მგლის ლეკვი – ბოლო ნაწილი

ძაღლების პატარა მკვლელი რუსეთის  ბინადარია. იგი რუსეთში დაიბადა და რუსულად საუბრობს. ფერმკრთალსა და ქერათმიანს, გარეგნობაც რუსული აქვს. იმ მოკლე დროში, სასკოლო მერხთან რომ გაატარა, ისიც იმავე ანბანს სწავლობდა, რომელსაც ციმბირელი ბავშვები სწავლობენ, იმავე ისტორიის გაკვეთილებს ისმენდა, მდინარე ვოლგის მახლობლად მცხოვრები ბავშვები რომ ისმენენ და სანკტ-პეტერბურგელი ბავშვების მსგავსად, ისიც პუშკინის ლექსებს იზუთხავდა. თემური ერთ-ერთი წარმომადგენელია მოსახლეობისა, რომელიც რუსეთის სამხრეთით, კავკასიის მთებთან ცხოვრობს და თანდათანობით, სულ უფრო მეტად მიექანება ფსკერისკენ.

ისიც იმ ას ორმოცდაათმილიონიანი ერის ერთ-ერთ მოქალაქედ ითვლება. ვინმეს ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობის აღწერა რომ ჩაეტარებინა, ნაგავსაყრელის ტლაპოში ამოგანგლულ თემურსაც ამ უზარმაზარი სახელმწიფოს ერთ-ერთ მოქალაქედ მიათვლიდნენ.

მაგრამ სხვა მხრივ მისი სათვალავში ჩაგდება და მით უმეტეს, მასზე ზრუნვა ჯერჯერობით აზრადაც არავის მოსვლია. მისი დანაკარგიც არავის ადარდებს – არავის აინტერესებს, რომ მშობლები, ბავშვობის წლები დაკარგა და სკოლაში არ უვლია, აღზრდა და მზრუნველობა არ მიუღია, არავის დაუცავს, მით უმეტეს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი სწორედ ის ომი იყო, რომელიც მისივე სახელმწიფომ წამოიწყო.

თემური სულაც არ არის ის, ვიზეც რუსები იტყოდნენ, ერთ- ერთი ჩვენგანიაო. პირიქით, მათთვის თემური და მისი  მსგავსი ბიჭები უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან ისინი ღირსეულ მოქალაქეებს, ანუ ნამდვილ რუსებს, გარკვეულ საფრთხეს უქმნიან. რუსული ეროვნების გამოხატვისთვის ორი ასეთი სიტყვა არსებობს: Россиянин, რაც რუსეთის მოქალაქეს ნიშნავს და Русский, რაც მათ ეთნიკურობაზე მიუთითებს. Русский მხოლოდ სლავური წარმოშობის შეიძლება იყოს და სწორედ მათზე ამბობენ რუსები, ერთ-ერთი ჩვენგანიაო.

როდესაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოდის და ხალხს მიმართავს, სავსებით შეგნებულად იყენებს სიტყვას Россиянин, რომელშიც ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მართლმადიდებელს, მუსლიმს, ბუდისტსა თუ ებრაელს გულისხმობს. თემური Россиянин-ია, მაგრამ არა Русский, ანუ რუსეთის მოქალაქედ ითვლება, მაგრამ რუსი არ არის.

იგი ჩეჩენია. რუსულის გარდა, თავის მშობლიურ ენაზეც საუბრობს, მაგრამ წერა არ შეუძლია. თავისი ქვეყნისა და ხალხის კულტურას მითებიდან და თქმულებებიდან იცნობს, მაგრამ ისტორია არავის უსწავლებია. ის კი იცის, რომ მუსლიმია, მაგრამ არ იცის, როგორ უნდა ილოცოს. უნდა, რომ იამაყოს, მაგრამ არც ის იცის, რის გამო იამაყოს. თუმცა ბრძოლა სწყურია და მშვენივრად იცის, ვის უნდა ებრძოლოს.

მოსახლეობის რაოდენობრივი აღწერა ბევრ რამეს ახდიდა ფარდას. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1989 წლის მონაცემებით, ჩეჩენთა რიცხვი დაახლოებით მილიონს აღწევდა. სწორედ ამ დროიდან ხუთი წლის შემდეგ ჩეჩნეთში ომი გაჩაღდა  და სულ მალე ომში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა რიცხვი დაახლოებით ორასი ათასამდე გაიზარდა. ერთნი ამტკიცებენ, რომ ამ ომს მოსახლეობის თხუთმეტი პროცენტი შეეწირა, სხვები კი ოც პროცენტს ასახელებენ. ყველაზე უხეში გამოთვლით, ათი ადამიანიდან ერთი ომში დაღუპულადაა მიჩნეული.

დაღუპულთა შორის ათი ათასობით ბავშვია, რომლებსაც, მათივე ასაკიდან გამომდინარე, ბანდიტებსა და ტერორისტებს ნამდვილად  ვერ უწოდებ. თუმცა მთავრობა მათაც  და სხვა დანარჩენებსაც, რომლებიც ძალოვანთა მიმართ გარკვეულ წინააღმდეგობას იჩენენ, სწორედ ასე მოიხსენიებს. ისე, თემურს რომ ჰკითხო, ვინ უნდა გამოვიდეს, მეომარიო, დაუყოვნებლივ გიპასუხებს. ჯიბის დანის ნაცვლად ხელში კალაშნიკოვს დაიჭერს, თავდაუზოგავად იბრძოლებს და ძაღლების მაგივრად რუსებს დახოცავს. უნდა, ყველას შიშის ზარს სცემდეს – ყველაზე მეტად სწორედ ეს სურს.

კაცი შეიძლება დაღუპულთა დათვლას შეეცადოს. მათ რაოდენობაზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი. ხეიბართა რიცხვის განსაზღვრა და ამ რიცხვებზე კამათიც შესაძლებელია, მაგრამ ვინ მოთვლის ომში, ყუმბარების აფეთქებისას დასახიჩრებულ ადამიანთა მიერ დაკარგულ ხელს, ფეხს, სმენასა თუ მხედველობას… სად, რომელ სტატისტიკაში წერია რამე პატივაყრილი და დამცირებული ბავშვების თაობაზე?

ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ფონდი (UNICEF) გვაუწყებს, რომ 1994 წლიდან მოყოლებული დღემდე, ოცდახუთი ათასმა ჩეჩენმა ბავშვმა ომში ორივე მშობელი დაკარგა. ბევრი მათგანი მუყაოს ყუთებში, ყუმბარებით დაზიანებულ კორპუსებსა და მდინარის პირას მდებარე მილებში ათევს ღამეს.

ბიჭს სიბნელე შავი, ყინულივით ცივი საბანივით შემოხვევია. ღამის სუსხი დაუნდობლად იკბინება. ნეტავ მგლების ყმუილი ესმის თუ ძაღლების? ან იქნებ, ტურების… ცდილობს, ფხიზლად იყოს, რადგან ეშინია, თუ ჩაეძინა, რომელიმე გარეული ცხოველი მიეპარება და კბილებს ჩაასობს. დამძიმებულ ქუთუთოებზე სინათლის პირველი სხივი მიელამუნა თუ არა, აკანკალებული მაშინვე მილიდან გაძვრა და პაწაწინა თავშესაფრისთვის ფიცრებისა და მუყაოს ნარჩენების შეგროვებას შეუდგა. მზის ამოსვლამდე ბეტონის მილში მოწყობილი ერთი ციდა ქოხი უკვე მზად ჰქონდა. მართალია, ღამის სუსხს ვერაფერს მოუხერხებს, მაგრამ ძაღლებისგან მაინც ხომ დაიცავს თავს.

ცდილობს წარმოიდგინოს, რომ თავადაც მგელია – სასტიკი, დაუნდობელი და ფეხმარდი მგელი, რომელსაც დანასავით ბასრი კბილები აქვს,  მაგრამ არც ეს თამაში ათბობს და საბოლოოდ ფარ-ხმალს ყრის.

გარკვეული დროის შემდეგ თემური ბოშათა ბანაკს უერთდება. რამდენიმე რუბლის სანცვლოდ ღამეს მათ პაწაწინა ფარდულში ათევს, საღამოობით კი ბოშებთან ერთად კოცონს უზის, თუმცა იმ წუთებშიც ნამდვილი მგლების ბანაკში ყოფნაზე ოცნებობს. სურს, იმ მეომრების, მთებში დაბანაკებული გმირების გვერდით იყოს, რუსებს მოულოდნელად თავს რომ ესხმიან და საბრძოლო ჯავშანტექნიკას უფეთქებენ. იქ, ზემოთ, სწორედ იმ დათოვლილ მთებში უნდა ყოფნა. უნდა, მანაც იმ მგლების მსგავსად იბრძოლოს, რომლებიც აგერ უკვე სამასი წელიწადია, არ ცხრებიან და რომელთა შესახებაც ბაბუამისი უამრავ ამბავს უამბობდა ხოლმე.

როგორ არ ცდილობს, მაგრამ უსიამოვნო ფიქრებს თავს ვერა და ვერ აღწევს. ნახევარდა გაჭირვებაში მიატოვა, ბიძასთან მარტოდმარტო დააგდო და გაიქცა. გონებაში დის გამოსახსნელ სამაშველო გეგმას სახავს. ცდილობს წარმოიდგინოს, იმ დროს, როდესაც ბიძამისი სასმელით გალეშილი იქნება, დანით ხელში ოთახში როგორ შეიჭრება და დას როგორ გაათავისუფლებს.

ბიძის ნაცვლად ამჯერადაც ძაღლს კლავს. მის წინ დაგდებულ კიდევ ერთ ლეშს ფეხით აგორებს…

თემური წებოს სუნთქავს და სხვა გამაბრუებელ საშუალებებს ხმარობს. ბოლოს ბოშა ბიჭებთან ჩხუბი მოსდის, რის გამოც მოხეტიალე ბანაკიდანაც აძევებენ. იძულებულია, ისევ მდინარის მახლობლად, მარტოდმარტო, მკვდარი ძაღლების გვერდით დაიძინოს. ძაღლის მოკვლა ხომ ნებისმიერ დროს შეუძლია.

“როგორი მორჩილები და სუსტები არიან, – ქირქილებს ბიჭი, –

აღარც კი ახსოვთ, რომ სინამდვილეში მგლები არიან…”

 

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, History, World - Düne, იჩქერია, წიგნი / ნაშრომი.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси