არ ნანობთ?

1989 წლის შემოდგომის ლამაზი, მზიანი დღე იდგა თბილისში. ლექციებიდან ვბრუნდებოდი, ბაგების სტუდქალაქის საცხოვრებელი კორპუსისკენ მიმავალ აღმართს მივუყვებოდი ფეხით. წყნეთის თბილი სიო სასიამოვნოდ მეალმურებოდა სახეზე.
უცბად ჩვენებური მოსალმება მომესმა და დავინახე ჩემკენ მომავალი ქისტი მათე ციხესაშვილი და ასე შუატანის მამაკაცი, ძალიან სანდომიანი სახის.

მათემ ერთმანეთი გაგვაცნო: – იცნობდე, ეს გოდერძი ჩოხელია, მთიელი კაცი, მართალი კაცი, ერთი სიტყვით ჩვენებურია, თანაც ხელოვანი, მწერალი, პოეტი, რეჟისორი. ახლაც ახალი ფილმის სცენარზე მუშაობს. ეს სახელი და გვარი ჩემთვის უცხო არ იყო, მისი წიგნები ჩვენთვის, სტუდენტებისათვის სულიერი საზრდო იყო და ვეწაფებოდით კიდეც. დიდი სიხარულით გავუწოდე ხელი და წესისამებრ ჩვენთან სახლში მივიპატიჟე.


ერთი კვირის თავზე გვეწვივნენ მათე და გოდერძი. ჩვენს სტუდენტურ ოთახში, რომელიც მთიელების თავშეყრის ადგილი იყო, სტუმარ-მასპინძლის წესზე ლამაზი სუფრა გაიშალა, მთის ხალხმა ძალიან მალე გავუგეთ ერთმანეთს, ჩვენი საერთო საზრუნავი ძლიერი, თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი კავკასია იყო.
ცოტა ხანში მათემ ცალკე გამიყვანა და მითხრა გოდერძის პატარა სათხოვარო აქვს შენთანო, ჩოხელი ფილმს იღებს ხევსურებზე და ქისტებზე, ხომ იცი, შენ ტიპიური ვაინახი ქალის სახე გაქვს, გოდერძი აღფრთოვანებულია და ძალიან დიდი სურვილი აქვს ამ ფილმში ქისტი ქალიშვილის როლში შენ გადაგიღოსო. ეს შემოთავაზება ჩემთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო, მთიელი ქალისთვის ფილმში გადაღება თუნდაც ამ ოცი წლის წინაც ძალიან მიუღებელი იყო.
ბევრი იწვალა მათემ ჩემს დასარწმუნებლად, უფროსებიც კი ჩარია ამ საქმეში, მაგრამ ჩემი დათანხმება მაინც ვერ მოახერხა, თანაც ათასჯერ მიხსნიდა, რომ ჩემი მონაწილეობით მხოლოდ ერთ კადრი სჭირდებოდათ – კოკით მხარზე წყაროზე ჩამავალი ქისტის ქალი. სუჟეტი კი ასეთი იყო: მამის სისხლის ასაღებად ქისტეთში შემოპარული ხევსური სრულიად შემთხვევით შენიშნავს წყაროზე მიმავალ ულამაზეს ქისტის ქალს, ერთი ნახვით შეუყვარდება და სისხლის აღების დაუშრეტელ სურვილს უდიდესი სიყვარული შეცვლის…
მას მერე არც თუ ისე ცოტა დრომ ჩაიარა, ბევრმა უსიამოვნო მოვლნებმა გადასერა კავკასიის სისხლით მორწყული მიწა, კიდევ ბევრჯერ ააწიოკა სისხლით გაუმაძღარმა იმპერიამ იბერიელ-იჩქერიელთა უძლიერესი ჯიში და ჯილაგი, კიდევ ბევრჯერ სცადა მონათესავე ერებს შორის შუღლის ჩამოგდება, მათი დაპირისპირება, დაშორიშორება და გაუცხოება, კავკასიელთა უფლებებისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა…
ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სენით შეპყრობილ გულებს დარდითა და ბრაზით გვივსებდა, წითელ ტერორს გადარჩენილებსა და იმედის სხივით ანთებულებს, თეთრი დათვი ბინძური ტორებით განადგურებას გვემუქრებოდა. ყველაზე გულსატკენი კი ის იყო, რომ ჩვენმა ავადსახსენებელმა მეზობელმა დაუნდობლობა და ღალატი შემოგვაჩვია, ძმები ერთმანეთს დაუპირისპირა და საკუთრი ჯიშის სისხლი აღვრევინა ბლომად, ბევრჯერ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ მთიელთა რაინდული და ზნეობრივი კოდექსი.
ისედაც ემოციურ მთიელებს ძალიან გვიჭირდა ამ ყველაფრის გადატანა და ყველაზე მეტად ის გვიფორიაქებდა სულს, რომ ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვეძლო, ამ ყველაფრის წინაშე უძლურები ვიყავით და ყოველივე ეს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა.
ამ ყველაფრის მსხვერპლი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, ჭეშმარიტი მამულიშვილი, ღირსეული ქართველი გოდერძი ჩოხელი, რომლის სულიერმა მდგომარეობამ სულით ხორცამდე შემძრა და კიდევ ერთხელ დამაფიქრა წესიერი, პატიოსანი და სუფთა ადამიანების ტრაგიკულ ბედზე, რომელიც არც თუ იშვიათი გახდა ჩვენს სინამდვილეში.
2007 წლის ზაფხულში პოეტ ნინო მარსაგიშვილის მიპატიჟებით, მის მშობლიურ სოფელ არშაში ვისვენებდი. ერთ საღამოსაც წესისამებრ გასეირნება, მთის სუფთა ჰაერით სუნთქვა და ულამაზესი ყვავილებით ტკბობა გადავწვიტეთ.

 

არშის გზას მივუყვებოდით, რომ ჩემი ყურადღება ძველი სიპი ქვით ნაგებმა შენობამ მიიპყრო, რომელიც ჩემი უსაყვარლესი დედობილის, ლამარა ბალიაურის ნასახლარი აღმოჩნდა და ჩემი ფიქრები ისევ წარსულისკენ გაიქცა. თითქოს ცხადლივ მომესმა ფაეტონში შებმული ცხენების ფრუტუნი და ეჟვენთა ჟღარუნი, რომელთაც მეფის ცარიზმის ბარბაროსი გენერლები მოჰყავთ კავკასიის განადგურებისა და დაქცევის გეგმით. უსიამო განწყობა მომეძალა და კიდევ უფრო დამამძიმა არშის მიდამოებში ყაზბეგის ”მამისმკვლელის” პერსონაჟების ბედუკუღმართობის მოგონებით გამოწვეულმა სევდამ.
დამძიმებული ფიქრებიდან ნინოს ხმამ გამომიყვანა, მიხსნიდა, რომ სახლი, რომელსაც ვუახლოვდებოდით ცნობილ მოჭიდავეს, პოლიტიკოსსა და საუკეთესო ადამიანს გოდერძი მარსაგიშვილს ეკუთვნოდა.

 

ამ დროს სახლთან მანქანა გაჩერდა და მძღოლი მისი ასაკისთვის უჩვეულო სისხლარტით გადმოვიდა მანქანიდან, ნინო გადაკოცნა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა, ხელზე მეამბორა, თავისი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დამიდასტურა და როგორც მთიელებს სჩვევიათ ხოლმე პირდაპირ მიგვიპატიჟა სახლში, თან გაგვაფრთხილა, რომ უარს არცერთ შემთხვევაში არ მიიღებდა, სხვა რა გზა გვქონდა… ეზოში თავად შეგვიძღვა მასპინძელი და თან თავისი მეგობარიც გაგვაცნო, რომელიც თან ახლდა.
გოდერძი მარსაგიშვილმა ერთი სასიამოვნო ამბავი გაგვანდო, რომ მასთან სტუმრად დიდი ქართველი, მისი ძმადნაფიცი გოდერძი ჩოხელი იმყოფებოდა და იქვე გაგვაფრთხილა, რომ ჩოხელი ავადმყოფობს და ხალხთან ურთიერთობას გაურბისო, სტუმრებთან არ გამოდის და თუ თქვენთან არ ისურვებს შეხვედრას, არ გეწყინოთო.
თითქმის ორმა ათეულმა წელმა გაირბინა, რაც გოდერძის პირისპირ არ შევხვედროდი, თავს ყოველთვის დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მისი წინადადება არ მივიღე და ფილმში გადაღებაზე არ დავთანხმდი, ერთხელ ისიც კი მითხრა: ღმერთმა იცის ვის მოუწევს ამ როლში გადაღება და მერე უკმაყოფილო დარჩებით ქისტები – ასეთი ლამაზი ქალები გვყავს და ჩვენს როლებს ვის აძლევთო…

 

ღელვამ მომიმატა, ნამდვილად არ ვიმსახურებ, რომ გოდერძიმ პატივი დამდოს და შემხვდეს, გამიელვა თავში და ზურგს უკან უთბილესი ხმა მომესმა – რა ბედნიერებაა შენთან შეხვედრა მშვენიერო ქისტის ასულო,- სიყვარულით გადვეხვიეთ ერთმანეთს… გულში კიდევ ერთი სიმი ჩამწყდა, ასეთი დასუსტებული და უიმედო გოდერძი რომ შემრჩა ხელში.

 

ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი მარინა, რომლის კეთილშობილებაზეც ბევრი რამ მსმენოდა, სამწუხარო ამბის გამო სახლში არ დაგვხვდა. როგორც გოდერძი მარსაგიშვილმა გვითხრა, გუშინ მათ უმცროს შლიშვილს შემთხვევით ცხელი რძე გადაესხა და ბავშვი სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეს და დედა და ბებია ბავშვს თავზე ადგანან, მადლობა ღმერთს ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, – გვითხრა გოდერძიმ და თან სუფრას გაშლას თავად შეუდგა.
პირველი რაც გოდერძი ჩოხელმა მითხრა იყო ფრაზა: „ მექა არ ნანობ?“ , მაშინვე მივხვდი, რასაც გულისხმობდა და სიმართლე გითხრათ მე თვითონაც არ ვიცოდი, რას უფრო ვნანობდი:- იმას, რომ ჩემი სახე ისტორიას არ დარჩა, თუ იმას ჩემი უარით ასეთი ბუმბერაზი ადამიანი რომ გავანაწყინე.
– უარი არ უნდა გეთქვათ მექა, თუნდაც იმიტომ, რომ როგორც მთიელი კაცი პირდაპირ გეტყვით, იმის ასლიც კი არ ხართ, რაც მაშინ იყავით, სინანულით მითხრა გოდერძიმ, და დაამატა, – თუმცა ახლა ისეთი ლამაზი ხართ, როგორც არასდროს (მაშინ მარიამზე, უფროს ქალიშვილზე ვიყავი ფეხმძიმედ).
ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ვისაუბრეთ: ჩვენი გულისტკივილი, როგორც ყოველთვის ისევ და ისევ კავკასიის, მისი ერთიანობისა და თავისუფლების გარშემო ტრიალებდა, ისიც გვაწუხებდა, რომ მთიელთა ღირსებისა და ზნეობის კოდექსი ნელ-ნელა გვეცლებოდა ხელიდან, პატიოსნება და გულწრფელობა იშვიათობა ხდებოდა ჩვენს რეალობაში.
გოდერძიმ სულ ახლო წარსულში თავისი სამუშაო ვიზიტები გაიხსენა ჩეჩნეთსა და ინგუშეთში, როცა ქისტი მასპინძლები ერთმანეთს ეცილებოდნენ, – არა გოდერძი დღეს ჩემი სტუმარია, არა ჩემიო. ისიც მითხრა, შეიძლება არ დამიჯერო და დღემდე ყურში ტკბილად მესმის ქისტ უხუცესთა გალობა, რომელსაც ფილმისთვის ვიღებდიო. აი, ასეთი მოყვასი და დიდი ადამიანი იყო გოდერძი.
ლექსებიც წავიკითხეთ.  გაუხარდა, რომ ასე მიყვარდა პოეზია. ნინომ თავისი ახალი ლექსი წაიკითხა, რომელიც ჩეჩნებს მიუძღვნა და ორივე გოდერძის თვალები ცრემლებით აევსო…

 

გული ვერ იტანდა სიხარულს, სიხარულს იმისას, რომ ასე გვიყვარდა ერთმანეთი. მე გოდერძის „ სულის პეპელა“ წავიკითხე, გოდერძი მეუბნება, ამ ლექსის ისტორია უნდა მოგიყვეო: „ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ წავიკითხე ეს ლექსი და ძალიან მომეწონა, ავტორად ჩემი გვარი და სახელი რომ წავიკითხე, ძალიან მეუცნაურა და რედაქციაში დავრეკე, ვუმტკიცებდი, რომ ეს ჩემი ლექსი არ იყო, ალბათ შეცდომით დაიბეჭდა ავტორად ჩემი გვარი მეთქი და მანამდე არ დავიჯერე, სანამ ჟურნალისტმა ჩემი ხელნაწერი არ მაჩვენაო“…,
წუხდა იმაზეც, რომ საკუთარ ოჯახს და განსაკუთრებით ერთგულ მეუღლეს ვერ შეეხიდა საჭიროებისამებრ, როგორც მთიელ კაცს, ოჯახზე საუბარი უჭირდა, თუმცა უდიდესი ტკივილ და სიყვარულნარევი სევდა იდგა მის თვალებში და თითქოსდა პატიებას სთხოვდა თავის ულამაზეს და უმშვენიერეს თანამეცხედრეს იმ დიდი ტკივილისთვის, რომლის ტარებაც ამ დიდსულოვან და უსათნოეს მანდილოსანს დღემდე უწევს…
ჩეჩნებს აქვთ ასეთი გამონათქვამი, დარწმუნებული ვარ ქართველებსაც ექნებათ მსგავსი ანდაზა: „კარგი ვაჟკაცის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც გრძელდება, თუ მას ღირსეული ცოლი რჩება“. ამ ანდაზას ჩვენდა საბედნიეროდ ქალბატონი ნინო მთლიანდ ამართლებს.
დიდიხანი ვსაუბრობდით, შუაღამის მთვარე ნელ-ნელა ეღვენთებოდა ხევის მკაცრ ქარაფებს, მთის გრილი სიო თბილად გველამუნებოდა სახეზე და მე მთელი სხეულით ვგრძნობდი და რაღაც შინაგანი ძალა მკარნახობდა, რომ ეს ჩევენი ბოლო შეხვედრა იყო, ალბათ ამასვე გრძნობდა ორივე გოდერძიც, ამიტომაც იყო ჩვენი დამშვიდობება ასეთი ნაღვლიანი და სევდანარევი, წუთისოფლის ამაოებით დაღდასმული………
ალბათ კიდევ რამდენი დრო უნდა გავიდეს, რამდენი თაობა უნდა გაიზარდოს, რომ გოდერძის სულის განსხეულება მოხდეს ვინმეში და შეძლებს კი ის თაობა, კიდევ უფრო ფესვებს მოწყვეტილი და გაუცხოებული, იმ დიდი სიცოცხლის გადარჩენას?…

 

ავტორი: მექა ხანგოშვილი

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in Blog, პანკისის ხეობა.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси