განქორწინება

დღევანდელ ბლოგში განხილულია განქორწინება ქისტური წესების მიხედვით. სახელმძღვანელოდ გამოყენებულია ბნ  ხ. ხანგოშვილის წინგი “ქისტების ადათ-წესები”.

“განქორწინება ქისტური ადათით საკმაოდ რთული პროცესია. ძველად ეს თითქმის შეუძლებელი იყო. თუ ცოლი თავისას გაიტანდა, არ გაჩერდებოდა ქმრის ოჯახში, რაც უნდა საპატიო მიზეზები ჰქონდა ქმრის მიტოვებისა, მშობლები, ახლობლები აიძულებდნენ, ცოლი დაბრუნებოდა ქმარს, მაგრამ ქალი თუ გაჯიუტდებოდა (არსებობდნენ და არსებობენ დღესაც თავის უფლებებისათვის მებრძოლი ქისტი ქალები), მაშინ უწევდა სისხლის საფასურის გადახდა. მას “ცა იოშუნ”( უკადრისობას) ეძახდნენ. ეს მავნე ჩვეულება 1965 წ. ყრილობაზე დაგმობილ და აკრძალულ იქნა და უს დღეისათვის არ მოქმედებს, მაგრამ თუ ქალი თავის ინიციატივით ტოვებს ქმარს (ამას დასაბუთებული საპატიო მიზეზებიც უნდა არსებობდეს), მაშინ მისი მშობლები იხდიან ქორწილის ხარჯებს, ყველაფრის ანაზღაურება უწევთ, რაც კი ქმრის ოჯახმა გასწია ამ ქორწინებასთან დაკავშირებით. ქმრისა და მისი ნათესავების საჩუქრები და ოქროულობა ასევე უბრუნდება ქმრის ოჯახს. ცოლს მიაქვს თავისი მზითევი და ბრუნება მამის ოჯახში.
თუ ქმარია ინიციატორი და ცოლს ეყრება, ადრე არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ქალი თავის მზითვით ბრუნდებოდა მამის ოჯახში, თუ ურბეთი და შესარიგი არ ჰქონდა სიძეს გადახდილი, მას წაართმევდნენ და ამით მთავრდებოდა ოჯახის დაშლა.
დღეს ქმარს ასე ადვილად არ შეუძლია ცოლის გაშვება. საამისოდ უნდა არსებობდეს სათანადოდ დასაბუთებული მიზეზები. თუ საქმე ცოლის ღალატს ეხება, აქ ლაპარაკიც ზედმეტია, პირიქით, ქალის მშობლების პასუხისმგებლობაც არსებობს და ჩუმად არიან. ძველად მოღალატე ცოლს ცხვირს აჭრიდნენ, ან თავს გადაპარსავდნენ და ისე უშვებდნენ მამის სახლში. ცხელ გულზე შეიძლება ქმარმა მოკლას კიდე ცოლი, მაგრამ მკვლელობაზე პასუხისგება მოუწევს, მკვლელობა დაუშვებელია.
ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ერთი უმნიშვნელოვანესი წესია : ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, ოჯახში უფროსი ქმარია, ის წყვეტს მნიშვნელოვან საკითხებს და ცოლიც უნდა ეთანხმებოდეს მის გადაწყვეტილებებს. თუ ცოლი ეურჩება, ქმარს არ უჯერებს, თავად ცდილობს უფროსობას, ოჯახში თანხმობა არ იქნება, მუდამ ჩხუბსა და დავიდარაბას ექნება ადგილი. ცხადია, თუ ქმარი დაჰყვება ცოლის ნება-სურვილს, ყველაფერი კარგად წაა, ოჯახური იდილია გამეფდება. ასეთ დროს ქმარი კარგავს საზოგადოებაში ავტორიტეტს, მას ქისტები იუმორით უსაბუთო კაცს ეძახიან.
სოფ. ჯოყოლოში ცხოვრობდა ერთი ჭკვიანი, დარბაისელი, ხნიერი ვაჟკაცი დაადეი. მასთან მივიდა რჩევისათვის თანასოფლელი, ცოლთან ყოველდღე უსიამოვნება მაქვს, მეურჩება, მუდამ ვკამათობთ და კინკლაობაში ვართ. გაშვება არ მინდა, ყოჩაღი, ოჯახის ქალია და რამე მირჩიე, როგორ მოვარჯულოო.
დაადეიმ რჩევა მისცა და ურჩი ცოლის პატრონი წავიდა, მაგრამ მთლად კმაყოფილი არ იყო მიღებული რჩევით, სახეზე ნათლად ეტყობოდა. მაგრამ ორიოდე კვირის შემდეგ კვლავ მივიდა დაადეისთან და მადლობით ავსო:
-ღმერთი იყოს შენით კმაყოფილი, ეს რა სიკეთე მიყავი, ძლივს არ დაისადგურა ჩემს ოჯახში სიმშვიდემ.
არ იტყვით რა ურჩია დაადეიმ?
-ცოლს დაუჯერე, რას ეკამათები და ეურჩები? შენ კაცი ხარ, კაცს არ ეკადრება ქალთან თავის გაყარდება, დაეთანხმე, რასაც გეტყვის, შეასრულე და შენს ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს.
მაგრამ ჯიუტი ხალხია ეს ქისტები, ფიქრობენ, რომ მათი კაცური უფლებები ილახება, თუკი ცოლის ნებას დაჰყვებიან, ცოლის, როგორც ქალის უფლებებზე არ ფიქრობენ. მაგრამ არც ისეა საქმე, როგორც ჩვენ, კაცებს მიგვაჩნია. ხშირად გვგონია, ვბატონობთ ცოლებზე, მაგრამ ჭკვიანი ქალები ისე ბატონობენ ჩვენზე, რომ აზრზეც არა ვართ.
ცოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ქმარი მიმართავს სიდედრ-სიმამრს, აცნობებს ამ პრობლემას და სთხოვს, მოახდინოს თავიანთ ქალიშვილზე ზემოქმედება. ეს კეთდება ორი მიზნით :
1) ქმარი დაინტერესებულია, შეინარჩუნოს ოჯახი;
2)წინასწარ თავს იზღვევს მოსალოდნელი შედეგებისგან.
თუ ცოლი სახლიდან გარბის მშობლებთან ქმართან უთანხმოების დროს, ქმარი ცოლეურებს სთხოვს, მიიღონ ზომები და დააბრუნონ ცოლი ქმართან. ეს ასეც ხდება უმეტეს შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ჯიუტი ცოლი ნათესავებთან ან მეგობარ ქალებთან ეძებს თავშესაფარს, მისი ჯიუტი ქმარიც აფრთხილებს მათ, ნუ აძლევთ ჩემს ცოლს თავშესაფარსო და ა.შ. ამ დროს საჭიროა ნათესავების, უხუცესების ჩარევა და ოჯახური დავის მოგვარება, თორემ ცუდი შედეგით დამთავრდება.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, კავკასია, ტრადიცია, ქისტების ადათ-წესები.

ანა წერეთელი

View posts by ანა წერეთელი