ზვიად გამსახურდიას მიმართვა ვაინახებს

23 თებერვალი მძიმე დღეა კავკასიელებისთვის. 1944 წლის 23 თებერვალს სტალინის რეჟიმმა განახორციელა ინგუშებისა და ჩეჩნების დეპორტაცია სამშობლოდან შუა აზიის რესპუბლიკებში. ჩრდილო კავკასიიდან ერთბაშად გაასახლეს ნახევარ მილიონამდე ჩეჩენი და ინგუში. დეპორტაციის პროცესს ძალიან ბევრი ემსხვეპლა. ყოველ 23 თებერვალს საქართველოში ვიხსენებთ ჩეჩნების და ინგუშების დიდ ტრაგედიას. 1991 წლის 23 თებერვალს კი, პირველად ჩვენს რეალობაში, ხელისუფლების პირველმა პირმა მიმართა ჩეჩენ და ინგუშ ხალხს და გამოხატა საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი ერებისადმი თანადგომა.

საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას მიმართვა ჩეჩენ და ინგუშ ხალხს. 1991 წლის 23 თებერვალი.

“ძვირფასო დებო და ძმებო!

ჩეჩენ, ინგუშ და ქართველ ხალხებს შორის ძმობას, მეგობრობასა და კეთილმეზობლური ურთრთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენს წინაპრებს არაერთგზის შეუშველებიათ ხელი ერთმანეთისთვის გასაჭირის დროს. გასაჭირი კი ხშირად დაგვტეხია თავს. კავკასიაში შემოსული ყოველი მტერი პირველ რიგში კავკასიელ მკვიდრ ხალხთა გათიშვას და მათ ცალკ-ცალკე განადგურებას ცდილობდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა კავკასიელთა შეკავშირება და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკვრა, რითაც მოხერხებულად სარგებლობდნენ დამპყრობლები.

„გათიშე და იბატონე“-ს პოლიტიკამ განსაკუთრებით გამოიღო ნაყოფი ცარიზმის დამკვიდრების შემდეგ. იმ დროის განმავლობაში, რაც კავკასიელი ხალხი ჯერ მეფის რუსეთის, შედგ კი საბჭოთა იმპერიაში მოექცნენ, ყველაზე მეტი ტანჯვა – ვაების გადატანა, სწორედ, ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს მოუწია. ეს იმიტომ, რომ თქვენ არასდროს შერიგებიხართ მტერს, ქედი არ მოგიხრიათ მისთვის. ვაჟა-ფშაველას სიტყვებითაც ხომ „კარგია მუდამ მტრიანი.“

ცარიზმის მიერ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკის მწვერვალი იყო 1864 წელს ჩეჩენთა და ინგუშთა იძულებითი აყრა სამშობლოდან და ოსმანთა იმპერიაში გადასახლება. თავის დროზე ეს ფაქტი მკაცრად დაგმეს ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. რად ღირს თუნდაც ალ. ყაზბეგის ცნობილი ნაწარმოებები, რომლებიც აღსავსეა ჩეჩენთა და ინგუშთა მწარე ხვედრის გამო გულისწუხილითა და თანადგომით.

1864 წელს მუჰაჯირობის, სამშობლოს დაკარგვის მთელი სიმწარე, ჩეჩნებთან და ინგუშებთან ერთად იწვნიეს კავკასიის სხვა ხალხებმაც: აფხაზებმა, ჩერქეზებმა, ყარაჩაელ – ბალყარლებმა, დაღესტნის ხალხებმა, მაგრამ ისტორიიის ბედუკუღმართობის გამოცდა, გენოციდის ახალი ტრაგედიის გადატანა, ისევ მოუხდა გმირ ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს უკვე ჰუმანური“ საბჭოთა ხელისუფლების წყალობით 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭთა წითელი არმიის „ბრწყინვალე“ დღეს, როცა ერთ დღე – ღამეში მთელი ხალხი დიდიან – პატარიანად ჩატვირთეს ვაგონებში და შორეული ყაზახეთის გზას გაუყენეს, უამრავი ადამიანი შეიწირა ამ აქციამ.

1944 წლის 23 თებერვალი სისხლიანი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო ისტორიაში, როგორც გენოციდის დღე. ჩეჩენი და ინგუში ხალხების ჭრილობა მოუშუშებელია, ხოლო მწუხარება უსაზღვრო და უკიდეგანო. ეს ისეთი ჭრილობაა ჩეჩენი და ინგუში ხალხის ისტორიაში, რომლის დავიწყება არ შეიძლება, ხოლო მწუხარება კი არ გაქრება არამედ იქცევა ძალად, რომელიც სათავეს ხალხის წიაღიდან იღებს და მასვე უბრუნდება, როგორც განახლების წყარო, ერის სულიერების აღორძინების ნიშანსვეტი.”

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, History, ინგუშეთი, იჩქერია, კავკასია, საქართველო.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси