დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნა

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებებს მიაღწია. გაიმარჯვა თურქეთთან და ირანთან წარმოებულ ომებში და შემდგომ მთელი თავისი რესურსი ჩრდილო კავკასიის კოლონიალიზმისაკენ მიმართა.

თუ მანამდე XVI-XVIII საუკუნეებში რუსეთის პოლიტიკა იყო სამხედრო-სამოკავშირეო, XIX საუკუნიდან რუსეთის იმპერია იწყებს ბრძოლას კავკასიისათვის კერძოდ, ჩეჩნეთისა და მთიანი დაღესტნის საბოლოოდ დასამორჩილებლად. რუსეთის ხელისუფლებას სურვილი იყო სამხრეთით იმპერიის საზღვრების გაფართოება, აზიასთან დამაკავშირებელი გზების ხელში აღება და ამიერკავკასიაში პოზიციების განმტკიცება.
დაღესტნისა და ჩეჩნეთის შემოერთების გარეშე ამ მიზნების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ მთიან დაღესტანში სამხედრო-სტრატეგიული პუნქტების დაკავება დაიწყო, რასაც მთიელთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და 1785-91 წლებში შეიხ-მანსურის სახალხო მოძრაობასთან ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ შეიხ-მანსურის სახალხო მოძრაობიდან უნდა დაიწყოს რუსეთ-კავკასიის ომის ათვლა.

 

მანსურს მხარი დაუჭირეს დაღესტნისა და ყაბარდოს მცირე ნაწილმა, ხოლო ფეოდალები ცარიზმის პოლიტიკას ემხრობოდნენ, რამაც გააადვილა შეიხ მანსურის დამარცხება ჩეჩნეთსა და ყაბარდოში. შემდგომ მანსურმა ჩრდილო კავკასიის დასავლეთ ნაწილში-ჩერქეზეთში გადაინაცვლა და იქ განაგრძო ბრძოლა.  1791 წელს მანსური ანაპის ციხე სიმაგრეში რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში კავკასიაში დამყარდა რუსეთის უმაღლესი სამხედრო-ადმინისტრაციული მმართველობა, რომლის სათავეში მთავარმართებელი იდგა. ის ამავე დროს იყო რუსეთის ჯარების მთავარსარდალიც. ამ დროიდან რუსეთის იმპერიამ მთელი ძალიათ შეუტია ჩრდილო კავკასიას.

 

დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებისა და მთიელთა თავდასხმების მოგერიების მიზნით, რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო სამხედრო ხაზების მშენებლობა, რაც ხორციელდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ხარჯზე.
1817-1826 წლებში ყუბანში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ყაბარდოში სისტემატიურად ხორციელდებოდა სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციები. გენერალ ერმოლოვის თაოსნობით. გენერალი ერმოლოვი კავკასიელების მიმართ დაუნდობლობითა და დიდი სიძულვილით გამოირჩეოდა.
ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს რუსი გენერლები ექსპედიციებს უწოდებდნენ. ამ „ექსპედიციებით“ ისინი ანადგურებდნენ მთიელთა აულებს, უსპობდენენ მათ ყველანაირ არსებობის საშუალებასა და საკუთარ მიწაზე მკაცრი სამხედრო-პოლიციური მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებდნენ.
ყოველივე ამ მიზეზებმა გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და იმამატის შექმნა ჩრდილო- აღმოსავლეთ კავკასიაში. იმამატის ჩამოყალიბება იყო პასუხი ცარიზმის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ.
დაღესტანსა და ჩეჩნეთში ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე მეტად რთული საშინაო და საგარეო პრობლემები არსებობდა. გაბატონებული იყო ფეოდალური კლასი, რომელსაც მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლება ანიჭებდა მათ უამრავ პრივილეგიას და მათი სახით რუსეთის იმპერიას ძლიერი დასაყრდენი ყავდა. ქვეყანა იყო ეკონომიკურად ჩამორჩენილი,საზოგადოება დაქსაქსული, მცხოვრები ძველი დრომოჭმული ადათებით.

 

ყოველივე ამ პირობებში რუსეთის იმპერიას ადვილად შეეძლო აქ თავისი მიზნების განხორციელება.
საგარეო მიზეზები იყო ზემოთ უკვე ნახსენები ექსპანსიური პოლიტიკა და რუსეთის ადმინისტრაციული მმართველობის დამყარება.

იმის გამო, რომ ამ პერიოდშიჩეჩნეთ-დაღესტანი დროის გამოწვევებს ვერ პასუხობდა დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს ჩამოყალიბება და გაერთიანება ერთი იდეოლოგიის ქვეშ. საჭირო გახდა ისეთი სახელმწიფოს ფორმირება, რომელიც იქნებოდა ზღუდე, სიმაგრე მთიელებისათვის, რომელიც იქნებოდა პოლიტიკურად ,ეკონომიკურად, კულტურულად დაწინაურებული.

ასეთ სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხს შეეძლო ეფექტური ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა იქნებოდა მიმართული ანტიკოლონიალიზმისაკენ და ანტიფეოდალური სახელმწიფოს მოდერნიზაციისაკენ. ჩრდილო კავკასიელი ხალხების ბრძოლას რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგნენ რელიგიური ლიდერები, რომელთა ხელში იყო საერო და სამხედრო ხელისუფლება.
ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ისლამის დროშით გაიშალა. XIX საუკუნის 20 -იანი წლებისათვის განსაკუთრებით გაძლიერდა რელიგიური მიმდინარეობა-მიურიდიზმი, რომლის მქადაგებელი დაღესტანში იყო მოლა მუჰამედ იარაგელი. მან თავისი იდეოლოგია გააჟღერა მიურიდებში. ამის შემდგომ მიურიდები დადიან ხალხში, აულებში და მათ მოუწოდებენ ჰაზავათისაკენ (საღვთო ომი).

ამ იდეოლოგიის პირველი „კანონია“ – ყველანაირი თავისუფლება: არც ერთი-მუსლიმი არ უნდა იყოს ქვეშევრდომი ან მონა მეორესი და დამონებული სხვა ხალხების მიერ; “მეორე კანონი“ – „ბრძოლა ურწმუნოების წინააღმდეგ და შარიათის შესრულება. “სხვა შემთხვევაში ხსნა არასდროს არ იქნება“
პირველი იმამი ღაზი-მოლა იყო, რომელმაც სცადა კავკასიაში ყველა ფეოდალური სამფლობელოს გაერთიანება, მაგრამ ავარიის ხანი და ტარკის შამხალი არ დაემორჩილნენ.

1830 წელა ღაზი მოლა ხუნძახში შეიჭრა,მაგრამ დამარცხდა. ერთი წლის შემდგომ ის თავს დაესხა ტარკს და გაიმარჯვა. მის წინააღმდეგ კავკასიის ჯარების სარდლობამ დამსჯელი ჯარი გამოყო. ყაზი-მოლამ მშობლიურ აულს-გიმრს შეაფარა თავი, 1832 წ. ოქტომბერში რუსეთის ჯარის მიერ გიმრის იერიშით აღების დროს ღაზი-მოლა დაიღუპა.
მეორე იმამი გახდა გამზათ-ბეგი. 1834 წლისათვის მან მოახერხა თითქმის მთელი ხუნძეთის მოსახლეობის მიმხრობა გარდა მცირე ნაწილისა რომელიც ხანის ერთგული დარჩა. მან ხანის ოჯახი ამოწყვიტა. იმავე წლის სექტემბერში ხანის მომხრეებმა მასზე შური იძიეს და გამზათ-ბეგი ხუნძახის მეჩეთში მოკლეს.
მესამე იმამე ხუნძი, გიმრელი შამილი იყო, რომელმაც შეძლო შეექმნა გაერთიანებული მთიელთა სახელმწიფო ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიაზე, რომელმაც 1834 წლიდან 1859 წლამდე იარსება.
იმამატის მთავარი ფუნქციები იყო: თავისი ტერიტორიის დაცვა, მართლწესრიგის უზრუნველყოფა, ეკონომიკის განვითარება ,ანტიფეოდალური და ანტიკოლონიალური“ ბრძოლა.
პირველი იმამის ყაზი-მოლას მცდელობა იყო მოეხდინა ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხების კონსოლიდაცია და აქტიურად იბრძოდა ამ მიზნით. მისი დაწყებული საქმე გააგრძელა წარმატებით შამილმა. მან შექმნა ერთიანი ძლიერი-თეოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იყო აგებული შარიათის კანონებზე.

 

მის მიერ შექმნილმა სახელმწიფომ უპასუხა დროის მოდერნიზაციულ მოთხოვნებს, იმამატის ჩამოყალიბების შემდგომ სრულიად შეიცვალა ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხების ყოფა. სრულიად განადგურდა ძველი არისტოკრატია. საიმამოს პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების შემდგომ მთიელები ძლიერ სახელმწიფოში გაერთიანდნენ.

რუსულ და საბჭოთა სამეცნიერო ლიტერატურაში იმამატი ნაგულისხმებია ჩრდილო კავკასიელი ხალხების რეგრესად, რომელიც ისლამის დროშის ქვეშ ხორციელდებოდა და ისლამის ტრადიციებზე აგებულ სახელმწიფოს არამხოლოდ რუსული, არამედ ევროპული საზოგადოებაც ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ შამილის მიერ შექმნილი იმამატი იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მან გააუქმნა ძველი, დრომოჭმული რელიგიური ჩვეულებები და განახორციელა მრავალი რეფორმა.

 

ნინო ლომიძე

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in იჩქერია, კავკასია, წიგნი / ნაშრომი.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси