გამოვიდა ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი

გამოვიდა პანკისელი მწერლის, ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი ,,მონადირის მოგონებები”

წიგნის პრეზენტაცია 26 თებერვალს, 15:00 საათზე ხელოვნების სასახლეში( კარგარეთელის ქ. 6, [აღმაშენებელის გამზირის კვეთა] )  გაიმართება.

გამოვიდა მამას ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი “მონადირის მოგონებები”, დოკუმენტური მოთხრობები, სადაც იგი წერს თავის მოგზაურობებზე მთებში, ნადირობაზე, თევზაობაზე, საკუთარ განცდებზე, თავის ცხოვრების მეგობრებზე, ვისთან ერთადაც უხდებოდა მოგზაურობა.
წიგნი, რომელსაც სულმოუთქმელად გადაიკითხავთ, მოსწყდებით ყოველდღიურ საზრუნავს და პრობლემებს, აღმოჩნდებით მთების საოცარ სამყაროში, ბუნების ულამაზეს წიაღში, თითქოს და მართლაც ღმერთთან ახლოს…
იგრძნობთ მდუმარე ღამეს მთების მიღმა როგორ ამოდის ბადრი მთვარე და როგორ იპყრობს ის თითქოს მთელ სამყაროს თავის კაცობრიობისთვის უჩინარი, იდუმალი სილამაზით… დიდი სიურპრიზი ელით მათ ვისაც უყვართ ნადირობა და თევზაობა…
სიმართლე გითხრათ, ეს მამას მეხუთე წიგნია, მაგრამ ეს წიგნი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია.
როცა ის ხელში მიკავია და ვკითხულობ, თითქოს მამაჩემის სულიერ სამყაროსთან საოცარ სიახლოვეს ვგრძნობ და სულის სიღრმემდე განვიცდი მის თითოეულ სტრიქონს, ეს ერთადერთი წიგნია, სადაც ის საკუთარ თავზე წერს.

წიგნის “მონადირის მოგონებები “-ს და ასევე ჩემი წიგნი-ალბომის “ვაინახების ხელოვნება” -ს ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება ხელოვნების სასახლეში (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში) 26 თებერვალს 15 : 00 სთ-ზე. ( კარგარეთელის ქ. 6, (აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე)).

პრეზენტაციას ორგანიზებას უწევს თავად ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას კიდევ ერთხელ ასეთი წვლილის შეტანისათვის ქართულ-ვაინახურ ურთიერთობებში.

დასწრება არის თავისუფალი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს პრეზენტაციას.
ასევე დამსწრეებს ვეცდებით შეძლებისდაგვარად შევახვედროთ წიგნები, რადგან წიგნები არა არის გაყიდვაში. ტრადიციისამებრ ახლაც წიგნის ავტორმა უარაი განაცხადა საკუთარი წიგნების გაყიდვაზე.

პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან ქართველი და ქისტი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები და ა. შ. პანკისიდან სპეციალურად ჩამოვლენ სტუმრები.
სტუმრად გვეყოლება ასევე პატარა შემომქმედები პანკისიდან, რომელიც შეგვისრულებენ მუსიკალურ და მხატვრული კითხვის რამდენიმე ნომერს.

მადლობას ვუხდით წიგნის რედაქტორებს ტარიელ ხალხელაურს და მის არაჩვეულებრივ მეუღლეს მარინა ხალხელაურს, დიზაინერებს ილნარი გორელიშვილს და ნათელა ტალახაეს, რომელთაც დიდი შრომა ჩადეს ამ წიგნში და ასევე გამომცემლობა “მერიდიანის’, ასეთი კარგი და ხარისხიანი გამოცემისათვის.

ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, გელოდებისთ 26 თებერვალს პრეზენტაციაზე.

 

მომავლის რწმენით

ეთერ ციხესაშვილის ესსე:

პანკისის ხეობა ულამაზესი კუთხეა საქართველოში. ის აღმოსავლტ საქართველოს ბოლო წერტილია, მნახველებს მოსწონთ და კმაყოფილების განცდა ეუფლებათ. განსაკუთრებით მოსწონთ ჩვენი კულტურა, ტყუმართმოყვარეობა, ტრადიციები. მოსულის თვალს არასდროს გამოპარვია ჩვენი ქალების სისუფთავე, ეს ყველა თვისება დამახასიათებელია პანკისელი ქალებისთვის.
ხეობაში სულ 17 სოფელია. მათ შორის დუისი ყველაზე დიდია. აქ მცხოვრები ხალხიც რატომღაც განსხვავდება სხვა სოფლებისგა, ამაყები და პატივმოყვარეები არიან, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მეც ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე.
მშობლები პედაგოგები არიან, თუმცა პაპა-ბებიის აღზრდამ უფრო მოახდინა ჩემზე გავლენა. ისინი ძალზე რელიგიური ადამიანები იყვნენ, რის საფუძველსაც რა თქმა უნდა ის სალოცავი სახლი გვაძლევდა, რომელიც 1909 წელს სოფელში შემთხვევით სტუმრად ჩამოსული შეიხმა ისა-ეფენდიმ დაამკვიდრა. ხეობაში ისლამიც მან გაავრცელა.

დედა ძალიან მკაცრი და ობიექტური იყო, ბავშვობიდანვე შრომას და საქმეს მიგვაჩვია. ოჯახში პირველად სამი და გავჩნდით, მე როგორც უფროსს, ოჯახური საქმეები მევალებოდა : დების მოვლა-პატრონობა, სახლში წესრიგის, სისუფთავის დამყარება და სხვა.  ყოველთვის ყველაფრის დათმობა მიწევდა, ამით სარგებლობდა ჩემი უმცროსი და ხადიშა და მჩაგრავდა, თავის გასაკეთებელ საქმესაც უკვე მე მავალებდა. მეც რა თქმა უნდა უთქმელად ვუსრულებდი ნებისმიერ სურვილს.
ჩემი მშობლები სკოლაში მუშაობდნენ პედაგოგებად. დედას სამსახური მოშორებით, სხვა სოფელში ჰქონდა, სამსახურში წასვლამდე ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის შრომა შეემსუბუქებინა, მაგრამ მე მაინც მძიმე ტვირთი არ მაკლდა.
შეიხის საპატივსაცემოდ ჩვენს ეზოში დგას სტელა, რომელზეც არაბული წარწერაა. ეზოშივე არის ძველი რიტუალების ფიცრული ოთახი, ხალიჩებითა და მუთაქებით მოწყობილი, კედელზე კი შეიხის სურათია.
მთელი ამ სახლის არსებობის მანძილზე ყოველ ხუთშაბათს საღამოს მოდიან კაცები ე.წ. “ძიარათის” რიტუალის შესასრულებლად, ქალები კი პარასკევს შუადღისით. პაპაჩემის მონაყოლიდან მახსოვს შეიხი ისა-ეფენდი პანკისის ხეობას სტუმრობდა 1909 წელს. მას შემოუკრებია მამაკაცები და ესაუბრებოდა რელიგიაზე. ქრისტიანობას ხეობაში მისდევდნენ : ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში. დუისში, დანარჩენ სოფლებთან შედარებით ისლამის მიმდევრები ჭარბობდნენ.
შეიხის სტუმრობის შესახებ ხმები პანკისში ძალიან სწრაფად გავრცელდა, როგორც ოდითგანვე სტუმართმოყვარე ხალხი, შეიხს ეპატიჟებოდნენ სახლში, სუფრას უშლიდნენ და თავიანთ პატივისცემას ამით გამოხატავდნენ.
რა თქმა უნდა, არც ჩემი დიდი პაპა დარჩენილა ვალში, დაუპატიჟებია სახლში, დაუკლავს ცხვარი და გაუშალა სუფრა. შეიხს სასტიკი უარი განუცხადებია –  ჩემი სტუმრობა ძალიან ძვირი დაგიჯდებაო. მას უგრძვნია, რომ იმ სახლში უნდა დამკვიდრებულიყო. მისი სასტიკი უარის მიუხედავად, არ მოეშვნენ, მას მერე დარჩა ჩვენს სახლში.
ამჟამად შეიხ ისა-ეფენდის სურათი მექაში ჰკიდია, შეიხებს შორის მესამე ადგილზეა. ახალგაზრდა შეიხებს შორის უკანასკენლია. მის მერე ღმერთს შეიხი არ მოუვლენია ამქვეყნად.
თავდაპირველად ისა-ეფენდის ბევრს არ სჯეროდა. მის მონაყოლს სკეპტიკურად უყურებდნენ, რაღაცეებს უქექავდნენ.
ერთხელ, სოფელ ომალოში სასაფლაოსკენ გაუვლიათ ცხენებით, ის შეჩერდა და ერთ-ერთ საფლავს დააკვირდა, უთქვამს: ეს კაცი 20 წლის მკვდარია, მაგრამ მისი გვამი გაუხრწნელიაო, შეგიძლიათ წმინდანად აღიაროთო. ხალხს მის ნათქვამში ეჭვი შეეპარათ, მეორე დღეს დასარწმუნებლად საფლავი გახსნეს, მართლაც უვნებელი და გაუხრწნელი დაუხვდათ. ამ ამბავს ხშირად იგონებდა ბებია.
პაპაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, თავიდან თურმე დიდ ბებიასაც ეჭვი ეპარებოდა მის შეიხობაში. ერთხელ მძინარეს მოპარული საბანი დააფარა და ოთახიდან ფეხაკრეფით სცადა გაპარვა, მაგრამ შეიხმა საბანი ფანჯრიდან გადააგდო და დასძინა : ამ ეზოდან გაიტანეთ, მოპარულიაო. მაშინ კი ნამდვილად დარწმუნდა მის შეიხობაში.
ერთხელ უბანში ცხენოსანს გაუვლია, მისკენ ჯოხი გაუშვერია და უთქვია: მოპარული ცხვრის ტყავი აცვიაო.
ოჯახში ცხრა ბავშვი ვიყავით: ხუთი ჩვენ და ოთხი მამიდაშვილი, რომელთანაც ძალიან პატარა ასაკში დაეღუპათ დედა და ჩვენთან იზრდებოდნენ.
გავთხოვდი ძალიან პატარა ასაკში, 16 წლის უკვე ბავშვი მყავდა, მშობლები დიდხანს არ მირიგდებოდნენ. ძალიან მალე გავაცნობიერე ჩემი დანაშაული, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მომიხდა ძალიან რთული ცხოვრების გავლა.
ჩეჩნეთის ომში, გაურკვეველ ვითარებაში, დავკარგე მეუღლე. მის მერე უფრო გართულდა ყველაფერი. ცხოვრების უღელი მძიმე ტვირთად დამაწვა კისერზე, ყველაფრის კეთება პირადად მიწევს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ამჯერად პრობლემებით, გაჭირვებით და უკეთესისკენ დიდი მოლოდინებით…

მეტი თავისუფლება,მეტი პასუხისმგებლობის წილი

ბავშვობაში, როდესაც სათავგადასავლო წიგნებს ვკითხულობდი ჩემი ყოველდღიურობა ძალზედ მოსაწყენი მეჩვენებოდა. ხშირად მინატრია სადმე უფრო საინტერესო ადგილას დავბადებულიყავი, იქ სადაც ცხოვრება უფრო ხალისიანი და მრავალფეროვანი იქნებოდა. არ ვიცი, ეს ჩემი სურვილის გამო თუ სხვა ამბავი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნიერებისთვისაც ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილად იქცა ის პატარა კუთხე სადაც მე დავიბადე.

სოფელი დუისი, მთებში ჩამალული, ალაზნის პირას გადაშლილი და კოხტა ქალივით გაპრანჭული ადგილია. გაპრანჭული მეთქი, მაგრამ არ ვგულისხმობ ლამაზ შენობებსა და გაწყობილ ქუჩებს. უბრალოდ, აქ მაცხოვრებელთა ხასიათით, მათი მოვლილი სახლებითა თუ კოხტა ეზოებით ეს სოფელი ჩემში გაპრანჭული ქალის ასოციაციას იწვევს. თუმცა არც ასე მარტივად არის ამ სოფლის ამბავი, როგორც მე ერთი შეხედვით აღვწერ.

ხეობაში, სადაც ეს ჩემი მშობლიური სოფელიც მდებარეობს კომპაქტურად სახლობენ კავკასიის ძირძველი ტომის ვაინახების წარმომადგენლები, კერძოდ ქისტები. ქისტები ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ ინტეგრირებულნი არიან, თუმცა ამავე დროს დიდი რუდუნებითა და მონდომებით იცავენ საკუთარ კულტურას, რელიგიას, თუ იმ ტრადიციებს რომელთა წილი საერთოა კავკასიისთვის და ნაწილიც უნიკალური და მხოლოდ ვაინახებისთვისაა დამახასიათებელი. შედეგად ვიღებთ უნიკალურ და თვითმყოფად სურათს საზოგადოებისა, რომელთა შეცნობა და გაგება ბევრს დააინტერესა, ბევრიც შეეცადა გაგებას და ბევრისთვისაც ჯერ კიდევ გაუგებარ ფენომენად დარჩა. ასე, რომ რამდენადაც ლამაზი და მიმზიდველია ჩემი ხეობა, იმდენად რთული და ამოუცნობიც შეიძლება მოეჩვენოს იგი კაცს.

ერთი ამბავია დაიბადო ამ საინტერესო ხეობაში და გერქვას ქისტი, თუმცა ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო ამბავია იყო ქალი ამ საზოგადოებაში. ხშირად მსმენია თანაგრძნობის თუ სინანულის გამომხატველი სიტყვები ქისტი ქალის მძიმე ცხოვრების სსახებ უცხოთა და გარშემომყოფთა მხრიდან. მაგრამ საინტერესოა ის, რომ თავად ქისტი ქალების მხრიდან ასეთი განწყობები ნაკლებადაა.

და მაინც, ვინ აირის ის ქალი, ვინც დაფასებული და წარმატებულია ჩემს საზოგადოებაში. პირველ რიგში მახსენდება ალცანეი. უაღრესად დინჯი კეთილშობილი და სათნო ქალი. ქალი, რომელმაც საკუთარი წესიერებით, გონიერებითა და სიბრძნით შეძლო ამ პატრიარქალურ საზოგადოებაში კაცების გვერდით,ღირსეული ადგილი დაეკავებინა.

ქალი, რომელსაც აზრს კაცებიც ეკითხებოდნენ და ქალი, რომლის სიტყვასაც ხეობაში დიდი ფასი ჰქონდა. მას არ ჰქონდა დამთავრებული სკოლა, არ მიეღო უმაღლესი განათლება, არ იყო მდიდარი ოჯახის შვილი და საერთოდაც, არც არაფერი ისეთი არ გააჩნდა, რაც საზოგადოებაში მის გავლენას თუ ადგილს გააძლიერებდა. ის ერთ ღარიბ ოჯახში გაზრდილი და ნაადრევად დაქვრივებული ქალი, მარტოხელა დედა იყო.

თუმცა მას აღმოაჩნდა ისეთი ძალა და შესაძლებლობა  ღირსეული და ბევრი კაცისთვის შესასური ადგილი დაეკავებინა საზოგადოებაში. ძალა,რაც ალცანეის წარმატება განაპირობა ალბათ იყო მისი პიროვნული თვისებები : სიბრძნე, კეთილშობილება, სხვების სამსახურში ყოფნის სურვილი, შრომისმოყვარეობა. ის იყო ქალი, რომელიც ყოველთვის ფუსფუსებდა, ქამიანობდა და დროს უშინაარსოდ არ დახარჯავდა. აღსანიშნავია, რომ ალცანეი იდგა როგორც ქალის, ასევე კაცის ღირსებების სადარაჯოზე.
ჩემს საზოგადოებაში ითვლება, რომ არსებობს ერთი სიმდიდრე, რრასაც თავისუფლება ჰქვია და ამ სიმდიდრეს ერთმანეთში იყოფს ქალი და კაცი. წილი თავისუფლებისა კაცს მიაქვს, დარჩენილი წილი კი ქალს. თითქოს სასწორის ორ პინაზე ანაწილებდნენ. წილი თავისუფლებისა, რასაც ქალი თმობს კაცის პიანაზე გადადის, თუმცა ამ თავისუფლების მუხრუჭი არის ის ფაქტი, რომ იგივე პრინციპით ნაწილდება პასუხხისმგებლობის სიდიდეც. რამდენადაც მეტია თავისუფლება,იმდენად მეტია პასუხისმგებლობის წილიც.
ალცანეი იყო ის ქალი, რომელსაც ეს წონასწორობა მკაცრად ჰქონდა გააზრებული. ის თვლიდა, რომ მისი, როგორც ქალის დანიშნულება იყო გმირი და ვაჟკაცი შვილების გაზრდა და ნებაყოფლობით,საკუთარი სურვილით თმობდა საკუთარ წილ თავისუფლებას, იმისთვის რომ ამ საზოგადოების ვაჟები გმირებად გაზრდილიყვნენ. იმისთვის რომ სასწრის პინაზე კაცის წონა არ შესუსტებულიყო.
აღმოჩნდა, რომ ჩემს საზოგადოებაში ქალმა რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს, რა მწვერვალებიც არ უნდა დაიპყროს, მის მთავარ ღირსებად მაინც რჩება საზოგადოებაში მიღებული ამ წონასწორობის დაცვა. როგორც ამბობენ “სადაც ქალები წახდებიან, ვაჟკაცები არ იზრდებიანო”.
და ეს პატრიარქალური საზოგადოება, სადაც კაცის წილი თავისუფლება მაინც მნიშვნელოვანწილად აღემატება ქალისას, საზოგადოების სიძლიერის მთავარ ქვაკუთხედად ისევ ქალის როლს მიიჩნევს. შედეგად ჩემთვის ორმაგად საინტერესოა წარმატებული ქალების მაგალითები და ორმაგად დასაფასებელნი ის ქალები, რომელნიც ახერხებენ იყვნენ ძლიერებიც, წარმატებულებიც და ამავე დროს დაფასებულნიც ამ საზოგადოების წიაღში.

მელსი ბაღაკაშვილი

საიდან მოდიხარ, უმეცრებავ?

ლეილა ბექაურის ესსე:

”ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის
ჭკვა ცოდნით მოიხმარების”.

განა ცოტაა ამ ქვეყნად ბოროტება, ადამიანმა თავისი მოგონილიც რომ არ დაამატოს?

სათქმელი ბევრი მაქვს.

რით ვერ დავიწყე.

რით ვერ გადავწყვიტე, რაზე ვისაუბრო?

რამდენჯერაც ავიღე კალამი, ვატრიალე ხელში და ისევ დავდე. რამდენჯერ გადავიფიქრე: -არ არის ეს ჩემი საქმე, არც უნდა დამეწერა, მაგრამ რომ მინდა?… თანაც რამდენ რამეზე. ეს ჩემი “რამდენი რამე” ვის აინტერესებს, ქვეყნად რა არ დაწერილა, განა დარჩა რამე დაუწერელი? მაგრამ მე იმათთან რა ხელი მაქვს, მე ჩემი უნდა ვთქვა… არ ვიცი ოღონდ რომელი… ეს არა, ის არა, ამაზე არ ივარგებს… უამრავი თემა ამომიტივტივდა თავში. არ ვიცი რაე ვილაპარაკო, რა ავარჩიო.   აი იმ ქალის მსგავსად, ძალიან მრავალფეროვანი გარდერობი რომ აქვს და დიდხანს ვერ გადაუწყვეტია –  რომელი კაბით წავიდეს წვეულებაზე.

ბოლოს შეარჩია.

მეც.

მოკლედ “მაღალ მატერიებზე” სასაუბროდ არც განათლება მიწყობს ხელს და არც ფილოსოფიაში მესმის რამე, ამ მხრივ უამრავი თეთრი ლაქაა ჩემს ტვინზე.
ვინმესთან კამათის ხასიათზე არ ვარ, ასე რომ ჩემთვის მოვიწყობ კამათსაც, დიალოგსაც და მონოლოგსაც. ვნახოთ რა გამოვა. თანაც ასე რამხელა უპირატესობა მექნება, რაზეც არ უნდა ვიმსჯელო, ვეღარავინ შემედავება, ვერავინ შემაწყვეტინებს : – რა სისულელეაო! ჩემს ნათქვამზე ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად ვერ გადახედავენ – “ვაი შენს პატრონსო”. მოკლედ გაუმარჯოს სრულ თავისუფლებას!

რამე თქვენთვის საინტერესოს თუ ელით, ვშიშობთ მოლოდინი არ გაგიმართლდებათ, არ ვაპირებ რაიმე მძაფრსიუჟეტიანი ან კურიოზულ ისტორიის მოყოლას.

ჩვენზე ვილაპარაკოთ!
კაცობრიობა ხომ მილიონობით წელია იყო და არის, მოდის და მიდის, ცხოვრობს, სწავლობს, იბრძვის, ვითარდება.
ბევრი რამ შორეულ წარსულს ჩაბარდა. მივიწყებულ იქნა, როგორც დრომოჭმული, უსარგებლო. ბევრი გზადაგზა შეიძინა ჰომოს საპიენსმა, ასე ვთქვათ. ალბათ ასე გაგრძელდება მარად და მარად, თუკი ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი სამყარო ჩვენივე უგუნურობით არსებობას არ შეწყვეტს. ღმერთო დაგვიფარე!… ეს ისე წამომცდა.

მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: პირველყოფილი, ვთქვათ პალეოლითის ხანის ადამიანები, რომლებიც შიშვლები დატანტალებენ საზრდოს საძებნელად და ერთმანეთს ეკონტაქტებიან… მობილური ტელეფონებით, ჩვენი დროის ყველაზე მაგარი ნივთით. წარმოვიდგინოთ მეთქი, ძნელია? არა, ამის წარმოდგენა ძნელი სულაც არ არის, დაჯერებაა ძნელი, შეუძლებელია, მაგრამ ნურას უკაცრავად!

 

დაიჯერებენ, რა პრობლემაა, ასეთების მთელი არმია ვიცი. რატომაც არა?! თუკი ოცდამეერთე საუკუნეში ვიღაცას სჯერა, რომ ადამიანის სხეულში ჯინი დასეირნობსო და რასაც უნდა იმას აკეთებინებს თავის პატრონს, თუ სხეულს… თუკი სჯერათ, რომ ჩვენს დროში ადამიანის ცემა-ტყეპით აიძულებენ მასში ჩასახლებული ავი სულის გამოდევნას, თანაც როგორ იფიცებიან, საკუთარი თვალით ხედავენ ჯინის მოძრაობას კანქვეშ, რა გასაკვირია მობილური ქვის ხანის ადამიანის ხელში?! ვითომ რატომ ჩათვლის შეუძლებლად , თუკი სჯერა რომ მისმა თანასოფლელმა თვით ეშმაკი დაიყენა მოჯამაგირედ და ქანცის გაწყვეტამდე ამუშავა, თუკი სჯერა, რომ ჩვეულებრივი სოფლის დედაკაცი ახერხებს ბუხრის საკვამურიდან კატადქცეული ჩაძვრეს და თავისი შავი საქმეები აკეთოს. თუ ეს შესაძლებელია და მათ ამის სჯერათ, იმასაც დაინჯერებენ პირველყოფილზე. თუმცა მოდით, ჯერ ამ ისტორიას დავამთავრებ…

   ჰო და რას ვამბობდი? ჰო ქალი ჩაძვრა ბუხრის საკვამურში კატის სახით და იქვე მთვლემარე სახლის პატრონს დაეძგერა ბრჭყალებით. ამ კაცმა კი მოასწრო, ყელში სტაცა ხელი და ანთებულ ნაკვერჩხალზე ცხვირპირი გაუერთიანა, შემდეგ კი გარეთ მოისროლა. მეორე დღს, არ ვიცი “თურმე”ვიხმარო თუ რა სიტყვა… ჰო, მეორე დღეს ამ კაცს გაუგია, რომ მათი სოფლელი ქალი ღამით ძალიან ცუდად გამხდარა. წასულა სანახავად და შესვლისთანავე ცხვირპირდამწვარ ავადმყოფს სახეზე საბანი აუფარებია. ეგეც შენი ფაქტზე დაჭერა. კაცი მიმხვდარა, რომ წუხანდელი კატა ეს ქალი ყოფილა. “საკვამურიდან ჩამომძვრალო, როგორა ხარ, სახეს რად მალავო”- უთქვამს. როგორია? ზღაპრად გამოდგება? ან იქნებ იგავად, ოღონდ მორალის გარეშე. უაზრობაა. აი სულხან-საბა კი თავის სიცრუეში იმხელა სიბრძნეს დებდა –  თაობები აღიზარდნენ. ჰმ!… თაობები ამ სისულელეზეც იზრდებიან, სამწუხაროდ. სწორედ ამას ვჩივი, ამაზე მაქვს საუბარი.

იცით ცუდი რა არის? ეს ამბავი ზოგადად კიარ ვრცელდებოდა –  ასე და ასე ყოფილაო, ვიღაც ქალიო… არა! კონკრეტულად ასახელებდნენ ამ საბრალო ქალის სახელს. ცხოვრება ისე გალია იცოდა თვითონაც, რომ ყველას ალქაჯი ეგონა. გგონიათ ვინმეს დაუმტკიცებდა , რომ ალქაჯი არ იყო? ვერაფერს გახდებოდა.

ეს ცრურწმენა რა ყოფილა, ვერც დრომ მოსპო, ვერც ცივილიზაციამ, მეცნიერებამაც ვერაფერი დააკლო, უფრო პირიქით მოხდა. რაც უხსოვარი დროიდან იყო, ისევ ის არის, ცოცხალი და მუდმივი, რამე კარგი მაინც იყოს…

აბა რა უნდა ელაპარაკო დღევანდელ ახალგაზრდას, რომელიც ჯოხით ან კეტით შეიარაღბულა, მკლავები დაუკაპიწებია, წინ საღვთო წიგნი დაუდვია და უმოწყალოდ, დალურჯებამდე სცემს, ლამის სული გაფრთხობინოს ე.წ. “შეპყრობილს”, თუნდაც ეს ფეხმძიმე ქალი იყოს, ან მოზარდი გოგონა.
წარმოგიდგენიათ? ოჯახი კი დიდი მოწიწებითა და მადლობებით ისტუმრებს მათი შვილის “სულის მხსნელს”.
საინტერესოა ასეთ “მხსნელებს” თვითონ თუ სჯერათ ამისა, ან იქნებ რაღაც შავბნელი მიზნებისთვის სხვებსაც ასულელებენ, რას გაუგებ. რა სამწუხაროა! მე-10, მე-12 კლასებში ერთი ახალგაზრდა ვერ მოიძებნა, რომელსაც ამ ყველაფრის არ სჯერა, რატომ დარჩა ეს ხალხი თათქარიძეანთ ლამაზისეულის დონეზე ნეტავ? პასუხი კი მაქვს, მაგრამ მერე იყოს…
დასაწყისში ვთქვი, მარტო ვარ და ჩემთვის ვიმსჯელებ თავისუფლად, არადა ეს რომ თუნდაც სამი ადამიანის წინ მეთქვა – ცრურწმენაა – მეთქი, სამიდან ორი მაინც შემედავებოდა, ქვეყანას შემიყრიდა – ეგ როგორ არ გჯერაო და ათას არგუმენტს მოიშველიებდა, ათას ვინმეს დაიმოწმებდა, ან საერთოდ ხელს ჩაიქნევდა – შენ რა უნდა გელაპარაკოო. მოკლედ ურწმუნო თომა ჩემთან მოსატანიც არ იქნებოდა. მავანმა ნახაო, მავანს გადახდაო –  ნახეთ როგორი “მყარი” მტკიცებულება აქვს.

რას იზამ, რით დაუმტკიცებ? ილიას “მგზავრის წერილები” გამახსენდა, თერგდალეულებზე რომ ამბობს, “რიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ, რომ თერგდალეულობი არ ეჭაშნიკებათო, პირველი იმიტომ რომ თერგდალეულები არიოანო, მეორე იმიტომ რომ მეორედაც თერგდალეულები არიანო და მესამედაც – თერგდალეულები რომ არიანო. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი დაურღვიე ჩვენს დარღვეულ ქართველობასო” – ციტატა ზუსტად არ მახსოვს და ასე მოვაკვარახჭინე, აზრი არ დამიმახინჯებია.

ჰო და იმას ვამბობდი, მე რითი დავურღვიო ასეთი “მყარი” საბუთი დღევანდელ დარღვეულ ახალგაზრდობას? როდესაც ერთმა, ჩემს თვალწინ გაზრდილმა ახალგაზრდამ ერთი მორიგი მსხვერპლის შესახებ მითხრა – ჯინი თვითონ ვნახე, მაჯიდან ზემოთ როგორ აჰყვაო მკლავს, როგორ გამოდევნესო მერე ცემით, როგორ შეიძლება ამის ვინმეს არ სჯეროდესო. მე არ ვიცოდი რა მეთქვა. მანამდე ამ ყმაწვილს ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდად ვთვლიდი.
ღმერთო ჩემო! რა მაგია მოქმედებს ამ ხალხზე ისტი, რომ ზღაპურულსა აბსურდულს უფრო იჯერებენ, ვიდრე რეალურს. რა ხდება, ვინ არის დამნაშავე? საზოგადოება და პირველ რიგში ოჯახი. მშობლები, რომლებიც, როგორც ჩანს ძალიანაც კომფორტულად გრძნობენ თავს ამ სიცრუესა და მონაგონებში. და ცრუმორწმუნეობა თაობიდან თაობას გადაეცემა. გგონიათ ვაჭარბებ? აბა სცადეთ და გაესაუბრეთ, განგებ ჩამოაგდეთ სიტყვა ამ თემაზე, ფრთხილად, არ გაანაწყენოთ, აყევით და ნელ-ნელა გადმოშლიან მთელს თავიანთ “ავლადიდებას” – გაოცდებით. თანაც იცით რა არის ჩემთვის თვალშისაცემი? უფრო მეტად რელიგიურად მიდრეკილი ბავშვები გამოირჩევიან ამ კუთხით. არ არის ასაკვირი, რომ ეშმაკიც, ანუ ჯინიც ასეთების “სტუმარია” ხოლმე. კინაღამ დავიჯერე, უფრო სწორედ, იმ აზრის დაშვებაც შესაძლებელია, ჩაგონებაც თავის როლს თამაშობს. ვინ იცის იქნებ მათ ფსიქიკაზე სწორედ ეს მოქმედებს და თვითონაც ჰგონიათ რომ ჯინი დაეუფლათ?!
აუცილებად უნდა ვთქვა, რომ ადამიანებში ცრურწმენის დამკვიდრებაში ლომის წილი რელიგიას მიუძღვის. აბა დავფიქრდეთ, ამა თუ იმ რელიგიის გულწრფელ მიმდევარს რამდენი მისტიკური  ამბავი მოუსმენია წმინდა წიგნებიდან თუ ვინმესგან, უნახავს ფილმები, სადაც ხედავს რაიმე ნივთის განცხოველებას, ვთქვათ ჯოხის გადაქცევას შხამმიან ასპიდად, ან წყლისა ღვინოდ, ან ზღვის გადახსნას ან ფსკერის გამოჩენას ადამიანების  დასახმარებლად და ა.შ.  ეს უკვალოდ არ გამქრალა. ცრუ ამბების, ზღაპრის მაგვარი ისტორიები ბევრს სჯერა და ამაში, როგორც ვთქვი, რელიგიამ უდიდესი როლი ითამაშა. ამაზე რას იტყვით?
უხსოვარი დროიდან ტომის ბელადი თუ ქურუმი, ფარაონი თუ რელიგიის მესვეური- ყველა ცდილობდა შიში ჩაენერგა ხალხისთვის, რათა ადვილი სამართავები ყოფილიყვნენ. შიშში ეცხოვრათ, მონურ მორჩილებაში. ამას ძველი მემატიანეები, ისტორიკოსები, მეცნიერები ამბობენ. თუნდაც წარმართობის შემდეგ, უკვე მტკიცედ ჩამოყალიბებული რელიგიების ხანაშიც, რამდენი ადამიანი დაუსჯიათ სიკვდილით ჯადოქრობის ბრალდებით. უფლის სახელით რამდენი ცოდვა დატრიალებულა ქვეყანაზე, ღვთის მსახურთ რომ ეძახდნენ თავიანთ თავს, იმ ადამიანების ძალისხმევით. ამაზე რას იტყვით? რელიგია იარაღი იყო და ამას ვერსად გავექცევით, როგორც არ უნდა მივატრიალ-მოვატრიალოთ. ასეა და რა ვქნა!
მრავალი ისტორია ვიცით “ღვთის მსახურთა” მიერ დატრიალებული ცოდვა-ბრალისა. განა ამის მაგალითი ცოტაა? ბართლომეს ღამე გაიხსენეთ. ეს ხომ მითი არ არის.
ჩემთვის ღმერთი და რელიგია ერთი და იგივე არ აირს, უფრო მეტიც, ერთმანეთთან ახლოსაც არ არიან. რელიგიების მესვეურთ მიერ ჩადენილ ცოდვებს უფალს ვერ მივაწერთ. ამიტომ ვიტყვი რასაც ვფიქრობ. ღვთის სახელით არ დაწვეს ჯორდანო ბრუნო? აბა გაიხსენეთ რა ბრალდებით? თურმე როგორ გაბედა და თქვა, დედამიწა მრგვალია. ვინ იყო მართალი? ბრუნო თუ მანტიაში გამოწყობილი ჯალათები? რა ვქნათ, ფაქტები მეტყველებენ.
უფლის სახელით ჩადენილი დანაშაულები უფლის ჩადენილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩადიოდნენ. რატომ ვერ ან არ შეაჩერა მან კაცობრიობის ბოროტება, კვლა წამება, მომხვეჭელობა და ათასი ჯანდაბა და უბედურება – ამას ალბათ თავისი ახსნა ექბეა. ჩვენი თემა სხვა არის, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სიტყვა “ღმერთი”, ჩემთვის რამდენადმე განსხვავებული მნიშვნელობის მქონეა, არ ვიცი როგორ ავხსნა, შორს წაგვიყვანს, ისე რომ ჩემთვის ვიცი, თქვენთვის – არა.
ნიკო ლორთქიფანიძის “გულთამხილავის მსჯავრი” წაგიკითხავთ? გირჩევთ წაიკითხოთ, სულ ერთი გვერდია, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დაახლოებით ისეთი – ნანატრი გოლის გატანას “არის” შეძახილი რომ მოჰყვება. ასი წლის წინ დაიწერა და კიდევ მრავალი ასი წლის მერეც საჭირო იქნება. ყოჩაღ ნიკო! იმ დროს ნათქვამი შენი სიტყვა, ანუ შენი ნოველა გაბედულია, ადამიანურია, დასაფიქრებელია. აბა რა?! უფალს რა შეეშლებოდა? ადამიანების ავკარგიანობას კანონების ცოდნით და მათი ზედმიწევნით შესრულებაში კი არ დაინახავდა. სამოთხით დააჯილდოვა ის კაცი, რომელსაც ღმერთსა და რელიგიაზე ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მაგრამ ისე გალია სიცოცხლე, როგორც თვითონ მიაჩნდა სწორად.
სამწუხაროა ოცდამეერთე საუკენეში ცრუმორმწუნეობაზე გვიხდებოდეს საუბარი. დიახ, ეს არის სენი, რომლის განკურნებაც შეიძლება; ეს არის უბედურება, რომელიც როდისმე დასრულდება. ეს სიბნელეა, გაუნათლებლობაა, ტვინის უმოძრაობაა თუ … არვიცი რა დავარქვა.
კაცობრიობამ მრავალი ჭირი დაამარცხა, ტიფი, ქოლერა, ათასი ჯანდაბა და ამას კი ვერ აჯობა. ისევ ცოცხალია, უვნებელია, ვერც დრომ მოსპო, ვერც ცივილიზაციამ, მეცნიერებამაც ვერაფერი დააკლო..

ნეტავ რატომ?

ალბათ იმიტომ, რომ მტერი არ ჰყავს. არავინ ებრძვის.

არაღიარებული დედა

ლუიზა მუთოშვილის ესსე:
* * *
“იჯდა ქვასავით გაუნძრევლად.

ცარიელ სამყაროში მარტო.

უზიარებდა ქალად დაბადების სევდას მთვარეს, თავისი ტკივილების უსიტყვო მსმენელს.

მთვარეს, რომელსაც ყოველ ღამე, მუხლებზე დამხობილი  ქალიშვილებთან ერთად სთხოვდა ვაჟს.

მას ხომ არ ჩაეთვალა ხუთი სიცოცხლის დაბადება, ხუთი ცხოვრების დასაწყისი, ხუთი ქალიშვილის დედობა.

დაიბადა.

ვაჟი.

მოიხადა ცოლის ვალი – ქმრის, ოჯახის, ნათესავების, სოფლის წინაშე.

გააგრძელა გვარი.

მას შემდეგ ყოველ მთვარიან ღამეს აგრძელებს ტრადიციას, ქალიშვილებთან ერთად. ამჯერად უფალს და მთვარეს მადლობას სწირავს, ამ სამყაროში გადასარჩენი სულის გადარჩენისთვის.

“მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს განა ვინმეს?”

დაიხრჩო.

დარჩა, ვაჟის გარეშე, “არაღიარებული დედა”. შიშველი სულის ამარა.

გათენდა.

ვაინახთა ასტრალური ღვთაებები, წმინდა მთები და ინგუშეთის უძველესი ტაძრები

მაღალმთიანი ინგუშეთის ულამაზეს მხარეში, დასახლება ოლგეთის სიახლოვეს, საქართველოს საზღვრის (ხადის ხეობა, ყაზბეგი) მიმდებარედ უძველესი ტაძრების ნაშთებია შემორჩენილი. ეს ჯეირახის რაიონია, ღლიღველთაგან დაცლილი თვალწარმტაცი ხეობების ზონა – 1000 კოშკის ქვეყანაში ისტორიულ ძეგლთა უმრავლესობა სწორედ აქაა განლაგებული. მთლიანობაში ინგუშეთში  1100 კოშკი ან მათი ნაშთია შემორჩენილი, თითქმის ამდენივე სამაროვანი და სამოცამდე მავზოლეუმიც გადარჩენილა სრულ განადგურებას. დამატებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი სამლოცველის ნათშია ცნობილი.

Continue reading