დამნაშავე ბრბო [ Blog ]

ყოველთვის მეშინოდა ბრბოსი. მეშინოდა არა მისი ყოველდღიური გაგების, რაც თავშეყრას და ერთობლივ ქმედებას გულისხმობს, არამედ ბრბოს ფსიქოლოგიური ცნების.

ორიოდე წამით დავფიქრდი, თუ როგორ შეიძლებოდა ბრბოს ამ ორი სახის ერთმანეთისგან გასაგები ენით გამიჯვნა და პირველი, რაც თავში მომივიდა, გუსტავ ლებონია თავისი თეორიით ბრბოსა და ელიტის შესახებ, რამაც თავის დროზე ბევრ რამეზე შემიცვალა შეხედულება.

ლებონი ბრბოს ფსიქოლოგიურ ცნებაში ისეთ ერთობასაც გულისხმობს, როდესაც ადამიანები ერთად არ არიან თავშეყრილი, და მაინც, ერთნაირად მოქმედებენ და ერთნაირად გრძნობენ. ბრბოს ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი მისი აზრით ინდივიდის ცვლილებაა, როგორც ფსიქიკის, ისე მოქმედების თვალსაზრისით.

თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, სოციალურში ხდება ინდივიდის გაუცხოება, ის კარგავს თავის მეობას და გადაიქცევა იმედდაკარგულ ნიველირებულ სუბიექტად.

დიახ, ეს მე ვარ, იმედდაკარგული ნიველირებული სუბიექტი და არანაირ ჰიპერბოლიზებას არა აქვს აქ ადგილი.

ეს მე ვარ, ამ ანონიმური ბრბოს აქტიური წევრი, რომელსაც სინამდვილეში ძალიან ეშინია მისი.

ეშინია საკუთარი მეობის დაკარგვის, რომელიც ამ ზნეობრიობას მოკლებული ტრადიციათა მონის და სიახლეთა მტრის – ბრბოს შიშით არც არასდროს გამოუვლენია ბოლომდე.

ეშინია იმ ორი დიდი უკიდურესობის, რაშიც ბრბო ვარდება – ან უსაზღვრო სიყვარული ან უსაზღვრო სიძულვილი, რადგან არ იცის რის ფასად დაუჯდება ან ერთი, ან მეორე.

ბევრჯერ ისიც მგონია,  რომ სულაც არ ვარ ამ ბრბოს ნაწილი, სულაც არ ვგავარ მას. შეიძლება ეს არც იყოს თავის მოტყუება და სადღაც მართალიც ვარ, მაგრამ ხშირად, როცა ვმოქმედებ, როგორც ყველა, ვხვდები, თუ რამდენად გადამდებია სხვა ადამიანების მოქმედება, რაც თითქოსდა შენს ჰიპნოზირებას ახდენს, მოიქცე არა ისე, როგორც შენ მოიქცეოდი კონკრეტულ სიტუაციაში, არამედ, როგორც ამას ბრბო გააკეთებდა.

მეტიც…

როცა ძალიან ხშირად, კედლის მეორე მხრიდან მესმის, თუ როგორ სცემს ჩემი მეზობელი თავის მოხუც მამიდას და თავს ვიყრუებ, ვხვდები, რომ მეც ბრბოს ნაწილი ვარ.

როცა ქუჩაში ვხედავ, როგორ ჩაგრავს დედა ბავშვს და თავს ვიბრმავებ, ვხვდები, რომ არაფრით განვსხვავდები სხვებისგან.

როცა ხშირად გულგრილად ჩავუვლი ხელგამოწვდენილ მოხუცს, ვგრძნობ, როგორ ვემსგავსები ყველას.

როცა უამრავი აზრი შემაწუხებს, მაგრამ ვხვდები, რომ არ მაქვს მათი გამოთქმის უფლება, რადგან ისინი არ ემთხვევა სხვა ადამიანების აზრებს, მესმის, რა ძალა აქვს ბრბოს.

არ მახსოვს ზუსტად ვისი სიტყვებია, მაგრამ ხშირად ვიმეორებ გონებაში – “სასაცილოა ყველა, ვისაც თავი ყველა არ ჰგონია” …

დიახ, მე სასაცილო ვარ.

სასაცილო ვარ, რადგან ვიქცევი, როგორც ყველა და მაინც ყველა არ მგონია თავი.

სასაცილო ვარ, როცა ვიცი, რომ იზოლირებულ მდგომარეობაში შეიძლება ბრბოზე ძლიერი აღმოვჩნდე, რადგან ინდივიდი ბრბოში ცივილიზაციის რამდენიმე საფეხურით დაბლა ეშვება, რაც ბრბოს მოუმწიფებელს ხდის, როგორც ბავშვის გონება და სუსტი ხასიათის, როგორც ქალი (გ.ლებონი), და მაინც ბრბოს წევრობას ვარჩევ… მაინც ვარჩევ ვიყო ის სუსტი ხასიათის, მეობა დათრგუნული ინდივიდი, რომელიც არჩევს მოიქცეს ისე, როგორც ყველა!

შეიძლება დიდ წინააღმდეგობაშიც იყოს ჩვენი შინაგანი “მე” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან და საზოგადოების დიდ ნაწილთან, შეიძლება შინაგანად სულაც არ ვიყოთ ყველა, მაგრამ ქმედებებით ჩვენ ძალიან ვგავართ ყველას, ძალიან ვგავართ საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობთ.

მე თუ მკითხავთ, ნებისმიერ ადამიანში განუზომელი პოტენციალის ეგოცენტრიზმი იმალება. მაგრამ, რახან ადამიანთა მეტი ნაწილი მზადაა ამ პოტენციალის ჩასახშობად და მის სამუდამოდ გამოსამწყვდევად თავიანთი სხეულის ყველაზე ღრმა კუნჭულში, ის დარჩენილი მცირე ნაწილი, რომელსაც შეიძლება ძალიანაც უნდოდეს ამ პოტენციალის გამოყენება, ბოლომდე ვერასდროს გამოავლენს მას ძალიან უბრალო მიზეზის გამო, რომ თვალში საცემად არ განსხვავდებოდეს სხვებისგან!

საწყენია…

თან სასაცილო…

სასაცილოა, რომ ვარ ყველა და თავი მაინც ყველა არ მგონია…

და ირგვლივ იმდენი ჩემნაირია, ისეთივე სასაცილოები, როგორიც მე.

სასაცილოები თავიანთი მიბაძვის ეპიდემიურობით.

სასაცილოები უკვე ჩვეული არაბუნებრიობით, რაც ჩვენში ძალიან ბუნებრივად ითვლება.

სასაცილოები თავიანთი ამბიციურობით, რაც ისევ ბრბოს ემსახურება.

სასაცილოები შრომისმოყვარეობით…

ფანატიზმით…

დიადი ზრახვებით…

და ყველაზე სასაცილო მაინც არის სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog.