გადმოცემები ქაქუცა ჩოლოყაშვილის პანკისელ „შეფიცულთა“ შესახებ

1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველო დაიპყრო. კომუნისტური რეჟიმის დამყარების პირველ წლებში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებმა განსაკუთრებით ფართო და მასობრივი ხასიათი მიიღო.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას წითელი რუსეთის წინააღმდეგ 1921 1925 წლებშიხელმძღვანელობდა ქართული არისტოკრატიის ბრწყინვალე წარმომადგენელი, მატნელი თავადი, მეფის არმიის პოლკოვნიკი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი.

დოკუმენტური ცნობები ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ ძირითადად ემიგრანტულმა ლიტერატურამ დაგვიტოვა. 1981 წელს სან-ფრანცისკოში დაიბეჭდა ალექსანდრე სულხანიშვილის „მოგონებები შეფიცულთა რაზმზე“. საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ელიზბარ მაყაშვილის მემუარული ჟანრის თხზულება „ჩემი თავგადასავალი“ კი, რომელიც 1921 -1924 წლებში საქართველოში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს ეხება, სამწუხაროდ, დღემდე არ გამოქვეყნებულა.

1921 წლიდან მოყოლებული, მთელი 70 წლის მანძილზე, საქართველოში აკრძალული იყო ქაქუცას შესახებ ყოველგვარი საუბარი. მიუხედავად ამისა, ხალხის მახსოვრობამ დღემდე შემოინახა ქაქუცას ბობოქარი და ტრაგიკული ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი გადმოცემები. ამ ზეპირ ტექსტებში ზოგი რამ შეიძლება გაზვიადებული მოგვეჩვენოს, მაგრამ თითოეულ მათგანს გააჩნია სინამდვილის პრეტენზია, რაც მთავარია, ქაქუცას შესახებ შექმნილ თქმულება-გადმოცემებს საფუძვლად უდევს ლეგენდარული გმირისადმი ხალხის ღრმა სიყვარული.

საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალები ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით პანკისის ხეობაში შეიკრიბნენ და 1921 წლის ზაფხულში ჩამოაყალიბეს „შეფიცულთა რაზმი“. მათ პანკისის ხეობის ჩრდილოეთით, შუაგულ ტყეში, მოაწყვეს ბაზა და იქ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ. „შეფიცულებს“ თავიანთი შეკრების ბაზად პანკისის ხეობა შემთხვევით არ შეურჩევიათ. ქაქუცა მატნელი თავადი იყო, მატანი კი უშუალოდ პანკისს ემეზობლება. ქისტური სოფლები დიდ მხარდაჭერას უწევდნენ და ყველანაირად ეხმარებოდნენ აჯანყებულებს. როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაზე გადის ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელი ერთ-ერთი უმთავრესი გზა-ბილიკი. ქაქუცა ჩოლოყაშვილს სურდა, ამ გზით დაკავშირებოდა პირიქითა ხევსურეთს, იქიდან კი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს. მას სურდა, რუსეთის წინააღმდეგ დაერაზმა კავკასიის სხვადასხვა ხალხები.

პანკისელმა ქისტებმა წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა ჯერ კიდევ 1921 წელს მიიღეს, როდესაც ბოლშევიკები თელავისკენ მიიწევდნენ. ე. მაყაშვილის ცნობით, ბოლშევიკების ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად „კახეთის ყველა კუთხიდან აწყდებოდნენ მოხალისეები. პანკისელი ქისტებიც დაძრულიყვნენ, ალა ილახის ხმაზე თავით ფეხებამდე შეიარაღებულნი ჩამოსულიყვნენ საბრძოლველად“.

როდესაც ეროვნული გვარდია წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა, ქისტებმა, ისევე როგორც სხვა ქართველმა მთიელებმა, იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს და თავიანთი ცხენ-იარაღით სახლებისკენ გასწიეს. თუმცა იარაღის ტარების უფლება მაშინ მხოლოდ პარტიულებს ჰქონდათ.

ბოლშევიკების თვალში პანკისელი ქისტები ცუდი რეპუტაციით სარგებლობდნენ. მათ ყაჩაღებისა და მძარცველების სახელი ჰქონდათ და ხელისუფლებას წინააღმდეგობას უწევდნენ. თოფი მათთვის სავალდებულო ნივთს წარმოადგენდა და თექვსმეტი წლიდან სამოცდაათი წლის ასაკამდე ყველა დაატარებდა .

პანკისის ბაზაზე „შეფიცულებს“ ნელ-ნელა უერთდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალები.

ბოლშევიკები ყველა ეჭვმიტანილს აპატიმრებდნენ. პანკისში დასახლებული სომეხი მედუქნე კარაპეტა და მისი დახლიდარი ტიგრანაც დაეჭირათ. ე. მაყაშვილის ცნობით, შეფიცულებს მათგან პაპიროსი და თუთუნი ეყიდათ და მათთან კავშირი ბრალდებოდათ. კარაპეტა ამბობდა: „ვახ, ამიშენდა ოჯახი! ვიღა მოუვლის ჩემს დუქანს, ნაღდად ქისტები გამიძარცვავენ უპატრონოდ დატოვებულს“ .

შეფიცულებს დიდ დახმარებას უწევდნენ პანკისელი ფშავლებიც. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი გახდა ახალგაზრდა ფშაველი პოეტი მიხა ხელაშვილი. ის ფშავის სოფელ ახადში დაიბადა. შემდეგ დიაკვნად მუშაობდა. ბოლშევიკები დევნიდნენ ეკლესიის მსახურებს. კომუნისტურმა ძალმომრეობამ მიხა ხელაშვილი პანკისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მიიყვანა. მიხა ხელაშვილს პანკისელ ფშავლებში ნათესავებიც ჰყავდა, რომლებიც სურსათ-სანოვაგით ეხმარებოდნენ შეფიცულებს. მიხა ხელაშვილმა ბევრი ლექსი სწორედ პანკისის ხეობაში, შეფიცულებთან ყოფნის პერიოდში დაწერა.

ფშავლებისა და ქისტებისაგან განსხვავებული პოზიცია დაიკავეს პანკისელმა ოსებმა. პანკისის ხეობაში, როგორც ცნობილია, რამდენიმე ქისტური სოფელია. პანკისელი ოსები, თანამედროვეთა გადმოცემით, თითქმის ერთსულოვნად საბჭოთა ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს. ისინი ხეობაში 1900-1903 წლებში გადმოსახლდნენ ჯავის რაიონის სოფლებიდან. ისევე როგორც ჩრდილოეთ ოსეთში, ჯავის რაიონის სოფლებშიც ძლიერი იყო ბოლშევიკების პროპაგანდა. 1920 წელს შიდა ქართლში მცხოვრებმა ოსების ნაწილმა წითელი რუსეთის წაქეზებით დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ვალიკო ჯუღელის მეთაურობით აჯანყებულები მკაცრად დასაჯა. ქართულ-ოსურ საუკუნოვან ძმობას საფრთხე დაემუქრა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე ქისტებისა და ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა“ რაზმის წინააღმდეგ ბოლშევიკები ხშირად პანკისელ ოსებს იყენებდნენ. 1926 წელს პანკისის ხეობაში მასწავლებლად მივლინებულ ელიზბარ მაყაშვილს საბჭოთა რეჟიმით უკმაყოფილო ლევან (კაც) ფარეულიძემ უთხრა: „ – კომუნისტს მთელ ქისტებში მარტო სამ კაცს ვიცნობ. ოსები თითქმის ყველა პარტიულია, ყველა შეიარაღებულია. ყველა მთავრობაშია“ (2.93). პრორუსულად განწყობილ ოსებს საკმაო საფუძველი ჰქონდათ იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე ძალები სძულებოდათ. პანკისის ხეობაში დაბანაკებულ აჯანყებულებს და მათ მოკავშირეებს ადგილობრივი, ცალკეული ოსები ხშირად აბეზღებდნენ „ჩეკაში“.

„ჩეკისტები“ სასტიკად უსწორდებოდნენ მოწინააღმდეგე ძალებს. ბოლშევიკებმა პანკისის ხეობის სულიერი მოძღვარი, ქისტური წარმოშობის მღვდელი, მათე ალბუთაშვილიც დააპატიმრეს. ლეილა მარგოშვილს თავის წიგნში მოჰყავს მათე ალბუთაშვილის ავტობიოგრაფიული ჩანაწერი: „ახლად შემოსულ ბოლშევიკებთან ჩემმა მრევლმა – ოსებმა – დამწამეს კონტრრევოლუციონერობა. ოსებს ეჩივლათ რევკომში. პანკისში რომ რუსი სალდათები გაუგებრობით ვიღაც ჩეჩნელმა ქისტ-მოლამ დახოცა, ოსებმა ის მე დამაბრალეს. განცხადება მიეცათ, ხალხი ააჯანყაო, იმაზე დახოცეს რუსი სალდათებიო და დამატუსაღეს“ . უდანაშაულო მათე ალბუთაშვილმა ექვსი თვე ორთაჭალის ციხეში გაატარა. ბოლშევიკების ამგვარი ქმედება მოსახლეობის წინააღმდეგობას კიდევ უფრო აძლიერებდა. შეფიცულთა რაზმი თანდათან იზრდებოდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილმა 1922 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნების ასაჯანყებლად მითხოსა და ჯარეგოში გაგზავნა. ალექსანდრე სულხანიშვილი ჯარეგოში დიდი პატივით მიიღეს, შემდეგ კი, საქართველოში წამოსასვლელად ალექსანდრე სულხანიშვილმა სთხოვა ჯარეგოელებს, რომ მისთვის მეგზურად პანკისიდან გადმოსული ქისტი მოეძებნათ. შემოდგომობით ჩეჩნეთში მუდამ გადადიოდნენ პანკისელი ქისტები. ალექსანდრე სულხანიშვილს სულ მალე მოუნახეს ქისტი მეგზურები. ერთი მათგანი მისი თანამებრძოლისა და ძმადნაფიცის, ომალოელი დათიკო ფარეულიძის ბიძაშვილი აღმოჩნდა.

პანკისში ალექსანდრე სულხანიშვილი 1922 წლის სექტემბერში დაბრუნდა და მაშინვე შეხვდა თავის ძმადნაფიცს, დათიკო ფარეულიძეს, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო სოფელში ლეგალურად ცხოვრება.

1922 წლის ხევსურეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ჩეკისტები „შეფიცულებს“ სასტიკად დევნიდნენ, ხელისუფლებას ყოველ მაზრაში გამოყვანილი ჰყავდა მდევარი. სექტემბერში ჩეჩნეთიდან დაბრუნებულმა ალ. სულხანიშვილმა დეკემბერში ძლივს შეატყობინა ქაქუცა ჩოლოყაშვილს თავისი ადგილსამყოფელი.

ალექსანდრე სულხანიშვილს ძალიან გაუძნელდა პანკისის ტყეებში სამი თვე მარტოდმარტო ხეტიალი. თუმცა ღამით თითო-ოროლა საათით ხშირად ჩადიოდა მეგობრებთან პანკისის სოფლებში და მერე კვლავ ტყეში ბრუნდებოდა, სადაც ერთი ლამაზი წაბლის ქვეშ იძინებდა ხოლმე.

1922 წლის ნოემბერში პანკისში ალ. სულხანიშვილთან მივიდა ხევსურეთის აჯანყების დროს დაჭრილი «შეფიცული» შალიკო კანდელაკი. ახლა უკვე ორნი იყვნენ. მალე მათ შეუერთდათ ომალოელი ქისტი დათიკო ფარეულიძე, მას როგორც ახლადშემორიგებულს, კომუნისტები ალმაცერად უყურებდნენ და სახლშიც აღარ დაედგომებოდა. ალ. სულხანიშვილის ცნობით, „ის ოცდათხუთმეტი წლის მაგარი ვაჟკაცი იყო და, ამასთანავე, საუკეთესო მსროლელიც.“

სამწუხაროდ, სულ მალე დათიკო ავად გახდა. საშინელი სიცხე ჰქონდა. როგორც იყო, მოახერხეს და პანკისიდან ფერშალი ამოიყვანეს, რომლისგანაც გაიგეს, რომ მას მუცლის ტიფი სჭირდა. ამ ამბავმა „შეფიცულები“ ძლიერ შეაშფოთა. რანაირად უნდა მოევლოთ ტყეში ავადმყოფისათვის, როდესაც მუხლებამდე თოვლი იდო და სიცივე ძვალ-რბილში ატანდა?

კლდის ძირში ერთი მაგარი, ვაკე ადგილი გამოძებნეს და ავადმყოფს იქ გაუშალეს ლოგინი, მაღლიდან კარვის პატარა ჩარდახი წამოახურეს და წინაც კარგი ცეცხლი დაუნთეს. საკვებს დათიკოს ძმა, ღანიშა, უზიდავდათ. ალექსანდრე სულხანიშვილი ავადმყოფს წითელ ლობიოს უხარშავდა, მერე მას მარილში წურავდა და ამ წვენს ასმევდა. საბედნიეროდ, სიცხემ ნელ-ნელა დაუკლო და ავადმყოფი გამოკეთდა. 21 დეკემბერს ქაქუცასგან გაგზავნილი კაცი მიუვიდათ. მას ალექსანდრე სულხანიშვილი, დათიკო ფარეულიძე და შალიკო კანდელაკი შეფიცულების ბინაზე უნდა მიეყვანა. დათიკო ცხენზე შესვეს, დანარჩენები წინ და უკან მიჰყვებოდნენ. ძალიან სახიფათო იყო ამ გზაზე სიარული, რადგან შეიძლება მილიციას წასწყომოდნენ, მაგრამ შეფიცულები ამისთვისაც მზად იყვნენ. ისინი მშვიდობით მივიდნენ ქაქუცას რაზმთან. მათ მატნის თავზე, მთაწმინდის ტყეებში დაედოთ ბინა (4.59).

ხევსურეთის აჯანყების შემდეგ ქაქუცას იმედი ჰქონდა, ჩეჩნეთ-ინგუშეთი ჯარს მიაშველებდა და გაერთიანებული ძალით ბოლშევიკებს საქართველოდან განდევნიდნენ, მაგრამ იქიდან შემოუთვალეს: ადრეული ზაფხული რომ იყოს, ქუდზე კაცი გამოვიდოდა, ეხლა კი ისეთი დროა, ვერ გამოვალთო. პანკისელი „შეფიცულების“ აზრით, ამის შემდეგ ქაქუცამ გამარჯვების იმედი დაკარგა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმიდან ყველაზე ხანდაზმული ჰაასეი (არსენა) აჭიშვილი გარდაიცვალა 1994 წელს. ის პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობდა. ჰაასეი შეფიცულებს ხევსურეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1922 წლის შემოდგომაზე შეუერთდა, როდესაც წითლებთან დამარცხებული ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით პანკისის ხეობაში დაბრუნდა. მომდევნო ორი წლის მანძილზე, ქაქუცას საფრანგეთში წასვლამდე, ჰაასეი გვერდიდან არ მოშორებია შეფიცულებს.

ჰაასეის გადმოცემით, ერთ ღამეს შეფიცულები სოფელ ომალოს თავზე, ნაქერალის ტყეში, დაბანაკებულან. მგელი მისტანებიათ. შეფიცულებს იარაღი მოუმარჯვიათ სასროლად, მაგრამ ქაქუცას დაუშლია: – ცოდოა, ეგეც ჩვენსავით არის, მარტო კომუნისტები გაძარცვეთ და დახოცეთო.

ქაქუცას საფრანგეთში წასვლის შემდეგ ჰაასეის მასზე აღარაფერი სმენია, თუმცა ჰაასეი იგონებს: „ერთხელ ლოგინში ვიწექი და ჩოლოყაშვილის ხმა შემომესმა, ის ამბობდა:

„დებო, იტირეთ, იტირეთ,
ცრემლი დაღვარეთ ჩემზედაო.“

გამოვიღვიძე და თურმე სიზმარი ყოფილა… ეეჰ, ვაიმე, ტიალო დროო, მიდის და მიდის“ (3. 3).

ქაქუცას საფრანგეთში წასვლის შემდეგ ჰაასეი საბჭოთა მთავრობამ შეირიგა, თუმცა საბჭოთა ორგანოებს მთელი 70 წლის მანძილზე არ შეუწყვეტიათ მის ოჯახზე თვალთვალი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში ერთ-ერთი შეფიცულთაგანი იყო ომალოელი ქისტი მაჰამეტა იმედაშვილი, მეტსახელად ქოსა. ის სინამდვილეშიც ქოსა ყოფილა. ელიზბარ მაყაშვილი მას თავის მეგობრად იხსენიებს. ქოსა ძველი და თავის დროზე განთქმული აბრაგიც ყოფილა, ბევრი მხარე ჰქონია მოვლილი, ცოტ-ცოტა რუსულსაც ამტვრევდა. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ თხუთმეტამდე ქისტით ტყეში გაჭრილიყო და ქაქუცას რაზმს შეერთებოდა. შემდეგში დანარჩენებთან ერთად მთავრობას შერიგებოდა, მაგრამ დიდი სიფრთხილით იქცეოდა, რადგან ხელისუფლებას მაინცდამაინც არ ენდობოდა.

ქაქუცას რაზმში განსაკუთრებით მრავლად ომალოელი ქისტები ყოფილან. ელიზბარ მაყაშვილმა თავის მოგონებებში ფრაგმენტულად შემოგვინახა მათი სახელები: „ქოსა ომალოელი იყო. მის მეგობრებსაც ყველას სათითაოდ ვიცნობდი: დათიკო ფარეულიძე, ღანიშა, მიტო, ჩიღა და სხვები. თითოეული მათგანის თავზე მთელ დავიდარაბას გადაეარა და რაღაც სასწაულად გადარჩენოდა სიკვდილს. გრძელი გამოვა მათი ამბის მოყოლა. ყველა ისინი მთავრობასთან შერიგებულები იყვნენ, მაგრამ თავიანთ სოფელს იშვიათად სცილდებოდნენ და მუდამ მზად იყვნენ რაიმე სახიფათო დროს ტყეს შეჰფარვოდნენ“ .

პანკისელი ოსები სულ სხვაგვარად უყურებდნენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მათი აზრით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრები, ყველანი, ბანდიტები და კონტრრევოლუციონერები იყვნენ.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელებთან პანკისელი ოსების ურთიერთობის შესახებ 2003 წელს საყურადღებო ცნობები მომაწოდა დუმასტურელმა უხუცესმა შოთა შავლოხოვმა. მამამისი – ილიკო შავლოხოვი მეოცე საუკუნის ოციან წლებში ჯერ თიანეთის, ხოლო შემდეგ ახმეტის სათემო პარტიული კომიტეტის პირველ მდივნად მუშაობდა. ილიკო შავლოხოვს, როგორც იმ კუთხის პარტიულ თავკაცს, მთავრობისაგან თურმე პანკისელი „შეფიცულების“ ხელისუფლებასთან შერიგებაც დაევალა.

როგორც ჩანს, ილიკო შავლოხოვი მეტად ავტორიტეტული პიროვნება ყოფილა კომუნისტებშიც და პანკისის მოსახლეობაშიც. ერთხელ ქოსა მახამას შოთა შავლოხოვისთვის უთქვამს: თიანეთიდან პანკისში მიმავალი ილიკო რამდენჯერმე მიზანში მყავდა ამოღებული, უნდა მომეკლა, როგორც ბოლშევიკი, მაგრამ მისი გაკეთებული ბევრი სიკეთე და კაიკაცობა გამხსენებია, დავფიქრებულვარ და თოფისთვის სასხლეტი აღარ გამომიკრავსო.

ილიკო შავლოხოვი აქტიურ მონაწილეობას იღებდა დაპირისპირებული ძალების შერიგებაშიც. კერძოდ, მან ქოსა მახამას დაჯგუფების, შოთა შავლოხოვის ცნობით, 37, ხოლო ელიზბარ მაყაშვილის მოგონებების მიხედვით, 15 კაცი ხელისუფლებასთან შეარიგა. როგორც შოთა შავლოხოვმა გადმომცა, 1922 წლის გაზაფხულზე ილიკომ გავლენიანი ქისტი უხუცესები მიუგზავნა „შეფიცულებს“. უხუცესებმა დაარწმუნეს ისინი, რომ ილიკო არ უღალატებდათ და შემორიგების შემთხვევაში ყველას თავის სახლში დააბრუნებდა. აჯანყებულები მოლაპარაკებაზე დათანხმდნენ. შეხვედრის ადგილად დათქვეს სოფელ ჯოყოლოს დასავლეთით – ჭობიოს ტყე. 1922 წლის 14 მარტს, დღის 12 საათზე, ჭობიოს ხატის მახლობლად, ასწლოვანი მუხების ქვეშ, თავი მოიყარეს ქისტმა უხუცესებმა, იქ იყო ქოსა მახამაც. შოთა შავლოხოვის ცნობით, ქოსა მახამას თხილის ჯოხი მოუთხოვია. მას ჯოხის ერთი ბოლო მიწაზე დაუდია, მეორე ყურთან მიუტანია და უთქვამს: -ილიკოს ფეხის ხმა მესმის, ეხლა საკობიანოს ფშას გამოსცდაო“. მართლაც, 15 წუთის შემდეგ ილიკო შავლოხოვი თავისი წაბლისფერი იორღა ცხენით ჯოყოლოს ბოლოსთან გამოჩენილა. ჭობიოსთან ქისტი უხუცესები დახვედრიან. ცხენი დუმასტურელ ახალგაზრდას, გიგი ცხოვრებოვს ჩამოურთმევია. ქისტებს ილიკო განზე გაუყვანიათ და ქოსა მახამასთან შეუხვედრებიათ. ქოსას მიუძახებია: – ღალატი არ იყოსო! ილიკოს დაუფიცია, რომ არ უღალატებდათ და ქოსა მახამასთვის უთქვამს: -შენი ჯგუფის წევრები შემახვედრე, გავესაუბრები და ამის შემდეგ თუ არ შეურიგდებით ხელისუფლებას, თქვენი ნება იყოსო!

შოთა შავლოხოვი გადმოგვცემს: „მართლაც, ჭობიოში დაბანაკებული 37 კონტრრევოლუციონერი ბანდიტი შეხვდა ილიკო შავლოხოვს. ისინი ადრევე იცნობდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკება ორ საათს გაგრძელდა. ილიკო შავლოხოვმა პირობები გააცნო, ესაუბრა მათ სოციალიზმისა და კომუნისტების პროგრამის შესახებ. ბოლოს შერიგებაზე შეთანხმებულან. ილიკომ შერიგების ფურცლები ყველას სათითაოდ დაურიგა და ბანდიტები სახლებში გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ეს შერიგება მთლად მტკიცე არ ყოფილა. შემორიგებულებს ჩეკისტები უთვალთვალებდნენ და დამშვიდებული ცხოვრების საშუალებას არ აძლევდნენ. ერთი სიტყვით, ზოგიერთი მათგანი იძულებული გამხდარა ისევ ტყეში გასულიყო. მაგალითად, ომალოელი დათიკო ფარეულიძე კომუნისტებმა ჯერ თითქოს შემოირიგეს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ის კვლავ „შეფიცულთა“ რაზმს დაუბრუნდა, რადგან მას დევნიდნენ. ჰაასეი აჭიშვილის ცნობით, მოგვიანებით დათიკო ფარეულიძე გადაუსახლებიათ, საიდანაც ის ცოცხალი აღარ დაბრუნებულა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის საქართველოდან წასვლის შესახებ კი ჰაასეი ასეთ ამბავს იხსენებს. ერთხელ ომალოს ტყეში დაბინავებულ ქაქუცასთან ერთი კაცი მისულა და უთქვამს: „დატოვე ომალო, თორემ სოფელს ააოხრებენო“. ქაქუცა თავისი შეფიცულთა რაზმით წასულა, თუმცა წასვლის წინ დუისში, ერთ-ერთ ოჯახში, ქისტებს მისთვის დიდი გამოსამშვიდობებელი ნადიმი მოუწყვიათ. ამის შემდეგ ქაქუცამ შეფიცულებთან ერთად დატოვა საქართველო და საფრანგეთს შეაფარა თავი.

ტრაგიკული იყო შეფიცულთა ხვედრი. მათი პოლიტიკური იდეალები დაიმსხვრა, მაგრამ შეფიცულთა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მაღალი ადამიანური ღირებულებების დამკვიდრებას, თანამედროვეთა შორის პიროვნული თავისუფლებისა და ღირსების გრძნობის გაღვივებას. შეფიცულებმა მომავალ თაობებს შემოუნახეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური მრწამსის მქონე ხალხებს შორის განამტკიცეს ძმობა და მეგობრობა, მოქალაქეობრივი შეგნება.

ხვთისო მამისიმედიშვილი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in History, იჩქერია, კავკასია, პანკისის ხეობა, საქართველო.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси