ქისტური ზღაპარი: სამშობლოდან გაძევებული მგელი

ძველად, უხსოვარ დროს ერთი მზიანი ქვეყანა იყო. იქ მხეცებს თავიანთი სამეფო ჰქონდათ, თავიანთი ადათებითა და გამორჩეული კანონებით ცხოვ¬რობდნენ ცხოველები. მათი მეფე ლომი იყო, რომლის ნათქვამს ვერავინ გადაუხვევდა.
ერთ დღესაც მხეცებმა მიწა ვერ გაიყვეს და ჩხუბი მოუვიდათ. გაგიჟებულმა მგელმა თავის მამულში გადმოსული მელია მძიმედ დაჭრა და თან მთელი სამხეცეთის გასაგონად დაიქადნა: არც არავის დავემორ¬ჩილები და არც ვინმეს დავემონებიო. ამის გამგონე მელია სირბილ-სირბილით მეფესთან მიცუნცულდა და მოახსენა:


– ჰოი, დიდო მეფეო, თქვენი დაწესებული კანონები ამ სამეფოში აღარ სრულდება, ამ ყველაფრის მოთავე კი მგელია. ამასთან, ისე დამჭრა, რომ სიკვდილის პირას ვარ. თუ თქვენ მგელს გაასამართლებთ და მამულიდან გააძევებთ, ყველა დანარჩენები შეხმატკბილებულად ვიცხოვრებთ, ასეთი მოქმედების შემდეგ შენს წინააღმდეგ წასვლას სხვა ვერავინ გაბედავს.
– კარგი, – დათანხმდა ლომი და ბრძანება გასცა, მხეცებს შეატყობინეთ, რომ აქ მოგროვდნენო.
მხეცები მაშინვე მეფესთან გაჩნდნენ.
მელამ თავისი ეშმაკობით აჯობა მგელს. ერთიც მართალია, მგელი თავისი სიამაყის გამო არც ცდილობდა, რომ თავი ემართლებინა. ამიტომაც ლომმა მყისვე მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო: მგელი თავისი ოჯახითა და ნათესავებით მამულიდან უნდა გავაძევოთო.
რადგან მეფის მიღებულ გადაწყვეტილებას წინ ვერავინ აღუდგებოდა, მგელმა შინაურებს და ნათესავებს შეატყობინა, რომ სამშობლოდან წასასვლელად გამზადებულიყვნენ.
მგელი უკანასკნელად გამოემშვიდობა მშობლიურ მიწას. ყელში ბურთი გაეჩხირა, თვალებზე მომდგარ ცრემლებს ძლივს მალავდა, საცოდავად გახედა თავის ძვირფას კუთხეს და ხროვას წინ გაუძღვა.
ცხრა დღე და ღამე იარეს მგლებმა, ცხრა მთა და ქედი უკან მოიტოვეს. მეათე დღეს იმ მამულს მიადგნენ, სადაც მგელი ახალგაზრდობაში სანადიროდ დადიოდა ხოლმე. მათ იმ ქვეყნის მეფისაგან ნებართვა აიღეს და საცხოვრებლად დასახლდნენ. ეს ყოველივე იოლი არ იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ.
ერთ დღეს მეფემ მგლების წინამძღოლი თავისთან იხმო და უთხრა, – თუ ამ ქვეყანაში დარჩენას აპირებთ, მტრისაგან ჩვენი ქვეყნის დასაცავად ომშიც უნდა მიიღოთ მონაწილეობაო.
თავიანთი საკუთარი სამშობლოდან გაძევებულმა და ამ ქვეყანაში თავშე-ფარებულმა მგლებმა შეუპოვრად იბრძოლეს და გაიმარჯვეს კიდეც, მტერი სასტიკად დაამარცხეს. გამარჯვებით გალაღებულმა მეფემ მგლებს საცხოვრებლად დიდი მიწები დაურიგა.
დრო და ხანი თავისი დინებით მიდიოდა. ჩვენი ნაცნობი მგლები საოცარი სისწრაფით გამრავლდნენ, იმ ქვეყანაში დიდი სახელიც მოიხვეჭეს. იქაური მხეცები და ნადირთამეფე უდიდეს პატივს სცემდნენ მათ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მგლების წინამძღოლი მუდამ ნაღვლიანი და ჩაფიქრებული იყო, წინაპართა სამშობლოზე დარდი არ ასვენებდა, გული მუდამ სევდით ჰქონდა სავსე.
ერთ დღესაც, როდესაც მგელი მიხვდა, რომ სიკვდილის დრო მოუახლოვდა, თავისი შვილები, შვილიშვილები, მათი შვილები და ნათესავები იხმო და უანდერძა:
– სანამ პირში სული გიდგათ, ჩვენი წინაპრების სამშობლო არ დაივიწყოთ, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ, შინ დაბრუნდით. აქ რაც არ უნდა დიდი ცხოვრება შექმნათ, მუდამ უცხოები იქნებით, გადამთიელები, სამადლოდ შეკედლებულები!
სამშობლოს დარდი და მონატრება ჩაიყოლა ბებერმა მგელმა საფლავში. ნეტავ ერთხელ წინაპართა მიწა მაკოცნინა, მაღალი მთების წყარო პეშვით შემასვა და მერე სიკვდილსაც სიხარულით შევხვდებოდიო, – ასე ფიქრობდა იგი სიკვდილის წინ.
გავიდა დრო და ხანი. მგლების შთამომავლებმა მამის ანდერძი შეასრულეს და, როგორც იქნა, წინა¬პარ¬თა სამშობლოში ჩავიდნენ. დამხვდურებმა ისინი უცხოებივით მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ მგლებს თავიანთ წინაპართა ადათები, ტრადიციები და ცხოვრების წესი იგივე ჰქონდათ, რაც მათ.
მგლები წინაპართა სამშობლოში დასახლდნენ და ზუსტად სხვა მგლების მსგავსად ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც გაუჭირდათ და ისევ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს.
დარდით და სინანულით სავსე გულებით დატოვეს სამშობლო მიწა მგლებმა. ერთი კი მართალია, არც აქ დახვდათ დიდი სითბო, აქაც მუდამ მოსულებად და უცხოებად ითვლებოდნენ.
ალბათ საკუთარი საცხოვრისიდან გაძევებული მხეცის ცხოვრებაც ისეთივეა, როგორც გაორებული კაცისა.

მთხრობელი ფეედი ბორჩაშვილი
პანკისი, ჯოყოლო, 1991 წელი.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in პანკისის ხეობა, ფოლკლორი, წიგნი / ნაშრომი.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси