მონადირის მოგონებები-“მთა მასარის თავზე”

“დილით რომ გამეღიძა, გარედან ქართული საუბარი მომესმა, ნაბდის კალთა გადავწიე, წამოვჯექი, რეზინის ჩექმები ჩავიცვი და გარეთ გამოვედი. უცნობს მივესალმე, რომელიც ხალისისანად შემეგება და სიცილით მითხრა:
– აქ რას უზიხარ, რას დასდევ თათრის ტყუილებს, ამოდი მაღლა მასრაზე, არჩვები ჯოგებად დადიან.
-მართლა?დათვებს მეც ვეწყობი, ჩემი მონადირული სპეციალობა არჩვებია, სიამოვნებით გეწვევი, სად დგეხარ?-ვეკითხები.
-გაღმა ქედის თავში, რკინის მთის განშტოებაა, ქედს იქით გადახვალ და მათ მასარის მწვერვალზე ხარ.
საუზმეზე გეგმა დავსახეთ. თუში მეცხვარე ხალისიანი მოსაუბრე გამოდგა, თანაც კოლეგები აღმოვჩნდით, ფშაველში თუ ლალისყურში ფიზკულტურას ასწავლიდა. სპორტული აღნაგობა ჰქონდა, ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდა იყო, კარგი მეცხვარე ჩანდა, აბა, თუშს ცხვრისა რა ესწაველბა.
შევთანხმდით, რომ მეორე დღეს ვეწვეოდით. მან საჭირო პროდუქტი მოიმარაგა და სუფრას შემოუერთდა, მაგრამ დიდხანს ვერ დარჩებოდა, ცხვარი უპატრონოდ, ძაღლების ამარა ჰყავდა მიტოვებული.
მეორე დილით გავემზადეთ მასარაში წასასვლელად. მდ. იორის ერთ-ერთი სათავის შენაკად უნდა ავყოლოდით, ვისერგიც ცხენით გამოგვყვა, პროდუქტი უნდა აეტანა მშრალი ცხვრის მწყემსისათვის.
დილაადრიან დავეშვით ხევისკენ. ძალიან ადრე იყო, დილის სუსხლი იგრძნობოდა, ბალახზე ცვარი ბრწყინავდა. დაბლა ტყეში სიგრილე იყო, სუსხლი სიცივისა გაქრა. აგვისტო იწურებოდა, დეკას სიყვითლე შეეპარა, ძირებში ფოთოლი მწვანედ ხასხასებდა, ხეებზე ფოთლებმაც მთლად არა, მაგრამ ნაწილობრივ სიმწვანე დაკარგა და აჭრელდა, მაღლიდან ისე ჩანდა, როგორც ფერადფერადი ბაწრით ნაქსოვი ხალიჩა.
ხევში სწრაფად ჩავედით, სამხრეთით, კეხის გორისკენ ავიღეთ გეზი. როგორც კი მივაღწიეთ კეხის გორის ძირს, დასავლეთისკენ შევბრუნდით და ავყევით ხევის წყალ. მართალია, ბილიკი არ იყო, მაგრამ ხევს ბრტყელი ძირი ჰქონდა, სიპით დაფარულ ნაპირებზე სიარული არ ჭირდა.
მზე ამოიწვერა კიდეც, როცა ჩრდილოეთისკენ, მასარის მთისკენ ავიღეთ გეზი. მზის სხივებმა ჯერ მთის წვერები გაანათა, შემდეგ თანდათან ხევშიც ჩამოაღწია და სითბოც მოიტანა თან. ჩვენ ნელა შევუდექით აღმართს და საუზმის ხანს(“მერთ ხეენ”) მივაღწიეთ ალხაჯს. ცხენს წინ მიუძღოდა, შორიდანვე თვალით ზვერავდა სავალად იოლ ადგილებს და კლაკნილი ხაზით აჰყავდა ცხენი აღმართზე.
მეცხვარე და ცხვარი არ დაგვხვდა ადგილზე, დილიდანვე აიყრებოდნენ სადგომიდან სა საღამომდე არც დაბრუნდებოდნენ. ცხენიდან ბარგი ჩამოვხსენით და გზა განვაგრძეთ, ფაცოიჩი იქ დარჩა, რადგან ცხენს მაღლა ვერ ამოიყვანდა.
მზე ზენიტში იდგა, როცა რკალისებური ქედის ცერზე ავედით. ცხელოდა, გაოფლიანებული ვიყავით, მაგრამ ცერზე ნელი ნიავი ქროდა და ოფლიანი შუბლები მივუშვირეთ, ჩამოვჯექით და დავისვენეთ. ვაკე ცერზე გადავხოხდით და დაბლა ჩავიხედეთ. მასარის მთის ჩრდილო მხარე კლდიანი იყო, მაგრამ შიგადაშიგ ვაკეებიც ჰქონდა. საკმაოდ ფართო ადგილი რკალისებურად იყო გაშლილი, თანდათან დაბლა იშლებოდა. შორს სიღრმეში წიფლოვანის ხევი ჩანდა და ალაზანი ვერცხლის წვრილი ზოლივით იკლაკნებოდა ვიწრო ხევში.

პირდაპირ, ოდნავ მარცხნივ, აღმართულიყო ბორბალოს მწვერვალი, კახეთის ალაზნის პირიქითა ალაზნისა და ანდაქის წყლის მკვებავი. მწერვალი ბორბალოსი ქუშად გამოიყურებოდა, კლდეები და ნაშალები სალტედ შემორტყმოდა მის გუმბათს. მრისხანედ გამოიყურებოდა ბორბალო, მისი წვერი ნისლში იყო გახვეული და ნისლიც მოშავო ფერისა იყო. სამაგიეროდ მისგან წამოსული ქედი, რომელიც სპეროზასთან, მახვალის ხევთან წყდებოდა, მწვანით იყო მოსილი. მის იქით, დაბლა ალაზანი მიედინებოდა მთათუშეთისაკენ, მერე დაღესტანს გაივლის და მგონი, ყოუსის სახელით კასპიის ზღვაში ჩაედინება.
ქედების, მთათა წვერების ცქერით ვტკბებოდი, როცა გელა უკან გადმოხოხდა და მითხრა, რომ არჩვების ჯოგი ქვე, დაბლა ფერდობზეა შეფენილიო. მაშინვე გადავხოხდით ცერზე, ქვებს ამოვეფარეთ და ქვევით გადავიხედეთ. გელამ დურბინდი მომაწოდა და ქვემოთ საჩვენებელი თითით მანიშნა ჯოგის ადგილსამყოფელი.
პირველად ვერაფერი შევნიშნე საყურადღებო, მერე ყურადღებით დავაკვირდი და კლდეზე მდგომი ვაცი არჩვი შევნიშნე, რომელიც მიდამოს გადასცქეროდა. მივმართე დურბინდი ამ ვაცის ირგვლივ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯოგი იქნებოდა ამ მონაკვეთში გაფანტული. გაოცებული დავრჩი, როცა შევნიშნე დიდ მონაკვეთზე გაშლილი ჯოგი, რომელიც უდარდელად ძოვდა. მიდამო, მართალია, ქაოტურად გაფანტული კლდეების არეს წარმოადგენდა, მაგრამ უმეტესი ადგილი საძოვარს წარმოადგენდა.

როგორც საძოვარი იყო შერეული სახისა, ქვისა და მიწის გაშლილი ერთობლიობა, ისე ფსიტების ჯოგიც გაფანტული იყო ვეებერთალა მონაკვეთზე, ზოგი თითო, ზოგი ორ-ოროლა და სამ-სამი და ასე შემდეგ; ზოგი ძოვდა,ზოგი კლდის ძირში იდგა ან იწვა და ზანტად იცოხნებოდა, მაგრამ ერთობლიობაში ჯოგის სახეს ინარჩუნებდა. ამ მთამ გაამართლა თავისი სახელწოდება “მასარ” ქისტურად არჩვს ნიშნავს. ძალიან ძნელი იყო მიპარვა, მთელი ფერდობი რკალისებურად იყო გაშლილი, ნახევარმთვარისებურად იყო მოწყობილი. ღია მხარე ჩრდილოეთით, წიფლოვანი ხევისკენ იყო მიქცეული. ყველა მხარე, შესაძლო მიპარვის ადგილი იყო გაფანტული, რომ ყოველი მხრიდან მთელი მიდამო მათ თვალსაწიერში მოქცეულიყო.

რაც მთავარია, გუშაგი არჩვი ისეთ ადგილას იდგა, რომ მთელი მიდამო, მთელი ჯოგი იყო მის თვალწინ გაშლილი.
გეგმა შევადგინეთ. მე ვიცნობდი ფსიტების ერთ გამოკვეთილ ჩვეულებას, რომელიც მრავალწლიანი დაკვირვების დროს თითქმის არ დარღვეულა: სროლის ან დაფრთხობის დროს ფსიტი ყოველთვის აღმა, მწვერვალისკენ მირბის. მხოლოდ ერთ შემთხვევაში იცვლის გეზს: ტყვიის მოხვედრის შემდეგ მკვეთრად შემობრუნდება და დაღმა დაექანება. ვიცოდი რა, რომ დაფრთხობის შემდეგ მაღლა გამოიქცეოდნენ, გელას ვუთხარი, რომ დაბლა ჩასულიყო ჯოგის შეუმჩნევლად და დაეწყო მიპარვა. არჩვები, როგორც კი შენიშნავდნენ,ან სროლის შემდეგ, თუკი ამის საშუალება მიეცემოდათ, აღმა გამოიქცეოდნენ.

 

ამასობაში მე მწვერვალისკენ ავიწეოდი და გამოქცეული ჯოგის წინ აღმოვჩნდებოდი.
გეგმა კარგი იყო, რომ იტყვიან, წყალი არ გაუვიდოდა და წარმატებაში ეჭვი არ მეპარებოდა. ჩემი ამხანაგი შემოვლით დაღმა დაეშვა, მე კი წამოვწექი და დაველოდე, როდის დაიწყებდა მიპარვას. სწორედ აქ დავუშვი შეცდომა. მთაში ნადირობისას მონადირეს უნდა შეეძლოს ორინეტირება და მანძილის გავლის დროის განსაზღვრა. ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა წარმატებული ნადირობისა.

მე ვიმყოფებოდი ქედის ცერზე, რომელიც ეშვებოდა რკინის მთისკენ, ხოლო მასარის თავში, ჩემგან დასავლეთით ბორბალოდან ეშვებოდა ქედი სამხრეთისკენ, კეხისგორის მთის მწვერვალზე ჩაივლიდა უკანა ფშავისკენ. ქედი, რომელლის ცერზეც მე ვიმყოფებოდი, პერპენდიკულარივით ეყრდნობოდა აღნიშნულ ქედს. ჩემი ამოცანა იყო, რომ არჩვების ჯოგს დავხვედროდი პერპენდიკულარის ფუძეზე.
როცა ვიფიქრე, რომ დრო დადგა ჩემი დაძვრისა, ავდექი და აღმართს შევუდექი. მოხრილი მივდიოდი, რომ ჯოგს არ შევემჩნიერ, მაგრამ ნახევარი გზაც არ მქონდა გავლილი, როცა პირველი არჩვი შევნიშნე, რომელიც ლაღად ამოხტა ბორბალოს ქედის ცერზე. მე გავიქეცი, თუკი შეიძლება სირბილი ეწოდოს აღმართზე ძუნძულს. პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს- მესამე, მესამეს- მეოთხე და ა.შ. არჩვები დაქანებულ ქედის ცერზე, რიგში ჩამდგრები, გრაციოზული ნახტომებით, ერთი მეორეზე მიყოლებით სამხრეთისკენ მიქროდნენ.
დიდებული სანახავი სურათი გახლდათ, ისე ლამაზად ჩანდნენ ლურჯი ცის ფონზე, ისე ცქვიტად ეშვებოდნენ ქედზე, გეგონებოდა, ჰაერში მიცურავენო. დედების გვერდით ერთწლიანი ციკნები(ჩეფიჩები) მიკუნტრუშობდნენ, გეგონებოდათ, არენაზე არიან და საჩვენებელ ილეთებს ასრულებენო.
მე ვერა მხედავდნენ. ჩვენ შორის მანძილი 300-400 მ. იქნებოდა. დრო და მანძილი ვერ გამოვთვალე, ამას მივხვდი და ბოთესავით ვიდექი. მერე თავის თავზე გაბრაზებულმა სროლა დავიწყე. აჩქარებული ვისროდი, დამიზნების გარეშე. ვხედავდი, როგორ აყენებდა ტვიები ქვიშაზე ბუქს, აქა-იქ მტვერი ავარდებოდა ხოლმე, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე თავი, მშვიდად, დამიზნებულად მესროლა.
ერთ-ერთი ჩეფიჩი, რომლის წინ ტყვია სიპის ქვას მოხვდა და ცხვირწინ სიპის ნამსხვრევები აუფრიალა, ტიგიდან გადმოხდა და ჩემკენ დაღმართზე დაეშვა. მე მისკენ ვისროლე, მაგრამ ტყვიები გარშემო ხვდებოდა, მტვერს აყენებდა და დამფრთხალი ციკანი კვლავ ჯოგისკენ გაქანდა, ამასობაში ჯოგი თვალს მოეფარა, მე კი გამოლენჩებული ვიდექი და გავყურებდი იმ ადგილს, საიდანაც ჯოგი ჩაეფარა.
გაოგნების მარწუხებისგან გავთავისფულდი თუ არა, დაღმა ფერდობზე გავქანდი და სწრაფად გავნდი გორის კეხთან, გავიხედე იქით, მაგრამ არჩვები არსად ჩანდნენ. ჩამოვჯექი, მწარე სინანულმა შემიპყრო, ლანძღვა დავუწყე ჩემს თავს: რას ეგდე, შე უტვინო, შე ბოთევ, რატომ თავის დროზე არ აეგდე და არ ახვედი მაღლა, ზედ ცხვირწინ წაგივიდა 30-მდე ფსიტი. შენც იტყვი მონაიდრე ვარო, როგორ უნდა შეხედო ამხანაგებს თვალებში…
როცა მიზანში ავაცდენ, ძალიან ცუდ გუნებაზე ვდგები ხოლმე მნიშვნელობა არ აქვს, ნადირს ვესვრი თუ უბრალოდ რაიმე ნიშანს. სხვისა არ ვიცი, მაგრამ მე მთრგუნავს მიზანში აცდენა. ნადავლს ჩემთვის არცთუ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი იყო თავად ნადირობის პროცესი, მაგრამ მონადირემ იმასაც უნდა გაუწიოს ანგარიში, რომ ამხანაგი გენდოდა, რომ მას აქვს ინტერესი ხორცისადმი.
მე ვისროდი AKM-ის სისტემის კალაშნიკოვის ავტომატიდან. ცხადია, ჯერი რომ მიმეშვა, ბევრ არჩვს დავაწვენდი, ეს ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ მე ჩემი შეხედულება მქონდა: ნადირს იმდენი შანსი უნდა ჰქონდეს გადარჩენისა, რამდენიც მონადირეს მისი მოკვლისა. ამიტომ არის, რომ არასოდეს მინადირია ძაღლებით, არასოდეს მიმიღია მონაწილეობა ძაღლებით კოლექტიურ ნადირობაში. ერთხელ ვნახე, როგორ გადაეჩვა ალაზანში ძაღლების დევნილი არაქათგამოცლილი შველი, როგორ მძიმედ სუნთქავდა დაღლილ-დაქანცული და როგორი უმწეო იყო.
ოფლში გახვითქული გელა ამოივდა მაღლა, მძიმედ სუნთქავდა, იმედიანი გამომეტყველება უცბად შეეცვალა, როცა ნირწამხდარი დამინახა.
-რა მოხდა, ვერ მოარტყი ვერც ერთს?- კერ კიდევ იმედის თვალით მიყურებდა.
ვერაფერი ვუპასუხე, მხოლოდ ხელები გავასავსავე.
-საით წავიდნენ?- იკითხა ამხანაგ,ა როცა ყველაფერს მიხვდა.
მე ისევ ვიჯექი ნაშალზე, წარმოუდგომლად ვანიშნე სამხრეტისკენ, კლიანი ბორცვისკენ. ის საჩქაროდ დაეშვა ცერდაცერ, მეც წამოვდექი და უკან გავყევი ძუნძულით. სწრაფად ჩავედით იმ ადგილას, სადაც ჩაეფარნენ. აქ ქედი ორად იყოფოდა: ერთი განშტოება ხევსურეთისკენ, ანდაქის ხეობისკენ ეშვებოდა , მეორე უკანა ფშავისკენ. როცა ქედის მწვერვალს შემოვუარეთ ორივემ ორივე მხრიდან, ჩვენ წინ გადაიშალა უკანა ფშავი, ქედისძირს, არცთუ შორს რამდენიმე სახლი ჩანდა, სოფლის სახელწოდებები არც ერთმა არ ვიცოდით.
მაგრამ არჩვების კვალიც კი არ ჩანდა. თითქოს მიწამ ჩაყლაპა, ისე გაქრნენ. საოცარი იყო ისე სწრაფად როგორ გადაიქროლეს გორები, რომ თვალი ვერ მოვკარით. კი, ვიცოდი, რომ სწრაფად, დიდი ნახტომებით კლდეებზე დაფრინავენ, მაგრამ ასეთი გაუჩინარება ვერ წარმომედგინა.
დაბლა ალხაჯიდან ვისერგიმ დაგვიძახა. სროლის ხმა, ცხადია, ესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა. ქედს გადმოვდექი და ვაცნობე წარუმატებლობა. წავედიო, ამომძახა და თავქვე წავიდა.
მალე გამიარა მარცხით გამოწვეულმა სინანულმა, მონადირე მზად უნდა იყოს წარუმატებლობისთვის, თუ არ გიწერია, ათ ნაბიჯზეც ვერ მოახვედრებ ტყვიას. ამხანაგი კარგი მყავდა, აქეთ მამხნევებდა, ერთი სასაყვედურო სიტყვაც არ დასცდენია. ჩამოვსხედით, დურბინდით შევათვალიერე მოპირდაპირე ალპური ქედი, რომელიც სამხრეისკენ ეშვებოდა მასარის მწვერვალიდან. ეს გორა თითქმის მთლიანად დეკით იყო დაფარული, შიგადაშიგ ტერასები ბალახითა და ქუჩით იყო აჭრელებული. ასეთ ადგილებს ეტანება არჩვი, მით უმეტეს, თუ ნაწილობრივ კლდიანიც არის.
მესამე მონაკვეთის ვზვერავდი, რომ თვალი მოვკარი მუქ სხეულს, რომელიც ოდნავ შეირხა. დავაკვირდი და დავრწმუნდი, რომ მარტოხელა ვაცი იყო.დურბინდი გელას გადავაწოდე და ვუთხარი, რომ დააკვირდებოდა ჟანგისფერი პიტალო კლდის ძირს, დეკიანის ზემოთ. მან დურბინდი გამომართვა და ერთი-ორი წუთის შემდეგ თავი დამიქნია.
გეგმა შევადგინეთ: უნდა ავსულიყავით მაღლა, არჩვის პირდაპირ, შემდეგ დავეშვებოდით დაბლა ხევისკენ, ჩავიდოდით ძირს, სანამ არ აღმოვჩნდებოდით ერთ ხაზზე ჩვენ და ვაცი და მერე დავიწყებდიტ სროლას. ორივე პარალელური ქედის ცერები საკმაოდ იყო დაშორებული ერთმანეთისგა, მაგრამ ძირში ხომ ხევი ვიწროვდებოდა და მოპირდაპირე ფერდები უახლოვდებიან ერთმანეთს. ვაცი არჩვი მოპირდაპირე ქედის ფერდის შუაწელს ქვევით იმყოფებოდა.
დავიწყეთ ჩასვლა, უფრო სწორად ჩაცურება.ნადირი ძალიან შორსაც რომ იყოს, გამართულად მოსიარულე ადამინს ადვილად აღმოაჩენს და მაშინვე გარბის. მოხრილ მდგომარეობაში მოძრაობის დროს არ გარბის, მაგრამ მხედველობის არედან არ უშვებს. თავი აუცილებლად უნდა ჰქონდეს მონადირებს მხრებში ჩარგული, რადგან, არ ვიცი რატომ, არჩვები და სხვა რეული ცხოველიც ცირველ რიგში თავს აკვირდება. ალბათ, ინსტიქტით იციან, რომ ადამიანის თავი ძალზე საშიშია მათთვის.
დაღმართში, თანაც ციცაბო დაღმართში თავჩარგული ჩაღუნული სიარული ძალზე ძნელია, თითქმის შეუძლებელიცაა შეუმჩნევლად დაშვება. ამიტომ პირაღმა დავწექით, ფეხებით წინ დავიწყეთ ჩასრიალება მაღალ ბალახებში. შეუმჩნევლად გავუპირისპირდით, დურბინდში, ჩამავალი მზის სხივებზე ჩანდა გაშლილ ადგილზე მდგომი ვაცი. თანაც გვერდულად იდგა, ხანდახან თავს აწევდა და დაკვირვებით შეათვალიერებდა მიდამოს.
შორს იყო, დაახლოებით 400-450 მეტრი იქნებოდა, შეიძლებოდა მეტიც იყო. სამიძნის შკალაზე 400მ დავაყენეთ და ერთდროულად ვესროლეთ. ერთი კი შეხტა ნადირი ადგილზე, მაგრამ არ დაძრულა ადგილიდან. სროლა განვაახლეთ, მაგრამ სამიზნეს კარგად ვერ ვარჩევდით.
მთაში სიბნელე უეცრად მოდის. ხევის სიღრმეში მზის ჩასვლისთანავე ბნელდება, მთის წვერები ცის ლაჟვარდ ფონზე დაბლა დაიწია, დეკის ბუჩქის ძირში დადგა, აშკარა იყო, პირველივე სროლის დროს დაიჭრა, თორემ მთის მწვერვალისკენ გავარდებოდა. დურბინდში ვხედავდი, თავჩაღუნული იდგა, ფეხსაც კი არ ინაცვლებდა.
ბინდის გამო სროლა ჭირდა. ავტომას სამიზნე კოლოფი მოვხსენი მანათობელი ტყვიები ჩავამატე და სროლა გავაგრძელე. ვხედავდი, როგორ ხვდებდა ტყვიები გარშემო, მაგრამ არჩვი უვნებელი რჩებოდა. მის ახლოს პატარა კორომი იყო, მაანათობელი ტყვიებისგან შეშინებული ამ კორომს შეეფარა.
გელამ ავტომატი გადაიკიდა და ხევისკენ სწრაფად დაეშვა. ლოდებზე გადაირბინა და აღმართს შეუყვა. ფეხმარდი ახალგაზრდა სწრაფად მიიწევდა წინ და ჯერ კიდევ კარგა ვხედავდი, როგორ უახლოვდებოდა კორომს. მერე თვალს მიეფარა და მეც დაბლა ხევში ჩავედი, ლოდზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე.
უკვე ბნელოდა, როცა გელა დაბრუნდა,დაბრუნდა ხელცარიელი, დაღვრემილი.
-ვერ მიაგენი?-ვეკითხები, თუმცა ვიცი, რომ ვერ აღმოაჩინა.
-ვერამ ვერსად ვნახე, თან დაბნელდა კიდეც.
-შორს ვერ წავიდოდა, მგონი სადმე ჩაწვებოდა, ნადირმა ჩინებულად იცის შენიღბვა,- ვეუბნები ამხანაგს, – წავიდეთ მალე მთვარეც ამოვა და გაგვიადვილდება სიარული.
ხევ-ხევ ჩავყევით, ეს ხევი აღმოსავლეთით უხვევდა და მთავარ ხევს უერთდებოდა. გზა არ აგვერეოდა, შეიძლებოდა ღამე სიარული. რა თქმა უნდა, იქვე შეგვეძლო ღამის გათენება. დილით კი მოგვენახა დაჭრილი ვაცი, მაგრამ ჯერ ერთი, ხალვათად გვეცვა და გავციდებოდით,მეორეც სსაჭმელიც არ გვქონდა, მშიერ კაცს კი სიცივე ძვალ-რბილში ატანს.
ბედად მთვარე ამოვიდა და სადღაც ვახშმობის ხანს ავედით ბინაში. მეცხვარეებს მოვუყევით ჩვენი უიღბლო ნადირობის შესახებ.
-ძალიან თარსი დღე შეგხვდათ,- გვეუბნება სარქალი, – თუ იღბალი არ გწყალობს, ტყუილია ყველაფერი.
გავიხსნეთ ხელმოცარვის ბევრი შემთხვევა, შუაღამემდე საუბარში გავატარეთ დრო და დასაძინებლად დავწექით. მაგრამ დიდხანს არ დამეზინა, წინა დღის ყველა წვრილმანი გავიხსენე, გავაანალიზე და ერთი საყურადღებო დასკვნამდე მივედი : აუცილებელია, განსაკუთრებით მთაში, მანძილის აღქმა. უნდა შეძლო, დაახლოებით მაინც განსაზღვრო, რამდენ ხანს მოუნდები გარვკეული მანძილის გავლას. შემდეგ კი ამ თოფის სამიზნე შკალაზე შესაბამისად აღნიშვნა-დაყენება შეძლო.
მეორე დღეს ვისერგი ბარში ბრუნდებოდა და მეც ვერ დავრჩებოდი მეტხანს. მართალია, დრო მქონდა, მაგრამ ფეხით მომიხდებოდა სახლში დაბრუნდება და გადავწყვიტე, ცხენით მემგზავრა. მეორე მიზეზი, რომლემაც განაპირობა ჩემი გამომგზავრება, უნდა გამოვტყდე , იყო მარცხიანი ნადირობა. იმედი დავკარგე, რომ შემდგომი ნადირობა წარმატებული ქინებოდა, მარცხს შევეგუე და გამოვემგზავრე.
გამომგზავრების წინ გელას პირობა ჩამოვართვი, რომ აუცილებლად ასულიყო გუშინდელი, ჩემი ღრმა რწმენით, დაჭრილი არჩვის მოსანახად.
– თუ იმავე ადგილას არის, აუცილებლად მიაგნებ, იქ უკვე ყორნები დასტრიალებენ,ალბათ,თავს. ყოველ შემთხვევაში, ტყის კორომი კარგად დაათვალიერე, სადმე ჩამალული იქნება.
– კარგი, მაგაზე არ იფიქრო, ვიცი, რაც გაწუხებს. თუ მივაგენი, შენ წილს გამოგიგზავნი.
– წილზე არაა საუბარი, შენც კარგად იცი, რამდენად მაინტერესებს ეს. მთავარია, მანადირემ არ დაივიწყოს მთავარი პრინციპი- არ უნდა მიატოვოს სატანჯველად დაჭრილი ნადირი.
როცა ამას ვეუბნები, გელას ჩემი ცხენი აღვირი ეჭირა, მარცხენა ხელით უნაგირს კეხს ჩასჭრიდებოდა, რომ ჩემთვის შეჯდომა გაეადვილებინა. ხელის ჩამორთმევით გამოვემშვიდობე ზრდილობიან ახალგაზრდას.”

ხასო ხანგოშვილი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, პანკისის ხეობა, წიგნი / ნაშრომი.

ანა წერეთელი

View posts by ანა წერეთელი