როცა აგონია წყდება

ზაფხულის ერთ ჩახუთულ, თუმცა მთიდან მოსული სიგრილით შეზავებულ საღამოს, როცა სოფლის ხმაურიან ქუჩებში სიმშვიდემ დაისადგურა და ირგვლივ მხოლოდ მთელი დღის მოუსვენრობით ქანცგაცლილი ალაზნის მშვიდი დინების ხმა და ნახევრად დამწიფებული ხილით დატვირთულ ტოტებზე შემოსკუპებული ჩიტების ნაზი გალობა ისმოდა, ჩემთვის ჩვეულ განმარტოებას მივეცი თავი.

საღამოს ეს უჩვეულო სიმშვიდე იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მინდოდა რაღაცის კეთებით გამენეიტრალებინა იგი.

დავფიქრდი და მივხვდი, რომ წასაკითხი წიგნი არ მქონდა, არც წერის თავი მქონდა, ამიტომ უდარდელად ჩავეშვი საყვარელ დივანში და სრული თავისუფლება მივეცი დაულაგებელ ფიქრებს, რომლებიც უკვე ქაოსს ქმნიდნენ გონებაში.
რამოდენიმე წამი თითქმის არაფერზე არ მიფიქრია და ამ დროს მოვასწარი და შეცდომაში გამოვიჭირე განგორი, რომელიც ამბობდა, რომ მხოლოდ მამაკაცებს აქვთ უნარი, იფიქრონ “არაფერზე”.

ოთახში სრული სიბნელე იდგა, განმარტოებისფერი და სევდიანი. ვიგრძენი, რომ ფიქრებმა უჩვეულო მიმართულება აიღეს, როცა სიკვდილის ირგვლივ დაიწყეს ტრიალი. ვერ ვიტყვი, რომ ამაზე არ ვფიქრობ. უფრო გულახდილად რომ ვთქვა, ზედმეტად ხშირადაც კი, მაგრამ ეს უმეტესად ხდება მაშინ, როცა ვიღაც კვდება, ან როცა ძალიან ბედნიერი ვარ. ამჯერად კი, არც არავის სიკვდილის შესახებ გამიგია და არც ბედნიერება მაბეზრებდა დიდად თავს. თუმცა, რახან უკვე მივეცი გასაქანი ფიქრებს, ხელის შეშლა არ მიცდია. თვალები დავხუჭე, თუმცა ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ის-ის იყო გავახილე, რადგან გაცილებით მეტი დავინახე, ვიდრე გახელილი თვალებით ვხედავდი ამ ბნელ ოთახში.

პირველი, რაც დავინახე, ეს ფერთა  თამაში იყო. განმარტოებისფერი სხვა ფერებთან შევიდა ჰარმონიაში და თითქოს ცისარტყელა ციდან ჩემს თვალებში შემოიჭრა.
ყოველივე ამით გართულს თუ უფრო შეწუხებულს, გონების რაღაც ნაწილში ისევ სიკვდილზე ფიქრები მიტრიალებდა. უცებ, სული შემეხუთა, ყელში რაღაცამ მომიჭირა. ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა ძალა. ერთადერთი, რასაც ვამოძრავებდი, ეს უსიცოცხლო ხელები იყო. ძალიან შემეშინდა, თუმცა ვხვდებოდი, თუ რა უძლური ვიყავი ამ ყველაფრის წინააღმდებ. მივხვდი, რომ ეს უბრალოდ სუნთქვის გაძნელება კი არა, სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი იყო. რამოდენიმე წუთიანი ჭიდილის შემდეგ, აგონია შეწყდა და ეხლა უფრო შემეშინდა. რაღაც ძალით, ზემოდან დავყურებდი საკუთარ თავს,ისევ თვალდახუჭულს, თუმცა სახეზე ფერშეცვლილს.

ჩემს გაფითრებულ სახეს და სხეულს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ერთადერთი, რაც სულიერს მამსგავსებდა, რაღაც ძალით სახეზე შერჩენილი ღიმილი იყო და ისიც დამჭკნარი.
დავყურებდი სხეულს, თვითონ კი სხეული აღარ გამაჩნდა. მივხვდი, რომ “სული” ვიყავი. არ ვიყავი მკვდარი, მაგრამ არც ცოცხალი. ვგრძნობდი, რომ რაღაც ვერ იყო. ირგვლივ არაფერი მეცნობოდა, მხოლოდ ის ფერშეცვლილი სხეული, რომელიც ცოტა ხნის წინ მე მეკუთვნოდა. ირგვლივ არ არსებობდა არაფერი, მაგრამ მე ვარსებობდი. თუმცა, ისიც გაურკვეველი იყო, მე თვითონ რა როლი გამაჩნდა ამ გაურკვევლობაში. არარეალური ფიქრები დამეწია: “როგორ შეიძლება ვარსებობდე, თუკი აღარ ვარსებობ?”…”სად ვარ?”…”რა ხდება?”…”რატომ ვერ ვშველი სხეულს, რომელიც ასე ახლოსაა ჩემთან?”.
სულელურად ვაგრძელებდი რიტორიკულ შეკითხვებს, რომელზე პასუხის გამცემიც არავინ მეგულებოდა, მათ შორის, არც საკუთარი თავი.

ყოველივე ამას უარესი გაგრძელება ჰქონდა: მოთქმა, ქვითინი და გოდება.
სწორ ზედაპირზე მოუხერხებლად მწოლიარე ჩემს სულთან გაყრილ სხეულს დავყურებდი. საცოდავი, დრო გაგვქცევია წამად. ამდენი წელი ამქვეყნად გატარებული, ერთ ამოსუნთქვად მეჩვენებოდა. რამდენად უაზრო და წარმავალი ყოფილა ყოველივე ამქვეყნიური და მაინც ძვირფასი.

ვუყურებდი ოთახში შეკრებილ ხალხს, რომელთაგან ძალიან ბევრი მოთქვავდა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ხედავდა ჩემს ადგილზე, ზოგიც სიბრალურის და თანაგრძნობის გრძნობით. მხოლოდ რამოდენიმეს ცრემლი ატარებდა ღრმა მწუხარებას, რომელიც იმდენად გულმოსაკლავი იყო, რომ ისე მომინდა მათი ჩახუტება, როგორც არასდროს. მხოლოდ მათ გამო ღირდა მობრუნება.

“ცოცხალი ვარ, მე აქ ვარ, შემომხედეთ…”, თუმცა ჩემი ხმა მარტო მე თვითონ მესმოდა.
მიხსენებდნენ, მაგრამ არა ისეთს, როგორიც ვიყავი, ბევრად უკეთესს.

საცოდავი ჩემი სხეული, არასდროს მენახა ისეთი განწირული და უსიცოცხლო, როგორიც მაშინ. უიმედოდ დამხობილი და ბედს დამორჩილებული, როგორც იმ წამს. მივუახლოვდი უცხოსავით და სხვათა გოდების ფონზე ვუყვირე- “რა უძლური ყოფილხარ სიკვდილის წინაშე, რა ხანმოკლე აღმოჩნდა გადარჩენისთვის შენი ბრძოლის პროცესი!” (თუმცა ვგრძნობდი, რომ იმავეს მეტყოდა, ხმის ამოღება რომ შეეძლოს), რეაგირებაც არ მოუხდენია, ისევ ის დამჭკნარი ღიმილი, რომელიც უკვე მაღიზიანებდა. თითქმის უბრძოლველად დანებდა სიკვდილს და მაინც ღიმილით სახეზე. ღიმილით, რომელიც მხოლოდ წყვდიადით მოცული სამარის წინ გაუქრა. თითქოს იქამდე თამაში ეგონა ეს ყველაფერი, თითქოს, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ აღარ უნდოდა მღვრიე ნისლებში, იქ, სადაც არ იცოდა რა ხდებოდა. ისევ აქაურობა ერჩივნა, თუნდაც ტკივილით სავსე, მაგრამ ნაცნობი. მისთვის ძნელი აღმოჩნდა წასვლა, ისევე, როგორც ჩემთვის.

ჩვენთვის სიკვდილი ხსნა არ ყოფილა, როგორც ბევრისთვის. გატანჯული სულის უტანჯველად ჩაბარება ადვილია. ტანჯული სულისთვის სიკვდილი ხსნაა და ნუგეში, რასაც ვერ ვიტყვით უტანჯველ სულზე, რომელიც სიკვდილით გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. ძნელია მისი სიკვდილთან შეთანხმება.

12549014_1713831002166266_6124154071042532070_nუმოძრაო და გაყინულ მდგომარეობაშიც კი მოუსვენრობა შევატყვე, გამიხარდა. მასში რაღაც მიძინებულმა გამოიღვიძა. მიძინებულმა სულისკვეთებამ, მიძინებულმა სიცოცხლის სიყვარულმა, ყოველიმე იმან, რაც აიძულებდა მას დარჩენილიყო.
ის-ის იყო სამუდამოდ უნდა მიეცათ დავიწყებისთვის, ის-ის იყო, მისგან მხოლოდ მოგონებები უნდა დაეტოვებინათ, რომ წამოვხტი, ირგვლივ მიმოვიხედე, ნაცნობი ოთახი, ნაცნობი დივანი და რაც მთავარია, სხეული, გახშირებული, თუმცა მაინც გულისცემით. რამოდენიმეჯერ ძალიან ღრმად ამოვისუნთქე და ამ რამოდენიმე ამოსუნთქვაში იყო იმხელა შვება და მადლიერება, რაც ადამიანური ენით ვერ გადმოიცემა.

ეს რამოდენიმე ამოსუნთქვა შიშველი ტერფებით ახლად ამოსულ ბალახზე გარბენას გავდა. მთელი ჩემი არსებით ვგრძნობდი სიცოცხლეს და მის სიყვარულს. თითქოს ხელახლა დავიბადე.
აღარსად ჩანდა ჩემი გაცვეთილი სიზმრის ნამცეცები.
ირგვლივ მხოლოდ მთელი დღის მოუსვენრობით ქანცგაცლილი ალაზნის მშვიდი დინების ხმა და ნახევრად დამწიფებული ხილით დატვირთულ ტოტებზე შემოსკუპებული ჩიტების ნაზი გალობა ისმოდა…
ამჯერად მარტოობა აღარ მიგრძვნია, მე ჩემს სხეულთან ვიყავი, ის ჩემთან.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog.