მგლის ფენომენი გოდერძი ჩოხელის შემოქმედებასა და კავკასიის რეალობაში

”იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი”…

ჩეჩნური ხალხური

«Кто-то справедливо заметил, что в типе чеченца, в его нравственном облике есть нечто, напоминающее Волка. Лев и Орел изображают силу, те идут на слабого, а Волк идет на более сильного, нежели сам, заменяя в последнем случае все – безграничной дерзостью, отвагою и ловкостью. И раз попадет он в беду безысходную, то умирает уже молча, не выражая ни страха, ни боли, ни стона»

В. Потто,  XIX век (18361911 генерал-лейтенант, военный историк).

 

მგელი ყველაზე პოეტური და პოპულარული  მხეცია მთიელთა წარმოდგენაში. იშვიათია სამყაროში ცხოველი, რომელიც  ადამიანისათვის დამახასიათებელი იმდენი დადებითი და უარყოფითი  თვისებით ხასიათდებოდეს, როგორც მგელი – ჭკვიანი, საზრიანი, სწრაფი, მოხერხებული, ადვილად შემგუებელი, სასტიკი, მამაცი, უტეხი, ურჩი, შმაგი, ქედუდრეკელი, შეუპოვარი, გამბედავი, ცბიერი, ვერაგი, მუხანათი, მებრძოლი, მუხლმაგარი, დაუღლელი, ძლიერი, ერთგული, მარჯვე, დაუმორჩილებელი, ამაყი, დაუნდობელი და როგორც ვხედავთ უფრო მეტი პოზიტიურია  მის ხასიათში, ვიდრე ნეგატიური და რაც ყველაზე მთავარია, მისი თვისებების უმეტესობა ძალიან ესადაგება კავკასიურ მენტალიტეტს, რაც ნაწილობრივ ხსნის მგლის კულტის ფენომენს კავკასიის ხალხებში.

კავკასიურ ფოლკლორში მგლის კულტიც კი  არსებობს ლამის. ჩეჩნურ და ინგუშურ  ფოლკლორში იგი თავისუფლების, გაუტეხლობის, სიმამაცის, მამულის ერთგულებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოა, დაღესტნურში –  სიმტკიცისა და ოჯახის ერთგულების, ხოლო ჩერქეზულში –   სიძლიერის და ა.შ.

თავისუფლების მოყვარე კავკასიელებმა იმთავითვე შეიყვარეს ეს ეგზოტიკური მხეცი და ბევრი მისი თვისება საკუთარ თავში ამოიცნეს. მგლისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და სიმპატიებით კი ვაინახები (ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები) და ქართველები გამოირჩეოდნენ კავკასიაში, მათი ტოტემიც ხომ უხსოვარი დროიდან სწორედ მგელი იყო და დღემდე არ განელებულა მგლისადმი ინტერესი, სიმპატია და სიყვარული ამ ორი მოძმე ერის მხრიდან,  რისი ნათელი დადასტურებაც არის ის ფაქტი, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის სიმბოლო –  ემბლემა არის მგელი, ჩეჩნეთში ”ბერზალოშ ლარბო ჰხომე დაიმოხქ” (მგლები იცავენ ძვირფას სამშობლოს) და საქართველოში კი იბადებიან ”მგლისფერა ვაჟები” და ”კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი”.

თანამედროვე ჩეჩნურ სახელმწიფოებრივ სიმბოლიკაზე  ”მგლის ატრიბუტიკა” სულაც არ არის შემთხვევითი, ის სათავეს იღებს  ღრმა კულტურულ-ისტორიულ-ტრადიციული ფესვებიდან: ჩეჩნურ ენაში არც ერთი ცხოველის, გარდა მგლისა, მრავლობითი ფორმა არ ბოლოვდება სუფიქსით ”ლოი” (ბერზალოი), რომელიც არის უძველესი სიტყვა და ნიშნავს ხალხს, მაგ. ”ტემლოი” ნიშნავს მებრძოლებს (ტოამ- ომი, ლოი ხალხი), ”ბოუვლოი”- პირობითად მეკოშკეები (ერთ-ერთი თაიფი ჩეჩნეთში, რომლებიც ყველაზე მეტ კოშკს ფლობდნენ  ( ბოუ -კოშკი, ლოი – ხალხი) და ა.შ. და ეს ყოველივე  კი ხსნის იმ ფაქტს, რომ ჩეჩნებში მგელი გაიგივებულია ადამიანთან.

მგლის სახე უძველესი კულტურებიდან იღებს სათავეს. ხეთურ სამეფოში მგელს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, რომელსაც საკრალურ თვისებებს მიაწერდნენ. ცნობილ აქილევსს – ელინების სანიმუშო მეომარს, ჰომეროსის სიტყვებით ”მგლის გული ” ჰქონდა. ძველ საბერძნეთში ახალგაზრდა მეომარზე, ვინც ომში პირველი კლავდა მტერს, ამბობდნენ, რომ ”ის იქცა მგლად”.

 

ძველი გერმანელები ყველაზე კარგ მეომრებს უწოდებდნენ  ”ხალხი-მგლები”, ატარებდნენ მგლის ტყავის მოსასხამებს და ბრძოლის წინ მეომრული სულის ასამაღლებლად ასრულებდნენ  ”მგლის ცეკვას”. ძველ რომში მგელი ითვლებოდა მარსის ომების ღვთაების სიმბოლოდ. პრეტორიანული გვარდიის გამორჩეული რომაელი მეომრები ატარებდნენ მგლის გამოსახულებიან მუზარადებს და ხშირად იფარავდნენ მხრებსა და ზურგს მგლის ტყავით.

ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ ცნობილი ქართველი მეფე ვახტანგ გორგასალი მგლისთავიან მუზარადს ატარებდა, სწორედ ამის გამო შეარქვეს სპარსელებმა ვახტანგ  მეფეს ”გორგასალი” –  მგელთავა. სავარაუდოდ, ვახტანგ გორგასალსვე უკავშირდება სვანეთის საერისთაო დროშა “ლემი”, რომელიც ამ მხარის ერთ-ერთი დიდი სიწმინდეა და დღემდე ადგილობრივ ქართველთა სიამაყის საგანს წარმოადგენს.

 

დროშას ქართული ენის სვანურ დიალექტებზე “ლემ”-ს უწოდებენ, რაც სალიტერატურო ქართულით “ლომ”-ს ნიშნავს. ვიზუალურად კი დროშა მგელს გამოსახავს. შოთა ნიშნიანიძის “მგლური კანონების ბალადაში” კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ მგლური კანონები მოქმედებს. არც ქართული ფოლკლორი დარჩენილა მგლის ფენომენთან მიმართებაში გულგრილი. მგელი პრინციპულობის, შეუვალობისა და მარტოსულობის სიმბოლოა მითოლოგიასა და ლიტერატურაში. ვაჟა–ფშაველა: “მუცალს არ სწადის სიკვდილი, ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,” უშიშას: “უამბობს ქეთელაური ამბავს ღილღველის მგლისასა,” ბერდიასთან საუბარში: “გაჯავრდა ქეთელაური, ფერი დაიდვა მგლისაო”(“ალუდა ქეთელაური”) პოემაში “სტუმარ–მასპინძელი”, ჯოყოლას სახლში მყოფ მეზობელს   ”ფერი დაედვა მგლისაო”.  “მგლისფერი” მთის პოეზიაში კარგი ვაჟკაცის ეპითეტია.

 

(ალ. ჭინჭარაული) ხალხურ პოაზიაში “კაი ყმა” შედარებულია მგელთან. კონსტანტინე გამსახურდია თავის ტოტემად მგელს მიიჩნევდა, ნოველაში “ქალის რძე” მწერალმა ძმად მოიხსენია მგელი. თარაშ ემხვარი (“მთვარის მოტაცება”) ერთ ბარათში წერს, რომ სვან ბავშვებს დაბადებიდანვე მგლის კბილს დაკიდებენ,  თვითონაც ნატრობს, რომ შემოხედვა ექნეს მგლური. მგლები წმინდა გიორგის ძაღლებია. მგლები შეწირულია მარსისადმი, რომელიც ომისა და სისხლის ღმერთია და ამდენად არის ძალაუფლების სიმბოლიკა.

ასევე ძლიერია მგლის სახე ქართულ სამონადირო ეპოსში. მონადირეობა ხომ თავდაც სასიცოცხლო საშუალებათა მოპოვების ერთ-ერთი წყაროა, რომელიც აძლიერებს ადამიანთა აქტივობას, უმუშავებს  არსებობისათვის ბრძოლაში აუცილებელ ჩვევებს და ინტენსიურს ხდის მათ სულიერ ცხოვრებას.

მგლების გენიალოგიას, კლასიფიკაციას და წარმოშობას მეცნიერები საუკუნეების მანძილზე სწავლობენ,  რა თქმა უნდა, მგლებს  გააჩნიათ უარყოფითი თვისებებიც, მაგრამ ჩვენი ინტერესის სფეროდან გამომდინარე, ჩვენ მათ მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში მოვიხსენიებთ და მგლების იმ  დადებით თვისებებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ასე ახლობელი და მისაღებია კავკასიელი ხალხებისათვის, გადავხედოთ ჩეჩნურ ფოლკლორს: ”ძალიან დიდი ხნის წინათ, უხსოვარ დროს ქვეყანაზე საშინელი ქარი ამოვარდნილა, საზარელი ქარბუქი ხეებს ძირფესვიანად გლეჯდა და შორს მიმოისროდა, მთები იშლებოდა და იქცეოდა. წყლები და ზღვები ადიდა და მინდვრებში (ხმელეთზე ) გაიშალა. სამყაროში არსებული ყველა სულიერი სასოწარკვეთილი დარბოდა და გადარჩენას ლამობდა, დასამალ ადგილს ეძებდა.

მხოლოდ ერთი მგელი იჯდა მშვიდად, ის ვერ შეაშინა საშინელმა, საზარელმა ქარიშხალმა, ის ერთადერთი იყო, ვინც გაბედა ქართან დაპირისპირება. გაშმაგებული გრიგალი საზარელი კივილით ტყავს აგლეჯდა მგელს, სულ სისხლის ნაკადულები ადინა, მაგრამ მგელი ადგილიდან არ დაძრულა, თავი ამაყად ასწია, ფეხები ღონივრად ჩაასო მიწაში, მიწის ძალას საკუთარ სხეულში იწოვდა და მედგრად უწევდა წინააღმდეგობას ქარიშხალს.

რაღაც დროის შემდეგ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ისე დაწყნარდა ქარი, მზემ გამოანათა, დედამიწაზე ისევ სიმშვიდემ დაისადგურა. ყველა სულიერი თანდათანობით ერთად მოგროვდა და მგელთან მივიდა. მხეცებმა მგელს ჰკითხეს:

  • ღვთის გულისათვის, მგელო, ეს მთელი სამყარო გრიგალისაგან აწიოკებული რომ ტრიალებდა, ხეებს ძირიანად რომ  სთხრიდა, მინდვრები ადიდებულ წყლებს რომ მიჰქონდა. მთები რომ იშლებოდა და იქცეოდა, ყველა სულიერი რომ გაშმაგებით ეძებდა სამალავს თავის გადასარჩენად, შენ ადგილიდან არ დაძრულხარ, რას ნიშნავს ეს ყოველივე?

 

ქარისაგან ტყავშემოფლეთილი და დასისხლიანებული მგელი ამაყად იჯდა, შორს სივრცეს მიშტერებოდა. ის ფეხზე ადგა და ისე უპასუხა თანამოძმეებს: – მიწა, რომელზეც ვდგავარ, ჩემი სამშობლოა, ჩემი წინაპრების საძვალეა და ამიტომაც, აქ რა სიძნელეც არ უნდა შემხვდეს არსოდეს მივატოვებ მას.

 

ამ სიტყვების შემდეგ დარცხვენილი მხეცები ჩაფიქრდნენ და აქეთ-იქით წავიდ-წამოვიდნენ. ნაჭრილობევი, ტყავდაფლეთილი, დასისხლიანებული მგელი თავის ადგილას დარჩა, მხოლოდ თვალი გააყოლა ბუნაგისკენ მიმავალ მხეცებს.

 

მგელს სხვა სამშობლო არ ჰქონდა…  სამშობლო მხოლოდ ერთია”(”ბოარზ” მგელი).

 

და კიდევ ერთი წმინდა კავკასიური მენტალიტეტი-პატრიარქალიზმი: ”მგელი ”სოცალური” ცხოველია და საკუთარ ოჯახში ”რანგების” მკაცრი დამცველი. მმართველ წყვილში დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუმცა ადამიანებისაგან განსხვავებით მგლები მკაცრი მონოგამები არიან. ოჯახის შექმნამდე დაახლოებით ორ წელიწადს ერთმანეთს ეცნობიან და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წყვილები ერთმანეთის ერთგულები რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე და კიდევ: ისინი, რა გასაჭირშიც არ უნდა ჩაცვივდნენ, საკუთარ შვილებს არ ღალატობენ: ”მგლები არასდროს არ ტოვებენ  თავის ლეკვებს, ადამიანი კი ამ თვისებით ნამდვილად ვერ მოიწონებს თავს. უფრო მეტიც, ადამიანის მიტოვებულ შვილებს მგელი ზრდის”.  ამ თვისებით ვაინახებიც გამოირჩევიან კავკასიაში – რა უბედურებაც  არ უნდა დაატყდეთ მათ თავს, ისინი არასოდეს ტოვებენ შვილებს და მოხუცებულ მშობლებს. როცა ამ ცოტა ხნის წინ ჩეჩენი ლტოლვილები შეიფარა საქართველომ, ძალიან ბევრ  ქართველს  ჰქონდა კეთილი სურვილი დაობლებული ჩეჩენი ბავშვები ეშვილათ, მაგრამ ამაზე არც ერთმა ჩეჩენმა არ განაცხადა თანხმობა.

 

ეთნოსებისათვის, ვისაც გვაროვნული წყობის ზოგიერთი პრინციპი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ, დამახასიათებელია ტოტემური ცხოველების ხასიათისა და თვისებების გადატანა ადამიანებზე. ჩეჩნებისათვის მგელი  არის  ყველა იმ დადებითი თვისების განსახირება, რაც კი ვაჟკაცში არსებობს. მართალია, ვეფხვი და არწივიც ძალას განასახიერებენ, მაგრამ ისინი სუსტს ჩაგრავენ, ხოლო მგელი არასოდეს არ ერიდება თავისზე ძლიერთან შებმას. ძალთა უთანასწორობას ავსებს შეუპოვრობით, მოხერხებულობითა  და გაბედულებით. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი მგელი კვდება მდუმარედ, უხმოდ, შიშისა და ტკივილის გაუმჟღავნებლად. არასოდეს კლავს დაჩოქილ მტერს, არ ნადირობს სამეზობლო რეგიონში, არ ჭამს მძორს. არასოდეს არ ღალატობს მოძმეს,  თავისი გუნდის წევრს იცავს  საკუთარი სიცოცხლის    ფასად.

 

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს სადილის შემდეგ  მგელი პირს იბანს უახლოეს წყაროზე. საოცრად ერთგულნი არიან ოჯახის, კოლექტიურად ზრდიან შვილებს. როდესაც ლეკვები წამოიზრდებიან, ძუ მგელს ისინი მდინარეზე მიყავს და აკვირდება, როგორ სვამენ  წყალს. მგელი წყალს სვამს, როგორც საქონელი, წრუპვით. თუ ლეკვებში გამოერია ისეთი, რომელიც ძაღლივით თქვლეფს, ძუ მგელი მას დაუყოვნებლივ ჭამს.

 

ალბათ ეს გარემოება უდევს საფუძვლად ერთ ჩეჩნურ ლექსს, რომელიც ამბობს, რომ: ”ჩვენ მგლები ვართ და არსოდეს დავემსგავსებით ძაღლებს”.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემთხვევითი სულაც არა არის, რომ დიდმა ქართველმა მწერალმა და რეჟისორმა, პოეტმა და დრამატურგმა  გოდერძი ჩოხელმა თავისი ღრმა ფილოსოფიური შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად მგელი აირჩია და მკითხველი დააფიქრა ადამიანის მგლურ ბუნებაზე  და, პირიქით მგლის ადამიანობაზე. მართალია, ადამიანი ღმერთმა სულ სხვა საწყისებზე შექმნა და ბევრ სიკეთესთან ერთად სულიც უბოძა, მგრამ სამწუხაროდ, იმ რეალობაში, სადაც გოდერძი ჩოხელი ცხოვრობდა,  საშინელმა კომუნისტურმა იდეოლოგიამ შთანთქა ყოველივე ადამიანური, წითელი ტერორის ქვეშ მოყოლილი ადამიანები  კი სულგაძარცვული დარჩნენ ირგვლივ გამეფებულ სიბნელეში. გოდერძი ჩოხელი გვაფრთხილებს, რომ სულიერებისაგან დაცლილი ადამიანი ისეთივე საშიშია, როგორც მშიერი  მგელი.

ძალიან საინტერესოა ერთი ნიუანსი: მწერალი შეფარულად  ეხება  მგლების მაგალითზე ”ღალატისათვის გაციმბირების” საკითხს, როდესაც მგლებს სასჯელის ზომად ”გაუდაბნოებას” მიუსჯიან. უდავოა, მწერალს შინაგანად აწუხებდა უსამართლოდ სამშობლოდან დევნილი თანამემამულეთა  და თანამოძმეთა ბედი, რომელთაც სამშობლოდან ძალად აყრისა და გაციმბირების საშინელი სისასტიკე არაერთხელ იწვნიეს. გოდერძი ჩოხელის ხედვა ჯანსაღია და ნამდვილად დააფიქრებს ადამიანებს ფასეულობათა გადაფასებაზე  და ზოგიერთი ცნების დევალვაციაზე.

გოდერძი ჩოხელი ბაშვობიდან იზრდებოდა მთაში, იმ გარემოში,  სადაც ვაჟკაცობა, სიმამაცე და გაუტეხლობა, სამართლიანობა და პირდაპირობა უპირველესია ამ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისათვის და მიუღებელია ღალატი, ლაჩრობა და უზნეობა, რაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ”მგლების კოდექსსაც” ლეიტმოტივად გასდევს და ამიტომაც არის ეს მტაცებელი ასე ღრმად  შეჭრილი ჩოხელის მაღალზნეობრივ შემოქმედებაში, ცნობიერებასა  თუ წარმოსახვაში, როგორც საერთოდ,  მთიელთა ცხოვრებაში.

მწერალი არც იმას მალავს, რომ მგელი თავის მგლურ ბუნებას არ კარგავს და მისი მოშინაურება შეუძლებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ის თავის გამზრდელსაც არ ინდობს (რომანი ”მგელი”), მაგრამ არც დახმარებაზე უარის თქმა უჭირს.  იმდენად ენდობა ადამიანებს, რომ მადლობის სათქმელად მასთან  სახლშიც კი მიდის (მოთხრობა ”მგელი”) და ბევრ შემთხვევაში მგელს უფრო შეუძლია გაჭირვებულის მიმართ თანაგრძნობა, ვიდრე ადამიანს (”წითელი მგელი”).

ჩოხელის შემოქმედებაში ძალიან ძლიერია შედარებითი  ინსტიტუტი, რაც  უმთავრესად  მგლის უპირატესობის წარმოჩენას ემსახურება. მაგალითად რომან ”წითელ მგელში” ის აღწერს ეპიზოდს, სადაც მამა დათვი ცდილობდა საკუთარი ბელის შეჭმას და დედა დათვი კი შვილს იცავდა: ”არ ვიცი როგორ შიოდა მამას, რომ შვილებისკენ იწევდა, ასეთ რამეს მგლებთან არასოდეს შევხვედრივარ…”

…კაცი და სამი მგელი ორმოშო ერთად მოხვდნენ. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სამმა მშიერმა მგელმა სამი დღის განმავლობაში ადამიანი დაინდო და არ შეჭამა. ბოლოს კაცმა მოიფიქრა, დანის დახმარებით ორმოს კედელზე საფეხურები გამოჭრა და ორმოდან სამშვიდობოს გამოაღწია: ”მგლები ახლაც არ განძრეულან. იმედის თვალით შეჰყურებდნენ მაღლა საფეხურებს აყოლილ კაცს და ამოისუნთქეს, მან რომ ბოლო საფეხური გამოთხარა და ზევით ავიდა. – ”ავა, ძელს ჩამოუშვებს და იმას ავყვებითო”-ფიქრობდნენ.

და რას აკეთებს ადამიანი? – იგი ავიდა მაღლა, მოიტანა თოფი და მგლები ორმოში ჩახოცა, უფრო სწორედ,  ორი მოკლა, მესამე კი დაჭრა – წითელი ფერისაა და ცოცხალი კარგად გაიყიდებაო…

„მგელმა შეძლო თანაგრძნობის გამოხატვა თავისნაირი გაჭირვებულის მიმართ, ადამიანმა კი –  ვერა.”

მისი შემოქმედების ის ნაწილი, სადაც მგლების ცხოვრებაა აღწერილი,   ისეთივე დაუნდობელი და სასტიკია, როგორც კავკასიელი ხალხების მრავალტანჯული ცხოვრების წესი – მუდმივი ბრძოლა გადარჩენისა და თავისუფლებისათვის, მუხლჩაუხრელი დგომა ღირსებისა და რაინდული კოდექსის სადარაჯოზე. და ამით ნაწილობრივ უპასუხა კიდეც კითხვას –  თუ რატომ არის კავკასიელებისათვის ასე ახლობელი და მისაღები ეს ”გარეული  მხეცი”.

გოდერძი ჩოხელის მიგნება კი იმაში მდგომარეობას, რომ მან  ”ადამიანში ჩაასახლა მგელი, ხოლო მგელში-ადამიანი”. საერთოდაც, მთელი მისი შემოქმედება ეს არის სიკეთისა და ბოროტების, ზნეობისა და უზნეობის, ეშმასა და ანგელოზების დაპირისპირების,  ადამიანთა სულიერებისაგან  დაცლის, ზნეობრივი და მორალური კათარზისის ასახვის მცდელობა, აკი თვითონვე ამბობს, დიდი სინანულით, რომ კეთილი გული მაშინვე გრძნობს ამ ყველაფერს, ადამიანების სიყვარულითა და მათი გადარჩენის სურვილით, რომ აკეთებს, თუნდაც მგლების მაგალითზე.

ადამიანის ბედზე ზრუნვით დაღლილი პოეტი და მწერალი, ძვირფას სამშობლოს უმღეროდა მთელი სიცოცხლე და მისი სატკივარითა და სიხარულით ედგა სული:

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდაც არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.

გოდერძი ჩოხელის მაგიურ  ნაწარმოებებს ლეიტმოტივად გასდევს ადამიანთა სევდისა და ტკივილების განკურნების, მგლური ინსტიქტების ყვავილთა სურნელით დამარცხების მცდელობა.

ერთი რამ უდავოა, რომ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში მგლის ფენომენი იმდენად ღრმა და უძიროა, იმდენად მრავალფეროვანი და არაერთმნიშვნელოვანი, არქაული და მითოლოგიური, რომ ის მწერლის გენიალურ შემოქმედებას მსოფლიო შედევრების გვერდით აყენებს და მარადიული უკდავების შარავანდედით მოსავს.

 

მექა ხანგოშვილი  – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი                                                                                             

Share
  • 5
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, იჩქერია, პანკისის ხეობა, საქართველო, წიგნი / ნაშრომი.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси