გუშინ-უკვე იყო, ხვალ-შეიძლება აღარც იყოს

სადღაც წავიკითხე, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ნებისმიერი ნორმალური ადამიანი მიჯაჭვულია წარსულსა და მომავალს, მაგრამ არ მესმის, რატომ ვეჭიდებით ამ ორ მოვლენას ასე? ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ აწმყოთი ცხოვრება, მომენტით ტკბობა და მხოლოდ დღევანდელზე ფიქრი?
რადგან გუშინ-უკვე იყო და ხვალ-შეიძლება აღარც იყოს, რატომ არ შეიძლება უბრალოდ ვცნობდეთ მხოლოდ “დღეს” ?!
ვხვდები, ჩემი სურვილის ირეალურობას, რადგან, შეიძლება დავივიწყო წარსული, ის წვრილმანი, სრულიად უსარგებლო მოვლენები, რაც უბრალოდ გონებას მიმძიმებს, მაგრამ იქვეა უფრო დიდი გაუსაძლისობა- მომავალი, მასზე ფიქრი და ოცნება…
კი, “აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.” კი, “ადამიანი შეიცნობა სამ განზომილებაში, ეს არის წარსული, აწმყო და მომავალი.” კი, დღეს ღამე ცვლის, ზაფხულს შემოდგომა და ყველაფერი, რაც ცვალებადობას ექვემდებარება, ჩვენთვის კანონზომიერია და არავითარ შინაგან წინააღმდეგობას არ იწვევს, მაგრამ, მე მაინც მინდა ვიყო ის არანორმალური ადამიანი, ვინც არ ემორჩილება კანონზომიერებებს, ვინც თვითონ განაგებს თავისი ფსიქოლოგიური არსებობის ავანსცენას, ვისაც უბადრუკი სურვილები და ამბიციები რაციონალური აზროვნების უნარს არ უქვეითებს, ვისაც აღარ სჯერა სასწაულების.
მე მაინც მაქვს სურვილი, ერთ დღეს, საკუთარ თავში აღმოვაჩინო უნარი, რომელსაც აწმყოში და აწმყოთი ცხოვრების ნიჭი ჰქვია. მინდა წარსულს ერქვას წარსული და ამართლებდეს თავის სახელწოდებას, მინდა შევწყვიტო მომავლის დაპროექტება, საქმეების გადადება, ცვლილებების “ორშაბათიდან” დაწყება, უკეთესობაზე ფიქრი და საკუთარი თავის მოტყუება, რომ ხვალ გათენდება უკეთესი დღე, ვიდრე დღეს იყო…მინდა შევეწინააღმდეგო ჩემი ზნეობრივი თუ სულიერი სრულყოფის ე.წ. დროში გაწერას.
მინდა დღეს ვიმოქმედო, დღეს ვიბრძოლო, დღესვე შევცვალო ყველაფერი, დღეს არ დავითრგუნო გუშინდელი წარუმატებლობით, დღეს ვთქვა უარი იმაზე, რაზეც ხვალ შენდობას ვთხოვ ღმერთს, დღეს შევუნდო და ვთხოვო შენდობა, დღეს ჩავეხუტო თუნდაც მეგობარს, და ვუთხრა, როგორ მიხარია მისი არსებობა…არანაირი ხვალ, არანაირი გუშინ. მხოლოდ ერთი დრო, ერთი დღე და მისით შემოფარგლული არსებობა.
მომბეზრდა უკვე წარსულისა და გაურკვეველი მომავლის მარიონეტობა.
მინდა, ძალიან მინდა გავთავისუფლდე საკუთარი ილუზიებისა და წარმოსახვების ტყვეობისგან. მინდა უბრალოდ დავჯდე და დავტკბე სამყაროს მშვენიერებით, ბუნების ხმებით. მინდა უკეთ შევიცნო ადამიანები, მათი შინაგანი სამყარო.
აღარ მინდა განვვლო დღე, რომელიც ჯერ არ დამდგარა, ვიგრძნო ის, რაც ჯერ არ მიგრძვნია, დავგეგმო, რაც დიდი ალბათობით არ მოხდება, მეშინოდეს შედეგის, რასაც ჩემი ქმედება გამოიწვევს.
მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავაცნობიერო, ცნობიერსა და არაცნობიერს, სურვილსა და შესაძლებლობებს შორის არსებული მანძილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუტანელს გახდის ყოფას.

წამით დავფიქრდები და ვხვდები, ჩემი სურვილის არარეალურობას, მაგრამ რაღაც ძალით, მაინც მჯერა, რომ ხვალინდელი დღე აუცილებლად მომცემს შესაძლებლობას, ავიხდინო დღევანდელი სურვილები და დავიწყებას მივცე გუშინდელი იმედგაცრუება…მაინც მჯერა ხვალინდელი დღის, და ეს ყველაფერს ანადგურებს!

მარიამ დუიშვილი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog.