მონადირის მოგონებები – “იარაღის სიყვარული”

როგორც მოგეხსენებათ, გამოვიდა ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი ,,მონადირის მოგონებები”.

წიგნი სამწუხაროდ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ საიტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამ წიგნიდან თითოეულ მოთხრობას გამოვაქვეყნებთ ჩვენს საიტზე…

იარაღის სიყვარული ბავშვობიდანვე დამყვა. ჯერ კიდევ დაწყებითი სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ხისგან ვაკეთებდი დამბაჩებს, რომელთაც შეეძლო ზიანის მიყენება გარშემო მყოფთათვის. ხისგან გამოვჩორკნიდით ხოლმე დამბაჩას, შემდეგ ხის ლულაზე ვამაგრებდით თოფის გასროლილ მასრას, რომელსაც ფუძის ახლოს, გვერდზე პატარა ნაჩვრეტს ვუკეთებდით, სადაც ვათავსებდით ასანთის ღეროს ისე, რომ მისი თავი ხურავდა ამ ნაჩვრეტს.

დამბაჩის დატენვა შემდეგნაირად ხდებოდა: პირველ რიგში თოფის წამალი ჩაიყრებოდა მასრაში იმ დოზით, რომ მასრაზე გაკეთებულ ნაჩვრეტს ასცილებოდა, წამალი ქაღალდის საცობით(თექის საცობი არც გვენახა) დაიცობოდა, შემდეგ ტყვიის საფანტს ან ჩუგუნის ნამსხვრევებს მოვათავსებდით, ზემოდან კვლავ ქაღალდის საცობი კეთდებოდა და დამბაჩაც მზად იყო სასროლად. გასროლაც არ შეიცავდა სირთულზეს: ნაჩვრეტთან მიმაგრებულ ასანთის ღერს ჩამოჰკრავდი ასანთს, ცეცხლი ნაჩვრეტით თოფის წამალს გადაეცემოდა და დამბაჩაც იგრიალებდა.
ცხადია, ტყვია ან საფანტი შორს არ მიჰქონდა დამბაჩას, რამდენიმე მეტრზე შეეძლო ეფექტი მოეხდინა. მაგრამ ეს იარაღი არ იყო სანდო, ხშირად მასრა სკდებოდა, ან უკუცემის დროს სწყდებოდა ხეს და საშიშროებას წარმოადგენდა, პირადად ხელები მქონდა ხოლმე დაუმწვარი დენთით აჭრელებული.

მიუხედავად ამისა, ათასნაირ ხერხს მივმართავდით ხოლმე ბავშვები დამბაჩის თუ მსგავსად შეკოწიწებული თოფის გასამართად. იმ პერიოდში(მე-20 ს. 50-იანი წლები) სოფელში ჯერ კიდევ იშოვებოდა მწყობრიდან გამოსული კაჟიანი თოფებისა და დამბაჩების ლულები, რომელთა გამოყენებით ვცდილობდით შეგვექმნა იარაღი.
ჩემი იარაღით დაინტერესება შენიშნული ჰქონდათ არა მარტო მშობლებსა და და-ძმებს, არამედ მეზობლებსა, ბევრი მიშლიდა, უმთავრესად ქალები, მაგრამ მამაკაცები მხოლოდ შენიშვნით, სიფრთხილის დაცვისკენ მოწოდებით კმაყოფილდებოდნენ. უფროსი ძმა ალექსი იარაღის მოყვარული იყო დ არ მიშლიდა იარაღობანას, პირიქით, მეხმარებოდა კიდეც.
მე-4 კლასში ვსწავლობდი, როცა ალექსი ციხიდან გათავისუფლდა. ბიძაშვილისთვის ქალის მოტაცებაში მონაწილეობდა და ოთხსი წელი მიუსაჯეს. ერთხელაც, როცა აიავანზე ვიჯექი და დამბაჩის ასაწყობად ვჯახირობდი, გვერდზე ჩამიარა, მერე შეჩერდა, ჩაიმუხლა, გამომართვა ხის დამბაჩა და შეათვალიერა.

მერე დაკვირვებით შემომხედა. უფროს ძმას ვაღმერთებდი და შიშით შევცქეროდი, მეშინოდა, არ ამიკრძალოს შემოქმედებითი საქმიანობა-მეთქი. მან კი მშვიდად მითხრა:
-აბა ერთი წამომყევი, რაღაც მეგულება შენთვის.
მაშინვე წამოვხტი და გავყევი. ორსართულიანი სახლი გვქონდა მაშინ, იმერლების მიერ 1936 წელს აშენებული, დაბლა ქვითკირის სართული იყო, მაღლა კი ცაცხვის ფიცრული ოდები, გარშემო აივნებით. აღმოსავლეთის აივანი აგურით იყო ამოშენებული და პატარა ოთახი იყო მოწყობილი, ჩრდილო კედელთან ბუხარი იყო მიშენებული. ამ ოთახს არ ვხმარობდით.
ალექსი შევიდა ამ ოთახში, პირდაპირ ბუხრისკენ გაემართა, ხელი შეჰყო საკვამურში, კარგა ხანს აფათურა და შემდეგ კმაყოფილი სახით შემომხედა. მან ბუხრიდან ჩვრებში შეფუთული, მჭვარტლით დაფარული რაღაც საგანი გამოიტანა.
ინტერესით შევყურებდი, ცახცახმა ამიტანა, ვგრძნობდი, რომ რაღაც საოცრება უნდა მომხდარიყო. არ ვიცოდი, რა იდო ამ ჩვრებში, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რაღაც არაჩვეულებრივი რამ უნდა ყოფილიყო. ამას მახვედრებდა ალექსის იდუმალებით მოცული სახე, რომელზედაც ღიმილი და რაღაც მოგონებები იხატებოდა.
ალექსანდრემ გადაფერთხა მჭვარტლი, ფრთხილად შემოაცალა ჩვრები, მერე სუფთად შენახული მატერია და გამოჩნდა დოლიანი რევოლვერი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში იდო ბუხარში, მაგრამ არ დაჟანგულიყო და შავი ფერი არ დაეკარგა.
საოცრად ლამაზი იარაღი იყო, იმ სისტემის იარაღი შემდეგშიც კი, როცა თითქმის ყველა სახის(იმ დროს პანკისში არსებული) იარაღთან მქონია საქმე, არ შემხვედრია. დიდი ზომის არ იყო, დაახლოებით დოლურიანი ნაგანის სისტემის რევოლვერს ჰგავდა, მაგრამ მათ შორის განსხვავებაც იყო: ნაგანს გლუვი ლულა აქვს, მას კი კურთხვილი ლულა ამშვენებდა.

დოლურიც ნაგანისგან განსხვავებით ექვსვაზნიანი იყო, თანაც საკმაოდ მსხვილი კალიბრის, რუსული შაშხანის ვაზნა თავსდებოდა, ოღონდ მასრა შევიწროების ადგილას უნდა გადაჭრილიყო და ფუძესთან, სადაც ყველაზე ფართოა, ცოტათი გადაქლიბვა იყო საჭირო. დოლურიც ლამაზი იყო, ტარი ჩუქურთმებით დამშვენებული ხით იყო მოპირკეთებული.
ერთი სიტყვით, მზეთუნახავი იყო. პირდაღებული ვუყურებდი ამ საოცრებას. ალექსიმ დოლური გადახსნა, ექვსივე ვაზნა გასროლილი იყო, მასრები შიგ დოლურში ჩაჭედილიყო, ვერაფრით შეძლო ამოღება, მომაწოდა და მითხრა:
– აი, შენ, ნამდვილი იარაღი, დღეიდან შენია, მაგრამ ფრთხილად ატარე, გარეთ არ გაიტანო და მეორედ არ ამომაყოფინო ციხეში თავი. და კიდევ – არასოდეს დაუმიზნო იარაღი გარშემომყოფთ არც დატენილი და არც დაუტენავი. ეს არის პირველი წესი იარაღთან მოპყრობისა, ეს კარგად დაიხსომე.
ბედნიერებისგან ხმა ვერ ამოვიღე, გამოვართვი რევოლვერი და თვალცრემლიანი დავყურებდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ლამაზი იარაღი ჩემი იყო, ვათვალიერებდი და უსასრულოდ შემეძლო მისი ცქერა. ადრეც, როცა წამოვიაზარდე მაშინაც და ახლაც კარგ მეიარაღედ ვთვლი თავს, ახლაც სიყვარულით ვიხსენებ ჩემს პირველ ნამდვილ იარაღს. კარგად არც მახსოვს, რომელი სისტემისა და რომელი ქვეყნის გამოშვება იყო.

ალბათ, უფრო კოლტის ან სმიტ-ვენსონის ტიპისა, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვი. ცხადია, ძველი გამოშვების იარაღი იყო, მაგრამ ნახევრად ავტომატური, თითს გამოსწევდი, დოლური ტრიალებდა და დამცემი ჩახმახი მომდევნო ვაზნას ეცემოდა. კოლტის სისტემის ძველი გამოშვების რევოლვერის ჩახმახის ფეხზე შეყენება და დოლურის ტრიალი ცერის საშუალებით ხდებოდა. ჩემი ექვსვაზნიანი რევოლვერი კი გაუმჯობესებული იყო, თანაც დატენის დროს დოლური ბუდიდან გვერდზე კი არ ინაცვლებდა, დოლურის გვერდიდან დამცველი იხსნებოდა, ატრიალებდი დოლურს და ისე ტენიდი.
ერთი სიტყვით, დიდებული იარაღი იყო. ხმარების წესები ძმამ ამიხსნა, აგრეთვე ამიხსნა, თუ როგორ უნდა დამეტენა ვაზნები. უცბად ისევ წავიდა ბუხრისკენ, ისევ აფათურა კარგა ხანს ხელი საკვამურში, კვლავ მომცრო ფუთა გამოიღო და გახსნა. მასში ხის პატარა კოლოფი იყო, საიდანაც ჩემი ლევორვერის ყალიბის გადაჭრილი მასრები, მთლიანი ვაზნები და მრგვალი ტყვიები ამოიღო.

თან ამიხსნა, როგორ დამემზადებინა ვაზნები და მარტო დამტოვა ჩემს სიმდიდრესთან ერთად.
ის დღე იყო და დამთავრდა კიდეც ჩემი ბავშვური თამაშობები ხის იარაღებთან, თუმცა მშვილდ-ისარი და “რაგატკა” კიდევ კარგა ხანს დარჩა ჩემს არსენალში. ახლა უკვე მოზრდილ მეზობელ ბიჭებთან მქონდა მეგობრობა. რევოლვერის წყალობით მათ თავიანთ წრეში მიმიღეს.
მეორე ფაქტორი, რომელმაც ასაკით უფროს მონადირეებთან დამაკავშირა, იყო ორლულიანი, 16 კალიბრიანი სანადირო თოფი, რომელიც ალექსის აჩუქა ზემო მაჩხაანელმა ციხის მეგობარმა რამან ტოკლიკაშვილმა. ის ჩემს ძმასთან ერთად იმ სამეულში შედიოდა, რომელთაც მოახდინეს ხირსის პატიმართა ბანაკში ორგანიზებული სისხლიანი ამბოხი ქურდების წინააღმდეგ, რასაც რამდენიმე ქურდის სიცოცხლე შეეწირა.
თოფი ღილაკიანი(“კნოპკიანი”) დამცველის მქონე იყო და დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა. თოფის გამხსნელ-დამკეტი სახელურის უკან მოთავსებული იყო ღილაკი, რომლის ცერა თითით წინ წაწევის შემდეგ დამცველი იხსნებოდა და სროლისთვის მზად იყო. ხშირ შემთხვევაში, უყურადღებობით, ღილაკის გადაადგილება შეუმჩნეველი რჩებოდა.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ფრინველს ეპარები, მოხსნი დამცველს, მაგრამ ამ დროს თუ ფრინველი სხვა ტოტზე გადაფრინდა, აზარტში შესულ მონადირეს ავიწყდება დამცველის უკან გადმოწევა, კვლავ ეპარება და ამ დროს გაუფრთხილებლობით შეიძლება თოფი გავარდეს. ჩახმახიანი ორლულიანი თოფი უფრო საიმედოა, ჩახმახს მოზიდავ ცერით, ფეხზე დააყენებ და ნათლად ჩანს თოფის საბრძოლო მდგომარეობა..
ამიტომ იყო, რომ ამ თოფს მარტოს არ მატანდენენ, მაგრამ მე ყოველთვის ვახერხებდი მისით სარგებლობას. ბოლოს და ბოლოს, ნება დამრთეს, თავისუფლად მეტარებინა. იმ პერიოდში(გასული საუკუნის 50-იანი წლები) მზა ვაზნები(ქარხნული) იშვიათობა იყო, რეგიონებში მათ არც ხმარობდნენ, თითბრის მასრები, ამფეთქებლები(“ფისტონი”), თოფის წამალი და საფანტი იყიდებოდა და თავად ვამზადებდით ვაზნებს. ცხადია, თოფის წამლის საზომი, თექის საცობები და ვაზნის დამზადებისათვის საჭირო ხელსაწყოები არ გაგვაჩნდა, მათი შეძენისათვის ფულიც არ გვქონდა, მაგრამ ბიჭები ვარაუდით, თვალზომით ვტენიდით მასრებს და ვნადირობდით ფრინველებზე.
ხშირად, როცა ტყვიის საფანტი არ გვქონდა, ჩუგუნის გადაგდებულ ქვაბებს ვპოულობდით, ქვით ვამსხვრევდით წვრილ ნაწილაკებად და საფანტის მაგივრად ვიყენებდით. სხვათა შორის, ჩუგუნის “საფანტი” ძალიან ეფექტური იყო, განსაკუთრებით ბეღურების გუნდს რომ ვესროდით ხოლმე. მაგრამ თოფს აფუჭებდა, ლულას ხაზავდა, რომელიც ხშირი წმენდის მიუხედავად იჟანგებოდა. მაშინ თოფის ლულები მოკალული არ იყო.
ტყვიას ასე თუ ისე ვშოულობდით, ვადნობდით, წითელ მიწაში გაკეთებულ ყალიბებში ვასხამდით და საჭირო ფორმის მსხვილ თუ წვრილ საფანტს, საჭირო ყალიბის მსხვილ ტყვიას(“ჟაკანს”) ვამზადებდით.
აღნიშნულ პერიოდში, ქისტებში, ნიშანში სროლა ძალიან პოპულარული იყო. ახალგაზრდობა იკრიბებოდა და ვისაც ჰქონდა, საკუთარი თოფიდან ისროდა. დიდი გნიასი და ხმაური იდგა, მაგრამ, როცა რომელიმე თოფს დაუმიზნებდა, სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდებოდა ხოლმე. როგროც კი თოფი გავარდებოდა, ყველა სანიშნისკენ გარბოდა, ატყდებოდა ერთი აურზაური, მოწონების შეძახილები ან დამცინავი ხორხოცი. ბოლოს მსროლელიც მივარდებოდა და თუ ააცდენდა, დაღვრემილი განზე გადგებოდა.
ყოველტვის მაოცებდა, რატომ განიცდიდნენ ასე მძიმედ ქისტები სროლაში მარცხს. მათთვის ნამდივლად დიდი ტრამვა იყო ნიშანში სროლის დროს დამარცხება, ეს სათაკილოდ მიაჩნდათ და ვარჯიშში უამრავ ტყვია-წამალს ხარჯავდნენ, რათა მარჯვე სროლაში დახელოვნებულიყვნენ. ანდაზად იყო ქცეული, რომ ერთმა ჯოყოლოელმა კაცმა საკუთარ ეზოში მდგომი მუხა წააქცია ნიშანში გამუდმებული სროლის შედეგადო.

მე ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა, რადგან გრძელი რუსული შაშხანა განსაზღვურლ მანძილზე მორჩილ წიფელს ხვრეტს. მართლაც, ძალიან უსიამოვნო გრძნობას განიცდი, როცა მიზანს ააცდენ. რამდენიმე მარცხს რომ პირდაპირ წონასწორობიდან გამოჰყავს კაცი, მწარე სინანულის გრძნობა დიდხანს გასდევს მონადირეს.
რა თქმა უნდა, აღნიშნულ შეჯიბრში მეც ვიღებდი მონაწილეობას. სოფლის განაპირას, ალაზნის მხარეს, ჩვენი სახლიდან ჩრდილოეთით 200-მდე მეტრის დაშორებით იდგა მამაჩემის აშენებული ახალთახალი წისქვილი. წისქვილი გაფორმებული იყო შუა ხალაწნის კოლმეურნეობის სახელზე, მაგრამ მამაჩემის საკუთრება იყო, მეწისქვილე ჰყავდა დაყენებული და ამუშავებდა.

შემდეგ უჩივლეს და ჩამოართვეს. უდგა ასე მიტოვებული ეს წისქვილი და კარგი სამიზნე იყო მსროლელთათვის. ფიცრებზე ცარცით ან ნახშირით წრეს შემოვხაზავდით და ვესროდით. თითქმის მთლიანად დაცხრილული აღმოსავლეთის ფიცრული კედელი, ხელის დადების ადგილიც კი არ იყო ნატყიარის გარეშე, ექვსსანტიმეტრიანი ფიცრები სხვადასხვა ყალიბის ტყვიით იყო დაჩვრეტილი.
მართალია, ასეთი სახის სროლებში კარგად გავიწაფე, მაგრამ ერთი ნაკლიც გამომყვა, რაც დიდი მინუსია მონადირისთვის. ვერაფრით შევძელი შემდეგში მოძრავ მიზანში სროლის ტექნიკის ათვისება. ისე შევეჩვიე უზრავ მიზანში სროლას, რომ ძალიან გამიჭირდა ამ სფეროდან გამოსვლა.

როცა წამოვიზრდე, დავდიოდი მწყერზე, ქედნებზე სანადიროდმ რამდენი ვაზნა დამიწვავს, მაგრამ ვერ მივაღწიე სასურველ შედეგს. მთაში ნადირობის დროს ხშირად უწევს მონადირეს სწრაფად რეაგირება, თითქმის დაუმიზნებლად, ინტუიციით სროლა გაფრენილი ნადირისათვის. აქ წამებზეა დამოკიდებული წარმატება, სწრაფ რეაქციას მოითხოვს და გაქცეულ, ნახტომებით მფრინავ არჩვს უნდა მიაყოლო ტყვია.
ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იარაღზე – თოფს კარგად უნდა იცნობდეს მონადირე, უნდა იცოდეს, რომელ ნადირზე რა სახის თოფით უნდა ინადირო. საკუთარი თოფი მონაიდრეს უნდა ჰქონდეს შემოწმებული, ნიშანში სროლით უნდა დაადგინოს, საით იწევს ტყვია და ამის მიხედვით უნდა გაასწოროს სამიზნე. ძველი გამოშვების შაშხანებსა და უხაზო საფანტიან თოფებს ვერ გაასწორებ,მაგრამ გეცოდინება, სროლის დროს საით უნდა დაუმიზნო ნადირს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილმდებარეობას.

მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში ბარში ვერტიკალურად მაღლა სროლის დროს ტყვია ზუსტად მიდის, ვიდრე ჰორიზონტალურად. ვფიქრობ, ეს გამოწვეული უნდა იყოს ტყვიის ტრაექტორიაზე. როცა ჰორიზონტალურად მიქრის ტყვია, გაივლის რკალისებრ ტრაექტორიას თუ თოფზე არ არის დამონტაჟებული მარეგულირებელი სამიზნე, ძნელია ზუსტი სროლა. როცა ვერტიკალურად მიქრის ტყვია, ტრაექტორიის მრუდე მცირეა, მერე რაც უფრო მაღლა მიდის, ჰაერი გაიშვიათებულია და წინააღმდეგობაც ნაკლებია.
ეს განსაკუთრებით შეინიშნება მთაში, როცა 2000 მეტრზე (ზღვის დონიდან) იმყოფება მონადირე. ასეთ სიმაღლეზე ჰაერი გაიშვიათებულია, ტყვიისადმი წინააღმდეგობა ნაკლებია და სროლაც ზუსტია, მაგრამ აქაც არ იცი, რა ადგილიდან მოგიწევს სროლა, რა კუთხით ისვრი, ხევში ხარ, კლდეებში თუ გაშლილ მინდორზე. ერთი სიტყვით, ყველაფერი დამოკიდებულია მონადირის პროფესიონალიზმზე, იარაღის გამართულობაზე.
როგორც აღვნიშნე, იარაღი ბავშვობიდან მიტაცებდა. ჩემი ოცნება იყო, მქონოდა შაშხანა(“ვინტოვკა”) და პისტოლეტი “ტეტე”. ეს ორი იარაღი მიმაჩნდა იარაღების ეტალოდანდა დღესაც ასე ვფიქრობ. მონადირისთვის ყველაზე კარგი მუსიკა თოფის ჭახანია და ყველაზე სასიამოვნო სუნი დენთის “სურნელია”. ხოლო “ვინტოვკისა” და “ტეტეს” გაგრძელებულ გრიალს არც ერთი იარაღის ხმა არ შეედრება.
სკოლაში სამხედრო გაკვეთილები გვიტარდებოდა. სამხედროს გვასწავლიდამეორე მსოფლიო ომის მონაწილე წინუბნელი ვალოდია ნანიევი, რომელსაც მოსწავლეები “პიტის” ვეძახდით, ცხადია, ზურგს უკან. თოფის ყალიბების ახსნისას ხშირად ხმარობდა რუსულ სიტყვსა “პიატის” ფორმა “პიტი”-ს და აქედან დაარქვეს “პიტი”. თავისი საქმე კარგად იცოდა, ბუნებითაც კარგი კაცი იყო და გულმოდგინედ ვსწავლობდით მის გაკვეთილებს, განსაკუთრებით მე და ჩემი სულიერი მეგობარი ნადირობაში დაუდა მარგოშვილი.
კლასში საუკეთესოები ვიყავით “ვინტოვკისა” და “პეპეშას” სისტემის მრგვალკოლოფიანი ავტომატის დაშლა-აწყობაში. მასწავლებელ ვალოდიას გაკვეთილები ჩვენთვის დიდი სიამოვნება იყო, განსაკუთრებით ის გაკვეთილები, რომელთა დროსაც სამხედრო კაბინეტიდან გამოგვქონდა ირაღი და კლასში ვსწავლობდით შაშხანის ნაწილებს, მათ დანიშნულებას, დაშლას, აწყობას, გაწმენდასა და შენახვის წესებს.
როცა მე-10 კლასში გადავედით, თანდათან მომწიფდა იდეა სკოლიდან იარაღის მოპარვისა. ეს იდეა ჩემს გახურებულ თავშიც დაიბადა და გავანდე ჩემს მეგობარს. დაუდა და მე თითქმის მთელი დღეები ერთად ვიყავით, ზაფხულ-ზამთარ ერთად ვნადირობდით ფრინველებზე, ტყვია-წამალას ერთად ვამზადებდით და იარაღზეც ერთად ვჩხირკედელაობდით. კიდევ ერთი რამ გვაკავშირებდა – ძალიან გვიყვარდა წიგნები, მხატვრული ლიტერატურის კითხვას ვიყავით გადაყოლილები.
დაუდა სიფრთხილით შეხვდა ჩემს იდეას, მაგრამ ისეთი თავდაჯერებული ვიყავი წარმატებაში, რომ შევძელი მოყოყმანე მეგობრის დაყოლიება და დეტალურად გავაცანი ჩემი გეგმა. იარაღის სათავსო მდებარეობდა სკოლის დერეფნის სამხრეთ ბოლოში, აღმოსავლეთის მხარეს. ეტყობა, ადრე აქ კარი გადიოდა ეზოში, შემდეგ ამოაშენეს ალიზის აგურით და მოპირდაპირე კედელს მოაშენეს ორი საკლასო ოთახი. იარაღის საცავის კარები დერეფანში გამოდიოდა, საცავს ოთახი არც ეთქმოდა, ვიწრო საკანივით იყო.

კარებს გააღებდი და პირდაპირ ალიზით ამოშენებულ კედელთან იდგა შაშხანის მისაყუდებელი ხის კარკასი და ჩამწკრივებული იყო შაშხანები, ორი კარაბინი და ორიც “პეპეშას” სისტემის ავტომატი. გვერდით კუთხეში ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები, სამოსწავლო ვაზნები, აირწინაღები და სხვა სახმხედრო აღჭურვილობა ელაგა.

ჩემი გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: დღისით, გაკვეთილების შემდეგ, საკლასო ოთახის ერთ ფანჯარას დაუკედავად დავტოვებდით, უბრალოდ მიხურული იქნებოდა და გარედან მიწოლით შიგნით გაიღებოდა, ღამე, ასე 12 საათის შემდეგ გადავძვრებოდით ფანჯრიდან, გადავწევდით დაფას, რომელიც ალიზით ამოშენებულ კედელთან იდგა და ნაჯახით დავშლიდით ალიზის აგურებს. მთავარი იყო ერთი აგურის გამოღება, დანარჩენს, ორს თუ სამს, ადვილად გამოვიღებდით.

შემდეგ ხელის შეყოფა და შაშხანების გამოღება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ჩამოშლილ აგურის ნაშალს ტომარაში მოვათავსებდით, ჩვრით იატაკს მოვასუფთავებდით, დაფას თავის ადგილზე დავაბრუნებდით და ფანჯრიდან გადმოვიპარებოდით.
ყარაული საშიშროებებას არ წარმოადგენდა, რადგან მას სამასწავლებლოში ეძინა. იარაღის საცავის გატეხვის ამბავსაც გვიან გაიგებდნენ, მეორე ორშაბათს, ვინაიდან კვირაში ერთი გაკვეთილი გვქონდა. ასე რომ ჩვენ არხეინად შეგვეძლო შაშხანების დამალვა და ლოდინი, როგორ ჩაივლიდა ძიება.
კარგი გეგმა იყო, ჩვენზე, მოსწავლეებზე, აბა, ვინ იფიქრებდა, ასეთი დონის ქურდობა შეუძლიათო.
ყველაფერი გათვლილი გვქონდა. შაშხანებს ლულაზე, ვაზნების ბუდეზე სხვადასხვა ყალიბის ბურღით ერთი ნაჩვრეტი იყო გაკეთებული.

ამ ნაჩვრეტში ბაბიტის გამდნარ ტყვიას ჩავასხამდით, ვაზნა წინასწარ ექნებოდა პირში მიცემული, რომ გამდნარ ტყვიას დაბლა არ ჩაეღწია. რადგან გაბურღული იყო, ტყვია გვერდით ხაზებშიც შეაღწევდა და მკვიდრად შეავსებდა ხვრელს. შემდეგ სალტეს შემოვაჭდობდით და თოფი მზადყოფნაში იქნებოდა სამოქმედოდ.
ზოგიერთ ჩახმახს ვაზნის ფფისტონზე დასაცემი ნემსა გადაჭრილი ჰქონდა, მაგრამ არა ყველას. ზოგი შაშხანა ახალი იყო, ზოგიერთი საკმაოდ გაცვეთილი. ამიტომ შევარჩიეთ ორი ახალი შაშხანა, ჩახმახები სრული ნემსათი ავაწყვეთ და წინასწარ დავაწყვეთ სადგომზე იმ ადგილას, სადაც ვაპირებდით ხვრელის გაკეთებას, ეს ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, როგორც წარჩინებულ მოსწავლეებს, მასწავლებელი გვავალებდა იარაღის გამოტანასა და დაწყობას.
ერთი სიტყვით, კარგად შემუშავებული გეგმა იყო და მის წარმატებით შესრულებაში ეჭვი არ მეპარებოდა.
ღამე დათქმული იყო, ყველაფერი მომზადებული. სადღაც შუაღამისას წამოვდექი ლოგინიდან, ძველმანები ჩავიცვი, ტომარაში ჩავდე ნაჯახი და სატეხიი და მივადექი დაუდას სახლს. დათქმულ ნიშანზე ჩემიი მეგობარი ზლაზვნით გამოვიდა და როგორც კი შევხედე, გულმა რეჩხი მიყო.
-წავედით, დაუდ, დროა, საქმეს შევუდგეთ.
-დიდი ბოდიში, მაგრამ გადავიფიქრე, ვერ წამოვალ.
– როგორ თუ ვერ წამოხვალ, რას ამბობ, რამ შეგაშინა?- მღელვარებას ვერ ვფარავდი..
-შიში რა შუაშია, ყველაფერი ავწონ-დავწორნე, სარისკო საქმეა, გასკდება და დავიღუპენი.
-როგორ თუ დაიღუპები? მეც შენთან არ ვარ? საქმეში ხომ ერთად ვართ, თუ ჩავარდა საქმე, ორივე ვაგებთ პასუხს.
ვცდილობდ, დავარწმუნო, მაგრამ ძლიერ ვარ შეშფოთებული, ვიცი,ჯიუტი ხასიათი აქვს, თუ ერთი გადათქვა, ძნელია მისი დაყოლიება.
-შენი საქმე სულ სხვაა,- ორჭოფულად ამბობს, ვერ ვხვდები, საით უმიზნებს, მე ვგრძნობს, რომ ამდენი ხსნის ნალოლიავები ოცნება მემსხვრევა, საათივით აწყობილი გეგმა მეშლება. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ვეუბნები, თუ ჩავარდა გეგმა, ყველაფერს ჩემს თავზე ავიღებ და ა.შ.
-შენ ჯერ პატარა ხარ, ხასოა(ორიოდე წლით დიდი იყო ჩემზე), შენ ჯერ არ ყოფილხარ მილიციაში დაკითხვაზე და არც კამერაში მჯდარხარ. ჩემს ოჯახს აქვს ამის გამოცდილება. შენც იცი, აბრაგების შენახვის გამო რამდენჯერ ააწიოკეს ჩვენი ოჯახი, ოჯახის წევრები დაჭერილები იყვნენ, ეჭვს მაშინვე ჩემზე მიიტანენ, შავ სიაში ვართ ყველანი შეტანილები, კაცი, ქალი, ბავშვი, შენ რა გიჭირს, ძმები გყავს, ახმეტაში ხელისუფლებას იცნობემ, მაგარი ბიძა გყავს, გამოგიყვანენ.
შემდეგ, როცა ყველაფერი ავწონ-დავწონე, მივხვდი, რომ მართალი იყო. მაგრამ იმ ღამეს არაფრის დაჯერება არ მინდოდა, ვფიქრობდი, რომ მიღალატა და ძლიერ დამწუხრებული დავბრუნდი სახლში. გეგმა ჩაიშალა, სხვას უკვე ვეღარ გავანდობდი. უფროსებისგან გაგონილი მქონდა – თუ სამმა იცის, ქვეყანამ იცის – და ხელი ავიღე ამ საქმეზე.
გავიდა წლები და სანადიროდ მიმავალს შემხვდა კაცი, რომელსაც სამოსწავლო “ვინტოვკა” ჰქონდა, ნაჩვრეტი კი შედუღებული, მაგრამ ამაზე შემდეგ…
მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ განვიცადე ასეთი საგულდაგულოდ და, ჩემი აზრით, უნაკლო გეგმის განუხორციელებლობა, დაუდთან მეგობრობა არ შემიწყვეტია. მით უმეტეს, როცა მეორე თუ მესამე დღეს დაუდმა დამაჯერებლად ამიხსნა, რომ იარარის გატეცების საიდუმლო ადრე თუ გვიან გამჟღავნდებოდა.
-მომისმინე, ამხანაგო(“ლადუაღალ ნაყუასთ”), თოფებს მე და შენ მიწაში ხომ ვერ ჩავმარხავდით, ოქრო რომ არ არის. სანადიროდ ხომ ოდემსე გავიტანდით და ბევრი თუ არა, ცოტა მაინც მიხვდებოდა, რომ სამოსწავლო თოფები იყო, ხალხში გავრცელდებოდა ხმა მოპარული თოფების შესახებ და მილიციონერების ყურამდეც მივიდოდა, დამიჯერე, სწორად მოვიქეცით, რომ არ გავტეხეთ პიტის კაბინეტი.
მე ვერ დავეთანხმე, ჯე კიდევ ცხელ გულზე ბოღმა მაწვებოდა, მაგრამ წლების გასვლის შემდეგ, როცა სიყმაწვილემ ჩიაარა და დინჯი აზროვნების დრო დადგა, მივხვდი, რომ დაუდა მართალი იყო და ჩემზე ჭკვიანიც. დღევანდელი გადასახედიდან მადლობასაც ვწირავ უფალს, რომ სწორედ ასე დამთავრდა ეს ჩვენი ყმაწვილური ავანტიურა, თორემ მთელი ცხოვრება რაღაც ხინჯად გამყვებოდა.
მაგრამ იარაღი ძალიან მიყვარდა და ეს არცთუ სასიქადულო გატაცება მთელი ცხოვრების მანძილზე გამომყვა. იშვიათად ყოფილა პერიოდი, როცა იარაღი არ მქონდა, ხან საკუთარი მქონდა, ხან ძმების თუ ნათესავების იარაღს დავატარებდი, უმთავრესად პატარა, ჯიიბის იარაღს, პისტოლეტს ან ნაგანს. ცუდი ჩვევაა, ძალიან ცუდი, რაღაც აზარტულ გატაცებას ჰგავს, თითქოს ხელს შეზრდიაო, ისე გიდევს მუდამ ხელი იარაღზე.

მით უმეტეს, თუ სმა-ქეიფიც გიყვარს, სიმთვრალეში კაცი დიდ გულზეა, თუ იარაღიც წელზე არტყია, თავი ყარამან ყანთელი ჰგონია და ფათერაკიც ახლოსაა. იარაღს სიფრთხილე უყვარს, რომ იტყვიან, წელიწადში ერთხელ ეშმაკიც ტენის მას ერთხელაც თითსაც გამოჰკრავს სასხლეტს.
ერთი ცუდი ჩვეულება დამჩემდა: ქორწილებში და დღეობებში სროლა მიყვარდა, ქორწილში უიარაღოდ როგორ წავიდოდი- ხალხმრავალ ადგილებში იარაღის ტარება სახიფათოა, ყოველთვის მსაყვედურებდნენ უფროსები ამ ამავნე ჩვევის გამო, მაგრამ სიცილით ვამბობდი ხოლმე :
– იარაღთან ვარ შეზრდილი, კარგად მაქვს ათვისებული ხმარების წესები.
მაგრამ ასეთი ტრაბახი და თავდაჯერებულობა სიკეთეს არ მოიტანს და რამდენიმე შეცდომა დავუშვი. ღმერთმა შემიწყალა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ მივხვდი რომ კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანდა. საბოლოოდ შევეშვი იარაღის წარამარა ტარებასა და ტრიალს.
ძმისწულის ქორწილი იყო. მაყრიონი წავედით პატარძლის მოსაყვანად. პატარძალიც ჩვენი სოფლელი იყო, ა.გუმაშვილის ოჯახში კარგი სუფრა იყო გაშლილი და ქეიფი გაჩაღდა. უფროს ძმისწულს ვუთხარი:
– წადი, ჩემი მანქანის “ბარდაჩოკში” პისტოლეტი დევს, წამოიღე და როცა ვიცეკვებ, ისროლე და მერე ისევ თავის ადგილას მოათავსე. მართლაც, ცეკვის დროს გაისმა “ტეტეს” გაბმული სასიამოვნო მჭახე ხმა და და გონებაში გავიაზრე, რომ გავარდა ორჯერ თუ სამჯერ.
როცა პატარძალი გარეთ გამოვიყვანეთ “ტეტე” დავცხე. ჩახმახი უკან წამოვიდოდა და გაჩერდა. ეს პოზიცია მაშინ დგება როცა სავაზნე დაიცლება და სავაზნის ენა, რომელიც ვაზნას მაღლა წევს, ჩახმახს აჩერებს. როცა მანქანაში დავჯექი საჭის ქვეშ ჩავწიე ხელები, ფეხები განზე გავწიე ყოველი შემთხვევისათვის, მარცხენა ხილის გული ვკარი გამოწეულ ჩახმახს, შევაცურე ბუდეში და დავაცემინე. იგრიალა”ტეტემ”.

ქალიშვილებმა, რომლებიც უკვე მოთავსდნენ მანქანაში, წამოიკივლეს,- მანქანაში ნუ ისვრიო. სახტად დავრჩი, შევცბუნდი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე, ნაძალადევად გავიცინე და ყასიდად დავაყოლე:
– ეშხიც სწორედ მანქანაში სროლაში მდგომარეობს. დავძარი მანქანა და გვერდით მდგომ ხალხში ერთმა ქალმა დაიძახა:
-ბავშვს პისტოლეტი ესროლე და მიდიხარ?
გაოცებული შევხედე და დავინახე მის გვერდით მდგომი 10-12 წლის ქერა ბიჭი, რომელსაც მუცელზე ხელები მიეჭირა და ტიროდა. მაშინვე გვერდზე მივაყენე მანქანა და გადმოვხტი. ერთდროულად მივიჭერით ბიჭთან მე და ქირურგი შერიფა, ჩემი მეგობარი, რომელიც გვერდით მეჯდა, წავავლეთ ხელი ბავშვს და შევცვივდით ჩემი დეიდაშვილის ახიადას ეზოში.
შუშაბანდის კარი ღია იყო, შევედით და იქვე საწოლეზე შერიფმა წამოაწვინა, უფრო სწორედ, მიაგდო ბიჭი და წამოუწია პერანგი. ბიჭს წითელი ზოლი გასდევდა მთელი მუცლის გაყოლებით, ჰორიზონტალურად. მეგობარმა უხმოდ შემოხედა, თავი გააქნია, ბავშვი წამოაყენა, დააამშვიდა არაფერი გჭირსო და გარეთ გავიდა.
ნირწამხდარი ვიყავი, ვგრძნობდი, რომ დიდ უბედურებას გადავურჩი, ბიჭს ვუთხარი, ახლავე დავბრუნდები და მნაქანისკენ წავყევი მეგობარს. პატარძლის სახლში მიყვანის შემდეგ სწრაფად მოვბრუნდი, ბავშვის მშობელი ვნახე, ავუხსენი, რაც მოხდა და ბავშვთან ერთად ავედით ძმის სახლში, სადაც დიდი ზარ-ზეიმი იყო. მაგრამ ჩემთვის უკვე დამთავრდა ქორწილი, არ იყო სიხარული, ყველაფერი ჩამიმწარდა.
როცა “ტეტეს” ჩახმახი ბუდეში არ შეცურდა და უკუცემის მომენტში გაჩერდა, მე ვიფიქრე, როგროც ზემოთ აღვნიშნე,ვაზნებისგან სავაზნე კოლოფი დაიცალა, მაგრამ თურმე ბოლო ვაზნა ლულის სავაზნე ბუდეში გაიჭედა და მან შეაჩერა საკეტი. როცა მე მარცხენა ხელის გული ვკარი ჩახმახზე, რადტყმის შედეგად გაჭედილი ვაზნა ლულაში შეცურდა და “ტეტე” საბრძოლო მდგომარეობაში დადგა. მე რომ დამეხედა იარაღისთვის, შევნიშნავდი ხარვეზს და ყველაფეირი რიგზე იქნებოდა.
საოცარი ის იყო, თუ როგორ გაიარა ტყვიამა ხალხში, მე ხომ იარაღი დაბლა,”ჟიგულის” ძარის ნავში, მანაქანის იატაკის ვერტიკალურად მივმართე. შემდეგ, ფხიზელი გონებით ავწონ-დავწონე, მანქანის ძარის იატაკი დავათვალიერე და ყველაფერი ნათელი გახდა: “ტეტე” ძლიერი პისტოლეტია, ტყვიას გამჭოლი გამტარიანობა ახასიათებს.

ტყვიან გახვრიტა ძარის იატაკი, მოხვდა დაბლა გზას, შესაძლებელია ქვიან ადგილას, მიმართულება შეიცვალა, გამოვიდა მანქანის ქვემოდან და ასხლეტილი მაღლა წამოვიდა და უკვე ძალადაკარგული ხალხისკენ წავიდა. საოცარია, როცა ბიჭის მუცელს შეეხო, დაუწვა კანი, მაშასადამე, ჯერ კიდევ სწრაფად მოძრაობდა და იმდენ ხალხში დაიკარგა, სხვას არავის შეეხო. მართლაც, ალაჰის დიდი წყალობა იყო, რომ ასე ბედნიერად დასრულდა ყველაფერი.
ჭკუის სასწავლებელი მაგალითი იყო, მაგრამ სათანადო დასკვნები ვერ გავაკეთე, სანამ მეორედ არ შევეხე ფათერაკს. ღამე ძროხა სახლში არ მოვიდა, ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვნახეთ, თანაც დაღამდა და დილისთვის გადავდე ძებნა. ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული, კვლავ წავედი ძროხის საძებნელად და ყოველშემთხვევისათვის, “ტეტეც” გავიყოლე. მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო, როცა მივაგენი, მერე ნახირის მოძებნაც დამჭირდა და მხოლოდ შუადღისას დავბრუნდი შინ.
არ გაუვლია დიდ დროს. სადილობას ვაპირებდი, რომ სამნი მომადგნენ: ჩემი ძმა ომარი, ბიძაშვილი ვისერგი და მეგობარი გოგია. დავსხედით, პური ვჭამეთ და არაყიც დავაყოლეთ. სმის გაგრძელებაზე უარი თქვეს, ქორწილში უნდა წავიდეთ ჯოყოლოში, გრძელი მოსე გვეპატიჟება, მისმა ვაჟიშვილმა ჰამიდამ ჩეჩნეთიდან პატარძალი ჩამოიყვანა და იქ იხდიან ქორწილსაო.
ავედით ჯოყოლოში. ჰამიდა მამასავით მაღალია, პატარძალიც სიმაღლეში არ ჩამოუვარდებოდა, ერთი სიტყვით, შესაფერისი წყვილი იყო. ნეფე-დედოფლის ცეკვის დროს რამდენჯერმე ვისროლე, დამცემი დავუშვი და უკან გადმოწევა დამავიწყდა, იარაღი დამცველის გარეშე მდგომარეობაში წელში გავირჭე.
ცოტა ხნის შემდეგ ტუალეტში გავედი. სამზარეულო უკან, ხეხილის ბაღში მოეწყოთ და ხალხი ტუალეტის გვერდით მიდი-მოდიოდა. სიგარეტს მოვუკიდე, რათა დრო მეხელთა და ისე შევსულიყავი ტუალეტში. ტუალეტი ხისა იყო, იატაკიც ხიასა ჰქონდა, უეცრად იარაღი დაცურდა და იატაკზე ბრაგვანი მოადინა.

დაცემისთანავე გავარდა კიდეც. როგორც კი დავწვდი და ავიღე, შევნიშნე, რომ გასროლილი მასრა გამოეგდო, ახალი პირში ჰქონდა მიცემული და “ტეტე” საბრძოლო მზადყოფნაში იყო. გასუსული ველოდი, ატყდებოდა თუ არა კივილ-წივილი, ხალხი ხომ ბუზივით ირეოდა ბაღში. გონება სწრაფად მუშაობდა, სწრაფად გამიელვა, რომ თუ უბედურება მოხდა, თავს ვერ ვუშველიდი, რადგან ძმა სუფრაზე იჯდა და ხომ ვერ მივატოვებდი.

თუ როგორ მოვახერხებდი მის გაყვანას, არ ვიცოდი, მაგრამ ის კი ვიცოდი მტკიცედ, რომ ვერ მივატოვებდი.
გარეთ უჩვეულო არაფერი მოხდა, მხოლოდ ერთმა ქალმა წაილაპარაკა, კაცმა არ იცის, სად ისვრიანო. ვიცი ოფლი მოვიწმინდე, სუფრასთან დავბრუნდი და გოგიას ვუთხარი, ვერა ვარ კარგად, შინ ჩამიყვანე და მერე ამობრუნდი მეთქი. გოგოიამ ჩამიყვანა და დავიძინე. დილით კი დავიფიცე, რომ ქორწილში იარაღით აღარ წავიდოდი.
ორჯერ ღალატს არ ვაპატიებდი ჩემს “ტეტეს”, გავყიდე და კარაბინი შევიძინე. გავიდა წლები, მაგრამ “ტეტე”, მისი სროლის ხმა ისევ მომენატრა და კვლავ შევიძინე, მაგრამ უკვე სიფრთხილით ვეკიდებოდი.
ბევრი შემთხვევა მახსოვს, როცა იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა შეეწირა. განსაკუთრებით დამამახსორდა ომალოელი ახმად წუწაშვილის ტრაგიკული სიკვდილი. ახმადი ბრგე აღნაგობის, ვაჟკაცური შესახედაობის, ზრდილი, ქისტურ ადათ-წესებზე აღზრდილი, მეგობრების მოყვარული, სტუმართმოყვარე ახალგაზრდა იყო.

ახალი წლის ღამეს ნაქეიფარი სახლში დაბრუნდა,თანასოფლელი თანამეინახე ამხანაგიც ახლდა, გაშლილ სუფრას მიუსხდნენ და ქეიფი განაგრძეს.
სუფრაზე იარაღზე ჩამოვარდა საუბარი, მასპინძელი გავიდა მეორე ოთახში, გამოიტანა შავად მოელვარე “ტეტე” და თანამეინახეს გადასცა: ნახე, როგორი იარაღიაო. ამხანაგიც ათვალიერებდა პისტოლეტს, საკეტი გააჩხაკუნა და უცბად გავარდა იარაღი.
გაუფრთხილებელმა მოპყრობამ იარაღისადმი შეიწირა ახალგაზრდა კაცი, რომელიც სოფლისთვის, თავის ხალხისთვის გამოსადეგი, ჭირსა და ლხინში თანამდგომი, რომ იტყვიან, კაი ყმა იყოო, ისეთი, რომელზედაც ძველებმა თქვეს :
“კარგ ყმასა შურობს სოფელი,
იტყვიან: “კარგი რად არი!”
საქმე რომ გაუჭირდებათ,
ყველა იბარებს: “სად არი?!”

იმავე სოფელში იარაღის გაუფრთხილებლად გამოყენებამ ტრაგედია გამოიწვია. მოსიყვარულე ბიძა-ძმისწული სუფრაზე ისხდნენ, უფროს-უმცროსის კვალობაზე ერთმანეთის პატივისცემაში იყვნენ, რომ ძმისწულმა წელიდან “ტეტე” დააძრო და თავი მოიწონა ბიძის წინაშე. პისტოლეტის თვალიერებასა და სინჯვაში ძმისწულს გაუვარდა იარაღი და ბიძა სიცოცხლეს გამოასალმა.
მართალია, ორივე შემთხვევაში სისხლის ძიება არ დაწყებულა, ქისტები შემთხვევით მომხდარ მკვლელობას პატიობენ და ამ ტრაგიკულ მკვლელობებს არ მოჰყოლია შურისძიება, მაგრამ ორი ახალგაზრდა კაცი გამოაკლდა სოფელს, უდროოდ ჩავიდა საფლავში.
დაჭრა, დასახიჩრება თან სდევს იარაღს გუფრთხილებლად ხმარებას, ამიტომ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ იარაღი ცდუნებაა, რომ სატანა, ღვთისგან განდგომილი, ჩასაფრებულია, რათა ადამიანს შეცდომა დააშვებინოს.
იარაღი ისე მიყვარდა, რომ მისი გულისტის კომპარტიაშიც კი შევედი.

მამაჩემს საბჭოთა წყობილება ეჯავრებოდა. ჯერ იყო, წისქვილი ჩამოართვეს, მერე ვაჭრობაშიც ზღუდავდნენ, ხელოსნობაშიც ხელს უშლიდნენ, ერთი სიტყვით, ვერ ეწყობოდა დიდ პარტიას, დიდი ბელადიც ეჯავრებოდა და როგორც მამის ნაბოლარა შვილი, მეც ვიზიარებდი მის შეხედულებას, მაგრამ კომპარტიაში მაინც შევედი, რიისი მიზეზიც სწორედ იარაღი გახდა.
საბჭოთა წყობილების დროს იარაღზე მკაცრი კონტროლი იყო, უნებართვო იარაღის აღმოჩენის შემთხვევაში, ციხეს უსჯიდნენ. მართალია, ქისტები იარაღის გარეშე ვერ ძლებდნენ, ხეობაში ყველა სახეობის იარაღი იყო, მაგრამ რეპრესიებიც მკაცრი იყო. ამიტომ იარაღის შენახვა პრობლემა იყო. რას არ ვიგონებდი იარაღის დასამალად, მაგრამ ყოველთვის შიშში ვიყავი, აი, ახლა მომადგებიან-მეთქი.

დიდი ფიქრის შედეგად გამოსავალიც მოვნახე; რაიკომის ბიუროს ნებართვის გარეშე ძალოვნებს პარტიის წევრის გაჩხრეკის უფლება არ ჰქონდათ. პარტიის წევრს იმუნიტეტი იცავდა, თუ, რა თქმა უნდა, დანაშაულს არ ჩაიდენდი.
სწორედ ამიტომ შევედი სკკპ-ს რიგებში და, სხვათა შორის, მაშინვე დავტოვე კომპარტია, როგორც კი საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო. ჯერ გავაუქმე სკოლის პარტიული ორგანიზაცია(უკვე მდივანი ვიყავი) და მერე ჩემი ორგანიზაციის პარტიის წევრებთან ერთად დავტოვე კომპარტიის რიგები.
პანკისში საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ძირითადად უცხოური იარაღი(თურქული, გერმანული, ავსტრიული) ჰქონდა ხალხს. გაბატონებული მდგომარეობა ირაღში მაინც რუსულ შაშხანას ეკავა – რუსული წარმოების დოლურიანი რევოლვერს და “ტეტეს”. “ტეტე” იშვიათობას წარმოადგენდა, ყველაზე საიმედოდ ითვლებოდა “ნაგანი”; ნაგანი – 7 ვაზნიანი რევოლვერი, მართლაც,იმედიანი იარაღი იყო.

ჯერ ერთი, ვაზნის სიყალბის შემთხვევაში მაშინვე გადადის ახალ ვაზნაზე. თვითმტენი პისტოლეტის გაყალბებული ვაზნა საკეტის მოძრაობით უნდა გამოაგდო და ახალი ვაზნა უნდა მისცე ლულაში. ეს კი საკმაო დროს გართმევს, რაც შეიზლება ბრძოლის დროს სიცოცხლის ფასად დაჯდეს; მეორეც, რევოლვერში ვაზნა არ იჭედება, რაც არცთუ იშვიათად ხდება ნახევრადავტომატურ პისტოლეტებში; მესამეც, “ნაგანი” სროლის ადგილზე გასროლილ მასრებს არ ტოვებს, პისტოლეტი კი გვერდზე ისვრის ცარიელ მასრებს.

ამდენად, პატარა იარაღებში დოლურიანი რევოლვერი ქისტებში სანდო იარაღად ითვლებოდა და საკმაოდ გავრცელებულიც იყო.
ერთი პრობლემა სჭირდა უცხოურ წარმოების იარაღს – ვაზნების უკმარისობა. პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ საზღვარგარეთიდან არც იარაღი შემოდიოდა და არც საბრძოლო მასალა. არსებული მარაგი გამოილია და იარაღიც არაფრის მაქნისი აღმოჩნდა. თუ იშოვიდი, მაგალითად “ვალტერის”, “ბრაუნინგის”,” პარაბელუმის” ან დოლურიანი “კოლტის” ან “სტიმ-ვენსონის” ვაზნებს, ძვირი იყო და ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის მიუწვდომელი.

მახსოვს, პატარა ჯიბის იარაღისთვის 5 ნომრიან ვაზნაში ქ. ბათუმში მე და პეტომ, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, თითო ვაზნაში 5 მან. გადავიხადეთ და 5 ცალი ვიყიდეთ. 25 მან. სტუდენტებისათვის დიდი ფული იყო, სტიპენდია 28 მან. გვქონდა.
გამოსავალი ყოველთვის მოიძებნებოდა, ადამიანი უცილობლად მიაგნებს ხერხს, რომელიც პრობლემას გადაჭრის. “ვალტერსა” და “პარაბელუმში” საბჭოთა წარმოების “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტის ვაზნების გამოყენება ვცადეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

ამ ტიპის იარაღს ერთნაირი ყალიბი ჰქონდა, უცხოური წარმოების იარაღს მასრა ოდნავ გრძელი და ტყვიან წინ აქვს წამახვილებული. “მაკაროვის”ტყვია მრგვალია და ოდნავ მოკლე. ჩვენ ის გავქლიბეთ, მივეცით სათანადო ფორმა და გამოვცადეთ.

გასროლა ნორმალურად მოხდა, მაგრამ საკეტის უკუცემა არ მოხდა, ჩახმახმა ვერ გადმოაგდო გასროლილი მასრა ე.ი. ვაზნაში არსებული თოფის წამლის დოზა ნაკლები არის, ან ხარისხით ჩამოუვარდებოდა საბჭოური გერმანულს.

ეს პრობლემაც შემდეგნაირად გადავწყვიტეთ: “მაკაროვის” ვაზნას ტყვია მოვხსენით, სხვა ვაზნიდან ამოვიღეთ წამალი და დავუმატეთ საცდელ ვაზნას. შედეგი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა; ვალტერი აკაკანდა და მონადირის ენით რომ ვთქვა, მასრებს “სემიჩკასავით” ყრიდა.
მეორე ვარიანტსაც მივაგენით – ვიფიქრეთ პისტოლეტის ლულის შეცვლა. აქ უკვე საჭირო იყო ზეინკალი, თანაც მაღალკვალიფიციური და სანდო. არც ეს იყო პრობლემა “ეძიებდე და ჰპოვებდეო” – მართალი დოგმაა. ვალტერის ტიპის პისტოლეტი ჰქონდა ჩემს ბიძაშვილს, გამოვართვი და ვუთხარი, “გეკოზე” გადავიყვან-მეთქი. “გეკოც”, მცირე ყალიბიანი შაშხანის ვაზნები იშოვებოდა, 2 მანეთად 50 ცალიან კოლოფს შეიძენდი.
შილდელი ძმაკაცი მყავდა. დათო მჭედლიშვილი, თბილისში მილიციის მაღალჩინოსანს დაატარებდა, ქვეყნის ხალხს იცნობდა. მან მითხრა, რომ პისტოლეტს “გეკოს” ვაზნებზე გადაიყვანდა, ოღონდ “გეკოს” ლულა უნდა გვეშოვნა. ზეინკალს ის “გეკოს” ლულას აძლევდა, რომელიც ჩვენთვის საჭირო ლულას მოჭრიდა, დანარჩენს საფასურში თავად დაიტოვებდა.
შევთანხმდით. “გეკოს” ლულა პეტომ იშოვა და ჩავუტანე თბილისში. რამდენიმე ხნის შემდეგ დათომ მომიტანა იარაღი და მითხრა, ხომ მხოლოდ ერთ ტყვიას ისვრი, თვითტენა არ ხორცილედებაო. არაფერია-მეთქი, დავამშვიდე, ამის გამოცდილება მაქვს, თავად მივხედავ ამას-მეთქი.

მაგრამ ეს პრობლემა გადაუჭრელი აღმოჩნდა: ვაზნაში წამლის ჩამატებამ არ უშველა, ამ იარაღის მოქმედების პრინციპი უჩვეულო აღმოჩნდა, დამცემი მექანიზმი და ჩახმახის მოქმედების მექანიზმი ერთ ზამბარაზე იყო დამოკიდებული.

ზამბარას შევასუსტებდი, რომ უკუცემის მომენტი შემესუსტებინდა და ნახევარადავტომატურზე გადამეყენა იარაღი, მაგრამ უშედეგოდ, იარაღი ერთჯერად ისროდა, ხელით უნდა გადმომეწია ჩახმახი, ტყვია გადმომეგდო და ახალი ტყვია ცახმახის გაშვების შემდეგ თავად შეჰქონდა ლულაში სავაზნე კოლოფიდან.

დამცემ მექანიზმთანაც პრობლემა შემექმნა: გეკოს ნემსა ვაზნის კიდეში ხვდებოდა და ასე ფეთქდებოდა “ფისტონი”; დანარჩენ ყველა იარაღში, რაც კი მინახავს, ნემსა ეცემა “ფისტონის” შუაში.
ერთი სიტყვით, იარაღში, ცეცხლსასროლიანსა და ცივში, დავხელოვნდი და დიდ დროს იარაღთან ვატარებდი. სკოლის მოსწავლეობის პერიოდში მე და დაუდა ერთად ვჯახირობდით ხოლმე. სხვათა შორის, დაუდას ჰქონდა ერთი არაორდინალური იარაღი, ერთსასროლიანი, მსხვილი კალმის მაგვარი. შუა ადგილას იხსნებოდა ხრახნის საშუალებით. ქვემოთა ნაწილი ლულას წარმოადგენდა, ზემო ნაწილში დამცემი მექანიზმი იყო მოწყობილი.

ლულაში “გეკოს” ვაზნა იდებოდა, მერე მექანიზმიან დეტალს მიახრახნიდი და იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში დგებოდა. სასხლეტი, სამიზნე და სხვა იარაღისთვის დამახასიათებელი დეტალები არ ჰქონდა, უბრალოდ, გადმოსწევდი ამ “კალმის” სახურავს, დაუშვებდით და იარაღიც ისროდა. თითქოს ბავშვურ თამაშს ემსგავსებოდა, მაგრამ საშიში იყო ახლო მანძილზე. ერთი სიტყვით, ეშმაკის ნახელავი იყო.
შეიძლება, მკითხველისათვის საინტერესო არც იყოს იარაღზე ასეთი დაწვრილებითი საუბარი, მაგრამ მონაიდე, დარწმუნებული ვარ, თავადაც შეხვედრია ასეთი პრობლემებს და მისთვის, ჩემი აზრით, უინტერესო არ უნდა იყოს. დღეს იარაღის მაღაზიაში შეხვალ და მსოფლიოში საუკეთესო იარაღს შეიძენ, ვაზნებსაც უამრავს იყიდი. ადრე,საბჭოურ წყობილების დროს, ასეთი რამ სიზმრადაც არ მოეჩვენებოდა კაცს.
თოფების მხრივაც იგივე პრობლემების წინაშე იდგა იარაღის მოყვარული თუ მონადირე. როგორც ავღნიშნე, ადრინდელი შემორჩენილი თოფების(გერმანული,ავსტრიული, თუქრული,ირანული) ვაზნები არ იშოვებოდა, რუსული წარმოების შაშხანებიც, უმრავლესობა, მოძველებული იყო, კუთხვილის ხაზები წაშლილი და ტყვია ბრუნვის პროცეში ვერ გადაჰყავდა, შორს არ მიჰქონდა და მიზანსაც ვერ ახვედრებდა.
დაიწყო გადაკეთების პროცედურები. საჭირო იყო ახალი ლულის შოვნა, შემდეგ კარგი ზეინკალის მოძებნა, რომელიც ახალ ლულას ჩახრახნიდა ძველი თოფის გადაჭრილი ლულის ადგილას. ახალი ლულის შოვნაც არ წარმოადგენდა გადაუჭრელ პრობლემას. “დეგტერიევის” ტყვიამფრქვევს თან ახლდა ორი ცალი სათადარიგო ლულა, რომლებიც ინახებოდა საქართველოში და სსრკ-ს ყველა რესპუბლიკაში, სადაც კი იდგა საბჭოთა ჯარის ნაწილები.

შემხვედრია თოფები, რომელთაც ჰქონდათ დამონტაჟებული სომხეთიდან ჩამოტანილი ტყვიამფრქვევის ლულები.
ტყვიამფრქვევის ლულა მასიურია, გარედან ჭდეებით დახურული, ზეინკალი მას ამუშავებს, ათხელებს და “ვინტოვკის” ლულის დონზე დაჰყავს. შემდეგ დამწვარ ვინტოვკას სავაზნე ბუდის ბოლოში ლულას გადაუჭრის, შიგნით ამოჭრის ბურღით ე.წ. “რეზბას”, ჩახრახნის ახალ ლულას და სამიზნეს უყენებს. სამიზნეს თავად მონადირეც ასწორებს ნიშანში სროლით. ასეთი თოფები მთაში სანადიროდ გამოიყენება შორ მანძილზე სასროლად.
ერთხელ მთაში შევხვდი მონადირეს, რომელსაც ერთლულიანი თექვსმეტ კალიბრიან ფილთა თოფში ჩაწნეხილი ჰქონდა “ვინტოკის” ლულა. ისეთი “ბერდენკაც” მინახავს, რომელსაც ვინტოვკის სავაზნე კოლოფი ეყენა და ერთსასროლიანი ხუთსასროლიანად გადეკეთებინა.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან იარაღთან დაკავშირებით ძირეული ცვლილება მოხდა. პანკისის ხეობას მოაწყდნენ ეროვნული მოძრაობის წარმომდაგენლები, შემდეგ მხედრიონელები და იარაღის ყიდვა დაიწყეს. ყიდულობდნენ ყველანაირ თოფებსა და პისტოლეტებს, ხანჯლებსაც კი, ფასსაც სოლიდურად იხდიდნენ.

მოგეხსენებათ, ეს ის პერიოდი იყო როცა ფული გაუფასურდა, მეურნეობა, სახელმწიფო სტრუქტურები მოიშალა, ხალხი სამუშაოს გარეშე დარჩა და უკიდურესს გაჭირვებას განიცდიდა, ამიტომ იარაღის გაყიდვა დაიწყეს და მოკლე ხანში ხეობა იარაღისგან დაიცალა.
როცა მხედრიონმა პარპაში დაიწყო, ხეობა იარაღის გარეშე იყო და საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, არ შეეძლო თავის დაცვა.
მაგრამ ჩეჩნეთ-რუსეთის პირველი ომის წინ და ომის პერიოდში პანკისში დიდძალმა იარაღმა მოიყარა თავი. ამჯერად უკვე თანამედროვე იარაღი შემოვიდა, ხოლო ჩეჩნეთ-რუსეთის მეორე ომის დროს ხეობა იარაღით აივსო.
დღეს იარაღზე სახელმწიფო კონტროლი განმტკიცდა. ძალოვნება იციან, ვის აქვს დარეგისტრირებული იარაღი ტარებისა თუ შენახვის ნებართვით, უკანონოდ იარაღის შეძენა ან შენახვა-ტარება მკაცრად ისჯება. სამონადირეო თოფების ტარების ნებართვით შეძენა ხდება, მაგრამ აქაც ნადირობის ნებისმიერ სეზონზე ლიცენზიები გაიცემა. ერთი სიტყვით, ნადირობაც კანონის ჩარჩოში მოექცა, რაც მისასალმებელია, რამეთუ ბრაკონიერობა შეიზღუდა, შეწყდა ნადირის უაზრო და უმოწყალო ჟლეტა.
ზევით ვისაუბრე იარაღთან ფთხილი მოპყორბის საჭიროებაზე. განსაკუთრებით მონადირე უნდა იყოს ფრთხილად, საფრთხეში არ უნდა ჩაიგდოს არც თავისი თავი, არც პარტნიორი მონადირე და, რა თქმა უნდა, გარეშე ადამიანებს უნდა გაუფრთხილდეს. ბევრი შემთხვევა მოხდა, როცა ახალგაზრდა მონადირე ემსხვერპლა ამხანაგის იარაღისადმი გაუფრთხილებლობას.
გასული საუკუნის 70-იან წლებში საჭიდაო არენაზე გამოჩნდა ახმეტელი ახალგაზრდა ზაზა ქინქალაძე. ჭიდაობის მოყვარულებს, მათ შორის ამ სიტყვების ავტორსაც, ეს ახალგაზრდა დაახსომდა თავისი ვაჟკაცური, რაინდურლი ჭიდაობით. განსაკუთრებით გამოირჩეოდა შემტევი ხასიათის ჭიდაობის სტილით, ჭიდაობა დაწყებიდან დამთავრებამდე წამით არ შეასუსტებდა ხოლმე შეტევას, თანაც ჭიდაობა სწრაფას, ცოცხლად. ერთი სიტყვით, გამორჩეული მოჭიდავე იყო.
ნადირობა უყვარდა, ხშირად დადიოდა სანადიროდ და პანკისის ტყეებშიც ნადირობდა. ერთხელაც, პანკისს მეობრებთან ერთად სანადიროდ ეწვია, ბიძახევის თუ ტოლოშის(ზუსტად არ მახსოვს) ტყეში ნადირობდნენ. ზამთარი იყო, დიდი თოვლი იდო. ერთ-ერთი წინაღობის, წაქცეულ წიფელზე გადასვლის დროს თოფი გაუვარდა და საზარდულში მოხვდა ტყვია-კარტეჩი. შემდეგ ხმა გავრცელდა, ამხანაგს გაუვარდაო.

ამას არც ჰქონდა მნიშვნელობა, თავისი თუ ამხანაგის გაუფრთხილებლობით მოხდა უბედურება და დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა დაიღუპა. თანაც უცბად კი არ არ მოკვდა, მგონი გზაში დაიღუპა, ასეთ ძლიერ ტკივილებს განიცდიდა, თურმე ამხანაგებს ეხვეწებოდა, მესროლეთ და გამათავეთო.
ომალოში თელაველი მონადირეები მეგობრებს ესტუმრნენ და მუწუს ხევის სათავეში სანადიროდ ავიდნენ. სანადირო მონაკვეთები მონიშნეს და ცალ-ცალკე შეუდგნენ ტყვიან ფერდობებს. საუბედუროდ, დილით ადრიანად ამ ადგილებში ავიდა ომალოელი აიუფ გორნაკაშვილი, მაღლა ფერდობიდან ხევდახევ დაბლა უნდა ჩამოეცურებინა წაბლის ხის მორი.

ის ხევში დახრილი ჯახირობდა მორთან, როცა ავტომატიდან ესროლა რამდენჯერმე თელაველმა მონადირემ, რომელმაც ხევში, ბუჩქებში შენიშნა “დათვი”, შეცდომა იმანაც განაპირობა, რომ აიუფს ბეწვიანი შავი ქურქი ეცვა იმ დღეს. მაგრამ ეს სრულიადაც არ ამართლებს მონადირეს, როცა ისვრი, ასი პროცენტით უნდა ხედავდე, რომ ნადირი გყავს მიზანში ამოღებული.
ომალოელმა ქისტმა მასპინძლებმა სტუმარი გააპარეს და მხოლოდ ამის შემდეგ უთხრეს გორნაკაშვილების მკვლელის შესახებ. ისინი სწორად მოიქცნენ, დაიცვეს სტუმარ-მასპინძლის ადათი, ამიტომ მათ რაიმე სახის პასუხისმგებლობა არც დაეკისრათ.

რადგან ტრაგედია შემთხვევით, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე მოხდა. უხუცესთა ჩარევის შედეგად სისხლიანი კონფლიქტი მშვიდობიანად მოწესრიგდა, მაგრამ მონადირის გაუფრთხილებელმა სროლამ კაცის სიცოცხლე შეიწირა, ეს კი გამოუსწორებელი შეცდომაა, რომელიც ოჯახისთვის მოუშუშებელი ჭრილობაა და დამნაშვესაც მთელი სიცოცხლე გაჰყვება ამ დანაშაულის სიმძიმე.
ელდარ კუშტანაშვილი გამოცდილი, პროფესიონალი მონადირე იყო. სანდო, საუკეთესო პარტნიორად ითვლებოდა მონადირეებში, თანაც ძალზე გაბედული იყო დათვზე ნადირობის დროს. ლეგენდად დადიოდა, თუ როგორ გამოიყვანა სოროდან დათვის ორი ბელი და მერე თავად ძუ დათვიც, თანაც ეს გააკეთა არა შებოლებით, სოროში გვირაბის(შემხვედრი ხვრელის) გაყვანით, არამედ თავად თავით წინ შეძვრა და ისე გამოიყვანა. დაუჯერებელია, მაგრამ ეს სინამდვილეში მოხდა, რასაც თავად ამ ამბის მომსწრეები ყვებოდნენ.
როცა იგი სახლში, თავის ეზოში, იარაღის (AKჩ-ის სისტემის ავტომატს) წმენდდა და მგონი, სიზუსტეს, სამიზნეს ასწორებდა, იარაღი გაუვარდა და მხარში დაიჭრა. წარმოუდგენელია, როგორ მოიხვედრა ბიჭში ტყვია (როგორ უნდა სჭეროდა იარაღი ხელში), მაგრამ ასე მოხდა, ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხალხური სიბრძნე უტყუარია: იარაღს ერთხელ ეშმაკი ტენის.
იარაღთან თამაშმა შეიწირა კარგი მონადირე, ოჯახის ბურჯი, საუკეთესო ამხანაგი, სოფლისა და თავისი ხალხის მოყვარული ახალგაზრდა კაცი.

მონადირეებო! გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენს გარშემო მყოფთა სიცოცხლეს, ძალზე ფრთხილად და ფხიზლად იყავით იარაღთან.”
“ღმერთო, ნუ მაჰკლავ ვაჟკაცსა,
ნუ დაუბნელებ მზესაო!
ნუ დაუობლებ ცოლ-შვილსა,
ნუ გაულაღებ მტერსაო!”

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in History, პანკისის ხეობა, წიგნი / ნაშრომი.

ანა წერეთელი

View posts by ანა წერეთელი