ნაზი ბორჩაშვილი: ბიჭებო, გევედრებით ჩახედეთ დედებს თვალებში

ორი დღის წინ ერთ-ერთ სოფელში შემხვდა ქალი – დედა, რომელსაც ოჯახის წევრები ჰყავს სირიაში. დიდი ხანი მესაუბრა…

ჩემს სახეზე კითხულობდა თანაგრძნობას და გული გადამიშალა. სულით ხორცამდე შემძრა დედის გულისტკივილმა და სულიერმა მღელვარებამ…
ორი დღეა ამ ქალის სახე და მონაყოლი გონებაში ტრიალებს და ვერ შევძელი გულში შემენახა…

ესაა  დედა, რომელსაც ოთხი წელია შვილები უსახელო, უსამართლო ბრძოლის წინა ხაზზე ჰყავს;
დედა, რომელსაც ოთხი წელია ლოგინი არ გაუშლია და ნორმალურად არ ჩაწოლილა;
დედა, რომლის ლოგინი ამ ოთხი წლის მანძილზე ცარიელი ტახტი და უბრალო გადასაფარებელია;
დედა, რომელსაც დილიდან დაღამებამდე, დაღამებიდან გათენებამდე ტელევიზორი აქვს ჩართული და უსმენს მსოფლიო ამბებს;
დედა, რომელსაც არავინ და არაფერი აინტერესებს ტელევიზორში, სირიაში მიმდინარე მოვლენების გარდა;
დედა, რომელთანაც ახლობლები ძლივს, ხვეწნა – მუდარით ახერხებენ, სიცოცხლისათვის აუცილებელი საკვები მიაღებინონ;

დედა, რომელიც ოთხი წლის მანძილზე, დღე და ღამე ტელეფონს წუთით არ იშორებს და ყოველ წუთს ‘ახალი ამბის“ მოლოდინშია;
დედა, რომელიც ევედრებოდა დაინვალიდებულ შვილს, რომ დაბრუნებულიყო სამშობლოში, რადგან ის უკვე ბრძოლისთვის არ გამოდგებოდა;
დედა, რომელსაც სირიაში მყოფი, ოჯახის წევრები სთხოვენ არ ინერვიულოს და ამშვიდებენ იმით, რომ ისინი მას ბედნიერს იმ ქვეყნიერებაში გახდიან;
დედა, რომელსაც აფრთხილებენ, ღმერთს არ აწყენინოს, ცრემლი არ გაბედოს და თავი დაანებოს ტანჯვას ;
დედა, რომელსაც ” ასწავლიან” , რომ ამაყად იაროს , ღმერთის გზაზე, სიყვარულით მებრძოლების გაზრდით;
დედა, რომელმაც გაიგი, რომ მისი შვილი და რძალი, თითო შვილით ხელში “ შახიდის ქამრით“ დაუსხლტა უკვე მერამდენედ კარს მომდგარ სიკვდილს…
დედა, რომელმაც წარმოიდგინა საშინელი ფიქრებით, იმ საზარელი ამბის ტრაგიკული დასასრული და წამით ვერ იშორებს ფიქრიდან;
დედა, რომელიც ყვება დაჭრილი შვილების მდგომარეობას ჩვეულებრივ, მაგრამ უჩვეულო თვალებისა და სახის გამომეტყველებით;

დედა, რომელიც შიშის გარეშე, სიყვარულით უყურებს დაჭრილი შვილების ნებისმიერ ვიდეო კადრს და ცრემლებს მალავს, იმიტომ, რომ ცოცხლები არიან;
დედა, რომელსაც გვერდში მყოფი შვილი ეუბნება, სირიაში კი არა ნებისმიერ საშინელ ადგილზე წავიდოდა , ოღონდ მისი ასეთი ტანჯვისთვის არ ეყურნა;
დედა, რომელიც დარდისგან დაავადდა , მაგრამ არ ნაღვლობს, რადგან მისი სულიერი ტკივილი, ფიზიკურ ტკივილზე აუტანელია;
დედა, რომლის სიცოცხლეს ჩემი აზრით, სიკვდილი სჯობია;
ჩემო ძვირფასო ახალგაზრდობავ! განსაკუთრებით ბიჭებო! გევედრებით ჩახედეთ დედებს თვალებში, მოისმინეთ დედების გულწრფელი სიტყვები….

გევედრებით, ჩახედეთ შვილმკვდარ დედას თვალებში და შეადარეთ ბედნიერი დედის თვალებს… მიხვდებით, როდისაა დედა ბედნიერი…

დაიჯერეთ ამქვეყნიური და იმქვეყნიური თქენი,ჩვენი და ყველა ღვთის მოვლენილი ადამიანის სიმშვიდე, ბედნიერება და სამოთხე მშობლებისათვის, უფრო დედებისათვის გამოვლენილ სიყვარულსა და მზრუნველობაშია..
დედები, ხომ შვილების სიცოცხლითა და ბედნიერებით ცოცხლობენ!

 

 

 

ნაზი ბორჩაშვილი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, პანკისის ხეობა.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси