ავარიელები და სხვა დაღესტნელი ხალხები

დაღესტანი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და მისი სახელწოდება თურქულ-ირანული სიტყვებისაგან შედგება: «დაღ» თურქულად მთას ნიშნავს, ხოლო «ესთან» გეოგრაფიული დასახელების ირანული მაწარმოებელია. ეს სახელწოდება XIV საუკუნეში ჩნდება და საბოლოოდ მკვიდრდება XVI საუკუნიდან. ასე რომ, დაღესტანი რეალურად ამართლებს თავის სახელწოდებას — იგი «მთების ქვეყანაა». ეს პატარა ქვეყანა დიდი ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
დაღესტნის მოსახლეობა 2002 წლის აღწერის მონაცემებით, 2 576 ათას ადამიანს შეადგენს; ისინი, ძირითადად, კავკასიურ, თურქულენოვან და ირანულენოვან ხალხებს მიეკუთვნებიან. დაღესტნურ ენებში სამი უმთავრესი ჯგუფი გამოიყოფა: ავარიულ-ანდიურ-დიდოური, ლაკურ-დარგოული და ლეზგიური. სულ ცნობილია 26 დაღესტნური ენა. დაღესტნური ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს მიუკუთვნება.
დაღესტნურ ენაზე მოლაპარაკეთაგან ხუთ ძირითად ხალხს გამოყოფენ: ავარიელებს, დარგოელებს, ლეზგებს, ლაკებსა და თაბასარანელებს. თითოეული დასახელებული ხალხის ირგვლივ კონცეტრირებულია შედარებით მცირე ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ენით, კულტურითა და ყოფით შედარებით ახლოს დგანან ერთმანეთთან. გარდა ამისა, ცალკე განიხილავენ რუთულებს, აღულებსა და წახებს, რომელთა ენა, ისევე როგორც თაბასარანელებისა, ლეზგიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. დარგოელებს (356 ათასი) მიეკუთვნებიან საკუთრივ დარგოელები, ხაიდაყელები და კუბაჩელები. დარგოელების ტრადიციული დასახლების ადგილი შუა დაღესტნის მთისა და მთისწინა რაიონებია, ზღვისპირეთის ზოლსა და მდინარე ღაზიყუმუხის აუზს შორის. ისინი ავარიელების შემდეგ დაღესტანში სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფია.
ლეზგებს (262 500) მიეკუთვნებიან თვითონ ლეზგები, თაბასარანელები, აღულები, რუთულელები, წახები. ლეზგების ძირითადი საცხოვრებელი ადგილი დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონია. ლეზგიურ ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, აგრეთვე, ჩრდილოეთ აზერბაიჯანში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხები: უდიები, ბუდუხები, კრიწები და ხინალუღები. უდიები ცხოვრობენ საქართველოშიც, ყვარლის რაიონის სოფ. ზინობიანში.
ლაკები (120 ათასი) ცხოვრობენ მთიანი დაღესტნის ცენტრალურ ნაწილში, თაბასარანელები (98 ათასი) კი — დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აღულები (16 500), რუთულები (17 800) და წახები (6 600) ცხოვრობენ დაღესტნის სამხრეთში. რუთულებისა და წახების ნაწილი ცხოვრობს აზერბაიჯანშიც: ზაქათალის, კახისა და ბელაქნის რაიონებში.
შუა საუკუნეებში დაღესტნის ტერიტორია და მოსახლეობა მეზობელ ხალხთა მიერ, მიუხედავად ეთნიკური მრავალფეროვნებისა, ხშირად ერთიან წარმონაქმნად აღიქმებოდა. მაგალითად, ქართველებმა განაზოგადეს ერთ-ერთი დაღესტნური ტომის სახელწოდება და მთელ დაღესტანს «ლეკეთს» უწოდებდნენ, დაღესტანში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს კი «ლეკებს». ეს სახელი დღესაც გამოიყენება დაღესტანში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების აღმნიშვნელ ტერმინად.
დაღესტანში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებიდან საქართველოში, ძირითადად, ცხოვრობენ ავარიელები, ლაკები, ლეზგები. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი ავარიელები (თვითწოდება — მაარულალ), იგივე ხუნძები არიან, რომლებიც კომპაქტურად სახლობენ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ისინი ანწუხისა და კაპუჭის თავისუფალ მეთემეთა შთამომავალნი არიან). ავარულ-ანდიურ-დიდოურ ენებზე მოლაპარაკე ეს ეთნიკური ჯგუფი დაღესტნის ხალხებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია (650 ათასი). ის ავარელების სახელით ძირითადად რუსულ ლიტერატურაში არის ცნობილი, ქართულ ისტორიულ წყაროებში კი ამ ტომებით დასახლებული ქვეყანა ხუნძეთად მოიხსენიება, თუმცა ტერმინი — ავარელები — ქართულ საისტორიო ლიტერატურაშიც გვხვდება.

XX საუკუნის 40-იანი წლებიდან ავარიელების ნაწილი მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლდა ბარში, ყიზლარის, ხასავიურთისა და ყიზილიურთის რაიონებში. დაღესტნის გარდა, ავარიელები ცხოვრობენ აზერბაიჯანში — ზაქათალასა და ბელაქნის რაიონებში. მათი ახლო მონათესავეები არიან: ანდიელები, ახვახელები, ბოთლიხელები, ღოდობერიელები, ტინდიელები, კარატალები, ჭამალელები, ბაგვალები (ანდიური ქვეჯგუფი), დიდოელები ანუ ცეზები, ბეჟიტელები, ხვარშიელები, ჰინუხელები, ჰუნზიბელები (დიდოური ქვეჯგუფი).

ისტორიული ნარკვევი

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 1996 ავარიელი ცხოვრობს (1989 წელს — 4230 ცხოვრობდა), 210 ლაკი (1989 წელს — 426), 44 ლეზგი (1989 წელს — 720). მათგან მხოლოდ ავარიელები არიან კომპაქტურად დასახლებულნი. ავარიელების აბსოლუტური უმრავლესობა ყვარლის რაიონის სოფლებში — თივში, ჩანთლისყურეში, სარუსოსა და თხილისწყაროში ცხოვრობს.
საქართველოსა და დაღესტნელ ხალხებს შორის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ქართლის მეფე ფარნავაზი დაღესტნელ ხალხებთან ერთად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კი დაღესტანში ქართველი მისიონერები გამოჩნდნენ. ქართველების მიერ ქრისტიანობის გავრცელების მცდელობად უნდა მივიჩნიოთ X-XI საუკუნეებში აშენებული ქრისტიანული ეკლესია სოფ. დათუნში, ავარიის ყოისუს ხეობაში. ეკლესიას იმ პერიოდის ქართულ ხუროთმოძღვრებასთან აქვს კავშირი. დაღესტანში აღმოჩენილია, აგრეთვე, ქვის ჯვრები ორენოვანი წარწერებით. ქრისტიანობის გავრცელება დაღესტანში სავარაუდოდ, XIV საუკუნეში, თემურ-ლენგის ლაშქრობების დროს, შეწყდა, როდესაც დაღესტნის ისლამიზაცია დასრულდა. მომდევნო საუკუნეებში საქართველოსა და დაღესტანს შორის ურთიერთობები გართულდა. შედარებითი მშვიდობა კახეთის მეფის ლევანის პერიოდში (1520-1574) შეიმჩნეოდა, რომელმაც «მოიყვანა და დასხნა ლეკნი» ფიფინეთში ანუ ჭარში. მათი მოვალეობა ზაფხულობით მთებიდან ყინულის ჩამოტანა იყო. ეს მიწები 1727 წელს ოსმალეთის სულთანმა საგანგებო ფირმანით დაუმტკიცა ჭარელ ლეკებს. ამით მათ გავაზის წყლამდე ვრცელი ტერიტორიები დაეთმოთ.
XVII საუკუნიდან იმდენად გახშირდა თავდასხმები საქართველოს ტერიტორიაზე დაღესტნის მხრიდან, რომ ამ მოვლენამ საქართველოში თავისი სახელიც კი შეიძინა — «ლეკიანობა». დაღესტანიდან საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ექსპედიციებს დაღესტნელი ფეოდალები ხელმძღვანელობდნენ. ერთ-ერთი ასეთი მოლაშქრე კოხტა ბელადი იყო, რომელმაც 1757 და 1759 წლებში ილაშქრა საქართველოში. დარბევისა და გაძარცვის მიზნით მოწყობილმა ამ ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას.
დაღესტნელი ხალხები, კერძოდ კი ავარიელები, საქართველოში დასახლებას ქვეყნის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ იწყებენ. მათი ნაწილი სოფ. თივში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოსახლდა, ნაწილი კი — უფრო მოგვიანებით, 1957 წელს. XX საუკუნის 30-40-იან წლებში ავარიელებს კახეთის სამი სოფელი ეჭირათ: თივი, თებელჯოხი (1944 წელს ავარიელების ჩეჩნეთში გადასახლების შემდეგ ეს სოფელი აღარ არსებობს, მისი მიწები შეუერთეს სოფ. ჭიკაანს) და ხაშალხუტი (დღეს სოფ. მთისძირი). თივსა და თებელჯოხში მხოლოდ ანწუხელები ცხოვრობდნენ, ხაშალხუტში — კაპუჭელები.
1944 წელს, ვაინახების შუა აზიაში დეპორტაციის შემდეგ, მათ ადგილას, სხვებთან ერთად, საქართველოდან აყრილი ლეკებიც ჩაასახლეს (633 ოჯახი). ჩეჩნების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი დაღესტნელებმა თვითნებურად მიატოვეს ახალი საცხოვრებელი ადგილი და კახეთში დაბრუნდნენ. ავარიელები ჯერ ქართულ სოფლებში დაფანტეს, შემდეგ, მათი კატეგორიული მოთხოვნით (რასაც თავიანთი რელიგიური მიკუთვნილობით ხსნიდნენ), ცალკე დაასახლეს და ასე გაჩნდა ავარიელთა სოფლები: თივი, სარუსო, თხილისწყარო და ჩანთლისყურე. ოთხივე სოფელი ყვარელ-ლაგოდეხის გზაზე მდებარეობს.
1990-ანი წლების დამდეგს ქვეყანაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად ავარიელების ერთმა ნაწილმა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და სახლების გაყიდვა დაიწყო. იმ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან სახლების შესყიდვაზე დაიხარჯა 4372 ათასი მანეთი და მაშინდელმა პრეფექტმა მათში ადგილობრივი, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები შეასახლა. ავარიელთა დარჩენილი ოჯახებიც გამოთქვამდნენ დაღესტანში დაბრუნების სურვილს და თავიანთი სახლების დაჩქარებულ შესყიდვას მოითხოვდნენ. 1991 წელს ავარიელების დაღესტანში ორგანიზებულად გადასახლების საკითხთა მოსაგვარებლად ჩამოსული იყო დელეგაცია, შეიქმნა სამთავრობო კომისიაც. რუსეთის ფედერაციაში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში იყო მცდელობა იმისა, რომ საქართველოს მთიანეთსა და დაღესტანში მცხოვრები ავარიელების გამყოფი სახელმწიფო
საზღვარი გამჭვირვალე გაეხადათ, რათა ავარიელებს ისტორიულ სამშობლოში მიმოსვლა გაადვილებოდათ. იმ დროს საზღვარზე გადასვლა განსაკუთრებულ სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული და ავარიელებიც ხშირად კვეთდნენ სახელმწიფო საზღვარს თავისი ახლობლებისა თუ წმინდა ადგილების მოსანახულებლად.
1990-იანი წლების შემდეგ შექმნილ ახალ ვითარებასთან ადაპტაციის პრობლემა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისგან სრული იზოლაცია, ავარიელებს ისტორიულ სამშობლოში გადასახლებისკენ უბიძგებს, რაც უახლოეს წლებში საქართველოში მათი რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.

