დერქიზ ჯუოყალ ( ჯოყოლა )

ფუოღა

ფუოღა – ჯოყოლას მშობლიური სოფელი

ჯოყოლას შესახებ საკმაო ცნობები მოიპოვება როგორც ქართულ,ისე რუსულ წყაროებში და არსებობს ზეპირი გადმოცემებიც,რომლის სახელსაც დღეს პანკისის ხეობაში თავისი მნიშვნელობითა და მოსახლეობის რაოდენობით მეორე სოფელი ჯოყოლო ატარებს.

ბევრი მკვლევარი ი.ბუქურაული,ს.ჩხენკელი,მ.მაჩაბელი,ასევე ა.ზისერმანი თავის წიგნში ”25 წელი კავკასიაში ”, მათე ალბუთაშვილი და ა. შ. წერენ ჯოყოლას შესახებ და სავარაუდოა რომ ვაჟა-ფშაველას პოემა ”სტუმარ-მასპინძელის” მთავარი გმირის ჯოყოლას პროტოტიპი იყო მაისტელი ჯოყოლა.

დერქიზ ჯუოყალ დაიბადა 1818 წელს მაისტის თემის აულ ფუღოში. მამამისი დერქიზა ცნობილი იყო თავის სახელოვანი თარეშით და და თან დაჰყავდა თავისი ვაჟი ჯოყოლა,რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ,თავისი სიმამაცის წყალობით გამოირჩეოდა მაისტელ ჯიგიტებში. 15 წლის ჭაბუკი თარეშის დროს მარტოდმარტო იცავდა მდევრისგან ქედზე გადასასვლელს,რომელსაც ხუთი-ექვსი კაცი მაინც სჭირდებოდა,ამიტომ მამამისმა ადრევე გადაულოცა მას ბელადობა.


მათე ალბუთაშვილი აღნიშნავს,რომ :”ჯოყოლა იყო სწორუპოვარი მეომარი და ზუსტი და სწრაფი მსროლელი.იგი ასწრებდა თავის მაჟარის (კაჟიანი თოფი) მეორედ დატენვას სანამ პირველი დატენვის შემდეგ ბოლი გაიფანტებოდა.”…


ა. ზისერმანი თავის წიგნში ”ოცდახუთი წელი კავკასიაში” საინტერესოდ აღწერს 1848 წელს თავის მოგზაურობას მაისტში და სტუმრობას ჯოყოლასთან. ”ჯოყოლა – ახოვანი მთიელი,ოცდაათი წლის,მბრწყინავი თაფლისფერი თვალებით და მუქი – ქერა წვერით,მარდი,სავსე გაბედულებით”…ასე აღწერს ზისერმანი ჯოყოლას,რომელმაც სურვილი გამოთქვა გამასპინძლებოდა და გაუძღვა მას ფუღოსკენ.

ზისერმანი,რომელსაც მთელი კავკასია მოვლილი ჰქონდა განცვიფრებული დარჩა მაისტის პირქუში ბუნებით და მისი მცხოვრებლების სიღატაკით. მაგრამ სიღატაკის მიუხედავად ფუღოელებს და ტუგოელებს არაფერი დაუკლებიათ სტუმრისათვის: საკლავი დაკლეს,ცეკვა – თამაში გამართეს… დილით კი შეჯიბრი გამართეს სროლაში სტუმრის საპატივსაცემოდ. სამიზნედ ზისერმანის ნაჩუქარი ვერცხლის მონეტა გამოიყენეს და პირველი სტუმარს ასროლინეს. სტუმარმა ვერ მოახვედრა და ჯიგიტებმაც ყველამ ააცდინეს მიზანს. მაშინ ერთმა მოხუცმა გამოიყვანა ერთი 10-11 წლის ბავშვი რომელმაც ჩაიჩოქა,ესროლა შაშხანა და მონეტა გადმოაგდო…


შემდგომ ზისერმანი წერს რომ მთიელი ბავშვები საუკეთესო მსროლელები არიან, მაგრამ რათქმაუნდა მაისტელმა ჯიგიტებმა სპეციალურად ააცდინეს სამიზნეს, სტუმარი რომ არ შერცხვენილიყო და მათზე ცუდი მსროლელების შთაბეჭდილება რომ არ დარჩენოდა სტუმარს, ბავშვი გამოიყვანეს და მას ასროლინეს.


პანკისში ჯოყოლას გადმოსახლებასთან დაკავშირებით არსებობს ცნობები,სადაც თითქმის ყველგან მითითებულია რომ მთავარი იყო ჯოყოლას შემორიგება. რომ ამით აღეკვეთათ მისი გამუდმებული თარეში თუშებზე.

ეს მისია იტვირთა თუშების მოურავმა ივანე ცისკარიშვილმა.საკითხი გადაწყდა რუსეთის მეფისნაცვლის მ.ვორონცოვის დონეზე თიანეთის მხარის უფროსის ლევან ჩოლოყასვილის მეშვეობით,რომელიც დაინტერესებული იყო რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩენი ბელადებისა და ავტორიტეტების გადმობირებით.


ივანე ბუქურაულის ცნობით ივანე ცისკარიშვილმა ამის შემდგომ მაისტში გაგზავნა დელეგაცია, რომლის შესახებ დალხან ხოჟაევი გვიყვება: ”მაისტს ჰქონდა ძალიან ცოტა ნაყოფიერი მიწები და ჯოყოლამ გადაწყვიტა ხალხის ნაწილის გადასახლება .რადგან მოსახლეობა გაიზარდა და მაისტში შიმშილი დაიწყო,ჯერ კიდევ მანამდე ბაცაი(თუშები) თავიანთ ხალხს უგზავნიდა მის შესათანხმებლად.ჯოყოლამ უპასუხა ის თანახმაა დატოვოს სიმშვიდეში თუშები ,თუ მას მისცემენ ამბერჩის (ასე ეძახდნენ ქისტები ალაზნისთავს)… მაგრამ თუშების უხუცესმა უარი თქვა ამბერჩის მიცემაზე,’რადგან მანდ ისე იზრდება ბალახი,რიგორც რქები” და დაუთმო ის ადგილი სადაც ამჟამად არის ჯუოყალ-იურთ”…


1851 წელს ჯოყოლა ქისტებთან და რამდენიმე ხევსურთან ერთად გამოჩნდა ბორბალოზე,ამის შესახებ მათე ალბუთაშვილი წერს: ” ჯოყოლა ქისტებთან ერთად დაეშვა ალაზნის თავში,სადაც ცისკარიშვილის მეთაურობით შეიკრიბნენ თუშები.თუშებმა პატივით მიიღეს ქისტების ბელადი ,დაკლეს ცხვრები,მოაწყეს ქეიფი.

ერთი სიტყვით,თუშები ძალიან ცდილობდნენ,ესიამოვნებინათ ქისტებისათვის. ამის მიზეზი იყო ის რომ,ისინი იღვწოდნენ როგორმე შერიგებოდნენ მოუსვენარ ჯოყოლას,თავის თარეშით დიდი ზარალი რომ მოჰქონდა. დასალევიდან თუშებს არაფერი გააჩნდათ,გარდა არაყისა და ი.ცისკარიშვილმა მიაწოდა არყიანი ვერცხლის თასი,მან არ მიიღო ის,ხოლო როცა უარის მიზეზი ჰკითხეს,უპასუხა ,რომ ადათის მიხედვით უნდა ცისკარიშვილთან ძმად გაფიცვა. ჯოყოლა და ცისკარიშვილი ძმად გაიფიცნენ…”


ამის მერე ცისკარისვილმა ჯოყოლას ხელშეწყობით გადმოასახლა პანკისში 54 კომლი მაისტის ორი აულიდან,ფუღოდან და ტუგოდან.შეთანხმების თანახმად კი ჯოყოლას უნდა აღეკვეთა ლეკთა თარეში,ასევე და უნდა დაეცვა პანკისის გზა.ხოლო ახლად ჩამოსახლებულები თავისუფლდებოდნენ სახელმწიფო გადასახადებისაგან.როგორც იწერება მათე ალბუთაშვილი დაპირება დაპირებად დარჩა და კლიმატური და მატერიალურად გაუსაძლისი პირობების გამო ჯოყოლამ გადაწყვიტა დაებრუნებინა თავისი ხალხი საკუთარ სამშობლოში.


1865 წელს 25 მაისს ჯოყოლა დაიძრა მაისტისკენ და მას ქოჩადლის მისადგომებთან დაეწივნენ კაპიტანი ელიზბარაშვილი,რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა ძალის გამოყენებითაც კი დაებრუნებინა ისინი უკან.შეტაკების დროს მოკლეს კაპიტანი,დაიჭრა ორი თუში,მოლაპარაკებით ნაწილი ხალხის უკან დააბრუნეს.ხოლო ჯოყოლა წავიდა სამსობლოში და მას გაჰყვნენ დანარჩენი ქისტებიც.


ჯოყოლა მაისტში დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძობს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას.როგორც ცნობილია იმ დროს იმამ შამილს ორ ფრთაზე უხდებოდა ბრძოლა, ერთის მხრივ – რუსეთის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ – მთიელი ჩეჩნების დასამორჩილებლად,რომლებიც სისხლის ფასად ვერ თმობდნენ თავისუფლებას.

ერთ – ერთ შეტაკებაში ჯოყოლა ტყვედ ჩაიგდეს და მიჰგვარეს იმამ შამილის იმდროინდელ მემკვიდრეს ყაზი – მუჰამედს და შარიათის კანონის მიხედვით თავი მოჰკვეთეს.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in History, იჩქერია, კავკასია, პანკისის ხეობა, საქართველო, ჯოყოლო.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси