებნა, რომელსაც ამ ყველაფრის არ სჯერა, რატომ დარჩა ეს ხალხი თათქარიძეანთ ლამაზისეულის დონეზე ნეტავ? პასუხი კი მაქვს, მაგრამ მერე იყოს…
დასაწყისში ვთქვი, მარტო ვარ და ჩემთვის ვიმსჯელებ თავისუფლად, არადა ეს რომ თუნდაც სამი ადამიანის წინ მეთქვა – ცრურწმენაა – მეთქი, სამიდან ორი მაინც შემედავებოდა, ქვეყანას შემიყრიდა – ეგ როგორ არ გჯერაო და ათას არგუმენტს მოიშველიებდა, ათას ვინმეს დაიმოწმებდა, ან საერთოდ ხელს ჩაიქნევდა – შენ რა უნდა გელაპარაკოო. მოკლედ ურწმუნო თომა ჩემთან მოსატანიც არ იქნებოდა. მავანმა ნახაო, მავანს გადახდაო –  ნახეთ როგორი “მყარი” მტკიცებულება აქვს.

რას იზამ, რით დაუმტკიცებ? ილიას “მგზავრის წერილები” გამახსენდა, თერგდალეულებზე რომ ამბობს, “რიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ, რომ თერგდალეულობი არ ეჭაშნიკებათო, პირველი იმიტომ რომ თერგდალეულები არიოანო, მეორე იმიტომ რომ მეორედაც თერგდალეულები არიანო და მესამედაც – თერგდალეულები რომ არიანო. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი დაურღვიე ჩვენს დარღვეულ ქართველობასო” – ციტატა ზუსტად არ მახსოვს და ასე მოვაკვარახჭინე, აზრი არ დამიმახინჯებია.

ჰო და იმას ვამბობდი, მე რითი დავურღვიო ასეთი “მყარი” საბუთი დღევანდელ დარღვეულ ახალგაზრდობას? როდესაც ერთმა, ჩემს თვალწინ გაზრდილმა ახალგაზრდამ ერთი მორიგი მსხვერპლის შესახებ მითხრა – ჯინი თვითონ ვნახე, მაჯიდან ზემოთ როგორ აჰყვაო მკლავს, როგორ გამოდევნესო მერე ცემით, როგორ შეიძლება ამის ვინმეს არ სჯეროდესო. მე არ ვიცოდი რა მეთქვა. მანამდე ამ ყმაწვილს ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდად ვთვლიდი.
ღმერთო ჩემო! რა მაგია მოქმედებს ამ ხალხზე ისტი, რომ ზღაპურულსა აბსურდულს უფრო იჯერებენ, ვიდრე რეალურს. რა ხდება, ვინ არის დამნაშავე? საზოგადოება და პირველ რიგში ოჯახი. მშობლები, რომლებიც, როგორც ჩანს ძალიანაც კომფორტულად გრძნობენ თავს ამ სიცრუესა და მონაგონებში. და ცრუმორწმუნეობა თაობიდან თაობას გადაეცემა. გგონიათ ვაჭარბებ? აბა სცადეთ და გაესაუბრეთ, განგებ ჩამოაგდეთ სიტყვა ამ თემაზე, ფრთხილად, არ გაანაწყენოთ, აყევით და ნელ-ნელა გადმოშლიან მთელს თავიანთ “ავლადიდებას” – გაოცდებით. თანაც იცით რა არის ჩემთვის თვალშისაცემი? უფრო მეტად რელიგიურად მიდრეკილი ბავშვები გამოირჩევიან ამ კუთხით. არ არის ასაკვირი, რომ ეშმაკიც, ანუ ჯინიც ასეთების “სტუმარია” ხოლმე. კინაღამ დავიჯერე, უფრო სწორედ, იმ აზრის დაშვებაც შესაძლებელია, ჩაგონებაც თავის როლს თამაშობს. ვინ იცის იქნებ მათ ფსიქიკაზე სწორედ ეს მოქმედებს და თვითონაც ჰგონიათ რომ ჯინი დაეუფლათ?!
აუცილებად უნდა ვთქვა, რომ ადამიანებში ცრურწმენის დამკვიდრებაში ლომის წილი რელიგიას მიუძღვის. აბა დავფიქრდეთ, ამა თუ იმ რელიგიის გულწრფელ მიმდევარს რამდენი მისტიკური  ამბავი მოუსმენია წმინდა წიგნებიდან თუ ვინმესგან, უნახავს ფილმები, სადაც ხედავს რაიმე ნივთის განცხოველებას, ვთქვათ ჯოხის გადაქცევას შხამმიან ასპიდად, ან წყლისა ღვინოდ, ან ზღვის გადახსნას ან ფსკერის გამოჩენას ადამიანების  დასახმარებლად და ა.შ.  ეს უკვალოდ არ გამქრალა. ცრუ ამბების, ზღაპრის მაგვარი ისტორიები ბევრს სჯერა და ამაში, როგორც ვთქვი, რელიგიამ უდიდესი როლი ითამაშა. ამაზე რას იტყვით?
უხსოვარი დროიდან ტომის ბელადი თუ ქურუმი, ფარაონი თუ რელიგიის მესვეური- ყველა ცდილობდა შიში ჩაენერგა ხალხისთვის, რათა ადვილი სამართავები ყოფილიყვნენ. შიშში ეცხოვრათ, მონურ მორჩილებაში. ამას ძველი მემატიანეები, ისტორიკოსები, მეცნიერები ამბობენ. თუნდაც წარმართობის შემდეგ, უკვე მტკიცედ ჩამოყალიბებული რელიგიების ხანაშიც, რამდენი ადამიანი დაუსჯიათ სიკვდილით ჯადოქრობის ბრალდებით. უფლის სახელით რამდენი ცოდვა დატრიალებულა ქვეყანაზე, ღვთის მსახურთ რომ ეძახდნენ თავიანთ თავს, იმ ადამიანების ძალისხმევით. ამაზე რას იტყვით? რელიგია იარაღი იყო და ამას ვერსად გავექცევით, როგორც არ უნდა მივატრიალ-მოვატრიალოთ. ასეა და რა ვქნა!
მრავალი ისტორია ვიცით “ღვთის მსახურთა” მიერ დატრიალებული ცოდვა-ბრალისა. განა ამის მაგალითი ცოტაა? ბართლომეს ღამე გაიხსენეთ. ეს ხომ მითი არ არის.
ჩემთვის ღმერთი და რელიგია ერთი და იგივე არ აირს, უფრო მეტიც, ერთმანეთთან ახლოსაც არ არიან. რელიგიების მესვეურთ მიერ ჩადენილ ცოდვებს უფალს ვერ მივაწერთ. ამიტომ ვიტყვი რასაც ვფიქრობ. ღვთის სახელით არ დაწვეს ჯორდანო ბრუნო? აბა გაიხსენეთ რა ბრალდებით? თურმე როგორ გაბედა და თქვა, დედამიწა მრგვალია. ვინ იყო მართალი? ბრუნო თუ მანტიაში გამოწყობილი ჯალათები? რა ვქნათ, ფაქტები მეტყველებენ.
უფლის სახელით ჩადენილი დანაშაულები უფლის ჩადენილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩადიოდნენ. რატომ ვერ ან არ შეაჩერა მან კაცობრიობის ბოროტება, კვლა წამება, მომხვეჭელობა და ათასი ჯანდაბა და უბედურება – ამას ალბათ თავისი ახსნა ექბეა. ჩვენი თემა სხვა არის, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სიტყვა “ღმერთი”, ჩემთვის რამდენადმე განსხვავებული მნიშვნელობის მქონეა, არ ვიცი როგორ ავხსნა, შორს წაგვიყვანს, ისე რომ ჩემთვის ვიცი, თქვენთვის – არა.
ნიკო ლორთქიფანიძის “გულთამხილავის მსჯავრი” წაგიკითხავთ? გირჩევთ წაიკითხოთ, სულ ერთი გვერდია, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დაახლოებით ისეთი – ნანატრი გოლის გატანას “არის” შეძახილი რომ მოჰყვება. ასი წლის წინ დაიწერა და კიდევ მრავალი ასი წლის მერეც საჭირო იქნება. ყოჩაღ ნიკო! იმ დროს ნათქვამი შენი სიტყვა, ანუ შენი ნოველა გაბედულია, ადამიანურია, დასაფიქრებელია. აბა რა?! უფალს რა შეეშლებოდა? ადამიანების ავკარგიანობას კანონების ცოდნით და მათი ზედმიწევნით შესრულებაში კი არ დაინახავდა. სამოთხით დააჯილდოვა ის კაცი, რომელსაც ღმერთსა და რელიგიაზე ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მაგრამ ისე გალია სიცოცხლე, როგორც თვითონ მიაჩნდა სწორად.
სამწუხაროა ოცდამეერთე საუკენეში ცრუმორმწუნეობაზე გვიხდებოდეს საუბარი. დიახ, ეს არის სენი, რომლის განკურნებაც შეიძლება; ეს არის უბედურება, რომელიც როდისმე დასრულდება. ეს სიბნელეა, გაუნათლებლობაა, ტვინის უმოძრაობაა თუ … არვიცი რა დავარქვა.
კაცობრიობამ მრავალი ჭირი დაამარცხა, ტიფი, ქოლერა, ათასი ჯანდაბა და ამას კი ვერ აჯობა. ისევ ცოცხალია, უვნებელია, ვერც დრომ მოსპო, ვერც ცივილიზაციამ, მეცნიერებამაც ვერაფერი დააკლო..

ნეტავ რატომ?

ალბათ იმიტომ, რომ მტერი არ ჰყავს. არავინ ებრძვის.

არაღიარებული დედა

ლუიზა მუთოშვილის ესსე:
* * *
“იჯდა ქვასავით გაუნძრევლად.

ცარიელ სამყაროში მარტო.

უზიარებდა ქალად დაბადების სევდას მთვარეს, თავისი ტკივილების უსიტყვო მსმენელს.

მთვარეს, რომელსაც ყოველ ღამე, მუხლებზე დამხობილი  ქალიშვილებთან ერთად სთხოვდა ვაჟს.

მას ხომ არ ჩაეთვალა ხუთი სიცოცხლის დაბადება, ხუთი ცხოვრების დასაწყისი, ხუთი ქალიშვილის დედობა.

დაიბადა.

ვაჟი.

მოიხადა ცოლის ვალი – ქმრის, ოჯახის, ნათესავების, სოფლის წინაშე.

გააგრძელა გვარი.

მას შემდეგ ყოველ მთვარიან ღამეს აგრძელებს ტრადიციას, ქალიშვილებთან ერთად. ამჯერად უფალს და მთვარეს მადლობას სწირავს, ამ სამყაროში გადასარჩენი სულის გადარჩენისთვის.

“მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს განა ვინმეს?”

დაიხრჩო.

დარჩა, ვაჟის გარეშე, “არაღიარებული დედა”. შიშველი სულის ამარა.

გათენდა.

წიგნი “ვაინახების ხელოვნება” პრეზენტაცია ( ფოტოგალერეა )

ეს იყო მართლაც დაუვიწყარი დღე, დღე როცა მოკრძალებით თავდახრილი ვიდექი ჩემი ხალხის წინაშე და გული არ იტევდა სიყვარულს ჩემი ქისტების, ჩემი ორივე სამშობლოს მიმართ.

ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს საოცრად ლამაზ კუთხეს ვუსახსოვრე შედევრი, სადაც ისინი იხილავენ საკუთარი ხელებით შექმნილ უნიკალურ ნაკეთობებს, უფრო ღრმად გაეცნობიან საკუთარ კულტურას და იამაყებენ ამით.

თუმი დიშნი ( ნონა ხანგოშვილი )

“პანკისელი და თბილისელი ახალგაზრდების ინიციატივა”

2016 წლის 20 დეკემბერს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერითა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით პროექტ „ინიციატივის“ ფარგლებში ახალგაზრდები პანკისის ხეობიდან ჩამოვიდნენ თბილისში.
პროექტის მიზანი იყო პანკისელი და თბილისელი თანატოლების დაახლოება-დამეგობრება და საახალწლო დღესასწაულების წინ კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ თითოეული ჩვენგანის ძალა ერთობაშია .
დღის განმავლობაში შეიქმნა საუკეთესო გარემო პროექტის მიზნებისა და მონაწილეების სურვილების განსახორციელებლად: არაფორმალურ გარემოში, თბილისელმა და პანკისელმა თანატოლებმა მთლიანად დაუთმეს დრო ერთად ყოფნას, გართობას, გაცნობასა და შემეცნებას.
ასეთ სიტუაციაში თბილისელ და პანკისელ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ერთსა და იმავე საზოგადოების მომავალს, ჩამოაყალიბეს პოზიტიური ურთიერთობები.

სამომავლოდ კი იგეგმება მასშტაბური პროექტი პანკისელ და თბილისელ ახალგაზრდებთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თუმი დიშნი: ვაინახების ხელოვნება

სამი წლის მუშაობის შემდეგ გამოვიდა ჩემი წიგნი-ალბომი “ვაინახების ხელოვნება”.

სული და გული ჩავდე, საოცარი სიყვარულით ღამეებს ვათენებდი თვითეული ფოტოს შერჩევაზე და თვითეული სტრიქონის წერაზე. სიამოვნებით ვიღებდი ყოველ შენიშვნას და დაუღალავად ვეძებდი კიდევ და კიდევ უკეთეს მასალებს. თვითონ ვიღებდი ფოტოებს პანკისში, დიზაინს ათასგვარად ვარჩევდი, შეძლებისდაგვარად ვქირაობდი პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ყველაზე დიდი სიხარული მაინც საქართველოს მუზეუმებში მუშაობისას განვიცდიდი. ყოველი ექსპონატის პოვნისას სიხარულისგან ემოციებს ვერ ვიკავებდი.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა მუზეუმის თანამშრომლების განსაკუთრებული ყურადღება და თბილი დამოკიდებულება. მინდოდა ამ წიგნის სახით საჩუქარი გამეკეთებინა ჩემი ხალხისთვის, პირველ რიგში პანკისელი ქისტებისთვის, ვაინახი ერისთვის და ქართველებისთვის, ჩვენს ერებს შორის არსებული იმ სიყვარულისთვის და ძმობისთვის, რომელსაც საერთო, ძირძველი ფესვები გააჩნია და საუკუნეების მანძილზე მრავალ ქარტეხილებს გაუძლო.

ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი გახდა ისიც რომ ეს წიგნი გამოსვლის მერე პირველებმა თბილისში ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესზე ჩამოსულმა ენათმეცნიერებმა და პროფესორებმა შეაფასეს და გაოცება ვერ დამალეს. ის დღე არასოდეს დამავიწყდება, როცა ელი კრიტიკას და ამ დროს მოდიან და ოვაციებით გილოცავენ, მადლობებს გიხდიან ნაშრომისთვის ასეთი ბუმბერაზი ადამიანები, გეუბნებიან, რომ დისერტაცია მზად გაქვს და დაიცავი, ჩვენ გვერდში დაგიდგებით.


წიგნში ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ 
ადამიანს, ვინც გვრდში დამიდგა, მომაწოდა რაიმე მასალა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ირინე საგანელიძეს, რომელიც მთელი ამ სამი წლის მანძილზე გვერდში მედგა და ჩემთან ერთად განიცდიდა წიგნის ბედ-იღბალს, კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, რომელმაც როცა ნახა პირველი წიგნი “ვეინახების ქართული საგა” და გავუზიარე ახალ წიგნზე მუშაობის იდეა პირობა მომცა, რომ დააფინანსებდა და მან ეს პირობა შეასრულა.

ბატონ გურამ ოდიშარიას, რომელმაც თავისი მხარდაჭერით დიდი იმედი ჩამისახა და პირველი წიგნის დაფინანსებით სტიმული მომცა მეფიქრა ამ წიგნზეც. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ასევე წიგნის რედაქტორს ნათია ჯალაბაძეს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე დიდი სიყვარულით გვერდში მედგა, რჩევებს მაძლევდა და მამხნევებდა.


წიგნის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება პანკისის ხეობაში 18 დეკემბერს, რომელსაც ასევე ახლავს რამდენიმე სიურპრიზი სამინისტროსგან და პრეზენტაციასთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში.
სიამოვნებით მივიღებ წიგნთან დაკავშირებულ ყველა შენიშვნას და შემდეგი გამოცემისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს.


ამჯერად წიგნის ტირაჟი მხოლოდ 500 ეგზემპლარია.
წიგნი წარმოდგენილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.
უღრმესი მადლობა გამომცემლობა “სეზანის”, რომელმაც ასეთი უმაღლესი ხარისხის გამოცემა გვისახსოვრა.


პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

ნონა ხანგოშვილი ( Tumi Dishni )