თუმი დიშნი: ვაინახების ხელოვნება

სამი წლის მუშაობის შემდეგ გამოვიდა ჩემი წიგნი-ალბომი “ვაინახების ხელოვნება”.

სული და გული ჩავდე, საოცარი სიყვარულით ღამეებს ვათენებდი თვითეული ფოტოს შერჩევაზე და თვითეული სტრიქონის წერაზე. სიამოვნებით ვიღებდი ყოველ შენიშვნას და დაუღალავად ვეძებდი კიდევ და კიდევ უკეთეს მასალებს. თვითონ ვიღებდი ფოტოებს პანკისში, დიზაინს ათასგვარად ვარჩევდი, შეძლებისდაგვარად ვქირაობდი პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ყველაზე დიდი სიხარული მაინც საქართველოს მუზეუმებში მუშაობისას განვიცდიდი. ყოველი ექსპონატის პოვნისას სიხარულისგან ემოციებს ვერ ვიკავებდი.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა მუზეუმის თანამშრომლების განსაკუთრებული ყურადღება და თბილი დამოკიდებულება. მინდოდა ამ წიგნის სახით საჩუქარი გამეკეთებინა ჩემი ხალხისთვის, პირველ რიგში პანკისელი ქისტებისთვის, ვაინახი ერისთვის და ქართველებისთვის, ჩვენს ერებს შორის არსებული იმ სიყვარულისთვის და ძმობისთვის, რომელსაც საერთო, ძირძველი ფესვები გააჩნია და საუკუნეების მანძილზე მრავალ ქარტეხილებს გაუძლო.

ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი გახდა ისიც რომ ეს წიგნი გამოსვლის მერე პირველებმა თბილისში ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესზე ჩამოსულმა ენათმეცნიერებმა და პროფესორებმა შეაფასეს და გაოცება ვერ დამალეს. ის დღე არასოდეს დამავიწყდება, როცა ელი კრიტიკას და ამ დროს მოდიან და ოვაციებით გილოცავენ, მადლობებს გიხდიან ნაშრომისთვის ასეთი ბუმბერაზი ადამიანები, გეუბნებიან, რომ დისერტაცია მზად გაქვს და დაიცავი, ჩვენ გვერდში დაგიდგებით.


წიგნში ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ 
ადამიანს, ვინც გვრდში დამიდგა, მომაწოდა რაიმე მასალა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ირინე საგანელიძეს, რომელიც მთელი ამ სამი წლის მანძილზე გვერდში მედგა და ჩემთან ერთად განიცდიდა წიგნის ბედ-იღბალს, კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, რომელმაც როცა ნახა პირველი წიგნი “ვეინახების ქართული საგა” და გავუზიარე ახალ წიგნზე მუშაობის იდეა პირობა მომცა, რომ დააფინანსებდა და მან ეს პირობა შეასრულა.

ბატონ გურამ ოდიშარიას, რომელმაც თავისი მხარდაჭერით დიდი იმედი ჩამისახა და პირველი წიგნის დაფინანსებით სტიმული მომცა მეფიქრა ამ წიგნზეც. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ასევე წიგნის რედაქტორს ნათია ჯალაბაძეს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე დიდი სიყვარულით გვერდში მედგა, რჩევებს მაძლევდა და მამხნევებდა.


წიგნის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება პანკისის ხეობაში 18 დეკემბერს, რომელსაც ასევე ახლავს რამდენიმე სიურპრიზი სამინისტროსგან და პრეზენტაციასთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში.
სიამოვნებით მივიღებ წიგნთან დაკავშირებულ ყველა შენიშვნას და შემდეგი გამოცემისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს.


ამჯერად წიგნის ტირაჟი მხოლოდ 500 ეგზემპლარია.
წიგნი წარმოდგენილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.
უღრმესი მადლობა გამომცემლობა “სეზანის”, რომელმაც ასეთი უმაღლესი ხარისხის გამოცემა გვისახსოვრა.


პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

ნონა ხანგოშვილი ( Tumi Dishni )

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, News - Kerlanaş, Photo - Sürt, დუისი, კულტურა, პანკისის ხეობა, წიგნი / ნაშრომი.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси