პანკისის უხუცესთა კავშირის განცხადება

პანკისის ხეობის ქისტური მოსახლეობის „უხუცესთა კავშირის“ გამგეობის განცხადება
ჩვენ, პანკისის ხეობაში მცხოვრები უხუცესები დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს უკანასკნელ დღეებში პანკისის ხეობასა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს, როცა იმართება მიტინგები და ამ შეკრებებზე ცალკეული ინდივიდები თუ პარტიის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს სოფელ ჯოყოლოში, ბალთაგორაზე ქისტებმა დაანგრიეს მშენებარე ეკლესია.
 
უპირველესად, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ იმ ადგილზე, რომელზედაც აღნიშნული გამომსვლელები ყურადღებას ამახვილებენ არანაირი ეკლესია ისტორიულად არც ყოფილა და არც ამჯერად მიმდინარეობდა რაიმე მშენებლობა და ამ მიტინგზე გასაჯაროვებული საკითხი დეზინფორმაციაა, ხალხის მასების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, საზოგადოების ემოციებზე ზემოქმედებისა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებში უფსკრულის გაჩენის მიზანს ემსახურება.
 
მეტი სიცხადის შეტანისთვის საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ ამ სადღესასწაულო ადგილზე იკრიბებოდა სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობა. ყოველ გვარს თავისი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული ან დასაკუთრებული, სადაც იშლებოდა სუფრა. აქვე ცენტრში იყო გაკეთებული წარმართული ( და არა ქრისტიანული) ნიშა, რომელიც ჟამთასვლის გამო მოიშალა. სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა გადაწყვიტა ამ ნიშის შეკეთება, რაზედაც გაიხარჯა ერთი ტომარა ცემენტი. როგორც ჩანს, რომელიმე ახალგაზრდას, ან ახალგაზრდების ჯგუფს არ მოეწონა ეს ქმედება და გადაწყვიტეს ამ შესრულებული სამუშაოს მოშლა. ეს არის და ეს. ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, ვის დაკვეთას ასრულებდნენ ან რა მიზანს ემსახურებოდა მათი ქმედება უცნობია.
 
ამას მოჰყვა ის აჟიოტაჟი, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და ამხელა დეზინფორმაცია მიიწება, ხალხის ემოციებზე ძალზე ნეგატიურად იმოქმედა, რის გამოც უამრავი სატელეფონო ზარი განხორციელდა, სადაც სიმართლის გაგების სურვილი იყო.
 
ჩვენ, პანკისელი უხუცესები ამ ფაქტის გამო შევიკრიბეთ და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება; რომ ნებისმიერი რელიგიური ან საკულტო ნაგებობა ხელშეუხებელია და საუკუნეების განმავლობაში ეს ასეც იყო. უპირველესად ჩვენ, ჯოყოლოელები და პანკისელები განვიცდით იმას რაც მოხდა, რადგანაც ამ ადგილზე ჩვენ ვზეიმობდით დღესასწაულს. მაგრამ ჩვენთვის ასევე გასაგებია იმ ადამიანთა სურვილი, რომ ამის გამო უზარმაზარი ტალღა ააგორონ, რომ ხეობის ქისტები ყველა ერთ ჯამში მოაქციონ, საქართველოს და ქართველების მტრებად გამოგვაცხადონ.
 
შეურაცხმყოფელია მიტინგზე წამოსროლილი სიტყვები: „ყველას თავები დავუხეთქოთ“, „წაეთრივნენ საიდანაც მოვიდნენ“, „გადავუკეტოთ გზა“ და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ბილწი გინება, რომელიც ძნელია მშვიდად მოისმინო. ამ სიტყვების ავტორებს გვინდა ვუთხრათ ისტორიული რეალობის თაობაზე, რომ ქისტების საქართველოს ტერიტორიაზე დასახლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ პანკისის ხეობის ჩაკეტვა, ლეკების შემოსევებისაგან დაცვა, რაც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს. ეს გახლავთ ისტორიული ფაქტი – ჩვენ ქართულ ხეობას, ქართულ მიწას ვიცავდით, რომელიც მტრის გამუდმებული შემოსევებისაგან უკაცრიელ, დაცარიელებულ, გაუვალ ხეობად იყო ქცეული.
 
ჩვენი ახალგაზრდები ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვისაც დაეცნენ აფხაზეთში, სოხუმის მისადგომებთან და დღეს, ახმეტის ცენტრში აღმართულ მემორიალურ დაფაზე სხვა დაღუპულების გვერდზე მათი ( 3 ახალგაზრდა) გვარები არაა ამოტვიფრული. ასეთ ისტორიულ ფაქტებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი.
 
ამით ჩვენ გვინდა წყლის ამღვრევის მსურველთ შევახსენოთ, რომ ამ მიწაზე ცხოვრების უფლება ჩვენი ქმედებებით მოვიპოვეთ, იმითაც , რომ უსაზღვროდ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და მისი ძირითად მაცხოვრებლები – ქართველები და სხვა მოსახლეობაც. ჩვენ ერთი ძირის მქონე, საერთო გენეტიკური წარმოშობის ხალხი ვართ და ცალკეული ღვარძლით დაავადებული ადამიანები ჩრდილს ვერ მიაყენებენ საუკუნეების განმავლობაში ნაშენებ მეგობრულ ურთიერთობებს. გადავხედოთ ქართულ ლიტერატურას:
 
ქართველ კაცს არც ერთი სხვა ერის კაცის ღირსებისა და მაღალი ზნეობის შესახებ არ უმღერია, არ შეუქმნია პოეზიისა თუ პროზის მარგალიტები, მაგრამ ქისტი კაცის მაღალ ღირსებაზე შექმნილი ნაწარმოებების ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდებოდა. რატომ?!! რაშია საქმე? იმიტომ რომ ზნეობითაც და ღირსება-რაინდობითაც, ფსიქოლოგიითაც , ტრადიციებითაც და უამრავი სხვა თვისებითაც ერთმანეთის მსგავსნი ვიყავით და ვართ. თუ რამე მოსავლელი გვაქვს დავსხდეთ და ერთად მოვუაროთ. ძმები ხომ ასე იქცევიან?
პატივისცემით,
 
პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირის“ გამგეობა.
Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in განცხადება, პანკისის ხეობა.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси