დასავლეთის დაისი

“ცხოვრება 4 მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, ესენია: სიკეთე, ბოროტება, სიმდიდრე და სიღარიბე.

თითოეულს თავისი დანიშნულება და მიზანი აქვს, როგორც ბუნება არის მრავალფეროვანი, ისეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩევიან ადამიანებიც ერთმანეთისგან.

ზოგიერთი სიმდიდრისკენ მიისწრაფვის, ავიწყდება პრინციპულობა, ცხოვრებისეული ღირებულებები და ამ სიღარიბის კარს შეაღებს.

ადამიანის ცხოვრება სიძნელეებისა და დაბრკოლებებისგან შედგება, მაგრამ ყველას ერთი ბედი არ აქვს და არც ერთი მიზანი. ამიტომ დაბრკოლებები და ტკივილიც განსხვავებულია. რამეს რომ მიაღწიო მიზანი უნდა გქონდეს..

მაგ: გინდა წყალი, ირგვლივ არავინ არის რომ მოგაწოდოს და იძულებული ხარ ადგე და თვითონ აიღო, რადგან წყურვილი მოიკლა. ადამიანისთვის ჩემი აზრით ყველაზე დიდი ტკივილი არის ახლობელი ადამიანის დაკარგვა და იმედგაცრუება.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ „ტკივილი ყველასთვის არსებობს, მაგრამ ყველაში თანაბრად არ არის განაწილებული“, ამაში ყოველ დღე ვრწმუნდები.

ხალხი იცვლება, ასევე იცვლება შეხედულებები და მიზნები. მე მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებ ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს და ვისაც არ ვიცნობ იმათაც, არ დაკარგოთ რწმენა მომავლის, იბრძოლეთ, დღეს თუ არა ხვალ გამოგივათ ის, რაც გინდათ ცხოვრებაში.”

მედო გაურგაშვილი – 15 წლის, ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე10 კლასისი მოსწავლე.

თუმი დიშნი: ვაინახების ხელოვნება

სამი წლის მუშაობის შემდეგ გამოვიდა ჩემი წიგნი-ალბომი “ვაინახების ხელოვნება”.

სული და გული ჩავდე, საოცარი სიყვარულით ღამეებს ვათენებდი თვითეული ფოტოს შერჩევაზე და თვითეული სტრიქონის წერაზე. სიამოვნებით ვიღებდი ყოველ შენიშვნას და დაუღალავად ვეძებდი კიდევ და კიდევ უკეთეს მასალებს. თვითონ ვიღებდი ფოტოებს პანკისში, დიზაინს ათასგვარად ვარჩევდი, შეძლებისდაგვარად ვქირაობდი პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ყველაზე დიდი სიხარული მაინც საქართველოს მუზეუმებში მუშაობისას განვიცდიდი. ყოველი ექსპონატის პოვნისას სიხარულისგან ემოციებს ვერ ვიკავებდი.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა მუზეუმის თანამშრომლების განსაკუთრებული ყურადღება და თბილი დამოკიდებულება. მინდოდა ამ წიგნის სახით საჩუქარი გამეკეთებინა ჩემი ხალხისთვის, პირველ რიგში პანკისელი ქისტებისთვის, ვაინახი ერისთვის და ქართველებისთვის, ჩვენს ერებს შორის არსებული იმ სიყვარულისთვის და ძმობისთვის, რომელსაც საერთო, ძირძველი ფესვები გააჩნია და საუკუნეების მანძილზე მრავალ ქარტეხილებს გაუძლო.

ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი გახდა ისიც რომ ეს წიგნი გამოსვლის მერე პირველებმა თბილისში ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესზე ჩამოსულმა ენათმეცნიერებმა და პროფესორებმა შეაფასეს და გაოცება ვერ დამალეს. ის დღე არასოდეს დამავიწყდება, როცა ელი კრიტიკას და ამ დროს მოდიან და ოვაციებით გილოცავენ, მადლობებს გიხდიან ნაშრომისთვის ასეთი ბუმბერაზი ადამიანები, გეუბნებიან, რომ დისერტაცია მზად გაქვს და დაიცავი, ჩვენ გვერდში დაგიდგებით.


წიგნში ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ 
ადამიანს, ვინც გვრდში დამიდგა, მომაწოდა რაიმე მასალა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ირინე საგანელიძეს, რომელიც მთელი ამ სამი წლის მანძილზე გვერდში მედგა და ჩემთან ერთად განიცდიდა წიგნის ბედ-იღბალს, კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, რომელმაც როცა ნახა პირველი წიგნი “ვეინახების ქართული საგა” და გავუზიარე ახალ წიგნზე მუშაობის იდეა პირობა მომცა, რომ დააფინანსებდა და მან ეს პირობა შეასრულა.

ბატონ გურამ ოდიშარიას, რომელმაც თავისი მხარდაჭერით დიდი იმედი ჩამისახა და პირველი წიგნის დაფინანსებით სტიმული მომცა მეფიქრა ამ წიგნზეც. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ასევე წიგნის რედაქტორს ნათია ჯალაბაძეს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე დიდი სიყვარულით გვერდში მედგა, რჩევებს მაძლევდა და მამხნევებდა.


წიგნის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება პანკისის ხეობაში 18 დეკემბერს, რომელსაც ასევე ახლავს რამდენიმე სიურპრიზი სამინისტროსგან და პრეზენტაციასთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში.
სიამოვნებით მივიღებ წიგნთან დაკავშირებულ ყველა შენიშვნას და შემდეგი გამოცემისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს.


ამჯერად წიგნის ტირაჟი მხოლოდ 500 ეგზემპლარია.
წიგნი წარმოდგენილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.
უღრმესი მადლობა გამომცემლობა “სეზანის”, რომელმაც ასეთი უმაღლესი ხარისხის გამოცემა გვისახსოვრა.


პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

ნონა ხანგოშვილი ( Tumi Dishni )

Гуьржийчу – хаарш тIедуза

Нохчийн пачхьалкхан хьехархойн университетан «Нохчийн мотт а, литература а» отделенин студенташ цхьана кIиранах фольклорин практикехь луларчу Гуьржийн Республикин Ахметовски кIоштарчу Панкиссин чIожехь хилира.

Continue reading

НАЬРТ-ЭРСТХОЙН ПАЧЧАХЬ НАУРАЗ

ВАЙН махкахь – Нохч-Г1алг1айчохь баьхначу наьрт-эрстхойх лаьцна дийцарш дуккха а ду. Наьрт-эрстхой Нохчийн махкахь а, Теркайистехь а, Г1алг1айчохь а баьхна боху.

Ножин-Юьртана гонаха баьхна наьрт-эрстхой. Цигахь болчу наьртхойн паччахь-тхьамда хилла боху Наураз. Иза ваьхна г1ала хилла боху меттиг ю Ножи-Юьртана дукха гена йоцуш ломан коьртехь. Г1ала хилла меттиг йоьхна, заманан йохалла, текхна бердаш ду гуш.

Continue reading

სამართალი ქალბატონების მიმართ

საზოგადოებაში ფართოდაა ცნობილი,  ქისტებმა, რომ ქალის პატივისცემა იციან, ასეთი მეორე ერი ჯერჯერობით არ მოიძებნება. მაგრამ,როგორც წესი, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. საზოგადოებაში არსებობს ისეთი აზრიც, რომ ქისტები ცოლებს ჩაგრავენ, მათ უფლებებს არ ითვალისწინებენ და მათზე სამართალიც არ მოქმედებს.
ჩემს ბლოგებში დასასაბუთებლად ხშირად ვიყენებ ბნ. ხასო ხანგოშვილის წიგნს “ქისტების ადათ-წესები”. ამ წიგნში ყველაფერი ისე კარგადაა განხილული, რომ სხვა საბუთი საჭირო აღარაა. დღესაც გთავაზობთ ნაწყვეტს მოცემული თემის შესახებ წიგნიდან:
“მიუხედავად ზოგიერთ შემთხვევებში ქალზე ძალადობისა, ქისტური სამართალი ყოველთვის იდგა ქალის უფლებების დაცვის სადარაჯოზე.
ქალიშვილის ან ქალის გაუპატიურება უმძეიმეს დანაშაულად ითვლება და დაზარალებულის ახლობლებიდან თუ ვინმე შეესწრო, დამნაშავის მკვლელობით სრულდება. მოძალადის მოსაკლავდ დევნა დიდხანს გრძედება, თუ მისი მოკვლა ვერ მოხერხდა დანაშაულის ჩადენის მომენტში. მართალია, ქალზე მოძალადის მოკვლით არ მთავრდება კონფლიქტი, მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შურისმაძიებელს, როგორც ჩვეულებრივ მკვლელს, ე.ი პირველ დანაშაულს მეორე ვერ დაფარავს, ორივე დანაშაულს დამოუკიდებლად პასუხი უნდა მიეგოს, ორივე მხარე უნდა დაკმაყოფილდეს.
ამიტომ არის, რომ აუცილებელია საქმე განიხილოს ადათობრივმა სასამართლომ, სანამ ერთს მეორე დანაშაული არ მოჰყვება. გაუპატიურება თუ ქალმა არ აღიარა, დავუშვათ, დამალა, რათა სისხლი არ დაიღვაროს და მის სახელსაც ჩრდილი არ მიადგეს, მაგრამ საქმე გახმაურდა და ქმრის ან ძმის ყურამდე მივიდა, ამ შემთხვევაში საქმის მოგვარება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ეჭვმიტანილს დააფიცებენ და საქმეც ამით მთავრდება, მაგრამ თუ ქმარი ან ძმა ამ შეურაცხყოფას აღიარებენ, ე.ი აიღებენ თავის თავზე, მაშინ განიხილება, როგორც სინამდვილეში მომხდარი ფაქტი. ქალის აღიარება და მათი პატრონების დასტური ისეთი ფაქტობრივი დადასტურებაა, რომ აქ უკვე არ არის საჭირო ფიცი.
ჩვეულებრივ ჭორის დონეზე გავრცელებული ინფორმაციის დროს სასამართლო აკისრებს ეჭვმიტანილს 5 კაცით დაფიცებას. ფიცის ფორმულა ზოგადად ასეთია : ” ვფიცავ, ამ კაცის ცოლს, ან ამ კაცის ქალიშვილს, ან ამ კაცის დას ცუდი განზრახვით არ შევხებივარ, რომ ჩემგან ეს ქალი წმინდაა.”
  გათხოვილი ქალის გაუპატიურების შემთხვევაში დამნაშავე ქმარს უხდის 30 ძროხას. შეიძლება მოსამართლეებმა გაზარდოს ძროხების რაოდენობა, ეს დამოკიდებული იქნება, რა ვითარებაში მოხდა გაუპატიურება, რამდენად შეურაცხყო ქალი და ა.შ. თუ ქალი ნაცემია, ტანსაცმელი გახეული, თმები დაგლეჯილი და სხვა ღირსების შემლახველ ქმედებს ჰქონდა ადგილი, სისხლის საფასურის ნახევარს იხდის.
გაუპატიურებული ცოლის დატოვებაც და გაშვებაც ქმრის უფლებაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ქალი ბრუნდება მამის ოჯახში. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ქისტებში გათხოვილი ქალის გაუპატიურება ძალზე მძიმე დანაშაულია, არათუ იშვიათად, თითქმის არც ხდება. აი, ცოლად შერთვის მიზნით გატაცებული ქალიშვილის გაუპატიურება არცთუ იშვიათობაა.
ქალშვილის გაუპატიურების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აიძულებენ დამნაშავეს, შეირთოს ცოლად დაზარალებული. ცხადია, პირობასაც უყენებენ, რომ ვერ დაითხოვს ცოლს, თუ არ იქნება სერიოზული მიზეზი. ამას დიდ ყურადღებას აქცევს ქისტური სამართალი, რადგან იძულებითმა ქმარმა შეიძლება რამდენიმე ხანს დრო ატაროს ცოლთან და მერე სახლისკენ გზა უჩვენოს.
იმ შემთხვევაშიც, თუ ქმარმა ცოლი დაითხოვა სერიოზული მიზეზების გამო, გაუპატიურების საქმე მაშინვე წინ წამოიწევს და 15 ძროხის საფასურის გადახდა მოუწევს. როგორც ზემოთაც ავღნიშნე, მოსამართლენი განიხილავენ საქმეს და ისინი ადგენენ საფასურს.
დანიშნული ქალის გაუპატიურების შემთხვევაში დაზარალებულის როლში გვევლინება საქმრო, რომელიც იწყებს დევნას შეურაცხყოფისათვის. ცხადია, მისთვის დამნაშავე გამაუპატიურებელია, მაგრამ საცოლის მშობლებთანაც აქვს ხოლმე პრეტენზია. მაგრამ უმთავრესად დამნაშავეს სთხოვს პასუხს. დანიშნული ქალი ჯერ კიდევ არ არის ცოლი, ამიტომ დანაშაულიც 10-12 ძროხით ფასდება.
ამ შემთხვევაში საქმროს უფლება აქვს შეირთოს დანიშნული ან სულაც უარი თქვას. თუ საქმრო უარს იტყვის, ქალის ახლობლები აიძულებენ დამნაშავეს, ცოლად მიიყვანოს ქალიშვილი.დამნაშვის უარი პასუხისგებაზე სისხლის ფასად დაუჯდება, ამას არავინ აპატიებს.დანიშნული ქალის გაუპატიურება მძიმე დანაშაულია, მაგრამ მისი ცოლად წაყვანაც არანაკლებ მძიმე დანაშაულად ითვლება.”

შუქი და მღილი

ნაწყვეტი გაბრიელ ჯაბუშანურის “ქვაკაცას ღამეებიდან”- “შუქი და მღილი”

“შუაღამეა, ღოღავს მღილი რამ
ჩმეს ლოდის მკერდზე,
მიმწუხრზე სავალს
დაადგა იგი ფეხის ფრჩხილიდან
და გზა თავამდე ვერ მოათავა.Continue reading

განქორწინება

დღევანდელ ბლოგში განხილულია განქორწინება ქისტური წესების მიხედვით. სახელმძღვანელოდ გამოყენებულია ბნ  ხ. ხანგოშვილის წინგი “ქისტების ადათ-წესები”.

“განქორწინება ქისტური ადათით საკმაოდ რთული პროცესია. ძველად ეს თითქმის შეუძლებელი იყო. თუ ცოლი თავისას გაიტანდა, არ გაჩერდებოდა ქმრის ოჯახში, რაც უნდა საპატიო მიზეზები ჰქონდა ქმრის მიტოვებისა, მშობლები, ახლობლები აიძულებდნენ, ცოლი დაბრუნებოდა ქმარს, მაგრამ ქალი თუ გაჯიუტდებოდა (არსებობდნენ და არსებობენ დღესაც თავის უფლებებისათვის მებრძოლი ქისტი ქალები), მაშინ უწევდა სისხლის საფასურის გადახდა. მას “ცა იოშუნ”( უკადრისობას) ეძახდნენ. ეს მავნე ჩვეულება 1965 წ. ყრილობაზე დაგმობილ და აკრძალულ იქნა და უს დღეისათვის არ მოქმედებს, მაგრამ თუ ქალი თავის ინიციატივით ტოვებს ქმარს (ამას დასაბუთებული საპატიო მიზეზებიც უნდა არსებობდეს), მაშინ მისი მშობლები იხდიან ქორწილის ხარჯებს, ყველაფრის ანაზღაურება უწევთ, რაც კი ქმრის ოჯახმა გასწია ამ ქორწინებასთან დაკავშირებით. ქმრისა და მისი ნათესავების საჩუქრები და ოქროულობა ასევე უბრუნდება ქმრის ოჯახს. ცოლს მიაქვს თავისი მზითევი და ბრუნება მამის ოჯახში.
თუ ქმარია ინიციატორი და ცოლს ეყრება, ადრე არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ქალი თავის მზითვით ბრუნდებოდა მამის ოჯახში, თუ ურბეთი და შესარიგი არ ჰქონდა სიძეს გადახდილი, მას წაართმევდნენ და ამით მთავრდებოდა ოჯახის დაშლა.
დღეს ქმარს ასე ადვილად არ შეუძლია ცოლის გაშვება. საამისოდ უნდა არსებობდეს სათანადოდ დასაბუთებული მიზეზები. თუ საქმე ცოლის ღალატს ეხება, აქ ლაპარაკიც ზედმეტია, პირიქით, ქალის მშობლების პასუხისმგებლობაც არსებობს და ჩუმად არიან. ძველად მოღალატე ცოლს ცხვირს აჭრიდნენ, ან თავს გადაპარსავდნენ და ისე უშვებდნენ მამის სახლში. ცხელ გულზე შეიძლება ქმარმა მოკლას კიდე ცოლი, მაგრამ მკვლელობაზე პასუხისგება მოუწევს, მკვლელობა დაუშვებელია.
ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ერთი უმნიშვნელოვანესი წესია : ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, ოჯახში უფროსი ქმარია, ის წყვეტს მნიშვნელოვან საკითხებს და ცოლიც უნდა ეთანხმებოდეს მის გადაწყვეტილებებს. თუ ცოლი ეურჩება, ქმარს არ უჯერებს, თავად ცდილობს უფროსობას, ოჯახში თანხმობა არ იქნება, მუდამ ჩხუბსა და დავიდარაბას ექნება ადგილი. ცხადია, თუ ქმარი დაჰყვება ცოლის ნება-სურვილს, ყველაფერი კარგად წაა, ოჯახური იდილია გამეფდება. ასეთ დროს ქმარი კარგავს საზოგადოებაში ავტორიტეტს, მას ქისტები იუმორით უსაბუთო კაცს ეძახიან.
სოფ. ჯოყოლოში ცხოვრობდა ერთი ჭკვიანი, დარბაისელი, ხნიერი ვაჟკაცი დაადეი. მასთან მივიდა რჩევისათვის თანასოფლელი, ცოლთან ყოველდღე უსიამოვნება მაქვს, მეურჩება, მუდამ ვკამათობთ და კინკლაობაში ვართ. გაშვება არ მინდა, ყოჩაღი, ოჯახის ქალია და რამე მირჩიე, როგორ მოვარჯულოო.
დაადეიმ რჩევა მისცა და ურჩი ცოლის პატრონი წავიდა, მაგრამ მთლად კმაყოფილი არ იყო მიღებული რჩევით, სახეზე ნათლად ეტყობოდა. მაგრამ ორიოდე კვირის შემდეგ კვლავ მივიდა დაადეისთან და მადლობით ავსო:
-ღმერთი იყოს შენით კმაყოფილი, ეს რა სიკეთე მიყავი, ძლივს არ დაისადგურა ჩემს ოჯახში სიმშვიდემ.
არ იტყვით რა ურჩია დაადეიმ?
-ცოლს დაუჯერე, რას ეკამათები და ეურჩები? შენ კაცი ხარ, კაცს არ ეკადრება ქალთან თავის გაყარდება, დაეთანხმე, რასაც გეტყვის, შეასრულე და შენს ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს.
მაგრამ ჯიუტი ხალხია ეს ქისტები, ფიქრობენ, რომ მათი კაცური უფლებები ილახება, თუკი ცოლის ნებას დაჰყვებიან, ცოლის, როგორც ქალის უფლებებზე არ ფიქრობენ. მაგრამ არც ისეა საქმე, როგორც ჩვენ, კაცებს მიგვაჩნია. ხშირად გვგონია, ვბატონობთ ცოლებზე, მაგრამ ჭკვიანი ქალები ისე ბატონობენ ჩვენზე, რომ აზრზეც არა ვართ.
ცოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ქმარი მიმართავს სიდედრ-სიმამრს, აცნობებს ამ პრობლემას და სთხოვს, მოახდინოს თავიანთ ქალიშვილზე ზემოქმედება. ეს კეთდება ორი მიზნით :
1) ქმარი დაინტერესებულია, შეინარჩუნოს ოჯახი;
2)წინასწარ თავს იზღვევს მოსალოდნელი შედეგებისგან.
თუ ცოლი სახლიდან გარბის მშობლებთან ქმართან უთანხმოების დროს, ქმარი ცოლეურებს სთხოვს, მიიღონ ზომები და დააბრუნონ ცოლი ქმართან. ეს ასეც ხდება უმეტეს შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ჯიუტი ცოლი ნათესავებთან ან მეგობარ ქალებთან ეძებს თავშესაფარს, მისი ჯიუტი ქმარიც აფრთხილებს მათ, ნუ აძლევთ ჩემს ცოლს თავშესაფარსო და ა.შ. ამ დროს საჭიროა ნათესავების, უხუცესების ჩარევა და ოჯახური დავის მოგვარება, თორემ ცუდი შედეგით დამთავრდება.

დაქვრივებულ რძალზე ახლობლის დაქორწინება

ხშირად მომისმენია გარშემომყოფებისგან, რომ ქისტებში დაქვრივებულ რძალზე ახლობის დაქორწინება მიღებულია. ეს მცდარია. ამას კატეგორიულად ემიჯნება საზოგადოება. ახლა კი გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ფაქტის შესახებ  ხ. ხანგოშვილის წინგიდან “ქისტების ადათ-წესები”.

“რძალზე ახლობლის დაქორწინება ყოვლად დაუშვებელია, ასეთი რამ დიდ უზნეობად ითვლება და ქისტების ღრმა რწმენით, ღმერთი დაუჯელად არ დატოვებს ასეთ ამორალურ საქციელს. ამის დასტურად მოვიყვან ქისტეთში მომხდარ მაბავს, რომელზეც მ.ალბუთაშვილი წერს თავის ეთნოგრაფიულ ნაშრომში “პანკისი ხეობა”.
“რძალ-მაზლის შეუღლებაზე პანკისში კი  არა, პირიქით მთაქისტეთში მოხდა ადრე ერთი უხეირო ამბავი: სახელოვანი მამის შვილი – წუწა სახალაშვილი ქისტებმა მოკლეს. წუწას ცოლმა -უშვილოდ დაქვრივებულმა თქვა : ვინც ჩემი ქმრის მკლველს მოკლავს, მე იმის მეტს არავის შევირთამო.
ცოტა ხანმა გაიარა. სახალას მთხორებელი მოუვიდა -შენი მოსისხლე მავან დროს აქა და აქ მოდის და აბა შენ იციო! სახალას სხვა უმცროსი შვილიც ჰყავდა – თათასა. მამა და შვილი ღამიან წავიდნენ და გზა შეუკრეს მოსისხლეს. ნახეს, ცხენებით მოდიან ერთი წუწას მკვლელი, მეორე ნათესავის მოსისხლე.
სახალამ უთხრა შვილს: მე წუწას მკვლელს ვესვრი, შენ მეორეს ესროლეო. თათასა დაემორცილა მამას. ორივემ ერთად ამოიღეს ნიშანში. თათასას თოფი გავარდა, კაცი გადმოვარდა ცხენიდან. სახალას თოფმა მოუცდინა, მოსისხლე გაიქცა, მაგრამ თათასამ მოასწრო და იმასაც ბარკალი მოსწყვიტა და ცხენიდან ჩამოაგდო.
თათასას რძალმა აღთქმას არ უღალატა. სახალას ეს არ მოსწონდა, ხშირად ეჩხუბებოდა შვილს და ერთხელ კიდეც სცემა. მობეზრებულმა შვილმა მამას დამბაჩა დაჰკრა და მოკლა. ნათესავებს ეწადათ თათასა მოეკლათ, მაგრამ მომაკვდავმა მამამ დაუშალა, არ გაიმეტა შვილი”.
ეს ტრაგედია თვალსაჩინოდ მეტყველსბ იამზე, რომ სისხლის აღრევა ხალხისა და ღვთის საწინააღმდეგო მკრეხეობაა და დაუსჯელი არ დარჩება. მართალია, ამ შემთხვევაში ღვთის წინაშე დადებული აღთქმა იქნა შესრულებული, რძალი, მართალია, არ არის სისხლით ნათესავი, მაგრამ ქისტებში იგივე გვარის წევრად არის მიღებული და მასზე დაქორწინება აკრძალულია. რაც შეეხება თათასაც მიერ მამის მკვლელობას, ეს ღვთის სასჯელია მისი ამორალური ნაბიჯის გამო.”

ქორწინება

ამ ბლოგში ვისაუბრებთ ქისტური ადათის მიხედვით ქორწინებაზე. როგორი იყო ადრე და ახლა. შენარჩუნებული და მივიწყებული ტრადიციების შესახებ. სახელმძღვანელოდ კი გამოყენებულია ხ.ხანგოშვილის წიგნი “ქისტების ადათ-წესები”.

“ძველად გათხოვება ხდებოდა მშობლების, ძმების, ბიძებისა და სხვა ახლობელი ნათესავების ნება-სურვილით. ქალიშვილის სურვილს მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, ზოგჯერ არც კი ეკითხებოდნენ, ისე აძლევდნენ თანხმობას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ქისტებში ქალი არ იყო დაფასებული, პირიქით, ქალის შეურაცხყოფა მძიმე დანაშაულად ითვლებოდა, ქალის ღირსება სათანადოდ იყო დაცული. ამის დასტურად მარტო ისიც კმარა, რომ ისლამის მიღებამდე ქალის სისხლი ორი კაცის სისხლს უდრიდა, ხოლო, თუ ქალი მკვლელობის დროს ორსულად იყო, მაშინ მკვლელს სამმაგი სისხლი ედებოდა.
ქისტურ საზოგადოებაში ქალი არ არის შეზღუდული, მიუხედავად ისლამის მკაცრი დამოკიდებულისა ქალის მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქალიშვილები თამამი და ლაღი, დამოუკიდებლი ყოფა-ქცევით გამოირჩევიან, მაგრამ, ამავე დროს იცავენ ზნეობრივ-მორალურ ნორმებს, ქისტური  ეთიკის წესებს საზოგადოებაში, ხალხის თავშეყრის ადგილებში მოკრძალებით, კდემამოსილებითა და ზრდილობით იქცევიან, არასდროს გამოირჩენენ თავხედობასა და უსაქციელობას.
გათხოვების შემდეგ ოჯხური საქმიანობის მთელი უღელი მათ კისერზეა. ქმარი, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსია, მისი მოვალეობაა ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა, გვარტან, მეზობლებთან, თანასოფლელებთან ურთიერთობა და სხვ. ქმრისა და ცოლის მოვალეობები ერთმანეთისგან გამიჯნულია, მაგრამ ხშირად შეიძლება ითქვას, უფრო ხშირადაც, კაცის საოჯახო საქმესაც ქალი ასრულებს. ბოსტანი, ეზო-კარი, ძროხების მოწველა, გომურის დასუფთავება, სიმინდის მოვლა-მოყვანა, სამზარეულო და სხვ. ქალის საქმედ ითვლება და დიასახლისიც დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობს. ამასთან, თუ საჯარო სამსახურშია, მისი ოჯახში საქმიანობა სულაც არ მცირდება, ასე ვთქვათ, ორივე ფრონტზე უხდება შრომა.
ახლა ამას დავუმატოთ მამათილ-დედამთილის მოვლა, მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდა, ნათესავების, განსაკუთრებით ქმირს ნათესავების პატივისცემა და სხვ. ქისტის ქალს გათხოვების შემდეგ დღე-ღამე მოსვნება არ აქვს. მაგრამ, ჩვენი, კაცების ბედად, ყოჩაღები არიან,მუდამ ხალისიანნი, სიცოცხლისუნარიანნი და დიდხანს ინარჩუნებენ ახალგაზრდულ იერს.
დღეისათვის მდგომარეობა საგრძნლობლად გაუმჯობესდა. ოჯახს გარეთა სამუშაოსგან განთავისუფლდნენ, აღარ უწევთ კოლმეურნეობასა და მეურნებებში მძიმე შრომა, სახლ-კარს უვლიან, მუდამ გაკრიალებულია სახლი და ეზო, დროც რჩებათ, სერიალებს უყურონ და ყავაც სვან. ღმერთმა შეარგოთ,დაიმსახურეს!
როგორც ითქვა, ადრე გათხოვება ქალიშვილის ნება-სურვილის გარეშე ხდებოდა. ზოგჯერ მშობლებისა და ძმების გარეშეც იღებდა ნიშნობის ბელგას რომელიმე ახლობელი. ასეთი სახის დანიშვნა იშვიათობას არ წარმოადგენდა. ქალიშვილი, მშობლების,და-ძმების მოყვარული და ერთგული, მორჩილად დაჰყვებოდა ასეთ მავნე ჩვეულებას და ბედს ურიგდებოდა, მაგრამ ხშირად უმხედრდებოდა ასეთ უსამართლობას, იჩენდა ძლიერ ნებისყოფას და თავისი გაჰქონდა. თუ ვერ მიაღწევდა ნიშნობის ჩაშლას, მაშინ სახელმწიფო ხელისუფლებას მიმართავდა და თავს გაითავისუფლებდა.
გასული საუკუნის სამოციან წლებამდე არსებობდა ასეთი მავნე ტრადიცია, ასეთი შემთხვევის მომსწრე რომ არ ვიყო, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რმაე შეიძლებოდა არსებულიყო გონიერ საზოგადოებაში. ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მოეწონა ქალიშვილი, რომელმაც იცოდა, რომ ქალიშვილის კეთილგანწყობის შანსიც კი არ გააჩნდა, ხალხის წინ ხელს დაადებდა მხარზე ქალიშვილს და იტყოდა: -დღეიდან ჩემი ხარ!
ქალიშვილი მაშინვე წივილ-კივილს ასტეხდა, თუ ამ ამბავს ქალიშვილის ნათესავი, სულაც მოგვარე ან გულშემატკივარი შეესწრებოდა, ატყდებოდა ჩხუბი და თავხედი ცემას ვერ გადაურჩებოდა. მაგრამ ამას არაფრად აგდეს საცოლის მაძიებელი, მან თავისი საქმე გააკეთა, ქისტურად “ქუგ თუეხნა”(ხელით შეეხო), რაც გარანტიას აძლევდა, რომ სხვა ახალგაზრდა არ ჩაერეოდა საქმეში, ქალიშვილს ვერ დაუწყებდა არშიყობას, სანამ “ნეფეს” და ქალიშვილის მშობლებს შორის დავა არ დამთავრდებოდა.
დღევანდელი გადასახედიდან ვულგარულ ჩვეულებად ჩანს ქალის ნების გარეშე დანიშვნა, მაგრამ მაშინ ეს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. მშობლებს მიაჩნდათ, რომ მათ უკეთ იციან, ვისთან, რომელ ოჯახში იქნება მათი ქალი ბედნიერი. დანიშვნის სემდეგ ქალი შებოჭილი იყო, რადგან თავისი განთავისუფლების სემდეგ სხვაზე გათხოვება ძელი იყო. ყოფილი საქმრო საქვეყნოდ განაცხადებდა ხოლმე, რომ უკრძალავდა თავის ყოფილ დანიშნულს გათხოვებას. ცხადია, იმ შემთხვევაში  კეთდებოდა ასეთი განცხადება, როცა საქმრო უარს ამბობდ ბელგის დაბრუნებაზე.
ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა დაქორწინება ხდება ქალისა და ვაჟის ნება-სურვილით. ახლაც მაჭანკლები შუამავლობენ, მაგრამ ქალის მშობლები, პირველ რიგში ამოწმებენ ქალის მთხოვნელთა ეკონომიკურ მდგომარეობას, ზნე-ჩვეულებებს ოჯახისა და სხვ. ამ მიზნით ქალიშვილის ბაბუა-ბებია მეზობელს დაავალებს, ეწვიოს სტუმრად ვაჟის ოჯახსა და მოახდინოს დაკვირვება. მაგალითად, ასეთი დიალოგი იმართება ქალიშვილის ბაბუასა და მომავალ მძახლებთან გაგზავნილ მის მეოზბელს შორის:
-ეზოში ნაკელი თუ ნახე?
-არა, ეზო სისუფთავით კრიალებდა.
-ბაღში ფუტკრები ზუზუნი თუ იდგა?
-არა.
-ხალხის ხმაური თი სიმოდა, ოჯახში მისვლა-მოსვლა თუ იყო?
-არა, სრული სიწყნარე სუფევდა.
ბაბუა დასკვნას აკეთებს: ამ ხალხს ჩვენს ქალს არ გავატანთ, რადგან მეურნე ხალხი არ ყოფილა და არც სტუმარი ჰყვარებიათ.
თუ ქალის მთხოვნელები აკმაყოფილებენ ქალიშვილის მშობლების მოთხოვნებს, მაშინ შესთავაზებენ, დაელაპარაკონ ქალიშვილს და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ მიმდინარეობს საუბარი ქორწინების შესახებ.
დანიშვნამდე ქალ-ვაჟი ეცნობიან ერთმანეთს, შეუძლიათ თავისუფლად მოილაპარაკონ, ოღონდ ისეთ ადგილას ხვდებიან, რომ კარგად ჩანდეს შორიდან, გამვლელ-გამოვლელნი და ნათესავებიც ხედავენ ახალგაზრდებს. ან ხვდებიან ქალიშვილის ნათესავის სახლში, ოღონდ ნათესავი ქალიშვილის თანდასწრებით.
XX საუკუნის დასაწყისში ქისტური ქორწილის შესახებ ვისაუბრე წიგნში “ქისტები” და რადან დღეისათვის რაიმე არსებითი ცვლილება არ განუცდია, მოვიყვან ამ ნაწყვეტს:
“ნიშნობა ხდება ქალ-ვაჟის ურთიერთგაცნობისა და ოაჯხის შექმნაზე თანხმობის შემდეგ, იშვიათად მათი სურვილის გაუთვალისწინებლადაც. ვაჟის ნათესავები საპატარძლოსთან მიდიან საკლავითა და სასმელით. საკლავის დაკვლით განმტკიცდება ნიშნობა, აქვე გადაეცემა ნიშნობის ოქროული პატარძლისათვის, რაც ქორწილის დროსაც შეიძლება.
ქორწილის წინა დღით პატარძლის ოჯახში იგზავნება ე.წ. “საქორწილო”: ორი ყოჩი და სასმელი. ქორწილის დღეს პატარძლის წამოსაყვანად მიდის მაყრიონი ნების გარეშე, ეკორტს წინ უძღვის საპატარძლოდ მორთული მანქანა. სუფრაზე საათ-ნახევარის ყოფნის შემდეგ პატარძლის ამხანაგებს სუფრასთან მოჰყავთ პატარძალი. პატარძლის ნათესავები კეტავენ ოტახის კარებს, სადაც პატარძალი იმყოფება და ითხოვენ “გამოსასყიდ” თანხას. პატარძლის ამხანაგები ევაჭრებიან, მაგრამ საბოლოოდ უხდიან დასახელებულ თანხას და “გამოხსნილ” პატარძალს სუფრის თავში სვამენ, გვერდს ნების მაგივრად ამხანაგები უმშვენებ. ეს პროცედურა მეორდება ხოლმე პატარძლის ეზოდან გამოყვანისას, გზაზეც და ქმრის ოჯახში შეყვანის დროსაც. ასე რომ, პატარძლის ამხანაგები სოლიდურ თანხას იხდიან, თან ვაჭრობაში საკმაო დროც იკარგება.
პატარძალი სუფრაზე იმდენ ხანს რჩება სანამ ნეფის ნათესავები ფულით ან საჩუქრებით არ დალოცავენ პატარძალას. შემდეგ ვაჟის მაყრიონი იყრება, ქალის მაყრიონი ადგილზე რჩება, მხოლოდ აცილებენ პატარძალს, რომელიც საქმროს ოჯახში მიჰყავთ. ამ დროს სროლა ჩვეულებრივი მოვლენაა, მას არავინ აქცევს ყურადღებას მასპინძლის გარდა, რომელიც წუხს, ფათერაკი არავის შეემთხვას. საღამო ჟამს ქალის მაყრიონიდან რამდენიმე ახალგაზრდა მიდის სიძის ოჯახში, სადაც ქორწილი მიმდინარეობს.
პატარძალს ქმრის ოჯახში შესვლისას კარის ზღურბლზე დაუდებენ თეფშს, რომელიც ფეხით უნდა გატეხოს. დასვამენ შუა ოთახში და კალთაში პატარა ბავშვს, აუცილებლად ბიჭს, ჩაუსვამენ ხოლმე. შემდეგ, როცა სუფრაზე დასხდებიან, პატარძალს გვერდით ნეფეს მიუსვამენ და ქორწილი მთელი ღამე მიმდინარეობს.
ორგანიზებაც სამაგალითო იციან: მერიქიფეებმა კარგად იციან თავიანთი მოვალობა, მკაცრად არიან გაფრთხილებულები, სუფრას არაფერი დააკლონ, თავად ღვინო არ დალიონ და ა.შ. ამავე დროს გამოყოფილი ჰყავთ ავტორიტეტიანი ახალგაზრდები წესრიგის დასაცავად, ჩხუბი თუ ვინმემ წამოიწყო, აღსაკვეთად. სტუმრებს წინასწარ აფრთხილებენ: ჭამეთ, სვით, იმხიარულეთ, ყველაფერი მოითხოვე, რაც გაკლიათ, ოღონდ კეთილი ინებეთ, წესიერად მოიქეცით და სტუმრებს ნუ შეაწუხებთო და ა.შ.
მეორე დღეს პატარძალი წყალზე გაჰყავთ, ეს წეს-ჩვეულება, ჯერაც არაა გადავარდინილი, ამ წესით პატარძალი საბოლოოდ ხდება ქმრის ოჯახის წევრი, მაგრამ ამით ქორწილი არ მთავრდება. ამჯერად სიძის ოჯახში იშლება პურ-მარილი, ტრანპორტს გზავნიან პატარძლის ოჯახში და მათ ნათესავებს იწვევენ სტუმრად. ამას ცოლეურების შინ მოპატიჟებას ეძახიან და თავისებურად სიძის წარდგენა ხდება. სიძე ხომ არ იყო წასული პატარძლის ოჯახში!
სუფრაზე ჩამოატარებენ სიძეს, რომელსაც მწვადიანი შამფურებით, სასმელითა და ათასებით დაჰყვებიან ამხანაგები. ერთ-ერთი ამხანაგი ან სპეციალურად გამოყოფილი ხნიერი კაცი უთითებს, თუ ვის მიაწოდოს სასმლით სავსე თასი, რიგრიგობით, პატარძლის ახლო ნათესაობის მიხედვით სიძე აწვდის ცოლეურებს სასმისს,ისინიც სვამენ და ლოცავენ. ეს, ასე ვთქვათ, სიძის წარდგენა, გაშინაურებაა.
მესამე დღეს სიძე საკლავითა და სასმელით მიდის ცოლეურების ოჯახში და იქ, სუფრაზე წარუდგენენ სიმამარ-სიდედრს და სხვა მოხუც ახლობლებს. ამას სიძის შინ შეჩვევას ეძახიან.
ამით ქისტური ქორწილი, პრინციპში დამტავრებულია,მაგრამ კიდევ გრძელდება მძახლების გადაპატიჟება-გადმოპატიჟება, ასე რომ, ეს ამბავი თითქმის ერთი  კვირა მიმდინარეობს და ორივე ოჯახი დაქანცული და გასავათებულია ხოლმე. ნერვიულობა, დაქანცულობა ცალკე და ასეთ ქორწილებს ხომ ძალიან დიდი ხარჯები სჭირდება, ძალიან შრომატევადია და ამიტომ უფრო ხშირად ქალიშვილის გაყოლით იწყება ხოლმე ახალი ოჯახის შექმნა, რასაც საკლავით შერიგება, სიძის ცოლეურებში მისვლა და სხვა ნაკლებხარჯიანი პროცედურებით მთავრდება.”
მაგრამ სიძის გაშინაურება არ ნიშნავს ისეთ გაშინაურებას, როგორც,მაგალითად, კახეთშია: სიძე ისეა გაშინაურებული, რომ სიმამრ-სიდედრზე მბრძანებლობს, უკმეხად და მედიდურად ესაუბრება, ჭკუას ასწავლის და ა. შ. ქისტებში სიძესა და ცოლის ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობაში არსებობს ზღვანი, რომელის გადალახვა დაუშვებელია. ქისტებში იტყვიან: ” ისეთ სიძე ნუ გეყოლოს, შენი ძაღლი რომ არ ეტანებოდეს და ნურც ისეთი ძმა გყავდეს, რომელსაც შენი ძაღლი ეტანება”, ე.ი სიძე ისე ხშირად არ უნდა დაიარებოდეს ცოლის მშობლების ოჯახში, რომ ძაღლი შეეჩვიოს, ოჯახის წევრად ჩათვალოს, სიძე ცოლეურებს უნდა ესტუმროს აუცილებლობის შემთხვევაში, ჭირსა და ლხინში და ა.შ….
რძალი ქისტურ ოჯახში დიდი სიყვარულით სარგებლობს, ყველა, დიდი-პატარა ცდილობს ასიამოვნოს. მამათილ-დედამთილზე ბევრია დამოკიდებული, როგორ შეეგუება პატარძალი მისთვის უცხო ხალხს, რომლებიც ახლა მისი მშობლების, და-ძმების დარად მისი ქომაგები, მისი დამცველები იქნებიან, ხოლო შემდეგ მისი შვილების სისხლი და ხორცი. რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი იდიალურია ახალშექმნილ ოჯახში. ზოგიერთი ძველ მოდური მშობელი მკაცრად იქცევა, რძლის საქმიანობას,მის ყოველ ნაბიჯს კონტროლს უწესებენ, ზედმეტად ტვირთავენ ოჯახურ საქმიანობაში, რახან რძალი შემოვიდა, ოჯახზე,ოჯახის მოვლაზე ხელს იღებს და ა.შ. ასეთ ოჯახში სიმსვიდე, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა ნაკლებია და ხშირად ირღვევა კიდეც. “

ღამეული სამყარო

გაბრიელ ჯაბუშანური – “ღამეული სამყარო”

“დღიურ ბუნების დაიწვა წიგნი
და გაიშალა შავი გუჯარი.
სიოს ჩანგს რთავენ ქარაფთა შიბნი,
დაბლა როკავენ ჩრდილნი-ჯუჯანი.

ამ უღიმღამო ჩემი ბედივით,
კლდე-ღრეში ღამის იღვრება ღვარძლი,
ცა, ვარსკვლავებით გულმოჭედილი,
აულს ამხვია, ვითაარ ვარცლი.

ხალხის ხმაური როცა მიწყდება,
როს ძილს ეძლევა მთელი სოფელი,
სულ სხვა სიცოცხლე მაშინ იწყება
კაცის ძეთაგან შეუცნობელი:

აი, მთა დგება დორბლიანი ლაშით,
წელზე შეირტყამს შავლ კლდეს – სატევარს,
ჰუნედ ჰყავს ქედი – უბელო რაში
და ზღვასთან მიდის ღამის სათავედ.

ჭალას ეწვევა გორების ჯელგა,
მათ მიჰყვებიან ფიჭვნი მაყრებად,
ასა-მდინარეც მოირჩენს წელკავს
და რძედ მოვარდნილ ნისლით ნაყრდება.

უკუნი მკუპრავს ქვაკაცა-მგოსანს,
გულცივად ვზვერავ ახალ სამყაროს,
არ ძალუძს, მზექალ, თვით მეორმოსვლას,
რომ შენზე ფიქრს და ვარამს გამყაროს.”

მოსისხლეობის მაგალითი

მოსისხლეობა წინა ბლოგშიც განვიხილეთ თეორიულად. ახლა კი გთავაზობთ მოსისხლეობის მაგალითს, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ვითარდება. ხ.ხანგოშვილის წიგნიდან “ქისტების ადათ-წესები”.

“გასული საუკუნის 80-იან წლებში მოკლეს დუისელი მ. მაჩალიკაშვილი გროზნოს მთებში. მას საკუთარი ცხვარი ჰყავდა, ზამთარ-ზაფხულ ჩეჩნეთის ბარსა და მთაში აძოვებდა. უფრო რომ გაადვილებოდათ ცხვრის მოვლა, პანკისელი მეცხვარეები ჩეჩნებსა და ინგუშებს, ასევე ცხვრის პატრონებს უამხანაგდებოდნენ(ნამგალს მონახავდნენ) და ერთად აძოვებდნენ მთებში.
იმ წელს მ. მაჩალიკაშვილს მდ. არგუნის ზემოწელში მთაში ჰყავდა ცხვარი. წინა დღეს ჩეჩენი ამხანაგის ნათესავები ესტუმრნენ, მეორე დღეს დილაადრიან დაეშვნენ ჩეჩნები ბარისკენ, არ დაუცადეს დუისელ                  მ. მაჩალიკაშვილა და მის ამხანაგს, რომლებიც ასევე აპირებდნენ ცხენებით ბარში ჩასვლას. სანამ ცხენებს ბარგს აჰკიდებდნენ და სამგზავროდ მოემზადებოდენენ, მზემ მაღლა აიწია. საუზმის შემდეგ ქისტებიც გზას დაადგნენ.
სანამ ითუმხალში ჩააღწევდნენ, საკმაოდ დავაკებული ადგილი უნდა გაევლოთ. წინ მიდიოდა მუხმადი და მას მიჰყვებოდა ჯაბრაილი. უცბად თოფი გავარდა და წინ მიმავალი წაიქცა. ამხანაგმა ვერ გაიგო, საიდან მოისმა თიფის ხმა, მდინარე არგუნი სწრაფად მიექანება, უზარმაზარ ლოდებს ეხეთქება და საშინლად ხმაურობს.
ჯაბრაილმა ჯერ კიდევ ცოცხალი ამხანაგი ცხენს გადაჰკიდა და ითუმხალში ჩაიყვანა, იქიდან მანქანით საავადმყოფოში ჩაიყვანეს, მაგრამ მ.მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა ეჭვი ამხანაგზე, გარდაცვლილის თანასოფლელზე მიიტანეს და საბჭოური მეთოდებით დაიწყეს დაკითხვები და ძლიერი ზეწოლა, რათა ეღიარებინა დანაშაული. მაგრამ იმდენად აბსურდული იყო მოკლულის ამხანაგის დადანაშაულება მკვლელობაში, რომ მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ დანაშაულის დაბრალება სურდათ უდანაშაულო კაცისთვის. ალბათ, მოახერხებდნენ კიდეც, თუ არა ითუმხლის საბჭოს თავმჯდომარის პრინციპულობა.
მკვლელობის ადგილის დათვალიერებამ შედეგი ვერ გამოიღო, არავითარი სამხილი არ არსებობდა, გასროლილი მასრაც კი ვერ მოიძებნა. მილიციამ მკვლელობის მოტივი და ვერსიაც კი ვერ დაადგინა და დაზარალებულები მიხვდნენ, რომ მათი კაცი იკარგებოდა “საგ ვოუშ ვა” და დაიწყეს ძიება.
ეჭვი ნამგლის(პატრონის) ოჯახზე მიიტანეს, დაადგინეს, რომ საქმეში შესაძლებელია ქალი ყოფილიყო გარეული, მაგრამ გარდა ეჭვისა, არანაირი სამხილი მ. მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არ არსებობდა. თუნდაც ყოფილიყო რაიმე, მკვლელობა დაუშვებელია, რადგან ქისტური სამართლის არსებობს დასჯის მეთოდები, შეურაცხყოფის ანაზღაურების ჯარიმები და ა.შ.
შედგა ადათობრივი სამართალი. ჩეჩნებმა დაიფიცეს და საქმეც შეწყდა, მაგრამ არა! მაჩალიკაშვილები იძიებდნენ საქმეს და დარწმუნდნენ, რომ მათი კაცი მოკლეს იმ საბედისწერო დღეს მთიდან დილით ადრე წამოსულებმა. მკვლელობის ადგილის დეტალურმა დათვალიერებამ მკვლელობის სურათი აღადგინა: მკვლელები მკვლელობის ადგილიდან ცოტა მოშორებით მდ. არგუნის გაღმა გავიდნენ, ნაპირს დაბლა ჩამოჰყვნენ და მურყნარში ჩასაფრდნენ, ახალგაზრდა ნორჩი მურყანის ტოტიც გადატეხეს, რომ სამზირი გაეფართოებინათ. წყალგაღმიდან დაუმიზნეს და ესროლეს ცხენის წინ მიმავალ მ. მაჩალიკაშვილს, ასევე მოინახა კაცი რომელმაც დაასახელა მკვლელობის დამკვეთი – მკვლელის დედა.
გავიდა ხანი. წამოიზარდა მოკლულის ძმისშვილი, რომელიც გროზნოში გაემგზავრა და იქ დაიწყო მუშაობა. გზადაგზა იკვლევდა მკვლელის ვინაობას, ადგილსამყოფელს და ერთ ღამესაც შუა სოფელში მიადგა სახლს და დაუძახა. მასპინძელმა კარში გამოიხედა, იკითხა რომელი ხარო და ჭიშკრისკენ წამოვიდა. შურისმაძიებელი შეეკითხა, შენ არ ხარო მავანი და როცა დადებითი პასუხი მიიღო, ჰკითხა:
-რატომ მოკალი ბიძაჩემი, რა დაგიშავა?
-აუჰ! – ამის თქმაღა მოასწრო და პისტოლეტმაც იქუხა.
შურისმაძიებელმა სწრაფად დატოვა სოფელი და იქვე ნაპირას მდგომ ძველ დანგრეულ სკოლის შენობას შეაფარა თავი. სოფელში განგაში ატყდა, შეიარაღებული ხალხი დაეძებდა სისხლის ამღებს და არავის აზრად არ მოსვლია, შეეხედათ დანგრეულ, ბურახმოდებულ შენობაში. ის კი შუაღამისას, როცა ყველაფერი მიჩუმდა, გამოვიდა, რკინისგზის ლიანდაგს გაუყვა და ჩავიდა სოფელ სამაშკაში დეიდასთან, რომელიც იმ სოფელში იყო გათხოვილი.
ერთ-ერთ მდევარს, მოკლულის ნათესავს, შემდეგ ეთქვა, რომ ვერაფრით ვესროდი თოფს იმ ახალგაზრდას, რომელიც ისეთი მამაცი აღმოჩნდა, მარტო შევიდა ჩეჩნების სოფელში და ნათესავებითა და გვარ-ტომით შემორტყმული კაცი მოკლა და ბიძის სისხლი აიღო. მართლაც მამაცი იყო მუხმადის ძმისშვილი, სანაქებო ყუანახი დადგებოდა, ახალგაზრდა რომ არ წასულიყო ამ ქვეყნიდან: რუსის ჯარისკაცებთან შეტაკებაში დაიღუპა ინგუშეთის მთებში ინგუშ მეგობართან ერთად.”

მელხების აული ითალ – ჩუ ( Photos )

მელხების პატარა აული ითალ-ჩუ, საბრძოლო კოშკით, ჩეჩნეთის მთიანეთში, აგების თარიღი XIV-XVII ს.ს. საქართველოსა და ინგუშეთის საზღვართან ახლოს, მელხების მხარეში, მდ. მეში ხი – ს ნაპირას..

როგორც ჩეჩნეთ-ინგუშეთში, ასევე პანკისის ხეობაში ცხოვრობენ მელხი – ს ტეიპის წარმომადგენლები.

Continue reading

მოსისხლეობა

“შენ რომ სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია”-ვაჟა-ფშაველა.

2015 წელს გამოცემულ წიგნში „ქისტების ადათ-წესები“, რომლის ავტორიც ბნ ხასო ხანგოშვილი გახლავთ, ერთ-ერთი თემა არის  მოსისხლეობა. მოცემულ ნაწყვეტში ბნ ხასოს განხილული აქვს სისხლის აღების არსი. ეპოქათა ცვლის როლი ამ საუკუნებრივ ტრადიციაზე…

“მოსისხლეობა, სისხლის ძიება(ქისტურად “ჭირ”) უსხსოვარი დროიდან მომდინარეობს და თითქმის ყველა ხალხში იყო გავრცელებული. ადამიანის მოკვლა სხვადასხვა მიზეზით ნიშანდობლივი იყო დაწყებული პირველყოფილი ადამიანებიდან ცივილიზებული სამყაროს ხალხების ჩათვლით. XVII-XX საუკუნებში ეს ქმედება, სისხლის აღება ბარბაროსობად იქნა გამოცხადებული და ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში მკვლელობის რანგში განიხილეს და მძიმე დანაშაულად შერაცხეს.

შურისძიება, “სისხლის ძიება” უკვე სახელმწიფომ აიღო თავის თავზე, შემოიღო სათანადო კანონები სისხლის სამართლის კოდექსის სახით და აკრძალა თვითნებური ანგარიშსწორება. ამერიკაში ე.წ. ლინჩის წესით გასამართლება, კოლექტიური შურისძიება XIX ს. არსებობდა, ასეთ სახის დამნაშავეების დასჯა კავკასიაში მე-20 საუკუნეშიც იშვიათობას არ წარმოადგენდა.
კაცობრიობამ რთული გზა  განვლო, რათა აღმოეფხვრა ადამიანებში კაცთმკველობა. განსაკუთრებით დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ამ კუთხით მონოთეისტურმა რელიგიებმა. ღმერთის მიერ დედამიწაზე მოვლენილი მოციქულები აუწყებდნენ ადამიანებს უფლის ბრძანებას : “არა კაც ჰკლა!” ეს ბრძანება მეორდება ყველა ზეგარდმოვლენილ წმინდა წიგნებში. ბიბლია,სახარება და ყურანი მკაცრად აფრთხილებდა მორწმუნეებს, რომ ყველაზე დიდი ცოდვა კაცისკვლაა, უდანაშაულო მორწმუნის მკვლელობისათვის ადამიანს ჯოჯოხეთის გეენია ელოდება.
მაგრამ ადამიანი ყოველთვის, ყველა ეპოქასა და ყველა აღმსარებლობაში ცოდვისკენ იხრება. ამ საშინელი ცოდვის ჩადენისგან თავს ვერ იკავებს, არ ეშინია, ხშირ შემთხვევაში, საიქიო ცხოვრებაში პასუხისმგებლობისა და კლავს კაცს განრისხების, სიძულვილის, გამორჩენის გამო და სხვადასხვა მიზეზი მოაქვს ჩადენილი დანაშაულის გასამართლებლად.
შემდგარ სახელმწიფოში უძველესი დროიდან მმართველები ცდილობდნენ ამ მძიმე დანაშაულის აღკვეთას და აწესებდნენ კანონებს დამნაშავეთა დასასჯელად. ჯერ კიდევ ძველ შუმდინარეთში ხამურაბმა დააწესა კანონები, რომლებიც არეგულირებდნენ დაზარალებულისა და ბრალდებულის ურთიერთობებს, დაწესებული იყო სისხლის საზღაური. თვით საღვთო წიგნებშიც არის დოგმები, რომლებიც განსაზღვრავენ დამნაშავის დასჯას.

“თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”. – ამ დოგმას იმეორებს ყურანიც, მხოლოდ განსხვავებულ პოზიციას აჟღერებს სახარება. “შეიყვარე მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი” – ქრისტიანობის ძირითადი დოგმაა, მაგრამ ცხოვრებაში საპირისპიროდ იყენებდნენ ქრისტიანული სახელმწიფოები და იყენებენ დღესაც. ასევე იქცევიან იუდეველებიც და მუსლიმებიც.
რა თქმა უნდა, ზემოთ თქმული ეხება პოლიტიკურ იდეოლოგიას, სახელმწიფოთა მმართველი ელიტის მიზნებსა და მისწრაფებებს, მოსისხლეობა ამ კუთხით არც განიხილება. ზოგჯერ მკვლელობა სახლმწიფოებს შორის ომის საბაბიც კი გამხდარა, სახელმწიფო გამოდიოდა სისხლის ამღების როლში. ამის მაგალითია პირველი მსოფლიო ომი, რომელიც დაიწყო ავსტრიის ტახტის მემკვიდრის ფრანც ფერდინანდის მკვლელობის გამო.
კავკასია მსოფლიოს ისტორიაში გამოირჩევა თვითმყოფადობით, მამა-პაპათა ადათ-წესების, ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების მტკიცე დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, ასეთ პატარა რეგიონში ხალხთა სიჭრელე მსოფლიოს არც ერთ რეგიონში არ შეინიშნება, მათ აქვთ ბევრი საერთო წესი და ადათი, რამაც, ჩემი აზრით, განაპირობა კავკასიის ერთიანობა. იმდენად შესამჩენევი და მსგავსია ცხოვრების წესი კავკასიელებში, რომ არასოდეს მოხსნილა ერთიანი კავკასიური სახლის შექმნის იდეა, რაც წინაპირობა იქნებოდა ერთიანი კავკასიური სახლმწიფოს შექმნისა.
ერთ-ერთი ადათი, რომელიც საერთოა თითქმის მთელი კავკასიელი ხალხისათვის, არის მოსისხლეობა. ვერ ვიტყვით, რომ ეს საამაყო ჩვეულებაა, მით უმეტეს დღევანდელი, XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის უმეტეს ხალხებში, შეიძლება ითქვას, თითქმის მთელ კავკასიელებში ამ ადათმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და სისხლის ძიების საკითხი სახელმწიფოს ფუნქციებში გადავიდა.
მაგრამ არსებობს ერთი ხალხი, რომელიც დღესაც მტკიცედ ებღაუჭება ამ ადათს და, ალბათ, ჯერ კიდევ დიდხანს შემორჩება. ეს ხალხი ვეინახები – ჩეჩნები, ინგუშები და ქისტები არიან.
საინტერესეოა, რამ განაპირობა ამ, დღევანდელი გაგებით, მავნე გადმონაშთის სიცოცხლისუნარიანობა, განსაკუთრებით ქისტებში, რომლებიც უკვე ორასი წელია საქართველოში ცხოვრობენ, ინტეგრირებული არიან ქართულ საზოგადოებასთან, ეზიარნენ ქართულ სწავლა-განათლებას, კულტურას და მოძმე ხალხთან ერთად არიან ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ქართველებმა დიდი ხანია უარი თქვეს სისხლის ძიებაზე და ეს საქმე სამართალდამცავებს მიანდეს. თუმცა ქართველ მთიელებს როდი აუღია ხელი სისხლის აღებაზე. ამ ადათს მისდევენ ხევსურები, ფშაველები, თუშები, მოხევეები, მთიულები და სვანები.

დღესდღეისობით ეს ადათი შემორჩენილია ხევსურებსა და სვანებში. მაგრამ მათშიც თანდათანობით ფეხს იკიდებს სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხებისადმი, რაც, უნდა ითქვას, პროგრესული მოვლენაა და ხელს უწყობს საზოგადოების მშვიდობიან ცხოვრებას. ქისტები კი არ თმობენ წინაპართაგან მიღებულ ამ ადათს და სხვა, ძალზე კარგ და მნიშვნელოვან წეს- ჩვეულებესა და ტრადიეციებს.
მაშ, რაშია საქმე? რა ხდება ქისტურ თემში? ბევრი, მათ შორის ქისტური ზნისა და ხასიათის ღრმა მცოდნე მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი მოსისხლეობისა არის უსწაველობა, გაუნათლებლობა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქისტი მემატიანე, მწერალი და ეთნოგრაფი, სოფელ ჯოყოლოს ეკლესიის მღვდელი მათე ალბუთაშვილი სინანულით წერდა: “როგორც ისტორიამ იცის, ადრევე მოსისხლეობა ყველა ხალხში ყოფილა – ევროპაში, რუსეთში და აქაც. სადაც კულტურა და სწავლა-განათლება შევიდა, იქ, დიდი ხანია, მოისპო და ისპობა, ხოლო ჩვენი ქისტები, როგორც ამ ბედნიერბას მოკლებულნი, დღეისნამდე ისევ განაგრძნოებენ ამ უკეთურ ჩვეულებას”.
მართალია, XX საუკუნის დასაწყისში ქისტები უსწავლელნი, გაუნათლებელნი იყვნენ, მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ გიმნაზია დამთავრებული, მაგრამ ამავე საუკუნის მეორე ნახევრისათვის ქისტები განათლებას ეზიარებიან, ნიჭიერი ახალგაზრობა სწავლას დაეწაფა, სწავლობდნენ ტექნიკუმებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, დიპლომიანი სპეციალისტები დაუბრუნდენ მშობლიურ მხარეს და აქტიურად ჩაებნენ თავისი კუთხის აღმშენებლობაში. 70-იანი წლებისათვის ახმეტის რაიონში ადგილობრივი ადმინისტრაციის სამსახურებში მოეწყვნენ, გაჩდნენ მეცნიერი მუშაკები, ერთი სიტყვით, ქართველებთან ერთად მხადამხარ მუშაობდნენ ქვეყნის აღმავლობისათვის. მაგრამ ქისტებს არც ამჯერად უთქვამთ უარი წინაპართა ადათ-წესებზე და არც სისხლის ძიებაზე აიღეს ხელი.

მათე ალბუთაშვილი წერდა:
“ამ უხეში ჩვეულების წინააღმდეგ პოლიციამ ბევრი სასტიკი ზომები იხმარა – ოქმები, სამართალში მიცემა, იარაღის ჩამორთმევა, დარბევა, დატუსაღება, ციმბირის კატორღა და სხვადასხვა, მაგრამ სულ ამაოდ. ამ ზომებმა ბევრჯერ საქმე უფრო გაამწვავა, სისხლი მაინც სისხლმა ჩაბანა დიდსა და პატარის გაურჩევლად. მკვლელობა ფათერაკით და მტრობით ერთიანად გადახდა, მოკლულს მკვლელიც თან გაჰყვა, მკვლელი სიკვიდლს ვერ გადარჩა ვერც ფულით, ვერც სამართალით, ვერც თავდებობით, ვერც გასვლა-გარიდებით და სხვა.”
დიახ, მეფის რუსეთის კანონებმა ვერ შეაჩერეს მოსისხლეობა ქისტებში, ვერც საბჭოთა სასტიკმა კანონებმა, სასჯელის უმაღლესმა ზომამ – დახვრეტით სიკვდილით დასჯამ. ბევრი ქისტი დაიხვრიტა შურისძეიბისათვის, ბევრიც ციხიდან არ დაბრუნებულა ცოცხალი, მაგრამ ეს ადათი ვენდეტასავით მარად ცოცხალია.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქისტებში მკვლელობები ხშირია, რომ გენებში აქვთ გამჯდარი სისხლისღვრა და დანაშაულისადმი მიდრეკილება. პირიქით, ქისტებში მკვლელობა იშვიათად ხდება, მიუხედავად მათი ფიცხი ხასიათისა და ღირსების თითქმის ავადმყოფური მგრძნობელობისა. მაგრამ თავმოყვარეობის შელახვას ქისტი მხოლოდ სისხლით ჩამოიბანს. ამიტომაც არის, რომ კამათის დროს თითოეული, მართალია, თავდაჯერებულია, მაგრამ მაქსიმალურად ფრთხილობს, არ შეეხოს მოწინააღმეგეს ღირსებას, მაგრამ “თუ ვინმემ მოჰპარა, ან უსამართლოდ წაართვა, მანამ მაგიერს არ გადაუხდის, ჯავრი გახეთქავს. ზედ მოსულ მტერს ზურგს არ შეაცევს, ვაჟკაცურად შეეგებება, რომ შეიტყოს, მაშინვე ხანჯალზე ხელს იტაცებს. გაჯავრებული დინჯად რომ გელაპარაკებოდეს, მაშინაც მალ-მალე ხელი ხანჯლისკენ მიაქვს. თავისი ხალხის ჭირსა და ვაებაში დიდი თანამგრძნობია, მაგრამ თუ სისხლი დაემართა, იმას არავის შეარჩენს ცოცხალი თავით.”(მ. ალბუთაშვილი)
სწორედ ის გარემოება, რომ მკვლელობა არ შერჩება, აიძულებს ქისტს, ხელი არ აღმართოს სიცოცხლეზე. მან კარგად იცის, რომ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა არა მარტო ის, არამედ მთელი მისი ოჯახი, სანათესაო, საგვარეულო, თუნდაც მოხდეს შერიგება, ეს ისეთი რთული, ხანგრძლივი, დამამციერებელი პროცესია, სიკვდილს უდრის. ამიტომაც არის, რომ ქისტებში იშვიათად ხდება მკვლელობა, ასევე იშვიათია მკვლელობა, რომელიც ჩადენილია სისასტიკითა და სადიზმით. ასეთი მკვლელობის პატიება ძალზე ძნელია.
ვფიქრობ, ყოველივე ეს უწყობს ხელს სისხლის ძიების ადათის შენარჩუნებას ქისტებში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადრეც ხდებოდა და დღესაც ხდება მკვლელობები, თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ქისტებში ამ მხრივ მდგომაროება სტაბილურია, თითქმის უტოლდება ნულ პროცენტს.  დღეს მკველმა თუ დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩაიდინა მკვლელობა, რაღაც 10-15 წელიწადს მიუსჯიან და მალე გამოვა ციხიდან და ჩიტივით თავისუფალია, მას არც სამართალი დევნის და არც დაზარალებული.
ქისტი, რომელიც მოიხდის სასჯელს, იმავე მდგომარეობაშია, როგორც მკვლელობის დღეს. ის მოკლულის ნათესავებისგან დევნას განიცდის, თავისუფლად ვერ გაივლის, სახლში იქნება ჩაკეტილი ტყვიის მოლოდინში. მას ძალიან მძიმე ხვედრი ელის წინ.
მოსისხლეობის ადათი დროთა განმავლობაში განმარტებას, ახალ ეპოქასთან შეხამების პროცესს განიცდიდა, შესაბამისობაში მოჰყავთ თანამედროვეობასთან უხუცესებს სახალხო ყრილობებზე, მაგრამ არასდროს არ დამდგარა საკითხი მისი გაუქმების შესახე, და, ვფიქრობ, არც დადგება, რადგან მისი არსებობა აუცილებელია ქისტური მენტალიტეტის გამო, მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად ქისტურ თემში და მშვიდობიანი თანაარსებობისათვის ქართულ საზოგადოებასთან.
სისხლის აღება ძალზე ძნელია სხვა მხრეში, სხვის ქვეყანაში, უცხო ხალხში. სოფელში მოსულ უცნობ კაცს ეჭვით უცქერიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი თანასოფლელი მკვლელობაშია გარეული. ყოფილა შემთხვევები, როცა უცნობი მკვლელი უბანში მისულა სრულიად მშვიდობიანი მზნით, საეჭვოდ მიუჩნევიათ, წამიერად შეყრილა ხალხი, აგრესიულად განწყობილნი და მხოლოდ საქმის არსში ჩაწვდომის შემდეგ დაშოშმინებულან. მაგრამ შერისმაძიებელი საფრთხესა და სიძნელეს არ ეპუება და მიზნის მისაღწევად სიცოცხლე საფრთხეში იგდებს.”