ვაინახური ლეგენდა მგელზე

უხსოვარ დროში ქვეყნიერების შემოქმედმა  უზენაესმა ღმერთმა, დაასახლა იგი ადამიანებით, მხეცებითა და სხვა არსებებით. მისცა მათ რჩევა-დარიგება თუ როგორ ეცხოვრათ:

“ნუ დაარღვევთ ჩემს მოძღვრებას, იცხოვრეთ მშვიდობასა და თანხმობაში. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ყველანი ერთმანეთის თანასწორნი ხართ!”

მას იმდენად უყვარდა თავისი შვილები, რომ უბოძა მათ სამოთხე. და ცხოვრობდა ყველა დედამიწაზე, ერთმანეთისადმი პატივისცემით და სიყვარულით.

მაგრამ, მრავალი წლის შემდეგ მათ დაიწყეს უზენაესის მოძღვრების უარყოფა და დავიწყება: ადამიანი კლავდა ადამიანს, დიდი და ძლიერი მხეცი ანადგურებდა პატარასა და სუსტს. მხოლოდ ერთს ძუ მგელს არ სურდა დამსგავსებოდა სხვებს, ამბობდა, რომ უზენაესმა თანასწორები შეგვქმნა, რომ მსგავსი საქციელი არღვევდა მის კანონებს და მონებად გვაქცევდა. მაგრამ მის სიტყვებს ყურად არავინ იღებდა.

უზენაესმა, როდესაც ნახა ამდენი სიბინძურე და ძალადობა, სამოთხის ნაცვლად, ადამიანებს ანგელოზები მოუვლინა, მაგრამ ადამიანებმა მათაც ზურგი აქციეს და უარყვეს.

მაშინ გაცეცხლებულმა ღმერთმა გადაწყვიტა დედამიწაზე ყოველი ცოცხალი გაენადგურებინა და უდიდესი სტიქია დაატეხა მათ თავს. მზე სისხლისფრად შეიღება, ზეცას ქვიშა სდიოდა, ისე, რომ ადამიანებს სუნთქვა უძნელდებოდათ. მთები ჩამოინგრნენ, ყინულივით ცივი ქარი ხეებს ფესვებიანად გლეჯდა და მათ ქვეშ მარხავდა ყოველივე ცოცხალს. აწიოკებული ადამიანები და ცხოველები ხსნის ძიებაში იყვნენ.

და, მხოლოდ ძუ მგელმა არ აქცია ზურგი დიდ უბედურებას. გადაეფარა თავის ლეკვებს და მედგრად დახვდა კარს მომდგარ განსაცდელს. ძლიერი ქარის მგელს ხორცებს გლეჯდა და ტყავი სძვრებოდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. ხოლო ადამიანები, რომლებსაც თავი ყოველივეს გამგებლად წარმოედგინათ, ცოდვებით აღსავსე სულების გადასარჩენად, ლაჩრულად აფარებდნენ თავს მის უკან.

უზენაესი გააოცა მისმა ასეთმა სიმამაცემ და გამძლეობამ. მან დაამწვიდა სტიქია და წარმოსთქვა:

“მე დავინახე, რომ ამ ცოდვილ მიწაზე მაინც არსებობს ღირსეული არსება და მის გამო მე გიბოძებთ სიცოცხლეს, მაგრამ არ გპატიობთ”. და ზურგი აქცია დედამიწას.

დაჭრილი მგელი კი ადამიანებმა მოკლეს, რადგან ვერ შეძლეს გადაეტანათ ეს შიში და სირცხვილი. აქედან მოყოლებული ადამიანების სდევნიან და კლავენ მგლებს, ამით სურთ წაშალონ მოგონება ღვთის წინაშე ჩადენილ ცოდვაზე.

ხოლო მგლები, ზეცის შემყურე, დაუნდობლად, ჩივილით ყმუიან, მოუწოდებენ უზენაესს, რომ ისევ მოუბრუნდეს მიწას, გვაპატიოს ჩვენი ცოდვები და აღადგინოს სამართლიანობა დედამიწაზე.

ვაინახი ხალხისთვის,  ქვეყნიერების დამცველი მგელი ითვლება ვაჟკაცობის, გამძლეობის სიმბოლოდ, სიცოცხლისა და თავისუფლების განსახიერებად.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in ინგუშეთი, იჩქერია, კავკასია, ფოლკლორი.

Sulkhan Bordzikashvili - Administrator