ინიციატივები პანკისის ხეობიდან ( Photo )

22 სექტემბერს “ორბელიანი საქართველოს”, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SIDA) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) წარმომადგენლები პანკისის ხეობის სამ სოფელში – დუისში, ჯოყოლოსა და ბირკიანში შეხვდნენ მოხალისეებს, რომლებმაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს სოფელ დუისსა და ჯოყოლოს საზღვარზე მდებარე სკვერი, რომელიც ადგილობრივი ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თავშეყრისა და გართობის ადგილია. სკვერი სკოლასა და ბაღთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ აქ სხვადასხვა ასაკის ბავშვები იკრიბებიან.

ადგილობრივებმა ერთ-ერთი დონორის დახმარებით აქ უკვე გააკეთეს საქანელა, სასრიალო და სკამი. ამჟამად ისინი ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით სკვერის გაფართოებას გეგმავენ, რისთვისაც დამატებით ოთხი სკამის, ორი ნაგვის ურნისა და განათების დამონტაჟებას აპირებენ. აღმოჩნდა, რომ სკვერის მოწყობა ამ მოხალისეებისათვის პირველი პროექტი იყო, რომელმაც ისინი გააერთიანა ერთი საქმის ირგვლივ.

გარდა ამისა, სტუმრებმა მოინახულეს სოფელ დუისში ერთ-ერთ ოჯახში მოწყობილი კერვის კურსები, ასევე ამ კურსების ერთ-ერთი მოსწავლის მიერ გახსნილი კერძო სამკერვალო სალონი. დაფინანსებული პროექტებიდან ბოლოს მოვინახულეთ ასაკოვანთათვისა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის საგანგებოდ მოწყობილი სივრცე, სადაც მოხალისეები პროექტის ფარგლებში შეძენილ მაცივარში ინახავენ ბენეფიციარების პროდუქტებს, ასევე უმზადებენ მათ საკვებს. ეს სივრცეც კომუნიკაციის ერთ-ერთ კერად გადაიქცა ადგილობრივებისათვის.

ბენეფიციარებს საკვები პროდუქტების შენახვისა და საჭმლის მომზადების გარდა, მათ ცენტრში ჟურნალ-გაზეთების წაკითხვაც შეუძლიათ. დანიშნულების ბოლო პუნქტი იყო სოფელი ბირკიანი. აქ სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან მოვისმინეთ განსხვავებული საპროექტო იდეები, რომელთა მეშვეობითაც მათ თავიანთი საცხოვრებელი გარემოს უკეთესობისაკენ გარდაქმნა წარმოუდგენიათ.

შეკრებილები ძირითადად ინტერესდებოდნენ დააფინანსებდა თუ არა ორგანიზაცია კონკრეტულ იდეებს. მაგალითად ბიჭებს ის აინტერესებდათ, თუ დაფინანსდებოდა სპორტული ტურნირისათვის პრიზებისა და სიგელების შეძენა. ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც მაგიდის ტენისის ჩემპიონატის გამარჯვებულიც ყოფილა, ტენისის მაგიდის შეძენის წინადადებით გამოვიდა.

 

 

ფოტოების ავტორი: ნათია რეხვიაშვილი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Photo - Sürt, მედია პანკისის ხეობის შესახებ, პანკისის ხეობა.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси