მგლის ლეკვი – III ნაწილი

თემური სოფელში, ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში შედარებითი სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ მოგვიანებით ახალი ომი გაჩაღდა და ეს ომი პირვანდელზე გაცილებით სასტიკი და სისხლიანი აღმოჩნდა. მაშინ თემური ხუთი წლისა იყო. მეორე ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ  ბიჭუნამ სკოლაში სიარული დაიწყო, მაგრამ ხშირი დაბომბვების გამო გაკვეთილები გამუდმებით ცდებოდა.

ზოგჯერ შეტევა იმდენად ინტენსიური ხდებოდა, რომ სარდაფს თავშეფარებული ოჯახი სამალავიდან გარეთ თვეობით ვერ გადიოდა. გაზაფხულის ერთ ნათელ საღამოს, როცა ჩვეულებისამებრ ბნელ და ნესტიან სარდაფში ისხდნენ, ყველამ ცხადად გაიგონა, როგორ ააფეთქეს მეზობლის სახლი. როცა ყურისწამღები ზრიალი ჩაცხრა, თემურმა ეზოში გაიჭყიტა და დაინახა, რომ მათი სახლის ჭიშკართან რაღაც დაგორდა – ბილიკზე მეზობლის თავი მძიმედ მიგორავდა.

მეორე კლასში იყო, როდესაც ბებია-ბაბუა გარდაეცვალა. მათი სიკვდილის შემდეგ გადაწყდა, რომ ბიჭუნა საცხოვრებლად მამამისის ძმასთან, ომართან გადავიდოდა. ომარს, რომელიც დაახლოებით ოცი წლის იქნებოდა, თემურზე ერთი წლით უფროსი ლიანაც უნდა შეეფარებინა. ბავშვებს საერთო მამა და სხვადასხვა დედები ჰყოლიათ, თუმცა და-ძმამ ერთმანეთის არსებობის შესახებ  მანამდე არაფერი იცოდა.

ბავშვები ბიძასთან, ყუმბარებისგან დაზიანებული კორპუსის ერთოთახიან ბინაში შესახლდნენ. ბინა  გროზნოს იმ უბანში მდებარეობდა, რომელსაც ზავოდსკოის ეძახდნენ. საღამოობით ომარი გამუდმებით სვამდა და ბოთლით ხელში პატარა ძმიშვილებს მკაცრად აფრთხილებდა, სამზარეულოს ჭუჭყიან იატაკზე დაწოლილიყვნენ და დაეძინათ. და-ძმა გვერდიგვერდ გასუსული იწვა და ჩამოქცეული კორპუსის სხვა სახლებიდან გამომავალ ხმებს აყურადებდა.

დილით ბიძისგან ახალ ბრძანებას იღებდნენ, ახლავე ქუჩაში გადით და ფული იშოვეთო… “თუ საკმარის თანხას არ მომიტანთ, გაილახებით”, იმუქრებოდა კაცი.

ბავშვებს საკმაოდ ხშირად ხვდებოდათ. გასაროზგად ომარი დენის შიშველ კაბელს იყენებდა. გარსი კაბელის მხოლოდ იმ მცირე ნაწილზე დაეტოვებინა, რომელზეც თავად ეკიდა ხელი. შიშველ მავთულებს ჯერ ცეცხლზე კარგად გაახურებდა, შემდეგ კი იატაკზე გვერდიგვერდ გაწოლილ, საცოდავად მოკუნტულ ბავშვებს მოტიტვლებულ ზურგზე რიგრიგობით ურტყამდა.

პატარები მალევე გაიწაფნენ.

ლიანა ადამიანების მზერისა და მოძრაობების ამოცნობაში დაოსტატდა. შესაფერის მომენტს ხელიდან არასოდეს უშვებდა და პაწაწინა ხელის მტევანს მსხვერპლის ჩანთასა თუ ჯიბეში მოხერხებულად ჩააცურებდა ხოლმე. ანგელოზივით უცოდველი სახით ქუჩებსა და ბაზრობებზე დასუნსულებდა. ნახევარძმის მსგავსად, მასაც ფერმკრთალი, გაცრეცილი კანი და მწვანე თვალები ჰქონდა. გოგონას დაკვირვებულ მზერას არც ერთი გამვლელის კისერი, ზურგი, ჯიბე თუ ჩანთა არ გამოეპარებოდა. თუმცა, თემურის გამჭოლი მზერისგან განსხვავებით, ლიანას თვალებში შორეული და ბუნდოვანი ნაღველი გამოსჭვიოდა.

და-ძმამ ქუჩის ბავშვებისთვის დამახასიათებელი მოქნილობა სწრაფადვე შეითვისა, მაგრამ სიბინძურესა და სიღატაკეში ცხოვრებამ ორივე მათგანის გარეგნობას თავისებული კვალი დააჩნია. ლიანა, რომელიც ყველას ანგელოზად აჩვენებდა თავს, სულ უფრო კადნიერად ქურდობდა, ხალხი კი ამ დროს მისი  ბავშვური მზერისა და გაძვალტყავებული სხეულის გარდა ვერაფერს ამჩნევდა.

 

თემური წელში მოკაკვული დააბიჯებდა და ალმაცერად იმზირებოდა. ნამდვილი ყალთაბანდის იერი ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში ერჩივნა, ნახევრად ჩამოქცეული სახლების ნანგრევებში აგურები ეგროვებინა, ვიდრე დასაჭერად გაეწირა თავი. აგურებს სამშენებლო ობიექტებს აბარებდა და სანაცვლოდ ორ რუბლს იღებდა. სამუშაო საკმაოდ მძიმე იყო, რადგან აგურები მიწაზე კი არ ეყარა, არამედ კედლებში, ჭიშკრების საყრდენებსა და თაღებში იყო ჩაშენებული.

 

თავდაპირველად უზარმაზარი უროს დახმარებით კედლის ნარჩენი ნაწილ-ნაწილ უნდა ჩამოენგრია, შემდეგ კი ცემენტითა თუ ბეტონით შედუღაბებული აგურები უნდა დაეცალკევებინა და გაეფხიკა. აგურების ჩაბარება და ფულის აღება სწორედ ამის შემდეგ შეეძლო. საუკეთესო ნანგრევების ხელში ჩასაგდებად ხშირად ხელჩართული ბრძოლაც უწევდა, რადგან ამგვარი გზით ფულის შოვნას საკმაოდ ბევრი ცდილობდა.

მსურველთა შორის არა მარტო თემურის თანატოლი ბავშვები, არამედ ასაკოვანი ადამიანებიც იყვნენ, რომლებსაც ოჯახი უნდა გამოეკვებათ. უზარმაზარ ნანგრევებს რომ გამკლავებოდნენ, ხშირად ბიჭები ჯგუფურადაც მუშაობდნენ. ყველაზე პატარები, რომლებსაც ძირითადად დაცალკევებული აგურების ცემენტისა და სხვა ნარჩენებისგან გასუფთავება ევალებოდათ, მხოლოდ ექვსი-შვიდი წლისანი თუ იქნებოდნენ. თემური ყოველთვის წელში მოხრილი იდგა და ჩაქუჩს იქნევდა. ზოგჯერ ისე იღლებოდა, რომ იძულებული ხდებოდა იქვე, ნანგრევებზე ჩამომჯდარიყო და ცოტა შეესვენა. როცა ამგვარად იჯდა და აგურებს აცალკევებდა, გაძვალტყავებულს, ტანსაცმელში ძვლები უჩანდა.

 

გაგრძელება იქნება

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, History, World - Düne, იჩქერია, კავკასია, წიგნი / ნაშრომი.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси