ჰაზირას „შავი ზღვის ნაპირას ჩვენი ქვეყანა“

1922 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა ცნობილი მგოსანი, დაირაზე დაკვრის ოსტატი, აშუღი ჰაზირა. მისი ნამდვილი სახელი და გვარია აბრამ აბრამოვი. ის დიდი პატრიოტი იყო საქართველოსი:

„თორგომეს სახლიდანა ვარ,მე ქართლოსის ძე ვარ კიდევ,ჩემი გამოცვლა უნდოდათ,მაგრამ ისევ მე ვარ კიდევ,უძლეველსა ფალავანსა,ბუმბერაზსა ვგევარ კიდევ,ათასჯერ მეხი მცემია,მაინც ფეხზე ვდგევარ კიდევ“.
ჰაზირა აშუღების ამქრის უსტაბაში იყო და ბევრი შეგირდი ჰყავდა. “აშუღი (არაბ. აშიკ – მიჯნური, მეტრფე), სახალხო მგოსანი და მომღერალი კავკასიის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, დაღესტანი) და ახლო აღმოსავლეთში (ძირითადად თურქეთი და ირანის აზერბაიჯანი).”

აშუღები თხზავდნენ ტექსტს, შეუწყობდნენ ჰანგს და მღეროდნენ რომელიმე სიმებიანი საკრავის (საზი, თარი, ქამანჩა, ჭიანური) თანხლებით. ხშირად სხვათა ლექსებსაც ამღერებდნენ. თავიდან სამიჯნურო თემატიკა სჭარბობდა მათ შემოქმედებაში, თუმცა, მერე საგმირო ჟანრს, სოციალურ და პატრიოტულ თემატიკასაც მიმართეს. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან აშუღები მომრავლდნენ საქართველოში.

ჰაზირა 1845 წელს დაიბადა სოფელ შულავერში. ის ნიჭიერი ადამიანი და ცნობილი კაცი იყო.  რ

ოგორც ვთქვით, ის აშუღების უსტაბაში გახლდათ, ჰყავდა ბევრი შეგირდი. ბევრ უსინათლის შეასწავლა აშუღობა, დამღერება და ლუკმა პურის შოვნის საშუალება მისცა. ჰაზირას შეგირდები დადიოდნენ საქართველოს დაბა-სოფლებში და ავრცელებდნენ თავისი მასწავლებლის სიმღერებს, (“აღზდექ, თამარ დედოფალო, შენთვის ტირის საქართველო”, “სადაც არის გათენდება, აღზდექ, მუშავ, შენ!” და სხვა).

ჰაზირა და მისი მეგობრები ძალიან პოპულარულები იყვნენ თბილისში და მთელ საქართველოში. “ქართულ თეატრში წარმოდგენის აქტებს შორის ჰაზირას “დარფა” უკრავდა და მღეროდა პიესის შესაბამის ლექსებს, რითაც აძლიერებდა წარმოდგენის ემოციურ ზეგავლენას”. ხალხი მათი მოსმენით დიდ სიამოვნებას იღებდა. ჰაზირას ძალიან უყვარდა აკაკის პოეზია და მის “სულიკოს” ამღერებდა თურმე.

დღეს, გავიხსენოთ მისი ლექსი „შავი ზღვის ნაპირას ჩვენი ქვეყანა“. ამ ლექსშიც, ისე როგორც მის სხვა ლექსებში ჩანს პოეტის პატრიოტიზმი. ის მისტირის საქართველოს დიად წარსულს. ფიქრობს, რომ სხვა ხალხის, უცხოთა გაბატონება შავი ზღვის ქართულ მხარეებში ჩვენი დაქსაქსულობის ბრალია (ქართველებისა და საერთოდ კავკასიელების). ის ოცნებობს, რომ მომავალი თაობა მაინც შეძლებს „სახლის“ დაბრუნებას. ჰაზირას ლექსებში ჩანს – დიდი იმედი ჰქონდა ახალი თაობისა: “განათლებულ ქვეყნებში, შვილო, კაცად იხსენებოდე”. ჰაზირას უნდოდა საქართველო განათლებული ქვეყნების სიაში ჩამდგარიყო, მისი იდეალი ხომ  საქართველოს აღორძინება იყო.

დიახ, ჰაზირა თავისი ქვეყნის, საქართველოს მოყვარული, ემოციური, ნამდვილად პოეტური ბუნების, შესანიშნავი მგოსანი და განათლებული ადამიანი იყო, ვისთვისაც სამშობლოს – საქართველოს წინაშე მოვალეობების შესრულება უმნიშვნელოვანესია. ჰაზირას პოეზია და მისი პერსონა დღეს ძალიან აქტუალურია, როგორც პოეტურად, ისე იდეურად და სამოქალაქო თვალსაზრისით. ის შესანიშნავი მაგალითია პატრიოტიზმისა და სამოქალაქო შეგნებისა. მადლიერი შთამომავლობა მას არ დაივიწყებს.

საქართველოს ჰყავდა და მომავალშიც ეყოლება ჰაზირას მსგავსი ქართულენოვანი პოეტები, საქართველოს ნამდვილი შვილები და პატრიოტები, რომელთათვისაც საქართველო, კაცობა, გაჭივებული ხალხისათვის სიხარულის მინიჭება ცხოვრების მიზანი იქნება.

შავი ზღვის ნაპირას ჩვენი ქვეყანა

შავი ზღვის ნაპირას ჩვენი ქვეყანა,მის მსგავსი კიდევ იქნება განა!იქ უთქვამს ჩემთვის დედაჩემს ნანა.
ბაღში სუმბული,გალობს ბულბული,ვარდის ერთგული,ტურფა არსება.
შავი ზღვის ნაპირას ჩვენი სახლები,ძველთაგან ძველები, არა ახლები,ახლა იქა დგანან ჩვენი მძახლები.
ჩვენი ბრალი,დავკარგეთ კვალი,აღარც გვაქვს ძალი,წაგვართვეს ნება.
მამაჩემი ბიძაჩემს გაეყარა,არც ერთსაც კეთილი არ დაეყარა,მაშინ მტერმა ჯავრი ამოიყარა.
ფუ, ჩვენს კაცობას,მხდალ-დიაცობას,გმირ მამაცობასარ ეკადრება.
მამა მოგვიკვდა, დავრჩით ობლადა,დედა სხვას გაჰყვა პურის მცხობლადა,ჩვენი საქმე
ვეღარ მიდის მწყობრადა.
ბედი გაგვექცა,სახლი დაგვექცა,ცხენი წაგვექცა,ვეღარ ადგება.
სახლი იქ გავუშვი, მე აქ მოვედი,იმ დღიდან ამ დღემდე ვიწყევლე ბედი,ახლა, ჩემო შვილო, შენ ხარ იმედი.
ბაღში ვარდები,გამეზარდები,გულში დარდებიაღარ მექნება.
ახ, როდის იქნება დაგვიდგეს დარი,გვეღირსოს ჩვენი სახლი და კარი,ძვირად უღირს ჰაზირს თავისი გვარი.ფიქრი აწვალებს,იხმარებს ძალებს, თავს ანაცვალებს,მისთვის მოკვდება.

 

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in კავკასია, კულტურა.

კავკასიური ალიანსი

View posts by კავკასიური ალიანსი