აბდულ–ჰალიმ სადულაევი – იჩქერიის მეოთხე პრეზიდენტი

 

2005 წლის 8 მარტს მასხადოვი მოკლულ იქნა რუსული სამხედრო ძალების მიერ, რის შემდეგაც მისი პოსტი სადულაევმა დაიკავა. მას მიაჩნდა, რომ დამოუკიდებლობის მოიპოვებისთანავე დემოკრატიულად, არჩევნების გზით უნდა აერჩიათ პრეზიდენტი.

სადულაევს იდეოლოგიურის გარდა პირადი მიზეზიც ჰქონდა რუსეთთან საბრძოლველად. 2003 წელს რუსმა სამხედროებმა მისი მეუღლე გაიტაცეს და იმ მიზნით, რომ ქმრის ადგილსამყოფელი ეთქმევინებინათ, სასტიკი წამებით მოკლეს.
იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მხოლოდ 15 თვე დაყო, სადულაევმა მოახერხა ბრძოლა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებზე განევრცო. ამავე დროს, ის კრძალავდა მძევალთა აყვანის და სამოქალაქო სამიზნეებზე ტერორისტული თავდასხმების პრაქტიკას.
პარალელურად, სადულაევმა უარყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ძირითადად სეკულარული, უცხოეთში გადახვეწილი მთავრობა და პარლამენტი და 2006 წელს კავკასიის ხალხთა ალიმების – მუსულმანი სწავლულების – მრჩეველთა საბჭო შექმნა. არ არის ცნობილი, მან ეს ნაბიჯი საკუთარი სურვილით გადადგა თუ წინააღმდეგობის მოძრაობის უფრო რადიკალური და პრაგმატული პირების გავლენის შედეგად.

ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვნად გააძლიერა რადიკალები – მათ შორის ვეტერანი იდეოლოგი მოვლადი უდუგოვი, რომელიც უკვე იმ დროს უარყოფდა დამოუკიდებელი ჩეჩნეთის იდეას და მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მომცველი ისლამური სახელმწიფოს შექმნას უჭერდა მხარს. უდუგოვს მიაჩნდა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლები არ უნდა დამორჩილებოდნენ საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებს.

აბდულ-ხალიმ სადულაევი 1966 წელს დაიბადა და ადრეულ 90-იან წლებში გროზნოს უნივერსიტეტში ფილოლოგიას სწავლობდა. ორ ომს შორის პერიოდში – 1996 წლის ბოლოდან 1999 წლამდე – მას ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიით ისლამისადმი მიძღვნილი გადაცემა მიჰყავდა. 1999 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ასლან მასხადოვმა, ის საკონსტიტუციო შარიათის რეფორმის კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მასხადოვმა სადულაევს შარიათის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიც შესთავაზა, მაგრამ სადულაევმა ეს შეთავაზება უარყო – განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა სხვების განსჯისთვის საკმარისი კლერიკალური ცოდნა.

1999 წელს ომის განახლების შემდეგ სადულაევი შეიარაღებულ ბრძოლაში ჩაერთო. 2005 წლის მარტში კი, მასხადოვის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, ის მის შემცვლელად დაინიშნა.
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობა ტერორიზმის გზას არ მისდევს

2005 წლის ივნისში სადულაევმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ ჩეჩენ საველე მეთაურებს ჩადენილი ჰქონდათ მძევლების აყვანის აქტები, – მოსკოვში 2002 წლის ოქტომბერში და ბესლანში 2004 წლის სექტემბერში, – ეს ნაბიჯები ”არ ყოფილა შეთანხმებული ჩეჩნეთის სახელმწიფოსა და თავდაცვის კომიტეტის პოლიტიკასთან”, რომელიც ტერორიზმს, როგორც ტაქტიკას, სისტემატურად უარყოფდა.

”ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობა ტერორიზმის გზას არ მისდევს”, – განაცხადა სადულაევმა და დასძინა: ” ჩვენ ყოველთვის გვინდოდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომი სამშვიდობო მოლაპარაკებით დასრულებულიყო.”

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სადულაევმა იმ ჩეჩნებზეც ისაუბრა, ვინც მოსკოვთან თანამშრომლობდა. მათ მიმართ მისი განწყობა მწვავედ ნეგატიური იყო – სადულაევმა განაცხადა, ”ჩეჩენ ხალხს უცხოელები ვერასოდეს დაიმორჩილებენ… კიდევ ერთხელ ვაცხადებ – ჩეჩნები არასოდეს იქნებიან რუსების მონებიო.”

ჩეჩნებს თავისუფალი მუსულმანური სახელმწიფოს შექმნა სურთო, განაცხადა მან და დასძინა, რომ ისლამი ჩეჩნური კულტურის, იდენტობის და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი კომპონენტი იყო.

ასლან მასხადოვი
ასლან მასხადოვი ყოველთვის უარყოფდა წინააღმდეგობის მოძრაობის გაფართოებას ჩეჩნეთის საზღვრების გარეთ. სადულაევმა ეს სტრატეგია უარყო და 2005 წელს გამოცემულ ბრძანებულებაში ე.წ. ”კავკასიის ფრონტის” სექტორებად გამოაცხადა ინგუშეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაევო-ჩერქეზეთი, ადიგეა, სტავროპოლი და კრასნოდარი.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სადულაევმა ახსნა ის მიზეზები, რატომაც ისურვეს ჩეჩნეთის გარეთ მოქმედმა წინააღმდეგობის ჯგუფებმა მასთან გაერთიანება. სადულაევის თქმით, ამ ჯგუფებს ”თავისუფალი ადამიანები” შეადგენდნენ, რომლებსაც, ჩეჩნების მსგავსად, სურდათ ”თავიანთი რესპუბლიკების რუსული უღლისგან გათავისუფლება.”

2005 წლის ივნისში სადულაევმა თავის ვიცე-პრეზიდენტად და შემდგომში შემცვლელად ვეტერანი საველე მეთაური დოკუ უმაროვი დაასახელა, რომელიც ასევე იზიარებდა რუსეთის ჰეგემონიის წინააღმდეგ ბრძოლის ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებზე განვრცობის იდეას. 2006 წლის ივნისში სადულაევი ე.წ. კონტრტერორისტული წმენდის ოპერაციას ემსხვერპლა და ის პრეზიდენტის პოსტზე უმაროვმა შეცვალა.

ტერორიზმს, როგორც ტაქტიკას, თავდაპირველად უმაროვიც უარყოფდა. ”ასეთ მეთოდებს თუ მივმართავთ, არა მგონია ადამიანური სახის შემარჩუნება შევძლოთო”, უთხრა მან რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს 2005 წლის მაისში. და 2006 წლის ივლისში შამილ ბასაევის სიკვდილის შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობას მართლაც აღარ განუხორციელებია მასშტაბური თავდასხმები.

მაგრამ 2007 წლის 1 აგვისტოს გამოშვებულ განცხადებაში უმაროვმა თქვა, რომ ეს სიმშვიდე სამხედრო ძალის სისუსტით არ იყო გამოწვეული. უმაროვის განცხადებით, ეს გრძელვადიანი სტრატეგიისა და მზადების ნაწილი იყო. ამავე წლის ბოლოს – სავარაუდოდ, უდუგოვის ზეწოლის შედეგად – უმაროვმა თავი ჩრდილოეთ კავკასიის ამირად გამოაცხადა, ”მთავარ კანონიერ ძალად ყველა იმ ტერიტორიაზე”, სადაც, მისივე თქმით, მუჯაჰედებმა, როგორც ჯიჰადის ლიდერს, ერთგულება შეჰფიცეს. რუსეთის მთავრობამ ეს განცხადება იმის უტყუარ დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგობა ალ-ყაიდასთან იყო კავშირში და დაფინანსებასაც ამ ორგანიზაციისგან იღებდა. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის უცხოეთში გადახვეწილმა წევრებმა ამ ნაბიჯს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ღალატი უწოდეს და უმაროვს მოუხსნეს პრეზიდენტის უფლებამოსილება.

წყარო

Share
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Posted in History, იჩქერია.

Pankisi.Ge - All About Pankisi

Pankisi.Ge - ყველაფერი პანკისის შესახებ

Pankisi.Ge - Всё Про Панкиси