გებიშ ხანგოშვილისა და სილამაზით განთქმული გაურგაშვილის ქალის ისტორია.

მოცემულ ნაწყვეტში აღწერილია გებიშ ხაგნოშვილისა და გაურგაშვილის ქალიშვილის ისტორია.
ხ. ხანგოშვილის წიგნში “ქისტების ადათ-წესები”, ძალდატანებითი ქორწინების ერთ-ერთ მაგალითადაა მოყვანილი:
“XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში ხეობაში ცნობილმა კაცმა, შუახანს გადაცილებულმა და შეძლებულმა გებიშ ხანგოშვილმა დანიშნა თანასოფლელი 18-20 წლის, სილამაზით განთქმული გაურგაშვილების ქალიშვილი. ქალიშვილი ხანდაზმულ კაცზე გათხოვების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელის მთხოვნელი ახოვანი, კარგი შეხედულების, განთქმული მოჯირითე ყოფილა, მათე ალბუთაშვილს მასზე მოთხრობაც აქვს დაწერილი სათაურით “გებიშ-ჰაჯი” და წერს, რომ             “… ჯიგიტებში გებიშას წილი ედო!”

გაურგაშვილიების ქალიშვილი იამაი იმ დროის ქალიშვილებს არ ჰგავდა, შეეძლო თავისი უფლებების დაცვა, ამბობდა, მამისხელა კაცს არ გავყვებიო, მაგრამ ადათმა იმძლავრა, დედა და ძმა დათანხმდა და ძალად გააყოლეს.
ეს ქორწინება, რომელიც არ იყო ქალის ნებაყოფლობით შემდგარი, ბეცნიერი არ აღმოჩნდა. ქალი ჯიუტი გამოდგა, მასზე ფიზიკური ძალადობა გებიშმა არ ისურვა, ახალგაზრდა არ ვარ, ცოლი ცემა-ტყეპით დავიმორჩილო.

ქალიც მშობლებთან გარბოდა, ქმრის მიერ გაფრთხილების შემდეგ მშობლებიც არ უშვებდნენ სახლში. იამაის ომალოში გათხოვილი დადნაფიცი ჰყავდა, განთქმული ვაჟკაცის ციხეშას მეუღლე და მასთან მიდიოდა და რჩებოდა ხოლმე.

 

გებიშმა ციხეშაც გააფრთხილა, ვიცი, ვაჟკაცი კაცი ხარ, დასაძრახ რამეს არ მაკადრებ, მაგრამ ხალხის ენა მყრალია, ამიტომ ჩემს ცოლს სახლში ნუ უშვებო. ციხეშამ უხეშად უპასუხა : ცოლი შენია და შენ უნდა გააჩეროო.
გებიშმა ადათობრივ სასამართლოს მიმართა, სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც იამაის ძმას უნდა დაებრუნებინა – ორმოცი თუმანი საქორწილო ხარჯი 20 თუმანიც უნდა დაემატებინა, სულ 60 თუმანი დაეკისრა. გებიშას ქალი უნდა გაეშვა სხვაზე გათხოვების უფლებით. იმ დროისთვის სამოცი თუმანი დიდი ფული იყო და ქალის ძმა უარზე დადგა. გებიში დათანხმდა განაჩენის პირობებზე, თან დაიქადნა, რომ თავის ვალს დაიბრუნებდა.
მოკლე ხანში ჯოყოლოს ცენტრში ომალოში მიმავალ გებიშს შეხვდა ციხეშა, შელაპარაკდნენ და ხანჯლები დაუშინეს ერთმანეთს. დაჭრილები ცხენებიდან ჩამოცვივდნენ და ქვეითად დაიწყეს ბრძოლა. გებიშამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა, ცხენზე შეჯდა და სახლში დაბრუნდა, ციხეშა დიდხანს მკურნალობდა და ნაწილობრივ დასახიჩრდა.
ამ უიღბლო ქორწინების შედეგს გ.ალბუთაშვილი ასე ახასიათებს : “იმავე დღეს – შუადღის ხანს – სოფელში ხმა გავრცელდა, დიდი ჩოჩქოლიც შედგა – გებიშას ზემო სოფლიდამ მომდინარი ციხეშა გზაში მოუკლავსო!… ბოლო რა იყო : ქალმა იამაიმ თავისუფლების ლელო გაიტანა, ხუშპარამ 60 თუმანი გადაიხადა, უდანაშაულო ციხეშა სიმართლეს შეეწირა და გებიშა ჰაჯიაში წავიდა ცოდვების მოსანანიებლად და მით დაარქვეს სახელი გებიშ-ჰაჯი.”

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, History, დუისი, კავკასია, ომალო, პანკისის ხეობა.

ანა წერეთელი

View posts by ანა წერეთელი