საცხოვრებელი გარემო

კახეთის დაღესტნურ სოფლებს, რომლებიც ტიპური კახური სოფლებისაგან არ განსხვავდებიან, ერთმანეთისაგან ხევები ჰყოფთ. დაგეგმარება გზისპირულია. მთავარი გზატკეცილიდან სოფლებში შემავალ ცენტრალურ ქუჩას პარალელური და ერთმანეთში გამავალი მცირე ქუჩები უერთდება. დასახლება წარმოდგენილია ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული კარმიდამოებით, სადაც საცხოვრებელი და მცირე ზომის სამეურნეო ნაგებობები (ბაკი, სასიმინდე, გომური და სხვ.) ერთმანეთს უკავშირდება. წინათ სამეურნეო ნაგებობები სოფლის ბოლოს, უშუალოდ სამეურნეო ზონაში იყო, მაგრამ სოფლების დღევანდელი სახით ფორმირების შემდეგ, ისინი საკარმიდამო ტერიტორიაზე გადმოიტანეს. სოფელი უბნებად არის დაყოფილი.
ყველა სოფლის ცენტრში რომელიმე ადმინისტრაციულ დაწესებულებასთან არის მოედანი, რომელიც სოფლის საერთო «გოდეკანად» (საკრებულოდ) ითვლება. წინათ ყველა უბანს თავისი გოდეკანი ჰქონდა, დღეს ეს პრონციპი მოშლილია და გოდეკანსაც თავისი პირვანდელი სახე და ფუნქციები დაკარგული აქვს. ლეკურ დასახლებათა მცირე ერთეულს წარმოადგენს «ყაე» — სოფლის შემადგენელი უბანი, რომელიც პოლიგენური ხასიათისაა, ანუ რამდენიმე გვარით არის წარმოდგენილი.
მოსახლეობის მატების შედეგად სოფელიც გაიზარდა და ახალი პოლიგენური უბნები გაჩნდა, თავდაპირველი უჯრედი კი გაზრდილი სოფლის შემადგენელ ნაწილად იქცა.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დაღესტანში დიდი ოჯახები მხოლოდ გადმონაშთის სახით არსებობდა, იქ, უმთავრესად, ინდივიდუალური ოჯახები იყო. კახეთში ჩამოსახლებული ინდივიდუალური ოჯახების მოთხოვნილებებს კი სრულიად აკმაყოფილებდა აქ გავრცელებული მიწურ-ბანიანი სახლები. თავდაპირველად ავარიელები მიწურებში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი მათ საცხოვრებელი ნაგებობების სხვადასხვა მასალით შენება დაიწყეს. გვხვდება წნული, ფიცრული და ქვითკირის სახლები. წნული სახლი ამავე ტიპის ქართული სახლებისაგან არაფრით განსხვავდება. ავარიელთა სოფლებში ქვითკირის სახლებმა განვითარების იგივე გზა განვლეს, რაც ანალოგიურმა სახლებმა საქართველოში. მშენებლები, ძირითადად, კახელი ქვისმთლელები და ხუროები იყვნენ. უფრო მოგვიანებით გავრცელდა ორსართულიანი სახლი შემინული ან ღია რკინის მოაჯირიანი აივნით (ვერანდით), თუნუქის სახურავით და მარმარილოს კიბით. სახურავი და აივანი უმეტესად დეკორირებულია. ქვედა სართულს წინათ სამეურნეო დანიშნულებისათვის ხმარობდნენ, დღეს კი საცხოვრებლად გამოიყენება.

ოჯახი

კახეთის ავარიელთა ოჯახები ინდივიდუალურია, მუსლიმური კულტურისათვის დამახასიათებელი მრავალცოლიანობა აქ ნაკლებად გვხვდება. თანამედროვე პერიოდში ქორწინების ძველი ტრადიციები თითქმის დავიწყებულია. დასაშვებია გვარის («თუხუმის») შიგნით ქორწინება. ქალებს ან ერთმანეთში ათხოვებენ, ან დაღესტნიდან მოჰყავთ. ქართველებთან და სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან შერეულ ქორწინებას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადგილი არ აქვს. ქალის შეფასების კრიტერიუმები ყოველთვის ითვალისწინებდა მის შრომისმოყვარეობას, ოჯახის ავტორიტეტს, ძმათა სიმრავლესა და პოპულარობას. წინათ ქალის დაქორწინების გადაწყვეტილებას მისი მშობლები იღებდნენ, გასათხოვარს არავინ არაფერს ეკითხებოდა. დღეს უკვე ერიდებიან ადრეულ ასაკში დაოჯახებას, მეტ ინიციატივას იჩენენ თვითონ ახალგაზრდები მომავალი მეუღლის შერჩევისას. კვლავინდებურად დიდი ყურადღება ექცევა ქალის პატიოსნებას. საქორწინო ურთიერთობების ციკლი ორი ეტაპისაგან შედგება — ნიშნობისა და ქორწილისაგან. დღეს ავარიელი ქალის მზითევი, წინანდელთან შედარებით, უფრო გამრავალფეროვნდა. საქორწინო
რიტუალში შეიმჩნევა ქართული (ქრისტიანული) კულტურის გავლენა (მუსიკის თანხლება, სუფრის წესები და ა.შ.). აუცილებელია ქორწინების რელიგიურად გაფორმება. საქორწინო ტერმინოლოგიაში შესულია ქართული სიტყვები: «მაჭანკალი», «მაყარი», «მეჯვარე».

სამეურნეო ყოფა

დაღესტნელების მიერ საქართველოში მიწების დაკავების პროცესს, თავდაპირველად, ეკონომიკური ინტერესები ედო საფუძვლად. აქაური ლეკები ოდითგანვე საქართველოს ზამთრის მდიდარი საძოვრებით სარგებლობდნენ. ანწუხელები და კაპუჭელები ბეჟანიანის მინდორზე (ძველი გავაზი, დღევანდელი ახალსოფელი) და მდ. შოროხევის სანაპიროზე გამოსაზამთრებლად ჩამოდიოდნენ,
ზოგიერთი დაღესტნური თემი სასაძოვრე ადგილებს იჭერდა ქართუბანში, ხოლო თებელისა და ჭურმუტის ლეკობა ლაგოდეხში ბინავდებოდა. მათ ჩამოსახლებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი მეურნეობის მომთაბარულმა ხასიათმა. ისინი კახეთში სეზონურად ცხოვრობდნენ (სექტემბრიდან მაისის ბოლომდე) და საძოვრების გამოყენებისათვის «საბალახეს» იხდიდნენ. თუ თავდაპირველად ფარებს მარტო მწყემსები მოჰყვებოდნენ, შემდეგ ოჯახებით იწყეს სიარული. მალე საკარმიდამო ნაკვეთები შემოიერთეს და ადგილზე დაიწყეს მეურნეობის წარმოება. გაჩნდა ლეკური დასახლებები. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოს საძოვრებზე მომთაბარე ლეკებს სახაზინო მიწების ფონდიდან 200 დესეტინა მიწა ეჭირათ ავანის ხეობაში (ავანი მდინარეა ყვარლის რაიონში, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი. მას სათავე კახეთის კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე აქვს).
მაღალმთიანი ზონიდან საქართველოს ნაყოფიერ მიწებზე დამკვიდრების შემდეგ ავარიელებს საშუალება მიეცათ დაეხვეწათ თავიანთი სამეურნეო ტრადიციები და გაემრავალფეროვნებინათ შრომითი საქმიანობის სფერო. დაღესტნელებმა ქართველებისაგან მათთვის მანამდე უცხო სამეურნეო დარგები აითვისეს (მევენახეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა, მეხილეობა). შეიცვალა მათი სამეურნეო პირობები და შრომის იარაღები. გაიზარდა მემინდვრეობის ხვედრითი წილი, ახლა მას ავარიელთა საოჯახო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სახვნელი, რომელსაც დაღესტნის მთის პირობებში ხმარობდნენ, ქართულმა გუთანმა ჩაანაცვლა, რასაც თანამედროვე ტექნიკის გამოყენება მოჰყვა. ავარიელებმა კახელებისაგან აითვისეს მეღვინეობის კულტურა.

ავარიელებმა საქართველოში დიდხანს შემოინახეს მომთაბარე მესაქონლეობის წესი, ე. წ. ორხელაობა, რაც ზაფხულობით საქონლის სამთო სადგომებზე გადარეკვას და იქ მეურნეობის წარმოებას გულისხმობს — ოჯახის გაუყოფლად მთასა და ბარში ფუნქციები გადანაწილებული იყო ოჯახის წევრებს შორის. ამ ტიპის მეურნეობა, პრაქტიკულად, 1940-იან წლებამდე ფუნქციონირებდა. მეურნეობის ტრადიციული ფორმებიდან ავარელებში შემორჩენილია მეცხვარეობა. ცხვარი ავარელებს ბოლო დრომდე დაღესტნის მთიანეთში გადაჰყავდათ. რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებამ, საქონლის საძოვრებთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემა წარმოშვა.

რელიგიური რწმენა-წარმოდგენები

ავარიელები ოფიციალურად მუსლიმი სუნიტები არიან, თუმცა მათი რწმენა არქაული ისლამური და ქრისტიანული (შედარებით მცირე დოზით) რელიგიების ელემენტთა ნაზავს წარმოადგენს. ქრისტიანული კულტურის კვალი კარგად ვლინდება ლეკების მიერ ქრისტიანული დღესასწაულების — ალავერდობისა და ნეკრესობის — ქართველებთან ერთად აღნიშვნის ტრადიციაში. ისლამური ტრადიციები ნათლად იკვეთება, მაგალითად, მიცვალებულის დაკრძალვის წესებში.
განსვენებულს ჯერ ბანენ, თეთრ სუდარაში ახვევენ და მარჯვენა გვერდზე მწო- ლიარეს ასაფლავებენ, პირით სამხრეთისაკენ, მზის ჩასვლამდე. დასაფლავების დღეს იკრძალება იარაღის სროლა, მიწის დამუშავება, სოფლიდან გასვლა. მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად იხდიან ქელეხს. სუფრა ოჯახში იშლება დაკრძალვის დღეს, აგრეთვე, მესამე ან მეშვიდე პარასკევს, მეორმოცე დღეს და წლისთავზე. საერთო სუფრა კი ყურბან ბაირამის დღესასწაულზე იციან. ქართული კულტურის გავლენა შეინიშნება სასაფლაოების დიზაინში (ქვის მოხატულობა, ქართული წარწერები — უმთავრესად ქართველი მეგობრებისაგან), ქვაზე მიცვალებულის სურათის დახატვა ან მოთავსება, რაც ისლამური წესით, იკრძალება. ბოლო დროს დაიწყეს საფლავების შემოღობვა და ყვავილებით შემკობა, თუმცა თანამედროვე რეისლამიზაციის პროცესები აქაც იჩენს თავს — საფლავის ქვებზე ვხვდებით ისლამურ სიმბოლიკას — ნახევარმთვარეს, მიზგითების გამოსახულებას, არაბულ წარწერებს, თარიღებს ჰიჯრის კალენდრით და ა.შ.). ავარიელთა სოფლებში მოქმედებს მეჩეთი. არიან მოლები. მართალია, მეჩეთები არაა რეგისტრირებული და ამდენად ისინი მოხეტიალე მოლებად ითვლებიან, მაგრამ სოფლებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ.

სტატიის ავტორები – მამუკა კომახია, ნათია ჯალაბაძე;
მასალა აღებულია წიგნიდან – “ეთნოსები საქართველოში”, საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2008წ.

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in History, კავკასია.

კავკასიური ალიანსი

View posts by კავკასიური ალიანსი