ქისტები და აფხაზეთის კონფლიქტი

  დღევანდელ ბლოგში საუბრი იქნება აფხაზეთის კონფლიქტზე და ქისტების როლზე მიმდინარე საუკენში.

ქართველი და ვაინახი ხალხების მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეს ორი მოძმე ხალხი დაუპირისპირდა ერთმანეტშ. ცხადია, დაპირისპირებად ვერ ჩავთვლით ქისტების თარეშებს მეზობელ ქართველურ მთის ტომებზე, ან კიდევ ქართველ მთიელთა თავდასხმებს ვაინახების მიწა-წყალზე, რაიმე გაუგებრობას არ ჰქონია ადგილი ქართველთა მონაწილეობაზე რუსების ექსპედიციებში ჩეჩნების წინააღმდეგ შამილის დროს და არც მაშინ, როდესაც სტალინისა და ბერიას ხელმძღვანელობით, ქართველთა გენერლების უშუალო მონაწილეობით მოხდა ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლება ყაზახეთის ველებში.

თხუთმეტწლიანი იძულებითი გადასახლების შემდეგ შინ დაბრუნების მოსურნე ვაინახებს, რომელთაც ათასი დაბრკოლება გადაეღობათ და წლობით გაჭიანურდა სამშობლოში დაბრუნება, პატივისცემით იხსენიებდნენ სტალინს : ოცდაოთხ საათში ოცდაათამდე რაიონი გადაგვასახლა სტალინმა და ხრუშჩოვს აგერ ოთხი წელია, უკან ვერ დაგვაბრუნაო,- ამბობდნენ უხუცესები.

მაგრამ აფხაზეთში ჩეჩნების მონაწილეობამ ქართველების წინააღმდეგ, ბზარი გაუჩინა ამ ორი მოძმე ხალხის მეგობრობას. ეს ყველაზე მტკივნეული პერიოდია ქართველებისა და ჩეჩნების ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში სამართლიანი იყო ქართველების გულისწყრომა. ჩეჩნების მხრიდან ამ კონფლიქტში მონაწილეობა ღალატის ტოლფასად აღიქვა ქართველმა ხალხმა მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად ძალიან ცოტანიც იყვნენ და ძირითადად კრიმინალური წარსულის მქონე ელემენტებსაც წარმოადგენდნენ და რაც მტავარია, თავად ჩეჩენმა ხალხმა დაგმო მათი საქციელი.

ამის გამო ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში ქისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც პანკისში, საქართველოში, ქართველთა მიწა-წყალზე ცხოვრობდნენ, საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ თითქმის ორი საუკუნის მანძილზე. ჩეჩნების მიმართ აგორებული სამართლიანი გულისწყრომა სრულიად უდანაშაულო ქისტებს დაატყდა თავს, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე და ისედაც გულდაწყვეტილი ხალხი სოწარკვეთილებაში   ჩააგდო,   თუმცა გულ-ხელი არ დაუკრეფია და ყველა ღონეს მიმართა, რათა გადაერჩინა საუკუნეების განმავლობაში მამა-პაპათა მიერ სათუთად ნატარები ძმობა და მეგობრობა.

უფრო ნათლად რომ გამოჩნდეს მოვლენათა არსი, საჭიროა იმ პროცესების დეტალურად განხილვა, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ცნობილი პიროვნებები და რომლებმაც, ნებსით თუ უნებლიეთ, უარყოფითი როლი ითამაშეს კავკასიის ისტორიაში. დავიწყოთ იმით, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მოკავშირე რესპუბლიკა, რომელმაც დაიწყო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და ზვიად გამსახურდიას ლიდერობით სერიოზულ წარმატებასაც მიაღწია.

ტრადიციისამებრ, საქართველო ხდება ჰეგემონი ამიერკავკასიაში და მტკიცედ დაადგა დამოუკიდებლობის გზას. ასევე იმიერკავკასიაში ჩეჩნეთიც, ტრადიციისამებრ, უპირისპირდება რუსეთს და აგრძელებს მრავალსაუკუნოვან ლტოლვას დამოუკიდებლობისაკენ და გენერალი ჯოხარ დუდაევის ხელმძღვანელობით გამოცხადდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. როგორც ამიერკავკასიაში საქართველო, ისე იმიერკავკასიაში ჩეჩნეთი ხდება წამყვანი ძალა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ბუნებრივია, ამ ორი რესპუბლიკის ლიდერთა დაინტერესება ერთურთით და რადგანაც მიზანი ერთი ჰქონდათ, სულიერადაც ენათესავებოდნენ, დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მეგობრები გახდნენ.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ პანკისელი ქისტების ცხოვრებაში ეს პერიოდი ყველზე ბედნიერი იყო, ყოველ შემთხვევაში დიდი იყო სიხარული. მკითხველს, ალბატ, არ დავიწყებია თუ რა დიდი ზარ-ზეიმით იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია, რა დიდი იმედით შეჰყურებდა მას ქქართველი ხალხი. ქისტების მოწინავე ნაწილი იმთავითვე ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, ფეხდაფეხ აჰყვა ქართველ ხალხს და, ცხადია, პრეზიდენტობის კანდიდატს მისცემდნენ ხმას, ვისაც გამოარჩევდა ქართველი ხალხი და მით უმეტეს, თუკი კანდიდატი იქნებოდა მათი ისტორიული სამშობლოს და ჩეჩნების ლიდერის მეგობარი. ამასთან ისახებოდა საქართველოსა და ჩეჩნეთის ურთიერთობის იმედის მომცემი პერსპექტივები, რაც ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესებში შედიოდა.

და აი, დგება საქართველოს მრავალტანჯული ხალხის ისტორიაში მორიგი შავბნელი ხანა, როდესაც განხეთქილება მოხდა ეროვნულ ძალებს შორის  და დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რაც სამხედრო პუტჩით გამოიხატა. სწორედ იმ დროს, როდესაც კანონიერი ხელისუფლება ბუნკერშია გამომწყვდეული, 1991 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში ჩეჩნეთიდან ჩამოდის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის შამილ ბენოს ხელმძღვანელობით.

დელეგაციის, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა
ჯ. დუდაევმა გამოაგზავნა, მიზანია, იშუამდგომლოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რათა მოლაპარაკების გზით, პოლიტიკურად გადაწყვიტონ სადავო საკითხები. დელეგაცია ჩამოფრინდა საკუთარი თვითმფრინავით აეროპორტში, დაცვა დატოვა თვითმფრინავის სალონში და დელეგაციის წევრები შევიდნენ აეროპორტის სამთავრობო შენობაში, რათა დაუკავშირდნენ ოპოზიციის ხელმძღვანელობას.

და აქედან იწყდება სრულიად გაუგებარი მოვლენები, რომელთა მიზეზების დადგენა ძნელია, თუმცა გასაგები, თუ გავითვალისწინებთ იმ პერიოდს, როდესაც ოპოზიცია შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩათრეული, როდესაც ძმა ძმას ესვრის, არც კი იცის, ვინ რომელ მხარესაა, როცა ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანებები გაისმის ქუჩებში, მიდის უმიზნო სროლები. ერთი სიტყვით, ყველას ნერვები დაწყვეტაზე აქვს, სრული ქაოსი სუფევს და ქალაქი პანიკაშია.  და აი, ამ დროს ხმა გავარდა, ზვიადის დასახმარებლად ჩეჩნები ჩამოფრინდნენო.

 გია ყარყარაშვილი კრებს მიმოფანტულ გვარდიელებს, ქუჩაში იჭერენ შემთხვევით გამვლელ მანქანებს და აეროპორტში მიქრიან. როგორც კი აღმოჩნდნენ აეროპორტის შენობასთან, იწყებენ უწესრიგო სროლას, აპირებენ ააფეთქონ თვითმფრინავი და მართლაც, მოხდება გამოუსწორებელი რამ, რომ არა შამილ ბენოს მამაცობა და დელეგაციის წევრების სიდინჯე და თავშეკავებულობა, რამაც შესაძლებელი გახადა განერვიულებულ თავდასხმელთა დაწყნარება და მოლაპარაკების გამართვა.

დელეგაციის წევრებმა იარაღი გია ყარყარაშვილს ჩააბარეს იმ პირობით, რომ უკან დაბრუნებისას მიიღებდნენ და ერთად გაემართნენ თბილისში.
ჩეჩნეთის დელეგაციამ მოლაპარაკება გამართა ოპოზიციასთან, კერძოდ, შეხვდნენ თ. სიგუას და თ. კიტოვანს, შემდეგ ბუნკერში ინახულეს ზვიად გამსახურდია და რაიმე არსებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამას დაემთხვა გართულება ჩეჩნეთში და დუდაევმა სასწრაფოდ გაიძახა საგარეო საქმეთა მინისტრი და ასე მარცხით დამთავრდა ეს წამოწყება. მაგრამ დუდაევის ამ წამოწყებამ დასაბამი მისცა განხეთქილებას ორ მეზობელ რესპუბლიკას შორის, რამაც შემდგომ მოვლენებზე დიდად იმოქმედა.

შეიძლება არსებითი არაა, მაგრამ მივუბრუნდეთ იარაღს, რომელიც დელეგაციის წევრებმა ჩააბარეს გ. ყარყარაშვილს და დაბრუნების დროს რატომღაც ვერ მიიღეს, რადგან არ აღმოჩნდნენ ადგილზე სათანადო პირები. შამილ ბენო თ. სიგუას სახელზე ტოვებს ბარათს და მიფრინავს უკან გროზნოში, ხოლო მესამე დღეს ვერტფრენით იარაღი ჩააქვთ ჩეჩნეთში, ცხადია, ისეთ დაძაბულ სიტუაციაში, როგორიც იმჟამად იყო, პუტჩისტებს არანაირად არ აწყობდათ ახალი მტრის შეძენა, მითუმეტეს დუდაევის სახით, რომელიც გაუწონასწორებული პიროვნების რეპუტაციით სარგებლობდა.

1992 წ. იანვარში საქართველოს პრეზიდენტი ტოვებს თავისი ქვეყნის ფარგლებს, ჯერ სომხეთს აფარებს თავს და იქიდანაც სასწრაფოდ გადადის ჩეჩნეთში, სადაც მას სტუმართმოყვარულად იღებენ. ამ პერიოდში გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება მ. ხერგიანის წერილი “ჩეჩნები ჩამოვიდნენ, ჩეჩნები წავიდნენ”, სადაც სინამდვილის დამახინჯებით გადმოიცა ფაქტები: თითქოს ჩეჩნები ზვიადის დასახმარებლად ჩამოვიდნენ, მაგრამ ოპოზიციონერებმა განაიარაღეს და ისე გაისტუმრეს. აქედან დაიწყო ანტიჩეჩნური კამპანია, რაც თანდათან მეტ სიმძაფრეს იჩენდა, რადგან ზვიად გამსახურდიასთან ქ. გროზნოში გადაბარგდა მისი მთავრობა და უმაღლესი საბჭო და პუტჩისტები უკანონოდ გამოაცხადეს. გამარჯვებული ოპოზიციისადმი მტრული განწყობილება გამოხატა ჩეჩნეთის პრეზიდენტმაც და ყველანაირად ხელს უწყობდა დევნილებს.

ჩეჩნები შორს იყვნენ, ცხრა მთის იქით, ხოლო მათი “ნაშიერი” ქისტები აქვე ახლოს, ყურის ძირში ჰყავდათ და ოპოზიციის მთელი ბოღმაც მათ დაატყდათ თავს. მკითხველს არ დავიწყებია მხედრიონელტა თარეში საქართველოში და ადვილად წარმოიდგენს, თუ რა დღეში ჩაცვივდებოდნენ მათ ხელსი ქისტები, როცა მხედრიონელები თავისიანებსაც ასე უმოწყალოდ ექცეოდნენ.ყველაზე მეტ გასაჭირში იყვნენ ისინი, რომელთაც ხშირად უხდებოდათ ჩეჩნეთში მგზავრობა. ბევრი იქ მუდმივად დამკვიდრდა, ბევრიც დროებით გადასახლდა და ძალიან ბევრი იყო სამუშაოდ წასული, რადგან 90-იან წლებში პანკისშიც, როგორც მთელ საქართველოში, გაჭირვებამ დაისადგურა.

არსებულმა მდგომარეობამ ქისტები შეაშფოთა, საგონებელში ჩააგდო, რადგან ქვეყანაში სრული ქაოსი სუფევდა და განუკითხაობა ბატონებდა. ქისტების ინტელიგენცია, მოწინავე ნაწილი ხსნის გზას ეძებდა. იმ პერიოდში დუდაევის მთავრობაში ეროვნული ერთიერთობის სამმართველოს ტავჯდომარედ მუშაობდა პანკისელი ქისტი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩეჩნეთის ლიდერებთან და ჯ. დუდაევსაც კარგად იცნობდა. იგი იყო ზემოთ აღნიშნული დელეგაციის წევრი და თბილისი ამბები უშუალო მონაწილე.იგი ჩამოვიდა პანკისში, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და თბილისში ჩავიდა დე ფაქტო ხელისუფლებასთან შესახვედრად და თან იახლა უხუცესების მიერ არჩეული რამდენიმე ქისტიც.

სამი კაცისგან შემგარი დელეგაცია თ. სიგუამ მიიღო.   თ. კიტოვანი ადგილზე არ იმყოფებოდა.    თ. სიგუა გულთბილად შეხვდა,ნათლად ჩანდა მისი კეთილგანწყობა და საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტის სურვილი. მაშინვე დათანხმდა, რომ გაუგებრობის მოსპობის დაძაბული სიტუაციის განმუხტვისათვის აუცილებელი იყო ფართო საზოგადოებისთვის მართალი ინფორმაციის მიწოდება და იმ საღამოსვე უზრუნველყო ტელევიზიით პირდაპი ეთერში გასვლა. მართლაც, ჯ. ხანგოშვილი გამოვიდა ტელევიზიით და მაყურებელს აუხსნა, თუ რისთვის იყო ჩამოსული გროზნოდან დელეგაცია, ახსნა მისი სამშვიდობო მისი და განმარტა აგრეთვე, რომ ჩეჩნეთში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება ჩეჩნეთის პრეზიდენტის სტუმრის სტატუსით და იგი ხელშეუხებელია, როგორც სტუმარი.

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ამბავი, რომელიც ქისტების დელეგაციას აცნობა თ. სიგუამ, რომელიც ნათელს გახდის, თუ რამდენად სერიოზული იყო დაძაბული სიტუაცია და როგრო ბეწვზე ეკიდა პანკისში კონფლიქტის წარმოშობის საკითხი. საუბარში თ. სიგუამ განაცხადა, რომ ბატონ თ. კიტოვანს სურდა პანკისში შეჭრა, ქისტების მძევლად აყვანა და გამსახურდიაში გაცვლა. “სამასი გვარდიელით პანკისში შევიჭრები, 500 მძევალს ავიყვან და მაშინაც ნუ გადმოგვცემს გამსახურდიას დუდაევიო”, უთქვამს სიგუასთვის კიტოვანს. ძლივს გააგებინეს კიტოვანს, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლდა ამ ამბავს.

შემდეგ როდესაც თ. კიტოვანი ციხიდან განთავისუფლდა, პანკისში ჩამობრძანდა,რათა გაეგო, არიან თუ არა აქ ბოევიკები. სოფლის ბოლოში გაჩერდა, შემდეგ ყოფილ განთქმულ მოჭიდავე ქისტ ბ. ბაღაკაშვილს ხელკავი გაუკეთა, ოციოდე მეტრი შემოვიდა მთავარ გზაზე სოფ. დუისში და უკან გაბრუნდა, რათა შემდეგ ეტრაბახა, პანკისში ვიყავიო, როცა საქართველოს ძალოვნები ვერ ბედავენ იქ შესვლასო და ბოევიკებიც დავაფიქსირეო. სხვათა შორის, ქისტებმა იცოდნენ მისი ბნელი ზრახვები წარსულში, მაგრამ სტუმარს მძევლად ხომ არ აიყვანდნენ? ან ვის რაში სჭირდებოდა იგი? პოლიტიკური გვამი მხოლოდ ყარს.

დაიწყო აფხაზეთის ომი, გაჩნდა ინფორმაციას, რომ ჩეჩენი ბოევიკები იბრძვიან აფხაზთა მხარეზე. მწვავე ხასიათი მიიღო ისედაც დაძაბულმა მდგომარეობამ. ეს ყველაზე დიდი უბედურება იყო ქისტებისთვის საქართველოში ცხოვრების მანძილზე. 1944 წელს დაძაბული დღეები იდგა, როდესაც დღედღზე ელოდნენ გადასახლებას, როდესაც მოსახლეობას საგზალი გამზადებული ჰქონდა და დაწმუნებული იყვნენ, რომ ჩეჩნების გზას გაუყვებოდნენ. ამ დამთრგუნველი უბედურების მოლოდინში ერთადერთ იმედად ქართველი ხალხი მიაჩნდათ და არც გაუმტყუნდათ იმედი : საქართველოს მთავრობის, საზოგადოების დამაჯარებელი დაცვის შედეგად დარჩნენ ქისტები მშობლიურ ადგილზე. ახლა კი ისეთი დღეები დაუდგათ, როცა თვალებში ვერ შეუხედავთ ქართველებისათვის, როცა ღალატს გწამებენ, იცი, რომ თავად მართალი ხარ, მაგრამ ისიც იცი, რომ პასუხს აგებ შენი მოძმის საქციელზე აუტანელი, გამოუვალი მდგობარეობა იქმნება.

ჩეჩნეთიდან სასწრაფოდ ჩამოდის ჯ. ხანგოშვილი, რომელიც ხვდება ქისტების უხუცესებს, ინტელიგენციას . შეხვედრების ერთადერთი საკითხია, თუ როგორ მოახერხონ, როგორ მოაწესრიგონ ისედაც დაძაბული ურთიერთობა ქართველებსა და ვაინახებს შორის. ყველას აზრი ემთხვევა – დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს შეშენთა მონაწილეობა აფხაზეთის ომში, ხოლო შემდეგ გადაწყდეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საკუთრივ პანკისელი ქისტები. მართლაც,  ირჩევენ დელეგაციის წევრებს და სასწრაფოდ მიემგზავრებიან გროზნოში დუდაევთან შესახვედრად.

ქისტების დელეგაციის ხელმძღვანელად ქისტების სასულიერო ხელმძღვანელი, იმამი ი. მაჩალიკაშვილი დაინიშნა. იგი დელეგაციის წევრებს შორის უხუცესი იყო. ჯ. ხანგოშვილმა გართულებების გარეშე შეძლო პრეზიდენტ დუდაევთან შეხვედრის მოწყობა და თითქმის საათნახევრის განმავლობაში საკმაოდ მწვავე კამათი მიმდინარეობდა.

  ჯოხარ დუდაევმა თავიდანვე დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგია ჩეჩების რაიმე სახის დახმარებაზე აფხაზებისათვის ქართველთა წინააღმდეგ, რომ ეს კონფლიქტი საქართველოს სახელწმიფოს შინაური საქმეა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა უკანონო გზით არის მოსული ხელისუფლებაში, იგი კატეგორიულად წინააღმდეგია მათ საქმეებში ჩარევისა.

მაგრამ დელეგაციას სულაც არ ამშვიდებდა ჩეჩნეთის ხელისუფალთა ოფიციალური განცხადებები, რადგან, ფაქტიურად, აფხაზეთში ჩეჩნების მონაწილეობას აფხაზების მხარეზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა როგორც საქართველოს იმჟამინდელი ხელისფულება, ისე ფართო საზოგადოებრიობაც. მაშინ დუდაევი დაპირდა, რომ იგი ტელევიზიით მიმართავდა მოსახლეობას, აფხაზეთის ომში მონაწილე მოევიკების მშობლებს, რათა აღეკვეთათ ეს უმსგავსოება და ამ ბოევიკებსაც კანონგარეშე გამოაცხადებდა. მან დაპირება მეორე დღესვე შეასრულა – სიტყვის კაცი იყო.

მკითხველთათვის ნათელი რომ იყოს, თუ რამდენად კატეგორიული იყო ქისტების დელეგაციის მოთხოვნები, ავღნიშნავ, რომ დელეგაციამ დააყენა საკითხი, რომ ჩეჩნეთის მთავრობას გამოეყო მიწის ფონდი და ხარჯები ქისტების კომპაქტური დასახლებისათვის, რადგან თუ შემდეგშიც გააგრძელდებოდა ჩეჩნების მონაწილეობა აფხაზეთში, ქისტებს უნდა დაგვეტოვებინა საქართველოს მიწა-წყალი. დუდაევი ამ მოთხოვნამ შეაცბუნა, მაგრამ არ იყო ისეთი პიროვნება, საკითხისათვის გვერდი აევლო და დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ ყველა ჩეჩენს, დედამიწის რომელ კუთხეშიც უნდა ცხოვრობდეს იგი, აქვს უფლება დაუბრუნდეს წინაპართა მშობლიურ ქვეყნასა და ეს უფლება თქვენც გაქვთო. მაგრამ ჩემი თხოვნაა, რომ არ დატოვოთ პანკისი, მომავალი როგორი იქნება, კაციშვილმა არ იცის, თქვენი კუთხე ძალიან მნიშვნელოვანია ჩეჩნეთისათვისო.

მართლაც, შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურეს, თუ რამდენად მართალი იყო იგი!
ქისტების დელეგაცია რამდენიმე დღე დარცა ქ. გროზნოში, შეხვდა მთავრობის სხვა წარმომადგენლებს,არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, აფხაზეთის ომის მონაწილეებსაც კი და საქმის არსში კარგად გაერკვნენ.

აფხაზეთის მხარეზე ჩეჩენთა მონაწილეობის სულის ჩამდგმელი იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტარი იუსუფ სოსლანბეკოვი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერაციის პარლამენტშიც მოღვაწეობდა.
ეს პიროვნება დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ჩეჩნეთში, გამოირჩეოდა ორატორული ნიჭით და შეეძლო მასების აყოლიება. იმ პერიოდში იგი უკვე გამოკვეთილად უპირისპირდებოდა დუდაევს და პარლამენტშიც მხარდაჭერით სარგებლობდა. ეს პიროვნება გამოდიოდა ტელევიზიით, ცხარე ცრემლებით ტიროდა მუსულმან “მოძმე” აფხაზთა ქართველების მიერ ჩაგვრაზე და მოუწოდებდა ჩეჩენ ახლაგაზრდებს აფხაზთა მხარეძე საბრძოლველად. უნდა შევნიშნოთ, რომ ი. სოსლანბეკოვი კრიმინალური წარსულის მქონდე ბნელი პიროვნება იყო ,გარშემოც ბნელი წარსულის მქონე პიროვნებები შემოეკრიბა და წყალს ამღვრევდა. მართლაც, დადასტურდა, რომ აფხაზეთში მიემგზავრებოდნენ უმთავრესად კრიმინალები, რომელთაც საშოვრის, იარაღის შეძენის იმედი ჰქონდათ და ისეთების, რომლებიც წამოეგებოდნენ სოსლანბეკოვის ანკესს.

ქისტების დელეგაციის გროზნოში ყოფნის დროს აფხაზეთის ომიდან დაბრუნებულ ცნობილ მებრძოლ ხამზათ ხანკაროვს შეხვდენენ დელეგაციის წევრები და ხანგრძლივი საუბაირ ჰქონდათ. იგი სამხედრო შტაბს ხელმძღვანელობდა აფხაზეთში, მაგფრამ როდესაც გაერკვა სიტუაციაში, მიატოვა ბრძოლის ველი და სამშობლოში დაბრუნდა. მისი სიტყვებით, დიდი უმრავლესობა ჩეჩენი მოხალისეებისა აღმოჩნდნენ პირწავარდნილი კრიმინალები და გაჩაღებული ჰქონდათ მარადიორობა, სახელს უტეხდნენ მთელ ჩეჩნებს და ამიტომ მოტყუებული ბოევიკები შინ ბრუნდებოდნენ.

იმავე პერიოდში დაიწყო ჩეჩნეთში აფხაზეთიდან დახოცილ ბოევიკთა ჩამოსვენებასაც და ხალხიც გამოერკვა, მიხვდა, რომ მათი ახალგაზრდები ავანტიურაში გაებნენ. თითქმის ყველგან ყვებოდნენ, რომ ერთ-ერთი ბოევიკის ცხედარი მამამ არ მიიღო, რადგან იგი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, პირდაპირ სასაფაოზე წაიღეს და დამარხეს.

ჩეჩნეთში ქისტების დელეგაციის ყოფნისას გამოიკვეთა ერთი არსებითი რამ: საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა ქ. გროზოში, როგორც სტუმარი, თითოეულ ჩეჩენს იგი მიაჩნდა თავის პირად სტუმრად და ყველა თანაუგძნობდა, როგორც თავისი სამშობლოდან უკანონოდ განდევნილს. ეს გრძნობა – სამშობლოს იძულებითი დატოვების გრძნობა – ყველა ჩეჩენისათვის ნაცნობია და მას მტკივნეულად განიცდის. აფხაზეთში ომი პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციონრებმა დაიწყეს და იქ ბრძოლა ისე აღიქმებოდა, როგორც ბრძოლა სტუმრის მტრების წინააღმდეგ. რამდენადაც აბსურდულადაც არ უნდა მოეჩვენოს მკითხველს ყოველივე ეს, ასეთი მოსაზრება გროზნოში მუსირებდა ბოევიკებთან შეხვედრების დროს.

ცხადია, ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ მსგავსი მოსაზრება რითიმე ამართლებს აფხაზეთში ნაომარ ჩეჩნებს.
აუცილებლად მიგვაჩნია ავღნიშნოთ, რომ როგორც დუდაევის წრე, ისე მთავრობის შემადგენლობაც უაღრესად არაკომპეტენტური პირებისგან შედგებოდა.  საკადრო საკითხს პრეზიდენტი დუდაევი ისევე სჭრიდა, როგორც მისი სტუმარი – საქართველოს პრეზდენტი ზ. გამსხურდია წყვეტდა საქართველოში. ჩეჩნეთი იმ პერიოდში(და შემდგომაც) გახლდათ არ შემდგარი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებაში მოხვედრილ შემთხვევით პირებს თავის ყველაზე ჭკვიანად მიაცნდათ და ჭკუას არავის ეკითხებოდნენ. ეს თვისება, საერთოდ, დამახასიათებელია ჩეჩნებისათვის.

ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით გროზნოში ქისტური დელეგაციის ჩასვალს და მის საქმიანობას არსებითი, დადებითი შედეგი არ მოუტანია, რადგან საქმე გაკეთდა მესამე ძალის, რუსეთის რეაქციული ძალების გეგმით და თავისი შედეგიც გამოიღო. საჭირო იყო ჩეჩენთა ფიგურირება აფხაზეთის კონფლიქტში და თუ რა როლს ითამასებდა ეს ფაქტორი, ამას არც თუ ისეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ყველა, რუსულად მოლაპარაკე ჩრდილოეთ კავკასიელი, დაქირავებული ბოევიკი ჩეჩენდა მოინათლა, ასე აწყობდა როგორც რუსულ, ისე ქართულ მხარეს, ცხადია მათ, რომელთა ინეტერესებშიც შედიოდა საქმის ამ კუთხით წარმოჩენა.

პანკისელი ქისტების წინაშე დადგა მორიგი ამოცანა: რა პოზიცია დაიჭირონ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. ამ ამოცანის გადაწყვეტას ერთადერთი ალტერნატიული გზა ჰქონდა: მონაწილეობა უნდა მიეღოთ აფხაზეთის წინააღმდეგ ომში. ამისათვის არსებობდა რამდენიმე მიზეზი: 1) ქისტები საქართველოს მოქალაქეები არიან და ვალდებული იყვნენ, დაქვემდებარებოდნენ სამხედრო მობილიზაციას, თუკი მას გამოაცხადებდნენ;

2) ქისტები წამოადგენდნენ ეროვნულ უმცირესობას(დაახლოებით 6-7 ათასი) საქართველოში მაცხოვრებელ სხვა ერებთან შედარებით და აქედან გამომდინარე, სისხლხორცეულად იყვნენ დაინტერესებული საქართველოს ეროვნული მთლიანობის შენარჩუნებით, წინააღმდეგ შემტხვევაში მათი უსაფროება უზრუნველტოფილი ვერ იქნებოდა;

3) ისტორიულად ქისტები ყოველთვის მონაწილეობდნენ ქართველთა მტრების წინააღმდეგ მრძოლაში. ამ პოზიციიდან გამოდმინარე ქისტებმა ხმა აიმაღლეს სამაჩაბლოში ოსების ექსტრემისტული მისწრაფების წინაარმდეგ და საქართველოში, კერზოდ პანკისში მცხოვრები ოსების უკმაყოფილება გამოიწვიეს. სხვათა შორის, ოსები შემდეგნაირად დასცინოდნენ ქისტებს: “ახლა ჩვენმა ნომერმა ტრამვაიმ ჩაიარა და შემდეგი ნომერი თქვენი ჩაივლისო”!

4) აუცილებელი იყო, ქისტებს თავიანთი მხარდაჭერით ჩეჩენთა მოუფიქრებელი ავანტიურიზმის ნეიტრალიზება მოეხდინათ.

გადაწყვეტილება ოპტიმალური იყო – ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად უნდა დავიცვათ ერთიანობა, გადაწყვეტილება ერთია, შესრულებაა მთავარი. როგორ, რა გზით უნდა მომხდარიყო ამ სწორი და დროული გადაწყვეტილების აღსრულება? ახმეტის რაიონის გამგებელი ზაქრო ქინქლაძე სთხოვდა ქისტ ახალგაზრდება გამოსულიყვნენ საბრძოლველად თავიანთი იარაღით, თანაც უნდა განაწილებულიყვნენ სხვადსხვა სამხედრო დაჯგუფებებში. მოგეხსენებათ, აფხაზურ კონფლიქტში მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ჯგუფები. და თითქმის ყველა განწყობილი იყო ჩეჩნების მიმართ მტრულად. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეს მტრობა თავს დაატყდა ქისტებს, ისინი განტევების ვაცად იქცნენ.

აბა, თქვენ წარმოიდიგნეთ ომში შედიხარ იმ მებრძოლებთან ერთად, რომლებიც შესაფერის მომენტში ზურგში დაგახლიან ტყვიას, როგორც მტერს, მითუმეტს, რომ იარაღის გულისტის ერთმანეთს ხოცავდნენ, შემდეგ ჩამოჰქონდათ ავტომატები და ჰყიდნენ. იყო ასეთი შემთხვევები. ნუ გაგიკვირდებათ, ათასი ნაძირალა იყო გაერთიანებული მხედრიონში. ამიტომაც ეს ვარიანტი ქისტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

იყო მეორე ფაქტორიც, არანაკლებ შეუსრულებელი – საიდან უნდა მოეტანათ იარაღი ქისტებს? ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, 90-იან წლების დამდეგს, ეროვნულმა პარტიებმა და მხედრიონმა დაიყწო შეიარაღება და ბევრი მათგანი პანკისსაც მოაწყდა. ქისტებს ყოველთვის ჰქონდათ იარაღი, კომუნისტებამდეც და კომუნისტების დროსაც. იმჟამად ეკონომიურად გაჭირვებულმა ქისტებმა გაყიდეს იარაღი, ბევრმა უსასყიდლოდაც გასცა, როდესაც სამაჩაბლოში და ქვემო ქართლში კონფლიქტის კერები წარმოიშვა. ან კიდევ თანამედროვე ეტაპზე ძველებური სისტემის შაშხანებს და პისტოლეტებს ომში ვერც გამოიყენებ, იმ დროს კი ავტომატური იარაღი იშვიათობას წარმოადგენდა. რომც ჰქონდათ ეს იარაღი, ვინ გაბედავდა მის გამოჩენას? რა გარანტიაჰქონდათ, რომ შემდეგ სამართალდამცავი ორგანოს მუშაკები კარზე არ მიადგებოდნენ?

რჩებოდა ერთადერთი ვარიანტი : ქისტები შექმნიდნენ ცალკცე ბტალიონს, ხელმძღვანელბაც თავისი ეყოლებოდა და ქართველებთან გვერდით იბრძოლებნენ, იარაღიტაც ხელისუფლებას უნდა აღეჭურვა. ეს ვარიანტი კი, რაღაც ამოუხსნელი მიზეზების გამო მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლებისათვის.

ახმეტსი ჩამოვიდა უშიშროების წარმომდაგენელი, ვინმე კვატალიანი, რომელიც სოფ. სუისში ამოვიდა რაიონის გამგებელ ზ. ქინქლაძესთან და მილიციის უფროსს ინჯიასთან ერთად. დუისის საკრებულოსთან გაიმართა საუბარი აფხაზეთში ქისტი ახალგაზრდების გაგზავნასთან დაკავშირებით. სტუმარი დაჟინებით ცდილობდა შეეტყო, ქონდა თუ არა ქისტებს იარაღი და თუ ჰქონდათ, თავიანთი იარაღით გამოსულიყვნენ საომრად, თანაც განაწილდებოდნენ სხვადასხვა ბატალიონებში.

სტუმარს აუხსნენს, რომ ეროვნული ბატალიონი უკეთ იმოქმედებდა, რომ ასეთი პრაქტიკა მეორე მსოფლიო ომში გამოიყნებოდა, ჩვენს პირობებში კი განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა, რადგა, ქისტების აზრით, ქისტური ბატალიონი დადგებოდა ჩეჩნების პირისპირ და ამოხდნენ მათ ლოკაზილებას. როგორ და რანაირად –  ეს ადგილზე გამოჩნდებოდა. სამწუხაროდ შეთახმებას ვერ მიაღწიეს და მოვლენებიც ძველებურად განვითარდა. მართალია, რამდენიმე ქისტმა მიიღო მონაწილეობა აფხაზების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ როგორც ნათქვამია, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და გაუცხოება ქისტებსა და ქართველებს შორის კარგა ხანს გაგრძელდა. რაკი ფიზიკურად ვერ შეძლეს დახმარება, ქისტებმა შეაგროვეს ფული შესაძლებლობის ფარგლებში და ეკონომიური წვლილი მაინც შეიტანეს ამ ომში.

აფხაზეთის ტკივილი, წყენა მოძმე ერის მიმართ დიდხანს დარცება ქართველ ხალხში, განსაკუთრებით მათ ხსოვნაში, ვის  მხარეზეც გადაიარა იმ ომის საშინელებებმა, რომელთაც აწუხებთ ფიზიკური და სულიერი ჭრილობები. სწორადა არის ნათქვამი, რომ ახლობლისგან, მეგობრისგან მიყენებული წყნე დიდხანს რჩება გულში და განაკუთრებით მტკივნეულია. აფხაზეთში განა მარტო ჩეჩნები იბრძოდნენ ქართველების წინაარმდეგ, სხვა ეროვნებებთან შედარებით მათი რიცხვი უმნიშვნელო იყო.

მაგალითად, სომხების ბაგრამიანის სახელობის ბატალიონები გამოირჩეოდნენ სისასტიკით, იბრძოდნენ ოსები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, ადიღელები და სხვა. მაგრამ საინფორმაციო საშუალებები მხოლოდ ჩეჩნებზე ამახვილებდნე ყურადღებას, აქცენტი ძირითადად ჩეჩნეთზე გადაჰქონდათ! ახლა, როდესაც ახალი გადასახედიდან აანალიზებენ მომხდარ მოვლენებს, ბევრი რამ საცნაური და გასაგები ხდება. ჩეჩნებისათვისაც განსაკუთრებით მწარე გახდა ეს შეცდომა, როდესაც ჩეჩნეთ-რუსეთის მეორე ომის დაწყებისას ჩეჩნეთის მშვიდობიანი მაცხოვრებელი იძულებული გახდა, მიეტოვებინათ ყველაფერი და შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი, გაყინულ-გაციებულნი, რუსეთის საავიაციო და საარტილერიო ბომბებქვეშ მისგომოდნენ საქართველოს საზღვრებს და თავშესაფარი ეთხოვათ.

ქართველების მიერ გამოჩენილმა ჰუმანურობამ, სტუმართმოყვარულად რომ გაუხსნეს საზღვრები და თავშესაფარი მისცეს გუშინდელ “მტრებს”, დიდი ზეგავლენა იქონია ლტოლვილებზე. ისინი მიხვდნენ, რომ კავკასიაში მათ მხოლოდ საქართველომ აღმოუჩინა შემწეობა გაჭირვების ჟამს, არ შეეშინდა დიდი რუსეთის რისხვას და გაჭირვებაში მხარში ამოუდგნენ, როგორც ძმებს და მეგობრებს. ამის დაუნახაობა შეუძლებელი იყო, წინა პლანზე წამოიწია დანაშაულის შეგრძნების გრძნობამ და თითქმის ყველა მათგანის შეგებაში გაჩნდა კითხვა – ნუთუ არ შეიძლება აფხაზეთში ჩადებული შეცდომის გასწორება? და როგორც კი გაჩნდა ამის შესაძლებობა, უყოყმანოდ მიიღეს გადაწყვეტილება შეჭრილიყვნენ აფხაზეთში და ქართველებს გვერდით დადგომოდნენ დაკარგული ტერიტორიის დაბრუნების საქმეში.

წყარო:  ხ. ხანგოშვილი “ქისტები”.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, History, კავკასია, პანკისის ხეობა, საქართველო, წიგნი / ნაშრომი.

ანა წერეთელი

View posts by ანა წერეთელი